დიდი შესვენება (1 ნაწილი)
საშინაო დავალება: გულწრფელობა ძველი შენობის ნანგრევებში ნაღმებივით ჩალაგებულიყვნენ პოლიციის დაჯგუფების წევრები. სპეცოპერაცია დასაწყებად მზად იყო. ახლა ყველაზე მთავარი და რთული მისია მსხვერპლის დროულად გამოჩენა და ფაქტზე ჩავლება გახლდათ. ხელმძღვანელი ღელავდა. ორივე ხელი იარაღისთვის სახსრების გათეთრებამდე ჩაევლო და შეკრული წარბებით იყურებოდა გზისკენ, საიდანაც წუთი-წუთზე მანქანა უნდა გამოჩენილიყო. ყველას სუნთქვა შეკვროდა, მეთაურის ბრძანებას გამალებით ელოდნენ, მეთაური კი ასეთივე მოუთმენლობითა და ყურადღებით ელოდა დამნაშავეებს. სიჩუმე გამყარებულიყო პოლიციელებს შორის და არცერთს განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ყველა ფიქრობდა, ერთი მათი ხმაურიანი ამოსუნთქვაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ყველაფერი ჩაშლილიყო... ისევ... ტელეფონის ზუზუნზე ყველა შეკრთა, შეიშმუშნენ, როცა მკვდარი სიჩუმე მოულოდნელმა ხმაურმა გაკვეთა. მეთაურმა ჯიბიდან სწრაფად ამოიღო მობილური და მაშინვე უპასუხა. ყველამ დაძაბა სმენა. -გისმენთ. -ხმადაბლა, მკაცრად უპასუხა მეთაურმა. თვალი გზისთვის არ მოუშორებია. -დიახ, ყველა ადგილზეა. არა, ჯერ არ მოსულან. კი. ვიცი. კი. საკნები გაამზადეთ. ბოლო სიტყვები ხმაში შეპარული ღიმილით გაჟღერდა დაძაბულობით ამოვსებულ გარემოში. ტელეფონი გათიშა და ჯიბეში დააბრუნა. ისევ მთელი ძალით ჩაბღუჯა იარაღი ხელებში. მალე ზუზუნი გაისმა. დაკლაკნილი გზა მანქანის ფარებმა ოდნავ გააფერკმთალა, გაანათა და ბოლოს მთელი კორპუსი გამოჩნდა. მის გამოჩენამდე დასადგურებული დაძაბულობა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ახლა იგრძნეს. შუბლი ყველას ცივი ოფლით დაეცვარა. ცალი თვალით უყურებდნენ მეთაურს, ცალი კი გზისკენ ეჭირათ. ერთ მანქანას აქ არავინ ელოდა. ხელმძღვანელმა ისე შეამჭიდროვა წარბები, რომ კუნთები ასტკივდა, მაგრამ მისი გონება ახლა სხვას ვერაფერს აღიქვამდა გარდა ნაცნობი მანქანის სერიისა. მთელს სხეულში ცივად გასცრა, როცა კაცი მანქანიდან გადმოვიდა, საკმაოდ დემონსტრაციულად. სახეზე ეტყობოდა, ყველაფერი იცოდა. იარაღი ქამრიდან ამოიღო და მიწაზე დააგდო. ხელებაწეული დატრიალდა. -აქ ვარ, შე მლიქვნელო ! გამოდი, ამიყვანე. -მრისხანებას მოეცვა მისი ხმა. ყველა დაძაბულიყო, კაცს ათამდე ადამიანი უმიზნებდა იარაღს და ვერც ერთი ხვდებოდა სინამდვილეში, რა უნდა გაეკეთებინათ. -ჩამსვი! აიხდინე ოცნება, მოდი! მეთაურმა ღრმად ამოიხვნეშა. მტკივნეულად გასერა გულში, თითქოს შხამით გაპოხილმა ისარმა გაუარა და გამჭოლი ჭრილობა დაუტოვა. დანარჩენებს ხელით ანიშნა, იარაღი დაეშვათ და არ გაყოლოდნენ. ყველა გაურკვეველ ემოციას ერთად მოეყარა მის არსებაში თავი და უეცრად ძალიან პატარად იგრძნო თავი, როცა ამ კაცის წინაშე უნდა დამდგარიყო. ნელი ნაბიჯებით გავიდა სამალავიდან. მარჯვენაში იარაღი ჯერ კიდევ ეჭირა. ფეხებქვეშ ქვა-ღორღი უღრჭიალებდა და ოფლით დაცვარულ შუბლზე ნიავი საამოდ ედებოდა. ვერ ხვდებოდა, ახლა ამ კაცის მიმართ გრძნობდა ბრაზს თუ იმ ქალის მიმართ, რომელსაც ენდო. ქალს ენდო. ოპერაცია, რომელსაც ამდენი ხანი გეგმავდა, საკუთარი ხელით დაანგრია. ქალის გამოსახულება გონებაში გაეცრიცა. ავალიანი გაცხარებული იდგა მის წინაშე. გულ-მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა. -ხო, მარტო ვარ! -ისევ ხმამაღლა ღრიალებდა, თუმცა მეთაური მის წინ იდგა და ჩურჩულსაც ჩვეულებრივ გაიგებდა. -მამაჩემსაც ხომ არ ელოდი? *** სამი თვით ადრე -მას, მე ვერ მოვახერხე საშინაო დავალების შესრულება, -კლასში შესვლამდე კართან ატუზულიყო თექვსმეტიოდე წლის ახალგაზრდა გოგო, სირცხვილისგან ლოყები აფორაჯებოდა და არ იცოდა თვალები სად წაეღო. -მარიამ, ხომ მშვიდობაა? -მაკას მოსწავლის მორიდებულ და შერცხვენილ სახეზე ოდნავ ჩაეღიმა, -არაუშავს. -კი, მას, მშვიდობაა, უბრალოდ ვერ მოვახერხე. შემდეგ დავალებასთან ერთად ჩაგაბარებთ ამასაც. მაკას დეტალები აღარ უკითხავს. გოგონა საკმარისად შერცხვენილიყო ისედაც, მსგავსი განცხადების გაკეთება რომ მოუწია მის წინაშე და ზედმეტად აღარ დაუმძიმა მდგომარეობა. -კარგი, მარიამ, გთხოვ, კლასში შედი. ჯერ მოსწავლე შეატარა, შემდეგ თვითონაც შევიდა. საკლასო ოთახი პატარა იყო, იმაზე პატარა, ვიდრე ოცი მოზრდილი მოსწავლისთვის იყო საჭირო. ცისფრად შეღებილ კედლებზე სხვადასხვა გამოჩენილი ქართველის პორტრეტები ჩამოეკიდათ, შავი, ხმარებისგან გადაცვეთილი დაფის მარჯვნივ საქართველოს ტოპოგრაფიული რუკა ეკიდა, მარცხნივ - მსოფლიო პოლიტიკური, თავზე კი საათი წიკწიკებდა. ძველისძველი იატაკი ალაგ-ალაგ რომ ამოყრილიყო, სიმწრისგან ჭრიალებდა, როცა ზედ აბიჯებდნენ. მაკამ ჩანთა მაგიდაზე დადო და ყველას დაელოდა, სანამ თავის ადგილს დაუბრუნდებოდნენ მერხებთან. -ნიკა არ არის? -თვალით ცარიელი მერხისკენ მიუთითა კლასს. -არა, მას, ბებია გარდაეცვალა... გაბუნიას პასუხზე მთელმა კლასმა ჩაიფხუკუნა. მაქსიმალურად ცდილობდნენ ღიმილის შეკავებას, რომ მაკა მასწავლებელს არაფერი შეენიშნა, თუმცა მაკა მასწავლებელი ხომ სულელი არ იყო, თან არც ისე დიდი ხნის წინ იყო თვითონაც მოსწავლე. -მაგ ბავშვის ბებიების სია მჭირდება, რომ ყოველ პარასკევს ხაზი გადავუსვა, როცა გაკვეთილს გააცდენს. -გაეღიმა მაკასაც, კლასიც ახმაურდა. -აბა, რას ფიქრობთ ჩვენს დღევანდელ თემაზე? -გულწრფელად გითხრათ, მას? -მხიარულად იკითხა კაკაბაძემ. კლასს ჩუმმა სიცილმა გადაურბინა. -დიახ, გულწრფელად მითხარი გიორგი, რას ფიქრობ გულწრფელობაზე? შეასრულე საშინაო დავალება? -რვეული სახლში დამრჩა, მას, მაგრამ შემიძლია მოგიყვეთ.... -უხერხულად აიწურა კაკაბაძე. -არა, მოყოლა არ მინდა, შენი აზრი მაინტერესებს ამ ცნებასთან დაკავშირებით, გიორგი. შემდეგ სხვებიც გაგვიზიარებენ თავის აზრს, შენს ესეს კი შემდეგ დავალებასთან ერთად ჩამაბარემ, -მშვიდი ხმით უპასუხა მაკამ მოსწავლეს და მოთმინებით დაელოდა, როდის დაიწყებდა საუბარს. -ჩემი აზრით, მასწავლებელო, გულწრფელობა ცოტა აბსტრაქტული ცნებაა. -ნელა დაიწყო კაკაბაძემ და კლასს თვალი მოავლო, ყველა გასუსული უსმენდა. გაბუნია ეშმაკურად იღიმოდა, თუმცა მაკა მასწავლების მწერა რომ დაიჭირა, თავადაც