შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი შესვენება (2 ნაწილი)


27-03-2023, 00:23
ავტორი nestandarejan
ნანახია 3 965

მეორე თავი
საშინაო დავალება: ნდობა
მთელი შაბათი დღე მაკამ საშინაო დავალებების გასწორებას შეალია. სხვა რამეზე ფიქრი საერთოდ არ სურდა, მთელი ძალით ცდილობდა გონება მოეკრიფა და წინა საღამოს მომხდარი ამბისკენ ყურადღება არ გაქცეოდა. მაგრამ გაუაზრებლად, როცა ერთი სიტყვიდან მეორეზე გადადიოდა ნაშრომების კითხვის დროს, მესამეს სხვა ფიქრებამდე მიჰყავდა: ლევან ავალიანამდე, სანდრო მაჩაბლის გამოსვლამდე, სიმართლის გაგებამდე... და მერე ისევ თავიდან.
კვირა დღეს ტასოს კოლექციის პრეზენტაციაზე წასვლის თავი ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა თავს ვალდებულად გრძნობდა, როგორც ტასოს უახლოესი მეგობარი მის გვერდით ყოფილიყო. მართალია მაკა ნატროშვილი ტელევიზიით არასოდეს ჩანდა, არც ცნობილი სახე იყო და არც დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, მაგრამ გარდა ტასო ავალიანთან ახლო მეგობრობისა, იყო კიდევ ერთი რამ, რაც მაკას ტასოს ყველა მნიშვნელოვან დღეზე დასწრების პასუხისმგებლობას აკისრებდა. მაკა ტასოს კომპანიის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ფიქტიური დამფუძნებელი იყო. ამ ხერხს მრავალი ბიზნესისა და შემოსავლის წყაროს მფლობელი ადამიანები ხშირად მიმართავენ ზედმეტი ყურადღების თავიდან ასარიდებლად, გადასახადებისგან თავის დასაღწევად და ა.შ. ამიტომ, მაკა ამ მარტივი მიზეზის გამოც ვერ გამოაკლდებოდა კვირას საღამოს ავალიანების სასახელო ქალიშვილის უახლესი კოლექციის ჩვენებას.
„ვიცი, სხვას არაფერს მიიღებ ჩემგან, მაგრამ გთხოვ, ეს კაბა ჩაიცვი...“ მესიჯი მიუვიდა ტასოსგან ზუსტად მაშინ, როცა კარზე მომდგარ კურიერს ყუთი გაოცებული სახით გამოართვა და ჩაბარების დეკლარაციაზე ხელი მოაწერა.
-ოხ, ტასო, ტასო... -თავი გააქნია უკმაყოფილოდ და ყუთით ხელში ოთახში შეფრატუნდა.
კაბა ულამაზესი იყო, ზურმუხტისფერი და ელეგანტური, ზედმეტს რომ არც ფარავს და არც აჩენს.
-ტასო, რად გინდოდა ასეთი ძვირადღირებული კაბა? -გამარჯობის თქმა არ დააცადა მეგობარს, მაშინვე მიახალა, როგორც კი ყურმილი აიღო.
-პასიური ყურადღების ცენტრში რომ იყო, პრეტენზიები არ მიიღება, და არ დააგვიანო.

გამოფენა ღია ცის ქვეშ, თბილისის გარეუბნის ერთ-ერთ შატოში იმართებოდა. მოსაღამოვებულიყო და მუქლურჯად მინავლებულ ცაზე წვრილად ციმციმებდნენ თეთრი ვარსკვლავები. ფართე, ძვირფასი ქვებით მოკირწყლულმა ბილიკმა უზარმაზარ, ნათურებით განათებულ ეზომდე მიიყვანა მაკა. მაღალ, მრგვალ მაგიდებთან მდიდრულ ტანისამოსში გამოწკეპილ ქალებსა და მამაკაცებს ხელში ოქროსფერი შამპანური ეჭირათ, ყველა ვიღაცას ესაუბრებოდა. მაკამ გარემოს თვალი მოავლო, რომ ვინმე ნაცნობი გამოეჭირა და მასთან მისულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, არც არავინ იყო ასეთი. ყველას პირველად ხედავდა.
-მეძებდი? -ზურგსუკან უეცრად გაისმა სანდრო მაჩაბლის ხმა. მოულოდნელობისგან მაკა ადგილზე შეხტა და წამოყვირება პირზე ხელის აფარებით შეიკავა. მისკენ გაბრაზებული სახით მიბრუნდა.
-სად არიან დანარჩენები? -მაკამ სცადა ხმაში გაღიზიანება არ შეპარვოდა, მაგრამ მგონი არ გამოუვიდა, რადგან მაჩაბელმა უფრო ფართოდ გაიღიმა.
-პრეზენტაციისთვის ემზადებიან, ალბათ, რა ვიცი. -მხრები აიჩეჩა და თავისუფალი მაგიდისკენ წაუძღვა ნატროშვილს.
-არ მეგონა, თუ მოხვიდოდი... უფრო სწორად, გამიკვირდა, რომ მოხვედი. -ჩანთა მაგიდაზე დადო და მოჭუტული, იჭვნეული თვალები მიანათა სანდროს.
-მეც იგივე შემიძლია ვთქვა შენზე.
-ჩემზე? რატომ? ტასო ჩემი უახლოესი მეგობარია, ყოველთვის მხარს დავუჭერ.
სანდრომ წარბები აზიდა, ცოტა ხანი სახეზე ათვალიერებდა მაკას, შემდეგ ოფიციანტს მარჯვედ ააცალა ლანგრიდან ორი ჭიქა ოქროსფრად მოშუშხუნე შამპანური, ერთი მაკას გაუწოდა, მეორე კი თავად მოწრუპა და თვალი ხალხით გადატვირთულ ეზოს გაუშტერა.
-ტასოს თითქმის ყველა ღონისძიებას ვესწრები, მაგრამ მაინც არავინ მეცნობა, -პირი შამპანურით გაისველა მაკამ და თავადაც მოავლო თვალი უამრავ უცხო ადამიანს. -როგორი ბედნიერები ჩანან, გეგონება, არაფერი აწუხებთ...
-არც აწუხებთ, უმეტესობას. -ქალისთვის არ შეუხედავს, ისე ჩაიალაპარაკა მაჩაბელმა, ხალხს თვალს არ აცილებდა, -დიდი ხნის წინ გაყიდეს სინდისი, ამიტომ აღარ ქენჯნით ახლა.
-ყველაზე ასე როგორ ლაპარაკობ? -გულწრფელად გაიოცა მაკამ, -არ გინახავს მდიდარი ადამიანი, რომელმაც პატიოსნად მიაღწია წარმატებას?
-შენ გგონია, აქ ერთ ადამიანს მაინც ნახავ ისეთს, ვინც წარმატებას თავისი შრომით მიაღწია? ფიქრობ, რომ ამათ წრეში მოსახვედრად მხოლოდ ფულია საჭირო? -თვალებმოჭუტულმა მოატარა საჩვენებელი თითი გარემოს, მაკას ცივი სახით გადმოხედა, მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა.
-არ ვიცი და არც მაინტერესებს, მე არავის წრეში მოხვედრაზე ვოცნებობ.
მაკამ მეგობარი დაინახა თუ არა, მაშინვე მისკენ გაქანდა და ხალხის ყურებით გართული სანდრო მაჩაბელი მარტო დატოვა მაგიდასთან.
-ამას აქ რა უნდა? - ტასომ განერვიულებული თვალებით შეხედა სანდროს, რომელიც უკვე მეორე ჭიქა შამპანურს მიირთმევდა, -კარგი გეგმები არ უნდა ჰქონდეს, ვერ ხედავ როგორ იყურება?
-ტას, დამშვიდდი, არ ინერვიულო, მე გაძლევ პირობას რომ არაფერს გააკეთებს ეგ ისეთს, რაც შენს საღამოს ჩაშლის. მიდი.
-გთხოვ, თვალი არ მოაცილო. -ზურგზე ხელი მოუსვა მეგობარს და ღრმად ამოიხვნეშა ავალიანმა, -ძალიან გიხდება ეს კაბა.
მაკამ მხოლოდ გაუღიმა და იმ მაგიდას დაუბრუნდა, სადაც ავალიანი იდგა, ყველასგან მოშორებით და მოწკურული თვალებით აკვირდებოდა ხალხს. ნატროშვილი ისე დაბრუნდა თავის ადგილას, თითქოს არც წასულა.
-იმედი მაქვს, ტასოს საღამოს გაფუჭება არ შედის შენს გეგმებში. -ვეღარ მოითმინა მაკამ.
-შენ ჩემს სადარაჯოდ გამოგგზავნა? -ალმაცერად გადმოხედა სანდრო მაჩაბელმა აღელვებულს.
მაკამ მხოლოდ ღრმად ამოიხვნეშა. არც თვითონ კვდებოდა მაჩაბლის სიახლოვეს ყოფნის სურვილით, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ რაღაცას ნამდვილად მიქარავდა, ისე მავნედ აბრიალებდა თვალებს.
ყველას ყურადღება დაგვიანებით მოსულმა ლევან ავალიანმა და ნუცა კირვალიძემ მიიპყრო, ქალს გრძელი, ვერცხლისფერი და ბრჭყვიალა საღამოს კაბა ეცვა, საუცხოოდ გამოიყურებოდა ლევანის გვერდით. მაკამ არ შეიმჩნია უსიამოვნო შეგრძნება, რაც წყვილის დანახვამ მოგვარა, სანდროს რომ კიდევ არ გაეკეთებინა უადგილო კომენტარი, რადგან ნახევარი სახე უკვე ეწვოდა მისი მზერისგან.

პრეზენტაცია ტასოს სიტყვით დაიწყო. ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელდა და მონიტორებზე, რომელიც ეზოში წრეზე დაელაგებინათ, შავ ფონზე გამოსახული მშვენიერი ფოტომოდელების პორტრეტები გამოჩნდა. ყოველ მათგანს შავი ფერი ემოსა სამკაულზე აქცენტის გასაკეთებლად. ჯერი იმ მოდელზე რომ მიდგა, რომელიც ტასომ მაკას მიუძღვნა, ქალს უსიამოდ აუწრიალდა მუცელი და ოდნავ შეიშმუშნა.
-ეს მოდელი ამ კოლექციის გამორჩეული და ჩემთვის საყვარელი ნამუშევარია, დარწმუნებული ვარ, ყველა ქალს, სადაც არ უნდა იყვნენ და რასაც არ უნდა გრძნობდნენ ისინი, თავდაჯერებას და საკუთარი თავის რწმენას შემატებს. ამ ყელსაბამის ინსპირაცია ჩემი უახლოესი მეგობარი და პარტნიორი მაკრინეა. მას ამ სამკაულის გარეშეც შეუძლია იყოს ძლიერი, შეუპოვარი და თავდაჯერებული ქალი, რომელთან ერთად ყოფნაც ნებისმიერ ქალს გააძლიერებს, შეუპვარსა და თავდაჯერებულს გახდის. ამ მოდელს „მაკრინე“ ეწოდება, მისი მხოლოდ ერთი, ყველაზე ძვირადღირებული ვერსია ჩაეშვება გაყიდვაში და იმედი მაქვს, მის მომავალ მესაკუთრეს სწორედ იმ შეგრძნებებს და ძალას გადასცემს მემკვიდრეობით, რასაც ის რეალურად ფლობს.
ტასოს დამაგვირგვინებელ გამოსვლას ჩუმი ტაში და თავშეკავებული ოვაცია მოჰყვა. ყველა ამ მოდელის ინსპირაციას ეძებდა თვალებით, მაკა უხერხულად შეიშმუშნა, როცა რამდენიმეს მზერამ ბაღის იმ კიდემდეც მიაღწია, სადაც ის იმალებოდა. სანდრო მაჩაბელს სხეული დასჭიმვოდა, არ ირხეოდა და ნატროშვილისკენ არც კი უცდია გამოხედვა.
-შთამბეჭდავი იყო, ვერაფერს იტყვი, მაგრამ მისი პარტნიორი როდიდან ხარ? მეგონა, მასწავლებელი იყავი...
-მასწავლებელი ვარ და არ ვარ ტასოს პარტნიორი, მხოლოდ ფორმალურად, არც კი ვიცი ეს რატომ თქვა. -შამპანურის ბოლო ყლუპი ცოტა ხნით პირში ჩაიგუბა მაკამ, აშუშხუნებულმა სითხემ სიამოვნება მოგვარა.
ხალხი ეზოში დაბოდიალობდა და გამოფენილ სამკაულებს ხმადაბალი საუბრით აკვირდებოდნენ.
-ფორმალურად რას ნიშნავს?
-რა შენი საქმეა, სანდრო? -მობეზრებული სახით მოშორდა მაკა მაჩაბელს და ტასოსკენ აპირებდა წასვლას, შამპანურით ხელში ერთი შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, საკმაოდ წარმოსადეგი მამაკაცი რომ გადაუდგა წინ ღიმილით.
-მაშ, ეს თქვენ ხართ, მაკრინე...
-რაღაც გეშლებათ. -თავის არიდება სცადა მაკამ, ბრაზმა მთელი სახე აუხურა. ახლა ფლირტის ყველაზე ნაკლებად სურდა.
-არა, არ მეშლება, ნამდვილად თქვენ ხართ მაკრინე. ანასტასია ავალიანის მეგობარი და პარტნიორი, მე მსმენია თქვენზე.
-მაინც რა გსმენიათ ჩემზე? -წარბები აზიდა მაკამ და ოდნავ შეყოვნდა.
-მხოლოდ ის, რომ ანასტასიას ერთ-ერთი ბიზნესის ფიქტიური დამფუძნებელი ხართ, სინამდვილეში - მასწავლებელი და მისი მუზა, შეექმნა ასეთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი. -შამპანურიანი ხელით იმ დახლისკენ ანიშნა მაკას, სადაც ყველაზე მეტი მნახველი მისეულიყო.
-უცნაურია, მე კი არაფერი მსმენია თქვენს შესახებ. -რამდენადაც გულწრფელი იყო ნატროშვილი, იმდენად ცდილობდა ირონიულად გამოსვლოდა.
-არაჩვეულებრივი დროა, რომ გაიგოთ. თორნიკე გიორგობიანი. -ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა კაცმა, მაკამ მხოლოდ ზრდილობის ნიშნად ჩამოართვა თავისი. სასიამოვნოაო, არ უთქვამს და იმედს იტოვებდა, თორნიკეც მიხვდებოდა ამას. -იცით, მე ვთვლი, რომ ასეთ ძვირფას ნივთს ნამდვილად უნდა ფლობდეს ის ადამიანი, ვინც მისი შექმნის ინსპირაცია იყო. ასე არ არის?
-მგონი, ანასტასიამ ხაზგასმით აღნიშნა, თუ ვის უნდა ეკუთვნოდეს ეს ნივთი.
-მართალია, აქ ბევრია ისეთი ქალბატონი, ვისაც ძვირადღირებული სამკაული სჭირდება თავდაჯერებისათვის.
მაკას გულისრევამ ყელში წაუჭირა ხელი. ჩანთას მთელი ძალით ჩააფრინდა და თავი ძლვის შეიკავა, ამ კაცის თვითკმაყოფილ სახეზე რომ არ დაეტოვებინა თავისი კვალი.
-სხვა ქალების დაკნინებით თუ შეეცდებით ჩემთვის კომპლიმენტის თქმას, ჩათვალეთ, რომ არ გამოგივიდათ. -ნაზად გაუღიმა მაკამ და წასასვლელად გვერდი აუქცია გიორგობიანს.
-არც კი მიფიქრია, -დაიბნა თორნიკე, მაგრამ მაკას მისთვის რამის თქმის თავი არ ჰქონდა, როცა კაცის ზურგს უკან აცრემლებული ტასო დაინახა როგორ გარბოდა გასასვლელისკენ.
სწრაფი ნაბიჯით აედევნა უკან, ცდილობდა, შესამჩნევი არ ყოფილიყო, როგორც კი თვალს მოეფარნენ, მაშინვე სირბილით გაეკიდა მეგობარს, რომელიც მხრებში მოხრილი, ცხვირჩამოშვებული იდგა შუა გზაზე მანქანის მიერ დაყენებულ ბუღში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაუჩინარდა ადგილიდან.
-ტას, რა მოხდა? ვინ იყო? -გაოცებული მაკა ჯერ გზას უყურებდა, შემდეგ მეგობარს, რომელიც დიდი ძალისხმევით ცდილობდა ცრემლების შეკავებას.
-ის იყო... ამ წვეულებაზე მზარეული ყოფილა... არაფრის თქმა არ დამაცადა... მართლა ვაპირებდი მეთქვა, უბრალოდ ჯერ ნანა დეიდას ამბავი, მერე ეს ჩვენება... მიხვდა, რომ მოვატყუე. გიჟს ჰგავდა. ისეთი სიტყვები მითხრა, მაკო. -ცრემლები ვეღარ შეიკავა კატომ, როცა მეგობარს შეხედა, -მაგრამ ყველაზე მტკივნეული, იცი, რა არის... ვიცი, რომ დავიმსახურე. რომ არ დამემსახურებინა, ახლა გაბრაზებული ვიქნებოდი და არა ასეთი. იქ დაბრუნებაც აღარ მინდა, მაგრამ აუქციონია წასაყვანი.
მაჯებით შეიწმინდა ცრემლები ტასომ. გული გასკდომას ჰქონდა, მაგრამ თვალდახუჭული ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას.
-ყველაფერს ეშველება, ტასო, მისი ნდობის მოპოვება ახლა იმაზე რთული იქნება, ვიდრე სუფთა ფურცლიდან რომ დაგეწყო მაშინ იქნებოდა, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ახლა მხრებში გასწორდი და იქ შედი. ყველა გელოდება.

-ეს აუქციონი, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ფონდისთვის ტარდება, რომელიც აქტიურად ეხმარება ძალადობის მსხვერპლ ქალებს თავი დააღწიონ ძალადობრივ და ტოქსიკურ გარემოს, მიიღონ იურიდიული დახმარება, განათლება, უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის და მათი შვილებისათვის, ჰქონდეთ ის პირობები, რასაც იმსახურებენ და სამწუხაროდ, ვერ მიიღეს. სამწუხაროა და ამავდროულად ამაღელვებელი ასეთი ქალების ძალა, -ტასო მთელი გრძნობით და მღელვარებით საუბრობდა, ყველა სულგანაბული უსმენდა, -სწორედ ამიტომ, სიმბოლური იქნება, თუ ჩემი პირველი აუქციონი სწორედ მათ მიეძღვნებათ. ქალებს, რომლებიც უდიდეს გამბედაობას ატარებენ სამკაულად. ჩვენი პირველი ყელსაბამი, რა თქმა უნდა, „მაკრინე“ იქნება. საწყისი ფასი ათი ათასი დოლარია, ბიჯი თავისუფალია, გთხოვთ დავიწყოთ აუქციონი!
ფასის გაგონებაზე მაკას ლამის თვალები ბუდეებიდან ამოუცვივდა. ირგვლივ მიმოიხედა, თუ ვინმე მართლა აპირებდა ყელსაბამში ამაზე მეტის გადახდას და როცა თორნიკე გიორგობიანის ნიშანი დაინახა ხელაწეული ღრმად ამოიხვნეშა.
ლევან ავალიანი მოწკურული თვალებით აკვირდებოდა გიორგობიანს, შემდეგ მაკას გამოხედა და მხოლოდ გაუღიმა, მაგრამ ქალისგან საპასუხოდ არაფერი მიუღია.
-თხუთმეტი ათასი ერთი, თხუთმეტი ათასი ორი...
-ოცი ათასი! -ხელი აწია სანდრო მაჩაბელმაც, მაკასგან ორიოდე მეტრის მოშორებით რომ იდგა. ქალმა მისკენ გაოცებით მიაბრუნა თავი და ანიშნა, ეს სისულელე შეეწყვიტა.
კაცის სახიდან ყველანაირი ირონია და ცინიზმი ჩამორეცხილიყო, ეტყობოდა, სრულიად სერიოზულად მიიღო გადაწყვეტილება. მისი ხმის გაგონებით მარტო მაკა კი არა, ავალიანებიც არანაკლებ გაოცებულნი იყვნენ.
-ოცდახუთი ათასი! -არ ჩამორჩა გიორგობიანიც. ხალხმა აშკარად იგრძნო ამ ორს შორის ჩამოვარდნილი დაძაბულობა, ხმადაბალმა ჩურჩულმა გადაუარა იქ მყოფთ.
-ორმოცდაათი ათასი! -ისე უდარდელად ამოილაპარაკა მაჩაბელმა, თითოს ყველაზე მარტივი მათემატიკური ამოცანა ამოხსნა. თვითკმაყოფილმა ჩაიწყო ხელები ჯიბეებში, როცა გიორგობიანი სახეზე წამოწითლდა, გაიბღინძა და იმდენად გაიბერა ბრაზისაგან, მაკამ იფიქრა კიდეც, რომ აუცილებლად გასკდებოდა.
რაღაც დაუფარავი უთანხმოება გამოაშკარავდა მაჩაბელსა და თორნიკე გიორგობიანს შორის თითქოს. ხალხი აჩოჩქოლდა. აუქციონი, სანდრომ მოიგო, ცოტა ხანს კიდევ უყურა თორნიკეს, რომელიც აშკარად თავის დამშვიდებას და მაჩაბლის არ შემჩნევას ცდილობდა მთელი ძალისხმევით. ჩაეცინა სანდროს და გასასვლელისკენ წავიდა. მაკამ მხოლოდ წარბები აზიდა გაოცების ნიშნად, ტასოც იმავე დღეში იყო და ლევან ავალიანიც, რომელიც სანდროს სწრაფი ნაბიჯით აედევნა.
შემდეგ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა, ავალიანს და მაჩაბელს გასასვლელამდეც არ მიეღწიათ ბოლომდე, გასროლის ხმამ რომ ააკივლა აქამდე ჩუმად მოჩურჩულე საზოგადოება.
-დაწექით, -სწრაფად დაიყვირა სანდრო მაჩაბელმა და იარაღმომარჯვებული გასასველ კარს ამოეფარა ავალიანთან ერთად.
მაკას გაოცებისა და შიშისგან ხმა ჩაუვარდა, მუხლებაკანკალებული შუა ეზოში იდგა და ხმას ვერ იღებდა. მუცელში გამჭოლი ტკივილი იგრძნო მხოლოდ და როდესაც ხელი იმ ადგილას მიიდო, ბლანტმა, თბილმა სითხემ მტევნები დაუცვარა. ბოლოს გაწითებული ხელის გულები ახსოვს, ხალხის წივილი ყრუდ ჩაესმოდა, ლევან ავალიანი შეშლილი თვალებით უყურებდა და ადგილიდან ვერ იძროდა, მერე ყველაფერი გაიცრიცა. იგრძნო, ვიღაცის მკლავებს რომ მიესვენა გონდაკარგული. გული ერეოდა და საშინლად, საშინლად სტკიოდა მუცელი.