სცადა დასერიოზულება. -უფრო სწორად, რამდენადაც აბსტრაქტულია, იმდენად რეალურია, რადგან ის ჩვენს ქცევებსა და გადაწყვეტილებებზე დიდ გავლენას ახდენს, ისევე, როგორც ურთიერთობებზე გარშემომყოფებთან. თუმცა ის მაინც ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ჩვენი არჩევანია. ვფიქრობ, ადამიანს მოსთხოვო იყოს შენს წინაშე გულწრფელი, არასწორია, ამას დამსახურება სჭირდება. -მას, შეიძლება? -ნებართვა ითხოვა ნინი, რომელიც პირველ მერხზე იჯდა მარიამთან ერთად. -თუ დაასრულე, გიორგი, ნინის გადავცეთ სიტყვა. გიორგიმ თავი ოდნავ დააქნია და ნინის შეწუხებული თვალებით შეხედა. მისგან მორიგი შემოტევისთვის მოემზადა. -მე შეკითხვა მაქვს გიორგისთან. როგორ უნდა დაიმსახუროს ადამიანმა გულწრფელობა? თუ ახლობელია ადამიანი, მაგალითად, დედა, მასთან რომ არ იყო გულწრფელი, ამას იმით გაამართლებ რომ არ დაუმსახურებია? -ახლო ნათესაური კავშირი ხშირად ბევრ ვალდებულებას გვაკისრებს. მგონია, განსაკუთრებით შვილები ვისჯებით, როცა მშობლებთან გულწრფელობა ვალდებულებასავითაა, თვითონ კი იშვიათად არიან ჩვენთან მართლები. რა დაშავდება, თუ არ იქნები გულწრფელი დედასთან, თუ ამით ისიც უფრო მშვიდად იქნება და შენც? თუ გულწრფელობას არ აირჩევ, მაგრამ საყვარელ ადამიანს დაიცავ სამაგიეროდ, მაინც დამნაშავე იქნები? -გიორგი მაქსიმალურად ცდილობდა არ აღელვებულიყო. -ამით რა დასკვნამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ? -საუბარში ჩაერთო მაკა. -ჩემი აზრით, ორივე თქვენებურად მართალი ხართ. დანარჩენების აზრი მაინტერესებს. ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ორივე იყოს მართალი, როცა თითქოს საპირისპირო აზრზე არიან? -ჩემი აზრით, გულწრფელობა უბრალოდ ორმხრივი უნდა იყოს. როცა ადამიანი ემოციურად არასტაბილურია, თუნდაც დედა, ან მამა, ან მეგობარი, გიჭირს მასთან გულწრფელი იყო და თუნდაც ის უთხრა, რომ არ მოგეწონა, როცა დაგიყვირა, ან მეგობრებთან ერთად ცუდ ხასიათზე იყო. მათთან გულწრფელი ვერ ხარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ გეშინია მათი რეაქციის, უბრალოდ, იცი, რომ შენს გულწრფელობას სწორად ვერ გაიგებენ და გული ეტკინებათ, იმიტომ რომ თვითონაც იშვიათად არიან გულწრფელები შენს წინაშე. მე, მაგალითად, დედა ყოველთვის ობიექტურად და მშვიდად მიზიარებს თავის აზრს, არ აქვს მნიშვნელობა, დადებითია თუ უარყოფითი, შესაბამისად, როცა მე მაქვს მისთვის რაიმე სათქმელი, არ მეშინია გულწრფელობის, არ მეშინია, რომ ეწყინება, იმიტომ რომ თვითონაც ასეთივეა ჩემთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ გიორგის და ნინის სწორი შეხედულება აქვთ. თუ არ ხარ გულწრფელი, არ ნიშნავს, რომ იტყუები და ცუდი ადამიანი ხარ, უბრალოდ, სხვა არჩევანი არ გქონდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც განზრახ არ ირჩევენ გულწრფელობას, ეგოისტები არიან და ესაა ერთადერთი მიზეზი. ასეთ ადამიანებს თავისი თავი არ მოსწონთ და ეშინიათ, რომ სხვებიც ასევე იფიქრებენ, ამიტომ ათას ტყუილს არჩევენ იყვნენ გულწრფელები. -ყველა სულგანაბული უსმენდა მარიამის საუბარს, რომელიც ისე მშვიდად გამოთქვამდა საკუთარ აზრს, რომ ყველას ზედმეტი მცდელობის გარეშე არწმუნებდა საკუთარი სიტყვების სისწორეში. -„სიმართლე იყო მკაცრი და ბასრი და ხალხს,რომელსაც ცოტა ესმოდა, ძლივს გამოჰქონდა სიტყვიდან აზრი, როგორც ძვირფასი კუბო ეზოდან“ ეს სიტყვები ოთარ ჭილაძეს ეკუთვნის, მას, და ჩემი აზრით, გულწრფელობასაც ერგება. მე ვფიქრობ, თუ ყოველთვის სხვის დაცვაზე იფიქრებ, საკუთარი სიმართლის შენარჩუნება ძალიან გაგიჭირდება. შენი თავი არ უნდა დაკარგო. იყავი, ისეთი, როგორიც ხარ, თუ გული გულწრფელობას გთხოვს, ნუ შეგეშინდება, ერთხელ ეტკინებათ, ორჯერ და მერე გაბრაზებულები თვითონაც გულწრფელობას აირჩევენ. -დაამატა არჩვაძემ. მაკა ნატროშვილის ქართულის გაკვეთილზე დისკუსია დიდხანს გაგრძელდა. საკლასო ოთახიდან ჩაფიქრებული, გაბრუებული და ღიმილიანი სახით გამოვიდა. ჟურნალი სამასწავლებლოში ჩაფიქრებულმა დატოვა. გაუაზრებლად დაემშვიდობა თანამშრომლებს, ეგრეთ წოდებულ პედაგოგებს, რომლებმაც ჩურჩულით გადაულაპარაკეს რაღაც ერთმანეთს მაკას დანახვისას და მანამდე არ მოუშორებიათ თვალი მისთვის, სანამ თვალს არ მიეფარა. პირზეხელაფარებულები კიდევ დიდხანს განიხილავდნენ მაკას თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, როგორც მათთვის სრულიად მიუღებელ თემაზე. ბოლო გაკვეთილი იყო, ამიტომ პირდაპირ სახლში წავიდა სკოლიდან. მჭიდრო დასახლების ქუჩაზე წინ უსწრებდნენ მოსწავლეები. მათი ხმამაღალი ლაპარაკი ყრუდ ჩაესმოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზუზუნმა გამოიყვანა. ტასო ურეკავდა. -ჰო, ტას... -აუ, მოდი, რა ჩემთან დღეს... არ გინდა ახალი კოლექცია ნახო? თან სანდრო ჩამოვიდა ამერიკიდან და მაგას აღვნიშნავთ... მოდი, მოდი, მოდი, გთხოოვ... -სწრაფად მოაყარა ტასომ, მაკა დარწმუნებული იყო, გოგო ყელს იღადრავდა და ისე ელაპარაკებოდა. მის გულწრფელ თხოვნაზე ჩაეცინა. -საღამოს რომ გამოვიდე, ტას? ავალ, მამას დავხედავ, დაიწყო ისევ დალევა, მერე მოვალ, კარგი? -შენ სულ ეგრე ამბობ და მერე აღარ მოდიხარ, -ისე გაებუტა, როგორც ბავშვობაში. -გპირდები, რომ მოვალ, მართლა. თან პარასკევია... -ძალიან კარგი, მაკა მას, გელოდებით... მაკამ თავი გააქნია, ჩაიცინა და ავტობუსში ავიდა. ჯერ მაისიც არ დამდგარა და ქალაქს უკვე ბუღი ასდიოდა. წარმოდგენაც არ უნდა, ზაფხულში რა დაემართება. თან იცის, რომ აქედან ვერც გააღწევს მამამისის გამო, რომელიც მთელს პენსიას სასმელსა და სიგარეტზე ხარჯავს. ხშირად ისე ბრაზობს... ხშირად არა - ყოველთვის, მაგრამ ამანაც დაღალა. დედის გარდაცვალების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შალვამ ცოლის დაკარგვა მარტივად ვერ გადაიტანა, სამსახურს თავი დაანება და ალკოჰოლთან დამეგობრდა. მაკამ ბევრი იწვალა, ბევრი იტანჯა, რომ მამა მდგომარეობიდან გამოეყვანა, მაგრამ უშედეგოდ. რთულია, ადამიანს ცხოვრების ხალისი დაუბრუნო, როცა მას ეს თავადაც აღარ სურს. ამიტომ შეეშვა მასთან ჩხუბს მაკა. უბრალოდ უხმოდ ყრის მაგიდაზე დახვავებულ ცარიელ არყის ბოთლებს ნაგავში, სიგარეტის ნამწვავებს აგროვებს და მათაც იმავე გზას უყენებს. სადარბაზოს კიბეებს დამძიმებული ნაბიჯებით აუყვა. სახლის კარი გამოაღო თუ არა მაშინვე სიგარეტის და სასმელის სუნი ეცა ცხვირში, აუტანელ სიცხეს რომ უფრო დაემძიმებინა და სახე უკმაყოფილებით დაეჭყანა. ჩანთა იქვე მიაგდო, ფეხსაცმელიც გაიხადა და შიშველი ფეხებით გავიდა სამზარეულოში. ერთადერთი, რაც ახლა სიამოვნებას ანიჭებდა ფეხებქვეშ ცივი მეტლახი იყო. შალვა დივანზე იჯდა, თავი უკან გადაეგდო და ხმამაღლა ხვრინავდა. მაკამ ყველა ფანჯარა გამოაღო, რომ ამ სუნს სახლიდან გაეღწია, თუმცა ეს უკვე შეუძლებელი იყო. კედლებში ჩამჯდარიყო ნიკოტინის და სასმლის მავნე სუნი, რომელსაც გარედან პერიოდულად შემოსული სუფთა ჰაერი ვერ დაჯაბნიდა. არადა როგორ უყვარდა მაკას გაზაფხულის გრილი და ტკბილი სუნი, რა ცუდია, როცა ყველგან აყვავებული ტყემლის ყვავილების თაფლის სუნი დგას, შენს სახლში კი მხოლოდ სიმძიმით შეგიძლია ფილტვებს გაუმასპინძლდე. საჭმელი უღიმღამოდ დაისხა თეფშზე, მაგრამ პირი ვეღარ დააკარა მადა დაკარგულმა. იქაურობა უცებ მოასუფთავა, აეროზოლი გაუშვა ყველგან, სადაც შეიძლებოდა და სარეცხის გასაფენად აივანზე გავიდა. -ნატა, მოხვედი, შვილო? ზედამხედველიც იქ იყო, რა თქმა უნდა. ლალი. ამ ქალის თავი ფანჯარაში უფრო ხშირად იყურება, ვიდრე სარკეში. ნატას ჩაეცინა. -კი, ლალი დეიდა, ახლახანს მოვედი. როგორ ხართ? -თან სარეცხს ფენდა და თან ერთი სართულით დაბლა მცხოვრებ მეზობელს ესაუბრებოდა. -რა კარგი ამინდია, არა? -კარგად, რა მიჭირს. ნინიკოს ველოდები უნივერსიტეტიდან უნდა მოვიდეს. ყველაფერში მაღალი ქულა ჰყავს! საზღვარგარეთაც უნდა გავუშვა აუცილებლად. მარტო აქ მიღებული განათლება რა არის? რომ ჩამოვა კარგ სამსახურსაც იპოვის... -ჭკვიანი გოგოა ნინიკო, დარწმუნებული ვარ წარმატებას მიაღწევს. -ჰო, მიაღწევს, მიაღწევს... -ჩაილაპარა ლალიმ და თვალებმოჭუტულმა ახედა მაკას. -ისე, შენ რა გაგიჭირდა მაგის ფასი, მასწავლებლად რომ მუშაობ, ჰა? ასეთი ნაკითხი, ჭკვიანი... ასეთ დაბალ ხელფასზე... რა ვიცი, რა ვიცი... ლალის შექება კი უნდოდა გამოსვლოდა, მაგრამ ხომ იცით, „კოკასა შიგან რაცა ძევს, იგივე წარმოდინდების“, კრიტიკა მაინც ვერ შეიკავა. -არაფერი მიჭირდა, ლალი დეიდა, მასწავლებლობა მინდოდა უბრალოდ. თანაც მასწავლებელი ყველაზე მეტად უნდა იყოს ჭკვიანი და ნაკითხი, ასე არ არის? -მაკას ერთი წამითაც არ დაუკარგავს სიმშვიდე. -ასე არის, მაგრამ დაფასება არა აქვს მაგ პროფესიას ჩვენს ქვეყანაში... ეს დიალოგი იმდენჯერ ჰქონდა გავლილი მაკას, უკვე ზეპირად იცოდა, რის შემდეგ რას იტყოდა ლალი. სველი ტანსაცმლისგან გათავისუფლებული კალათი პატარა აივნიდან აიღო და სააბაზანოში დააბრუნა. მალე მოსაღამოვდა. ახლა ნამდვილად არ ჰქონდა თავი სადმე წასულიყო, მაგრამ ტასოს პირობა რომ მისცა, არ უნდოდა მეგობრისთვის ეწყენინებინა. სააბაზანოდან გამოსულს ტასოს მესიჯი დახვდა „გაიპრანჭეო“, თვალები გადაატრიალა ღიმილით. სანდროს ამერიკიდან ჩამოსვლა იცოდა, რასაც ნიშნავდა. ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ერთ სივრცეში შეკრებას, სადაც ტასო ყოველთვის დიდი ზარ-ზეიმით წარადგენდა თავის უსაყვარლეს მეგობარ მაკას. ბევრი პრანჭიაობის თავი არ ჰქონდა, არც სურვილი. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, ოდნავ ჩაშავებული თვალის უპეები რომ დაეფარა, ბრეტელებიანი, გრილი კაბა გადაიცვა და სახლიდან გავიდა. მამამისს გამოეფხიზლებინა, უბრალოდ დაუბარა, რომ ავალიანებთან მიდიოდა და კარი გაიხურა. ავალიანები მის სახლთან ახლოს, ჩვეულებრივ დასახლებაში ნამდვილად არ ცხოვრობდნენ. ჩვეულებრივში ამ შემთხვევაში საშუალო ფენით დასახლებული ძველი აშენებული, საბჭოური კორპუსები იგულისხმება. მათკენ ყველაფერი მოვლილი, კეთილმოწყობილი და მდიდრული იყო. მაწანწალა ძაღლიც კი არ შეინიშნებოდა მშვიდ, გამწვანებულ ქუჩებში. დაცვამ უპრობლემოდ შეუშვა ლამპიონებით განათებულ ეზოში, სადაც უამრავ უცნობს თუ ნაცნობს მოეყარა თავი. სანდრო მაჩაბლის ჩამოსვლას აღნიშნავდნენ. მუსიკა ხმადაბლა ისმოდა, მაყალზე წვადს ატრიალებდნენ და სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ლევანის დანახვაზე მაკას ოდნავ გული აუჩქარდა. ოდნავ. მხოლოდ ხელის დაქნევით მიესალმა ავალიანს, რომელიც მეგობრების გარემოცვაში საუბრით იყო გართული და მაკას თბილად გაუღიმა. სანამ ისევ ოფლი დაასხამდა, მანამ შევარდა სახლში და ტასოს დაუწყო ძებნა. -მალვინა დეიდა, ტასო სად არის? -ჰკითხა დიასახლისს. რა თქმა უნდა, ამ სახლის დიასახლისი ჩია, საყვარელი შესახედაობის ქალბატონი მალვინა ნამდვილად არ იყო, ის ასე რომ ვთქვათ, სახლს უვლიდა, საკვებს უმზადებდა ოჯახის წევრებს... მოკლედ, ავალიანებთან მუშაობდა. მაკა ვერ იტანს სიტყვას „მოსამსახურე“. -თავის ოთახშია, გელოდება, -თბილად გაუღიმა მაკას და ცივი წვენით გადატვირთული ლანგრით ეზოში გავიდა. -ტას, მოვედი... ტასო ვარსკვლავივით გართხმულიყო თავის საწოლზე და ჭერს მიშტერებოდა. მაკა რომ შევიდა ოთახში, თავი კმაყოფილმა წამოყო და ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერის ბოლომდე შეათვალიერა მეგობარი. მერე ტუჩი აიბზუა და ისევ საწოლზე დაეხეთქა. -გაიპრანჭე-თქო, ვერ ხედავ რამდენი ლამაზი ბიჭია ჩემს ეზოში? -კარგი, რა, ტასი, ასეთი არ ვარ ლამაზი? -გვერდით მიუწვა მეგობარს და ლოყაზე აკოცა, -ხანდახან ძალიან ჰგავხარ ეკა დეიდას... -ოფ! არ ვგავარ დედაჩემს, -გაეცინა ტასოს, -თან ასეთიც ძალიან ლამაზი ხარ, ყველაზე ლამაზი და მშვენიერი, მაგრამ კაცებს უყვართ ქალები როცა იპრანჭებიან. ასე მესიჯს უგზავნი, რომ თავდაჯერებული ხარ და ძლიერი და შეუძლიათ, ყურადღება მოგაქციონ. -აი, საიდან მოიტანე... სულაც არ არის ეგრე. ახტი, მანახე შენი ახალი კოლექცია... -აუ, ერთს შენი სახელი დავარქვი... ყველაზე სადას და მოკრძალებულს... ზეგ პრეზენტაციას ვაკეთებ, მაგრამ ვერ ვითმენ შენ რომ ახლა არ განახო. -წამოხტა და ლეპტოპი საწოლში მოიტანა ტასომ. ათასი ლამაზი სამკაული აჩვენა, საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები, ბეჭდები. ყველა სადა და გემოვნებიანი იყო. ტასო ავალიანი უნიჭიერესი დიზაინერი იყო. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი იტალიაში გაჰქონდა და რომშიც ჰქონდა თავისი მაღაზია. მოკლედ, ტასო წარმატებული ქალი იყო, მართალია, ამაში მის ოჯახს დიდი წვლილი მიუძღოდა, თუმცა მისი ნიჭი და მონდომება უფრო მეტ როლს თამაშობდა, ვიდრე მშობლების რეპუტაცია და ფული. -ისიც მობრძანდება, -ამოიბუზღუნა მობეზრებულმა, -მაგისი გადალესილი სახის ყურება როგორ არ მინდა, მაგრამ ლევანს ვერ ვაწყენინებ. -ვინ? -გულწრფელად გაოცება სცადა მაკამ, თუმცა ვის ატყუებდა. ძალიან კარგადაც ხვდებოდა ვისზეც იყო საუბარი და გული სევდამ დაუმძიმა. -რა ვინ, მაკა მას, გამოშტერდი? ნუციკო კირვალიძე. ვერ ვხვდები... აი არ ვიცი, ლევანს ეგ როგორ უყვარს. -სამაგიეროდ ეკა დეიდა გიჟდება, -ჩაეცინა მაკას, უფრო სიმწრისგან. -დედაჩემს ჰგავს და იმიტომ, ეს სიმდიდრე უყვარს, ფული, გართობა, საყიდლები, სალონი, სოლარიუმი, სალონი, სოლარიუმი... ბიბლიოთეკაში რომ ჰკითხო, ერთხელ არ იქნება ნამყოფი, შეიძლება, არც კი იცოდეს რას ნიშნავს. არც მინდა, რომ ჩავერიო მაგათ ურთიერთობაში, ხომ ხვდები... -ხოდა ნუ ჩაერევი, ტას, ასე ჯობია. რას ვიზამთ, ყველა ერთნაირი ხომ არ არის. -ერთნაირი არა, მაგისნაირი დებილი არაა არავინ! -ტასო! ნუ ლანძღავ, ხმა არ გავიდეს. -მიუხედავად იმისა, რომ მაკა ტასოს ყველა სიტყვაში ეთანხმებოდა, საშინლად ვერ იტანდა ადამიანებზე ზურგს უკან საუბარს. -მარტო შენთან გავლანძღავ, რა, სხვასთან არავისთან... -ამოიწუწუნა ტასომ, -თორემ უკვე ყოველ დღე მაგის სახეს ვხედავ, ერთხელაც ნერვები მიმტყუნებს და დედაჩემის ძვირადღირებულ შპალერზე შევაზელ... იმ.. იმ გუჩის ტონალურიან სახეს! აი, ამას ვიზამ! ჩემი ძმის ფული უნდა, ხომ იცი, ასე არ ვილაპარაკებდი, ერთი რამე მაინც რომ გაეკეთებინა მაგ გოგოს ისე, რის გამოც ჩემს ძმას ჯიბეზე ხელის გაკვრა არ დასჭირდებოდა. -ეხ, ტასო, ტასიკო... -მაკა საწოლზე გადატრიალდა, გვერდულად წამოწვა და ხელი თავქვეშ ამოიდო. -აუ, ხომ არ გეწყინა, რომ გითხარი რატომ არ გაიპრანჭეო? -პატარა ბავშვივით მოიკუნტა ტასო და ზურგზე მიეხუტა მეგობარს. -კი, ძალიან მეწყინა. ახლავე წავალ სახლში და აღარასოდეს დაგელაპარაკები. -ჩემი სიყვარულის ბუშტი, ყველაზე კარგი ადამიანი სამყაროში.. მოგეწონა შენი სახელობის ყელსაბამი? არაფერი გითქვამს... -ძალიან ლამაზია, მიხარია თუ ასეთ სილამაზედ აღმიქვი, უბრალოდ... ჩემზეც უნდა თქვა რამე პრეზენტაციაზე? -სახე მოეჭყანა მაკას, -ხომ იცი, არ მიყვარს ასეთი რაღაცეები. -ვიცი, გპირდები შენს სახელს არ ვახსენებ. ადე, წამო, ჩავიდეთ ქვემოთ, მალვიკომ ისეთი რამეები დაამზადა, ისეთი... შენ ჭამე დღეს რამე საერთოდ? -ნწ, არა... მთელი დღე სახლს ვანიავებდი, ვალაგებდი... არც მინდოდა მეჭამა... სამზარეულოში დიდ მარმარილოს მაგიდას ნუცა და ეკა შემოსხდომოდნენ, რაღაცაზე გამალებით საუბრობდნენ. იქვე სანდროც იდგა და მაცივრიდან გამოღებული ცივი წყლის ბოთლი პირზე მიეყუდებინა. ტასო და მაკა რომ დაინახეს, ორივეს სახე შეეცვალათ, თუმცა ყალბი ღიმილის სახეზე აფარება მაინც აიძულეს თავებს. -მაკა, მოხვედი? როგორ ხარ? როგორ მიდის დიეტის საქმეები? -განაზებული ხმით ჰკითხა ეკამ და უდანაშაულო თვალებით აათვალიერა ნატროშვილი. მაკას საშინლად არ ესიამოვნა ეკას კომენტარი, მაგრამ მიჩვეული იყო მისგან მსგავს რეპლიკებს. -კარგად, ეკა დეიდა, თავად? გინდათ ჩაგაწერინოთ? -თავდამსხმელის ქცევა გაიმეორა მაკამაც და სკამზე ჩამოჯდა. სანდრომ ოდნავ დააწვრილა ტუჩები, ღიმილი რომ შეეკავებინა და სამზარეულოდან გასასვლელად მოემზადა, ტასო რომ გადაუდგა წინ. -შენ არ იცნობ მაკას? -წარბები მაღლა აზიდა ავალიანების ქალიშვილმა და თვალებით მაკასკენ ანიშნა კაცს, რომელიც ზანტად მობრუნდა და მაკას თავი დაუკრა. -დაანებე, ტასო, ადამიანს თავი. დაღლილია, რა საჭიროა ყველას მიესალმოს. ეკას სიტყვებზე ყველას ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან მაკას გარდა. იმუნიტეტი მნიშვნელოვანია ყველა სიტუაციაში. გამოცდილება ხომ ადამიანს აძლიერებს. არც სანდრო მაჩაბელს ესიამოვნა ეკას სიტყვები. ზანტად მიბრუნდა და ეზოში გავიდა. -დედა, იცი, რომ ყველა უზრდელის დაცვა საჭირო არ არის? ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ მათგანს მფარველობ, არ დაიღალო.. წამო, ტას, ჩვენს საქანელაზე.. -ტასო, შენ რომ ასე უპირისპირდები ყველას, მათ შორის დედაშენსაც ჩემ გამო, ეგ უარესია. შეეშვი, რა... -ლაპარაკი წამოიწყო მაკამ, როცა ეზოს კუთხეში, საქანელებზე ჩამოსხდნენ და ნაზად დაიწყეს რხევა. აქედან ყველაფერი ხელის გულზე ჩანდა. სახლიც, ეზოც და ადამიანებიც. -ოფ, ნუ გეცოდება ყველა შენ, რა! ის მაჩაბელი ნამდვილი უზრდელია. თან რა თვალებით იყურება? გეგონება ორი წამის წინ რაღაც გააფუჭა, ან თუ არ გააფუჭა, აპირებს. არაა გასაკვირი პოლიციიდან რომ გამოაბუნძულეს და მამისმა ამერიკაში გააგდო. -ნეტავ მეც გამაგდოს მამაჩემმა ამერიკაში, -ხმამაღლა გადაიკისკისა მაკამ ამ სიტყვების ფანტასტიკურობაზე. -კიდევ სვამს? -ტასოს სულ არ გასცინებია, ნაღვლიანად შეხედა მეგობარს, -მაკო, წამო ჩემთან, უკეთესი ხელფასი გექნება, მამამაც რამდენჯერ შემოგთავაზა უკეთეს სკოლაში... -არ მინდა, რა, ტას. ასე მირჩევნია.. თან ახლა მეტი ფულის ქონა რას შეცვლის? შენ გგონია შალვა სმას თავს დაანებებს? გამოფხიზლდება და ბედნიერად იცხოვრებს ჩემთან ერთად? -აბა როდემდე უნდა იყო ასე... ახალგაზრდა ხარ, შენი ცხოვრება გაქვს, იმის შიშით მამაშენს რამე არ დაემართოს დასასვენებლადაც კი არ მოგვყვები არსად. არ შეიძლება. -ოჯახური კავშირი ძლიერი პასუხისმგებლობაა, ტასო... ვერსად წაუხვალ, სინდისი არ გაგიშვებს. შეიძლება ძალიან გინდოდეს, მაგრამ რომელს აირჩევდი, ასეთ მამას თუ უმამობასო, რომ მკითხონ, შენც ხომ იცი, რას ავირჩევდი... რაც ავირჩიე... მე სულ არ ვჭირდები, სასმელზე მეტად არ ვჭირდები, ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ამაზე ხომ არ არის. ის იდეალური მამა იყო დედაჩემის გარდაცვალებამდე, ბედნიერი ადამიანი, სიცოცხლე უყვარდა. ვერასდროს მივატოვებ, ან დავტოვებ, ვერც კი ვეჩხუბები, რადგან მე მისი მესმის. არ ვამართლებ, მაგრამ მესმის. ცოტა ხანი ჩუმად ირწეოდნენ ერთ ადგილას ტასო