საავადმყოფოს კორიდორში მოუსვენრად ბორიალობდნენ პაციენტის უახლოესი ადამიანები. ტასოს ნერვიულობისგან მთელი სახე ერთ საათში ჩამოუხმა თითქოს. ნუცა კირვალიძე გულწრფელად შეძრწუნებული სახით ეჯდა გვერდით ლევან ავალიანს, რომელსაც თავი დაეხარა, იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და ხელები კეფაზე შემოეწყო. სანდრო მაჩაბელი კედელს ზურგით მიყრდნობოდა და თავაწეული საავადმყოფოს თეთრ ჭერს მისშტერებოდა. ბრაზისგან გული ერეოდა, მაგრამ ყველაფრის გასარკვევად ვერც აქედან წასვლას ახერხებდა. პერანგი მაკა ნატროშვილის სისხლით ჰქონდა მოსვრილი და მუცელზე მიწებებოდა. ახლა ერთადერთი, რასაც გრძნობდა სიცარიელე იყო და მეტი არაფერი. მოთმინების ფიალა ისედაც სავსე ჰქონდა უკვე და მოუთმენლობა წითელი ღვინოსავით წვეთ-წვეთად იღვრებოდა იქედან. ყბები დასჭიმვოდა დაძაბულობისგან და ყველა ექთნის ფეხის ხმა აღიზიანებდა, რომელიც მათთან მაკა ნატროშვილის ამბის სათქმელად არ მოდიოდა.
-მამამისს არ ურეკავთ? -სამარისებური სიჩუმე აგიჟებდა, ხმა ამოიღო მაჩაბელმა. ლევანმა მხოლოდ ახლაღა შეხედა წაშლილი სახით მეგობარს.
-ექიმს დაველოდოთ...
-უნდა იცოდეს, ლევან.
-სულ ერთია, გაიგებს თუ არა, სანდრო, -ჩახლეჩილი ხმით მიმართა ტასომ და ძმის გვერდით ძალაგამოცლილი ჩაეშვა მოუხერხებელ სავარძელზე, -მთვრალი იქნება, სავარაუდოდ ვერც გაიგებს, რას ვეტყვით. ფხიზელი რომ იყოს, მაინც არ მოვა, სასმელში ჩაწვება.
-არ თვლი, რომ ვალდებულებაა მშობლისთვის შვილის ამბის გაგებინება? მომეცით ნომერი და მე დავურეკავ.
ტასოს ირონიულად ჩაეცინა და თვალი მოარიდა მაჩაბელს.
-არ აქვს შალვას არც ტელეფონი და არც გარე სამყაროსთან კავშირი. ახლა ყველაზე მთავარი მაკას კარგად ყოფნაა. მთავარია გადარჩეს.
სანდრომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ გასასვლელისკენ დაიძრა გამოზომილი, მძიმე ნაბიჯებით, ცალი ხელით პიჯაკს მოათრევდა, მეორეში ტელეფონი ეჭირა.
-ალო, დავით. გაიგე რაც მოხდა? -ხმადაბლა ამოიალაპრაკა, თან ირგვლივ მიმოიხედა, ვინმე ხომ არ ხედავდა.
-სანდრო, გაგიჟდი? საიდან მირეკავ? -განერვიულებული, თუმცა სერიოზული ხმით ჰკითხა მოპასუხემ, -კი, გავიგეთ. მაგრამ ვერ გავიგეთ ვინ არის და როდის მოვიდა, როდის წავიდა. ვეძებთ. შენ გაქვს რამე ეჭვი?
-არა. არ ვიცი. -დაბნეულობა დაეტყო მაჩაბელს, ბრაზმა ყელში წაუჭირა ხელები და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა, გულისრევის შეგრძნება რომ გადაეგორებინა. -დავით, დღეს გავიგე, რომ მაკა ანასტასია ავალიანის ერთ-ერთი კომპანიის ფიქტიური დამფუძნებელია. გთხოვ, გაარკვიე. იქნებ, კვალზე გავიდეთ.
ცოტა ხნით ყველასგან მოშორებით ჩამოჯდა სანდრო. მთელ სხეულში ამტვრევდა ნერვიულობისა და დაძაბულობისაგან. იმდენი ადამიანის ჩუმი ნერვიულობის მოსმენა აღარ შეეძლო. მთელი არსებით უნდოდა ახლა გონება დაეძაბა და სავარაუდო დამნაშავის ვინაობაზე ეფიქრა, მაგრამ ძალა ვერაფრით მოიკრიბა. ყოველი თვალის დახამხამებისას მაკას გაოცებული სახე და სისხლიანი ხელები აგონდებოდა. ბრაზი და გულისრევა ახრჩობდა. ბრაზობდა, რომ მსროლელს არ დაედევნა არც თვითონ და არც ლევანი, რომელიც იმდენად შოკირებული იყო, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ადგილიდანაც ვერ დაიძრა. ბრაზობდა, მაგრამ სინანულს ვერ გრძნობდა მაკა ნატროშვილის მხარემ რომ გადმოქაჩა.
ძალა მოიკრიბა და იქ დაბრუნდა, სადაც ყველა მისი ამბის გაგებას ელოდა. იმდენად დაპატარავებულიყვნენ ყველანი, ფაიფურის პატარა, გაფითრებულ მარიონეტებსა ჰგავდნენ, ვიღაცამ კუთხეში რომ მიყარა სპექტაკლის ბოლოს. მეორე მხრიდან აჩქარებული ნაბიჯებით მომავალი გურამ ავალიანი დაინახა. წამიერად მივიწყებული ბრაზი და სიძულვილი ისევ თავიდან აეშალა მაჩაბელს, თუმცა მაქსიმალურად შეეცადა სახეზე არანაირი ემოცია არ გამოსახვოდა. კაცი საშინლად განერვიულებული იყო და მასზე მიწებებულ ტასოს თავზე ხელს უსვამდა.
-ეკამ როგორც კი დამირეკა, მაშინვე გამოვფრინდი. რა მოხდა, ლევან? სანდრო? მაკასთან ვის რა საქმე ჰქონდა... ეს რა უბედურება... ცოცხალია? -სიტყვებს თავს ვერ უყრიდა გურამი, ხან ერთს მისჩერებოდა დაბნეული, ხან მეორეს.
-არ ვიცით. -მხრები აიჩეჩა ლევანმა.
-თქვენ ვინმეზე ეჭვი ხომ არ გაქვთ? -თავის შეკავება ვერ შეძლო სანდრომ. ცივად მიმართა კაცს. ლევანმა ბრაზით სავსე თვალები მიანათა მეგობარს.
-სანდრო, გეყოფა... -გამოსცრა ავალიანს.
-მე ვისზე უნდა მქონდეს ეჭვი, შვილო? -გურამი აშკარად გაოცებული ჩანდა არამარტო მაჩაბლის კითხვით, არამედ გაჟღერებული ტონითაც.
-არ ვიცი. ვერავის ენდობი ადამიანი.
-სანდრო, გეყოფა ფილოსოფოსობა და გამოდი პოლიციის როლიდან! -ლევანი ნერვებს ვეღარ თოკავდა უკვე.
სანდრო მაჩაბელს მხოლოდ ჩაეცინა და არაფერი უთქვამს, ისე ჩამოჯდა სკამზე. მთელი ეს დრო, სანამ გურამ ავალიანი საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან მაკა ნატროშვილის ამბავს არკვევდა და აგვარებდა, ხმა არ გაუღია.
საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა სწრაფად შეიხსნა პირბადე და დაცვარულ შუბლზე ხელის ზურგი მოისვა.
-მაკა ნატროშვილთან თქვენ ხართ? -მის ხმაზე ყველა ფეხზე წამოიჭრა. მხოლოდ სანდრო არ დაძრულა ადგილიდან. ერთადერთი, რაც შეძლო ნერწყვის მძიმედ გადაყლაპვა იყო, რადგან ის შეგრძნება, ნატროშვილის ამ მდგომარეობაში ჩავარდნამ რომ აუგორა გულის წიაღში, სულს უხუთავდა.
-დიახ, როგორ არის? კარგად? ხომ ცოცხალია? -მიაყარა ტასომ. მამას მკლავზე ჩამოკიდებოდა ნერვიულობისგან. ფეხზე დამოუკიდებლად დგომა არ შეეძლო.
-პაციენტი სტაბილურადაა. საბედნიეროდ, ტყვიას არც ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო არ დაუზიანებია. რამდენიმე დღე დაკვირვების ქვეშ გვეყოლება, შემდეგ შეძლებთ, სახლში წაიყვანოთ და იქ გააგრძელებს რეაბილიტაციას.
ყინული, რომლადაც ვერ გრძნობდა რომ მისი სხეული გადაქცეულიყო, უეცრად გალღვა თითქოს სანდროს ორგანიზმში. ეგონა, პატარა ბავშვივით ზეწარში იყო გახვეული და ყველა სახსარი შეკრული ჰქონდა. ახლა კი გაათავისუფლეს. საერთო ჟრიამულს არ შეერთებია, მაშინვე დატოვა საავადმყოფო და დავითს დაურეკა ისევ.


-მაკა ჩემთან წამოვა.
მთელი ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მივიდა სანდრო მაკა ნატროშვილთან სანახავად. ისიც გამოწერის დღეს და ბევრი მიკიბულ-მოკიბულის გარეშე განაცხადა, როგორც კი პალატაში შევიდა. ყველამ ერთდროულად ჩაიკმინდა ხმა და გაკვირვებულებმა შეხედეს მაჩაბელს, რომელსაც ხელები წელზე შემოეწყო და სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა.
-შენთან რა მინდა? -წარბები მაღლა აზიდა მაკამ.
-ჩვენთან მოდის. -დააყოლა ტასომაც ნიშნისმოგებით, მის ხმაში იგრძნობოდა, რომ მეგობარს სანდრო მაჩაბელს არ დაუთმობდა.
-თქვენს გარემოცვაში რაც დაემართა, მემგონი, ყველა კარგად ხედავთ შედეგს. რატომ ფიქრობთ, რომ კარგი იდეაა თქვენთან წაყვანა? არ იცით, ვინ ერჩოდა და რატომ, სავარაუდოდ ბრმა ტყვია მოხვდა, რომელიც ერთ-ერთ თქვენგანს ეკუთვნოდა. სჯობს ჯერ თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნოთ. გურამ, რას ფიქრობ? -თვალი თვალში გაუყარა კაცს.
-ჩემი აზრითაც მართალი ხარ... -მამის სიტყვებზე პროტესტის გამოსახატად პირი დააღო ტასომ, თუმცა გურამის აწეულმა ხელმა გააჩუმა, -მაკა, შენს სახლში წასვლას ახლა აზრი არა აქვს, შვილო, შენც ხომ იცი... მგონი, ჯობია, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ცოტა ხნით სანდროსთან დარჩე. თუ, შენ ეს გინდა, რა თქმა უნდა, თუ არა და შეგიძლია ჩვენთან წამოხვიდე, რამეს მოვიფიქრებთ... დაცვას დავაყენებ...
-არა, იყოს, არ მინდა, -სწრაფად იუარა მაკამ, ახლა დაცვის დაყენება და სახლში გამოკეტვა ნამდვილად არ სურდა. მით უმეტეს, ეკასაც არ ეპიტნავებოდა ნატროშვილის მათთან გადაცხოვრების იდეა და მისგან არასასიამოვნო დამოკიდებულების ატანა ნამდვილად არ სურდა ასეთ მდგომარეობაში. -მე სახლში მირჩევნია...
-გამორიცხულია, -მაშინვე უარყო მაჩაბელმა, -ჩემთან. მგონი, შევთანხმდით.
რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება მხოლოდ სანდრო მაჩაბლის დაჟინებული მოთხოვნით შედგა, თუმცა კრინტი აღარავის დაუძრავს.

მაკას გასაკვირად სანდრო საერთოდ არ ცხოვრობდა ისეთ ადგილას, როგორც ავალიანები. მანქანით ჩვეულებრივ კორპუსს მიადგნენ ერთ-ერთ მშვიდ და წყნარ უბანში, სადაც ეზოში მოხუცებსა და ბავშვებს მოეყარათ თავი და მათი ასაკის შესაფერისად ერთობოდნენ. მაჩაბელი მაშინვე გადმოხტა მანქანიდან, ისე სწრაფად მოუარა მანქანას მაკამ ღვედის შეხსნა ძლივს მოახერხა. კარი გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა.
-შეძლებ სადარბაზომდე მისვლას?
-კი. -არც შეუხედავს ისე უპასუხა მაკამ და იმ სადარბაზოსკენ წავიდა, საითაც თავით ანიშნა სანდრომ.
სამი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული მაჩაბელი ბარგით რომ ამოუდგა გვერდით.
-დამეყრდენი, ჭრილობა არ გაგეხსნას. -ფრთხილად მოხვია წელზე ხელი და ოდნავ ასწია, რომ სიარული გამარტივებოდა.
მაკას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ახლა არ ჰქონდა თავის დაფასების ძალა. ამდენ ტკივილგამაყუჩებელსა და ანტიბიოტიკს საშინლად მოექანცა, მხოლოდ საწოლზე ფიქრობდა და ძილი უნდოდა.
-სახლში დედაჩემი დაგვხვდება, რომ იცოდე. მე როცა არ ვიქნები, ის მოგხედავს. არ შემეწინააღმდეგო, არ იწუწუნო და პროტესტი არ გამოთქვა ახლა. ასეა საჭირო. -მკაცრად მიმართა სანდრომ, როცა ლიფტში შევიდნენ, მაკამ თავი დატუქსული ბავშვივით იგრძნო.
-ლიფტის მეშინია, -ამოილაპარაკა გაურკვევლად მაკამ. თითქოს სანდროს სიტყვები არც გაუგია. საშინლად არ უნდოდა ახლა ვინმეს შეწუხება, მითუმეტეს თითქმის უცნობი ადამიანის, რომელიც არანაირად ვალდებული არ იყო, დახმარებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. შალვას შვილის მისახედად ნამდვილად არ ეცალა, ავალიანებთანაც ვერ დარჩებოდა რიგი მიზეზების გამო, სანდრო მაჩაბლის გამოწვდილი ხელი საუკეთესო ვარიანტი იყო, რაც ეძლეოდა.
-კარგი ქალია ანა დეიდა. სულ ვუყვარდი. იმედია, არ შეცვლილა. -ბოლო სიტყვები ჩურჩულით ჩაილაპარაკა მაკამ, ტატოს გარდაცვალების შემდეგ არ ენახა ქალი. იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში ქმართან ერთად, არც ავალიანებს სტუმრობდა იმ ამბის შემდეგ.
კარი ღია დახვდათ, ანა ფაცხა-ფუცხით გამოჩნდა კორიდორში მოსულები რომ დაინახა. შავები ეცვა, გამხდარი და საგრძნობლად დაბერებული მოეჩვენა მაკას,თუმცა მათი დანახვის წამს სასიამოვნო ღიმილმა გაუნათა სახე.
-მაკუნა, როგორა ხარ? როგორ შეცვლილხარ? ხომ არ გტკივა, წამოდი, სანი, დივანზე დასვი... -ორივე ლოყა დაუკოცნა ქალმა და მაკას მეორე მხრიდან ამოუდგა, სიარულში რომ დახმარებოდა. -როგორ გამიხარდა, სანდროს რომ დაუჯერე და გამოყევი...
-თქვენ როგორ ხართ ანა დეიდა? ცოტა სიარული მიჭირს... სხვა არაფერი მაწუხებს...
-წამლებით ხარ გაჭყეპილი, რა უნდა გაწუხებდეს, მაკა. -დაუყვავა მაჩაბელმა და დივანზე ჩამოსვა, -დედა, მე გასასვლელი ვარ, მიხედე.
-სანდრო, ავადმყოფი არ ვარ, ნუ აწუხებ ადამიანს.
-ახლახანს გამოგწერეს საავადმყოფოდან, მაკრინე, -ჩაიქირქილა სანდრომ და ჩანთები ერთ-ერთ ოთახში შეიტანა. -სკოლიდან გაგათავისუფლეს? -ჰკითხა, როცა დაბრუნდა.
-ხო, -შეწუხებული ხმით უთხრა მაკამ, სკოლის კედლები და თავისი მოსწავლეები ისე ენატრებოდა, ლამის ჭკუიდან გადავიდა ეს დღეები. ის აძლებინებდა, რომ მოსწავლეები ხშირად ურეკავდნენ და კითხულობდნენ მის ამბავს. -იმედია, ორ კვირაში დავბრუნდები.
სანდროს არაფერი უთქვამს, ისე გავიდა სახლიდან.
-მასწავლებელი ხარ? -სახე გაუნათდა ანას, როცა მაკამ თავი დაუქნია,- რა კარგია! მახსოვს, სულ გინდოდა...
-ხო... მგონი, პირველი ადამიანი ხართ, ანა დეიდა, ვისაც გაუხარდა და არ გაუკვირდა, შეიცხადა ან რამე ასეთი.
-მგონი, გასაგებია მსგავსი რეაქციები, მაკა, ახალგაზრდებისათვის სხვა, ბევრად მაღალშემოსავლიანი პროფესიებიც არსებობს. ამ ქვეყანაში მასწავლებლის არც ხელფასი ფასობს და არც რეპუტაცია. იმედია, შენი მოსწავლეები მაინც აფასებენ შენს შრომას...
-კი, მე ძალიან კარგი მოსწავლეები მყავს, ისეთი ჭკვიანი თაობაა, თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ უჭირთ საკუთარი აზრის გამოხატვა და პრობლემებზე ღიად საუბარი. ზოგადად, რა თქმა უნდა. ჩემი თაობა ნამდვილად არ ყოფილა ასეთი, ყოველ შემთხვევაში - მე არ ვყოფილვარ ასეთი მოსწავლე. ფართოდ არ ვფიქრობდი, ეს ბავშვები ნამდვილი საოცრებები არიან. რთულია მათთან ურთიერთობა, მაგრამ ძალიან საინტერესო. სამწუხაროდ, უფროსი მასწავლებლები დიდად ვერ ეგუებიან... ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა.
-რას ვიზამთ, თავად განსხვავებულ რეჟიმში გაიზარდნენ, განსხვავებულად ფიქრობენ. ასაკში სხვაობა იმდენად დიდია, ამას ვერც ერთი ტრენინგი, ვერც ერთი გამოცდა ვერ ამოავსებს. ამიტომ მიხარია ახალი მასწავლებლის დანახვა.
ანა ისეთი თბილი იყო, ისეთი მოსიყვარულე მაკამ დიდი ხნის განმავლობაში პირველად იგრძნო თავი მშვიდად, იგრძნო, რომ მასზე ზრუნავდნენ და თავად არ უწევდა პრობლემებზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ტრაგედია გადახდა თავს რამდენიმე დღის წინათ, მისი შოკირებული ტვინი ავტომატურად ივიწყებდა იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს. ამაზე ფიქრიც კი არ სურდა, არათუ გააზრება. მას მტრები არ ჰყავდა, არავინ იყო ისეთი, ვინც მის სიკვდილს მოისურვებდა. დარწმუნებული იყო, რომ ბრმა ტყვია მოხვდა, ისევე როგორც დედამისს და არანაირი ძალა არ შესწევდა, რაიმე შეეცვალა. მხოლოდ საკუთარი უსუსურობა ადარდებდა, როცა არაფერს აშავებ და მაინც რაღაცას გიშავებენ.
მთელი ეს დრო ტასო ტელეფონს უმალავდა, არ უნდოდა უაზრო სიახლეებით ტვინი გადაეტვირთა და ენერვიულა. შემოსული შეტყობინებები სავსე ჰქონდა თანამშრომლების, მოსწავლეების, მოსწავლეების მშობლების, მეგობრების, ნაცნობ-ნათესავების აღშფოთებული წერილებით. შინაარსი ყველგან იგივე იყო, როგორ ხარ, რა მოხდა, გამოკეთდი და ასე შემდეგ.
ასე თუ ისე ყველასთვის ცდილობდა პასუხის გაცემას, საღამო ხანს დაღლილს მიეძინა ტელეფონით ხელში. არ გაუგია, როდის დაბრუნდა სანდრო სახლში და როდის დააწვინა საწოლში, რადგან ძალიან, ძალიან მშვიდად ეძინა იმ ღამით.