და მაკა. ორივე თავის ფიქრებს წაეღოთ გაზაფხულის ამ მშვენიერ და აგრილებულ საღამოს. -იცი... ერთი ვიღაც გავიცანი... -ხმადაბლა ჩაილაპარაკა ტასომ, თითქოს ამდენი ხანი ყოყმანობდა, არ იცოდა, ეთქვა თუ არა მეგობრისთვის. -მართლა? მერე? ვინ არის? -უცებ გამოერკვა მაკა. მეგობრის ყოყმანი აკვირვებდა. ასეთ საკითხებზე საუბარს ერთმანეთთან არასდროს ერიდებოდნენ. -მაკო, მოვატყუე.. ჩემს თავზე... არ მითქვამს ვინ ვარ, ჩემი თავის არარსებული ვერსია წარვუდგინე, რომ მოვწონებოდი... -ტასო, აბა რას ამბობ? რაში დაგჭირდა ტყუილი შენ, რომ ვინმეს მოსწონებოდი? -ოფ, როგორ არა... იცი... მაკა არ მინდა ცუდად გამიგო... -ტასო, არ გრცხვენია? -ის, ასე რომ ვთქვათ, არ არის შეძლებული ოჯახიდან. მოვატყუე, რომ მეც არ ვარ, ხომ ხვდები... -მდიდარი... -გაეღიმა მაკას. -მაგრამ თუ მართლა მოგწონს... -მართლა მომწონს, მაგრამ არ მინდა თავი უხერხულად იგრძნოს ამის გამო.... -ტას, არ იგრძნობს, თუ არ აგრძნობინებ. შენ უკვე მოატყუე. მესმის, კეთილი მიზანი გქონდა, მაგრამ შენ ავტომატურად ჩათვალე, რომ თქვენი ოჯახების განსხვავებული ფინანსური მდგომარეობა თქვენს ურთიერთობაზე იმოქმედებს. ეს ისედაც გარდაუვალია, ხომ იცი, მაგრამ შენც თუ ასე აგრძნობინებ თავს არაფერი გამოვა... -რა ვქნა? -ცრემლმორეული თვალები მიანათა ტასომ მეგობარს. -სიმართლე უთხარი, აუხსენი... ტყუილით დაწყებულ ურთიერთობას მომავალი არა აქვს, ტასო. თუ ეწყინება და ვერ გაგიგებს, შემოირიგე.. მთავარია, მართალი იყო, შენმა სიმართლემ აჯობოს ერთ დაუფიქრებელ ტყუილს... ტასომ ღრმად ამოიხვნეშა, ამოსუნთქვას მთელი გული ამოატანა თითქოს, პირი გააღო რაღაცის სათქმელად ეზოდან ჩოჩქოლის და ყვირილის ხმა რომ მოესმათ. სწრაფად წამოხტნენ და ეპიცენტრისკენ გაიქცნენ. -შენ, ბიჭო, ნორმალური ხარ საერთოდ? -მაჩაბელი სახეზე გაწითლებულიყო, მომწვანო-მოცისფრო თვალები ბრაზითა და გაკვირვებით უელავდა. -სანდრო, არ არის აქ სალაპარაკო ამბავი ეგ, რა, გთხოვ, გავიდეთ და ყველაფერს აგიხსნი... -ლევანი მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, ყველას რომ არ გაეგო მათი საუბარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან გვიანი იყო. ყველა გასუსულიყო და გაკვირვებულები უმზერდნენ ერთმანეთის პირისპირ მდგომ მაჩაბელსა და ავალიანს. -რას ამიხსნი, რას?! -ხელები კეფაზე შემოიწყო სანდრომ და თავი უკან გადააგდო თვალებდახუჭულმა, -არ მჯერა, არ მჯერა, რომ შენ აკეთებ მაგას ლევან.. -წამოდი, შევიდეთ სახლში და იქ დავილაპარაკოთ. ავალიანმა ლამის სულ ძალით შეათრია სახლში გაცხარებული მაჩაბელი, რომელსაც, მაკას მოეჩვენა, რომ ახლა დიდად არაფრის მოსმენა არ სურდა და, რომც მოესმინა, მაინც არ დაიჯერებდა. გაოცებულმა გადახედა ტასოს, რომელსაც გაკვირვების ნატამალიც არ ეცხო სახეზე და უსიტყვოდ ჰკითხა, თუ რა ხდებოდა. -წამო, -მკლავში ხელი ჩაავლო ტასომ და მაჩაბელს და ავალიანს უკან შეყვნენ. -ტასო, რა ხდება? რამ გააგიჟა ეს ბიჭი ასე... -ლევანი პოლიციიდან წამოვიდა, მაკო, და მაჩაბლის მამის ადვოკატი გახდა. -მერე? რა არის ამაში ცუდი? გივი მაჩაბელი მშვენიერი პოლიტიკოსია, ლევანის რეპუტაციისთვისაც... -ხო, ხო ეგ ყველაფერი ვიცით ყველამ ძალიან კარგად, საქმე ისაა, რომ სანდრო დიდად არ წყალობს მამამისს, შეიძლება ითქვას, რომ ვერც კი იტანს... საერთოდ არ აქვს მამასთან ურთიერთობა, სადაც გივი მაჩაბელია, იქ სანდრო მაჩაბელი არ არის და პირიქით. ეს ორი მოკლედ... ხომ იცი, ტატოს სიკვდილის შემდეგ უფრო დაიძაბა ამათი ურთიერთობა... ალბათ, ამიტომაც გაუნაწყენდა ლევანს... -ხო მაგრამ მამასთან პირადი ურთიერთობა რომ გაფუჭებული აქვს, იმას არ ნიშნავს, რომ ლევანს მასთან საქმიანი ურთიერთობის უფლება ერთმევა, არა? -მაკას გაკვირვება და ბრაზი შეეპარა ხმაში, -რა ეგოისტობაა... ბავშვური საქციელი. ლევანის კაბინეტიდან ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა, ყრუდ და გაურკვევლად ისმოდა ქვედა სართულზე. ტასო პირზეხელაფარებული აიპარა ზემოთ და მაკაც თან აიყოლა. -ეშმაკს უდგები ადვოკატად, ლევან, იცოდე! -გრგვინავდა სანდრო მაჩაბელი, მის ხმაში ბრაზი და იმედგაცრუება პირველობაში ეცილებოდნენ ერთმანეთს. -სანდრო, ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია! მესმის, ტატოს სიკვდილს მამაშენს აბრალებ, მაგრამ... ასე არ არის. -დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი იცი? დარწმუნებული ხარ, რომ მართალ ადამიანს უდგები დამცველად? შენ ძლიერი ადვოკატი ხარ, ლევან, ისე დაარწმუნებ ადამიანს შავის სითეთრეში, ეჭვს ვერავინ შეიტანს, მაგრამ მე ვერ მომატყუებთ. კარგად დაფიქრდი, ვის გადარჩენას ცდილობ! -აბა, რა ვქნა? შენსავით მეამბოხე ვერ ვიქნები, ჩემს ირგვლივ ადამიანები არიან, რომელთაც დაცვა სჭირდებათ... ყველას ვერ ჩავითრევ ერთი ადამიანის შეცდომების გამო! -ერთი? შენ მეორე იქნები, შენ შენი და მოგყვება, ან ვინმე სხვა.. არ მჯერა, ამდენს როგორ ვერ ხვდები? ჩაგითრევენ და მეც კი ვერ ამოგათრევ მაქედან! -შენ კარგ მდგომარეობაში ხარ ახლა, გგონია? ფიქრობ, რომ ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში ხარ, სანდრიკ? -გულწრფელი ინტერესით ჰკითხა ლევანმა. მაკას პირზე ხელი აეფარებინა, გაკვირვებული თვალს არ აცილებდა ტასოს, რომელიც თვალებმოჭუტული ინტერესით მისშტერებოდა კარს. -კი. სიმართლის მხარეს ვდგავარ. შენც იდექი იმ დღემდე, სანამ მამაჩემთან თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერით განაჩენი არ გამოუტანე საკუთარ თავს! -რომელ მხარეს დგას სიმართლე... იმ მხარეს, სადაც სამსახურიდან მოგისროლეს და ახლა შიშველი ხელებით დგახარ მარტო? -აქამდე მეგონა, შენ მიმაგრებდი ზურგს, თუმცა მწარედ შევცდი. ჩვენი ძმაკაცობა დაივიწყე, სანამ მაგ კაცის მხარეს ხარ, გაიგე? -მაგიდაზე მუშტის მძიმედ დავარდნისა და სიჩუმის ხმა ისმოდა რამდენიმე წამი. სქელი კედლისა და ხის კარის მიღმაც კი ნათლად ესმოდა მაკას მაჩაბლის ღრმა, გავერაგებული სუნთქვის ხმა. -შენ ხომ იცი, იმ ქალის სიცოცხლეც რომ მის კისერზეა... მაკას დედის... ნატროშვილმა ორივე ხელი პირზე აიფარა მოულოდნელი შოკისაგან. იგრძნო, როგორ აუგუგუნდა გული ყურებში და თავი იმ ბუშტივით გაებერა, რომელიც წუთი-წუთზე აპირებს გასკდომას. მუხლებში ძალაგამოცლილი ჩასრიალდა კედლიდან იატაკზე . მისკენ დახრილ ტასოს ბუნდოვნად ხედავდა ცრემლში ამოვლებული თვალებით. -მაკა... მაკო... ლევან! -დაიყვირა ტასომ და გაშლილი ხელისგულები კარს მთელი ძალით მიარტყა, -ლევან! კარი ორ წუთში გამოიღო და გაცხარებულმა ავალიანმა ჯერ თავის დას შეხედა, შემდეგ მაკა ნატროშვილს და ბრაზი ჯერ გაოცებამ შეცვალა, შემდეგ - დაუტეველმა სევდამ. მაკასთან ჩაიცუცქა და მხარზე ხელი ფრთხილად შეახო. მაჩაბელი შეშლილი სახით წამოდგომოდათ ზურგს უკან. -მაკუნა, -სხვა დროს თავისი სახელის ასეთი ხმით გაგონება ლევანის პირიდან ალბათ გულს დაუდნობდა ნატროშვილს, მაგრამ ახლა იმედგაცრუების, ტკივილის, სისუსტისა და ბრაზის მეტს ვერაფერს გრძნობდა. არა, კიდევ უამრავი გრძნობა ირეოდა მის გულსა და გონებაში, თუმცა მათი გამორკვევა და ჩამოთვლა ახლა შეუსრულებელ მისიას ჰგავს. -მაკო... -შენ იცოდი? -გატეხილი ხმით ჰკითხა ლევანს და თავი მისკენ ოდნავ მიაბრუნა, რომ სახეში შეეხედა. ენაზე მარილიანი გემო იგრძნო, ცრემლებს მთელი სახე და ტუჩები დაესველებინა. -მაკო, მე ხომ იცი... -დამნაშავესავით მოარიდა თვალი ლევანმა და საკუთარ ფეხის წვერებს დააშტერდა. -ყველამ იცოდით? -ჯერ ტასოს შეხედა, შემდეგ მაჩაბელსაც, რომელიც ერთ ადგილას ღრმად დასობილი ხარდანივით გაშეშებულიყო და არავის უყურებდა. ბრაზჩამდგარი, ცივი თვალებით კოლიდორის კედელს მისშტერებოდა და მთელი სხეული ბრაზისგან უცახცახებდა. -მე არ ვიცოდი, მაკო, გეფიცები, ხომ იცი... რომ მცოდნოდა მე არასდროს დაგიმალავდი ასეთ რამეს, -ტასომ ტუჩები პატარა ბავშვივით დაბრიცა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და მეგობართან მიკარებას ვერ ბედავდა. მაჩაბელს კრინტიც არ დაუძრავს. ისევ ისე იდგა. -ლევან, მამაჩემმაც იცის? -კი... -თვალს კიდევ ვერ უსწორებდა ავალიანი. -მან გვთხოვა შენთვის არაფერი გვეთქვა. -რატომ? ყველამ თუ იცოდა სიმართლე, მე რატომ არ უნდა ვიცოდე? -შეშლილი თვალებით იყურებოდა მაკა. -არაფერი ეტყობოდა... მოკლულის... როგორ... -გულში დაჭრეს, ვეცადეთ, შესამჩნევი არ ყოფილიყო, როცა სასახლეში ჩაასვენებდნენ... არ უნდოდათ ვინმეს გაეგო... -დამნაშავე დაიჭირეს? მაკას ყურთასმენას მხოლოდ სანდრო მაჩაბლის ჩაცინება შემოესმა. ლევან ავალიანი გასუსული, თავჩაქინდრული ადგილიდან ვერ იძროდა. -არა, რა თქმა უნდა, რატომ უნდა დაეჭირათ? რამე ისეთი ჩაიდინა, რის გამოც ადამიანები ისჯებიან ხოლმე, მასწავლებელო? -სარკასტული ხმით მიმართა მაჩაბელმა. ლევანი გაბრაზებული წამოიმართა ფეხზე და უსიტყვოდ მიაჩერდა მეგობარს. -სანდრო, გეყოფა... -ძლივს ამოიკვნესა ტასომ, -ხომ ხედავ, ცუდად არის. -მეგობრის გვერდით ჩამომჯდარიყო და მხარზე ფრთხილად ეფერებოდა. -სიმართლე უნდა იცოდეს, არა? -მამაშენმა მოკლა? -საოცრად გაყინული, ცივი ხმა ჰქონდა მაკას. ტასოს და ლევანს სხეულები დაეყინათ მის გაგონებაზე. პირველად ხედავდნენ ასეთს. ასე განადგურებულს და იმედგაცრუებულს. -არა, გივის არ მოუკლავს. გთხოვ, მაკა, ყველაფერს აგიხსნი... ოღონდ დამშვიდდი, ნუ ხარ ასეთი... -ლევანმა ერთი ნაბიჯი გადმოდგა მისკენ, მაკას პირველად ცხოვრებაში არ უნდოდა მისი სიახლოვე და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. -შენ რატომ უნდა დაგიჯერო? იმას ვეკითხები, -თავით სანდროსკენ ანიშნა, -მაგისთვის სულ ერთი იყო დედაჩემის სიკვდილი ისედაც, დაკრძალვაზეც კი არ მოსულა, ახლაც სასაცილოდ ეჩვენება ჩემი სრულიად ბუნებრივი შეკითხვა, რომ დედაჩემის მკვლელს რა ბედი ეწია მინდა ვიცოდე. დარწმუნებული ვარ არც სიმართლის თქმას მოერიდება. -იმ წამს ისეთი ცარიელი მზერით შეხედა მაჩაბელს მაკამ, მის სიტყვებზე ოდნავ იგრძნო გულზე მტკივნეულად როგორ გასერა რაღაცამ სანდროს. -სულ ერთი არ ყოფილა ნანას გარდაცვალება, -კბილებს შორის გამოსცრა სანდრომ, ამ ქალისგან დადანაშაულების მოსმენის არანაირი სურვილი არ გააჩნდა. -თუ ვერ შეამჩნიე, ვინც დაკრძალვაზე მოვიდა არც ისინი ფიქრობენ დიდად შენს გრძნობებზე, ამიტომ ნუ განმსჯი, ძალიან გთხოვ. -მიპასუხე... -კბილებში გამოსცრა მაკას. -სიმართლეს გეუბნება ამჯერად. მამაჩემს არ მოუკლავს. -აბა ვინ მოკლა? -არ ვიცით. -მხრები აიჩეჩა სანდრომ, მისი ამჩატებული დამოკიდებულება მაკას ყელში ხელებს უჭერდა და ახრჩობდა, როგორ შეეძლო ასეთი უემოციო ყოფილიყო, როცა ადამიანი დედის მკვლელობაზე სთხოვდა პასუხს, - მე გამოძიების დაწყება მინდოდა, მაგრამ რატომღაც სამსახურიდან გამაგდეს და ქვეყნიდანაც, კარგად გემახსოვრება, დიდი ხნის წინ არ იყო. -მაკა, გთხოვ, შალვას ნურაფერს ეტყვი. ნუ ეტყვი, რომ სიმართლე იცი. -ლევანმა სცადა დამაჯერებელი ყოფილიყო, თუმცა ქალის თვალებში დანახულმა სიცარიელემ მასთან უახლოების უფლება აღარ მისცა. -მაკო, ლეო მართალია, ისედაც რთულად გადაიტანა, რომ გაიგოს, რომ შენც იცი.. თავს რამე არ დაუშავოს... -ცრემლიანი თვალები გაუბედავად მიანათა ტასომ მეგობარს. -იმაზე მეტი რაღა უნდა დაუშავოს თავის თავს, რაც უკვე გააკეთა, ტასო? საკუთარ თავს და მეც. თქვენ ორმა რაღაც იცით, ხო ასეა? აბა რატომ თქვი, სანდრო, რომ დედაჩემის სიკვდილი მამაშენის კისერზე იყო... -მის კისერზეა, ოდნავ უფრო მეტად რომ ეცადა რამის სწორად გაკეთება, ყველაფერი ისე არ მოხდებოდა, როგორც მოხდა. დედაშენი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, სროლაში მოყვა და ბრმა ტყვია მას მოხვდა, სამწუხაროდ, ვერაფრის გარკვევა მოვასწარი ვერც თავდამსხმელებზე და ვერც მათ მიზანზე. კვალი გაქრა. -არ მჯერა... ოცდამეერთე საუკუნეა, ხალხო, რას ნიშნავს, კვალი გაქრა... რას ნიშნავს... კვალი გაქრა, მაგრამ მკვდარი დედაჩემი მიწაში წევს! დამიმალეთ რომ მოკლეს. ასეთი საშინელი ტყუილი როგორ მოიფიქრეთ, კუბოს თავიც კი არ აახდევინა მამაჩემმა ცოცხალი თავით, რომ დამენახა... ამდენი წელი მეგონა, რომ... -მაკა, მაპატიე, გთხოვ... ჩემი სათქმელი არ იყო, მე ვერ გეტყოდი... -მაშინ რისთვის მთხოვ პატიებას? -ცივი თვალებით მიაშტერდა მაკა. -თუ შენ არაფრის გაკეთება შეგეძლო ჩემთვის, ლევან, რა მაქვს საპატიებელი... ცოტა ხნით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში. ამ ორ ადამიანთან ერთად პირველად იყო მაკა ერთ სივრცეში და პირველად გრძნობდა უსაზღვრო იმედგაცრუებას, ბრაზს, სიცარიელეს... დედის გარდაცვალების პერიოდშიც კი არ ყოფილა ასეთი სულცარიელი, როგორც ახლა, როცა ლევანის ღირსეულ კერპს ბზარები ეპარებოდა. -შენ მე ყოველთვის უსაზღვრო პატივს გცემდი, ყველაფრისთვის, ლევან. შენი ერთი არასწორი ნაბიჯი არ მახსოვს მას შემდეგ, რაც გაგიცანი. არ მინდა დავიჯერო, რომ ყველაფერი მეჩვენებოდა, ან შენ გვაჩვენებდი თავს. ძალიან გთხოვ, თუ ერთი წამით მაინც ფიქრობ, რომ გივი მაჩაბელთან მუშაობით დედაჩემის მკვლელს დააფარებ ხელს, ასე არ მოიქცე... -მაკას სხეულს სითბო დაუბრუნდა, გაციებული თვალებიდან ღვარად გადმოსდიოდა ადუღებული ცრემლები, მარილით, სევდით და ტკივილით სავსე. -სხვანაირად არ შემიძლია, მაკო, მაპატიე. გივი მაჩაბლის კავშირი დედაშენის საქმესთან არ აშკარავდება. დამიჯერე. გთხოვ. დარწმუნებული ვარ, ჩემ ადგილას შენც არ მოიქცეოდი სხვანაირად. მეტი არაფრის თქმა შემიძლია შენთვის, თქვენთვის... -სამივეს ტკივილჩამდგარი თვალებით შეხედა ლევანმა. -ახლა თქვენგან თვალდახუჭული ნდობა მჭირდება. -სისულელეს ნუ ლაპარაკობ, -აიჭრა სანდრო, -მაკასთან და ტასოსთან ერთად გინდა ამის განხილვა? იმიტომ რომ ხელები მექავება ახლა შენს საქციელზე, ლევან. სანდრო მაჩაბელი ნამდვილად მიეჭრებოდა ავალიანს, მაკა რომ არ მდგარიყო მათ შორის. თავდასასხმელად მომზადებულ სანდროს მუცელზე ხელი მიადო ნატროშვილმა, რომ ადგილიდან არ დაძრულიყო. ისედაც საკმარისი ნახა და მოისმინა დღეს, მათი ჩხუბის დრო და ნერვები აღარ ჰქონდა. კოლიდორში სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა, ვიღაც უახლოვდებოდათ და სანდრომაც მთელი ძალით სცადა დამუხრუჭება, ღია კარში ნამძინარევი ეკა რომ გამოჩნდა სახეზე აკრული ჩვეული სიმკაცრით. -რა ხდება, რა გაყვირებთ? -წარბებაწკეპილმა მოავლო თვალი ყველას და მზერა ნატას ცრემლებით დასველებულ სახეზე შეაჩერა რამდენიმე წამით. -არაფერი, დედა, მე და სანდრო ფეხბურთზე ვკამათობდით, წადი, დაიძინე. -თავს ძლივს თოკავდა ლევანი. -ნუცა სად არის? -ეზოშია. -ნუ ყვირით, სირცხვილია სტუმრებთან. -ეკას ეტყობოდა სახეზე, შვილის ნათქვამი ერთი სიტყვაც რომ არ დაიჯერა, მაგრამ სიმართლის გარკვევაზე წუწუნით თავი დიდად არ შეუწუხებია. მხრებში გამართული დაბრუნდა თავის ოთახში. -ლევან, მამამ იცის? -კარი მიხურა ტასომ და ხმადაბლა ჰკითხა ძმას. -კი, ბატონ გურამსაც ყველაფერი კარგად მოეხსენება. -ჩაიქირქილა სანდრომ, ძალაგამოცლილი ჩაესვენა კაბინეტის მაგიდასთან მდგომ სავარძელში. -მე სახლში მინდა წასვლა. -ადგილს ვეღარ პოულობდა უკვე მაკა ამ სახლში. ერთი სული ჰქონდა ამ ოთახებიდან გაეღწია. -მე წაგიყვან, -მხარზე ხელის დადება სცადა ლევანმა, მაგრამ გვერდი სწრაფად აუქცია ნატროშვილმა. -არ მინდა, ჩემით წავალ, ლევან. კარგად ტასო, -მეგობარი გადაკოცნა და გაბრუებული გავიდა ოთახიდან. უკნიდან ნაბიჯების ხმა ესმოდა, მაგრამ იმდენად იყო მოსმენილი ინფორმაციითა და ფიქრებით გაბრუებული, ნორმალურად არაფერი ჩაესმოდა. ეგონა, ლევანი იყო და არ დაუჯერა, როცა სთხოვა დარჩენილიყო, მაგრამ შეცდა. უკან ტასო და მაჩაბელი მოყვებოდნენ. -წამოდი, მე გაგიყვან გვიანია უკვე. -არც კი შეუხედავს, ისე უთხრა სანდრომ. ტასო გასუსული აკვირდებოდა მეგობარს სახეზე და არ იცოდა, თანაგრძნობა როგორ გამოეხატა. თავადაც შოკში იყო მომხდარის გამო და ხვდებოდა, რაც არ უნდა ეთქვა, მაკას ტკივილს ვერაფრით შეუმსუბუქებდა. -არ მინდა, ტაქსით გავალ. -არც ნატროშვილს მიუქცევია მისთვის ზედმეტი ყურადღება, ტასოს კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და გასასვლელისკენ წავიდა ტვინარეული. საერთოდ ვერ წარმოედგინა, რომ ის რაც ადრე მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნანახი შეიძლებოდა თავისი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო. რომ ვინმეს მისთვის ახლობელი მოეკლა და დამნაშავეს დაუსჯელად ეპარპაშა, მაშინ, როცა მის უმშვენიერეს დედას შავი მიწა და მატლი ჭამდა. პირველად ამოიტირა ხმამაღლა, მას შემდეგ, რაც ავალიანების სახლი დატოვა. ტაქსის გამოძახება არც უფიქრია, ისე დაუყვა გზას ფეხით. აქედან ვაკის სასაფლაოზე გადააჭრა. შუაღამეზე ასეთ ადგილას წასვლა მისთვის სხვა ნებისმიერ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ ახლა დედის მონატრებამ ისე აიტანა მთელი სხეული უცახცახებდა. სულში სიცარიელე შემოეპარა და ფრთები გაშალა თითქოს. გარდაცვლილის მონატრება ხომ არ ჰგავს სხვა მონატრებებს. უფრო ძლიერი და უფრო სევდიანია, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ცარიელიც. ახლა მაკას ეგონა მთელი გულ-მკერდის ღრუ ვაკუუმით ჰქონდა სავსე. რომ იქ არაფერი იყო ცოცხალი, არც ჰაერი მოძრაობდა და არც სისხლი, არაფერი იგრძნობოდა უსაშველო მონატრების გარდა, როცა გააზრებული გაქვს რომ შენი მონატრება უბრალოდ ცარიელ სიბნელეში ხელების სავსავს ჰგავს, სადაც რეალურად ვერავის ჩაეხუტები. ტელეფონის ფარანი აანთო. უამრავი მკვდარი თვალი უყურებდა შავი ქვებიდან. ყველა ასაკის... ზოგი საფლავი ძალიან მოვლილი იყო, ძვირფასად მოპირკეთებული, ზოგი მოკრძალებულად, ზოგიც კი საერთოდ - მივიწყებული, ხავსსა და ეკალში გახვეული. სასაფლაოზე პატარა სკამი და მაგიდა დაედგა შალვას. მაკამ იცოდა, რომ აქ ხშირად მოდიოდა მამამისი. მაკაზე ხშირად, ყოველ შემთხვევაში. ზაფხულის ამ ვარსკვლავიან ღამეს ირგვლივ ყველაფერი გაყინული, უსულო, მაგრამ მაინც ათასი სულით სავსე და ცარიელი იყო. ათასი უბედურება, ცრემლი და სახსოვრის სადღეგრძელო შეეწოვა აქაურ მიწას. მაგრამ მაკა ვერაფერს გრძნობდა ნანაკოს მონატრების გარდა. ქვაზე ნაცრისფრად დახატულ დედას თვალცრემლიანი მიეფერა და გვერდით მიუჯდა. -მაპატიე, დე, ყვავილები რომ არ მოგიტანე. არ დამიგეგმავს აქ მოსვლა, ფეხებმა თავისით მომიყვანა, -თავი საფლავის გაყინულ ქვას მიადო, მთელს ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა. -ისე მომენატრე, ისე მჭირდები... მამამ ცოცხლად მიმატოვა, წარმოგიდგენია? დედიკო, თურმე კი არ მიმატოვე, შენი თავი წამართვეს, მაპატიე, რომ გიბრაზდებოდი... არ გინდოდა, არ გინდოდა და ისე