ორი დღე ისე გავიდა, ანას გარდა არავინ უნახავს პირისპირ. საშინლად უნდოდა, მამამისი ენახა, ან დაერეკა მაინც, მისი ამბავი გაეგო. ახლა არაფერი ადარდებდა იმის გარდა, უბრალოდ უნდოდა სცოდნოდა, რომ ცოცხალი იყო.
მესამე დილას საგრძნობლად უკეთ გრძნობდა თავს, გადაადგილებაც ზედმეტი ტკივილის გარეშე შეეძლო, თუმცა ჭრილობა მაინც აწუხებდა.
რომ გაიღვიძა, სახლში მხოლოდ სანდრო დახვდა, სამზარეულოში რაღაცას ცოდვილობდა. მაკას მისვლა შენიშნა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
-რა საშინელი სუნია. -ცხვირი მოჭყუნა ქალმა და მაჩაბელს გვერდით დაუდგა, რომ შეეხედა, რას ცოდავდა ტაფაზე. -დარწმუნებული ხარ, რომ რაც მაგ ტაფაზე დაასხი ჟოლოს ჯემი არ არის?
-პომიდვრის საწებელს უფრო ჰგავს, -ჩაიდუდღუნა მაჩაბელმა. გვერდზე არც მიუხედავს. მერე კოვზით თავისი ნახელავი გასინჯა და სახე საშინლად მოებრიცა.
-ეგ არის? -მაკა სიცილს ძლივს იკავებდა, ისედაც არ შეიძლებოდა მისთვის ისეთი დატვირთვა, რაც მუცლის კუნთებს დაუჭიმავდა.
-პიცას გამოვიძახებ. -კოვზი უკმაყოფილომ ჩააგდო ნიჟარაში და გაზქურა გამორთო. -შენ რამე ჯანსაღს შეჭამ.
მაკას ნერვიულობისგან ლუკმა არ გადადიოდა ყელში. უგემურად ძიძგნიდა სალათის ფოთოლს და თვალი პომიდვრის ნაჭრისათვის გაეშტერებინა.
-რა იყო, არ მოგწონს? -შეამჩნია სანდრომ მისი უხასიათობა, თუმცა ზედმეტი ინტერესის გამოხატვაც არ სურდა.
-მამაჩემის ამბავი ხომ არ გაგიგია? -ბევრი მიკიბულ-მოკიბულის გარეშე ჰკითხა მაკამ და თვალი გაუსწორა კაცს.
-კი, ვიყავი გუშინ მისული, ცოცხალია და მთვრალი. -სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა სანდრომ, -ვუთხარი, რომ ჩემთან ხარ და კარგად ხარ, არაფერი უთქვამს, იმედია, რომ გამოიფხიზლებს ემახსოვრება.
მაკამ ღრმად ამოიხვნეშა მხოლოდ. გულზე მოეშვა, მაგრამ მაინც საიდანღაც გაჩნდა მცირეოდენი სირცხვილის გრძნობა მის არსებაში და უსიამოვნოდ შემოეფინა ხასიათზე. არ უნდოდა, რომ მშობლის გამო ვინმეს წინაშე შერცხვენილად ეგრძნო თავი. ამ სურვილს ის უფრო ამძაფრებდა, რომ მას მამამისი სხვანაირიც ახსოვდა, ფხიზელი, ყურადღებიანი, სიცოცხლით სავსე, მხიარული და თბილი. არ უნდოდა სხვებს მხოლოდ ასეთი ცოდნოდათ, ასეთი დამახსოვრებოდათ.
სანდრო მაჩაბლის აზრი მისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას შეიძლება არ ატარებდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო ამ გრძნობის შეკავება. მოიღუშა და სავარძელზე დასევდიანებული მიწვა.
-დამიჯერე, მამაშენის მდგომარეობა ბევრად ჯობია სხვებისას, ვინც გგონია, რომ საერთოდ არაა სამარცხვინო, -თითქოს ზუსტად მიხვდა მაჩაბელი, რატომ მოიღუშა მაკა ასე. ტელევიზორს კი მიშტერებოდა ინტერესიანი თვალებით, მაგრამ მისი სიტყვებიდან თანაგრძნობა ჟონავდა.
-მამაჩემი ცოცხლად არის მკვდარი, არამგონია მისი მგომარეობა ვინმესას სჯობდეს. ვიცი, თავს იმიტომ არ იკლავს, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრის ეშინია და იმქვეყანადაც უნდა დედაჩემთან იყოს, ამიტომ ვერ ბედავს. იმედი მაქვს, იმდენს მაინც ხვდება, რომ რასაც აკეთებს თვითმკვლელობისგან დიდად არ განხსვავდება. ასე რომ, სანდრო, მამაჩემის მდგომარეობა არანაირად არ სჯობს სხვებისას, ვინც ბედნიერია, ფხიზელი და ცხოვრება უხარია.
-მართალი ხარ, სხვა რაღაცის თქმა მინდოდა. არ შეგრცხვეს მამაშენის მდგომარეობის, მე შალვა სხვანაირიც მახსოვს.
მის სიტყვებზე მაკას ცრემლებმა ყელი აუწვა. მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს, რომ არ ატირებულიყო სანდროს თვალწინ. ძალიან უნდოდა მისთვის მადლობა გადაეხადა, მაგრამ იცოდა, პირი რომ გაეღო აუცილებლად ტირილს დაიწყებდა. შეკავებულმა რღიალმა ყელი აატკივა, ენა საშინლად დაძაბვოდა იმდენად უნდოდა ხმამაღლა ამოეტირა, ცხვირი ეწვოდა მღელვარებისგან და მაინც ვერ შეძლო ქუთუთოებზე გადმომდგარი ცრემლების შეკავება, თვალი დაახამხამა თუ არა მაშინვე იპოვა მარილიანმა სითხემ გზა და ქალის ლოყებზე დაეშვა.
-იცი, ვინ ჩაიდინა ეს? -ჰკითხა ხმადაბლა, როცა ძლივს დაიწყნარა გრძნობები და დარწმუნდა, რომ წეღანდელი ცრემლები მის ხმას არ დაეტყობოდა.
-არა. მე არ ვიცი. -მოკლედ მოუჭრა კაცმა. რატომღაც მაკას მოეჩვენა, რომ მისი ცრემლები სულაც არ ყოფილა სანდროსთვის შეუმჩნეველი.
-აბა, შენი აზრით ვინმე სხვამ იცის?
-მგონია, რომ ავალიანებმა იციან, მაგრამ არ მეუბნებიან, ცხადია.
-რატომ არის ცხადი? ლევანი არ დაგიმალავდა...
-შეიძლება ლევანმა არ იცის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გურამს ყველაფერი მოეხსენება.
-სანდრო, რატომ გაქვს მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება? - ოდნავ წამოჯდა სავარძელზე მაკა. გულწრფელად აინტერესებდა, რა იყო მაჩაბლის მსგავსი დამოკიდებულების მიზეზი ავალიანების მიმართ, -ლევანთანაც გაგიფუჭდა ურთიერთობა. ამდენი წელია მეგობრობთ, ასე როგორ შეიძლება...
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი მაკა, თანაც მგონია, რომ არ არის შენი საქმე.
-იმის შემდეგ, რაც დედაჩემს დაემართა, მერე მე... გგონია, რომ ნებისმიერი რამე, რაც თქვენ გეხებათ, ჩემი საქმე არ არის? არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ამით ჩემი ოჯახი ყველაზე მეტად დაზარალდა. უფლება მაქვს, ვიცოდე. ვიმსახურებ, რომ ვიცოდე.
-ვერაფერს გეტყვი ისეთს, რაც დაგამშვიდებს. ბოლომდე მეც არაფერი ვიცი, მაკა. -პირველად შეხედა თვალებში სანდრომ ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალს. -თანაც ჩემგან რატომ ითხოვ ყველაფრის ახსნას? რატომ ლევანს არ მოსთხოვ? შენს საყვარელ გურამი ბიძიასაც ექნება რამე სათქმელი?
-შენი ირონია ასეთი საკითხის მიმართ მაღიზიანებს. -კბილებში გამოსცრა მაკამ, ახლა წამოდგომა რომ შეძლებოდა, თვითკმაყოფილ სიფათში აუცილებლად შემოარტყამდა ამ კაცს. სანდროს ტუჩები ღიმილმა გაუწელა, წარბები ოდნავ აზიდა მაღლა.
-იცი რა მაინტერესებს... -თვალებში ჩააშტერდა ქალს და ვითომ არაფერიო, ისე ხალისიანად ჰკითხა, -თორნიკე გიორგობიანს რა უნდოდა იმ დღეს?
-ვის? -წარბები შეკრა მაკამ, უცებ ვერც გაიხსენა ვისზე იყო საუბარი. -ა, იმ კაცს.. პირველად შევხვდი... რა შენი საქმეა, ისედაც. -ცხვირი აუბზუა.
-მოერიდე.
მაჩაბლის სიტყვებმა ხმამაღალი ხარხარი დააწყებინა მაკას. ჭრილობაზე მთელი ძალით იჭერდა ხელს, საშინლად ასტკივდა, მაგრამ სიცილი მაინც ვერ შეიკავა.
-შენ ვინ გეკითხება, სანდრო? როგორ შეიძლება ყველას მიმართ ასეთი უნდობლობით იყო განწყობილი.
-მაკა, ჭრილობა არ გაგეხსნას, რას აკეთებ. -ანერვიულდა მაჩაბელი, -მე ვერ გადაგიხვევ, ანა დღეს ვერ მოვა... ნუ იცინი.
სუნთქვა ძლივს ძლივობით დაარეგულირა მაკამ. სიცილს მოეშვა.
-რა მოხდა თქვენს შორის? -წარბები მაღლა აზიდა, -თუ რა ჩემი საქმეა ესეც?
მაჩაბელმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ტელეფონი აზუზუნდა.
-გისმენ, ლევან.
ავალიანის სახელის გაგონებამ მუცელში უსიამოვნო შეგრძნება მოგვარა მაკას, გული აუჩქარდა და სმენად გადაიქცა, რომ როგორმე მისი ხმა გაეგო. ლევან ავალიანს მისთვის ერთხელაც არ დაურეკავს. მხოლოდ ტასოსგან იგებდა ქალის ამბებს.
-რატომ შენ თვითონ არ ჰკითხავ? -თვალები გადაატრიალა მაჩაბელმა და ტელეფონი მაკას მიაწოდა.
-გისმენთ...-დაბნეული ხმით ჩაილაპარაკა მაკამ. სანდროსთვის თვალები არ მოუშორებია.
-მაკო, როგორა ხარ? -განერვიულებული ხმა ჰქონდა ლევანს, -ბოდიში, რომ არ გინახულე, სანდრო გვიკრძალავს შენთან მოსვლას. -ოდნავ ჩაეცინა ავალიანს ბოლოს.
-დარეკვასაც გიკრძალავს სანდრო? რისი გეშინია, ლევან? -ხმა გაუმკაცრდა ნატროშვილს, სანდრომ წარბები გაკვირვებით აწკიპა და დაკვირვებით მიაჩერდა ქალს სახეზე. მაკამ თვალი მოარიდა.
-ნუ მიბრაზდები, რა... როგორ ხარ? რამე ხომ არ გჭირდება?
-კარგად, მადლობა, არა, არ მჭირდება არაფერი.
-მაკო, გეფიცები, რამე რომ ვიცოდე მნიშვნელოვანი, არასდროს დაგიმალავ, დამიჯერე. ხო მიცნობ, მაკუნა?
-გიცნობ, ლევან, ამიტომაც მიკვირს. მაგრამ იყოს, როგორც არის. ტასო მომიკითხე.
მის პასუხს არ დალოდებია ისე გაუწოდა უკან ტელეფონი თავის პატრონს და ტელევიზორს შეკრული წარბებით მიაშტერდა.
-ანა რატომ არ მოვა დღეს? -ამოილაპარაკა მოწყენილმა, -ქსოვას მასწავლიდა და შუაში დავტოვეთ.
-დღეს ტატოს გარდაცვალების დღეა და საფლავზე იყო.
მაკამ მოულოდნელობისგან ხმა ვერ ამოიღო. შეძრწუნებული თვალებით შეხედა სანდროს, სახე რომ დასერიოზულებოდა, თვალები მზეზე მიფიცხებული სარკესავით უელავდა.
-მაპატიე, არ ვიცოდი. შენ რატომ არ წახვედი? თუ ჩემ გამო..
-შენ არფერ შუაში ხარ, არ მიყვარს იქ მისვლა, დაკრძალვის მერე არ ვყოფილვარ.
მაკას უნდოდა ეკითხა, რა მოუვიდა ტატოს, მაგრამ იცოდა, პასუხს ვერ მიიღებდა და თან ჭრილობების გახსნაც არ უნდოდა მაჩაბლისათვის. ჩაფიქრიანებული დიდხანს უყურებდა სახეზე სანდროს, რომელიც ტელევიზორს არ აშორებდა თვალს და ფიქრებით სადღაც დაფრინავდა. უეცრად ეს ადამიანი ყველაზე იდუმალ არსებად მოეჩვენა სამყაროში. არაფერი მის შესახებ და მის გარშემომყოფებზე არ იცოდა მაკამ წესიერად, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია იცნობდა.
ისევე როგორც მაკა და ტასო, სანდრო და ლევანიც უნივერსიტეტში დამეგობრდნენ. მაკა პირველად რომ ესტუმრა ავალიანებს, მაშინ შეხვდა სანდროსაც, თუმცა გამარჯობის იქეთ მათი დიალოგი არასოდეს წასულა. სანდრო არასოდეს გამოხატავდა ინიციატივას, რომ მაკა ახლოს გაეცნო, არც ნატროშვილი იყო ახალი ურთიერთობებით დაინტერესებული, თანაც მაშინ ლევან ავალიანზე ყურებამდე იყო შეყვარებული და სხვას ვერც ვერავის ამჩნევდა ირგვლივ.
ამ წლებმა ყველა თავისებურად შეცვალა, სანდრო მაჩაბელი კი ისევ ისეთად დარჩა, მეამბოხე, მოხერხებული და გულგრილი, თვალებში რომ სულ თეთრი ცეცხლი უგიზგიზებდა და ნებისმიერს უნდობლობის გრძნობას გაუჩენდა, რადგან, როგორც ტასო ამბობდა, მავნებლური გამოხედვა ჰქონდა, სულ უნდოდა რამე გაეფუჭებინა.
პოლიციის აკადემიაშიც ლევანთან ერთად სწავლობდა, მუშაობაც ერთად დაიწყეს, მაგრამ მერე რაღაცები შეიცვალა. უფრო სწორად, ბევრი რამე. ტატოს მკვლელობიდან რამდენიმე თვეში მაკას დედაც გარდაიცვალა. სანდრო არ შეცვლილა, მაგრამ ყველა ის თვისება გაუმძაფრდა, რაც აქამდე ისედაც ახასიათებდა. ათას დანაშაულსა და გაუგებრობაში გაეხვა, ბოლოს სამსახურიდანაც მიაბრძანეს და მამამისმა ამერიკაში „გააგდო“, ტასოს თქმისა არ იყოს. ახლა, როცა დაბრუნდა ისევ არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი, ყველასთან პრობლემა აქვს, ერთადერთი, ვისაც ბოლომდე უგებდა, ლევანი იყო და მასთანაც პასიურად დაძაბული ურთიერთობა გაუჩნდა.
მაკამ თავი გააქნია სანდროზე ფიქრების გონებიდან გამოსაბერტყად და მზერა მოაშორა. იმდენი ხანი მისშტერებოდა სახეზე, გამორიცხული არ იყო, სანდროს კანქვეშ ყველაფერი ეწვოდა.
წამლებმა ისევ მოთენთა და ისევ სავარძელზე მიეძინა...

შუაღამისას დაძაბულობის შეგრძნებამ გამოაღვიძა. ტელევიზორი დაბალ ხმაზე ჟღერდა ისევ. სამზარეულოდან სანდროს ხმადაბალი საუბარი ისმოდა, თავიდან ვერ გამოარკვია რას ამბობდა, მერე ოდნავ წამოიწია სავარძლიდან და სმენაც გაეწმინდა.
-რა შემოჰქონდათ.....საბაჟო დეკლარაციები ამოიღეთ? სუფთაა ანუ ყველაფერი... და მაკა ნატროშვილზე? კარგი... მადლობა... კარგი...
სამზარეულოდან ცოტა ხანში გამობრუნდა სანდრო. ტელეფონს ჩაშტერებოდა და მაკა აშკარად მძინარე ეგონა ისევ, მაგრამ ქალი ისეთი ფხიზელი იყო ახლა, როგორც არასდროს. გული გამალებით უძგერდა.
-რა გაარკვიე ჩემზე? -ცივად გამოსცრა მაკას, -ნარკოტიკების კონტრაბანდას რომ ვეწევი, თუ ტრეფიკინგის ამბებში რომ ვარ გარკვეული?
სანდრო მოულოდნელობისგან შედგა.
-მისმენდი? -წარბები მაღლა აზიდა და სავარძელში ჩაეშვა მის პირდაპირ.
-არა, შემთხვევით გავიგონე, რა მნიშვნელობა აქვს. რაში ვარ ეჭვმიტანილი, ხომ ვერ მეტყვი?
-გარკვევა მინდოდა, რომელი კომპანიის დამფუძნებლად გაგაფორმეს. მეტი არაფერი. -მშვიდად უთხრა მაჩაბელმა და თვალებში ჩააშტერდა.
-რა უფლებით? შენ ვინ გეკითხება, ან რას გამომძიებლობ, მაფიასთან თვითონ თანამშრომლობ მემგონი და სხვებზე გაქვს ეჭვი, რომ რამეს აფუჭებენ?
-თუ უდანაშაულო ხარ, რა გაღელვებს? -ყურებამდე გაეღიმა სანდროს.
-ღმერთო ჩემო! -ბრაზისგან გული ამოუტრიალდა საგულეში მაკას, -რა შუაშია საერთოდ! მოსულიყავი და ჩემთვის გეკითხა! რატომ ხარ ასეთი ადამიანი, რატომ არავის ენდობი? მეც კი ეჭვის თვალით მიყურებ!
-დაწყნარდი. უბრალოდ ინტერესი მამოძრავებდა, მეტი არაფერი.
-მატყუებ და მე იდიოტი არ ვარ, სანდრო. უბრალო ინტერესი როცა ამოძრავებს ადამიანს, კითხვას პირდაპირ სვამს. შენ ზურგს უკან, ჩუმად არკვევ ადამიანებზე რაღაცებს, არავის ენდობი, ყველას ეჭვის თვალით უყურებ. ამიტომაც არავინ გიდგას გვერდით, არავინ გენდობა, იმიტომ რომ შენ არ ენდობი არავის და ეს ასე აშკარაა!
-რომ მეკითხა მეტყოდი? არა. -თავად გასცა თავისსავე შეკითხვას პასუხი მაჩაბელმა. ოდნავაც არ შეტოკებია წარბი მაკას სიტყვებზე, ესე იგი თავად ასე ფიქრობდა. -არ მინდა ვინმეს ვენდობოდე, შენ მითუმეტეს არაფერი გაგიკეთებია ჩემი ნდობის მოსაპოვებლად.
-მაგრამ არც არაფერი დამიშავებია, რომ არ მენდობოდე! -წამოხტა მაკა, ჭრილობამ მუცელი დაუსერა, მაგრამ არ შეიმჩნია. -შენთან ნორმალურად საუბარი შეუძლებელია უბრალოდ. ცხოვრებას რომ ინადგურებ, ვერ ხვდები შენი უნდობლობით? არ შეიძლება, ვინმეს უნდა ენდო, ვინმეს იმედი უნდა გქონდეს.
-მაკა, დაჯექი, სერიოზულად გეუბნები, -თვალებით სავარძლისკენ ანიშნა კაცმა, აშკარად ბრაზობდა უკვე და მაკას უხაროდა კიდეც გულგრილობის ნიღაბი სახიდან რომ ჩამოგლიჯა. -შენ რომ ენდობოდი ლევანს, რა მოიგე? დედაშენი რომ ენდობოდა ავალიანებს, რა მოიგო? ტატო რომ ენდობოდა ყველას, რა მოიგო? არავის ნდობა და იმედი არ მჭირდება საკუთარი თავის გარდა, მაკრინე. შენც იმავეს გირჩევ. ისე გაგიცრუებენ იმედს, საკუთარი თავი შეგეცოდება. არავინ გჭირდება, მარტო იბრძვი, ამას ადრე თუ გვიან მიხვდები. ახლა დაჯექი-მეთქი, გაგეხსნება ჭრილობა და ძალიან გავბრაზდები!
-ძალიანაც კარგი, თუ გაბრაზდები და მაგ სიფათზე ცინიზმის გარდა სხვა რამეც დაგეხატება ერთხელ მაინც! არაფერში ვარ გარეული, საერთოდ არაფერში! ცხოვრებაში არავისგან არაფერი ამიღია არასოდეს, ერთი თეთრიც კი, ადამიანების დახმარების გარდა არაფერი მიკეთებია! შენი ეჭვები ჩემთვის შეურაცხმყოფელია. აქ რისთვის მომიყვანე, რომ დამაკვირდე რამე საეჭვოს ხომ არ გავაკეთებ, რომ გამომიჭირო? ამიტომ მომიყვანე, თორემ ჩემი უსაფრთხოება სულ ფეხებზე გკიდია! -ბრაზისაგან თავი ასტკივდა მაკას, თვალები გადმოცვენას ჰქონდა.
სანდროს წარბიც არ შეუხრია მის სიტყვებზე, ხელში აიყვანა და თავისი ხელით დააწვინა დივანზე, თვითონაც იქვე ჩამოუჯდა და ქალის ორივე მაჯა ხელებში მოიქცია, რომ გაეკავებინა.
-ნუ ხვანცალებ და არ მომიყვანიხარ იმიტომ, რომ დაგკვირვებოდი. არაფერში მჭირდება შენზე დაკვირვება. მაკა, მე შენ არც გენდობი და არც არ გენდობი. ხვდები? -საოცრად მშვიდად ეუბნებოდა და თვალს არ აცილებდა გაავებული თვალებიდან ქალს, თითქოს აჰიპნოზებდა.
-რამე ცუდი რომ გაგეგო, რას გააკეთებდი? პოლიციას ჩამაბარებდი? ესაა შენი მიზანი? ყველას რომ უთვალთვალო და ვინც რამეს დააშავებს პოლიციას ჩააბარო? -აღარ ყვიროდა ნატროშვილი, მაგრამ ხმაში ბრაზი აშკარად ვერ დამალა. -გამიშვი ხელები, არ გავინძრევი.
-არ ვიცი, რას გავაკეთებდი. დაწყნარდი. გამიფანტე უკვე ეჭვები, არ იღელვო.
სანდროს ეჭვები რამდენად გაიფანტა, ეს მაკასთვის ბუნდოვანი იყო, მაგრამ თვითონ რომ ათასმა შეკითხვამ შეიპყრო, აშკარაა.
მაჩაბელს საწოლში ხელში ატატებული მიყვანაზე უარი განუცხადა და თავისით მივიდა ოთახამდე, კარი კი ცხვირწინ მიუხურა სანდროს, რომელმაც ერთი ამოიფრუტუნა და თავის ოთახში შევიდა დასაძინებლად.
გამთენიისას, როცა ჯერ კიდევ ახალი ჩაძინებული იყო მაკა, მუცლის არეში საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. გული ერეოდა და მუცელი საშინლად სტკიოდა. ვერც კი გაიაზრა, როგორ სდიოდა თვალებიდან ცრემლები და შუბლი ცივი ოფლით დასცვაროდა, თმა ზედ მიწებებოდა და მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა.
წამოდგომა სცადა, მაგრამ ტკივილმა უარესად გასერა.
-სანდროო, -დაიყვირა ხმამაღლა, უფრო სწორად, სცადა, მაგრამ კვნენისმაგვარი ხმა ამოუშვა და არაფერი გამოუვიდა საბოლოოდ. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ამჯერად ძალა მოიკრიბა, რომ უფრო ხმამაღლა დაეყვირა, -სანდრო!
ტირილს უფრო ჰგავდა მისი ხმა, ვიდრე ძახილს, მაგრამ ნაბიჯების და კარის გაღების ხმას სანდროს დაფეთებული სახეც რომ მოჰყვა, მიხვდა, რომ გააგონა.
მაჩაბელი სწრაფად მივარდა მაკას საწოლს და შუბლზე ხელი მიადო.
-მაკა, იწვი... ჭრილობა გტკივა? მანახე. -მაისური აუწია, რომ ჭრილობა შეემოწმებინა. ოფლისგან გასველებულ მუცელზე მიკრობოდა პერანგი მაკას, ბინტზე სისხლის ლაქები აჩნდა. სახე წაეშალა მაჩაბელს ამის დანახვაზე, -ნუ გეშინია, სასწრაფოს დავუძახებ ახლავე.
საპასუხოდ მაკამ მხოლოდ ამოიტირა. ტკივილი, შიში და გაურკვევლობა ერთმანეთში არ ეულიყო. იმ წამს დარწმუებული იყო, რომ სიკვდილის წინ სწორედ ამას გრძნობენ ადამიანები. ტკივილს, შიშსა და გაურკვევლობას. ვერ იძროდა, მხოლოდ საშინელ ტანჯვას გრძნობდა. მის ოთახში უკვე ჩაცმული დაბრუნდა სანდრო, სწრაფად მიუტანა მასაც შორტი და მაიკა და თავისი ხელით ჩააცვა. ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა მაჩაბელს, მაკას შეეცოდებოდა კიდეც, რამის გრძნობა რომ შეძლებოდა.
-მალე მოვა სასწრაფო... ხო გაგაფრთხილე, ნუ ხვანცალებ-მეთქი... წყალს მოგიტან, სულ თეთრი გაქვს ტუჩები... -რეტდასხმულივით ლაპარაკობდა მაჩაბელი და თვალებს მის სახესა და სხეულზე აცეცებდა, წამოდგომა რომ დააპირა, მაკამ სასწრაფოდ ჩაავლო მაჯაში.
-არ წახვიდე, რა, არ მინდა სიკვდილი... არ მინდა, სანდრო, სიკვდილი... -ცრემლებს ამოაყოლა მაკამ სიტყვები. ვერაფერს გრძნობდა გარდა იმისა, რომ საშინლად იყო და ახლა მარტოობა სიკვდილს უდრიდა მისთვის. -არ წახვიდე, არ მინდა მარტო სიკვდილი..
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ, გოგო, რა სიკვდილი, -საწოლთან ჩამოუჯდა სანდრო და შუბლიდან თმა გადაუწია, -ნუ გეშინია. -ორივე ლოყაზე ხელები შემოაჭდო და თვალებში ჩააშტერდა ქალს, სადაც უსაზღვრო ტკივილს და სასოწარკვეთას დაებუდებინა ფორიაქსა და ქაოსთან ერთად.
მაკას თბილი ხელების შეხებამ ოდნავ შეუმსუბუქა ტკივილი, ოდნავ დაამშვიდა რაღაც ადამიანურის სიახლოვემ. ორივე მაჯაში ხელები ჩაავლო, რომ არ მოშორებოდა მაჩაბელი. ძალიან, ძალიან ეშინოდა სიკვდილის, რომლითაც ჭრილობის ტკივილი ემუქრებოდა. პანიკაში იყო.
-არსად არ წავალ, მაკა, აქ ვარ. -გვერდით მიუწვა სანდრო და მისი თავი გულზე დაიდო. ქალი მთლიანად კანკალებდა და ასეთი შეშინებული მაჩაბელი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა. თმაზე ეფერებოდა და ათას სანუგეშო სიტყვას ეჩურჩულებოდა, პერიოდულად გაოფლილ შუბლზე კოცნიდა. იმ წამს ამ ქალის კარგად ყოფნაზე მეტი არაფერი უნდოდა. -სასწრაფო მოვიდა, ალბათ, ახლავე მოვალ, ნუ გეშინია.
ნატროშვილს ჭრილობა საშინლად სერავდა, მაგრამ შიში ოდნავ გაუნელდა. ვერ ხვდებოდა, ეს რისი ეფექტი იყო იმ წამს, არ ჰქონდა ამის თავი. ექიმებმა წამლების და დაძაბულობის სუნი მოიტანეს. მაჩაბელი გახევებული დაყურებდა ზემოდან.
-კლინიკაში ხომ არ გადავიყვანოთ? რატომ არის ასე? -ფერი არ ედო სახეზე სანდროს.
-ნუ ღელავთ, თქვენს მეუღლეს ყველაფერი კარგად ექნება, -დაამშვიდა ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც განაცხადს ავსებდა.
-საღამოს ადრე ჩამეძინა, არაფერი მაწუხებდა... -თავის მართლება დაიწყო ნატროშვილმა მას შემდეგ, რაც ყველაფერი მოახსენა ექიმებს თავისი მდგომარეობის შესახებ. -მერე გამეღვიძა... ტკივილმა შემაწუხა...
-მაკა, საღამოს ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბიოტიკი თუ მიიღეთ? ხომ არ იმოძრავეთ? სისხლდენა არ გაქვთ, მხოლოდ ოდნავ, ზედაპირული.
-კი იმოძრავა, რამე საშიშია? მაკა საღამოს წამალი დალიე? -ისეთი თვალებით გადახედა ქალს, მაკამ თავი დამნაშავედ იგრძნო.
-ჩამეძინა... დამავიწყდა...
-კარგი, ახლავე გაგიკეთებთ გამაყუჩებელს, ჭრილობა ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება, ხვალ ექიმს მაინც აჩვენეთ. ბევრს ნუ იმოძრავებთ, კარგი?
-კარგი, ექიმო. -დასჯილი ბავშვივით ჩაილაპარაკა მაკამ.
-მეუღლეც გაანერვიულეთ, -გაეღიმა ექიმს მაკას რეაქციაზე, ნემსი გაუკეთეს და სახლი მალევე დატოვეს.
სანდრო ოთახში ძლივს შეკავებული ბრაზით დაბრუნდა. ნაგავი მოკრიფა და ისევ დატოვა იქაურობა. მაკას ძალიან უნდოდა ისევ დაბრუნებულიყო, ახლა მარტო დარჩენა ესიკვდილებოდა, თან დამნაშავედ გრძნობდა თავს ხმას ვერ იღებდა.
მაჩაბელი წყლის გრაფინით და ჭიქით დაბრუნდა ოთახში. მაკასთვის ზედაც არ შეუხედავს, ისე გაბრუნდა.
-სანდრო, -ჩახლეჩილი ხმით ამოიკნავლა საწყლად, თვალები დანაშაულის ცრემლებით ჰქონდა ამოვსებული. -სანდრო, მაპატიე. ჩამეძინა და დამავიწყდა, რომ გავიღვიძე.
-ვიცი, მახსოვს, ზედმეტად დაკავებული იყავი კონსპირაციების შეთხზვით და მორალის კითხვით. დაიძინე. -ცივად მიუგდო ორი სიტყვა, ბრაზით სავსე თვალებით მისჩერებოდა სახეზე.
-თუ შეგიძლია, ცოტა ხნით დარჩი. სანამ დამეძინება. მარტო ვერ ვჩერდები, ან მეც ავდგები..
-ადგილიდან არ გაინძრე, თორემ არ ვიცი რას გიზამ, -სანდრომ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეყვირა. საწოლის თავისუფალ მხარეს წამოწვა და თავქვეშ ხელი ამოიდო. თვალები დახუჭა, ყბები დასჭიმვოდა და საფეთქელზე ძარღვი სწრაფად უცემდა.
-მადლობა, -ამოიჩურჩულა მაკამ და თვითონაც დახუჭა თვალები, ნანერვიულებს მალევე ჩაეძინა, რასაც სანდროზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით.
როგორც კი ნერვები დაიმშვიდა, მაშინვე ხელი შუბლზე დაადო ქალს, სიცხე რომ გაეზომა, მაიკა აუწია და გადახვეული ჭრილობა შეუმოწმა, ისევ სისხლმა ხომ არ გამოჟონა. უცნაური სიმშვიდე იგრძნო, როცა ყველაფერი რიგზე იყო და ნატროშვილიც უდრტვინველად სუნთქავდა, ოქროსფერი თმა ბალიშზე გადაეფინა და ტუჩები მოწითალოდ შეფერვოდა. წარბებს შეკრავდა ხოლმე ძილში და ტუჩებს გააცმაცუნებდა, ეტყობოდა, ჭრილობა ოდნავ აწუხებდა, რადგან როცა გადატრიალებას ცდილობდა, უნებურად ემანჭებოდა სახე და ისევ საწყის პოზას უბრუნდებოდა.
ზედმეტი ტკბობა რომ შეატყო სანდრომ თავის თავს, მაშინვე წამოდგა საწოლიდან. რული აღარ ეკარებოდა წუხანდელი ამბის შემდეგ. ანას დაურეკა და გააფრთხილა, რომ მაკას ვიზიტზე წაიყვანდა ექიმთან დილით და მოსვლა არ ეჩქარა.
-ანჩო, რა უნდა ჭამოს დილით?
-რა ვიცი, რამე ჯანსაღი და მსუბუქი გაუკეთე, ომლეტი და სალათი ან რამე... ცუდად გახდა, თუ რატომ მიგყავს ექიმთან?! -შეწუხებული ხმა ქონდა ანას.
-არა, დედა, უბრალოდ უნდა შეემოწმოს, არ ინერვიულო. შუადღისკენ მოდი და დაამთავრებინე იმის ქსოვა, თორემ მოკვდა ჯავრით გუშინ.
ყოველ თხუთმეტ წუთში დასახედად შედიოდა, ეშინოდა, არ გაეღვიძა და თავისი ფეხით არ მოენდომებინა სამზარეულოში გასვლა. მეხუთედ რომ შევიდა, უკვე ეღვიძა და პატარა ბავშვივით აყვარყვარებდა თვალებს. მოძრაობას ვერ ბედავდა.
-შეიძლება ავდგე? -ამოიკნავლა საწყლად, გაუბედავად, დარცხვენილმა შეხედა სანდროს და ლოყები აუფორაჯდა.
-დაგეხმარები, -ძალიან უნდოდა სანდროს გაეცინა, გულში უსაზღვრო კმაყოფილებასაც გრძნობდა, რქები რომ მოუგრიხა, ამიტომაც სერიოზული სახე შეინარჩუნა. -შენით არა.
ტანსაცმელი საწოლთან მიუტანა.
-ჩემით ჩავიცვამ, არ მტკივა მოძრაობის დროს... -საშინლად გაწითლდა მაკა. ანასთან არ ერიდებოდა ამდენად ჩაცმაში რომ ეხმარებოდა, მაინც ქალი იყო. სანდროს წინაშე გახდა და მერე მისი დახმარებით ჩაცმა ნამდვილად არ უნდოდა.
-კარგი, დამიძახე, მზად რომ იქნები. ეცადე ძალიან არ იმოძრავო. -გულზე მოეშვა მაკას, ბევრი ხვეწნა რომ არ მოუწია.
სანდრო პატარა ბავშვივით უვლიდა. პირიც თავად დაბანა, კბილებიც გაახეხინა და თმაც თვითონ შეუკრა, ხელების მოძრაობას ტორსი რომ ძალიან არ დაეტვირთა. მაკა ყველაფერზე გაუბედავად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ფეხზეც მაჩაბელმა ჩააცვა და ლიფტშიც მის სხეულზე მიყრდნობილი იდგა. საშინლად ღელავდა და განიცდიდა მომხდარს.