წამართვეს შენი თავი... ცოტა ხანი დადუმებულ ქვებს და გარემოს მხოლოდ მაკას ტირილი ესმოდა. მერე ნელა, დაღლილი წამოიზლაზნა, ჭიშკარს კეტავდა ტელეფონი უცნობი ნომრის ზარმა რომ ააზუზუნა. -გისმენთ? -ქსუტუნით უპასუხა და ცრემლები თავისუფალი ხელით შეიმშრალა. -რომელ შესასვლელთან ხარ? -სანდრო მაჩაბელი იყო. -რა გინდა, სანდრო? რა რომელ შესასვლელთან? -მობეზრებულმა უპასუხა და სიბნელეში გზის გაკვლევა სცადა, -არ მცალია, ხელს მიშლი ახლა. -ვაკის სასაფლაოზე ვარ, გელოდები მთავარ გამოსასვლელთან, მეორე მხრიდან ძაღლები არიან და არ გირჩევ. -პასუხს არ დალოდებია ისე გაუთიშა სანდრომ. მაკამ ერთი ამოიფრუტუნა და ძლივს-ძლივობით მიაღწია მთავარ გასასვლელამდე, სადაც გზას სანდრო მაჩაბლის მანქანის ფარები ანათებდა. თვითონ კი საჭესთან იჯდა და თავს საზურგეზე ასვენებდა. მაკას თავპატიჟი აღარ გამოუდია, ისედაც დაღლილი იყო. თავი ხორცის მჭლე ნაჭერი ეგონა, რომელიც ახლახანს დაბეგვეს და ტაფაზე შესაწვავად უპირებდნენ შემოგდებას. -რატომ გამომყევი? -ჰკითხა კარი მოიხურა თუ არა და უემოციო სახით შეხედა კაცს, რომელიც არც კი შერხეულა მის გამოჩენაზე. მშვიდად სუნთქავდა კალთაში ხელდაკრეფილი და ქუთუთოები ოდნავ უთრთოდა. -იმიტომ რომ გვიანია და შენ მოიტყუე, რომ ტაქსის გამოიძახებდი. ღამე აქ მარტო სიარული კი კარგი იდეა არ არის, დამშეული ქუჩის ძაღლების მთელი ბანდა დაწოწიალობს და რა ვიცი, ვინმე არანორმალურიც შეიძლება... მანქანა დაქოქა და გზაზე გადავიდა. მაკას აღარაფერი უთქვამს მისთვის. თავი გვერდზე გადაეგდო და ჩამოწეული ფანჯრიდან შემომავალ თბილ ჰაერს სახე მიუშვირა. შემშრალი ცრემლებისგან კანი დასჭიმვოდა. უკანა ხედვის სარკიდან ჩამოზელილი ტუშიც შენიშნა თვალის უპეებზე, მაგრამ იმის ძალაც არ ჰქონდა თავი მოეწესრიგებინა. -რატომ არ გინდა, რომ ლევანმა მამაშენთან იმუშაოს? -ნახევრად გაუაზრებლად ჰკითხა მაკამ სანდრო მაჩაბელს. -იმიტომ, რომ მამაჩემი არ არის ის კაცი, ვისთანაც ლევანისნაირები უნდა მუშაობდნენ. -რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ უპასუხა სანდრომ. ხმაში ბრაზი ოდნავ შეპარვოდა, მაგრამ მაკას ამისთვის დიდი ყურადღება აღარ მიუქცევია. უცნაური იყო, რა უნდა დაეშავებინა მამას ისეთი, რომ შვილთან ასე გაეფუჭებინა ურთიერთობა, მითუმეტეს რომ გივი მაჩაბელი საკმაოდ სიმპათიური და სანდო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ტელევიზიიდან და თავისი საარჩევნო კამპანიებიდან. -დარწმუნებული ვარ, ლევანი ცუდს არაფერს გააკეთებს. სანდროს ჩაეცინა ქალის სიტყვებზე და წარბები მაღლა აზიდა. -არც მე მგონია, რომ ლევანი თავისი ნებით რამე ცუდს გააკეთებს. საქმე ისაა, რომ არავისგან დახმარების მიღება არ სურს და ხაფანგში ყოფს თავს. ნამდვილი სულელივით იქცევა, მაგრამ შენ ზედმეტად შეყვარებული ხარ მაგის გასააზრებლად და დასაჯერებლად. მაკამ სწრაფად მიაბრუნა თავი მისკენ. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, სანდრო. -მაქსიმალურად შეეცადა ხმაზე აჩქარებული გულისცემა და აფორიაქება არ დატყობოდა. -რატომ არის სისულელე, მაკა? მე კი ვფიქრობ, რომ სრული სიმართლეა. -თავი მისკენ მოაბრუნა სანდრო მაჩაბელმა და მოჭუტული თვალებით ჩააშტერდა ამომშრალ, მაკიაჟჩამორეცხილ თვალებში მაკას, ფანჯრიდან მონაბერი ჰაერი რომ თმას უწეწავდა და სახეს სანახევროდ უფარავდა. -გზას უყურე. -ძლივს გასაგონად თქვა მაკამ და თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა, თუმცა მის სმენას არ გამოჰპარვია, როგორ ჩაიცინა სანდრო მაჩაბელმა. სახლამდე ხმა არც ერთს აღარ გაუღია. მხოლოდ ჩუმი მადლობა ჩაიდუდღუნა მაკამ და რაც შეიძლება სწრაფად შეიხსნა ღვედი, რომ ამ ადამიანს გასცილებოდა, რაც შეიძლება შორს და უკანმოუხედავად. -ჩემი აზრით, ტასო მართალია, ნურაფერს ეტყვი მამაშენს. -ერთ ადგილას გააშეშა ნატროშვილი კაცის სერიოზულმა სიტყვებმა, რომლებშიც არც ირონია და არც გულგრილობა არ შეინიშნებოდა იმ წამს. მხოლოდ უხმოდ შეხედა ქალმა, რამდენიმე წამი ასე უყურებდა, მანქანიდან ცალი ფეხი უკვე გადადგმული ჰქონდა და ხელით კარი ეჭირა. გაბრაზებულს უნდოდა მიეხალა, რომ მისი საქმე არ იყო, მაგრამ არაფერი უთხრა, ისე გადავიდა მანქანიდან. -და არც მე ვეტყვი ლევანს, რომ გიყვარს. მაკამ გამწარებულმა მიუჯახუნა მანქანის კარი და სადარბაზოსკენ იმაზე გაბრაზებული ნაბიჯებით გაემართა, ვიდრე ორი წუთის წინ იყო. სანდრო მაჩაბელს ასაკის მატებასთან ერთად ირონიისა და ცინიზმის დოზაც ეზრდებოდა ადამიანებთან ურთიერთობაში, მაკას კი ამ თვისებაზე მეტად არაფერი აღიზიანებდა. დღეს ისედაც საკმარისი გადაიტანა და გაიგო, ახლა იმაზე რომ არ ედარდა, სანდრო მაჩაბელმა ლევან ავალიანის სიყვარულში რომ გამოიჭირა, მითუმეტეს რომ მამამისთან ისე უნდა გაეგრძელებინა თანაცხოვრება, თითქოს დედას სიკვდილზე არაფერი იცოდა... მაგრამ შალვა თუ ახერხებდა შვილის მოტყუებას და თვალებში ნაცრის შეყრას, თვითონაც შეძლებდა. ძალიან, ძალიან უნდოდა, მაგრამ მამაზე გაბრაზება მაინც ვერაფრით მოახერხა. სახლში დაბრუნებულს ჩვეული სევდა დაუბრუნდა, როგორც კი მისმა გონებამ ნესტოებში სიგარეტის, ალკოჰოლისა და რაღაც ისეთის სუნი აღიქვა, რასაც მხოლოდ სახლში გრძნობს ხოლმე ადამიანი. დივანზე მიგდებულ მძინარე შალვას ერთი წამით უყურა. ხელიდან არყის ბოთლი გავარდნოდა და ხმამაღლა ხვრინავდა. მერე თავის ოთახში შევიდა და საწოლში ჩაიმალა. *********************************** გამარჯობათ, ძვირფასებო, დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. მინდა გითხრათ, რომ ყველა თქვენგანის კომენტარი წავიკითხე და ახალი ისტორიით ასე მალე დაბრუნება სწორედ თქვენმა შეფასებამ გადამაწყვეტინა. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისათვის, იმედია, "დიდი შესვენებაც" მოგეწონებათ. წინა ისტორიაზე გაცილებით დიდი იქნება და თავები პერიოდულად აიტვირთება, ვეცდები, ბევრი არ დავაგვიანო, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღიურად ახალი თავის დადებას ვერ შევძლებ... სიახლეებს და ამონარიდებს ჩემს გვერდზე ვდებ ხოლმე ფეისბუკზე და შეგიძლიათ დამიმეგობრდეთ: ჩემი ფბ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.