-ისეთი არაფერია, ცოტა ხნით რომ გაიარ-გამოიაროთ, არაუშავს, მკვეთრი მოძრაობისგან შეიკავეთ თავი მხოლოდ. -უთხრა ექიმმა მას შემდეგ, რაც კარგად დაათვალიერა მაკას ჭრილობა.
-ხომ გაიგე, არაუშავსო. -თვალები დაუბრიალა მაკამ. ექიმის რეკომენდაციებმა გაადიდგულა.
-ცოტა ხნითო და არა მკვეთრიო, ანუ ხტუნვა და ხელების ქნევა არ შეიძლება, არც წამლის გამოტოვება, -არც მაჩაბელმა დააკლო, როცა ოთახიდან გადიოდნენ.
დერეფანში ტასო და ლევანი მორბოდნენ წაშლილი სახეებით.
-მაკო, როგორა ხარ? რა მოგივიდა? ცუდად ხარ? -ფრთხილად ჩაეხუტა ტასო მეგობარს.
-რა მოხდა, სანდრო? -მკაცრი ხმა ჰქონდა ავალიანს, ჯერ მაკას შეხედა, მერე სანდროს.
-არაფერი ისეთი, უბრალოდ ექიმთან მივიყვანე პროფილაქტიკის მიზნით.
-ამ საღამოს გამოგივლით და მაკას ნივთებს წავიღებთ, -მშვიდად და აუღელვებლად თქვა ავალიანმა, -წამო, მაკო, ჩვენთან მოდიხარ.
სანდროს წარბები შუბლზე აუვიდა გაოცებისგან, მაკასთვის ხელი არ გაუშვია, პირიქით, უფრო ახლოს მიიკრო, თითქოს წართმევას უპირებდნენ. ტასო და მაკა გაოცებულები ჩანდნენ ლევანის განცხადების მოსმენით.
-მე მგონი, შევთანხმდით, სადაც რჩება მაკა, ლევან. რა პანიკას წევ? -მშვიდად იკითხა მაჩაბელმა.
-გეტყობა, როგორ ყურადღებასაც აქცევ, ორ დღეში ექიმთან გახდა მოსაყვანი. მაკო, წამოდი. -შეშლილი სახე ჰქონდა ავალიანს. ქალისკენ გასწია, რომ ხელი ჩაეკიდა.
-ლევან, გეყოფა უკვე. ღრმა ჭრილობა აქვს და მისი ამდენ ხანს ფეხზე დგომა არ შეიძლება, ეს ერთი. მერე მეორე, ბუნებრივია ექიმთან ხშირი ვიზიტი ასეთი დაზიანების დროს. -სიმშვიდეს ინარჩუნებდა მაჩაბელი, თუმცა მის თვალებში მაინც შეინიშნებოდა გაღიზიანება, სულ ოდნავ.
-ლევან, სანდროს რა ბრალია, გეყოფა. -ჩაერია ტასოც, მაკა უკვე საშინლად დაღლილიყო ფეხზე დგომით და იმის მოსმენით, თუ როგორ წყვეტდნენ მის ბედს მაჩაბელი და ავალიანი. -დაღლილია მაკო ისედაც, ანა დეიდა და სანდრო კარგად უვლიან, რატომ იქცევი ასე?
-მართალია ტასო, ახლა არსად გადაბარგების თავი არა მაქვს, ლევან, დამშვიდდი. -ხმა ამოიღო მაკამაც, სუნთქვა გაუხშირდა დაღლილობისგან და ოდნავ შუბლიც დაეცვარა ოფლით.
-ლევან, მერე ვილაპარაკოთ, თუ რამე პრობლემა გაქვს, მანქანაში ჩავსვათ ახლა, ვერ ხედავ, რომ არ შეუძლია დგომა? -პასუხს არ დალოდებია სანდრო, ისე დაიძრა ადგილიდან და მაკაც თან გაიყოლა. -შეძლებ სიარულს? ცუდად ხომ არ ხარ?
-არა, სანდრო, სახლში მინდა დავწვე და დავისვენო. -სვენებ-სვენებით უპასუხა მაკამ და თავისუფალი ხელი ტასოს შემოხვია.
-ცოტა ხნით ჩვენც რომ წამოვიდეთ შეიძლება? -შეწუხებული სახით შეხედა ტასომ მაჩაბელს, საშინლად მონატრებოდა მეგობარი. -ტაქსით წამოვალთ, ვერავინ ვერაფერს გაიგებ, თუ გგონია რომ გვითვალთვალებენ ან რამე.
ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი სანდრომ და მაკა მანქანაში ჩასვა, ღვედიც თვითონ შეუკრა და ავალიანებსაც მათთან ერთად წასვლა შესთავაზა.

ანა უკვე შინ დახვდათ. სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. მაკას გაეღიმა ქალის დანახვაზე, ნანერვიულები სახით რომ შემოეგებათ დაბრუნებულებს.
ერთად ისადილეს. ისაუბრეს. სანდრომ და ლევანმა დაიჟინეს, რომ მაკას დაწოლილს უნდა ეჭამა და თავადაც პატარა მაგიდას შემოუსხდნენ ყველანი იმ სავარძლის წინ, სადაც მაკა მიებათ ლამის. ტასოს საშინლად უნდოდა მეგობართან განმარტოება, მაგრამ მიხვდა, ამ სიტუაციაში რომ არ გამოვიდოდა და ბედს დამორჩილდა. საღამოხანს ყველამ ერთად დატოვეს იქაურობა. მხოლოდ ანა და მაკა დარჩნენ ერთად.
-ძალიან არ მინდოდა თქვენი ასე შეწუხება, ანა დეიდა... საერთოდ არ ხართ ვალდებული..
-ეგ აღარ გაიმეორო, -სევდა ჩაუდგა ანას თვალებში, -შენ ახლა დაცვა და მზრუნველობა გჭირდება, ჩემი ვალია... -ცრემლები შეერია ქალს ხმაში.
-არა, რას ამბობთ, ანა დეიდა... -ოდნავ წამოჯდა მაკა, ქალის რეაქცია მოულოდნელი იყო მისთვის. -თქვენი ვალი საერთოდ არ არის, მამაჩემის ვალია ოჯახის როლი შეასრულოს, მაგრამ, როგორც ხედავთ, მას ეს არ შეუძლია. ამისთვის ვერასდროს გადაგიხდით...
-ეგ მეორედ აღარ ახსენო, -ცრემლები შეიმშრალა ანამ, -შენ ჩვენს წინაშე ვალში არასდროს არ იქნები. შალვასაც ნუ გაუწყრები.... მესმის შენი, ჩვიდმეტი წლიდან გიწევს გაუმკლავდე ასეთ ცხოვრებას, მაგრამ მან უსამართლობის გამო დაკარგა ცოლი, საკუთარი უმოქმედობა ალბათ აგიჟებს. მეც ხომ ჩემი ტატო... ჩემს ტატოს ვერ ვუშველე, ვერ დავიცავი.
-ანა დეიდა, თქვენ რამე იცით დედაჩემის გარდაცვალებაზე? -მუცელში უსიამოვნო გრძნობა აუპუყპუყდა მაკას, ქალის სიტყვები, მისი დანაშაულის გრძნობა და სინანული აუხსნელი იყო ნატროშვილისათვის. ამ პატიოსან ადამიანს რა ხელი უნდა ჰქონოდა დედამისის მკვლელობასთან....
„გაოცდები ადამიანები ისე გაგიცრუებენ იმედს“.... სანდროს სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში მაშინვე მაკას. გული უსიამოდ შეეკუმშა. არა. არაფერი ცუდის გაგება არ უნდოდა არც ანაზე...
-შალვამ არ მოგიყვა, შვილო? -დივანზე ჩამოუჯდა ანა გოგონას, რომელსაც ნელ-ნელა ევსებოდა ცრემლით თვალები.
-არა, გთხოვთ, არაფერი ვიცი... თქვენ თუ რამის თქმა შეგიძლიათ, ნუ დამიმალავთ... ისიც არ ვიცოდი, დედაჩემი რომ მოკლეს, შემთხვევით გავიგე ლევანის და სანდროს საუბრიდან....
-არ იცოდი? -გაშრა ქალი...-როგორ თუ... მაკა, ძალიან ვწუხვარ...
-გთხოვთ, ანა დეიდა... რა იცით? -ნახევრად ტირილით თქვა მაკამ. ანასაც ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები.
-იმ ღამეს, როცა დედაშენი დაიღუპა... -ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ანამ. -იმ ღამით, შენი მშობლების ქორწინების ოცი წლისთავი იყო. შალვა ჩვენთან მოვიდა, გვთხოვა, რომ მანქანას წაიყვანდა ერთი დღით, უნდოდა ცოლი ქალაქგარეთ გაეყვანა და ერთად აღენიშნათ ეს დღე... როგორც ჩანს... მაშინ ჩემს მეუღლეს, გივის ვიღაც ემტერებოდა. იმ მანქანაშიც ჩვენ ვეგონეთ.. გვითვალთვალებდნენ... მე სახლიდან ხშირად არ გავდიოდი, დედაშენი ჩემში აერიათ... ის ტყვია...მე უნდა მომხვედროდა, შვილო, მაპატიე... ჩემი მოკვლა უნდოდათ და არა დედაშენის...
ძლივს დაასრულა ანამ სათქმელი, ცრემლებმორეული ძლივს აბამდა სიტყვებს თავს, თან მაკას ხელებზე კოცნიდა და პატიებას სთხოვდა.
ნატროშვილს მუცელში ყველაფერი ჩაუქვავდა. მოსმენილმა ცივი ჟრუანტელი მოგვარა და მის წინ მჯდომი ქალის გამო, რომელიც თავს დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო, რომ ცოცხალი იყო, სული გაყინვოდა. ვერ იჯერებდა ,რომ ამხელა ბოროტებასთან უწევდა თანაცხოვრება. ვერ იჯერებდა, რომ ისეთ ადამიანებთან ერთად სუნთქავდა, ვისთვისაც ასეთი მარტივი იყო ჩახმახისთვის ხელი გამოეკრათ და ადამიანი სიცოცხლისათვის გამოესალმებინათ.
-ანა დეიდა... რას ამბობთ, -ცრემლები შეიმშრალა მაკამ, -თქვენი რა ბრალია. ძალიან გთხოვთ, თავს ნუ იტანჯავთ! თქვენ არაფერ შუაში ხართ, ისევე როგორც მამაჩემი არაა დამნაშავე არაფერში და ცოცხლად ეწამება იმის გამო, რასაც წინ ვერავინ აღუდგება. დამნაშავე მხოლოდ ის არის, ვინც ისეთი ცივსისხლიანია, რომ ადამიანის სიცოცხლე ერთი ტყვიით შეუძლია დაასრულოს. დანაშაულს ნუ იგრძნობთ იმის გამო, რომ ცოცხალი ხართ. ის ტყვია თქვენც ისევე არ დაგიმსახურებიათ, როგორც დედას. გთხოვთ....
-ჩემთვის ალალი იქნებოდა ის ტყვია, მაკა... ალალი... მე შვილი დავკარგე... -ცრემლებს ვერ იკავებდა ანა, ამჯერად მაკა ეფერებოდა აკანკალებულ ხელებზე.
-მაგრამ ერთი შვილი ცოცხალი გყავთ, მას სჭირდებით. სანდრო ძალიან მარტოსულია, არავის ენდობა. მას დედა სჭირდება გვერდით, ვიცი, თქვენ თვალდახუჭული გენდობათ და თუ ასე იფიქრებთ საკუთარ თავზე, იმედებს ძალიან გაუცრუებთ. იფიქრებს, რომ თქვენც შეგიძლიათ ზურგი აქციოთ, მაგრამ ასე ხომ არ არის... მესმის, დაკარგულ შვილს ვერაფერი შეგიცვლით, მაგრამ ვერც ცოცხალს შეგიცვლით.
-რა კარგი ხარ, რა კარგი ხარ, მაკო, დედაშენი ძალიან იამაყებდა შენით... -ხელებს უკოცნიდა ანა, -შენ ძალიან დიდი გული გაქვს, მაგრამ შენი ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ მაგ დიდ გულში მხოლოდ კარგის ადგილია, მხოლოდ სიკეთის. უფალი გწყალობდეს, შვილო... სულ გქონდეს ჩემი დახმარების იმედი...
-დაწყნარდით, ანა დეიდა, თორემ სანდრო რომ მოვიდეს და ასეთი დაგვინახოს, ძალიან გაბრაზდება.
ანას გაეცინა მაკას გულწრფელ შიშზე და ცრემლები შეიმშრალა. ფეხზე რომ წამოდგა, სანდროც შემოვიდა ოთახში. ვერცერთმა შენიშნა მისი დაბრუნება. საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა, დედას შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა, მერე სავარძელში ჩაეშვა და ცოტა ხანი დაკვირვებული მზერით მიაშტერდა მაკას სახეზე.
-რა იყო? არ მიმოძრავია, ანა დეიდას ჰკითხე თუ გინდა. -მაშინვე თავდაცვაზე გადავიდა ნატროშვილი, რაზეც სანდრო მაჩაბელს მხოლოდ ჩაეცინა. ცოტა ხანს კიდევ უყურა და მერე მზერა მოაცილა.
ანა მალევე წავიდა სახლში. სანდრო მთელი ღამის უძილობისა და ნერვიულობისგან ფეხზე ძლივს იდგა უკვე. ლასლასით დაბრუნდა ოთახში, სადაც მაკა მოუსვენრად ხვანცალებდა სავარძელში.
-გაიგონე ჩვენი ლაპარაკი? -ჰკითხა სანდროს, როგორც კი ოთახში გამოჩნდა.
-კი. -არ დაუმალავს მაჩაბელს. ისევ უცნაურად მისშტერებოდა თვალებში.
-შენც იცოდი ამის შესახებ?
-კი, ვიცოდი.
-რატომ არ მითხარი, სანდრო? მე უბრალოდ სიმართლის ცოდნა მჭირდებოდა, არავის ვადანაშაულებ, შენ ან ანა დეიდას მითუმეტეს...
-როგორი სათქმელია, მაკა.. ადამიანს როგორ უნდა უთხრა ასეთი რაღაც... -გულწრფელად ჰკითხა სანდრომ. მის თვალებში პირველად შენიშნა გულწრფელი სევდა მაკამ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ზოგადი იყო მაჩაბლის პასუხი, მაშინვე დაიჯერა, გულთან ახლოს მიიტანა და არაფერი უთქვამს.
-მჯერა, მაგრამ თქვენ ჩემ წინაშე ვალში არ ხართ, სანდრო, თუ თავს ვალდებულად თვლი, რომ მე მომხედო, ან რამე...
-არ ვაკეთებ ამას ვალდებულების გამო, რამდენჯერ გითხრა, რომ სხვა მიზანი გარდა შენი უსაფრთხო ადგილას ყოფნისა არ მაქვს? წამოდი, დაგაწვინო და ამ თემაზე ხმა არ გაიღო, იცოდე.

ერთი კვირა ზუსტად ისე გავიდა, როგორც დანარჩენი დღეები. მაკა მალე გამოკეთდა, თავისუფლად შეეძლო მოძრაობა, თუმცა სანდროს თანდასწრებით მაინც ერიდებოდა დატვირთვას. ტასოც მასავით გამოეკეტათ სახლში, ისევე როგორც ავალიანების ყველა ოჯახის წევრი და ახლობელი. პრესამ გული იჯერა ამ თემაზე რეპორტაჟების კეთებითა და სტატიების წერით. გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. მათ ყოფაში არაფერი იცვლებოდა ჯერ-ჯერობით. მხოლოდ დაკითხვაზე ჰყავდა სანდროს წაყვანილი ერთხელ და სულ ეს იყო.
ამ დილით მაჩაბელი ადრიანად გავიდა სახლიდან, ანაც მეგობრის დაბადების დღეზე იყო დაპატიჟებული და მაკამ როგორც კი თავი დაიმარტოხელა, მაშინვე სააბაზანოში შევარდა. შეშინებულს ეჭვი ჰქონდა, რომ სანდრო აქაც შეყვებოდა, „ზედმეტად რომ არ ეხვანცალა“.
გული კარგად იჯერა ბანაობით. მოშუშებული ჭრილობა კარგად გადაიხვია და პირსახოცებშემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან. ისე სწრაფად შევარდა შიგნით, ტანსაცმლის შეტანა სულ დაავიწყდა. ღიღინ-ღიღინით გამოტანტალდა ნახევრად სველი სხეულით სააბაზანოდან, პირსახოცი მკერდზე ეჭირა და საჯდომს ძლივს უფარავდა, ისეთი პატარა იყო. ის-ის იყო ოთახის კარი რომ უნდა გამოეღო, იქედან დაფეთებული სანდრო რომ გამოვარდა და პირდაპირ მაკას დაეჯახა ინერციით. ქალს შიშისა და მოულოდნელობისგან კივილი აღმოხდა, გულმა ყურებში დაუწყო გუგუნი შოკისაგან, უეჭველად წაიქცეოდა მასზე არანაკლებად გაოცებულ მაჩაბელს სწრააფად რომ არ დაეჭირა. მაგრამ უკვე გვიანი იყო.... ინერციით უკან გადაქანებულმა მაკამ ინსტიქტურად შეუშვა ხელი პირსახოცს და ჰაერში გაასავსავა, მართალია, წაქცევას გადაურჩა, მაგრამ სიკვდილს ნამდვილად ნატრობდა თვალებდახუჭული, დედიშობილა რომ ედგა წინ მაჩაბელს და მთელი სხეული გაქვავებოდა.
-გთხოვ, მითხარი, რომ არაფერი დაგინახავს, -ამოიტირა საწყლად. -თვალები დახუჭე, გთხოვ და წადი.
-პირველ ნაწილში ვერ მოგატყუებ, მაგრამ თვალებს დავხუჭავ და დავივიწყებ რაც დავინახე. გიშვებ, არ წაიქცე. -ღიმილი შეპარვოდა ხმაში სანდრო მაჩაბელს.
მაკა ჯერ კიდევ თვალდახუჭული იდგა, მთელს სხეულში უვლიდა სირცხვილის მდუღარე ტალღები. როგორც კი სანდრო მოცილდა, მაშინვე მკერდზე ხელაფარებული თავის ოთახში შევარდა და კარი ზურგსუკან მიიჯახუნა.
ჯოჯოხეთის ცეცხლი იმაზე მწველი არ იქნებოდა, ვიდრე მაკას სირცხვილი იმ დღეს.


-----------------

აბაააააააააააააააააა, მოვცუნცულდი ახალი თავით და არ დაიშუროთ კრიტიკა და შთაბეჭდილებები!!!! შემდეგიც კვირის ბოლომდე იქნება, მე თვითონაც ვერ ვითმენ, ისე მინდა დავწერო მალე!



№1  offline წევრი Maia G.

ძალიან მომწონს.ვატყობ დიდი ამბებია აქ ჩახლართული.სანდროს მაკას მიმართ "რაღაც-რაღაც" აზრები შეეცვალა თუ მე მეჩვენება? მოკლედ ძალიან კარგი თავია და ველი შემდეგს❤️

 


№2 აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. არ იყო პატარა თავი მაგრამ ისეთია სულ გინდა რომ იკითხო ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

უჰ, მართლა კარგია. როგორ ზუსტად გადმოსცემ ემოციებს, ქცევებს. რატომ მგონია რომ სანდროს მაკას მიმართ გრძნობები აქვს? მაგრამ ამ ყველაფერს კარგად ნიღბავს. აუქციონმა უფრო გამიმძაფრა ეჭვები, როცა კოლოსალური თანხა გადაიხადა სამკაულში:დდ
დანარჩენს დაველოდები მოთმინებითა ჩემითა♥️

 


№4 სტუმარი One

Saocari gogo khar shenc univhieresi❤️

 


№5 სტუმარი One

Mindoda metqva-shen❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Salome

ვაიმეეეეეეეერ,აუუუუუუ ძანნნ კარგი იყოოო, ძაააან ძააააან ვიცინე ბოლოსსს და მართლა შემეცოდააა საწყალიიიი, კარგი თავი იყო უდაოდდდდდ,ერთი სული მაქვსსსს გაგრძელებააა ვნახო დადებული. My fav story ხდება ეს მგონიიიიი,გაგვახარე შენი მოცუნც....ბით და ასეთი ამბით

 


№7 სტუმარი სტუმარი maco maco

ლევანს საერთოდ ვერ მოუხდინე მაკა, მაჩაბელი უკომენტაროდ….. ძალიან მომწონს დალაგებული და საინტერესო ისტორია და ზოგადად ემოციები არ აკლია შენ ისტორიებს, გელოდები

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკა

როგორინდა ეს წყვილი შედგეს♥️????

 


№9  offline წევრი nestandarejan

დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას, მიხარია, რომ ასე მოგწონთ <3 ყოველდღე შემოვდივარ და ვკითხულობ თქვენს კომენტარებს ჩემი მუზის შესაფხიზლებლად <3 მალე მოგაწევთ მესამე თავსაც!

 


№10 სტუმარი Mariami

ახალი თავიი დაახლოებით როდისთვის იქნება?

 


№11 სტუმარი ნესტან

აუ ძან მაგარია ძალიან მომეწონა საინტერესოა საოცარი წასაკითხი ცოტა სევდიანი შემეცოდა მაკა და ანა ძალიან ძნელია ამდენ ტკივილის გულდი ჩამარხვა ძან ცუდი ამბავი ტრიალებს იმედია სანდრო შეიცვალა მაკას მიმართ ძალინ მომწონს ეს წყვილი შოთაც მებრძოლებს როგორია საყვარელი ქალი მოგიკლან მადლობა წარმატებები????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent