დიდი შესვენება (4 ნაწილი)
მაკას უკვე მიეღწია გასასვლელამდე. კაბის ბოლო ცალი ხელით ეჭირა, მეორე ხელს ჰაერში გამწარებული იქნევდა და მის გვერდით მიმავალ თორნიკე გიორგობიანს გამალებით უხსნიდა, რომ გაცილება არ სურდა. ხმაში ბრაზი შეპარვოდა და ცოტაღა აკლდა პატარა ჩანთა, თავისუფალ ხელში რომ ეჭირა, სახეში არ შეეფეთებინა ამ მოუშორებელი ჭირისათვის. -თორნიკე, ტაქსის გამოვიძახებ და წავალ. არ არის საჭირო თქვენი გაცილება, გთხოვთ! საკმარისად რომ მიუახლოვდა სანდრო, მისი ხმაც უკეთ გაიგო. ყელში ბრაზი მოაწვა და ლამის მოახრჩობდა კიდეც, ამ კაცს მაკას გვერდით რომ ხედავდა. თუმცა იმ წამს ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იდგებოდა მაკას გვერდით. სანდროს მხოლოდ თვითონ უნდოდა ყოფილიყო ერთადერთი, ვინც ნატროშვილს მიუახლოვდებოდა და გულში მწარედ გაკაწრა რაღაც აუტანლად შებურულმა, იდუმალმა გრძნობამ. -მაკა, ერთი წუთით. -სანამ თორნიკე პირის გაღებას მოასწრებდა, სანდრომ დაასწრო. ქალს მხარში ხელი ჩაავლო და თავისკენ მისწია. თითებქვეშ არ გამოპარვია მაკას ჟრუანტელი და სხვა დროს ალბათ ნასიამოვნები გაიღიმებდა კიდეც, მაგრამ ახლა თორნიკე გიორგობიანი ყველანაირ ადამიანურ შეგრძნებას უბლოკავდა. მაკამ დაფეთებულმა ააცეცა თვალები, ჯერ ერთს შეხედა, შემდეგ მეორეს. აშკარა იყო, რომ ამ ორს შორის ყველაფერი რიგზე არ იდგა. -მე გავყვები მაკას, თუ საჭირო იქნება, არ შეწუხდე, თორნიკე. -კბილებს შორის გამოსცრა სანდრომ. მაკა უფრო მეტად დაიძაბა და გაუაზრებლად შეახო სანდროს მხარზე ხელი, რომ აქაურობას გაერიდებინა. -შენ რატომ? -დამცინავად აათვალიერა გიორგობიანმა. -იმიტომ, რომ ასეა საჭირო და იმიტომ, რომ მას უნდა ასე. -მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა ბრაზისგან გამძვინვარებულ მაჩაბელს. მაკა მავედრებელი თვალებით მისჩერებოდა, რომ მოცილებოდა გიორგობიანს და სამშვიდობოს გასულიყვნენ. -შენ რა იცი, რა უნდა?! -დაწვრილებული თვალები მაკას მიაპყრო ამჯერად თორნიკემ, ქალის თვალებს ბრაზისა და ზიზღის ძლიერი ტალღა მიეხეთქა თითქოს. -თორნიკე, გთხოვ, წადი. -ხმა გაიმკაცრა მაკამ, აფრთხიალებული გული ყელში მობჯენოდა და ორივე ხელით მაჩაბლის მხარს ჩაფრენოდა, თითქოს ამით აკავებდა მისი დაუოკებელი ბრაზის გამოხატვისაგან. -ეს ვერ დაგიცავს, მაკა. -ჩაიცინა თორნიკემ და სანდროს დამცინავად შეხედა. -თორნიკე, მე და შენ ამაზე ცალკე მარტო იმიტომ ვილაპარაკებთ, რომ მაკას წინაშე არ მინდა გაგიკეთო ის, რაც ახლა დაიმსახურე შენი არაკაცური საქციელით. -გუგუნივით გაისმოდა სანდროს გამძვინვარებული ხმა დარბაზში აყვირებული მუსიკის ფონზე. მთელი ძალით ებრძოდა საკუთარ თავს, რომ მასზე მიწებებული ქალი არ მოეშორებინა იმ წამს და თორნიკე ძვლებში დაელეწა. -რისი მაქნისიც ხარ, კარგად გეტყობა. ძმის მკვლელებიც კი ვერ დაიჭირე, ისე მიგაბრძანეს სამსახურიდან, ეგეც კი ვერ შეძელი... -სანდრო, გთხოვ. -სწრაფად გადაუდგა მაკა პროვოკატორისკენ გასაწევად მომართულ სანდროს და ორივე ხელი ლოყებზე შემოაწყო. მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა ნატროშვილს, თვალები ცრემლით აევსო, ისე ეტკინა ჯერ თორნიკეს სიტყვები და მერე იმის გაფიქრება, თუ სანდრო რას გრძნობდა ამის მოსმენისას. ცერა თითებით ლოყებზე მოეფერა, -ნუ აყვები, გთხოვ, მაგასაც ეგ უნდა... სანდრო... არ შემომხედავ? ოდნავ დახარა თვალები მაჩაბელმა და იქ დანახულმა ტკივილმა გული ისე დაუსუსხა მაკას, თითქოს ჭინჭრის ორმოში ჩააგდესო. ახლა საერთოდ არ აღელვებდა არც საიდუმლო, არც მათი ურთიერთობის შეუძლებლობა, ერთადერთი, რაც უნდოდა ამ ადამიანს მოხვეოდა და რაც შეიძლება მეტი ტკივილი წაეღო მისგან, გამოეწოვა, რომ ოდნავ მაინც უკეთ ეგრძნო თავი. გაუაზრებლად მოაშორა ლოყებიდან ხელები და ზურგზე მთელი ძალით მოეხვია, სახე მის ყელში ჩარგო და საერთოდ არ ედარდებოდა იდეალურად თეთრ მაისურს ტუჩსაცხით თუ მოუსვრიდა. ცხვირი მის ყელზე მიებჯინა და ისე ახლოდან გრძნობდა მხოლოდ იმ სუნს, სანდროს რომ ჰქონდა, თბილს და განსაკუთრებულს, ათას ადამიანში რომ გამოარჩევდა... თითქოს საკმარისი არც ეს არ იყო, კანში უნდოდა მაკას შემძვრალიყო და ყველა ტკივილი, ყველა ჭრილობა საკუთარი ხელით მოეშორებინა ამ კაცის გულიდან. -მაკა, -დაგუდული ხმით ამოილაპარაკა სანდრომ, ხელები ფრთხილად მოეხვია მის წელზე. -არ მინდა, რომ წახვიდე... მტკივნეულად იფეთქა მაკას გულმა, უფრო მაგრად მოუჭირა ხელები და ცრემლები ვეღარ შეიკავა. -არც მე მინდა, რომ წავიდე. -გატეხილი ხმით უპასუხა მაკამ, -არ მინდა ამ ტკივილთან მარტო იყო. ვგრძნობ, რომ რაღაც გაწუხებს... შიგნიდან გჭამს, სანდრო. მარტო ამას ვერ გაუმკლავდები, მარტო ამას ვერავინ შეძლებს. გთხოვ... -შენ შენიც გეყოფა... -მეყოფა რას ნიშნავს? -ოდნავ მოშორდა მაკა, რომ თვალებში ჩაეხედა, -საკმარისი ტკივილი არსებობს, ან საკმარისი უბედურება? სულ რომ არ იყოს, ყველაფერს ეგ არ ჯობია, სანდრო? თუ უკვე ისედაც ვიტანჯები, იქნებ, შენთან მირჩევნია... იქნებ, რაღაც ზღვრის მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ტკივილი მექნება გულში... იქნებ, შენთვის ადგილი მაინც მაქვს შემონახული. -არ გინდა, მაკა. -თვალი ოდნავ მოარიდა ქალს მაჩაბელმა, თუმცა ერთი მილიმეტრითაც არ მოშორებია მის სხეულს. -სანდრო, რატომ გამომყევი მაშინ? -ოდნავ მოცილება რომ დააპირა მაკამ, მაშინვე გაამყარა წელზე მოხვეული ხელები სანდრომ, უფრო მეტად მიიკრა. -ხომ იცი, რატომაც... -მოწყვეტით აკოცა ლოყაზე. მთელს სხეულში სისხლი აუდუღდა მაკას, ზურგზე ცივმა ოფლმა დაასხა იმდენად გამკვრივდა და გასქელდა მათ შორის ჰაერი. -შენ არასოდეს გატკენ, არც ჩემს მეგობრებს... ხო იცი, უსამართლოდ არასდროს არავის მოვექცევი... გთხოვ, რომ მენდო. ეს არის ერთადერთი, რაც მინდა, გაიგე?! -როგორ გენდო, როცა დარწმუნებით ვიცი, რომ რაღაცას მიმალავ?! გგონია ვინმეს ვეტყვი? გგონია, სადმე დამცდება? -არა... რა სისულელეა, არც კი მიფიქრია ასეთი რამ შენზე, გთხოვ, ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. მორჩეს ქორწილი და მერე ვილაპარაკოთ, კარგი? გპირდები. მაკამ ცოტა ხნით გაშეშებულმა უყურა თვალებში მაჩაბელს. რაც არ უნდა ეთქვა, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო სიმართლე, რასაც სანდრო მალავდა მისგან, გულის სიღრმეში კარგად იცოდა მაკამ, რომ თავის სიცოცხლესაც კი თვალდახუჭული ანდობდა ამ ადამიანს. ის, რომ სხვების მიმართ ნდობა ჰქონდა დაკარგული, ნატროშვილი დარწმუნებული იყო რომ უამრავი ფაქტორით იქნებოდა გამოწვეული. ადამიანები ასეთებად არ იბადებიან, ცხოვრებისეული გამოცდილებები და მწარე გაკვეთილები გვაიძულებს საკუთარ თავში ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, რაც, შესაძლოა, საერთოდ არ გვინდა, რომ გვახასიათებდეს. მაჩაბელს სევდით ჩაბნელებულ მოცისფრო-მომწვანო თვალებში ეტყობოდა, რომ საკუთარ თავს ებრძოდა. ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი მაკამ, ერთი წამითაც არ უნდოდა მისი ტანჯვის მიზეზი ყოფილიყო. ღიმილი გაეპარა სანდროს ტუჩის კუთხეში და ისე ახლოდან დააცქერდა მაკას სახეს, რომ ქალი მხოლოდ მის სუნთქვას და სიახლოვეს გრძნობდა უკიდეგანო სამყაროში, სადაც უამრავი შეგრძნება შეიძლება გამოსცადოს ადამიანმა. საქმეც ის იყო, რომ სხვა არაფერი უნდოდა ეგრძნო. -ხალხი გვიყურებს. -ამოიწრიპინა საწყლად, არადა თვითონაც არ უნდოდა მოშორებოდა, მაგრამ არც ყველას წინაშე უნდოდა კისერზე ჩამოკიდებოდა. -მერე რა მოხდა? -პროვოკაციულად აზიდა წარბები სანდრომ, ხასიათზე მოსულმა ზურგზე აუსრიალა ხელი, მაკა სასწრაფოდ შეფართხალდა, რომ ოდნავ მაინც გაეზარდა ადგილი. -სანდრო, -ლოყები შეფერვოდა სირცხვილისგან. -რას მეტმასნებოდი აბა? -ტუჩები ლოყაზე გაუხახუნა და ოდნავ უკან დაიხია, უფრო რომ გახალისებულიყო მისი დარხცვენილი და ოდნავ გაბრაზებული თვალებით. გული თითქოს ბედნიერების სიხალვათებ გაუნათა და ყველა გრძნობისგან დაიშრიტა მისი სხეული, გარდა იმ ერთი შეგრძნებისა, რომელიც ამ ქალის მიმართ გააჩნდა, მის წინ რომ იდგა ძალიან მშვიდად, მის ხცხოვრებაში კი ქარიშხალივით შემოჭრილი. და მიხვდა, მის სუნთქვაშეკრულ არსებობას სწორედ ჰაერის ძლიერი და დაუმორჩილებელი ნაკადი რომ სჭირდებოდა ყველაზე მეტად. -სულ არ გეტმასნებოდი, -იუკადრისა მაკამ და სასწრაფოდ მოსცილდა, თუმცა ღიმილი არც მას მოშორებია სახიდან. ქორწილი გვიან დაიშალა. თორნიკე გიორგობიანი საღამოს მომხდარი უთანხმოების შემდეგ ზედმეტად აღარ მიახლოებია მაკას, თუმცა ამ კაცმა რომ შეამჩნია, ესეც კი აშინებდა უკვე ნატროშვილს, მით უმეტეს, რომ სანდროს აშკარად არ ჰქონდა მასთან კარგი ურთიერთობა. სანდრომ უსიტყვოდ ჩაისვა მაკა თავის მანქანაში და თავადაც საჭეს მიუჯდა. მაკას აღელვების უცნაური ტალღა აუჩუხჩუხა გულში. თითქოს ამ საღამომ რაღაც დაფარული ოდნავ გამოააშკარავა და გააშიშვლა მათ შორის და ახლა ღელავდა მასთან მარტო დარჩენით დამფრთხალი. -ნასვამი არ ხარ? -მხოლოდ ამის თქმას მოაბა თავი, ისიც ხმადაბლა. -ცოტა. მხოლოდ ორი ჭიქა. -ოდნავ მოჭუტა სანდრომ თვალები, -თუ გინდა, შენ დაჯექი. თუ გეშინია... -არა, მე არ ვიცი ტარება. არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა პოლიციამ გაგაჩეროს. სანდროს ამ სიტყვებზე ჩაეცინა, მაკა რომ დაფიქრდა, თავადაც ოდნავ გაუტყდა დაძაბული გამომეტყველება სახეზე და მოლბა. თუმცა მისი სხეული დაძაბულობისგან ოდნავადაც არ დაცლილა. პირიქით, იზრდებოდა და იზრდებოდა, დიდ გრძნობად იზვირთებოდა მის მუცელსა და გულში. ღელვა საერთოდ არ იყო რამე ცუდის მოლოდინით გამოწვეული, უბრალოდ სანდროსთან მარტო დარჩენაც კი სულს უხუთავდა ახლა. მისკენ გახედვასაც კი ვერ ბედავდა, რადგან იცოდა, რა დაემართებოდა მის სხეულს კიდევ ერთხელ თუ შეათვალიერებდა. მონატრებოდა კიდეც სანდროს სახლი. ეს კორპუსი და ეზო, ახლა რომ უჩვეულოდ მიჩუმებულიყო. მანქანა კი ჩაქრა, მაგრამ არცერთი იძროდა ადგილიდან. სანდრომ ფანჯარა ჩამოსწია, გარედან შემოსულმა ნიავმა ოდნავ დაატრიალა მანქანაში დაბუდებული მაჩაბლის სურნელი და უფრო მეტად მოუღიტინა ცხვირში ქალს. კანი სიამოვნებისა და სიგრილისგან დაეხორკლა. სახე მისკენ მიაბრუნა მაკამ, თავი ვეღარ შეიკავა, რომ არ დაკვირვებდა მის დაღლილ, თუმცა მაინც ლამაზ, გამოთლილ სახის ნაკვთებს, დაბალ წვერსა და მშვიდად მოკუმულ მოღვინისფრო ტუჩებს. -ნუ დადნი ჩემი მომხიბვლელობით, -არ გამოუხედავს ისე ჩაეცინა მაჩაბელს. მაკასაც გაეპო ტუჩები. -რაზე ფიქრობ, სანდრო? -სხეულითაც მისკენ გადატრიალდა, ცალ მხარზე მიწვა მანქანის სავარძელში და ცალი ფეხი ოდნავ მოკეცა, კომფორტულად რომ ყოფილიყო. -შენზე... -ეშმაკურად გააპარა მისკენ თვალი მაჩაბელმა, დაკვირვებით დაუთვალიერა მთელი სხეული მაკას, რომელიც მოდუნებული მიწოლილიყო სავარძელზე და სადაც იყო, ჩაეძინებოდა. თითქოს წეღანდელი ღელვა ვულკანივით რომ აბობოქრებულიყო მის მუცელში, ჩანავლდა და ოდნავღა სწიწკნიდა შიგნეულობას. -მე მართლა გეკითხები.. -ღიმილი ვერ შეიკავა მაკამ. -მეც მართლა გპასუხობ, -ხელი ქალის სახისკენ წაიღო და თვალებზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან ფრთხილად გადაუწია, უკეთ რომ შეეხედა. -საშინლად არ მინდა შენი ამ ყველაფერში გარევა... საშინლად... -შევამჩნიე. -ღიმილს არ იშორებდა მაკა, უფრო სანდროს გასამხნევებლად და არა იმიტომ, რომ თავადაც ეღიმებოდა. -საქმე მამაჩემს და გურამ ავალიანს ეხებათ... დამიჯერე, არაფერია უსაფრთხო, როცა ამ ორი ადამიანის დუეტს თორნიკე გიორგობიანის მამაც უერთდება. იმიტომ არ ვასაიდუმლოებ ასე, რომ მგონია, შენ ვინმეს ეტყვი. ასე საერთოდ არ არის. იმის მეშინია, რომ შენი ჩემ გვერდით ყოფნა ამ ყველაფერში ჩაგითრევს. მე, ლევანი და ტასო შვილები ვართ. ოჯახურ კავშირს ვერსად გაექცევი, როგორ სწრაფადაც არ უნდა ირბინო და რამდენად შორსაც არ უნდა გქონდეს გეზი აღებული. მაგრამ შენ... მეც ვერ ჩაგრევ ამაში, მაკა. მგონია, რომ გურამ ავალიანს ჰქონდა მცდელობა და მაგის მეშინია, რომ შენც სადმე არ გამოგატნიონ, ჩემს წინააღმდეგ არ სცადონ შენი გამოყენება, ან ჩემი დასჯა... -სანდრო, რას ლაპარაკობ? გურამი ბიძია არასდროს ასეთს არაფერს გამიკეთებს. თორნიკე გიორგობიანის მამა რა შუაშია? ერთად მოქმედებენ? -გურამს იმის შემდეგ არ ვენდობი, რაც ტასოს კომპანიის შვილობილი საწარმო შენს სახელზე გადმოაფორმა მაშინ, როცა ლევანის სახელზე არც ერთი ბიზნესი არ არის, არც ეკას სახელზეა რამე. რამე რომ მოხდეს, მეშინია შენ არ შეგაწმინდოს ხელები. ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი ეგ ხალხი, მამაჩემიც კი. გიორგობიანს რაც შეეხება, არამგონია, საერთო გეგმები ჰქონდეთ. ავალიანს და მამაჩემს უფრო ეშინიათ მისი. არამარტო ძლიერი პოლიტიკოსია, არამედ არაკანონიერი კავშირებიც აქვს. მაგ კაცთან ღია დაპირისპირება შეუძლებელია, ჩათვალე, დამარცხებული ხარ. საქმე ის არის, რომ მამაჩემი რუდუნებით ასრულებს ყველა მის დაკვეთას, ისევე, როგორც გურამ ავალიანი. ამიტომ დაასმევინა ლევანი თავის ადვოკატად მამაჩემს გიორგობიანმა, რომ ამ საქმიდან სუფთა არავინ გასულიყო. ხაფანგი აქვს ყველასთვის, ვინც მისი სისტემიდან გაღწევას შეეცდება. არც გურამს და არც მამაჩემს საკმარისი გამბედაობა არ აღმოაჩნდათ ამ დროის განმავლობაში, რომ ამ არაკაცის წინააღმდეგ წასულიყვნენ, პირიქით, ოჯახებიც თან ჩაითრიეს... უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ ამ ტირანიას. ჩემი ძმის მკვლელობის გამოძიებას, შენი აზრით, რატომ ჩამომაშორეს? სწორ კვალზე გავედი, ის-ის იყო, უნდა ჩამევლო, რომ სხვა საქმეზე გადამიყვანეს, რადგან ოჯახის წევრთან დაკავშირებულ საქმეზე მუშაობა არ შეიძლება, თურმე... მერე სცენა გავითამაშეთ, თითქოს ჩემი უფროსი ვცემე მაგის გამო და სამსახურიდან გამაგდეს, მამაჩემმა სირცხვილით მოცხებული ჩირქის მოსაწმენდად კი ამერიკაში მომისროლა. ეს სპეცოპერაცია რეალურად, მთელი ჩემი ამერიკაში ყოფნის პერიოდში იგეგმებოდა. ერთადერთი, ვისაც ვერაფერი ვუპოვეთ, გურამ ავალიანია. სწორ მომენტს ველოდებით, რომ ფეხი მალევე დაუცდეს და სამივეს ერთად ჩავავლოთ. გურამსაც, მამაჩემსაც და გიორგობიანსაც. -მამაშენმა რა დააშავა? შვილი დაკარგა, ეგეც სავარაუდოდ იმ კაცის გამო... -პირი გამოშრობოდა მაკას, -სანდრო, ხვდები, რომ გიორგობიანის გარდა არავის წინააღმდეგ არაფერი არ გაქვს?! მხოლოდ ეჭვები. -მამაჩემმა ფული გაათეთრებინა ჩემს ძმას, მოტყუებით. -თვალები ჩაუწითლდა სანდროს, ეტყობოდა, თუ როგორ უჭირდა ამ თემაზე საუბარი. მაკამ გაუაზრებლად მიიტანა მისი ხელი ტუჩებთან და ფრთხილად შეეხო გაყინულ თითებზე. -მაგ საქმიდან ბრუნდებოდა, გიორგობიანმა თავიდან რომ მოიშორა, იმიტომ რომ ტატომ ყველაფერი გაიგო და პოლიციაში უნდოდა ჩვენების მიცემა. მზად იყო ციხეში ჩამჯდარიყო, ოღონდ ეს სისტემა ჩამოეშალა...და შენი აზრით, მე ჩემი ძმის დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან? იმ კაცს... გივი მაჩაბელს რომ ვაჟკაცობა გამოეჩინა, ჩემი ძმა ამ საქმეში არ გაერია.... მისი შვილი იყო, გესმის? როგორ უნდა ვენდო ვინმეს ამის შემდეგ, როცა საკუთარმა მამამ ეს გაუკეთა თავის სისხლს და ხორცს. იცის, რაც გააკეთა გიორგობიანმა და ხმა არ გაუღია მამაჩემს. ალბათ, მოღალატე და შემარცხვენელ შვილს მკვდარი ერჩივნა. ახლა ლევანიც უნდათ ამაში გარიონ, ტასოც... და ვერ დავუშვებ, რომ შენც. გაიგე? არავის მიეკარო, არაფერზე ხელი არ მოაწერო, მაკა. -სანდრო, ძალიან საშიშია. ვინმემ რომ გაგიგოს.... -ადგილს ვეღარ პოულობდა მაკა, აფართხალებული გულისცემა სუნთქვას უკრავდა. -სანდრო, მოგკლავენ... ეს არც ერთ შემთხვევაში უსაფრთხო არ არის... მაჩაბელმა ღრმად ამოიხვნეშა და ღიმილიანი თვალებით მოათვალიერა მაკას აღელვებული სახე და ცრემლში ამოვლებული მომწვანო სფეროები. -სანდრო, რა გაცინებს? -ხმა გაუტყდა და შიგ ცრემლი ჩაეღვარა ნატროშვილს. -არ ვიცინი, იმაზე მეღიმება ჩემზე რომ ღელავ. -სანდრო, მიყვარხარ, სხვას რას ელოდი? შეგიქებდი ჩანაფიქრს? მხარს დაგიჭერ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომწონს, რასაც აკეთებ, არც იმას ნიშნავს, რომ არ მეშინია, რამე არ დაგემართოს. -გაუაზრებლად მიაყარა მაკამ სიტყვები ერთმანეთს. სანდროს უცნაური ბურუსი გადაფარებოდა ადრე ეშმაკურად მომზირალ თვალებზე, უბრალო ჩაცინებაც იდუმალ ღიმილში გადაზრდოდა და ამ ქალს ისე აკვირდებოდა, როგორც შეუცნობელ ობიექტს, რომელიც ახლახანს გაჩნდა მის მანქანაში და რაღაც აუხსნელზე ელაპარაკებოდა აღელვებით. ხელები მოექავა, იმდენად მოუნდა მოფერებოდა და ერთი მილიმეტრითაც არ მოშორებოდა მის მღელვარებისგან აცახცახებულ სხეულს. -არაფერს მეტყვი? ასე გაკრეჭილმა უნდა მიყურო? -მოთმინების ფიალა ავსებოდა ნატროშვილს, აღელვებაში ბრაზი შეერია და ლოყები უფრო მეტად შეეფაკლა მოძალებული გრძნობებისაგან. -გიყვარვარ? -ისე ჰკითხა მაჩაბელმა, აშაკარა იყო, სხვა არაფერი გაუგია მაკას ნალაპარაკებიდან. ქალს სახიდან ბრაზი და აღელვება ერთიანად ჩამოერეცხა. მუცელი უცნაურმა გრძნობამ აუწვა, მთელი სხეული ავსებოდა რაღაც ამოუცნობელი შეგრძნებით, თითქოს ერთიანად დუღდა კიდეც შიგნიდან და თან საოცრად თავისუფალი იყო, როგორც ცაში აფრიალებული თეთრი დროშა მშვიდობას რომ იუწყება საუკუნოვანი ომის შემდეგ. -რა...-პირი გამოშრობოდა მაკას, მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა. ცოტა ხანი დაბნეული აცეცებდა თვალებს სანდროს სახეზე, შემდეგ რომ მიხვდა, რაც წამოსცდა, დარცხვენილმა დახარა თვალები და სკოლის მოსწავლესავით დაჯდა მანქანის სავარძელზე. თავდახრილი საკუთარ აკანკალებულ ხელებს დასჩერებოდა და მაჩაბლისგან წამოსულ უცნაურ ენერგეტიკას, მისკენ რომ ექაჩებოდა და აჯადოვებდა, გაუნძრევლად, თუმცა მთელი შინაგანი ძალით ებრძოდა. მის ბავშვურ რეაქციაზე სანდროს ისე გულწრფელად გაეღიმა, რომ საერთოდ დაავიწყდა, რა ქარცეცხლშიც ტრიალებდა, რომ ბეწვის ხიდზე გადადიოდნენ ორივენი და ნებისმიერ წამს შეიძლებოდა უძირო უფსკრულში ჩაცვენილიყვნენ. ეგოისტურმა ბედნიერებამ იმდენად დაუბინდა გონება, რომ ახლა მხოლოდ მაკას სიყვარული იყო მის დაბნელებულ სამყაროში ყველაზე შესამჩნევი, კაშკაშა ვარსკვლავი. ოდნავ გადაიხარა მისკენ, თავადაც აღელვებულიყო მაჩაბელი და ვერ ხვდებოდა, როგორ მოქცეულიყო, მაკას უარესად რომ არ დაერცხვინა და ვერცხლისწყალივით არ გასხლტომოდა ხელიდან ძლივს ოდნავ დამშვიდებული ქალი. -საერთოდ არაა სამარცხვინო, ჩემისთანა ბრწყინვალე ყმაწვილი რომ შეგიყვარდა, მაკრინე. -ენაზე კბილის დაჭერა მაინც ვერ მოახერხა, ისე უნდოდა უფრო მეტად აეწითლებინა ისედაც დარცხვენილი ნატროშვილი. -სანდრო, ახლა არაა მაგის დრო, -გაცეცხლებულმა მიაბრუნა სახე მისკენ, ალმური ბრაზისგან მოსდებოდა თუ სირცხვილისგან რთული გასარჩევი იყო იმ წამს. -მე კი ვფიქრობ, რომ სხვა არაფრის დროა ახლა, გარდა იმისა, რომ ჩემზე ჭკუა გეკეტება. სანამ მაკა მანქანის კარის გამოღებას მოასწრებდა, მანამ ჩაკეტა კარი მაჩაბელმა და ქალის სავარძლისკენ იმდენად გადაიხარა, რომ მისი სახისგან მხოლოდ ორი მილიმეტრიღა აშორებდა, ან არც მაგდენი. მაკას თვალებში ბრაზი, სიმორცხვე და რაღაც საშინლად მიმზიდველი ებრძოდნენ ერთმანეთს. სურნელიც ზუსტად ისეთი ასდიოდა, როგორი ხასიათიც ჰქონდა: მოუსვენარი, თან მშვიდი და საოცრად ქალური. -დღეიდან რომ ვეღარსად გამექცევი, ხომ იცი?! -წარბები ოდნავ აწკიპა სანდრომ, როგორც სჩვევია ხოლმე. ისე ახლოს იყო მასთან, საკუთარი სურვილების ინერციას ძლივსღა ებრძოდა. -რატომ მაწვალებ? გამიშვი. -ფრთხილად, ოდნავ წუწუნით ამოილაპარაკა მაკამ. იცოდა, მისი ერთი მილიმეტრით გარყევაც კი ყველა ჯებირს და საზღვარს ჩამოანგრევდა ამ ორს შორის. მერე უკან დასახევი გზა აღარ იქნებოდა. -არც გაგიშვებ. -ლოყაზე ფრთხილად აკოცა სანდრომ. თვალები ისე მოეხუჭა თვითონაც, მაკას რეაქცია მხოლოდ სხეულით და ტუჩების ზედაპირით იგრძნო, მაგრამ ვერ დაინახა. -ვერ.. ღრმად ამოისუნთქა და ისევ თავის სავარძელზე გადაჯდა. ვინ იცის, რად დაუჯდა რომ ისე ახლოს მყოფი მოშორებოდა, მაგრამ არც მისი იმაზე მეტად დაფრთხობა უნდოდა, ვიდრე უკვე იყო. მაკა ერთ ადგილს მიყინვოდა, შინაგანად კი დუღდა და თვალის გახელა უჭირდა ლოყებგახურებულს. -მეც მიყვარხარ, -უთხრა სანდრომ რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ქალი ოდნავ დამშვიდდა. და საკუთარ თავსაც მაკასთან ერთად გამოუტყდა იმ წამს პირველად. მაკას ისე დაეხორკლა სხეული, თითქოს ცივმა სიომ დაუბერა იმ მხრიდან, სადაც სანდრო იჯდა. უკან დასახევი გზა არც არასდროს ყოფილა. სანდრო რამეში მტყუანი რომ ყოფილიყო, მაინც ვერასდროს უღალატებდა, ვერასდროს მიატოვებდა, ცეცხლშიც შეყვებოდა და ტყვიების წვიმაშიც. თვალდახუჭული. უკანმოუხედევად. -ახლა რა იქნება? -ჩაიწმინდა ხმა მაკამ, როცა ემოციები ოდნავ დამშვიდებული დაიგულა. -რა გეგმა გაქვს? მორიგი შეცდომის დაშვების ლოდინია გეგმა? -ეს სამი ადამიანი ნელ-ნელა ერთმანეთს უკავშირდება. ქსელი აშკარავდება. მხოლოდ ველოდებით. სწორ მომენტს და ადგილს, რომ ყველაფერი დამთავრდეს. ყველა დაისაჯოს. -ამ საქმეში მარტო გიორგობიანია, შენი აზრით? მას ბევრი ხალხი ეყოლება, სანდრო, თუნდაც მისი შვილი, რომელიც დარწმუნებული ვარ სიამოვნებით მიიღებს მამისგან ნებისმიერი სახის მემკვიდრეობას, თუნდაც სისხლიანს და ბინძურს. -ყველას დავიჭერთ. -დარწმუნებით თქვა სანდრომ და თვალებში ისე ჩახედა, ეტყობოდა, ახლა ამაზე საერთოდ არ ეფიქრებოდა. მაკას ხელი ჩასჭიდა და ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან ისე, რომ თვალი არ მოუცილებია. -მპირდები, რომ არაფერი მოგივა?! -სცადა არ შეემჩნია, როგორ ააღელვა მისმა შეხებამ, თუმცა გახშირებულმა სუნთქვამ გასცა. -არაფერი მოგვივა. -სანდრო, ჩემი დაცვა თუ გინდა, პირველ რიგში საკუთარ თავს მიხედე. აქ რატომ მომიყვანე? სახლში გინდა ამიტყუო? -წარბები აწკიპა მაკამაც. სანდროს მიბაძვა სასაცილოდ გამოუვიდა. -ატყუება მჭირდება? -თვალი ჩაუკრა სანდრომ, -მთვრალმა გინდა გავიარო მთელი თბილისი შენ სახლამდე? -ნახევარი ხომ გაიარე... -ანუ გინდა ბოლომდე დავარღვიო კანონი? ვიცი, მოგენატრა ჩემი საწოლი. -ჩაიფხუკუნა სანდრომ, როცა დარცხვენილმა ხელის გამოგლეჯა სცადა მისი მკლავებიდან და ლოყები უარესად აუწითლდა. -რა საზიზღარი ხარ! -ადე, ადე, თორე დამეძინა აქ. -მანქანიდან გადმოვიდა სანდრო და მაკასაც კარი გაუღო. ზემოდან დოინჯშემორტყმული დააჩერდა ქალს, რომელიც წინ ჯიუტად იყურებოდა. -უბრალოდ დარჩი... მაკამ ცალი თვალით ახედა, ახლა ისე უნდოდა მასთან დიდხანს ყოფნა, სახლში რომ წასულიყო უბედურება უეჭველად დაახრჩობდა, ამიტომ ისეთი უკმაყოფილო სახით გადმოვიდა მანქანიდან, თითქოს საერთოდ არ სურდა იმ სახლში დაბრუნება. სანდროს გაეღიმა, მანქანის კარი დაკეტა და ქალს უკან ნელი ნაბიჯით გაყვა. ლამპიონების შუქზე ოქროსფრად უელავდა მოშიშვლებული ზურგი და მკლავები. აკრული თმა საერთოდ არაფერს უფარავდა. მერე სადარბაზოს სიბნელემ შეისრუტა მისი სხეული და კიბეებზე მაკას ფეხსაცმლის კაკუნი რომ გაიგონა, მიხვდა, ლიფტში მასთან ერთად ყოფნას ნატროშვილიც ისევე გაურბოდა, როგორც თავად. სიამოვნებით გამოკეტავდა სახლში და სულ იქ ეყოლებოდა. არც თვითონ დატოვებდა. ახლა საერთოდ ვერ ხვდებოდა მისი მთვრალი გონება, როგორ უნდა გაეძლო სხვა ოთახში, როცა იცოდა, მხოლოდ ერთი კედელი გამოყოფდა იმ საწოლისგან, რომელსაც მაკას სხეული შეეხებოდა. სიმთვრალემ თითქოს უფრო მწარედ დარია ხელი, მთელი სხეული მომჩვარული ჰქონდა გრძელი დღით დაღლილს და მუხლები ძლივსღა ემორჩილებოდა, რომ სავარძლამდე მილასლასებულიყო. შიგ მოწყვეტით ჩაეშვა. თეთრი პერანგის ღილები მკერდის ძვლამდე ჩაეხსნა და ყელი უფრო მეტად მოღეღვოდა. მაკამ მთელი თავისი ენერგია მაჩაბლის სხეულისგან თვალის მოწყვეტას შეალია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და მხოლოდ მაშინღა იგრძნო შვება და სისხლის ამოძრავება კიდურებში. გვერდით, თუმცა ცოტა მოშორებით მიუჯდა მაჩაბელს და თავი თავადაც სავარძლის საზურგეს ჩამოაყრდნო. -მეძინება, -ნახევრად ძილ-ბურანში წასული ხმით ამოილაპარაკა მაკამ. სხეული მასაც უდუნდებოდა მოთენთილობისა და დაღლისგან. -მაგ კაბით თუ აპირებ დაძინებას... -თვალი არ გაუხელია ისე თქვა სანდრომ. -სანდრო... -მაკრინე... -წაიმღერა მაჩაბელმა. -წამოდი, ჩემს მაისურს მოგცემ და დაიძინე. -აქ რატომ წამომიყვანე? -უკან ლასლასით აედევნა მაკა, თვალებს ძლივს ახელდა. -რატომ წამომყევი? -ისე უცებ მიტრიალდა მაჩაბელი მისკენ, რომ მაკა ინერციით მკერდზე შეასკდა. -ვიცოდი, ჩემთან რომ გინდოდა, ამიტომ აღარ გაწვალე. თან მეც მომენატრა ამ სახლში რომ ხარ-ხოლმე. მაკას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, მაშინვე გამოფხიზლდა. უკვე მერამდენედ ჩაუვარდა მკლავებში სანდროს თავისი დაუფიქრებელი საქციელის გამო, ახლაც ვერაფრით აღწევდა მის სივრცეს თავს... ვერც მის სუნს და მკლავებს... საშინლად მოუნდა ეკოცნა, თან ვერ ხვდებოდა, სანდრო რატომ არ დგამდა ნაბიჯს. თან არ უნდოდა ეს ახლა მომხდარიყო, თან ძალიან უნდოდა ეკოცნა. -გამატარე, -ისე ამოილაპარაკა, აშკარა იყო, რომ მისი გონება რაღაც სხვას დატრიალებდა. ასოთშეთანხმება კი „გამატარეს“ ამბობდა, მაგრამ გულით მსმენელი ყური მაშინვე გაიგებდა, რომ მაკას ხმა და ტუჩები საერთოდ სხვა რამეს ითხოვდნენ იმ წამს. სანდროს სუნთქვა ისე გაუხშირდა, რომ მაკას სახეზე ჩამოყრილი თმის ღერები ცხვირწინ აუფრიალდა. ის წყეული ბრეტელიც მაინც დამაინც ახლა გადავარდნოდა მხრიდან და თავს იმაზე შიშვლად გრძნობდა, ვიდრე მაშინ იყო, სააბაზანოდან გამოტანტალებული რომ დედიშობილა ჩაუვარდა ხელებში. -რომ არ მინდა? -მოძალებული გრძნობების ინერციით მიასკდა სანდროს ტუჩები მის ყელს და ერთმანეთში მონაცვლე ცივმა და ცხელმა ტალღებმა მაკას მთელს სხეულზე გადაურბინეს რამდენჯერმე და გულის კედელს მთელი ძალით მიასკდნენ. გული ყურებში უგუგუნებდა. -შენ გინდა? -სანდრო... -ვერც კი გაიაზრა ისე მიელულა თვალები მაკას, მთელს სხეულში ელექტროგადამცემი ძაფები გადახლართულიყვნენ თითქოს და ძაბვა ორგანიზმს უკავებდა. ვერ ამოძრავებდა ვერაფერს გარდა მკერდისა, რომელიც ღრმა სუნთქვისგან აუდ-ჩაუდიოდა. როცა მაჩაბლის ხელი მის წელს ოდნავ მოეშვა, იფიქრა, რომ გასაქცევად საკმარისი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ოდნავ გაირხა თუ არა მაკას სხეული, სანდრომ მაშინვე მოხვია ხელი წელზე, უფრო მაგრად აიკრა და მოულოდნელი წამოყვირებისგან ოდნავ გაპობილ ტუჩებს თავისი მიაგება. წინააღმდეგობის შეგრძნება, რომელიც მაკას გონებაში ყვიროდა, იმწამსვე მიჩუმდა. სურვილის ხმამაღალ სიჩუმეს ყველაფერი გადაეფარა მის გონებაში. ირგვლივ აღარაფერი არსებობდა ამ აუტანელი კაცის გარდა, რომელსაც მისი გონება, სხეული და გული ერთიანად მოეცვა და სხვა აღარაფრის ადგილი დაეტოვებინა. ჰაერი გამკვრივდა, შეიკუმშა და გარს შემოერტყა ერთმანეთზე აწებებულ წყვილს და კიდევ უფრო მიაჯაჭვა თითქოს ერთმანეთს. -ახლა ჩემს ოთახში რომ შემოხვიდე, იცოდე, მე არ გამოვალ იქედან და არც შენ გამოგიშვებ... -ტუჩები ოთახის განათებაზე ოდნავ უბზინავდა სანდროს. შუბლი მაკას აბურდულ თმებზე ჩამოედო და მისი სუნით ხარბად ივსებდა ფილტვებს. ქალი ოდნავ მოშორდა და ამღვრეული თვალებით ჩააშტერდა ეშმაკურად მომზირალს, სიხარულის ვარსკვლავები რომ უკრთოდნენ თვალებში. -მეორედ ვეღარ შემაცდენ, უბრალოდ გამოსაცვლელი მომიტანე. -სწრაფად მოშორდა, რომ ისევ რამე ხრიკი არ ემაჯრვა მაჩაბელს, თორემ თავის წვალებით ნაგროვებ მოთმინებასა და თავშეკავებას ყველაზე შორეულ ნაგავსაყრელზე მოისვრიდა, რომ ვეღარაფერი გაეგო და თავისი ნებით შეყვებოდა იმ ოთახში. სანდრო რომ ოთახიდან დაბრუნდა მაკას უკვე მისძინებოდა სავარძელზე. ცალ მხარზე დაწოლილს ორივე ხელი თავქვეშ ამოედო და მშვიდად ფშვინავდა. იმ წამს მიხვდა, რომ აქამდე ბევრი არაფერი უნახავს თავის ცხოვრებაში, მაგრამ მაშინ, იმ მომენტში, როცა ამ ქალს უყურებდა სხვა აღარაფრის დანახვა აღარ სურდა ირგვლივ. მხოლოდ მისი. ხელში რომ აიყვანა, მაკა ოდნავ შეიშმუშნა და თვალებიც გაახილა დამფრთხალმა. -არ იფართხალო, თორემ დამივარდები, -სიმშვიდეჩამდგარი ხმით უთხრა მაჩაბელმა, -უბრალოდ საწოლზე გადაგაწვენ. უჩვეულო სიმშვიდემ გაუყრუა მთელი არსება და სხეული მოუდუნდა. ძილი წამში შეიბრუნა. უსაფრთხოდ იყო. ავალიანების თაფლობის თვიდან დაბრუნებას მათ სახლში აღნიშნავდნენ. მაკას და სანდროს ამბავი საერთოდ არავინ იცოდა. თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ არავის არაფერი უნდა გაეგო. მაჩაბლის მძვინვარე გამოძიების პარალელურად მაკას პროფესიული ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა. სასწავლო წელი იწურებოდა, იმატებდა ტემპერატურა და გამოცდების მღელვარება, იზრდებოდა საზაფხულო საკითხავი კლასგარეშე წიგნების სია და იზრდებოდნენ მოსწავლეებიც. სხვა თვალი ვერც კი შეამჩნევდა, თუ როგორ შეიცვალა მაკას სამყარო, როცა რუტინა იგივე დაურჩა. თვითონ ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა, რომ ნაღმზე დადიოდა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აფეთქებულიყო. სანდროს დაკარგვის შიშმა გადაფარა მასთან ყოფნით გამოწვეული სიხარული. მხოლოდ მაშინ, როცა მარტო იყვნენ და სანდროს სკოლიდან სახლში მიჰყავდა, ან საღამოობით აკითხავდა, რომ უბრალოდ თვალი შეევლო მისთვის და მთელი დღის სამყოფი კოცნა წაეყოლებინა თან, მხოლოდ მაშინ ავიწყდებოდა ირგვლივ გამეფებული ქარიშხალი, რომლის საპირისპიროდაც შიშველი ხელებით მოძრაობდა მაჩაბელი. -ნუ მიყურებ ეგრე, თორე საერთოდ აღარ მოვალ შენს სანახავად, -ოდნავ განაწყენდა სანდრო, წასვლის წინ მაკას თვალებში ჩაღვენთილი ნაღველი რომ შეამჩნია. ისედაც ყველაფერს გრძნობდა. -სად შეგიძლია უჩემოდ მაგდენი ხანი გაძლო, -თვალი ჩაუკრა და ოდნავ აკოცა ლოყაზე. -ნუ მაიძულებ მამაშენს მოგტაცო და ჩემთან გამოგკეტო სამუდამოდ. -ეჭვი მაქვს, რომ ამაღამ სადღაც მიდიხარ, ხო ასეა? -თვალები მოჭუტა მაკამ. -ხო, საქმეზე. -ფრთხილად. -მეორე ლოყაზეც აკოცა მაკამ. მთელი ღამე ვერ მოისვენა. ბორგავდა. ირგვლივ ყველაფერი დუღდა და არც ღამის უმზეობა შველიდა რამეს. მღელვარებამ სხეული აუწვა. ვერც ურეკავდა სანდროს. იცოდა ასეთ დროს უბრალოდ ხელს შეუშლიდა და ყველაფერს გააუარესებდა, თუ დაურეკავდა. მაგრამ რაღაც აუტანელი, ცუდის მოლოდინი შიგნეულობას უჭამდა. ტელეფონზე საათს რომ დახედა, სამი ხდებოდა. ჯერ არც გათენებას აპირებდა. იცოდა, მაჩაბელი თავად დარეკავდა, როცა მოიცლიდა. ის-ის იყო ტელეფონი ბალიშის ქვეშ დააბრუნა, შეტყობინების ხმამ რომ დაიზუზუნა. გახარებულმა წამოყო თავი, რომ სანდროს მესიჯი წაეკითხა. „თუ გინდა გაიგო, ვინ გესროლა, დღეს დილის 10-ზე შენს სკოლასთან რომ მაღაზიაა, მანდ მოდი“ სხეული გამოუშრა თითქოს, ცივმა ტალღამ ჩამოურეცხა ყველა ემოცია სახიდან და ამ ბუღავარდნილ ღამეში სასოწარკვეთისგან გაიყინა. „შენს შეყვარებულს რამეს თუ ეტყვი, ცოცხალს ვეღარ ნახავ“ დარეკვა სცადა რამდენჯერმე, ტექსტური შეტყობინების გაგზავნაც, მაგრამ ნომერი, როგორც ჩანს, მაშინვე გააუქმეს. სასოწარკვეთისგან ჯერ კარგად გადაიხარხარა, სიცილი შემდეგ ტირილში გადაეზარდა. სანდროს რამდენჯერმე დაურეკა აფორიაქებულმა. მხოლოდ მეექვსედ უპასუხა. -მაკა, რა მოხდა? -აფორიაქებული ხმა ქონდა მაჩაბელს. -კარგად ხარ? -შენ, სანდრო, შენ კარგად ხარ? -კანკალებდა, ვერც ნამტირალევ ხმას იკავებდა, გული მხოლოდ იმან დაუმშვიდა, რომ სანდრო ცოცხალი იყო და არაფერი მოსვლია. -ტირი? რატომ ტირი? მაკა, რამე მოხდა? მე რა უნდა მომსვლოდა... -არა... არაფერი, -ხმა ჩაიწმინდა, სცადა აკივლებული შინაგანი ხმა და შიშისგან ჩამწვარი მუცელი დაევიწყებინა, -ცუდი სიზმარი ვნახე... -კარგად ვარ, ნუ გეშინია. -ოდნავ დაუწყნარდა ხმა მაჩაბელსაც, -სახლში მივდივარ. გთხოვ, ნუ ნერვიულობ ასე. -უბრალოდ სიზმარი იყო... -თავის თავსაც ამას აჯერებდა ნატროშვილი, მაგრამ სანდროსგან განსხვავებით, მისი გონება ხმამაღლა გაჰკიოდა იმ სიტყვებს, რომელიც უკვე რამდენიმე წუთია მის არსებას არ ტოვებს და სულს უწეწავს. -მე მიყვარხარ. ვერ მოითმინა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. როგორც კი ჰორიზონტს მზის პირველი სხივი გამოეპარა, მაშინვე წამოხტა. ნერვიულობისგან სახიდან ყველა ფერი ჩამორეცხვოდა. გათეთრებოდა ტუჩებიც. მხოლოდ მწვანე თვალები ანათებდნენ სასოწარკვეთისგან. დილის რვა საათზე გავიდა სახლიდან. საკუთარ თავს ებრძოდა, რომ სანდროსთვის არ დაერეკა და ყველაფერი მოეყოლა. შიშმა, რომ მას თუ ესროლეს, მაჩაბლის მოკვლაც არ გაუჭირდებოდათ, ყველაფერი გადაფარა ირგვლივ. ზაფხულის გრილი დილაც, ჩიტების ჭიკჭიკიცა და ხასხასა ფერებიც. გულზე თითქოს ყველაზე დიდი გემის ღუზა გამოებათ ისე დამძიმებოდა. ცხრა საათზე უკვე იქ იყო. მაღაზიაში კონსულტანტის და ერთი კაცის გარდა, რომელიც სიგარეტს ყიდულობდა, არავინ იყო. ვიტრინებს შორის გაუაზრებლად დაიწყო სიარული, ამ კაცსაც იჭვნეულად აკვირდებოდა, მის ყველა მოქმედებას სწავლობდა. ეგებ ეს ყოფილიყო „ის“, ვინც დაიბარა. მაგრამ უჩვეულო ვერაფერი შეატყო. ჩვეულებრივი, ორმოცდაათ წელს გადაცილებული კაცი იქნებოდა, ალბათ, შვილიშვილი ბაღში წაიყვანა და ახლა სახლში მიდის, რომ დილის საინფორმაციოს მიუსწროს. -კალამი შეიძლება? რაღაც გამახსენდა, და რომ არ დამავიწყდეს მინდა ჩეკს მივაწერო... -მიმართა კონსულტანტს ისეთი უშუალო და ჩვეულებრივი ხმით, მხოლოდ ნატროშვილისნაირი დაფეთებული ადამიანი თუ შეთხზავდა აქედან კონსპირაციებს. მაკამ ყურები დაცქვიტა. დაიძაბა. ოდნავ მიუახლოვდა და კაცის მარჯვენა ხელის მოძრაობას დაკვირვებით მიაშტერდა. ჩეკზე რაღაცას წერდა. მერე კალამი მოლარეს დაუბრუნა და ჩეკიანი ხელი ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ ქაღალდის მართკუთხა ნაჭერი ჯიბის ნაცვლად იატაკზე დააგდო და მაღაზიიდან აუჩქარებლად გავიდა. მის გარდა ვერავინ ვერაფერი შენიშნა. ლამის მაკას ფეხებთან დავარდნილი ჩეკის ფურცელი ამოტრიალებულიყო და ზედ რაღაც რიცხვები ეწერა გაკრული ხელით. ნომერი იყო. გულმა თითქოს რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და მერე ერთიანად იფეთქა. აკანკალებული თითებით აკრიფა ნომერი და ყურთან მიიტანა ტელეფონი. არაფერი ესმოდა დაძაბულობისგან. -მომისმინე, ბევრი დრო არ მაქვს, -ის კაცი იყო, წეღან მოლარეს რომ ელაპარაკებოდა, ოღონდ ბევრად საქმიანი და მობილიზებული ხმა ჰქონდა, სწრაფად საუბრობდა, -ნუ გეშინია. მე პოლიციიდან ვარ. სანდრო ჩემთან ერთად მუშაობს. არ იცის და არც უნდა გაიგოს, რაც ხდება. თავი ხელში აიყვანე და არაფერი თქვა. რითაც არ უნდა დაგემუქრნონ, ხომ გაიგე? მაქედან პირდაპირ სახლში წადი. მე თვითონ დაგირეკავ. ნუ გეშინია, მაკა. სანდროს არაფერი მოუვა. სანამ რამის სათქმელად პირის გაღებას მოასწრებდა, მანამ გაუთიშეს. ოდნავ შვება იგრძნო, თითქოს მაგრად მოჭერილი თითები შეუშვეს გულიდან და ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. შეიძლება, ამ კაცს არ უნდა ენდოს, შეიძლება უარეს მახეში ეხვევა, მაგრამ იმის მოსმენამ, რომ სანდროს არაფერი დაემუქრებოდა არნახული ძალა შემატა. წყალი იყიდა და სკოლის ეზოში დაჯდა დროის გასაყვანად. ერთმანეთთან ვერაფერს აკავშირებდა. საერთოდ ვერაფერს. არავინ იცოდა სანდროს და მის ურთიერთობაზე, არავისთვის უთქვამს, საიდან უნდა გაეგოთ? ან ამ კაცმა საიდან გაიგო, ვინ დაიბარა, სად, საიდან მიხვდა რომ შეშინებულია და სანდროთი დაემუქრნენ..... თითქოს სხვებმა უკეთ იცოდნენ მის ცხოვრებაზე ყველაფერი, ვიდრე თავად. ვიღაცის დაწერილ სცენარს თამაშობდა და არც იცოდა, რა ელოდა სპექტაკლის ბოლოს. დრომ ერთი საათი ერთ საუკუნეში გალია თითქოს. მაღაზიაში გადასასვლელად რომ ადგა, სწორედ მაშინ დაინახა ეზოში თორნიკე გიორგობიანი. ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი ღიმილიანი სახით მოაბიჯებდა მისკენ. მის ორგანიზმს ამდენი შოკის ერთ დღეში გადატანა ნამდვილად არ შეეძლო. მუხლები საბოლოოდ მოეკვეთა და ისევ ხის სკამზე მიეგდო ძალაგამოცლილი. დარწმუნებული იყო ცოცხალ-მკვდარს ჰგავდა იმ წამს. მერე იმ პოლიციელის სიტყვები გაახსენდა და სცადა, ძალა მოეკრიფა. ვერც ერთს ენდობოდა იმ წამს, მაგრამ ძალიან უნდოდა იმ კაცის სიტყვები დაეჯერებინა, რომ რაღაცის ძალა ჰქონოდა ამ მავთულხლართებში გახვეულს. -ადრე მოსულხარ, -მხიარულად შესძახა თორნიკემ და გვერდით მიუჯდა. მაკა წარბშეკრული, ცარიელი მზერით მიაშტერდა. -ნუ, მაინც მასწავლებლები პუნქტუალობასთან ყველაზე ახლოს ხართ... -შენ მომწერე?! -გამჭრიახებიც ხართ, -უფრო ფართოდ გაიღიმა თორნიკემ. -შენი ბიჭი არ წამოგიყვანია. კარგი გოგო ხარ. გუშინ საქმეზე იყო და დღეს ალბათ გამოძინება სჭირდება, აცადე, დაისვენოს... ამდენი ხანია დაგვდევს ენაგადმოგდებული ძაღლივით... ა, უი... ისედაც ძაღლია, დამავიწყდა. -რას ლაპარაკობ... -ხმა გაუცივდა მაკას. ამ კაცმა ისედაც ყველაფერი იცოდა. -კარგი ახლა, დავიჯერო არ მოგიყვა სანდრიკომ? ისე უყვარხარ, როგორ დაგიმალავდა... -ჩაიქირქილა თორნიკემ, ირონიული ღიმილი წამითაც არ მოშორებია სახიდან. -ისე გიფრთხილდება... რა საყვარელია... -რას ლაპარაკობ-მეთქი! -წამოიყვირა მაკამ, მოუნდა იმ თვითკმაყოფილ სახეში მაგრად შემოელაწუნებინა ერთი-ორჯერ. -რატომ დამიბარე აქ, ან ვინ მესროლა... ან განზრახ რატომ მესროლა, რა ხდება საერთოდ, ყველა შეიშალა? -ხო, მაგას ნამდვილად არ გეტყოდა სანდრიკო. იმიტომ რომ არ იცის თვითონაც. აი, შენ რომ გაიგებ, ზუსტად ისე მოიქცევი, როგორც მე გეტყვი, ბარტყო. დიდ ხანს კი გვიმალავდა თავისი პოლიციასთან თანამშრომლობის ამბავს, მაგრამ ხომ იცი, მამამისის და მამაჩემის კავშირებით რთულია რამე დამალო....შენ არ წამოგცდეს, ოღონდ... მაგ საწყალს ჰგონია, კვალზე გამოვიდა, სადაცაა ჩაგვავლებს, მაგრამ სადაა ეგრე. არ მეთანხმები? ხომ იცი ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფიან. აი, შენ თუ არ გინდა, მაჩაბლის მეორე ბიჭიც მივასიკვდილოთ, უნდა მოაშორო აქედან. ერთხელ არ გამიჭირდა შენი დაჭრა, მეორედ უკვე ვთხოვ, აღარ აგაცილონ... მერე შენს ბიჭსაც მოგაყოლებთ და იფარფატეთ სამოთხეში თქვენთვის, ჩვენ დაგვანებებთ თავს. ჰა, რას იტყვი? რომელი გირჩევნია? -შენ? -ენა ჩაუვარდა მაკას, -შენ რანაირად.... იქ იყავი. -ნუ დაშტერდი ახლა, გოგო. -ხმა გაიმკაცრა თორნიკემ, მაკას ზიზღი ყელში მოებჯინა და მუცელში ისე დაუტრიალდა საზიზღარი შეგრძნება, რომ ლამის პირღებინება დაეწყო. -ჩემით გავისვრიდი ხელს შენს სისხლში? ორი კაპიკია შენი ფასი. ნებისმიერი დათანხმდება მაგ თანხას ვიღაც არარაობის დასაჭრელად. მოკლედ, მესიჯი კი გამოვუგზავნეთ სანდრიკოს, შენ რომ გესროლეს. შევაფხიზლეთ ცოტა. ტესტი ვერ ჩააბარა, სამწუხაროდ. სადღაც სიარულს მოუხშირა, გამოძიება დაიწყო და ნუ მოკლედ, მაგისი საიდუმლოც გაცხადდა. ძალიან კი ფრთხილობდა, მაგრამ... სამწუხაროა. მაინც ვერ დაიჭერს ვერც მისი ძმის მკვლელს და ვერც მისი შეყვარებულის დამჭრელს... იმიტომ რომ თავისი შეყვარებული ყველას მოსდებს სიმართლეს, თუ როგორ თვალთმაქცობდა სანდრიკო, თითქოს პოლიციიდან წამოვიდა... მერე სანდროს გული გაუტყდება, შეგიძულებს, მიგატოვებს, მამამისი ისევ ამერიკაში გააგდებს და აქ აღარ დაბრუნდება. ჰა, როგორ მოგწონს? -გულისამრევი ხარ. -ღვარძლით სავსე ხმით ამოიხვნეშა მაკამ, მთელს სახეზე სისხლი მოსწოლოდა, გული ყურებში უგუგუნებდა. -უი, ერთი დეტალი გამომრჩა... -სკამზე მხიარულად შეხტა თორნიკე და გულის ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო. -შენს კომპანიას რაღაც პრობლემები შეექმნა საბაჟოზე. მიდი ერთი ხელი მოაწერე, თორე ამდენი ხანი ტვირთის იქ გაჩერება როგორ შეიძლება. -ხელს არაფერზე მოვაწერ და მე კომპანია არ მაქვს. -ნუ ჭირვეულობ, -ბოროტულად გაუღიმა კაცმა, -აზრი არ აქვს, ხომ ხედავ, მე ისეთ კარგ ხასიათზე ვარ. გინახავს ადამიანი ჩემსავით ლაღი იყოს, როცა რამის ეშინია? შენი ბიჭი მაგიტომ დადის ეგრე დაბღვერილი დღე და ღამე, სულ შეშინებულია. არ მოაწერ, ნუ მოაწერ. გითხარი რა ბედიც ეწევა შენს ბიჭიკოს შენი დაუმორჩილებლობის გამო. -ნუ მემუქრები სანდროს სიცოცხლით, თორე ჩემი ხელით მოგკლავ. არ დამენანება, ისე ჩავჯდები თუ შენს დამპალ არსებობას გავაქრობ ამ სამყაროდან. -იცი, სიმართლე გითხრა, -ქალის სიტყვები თითქოს არ გაუგია, ისე გადაიდო ფეხი ფეხზე გიორგობიანმა და თვალებში ჩააშტერდა მაკას. -შენი და სანდრიკოს სიყვარულის ამბავი არ გაგვითვალისწინებია და ხომ ხედავ სად გამოგვადგა... ლევანის გამოყენებას ვაპირებდით, მაგრამ ძმაკაცს საყვარელი ქალი არ ჯობია ასეთ დროს?! მოაწერე ხელი, თორემ ერთი ზარიც და შენი სიყვარულის შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში გულდასაწყვეტ ამბავს გაიგებ. მაკამ კანკალით გამოართვა კალამი, ფურცელი აცახცახებულ მუხლებზე დაიდო. -გარკვევით, ძვირფასო. ხელი მოაწერა თუ არა, მაშინვე გამოგლიჯა ფურცელი ხელიდან მაკას. -ახლა შენც ჩემნაირი ხარ, ძალიან გაუხარდება შენს ბიჭს, როცა გაიგებს, რაც გააკეთე. მიდი, წაცუნცულდი ახლა და არ დაგავიწყდეს, ძალიან შორს უნდა მოუნდეს წასვლა. სახლამდე როგორ მიაღწია არც ახსოვს. ირგვლივ ყველაფერი ერთმანეთში გადღაბნილიყო, თითქოს ჯერ კიდევ გაუშრობელ ზეთის ტილოს ვიღაცამ სველი ფუნჯი გადაუსვა. მთელი სხეული უგუგუნებდა და ეგონა გარშემომყოფთაგან ყველას ესმოდა მისი სულის კივილი. შეკავებლი ცრემლებისგან ყელი ასტკივდა. სანდროსგან შემოსული რამდენიმე ზარისთვის პასუხის გასაცემად ენერგიაც კი არ ეყო. ვერც ტყუილი მოიფიქრა სათქმელად. ძალაგამოცლილი მარიონეტივით მიჩანჩალებდა გზაზე მცხუნვარე მზეში და შიგნიდან მთლიანად გაყინულს ვერაფერი ათბობდა. სანდრო განადგურდებოდა. თავისი ხელით ამას ვერ გააკეთებდა. ერჩივნა თავი მოეკლა, საერთოდ მოშორებოდა აქაურობას, ვიდრე სანდროსთვის ეღალატა. იცოდა, რად დაუჯდა მისი ნდობა მაჩაბელს. განაჩენი იქნებოდა მაკას ღალატი. მაგრამ მისი სიცოცხლე...... ნეტავ თვითონ რას აირჩევდა მის ადგილას. სანდრო როგორ იპოვიდა გამოსავალს. ის ხომ ყველა სიტუაციიდან ახერხებდა გზა ეპოვა. სუფთა და მართალი გზა. სახლში მისული საწოლზე მკვდარივით მიეგდო. თვალებგახელილი მისჩერებოდა კედელს და როგორც სული, გონებაც ისეთივე დაცარიელებული გაუხდა. ცრემლისგანაც გამოშრა, გრძნობებისგანაც... აღარაფერი დარჩენილიყო მისგან. ტუმბოზე უცხო ტელეფონი აწრიპინდა. ჯერ წარბები შეკრა. მერე მიხვდა, ალბათ ის პოლიციელი იყო და ტელეფონიც მან დაუტოვა სახლში. ზედმეტი კითხვების დასმით თავი აღარ შეიწუხა. ამ ხალხმა ისედაც ყველაფერი იცოდა მის ცხოვრებაზე. ტელეფონის მის ოთახში შემოტანა არ გაუჭირდებოდათ. ძველი მობილური იყო. სქელი და ღილაკებიანი. ბავშვობაში იყო მოდაში ასეთები. -გისმენთ, -ისე ამოიხრიალა, საკუთარი თავი ვერ იცნო, მაგრამ ამასაც კი არ გამოუწვევია მასში არანაირი შეგრძნება. მგონი, ეს იყო ცოცხლად სიკვდილი. -იცის ხომ? -ის კაცი იყო. -სანდროს მოშორება გთხოვა. ასეა? -კი. ყველაფერი იცის. ხელი მომაწერინა საბაჟოს დოკუმენტზე. სანდროს საიდუმლოს გამხელა დამავალა, მერე მიტოვება, რომ წავიდეს და საქმეს თავი დაანებოს. -კარგი. არ იღელვო. გააკეთე, რასაც გეუბნება. ყველაფერი დეტალურად შეუსრულე. ამ ნომერზე მხოლოდ ამ ტელეფონით დამირეკე. ვერ შეგხვდები, ვერ გნახავ. მხოლოდ ასე შევძლებ დაგიკავშირდე. გაიგე? ოპერაციის ჩაშლას სანდროს დავაბრალებ, სამსახურიდან გავაგდებ... მამამისი ისევ ისე მოიქცევა, სხვა გზა არ აქვს, უნდა გაარიდოს აქაურობას, თორემ მოკლავენ. ეს მანაც იცის. თან ახლა საარჩევნო პერიოდია და არეულობა არ სჭირდება. -ვერ გავიგე, ახლა მე უნდა ვიყო თქვენი ჯაშუში?! -სწორად გაიგე. მაგრამ სხვამ არავინ უნდა იცოდეს. არც სანდრომ. თორემ არ წავა და არ დაგტოვებს მარტოს. ხომ გაიგე? ჩაშლილი ოპერაციის მერე შენთან მოვარდება, გაბრაზებული იქნება. შენც ეტყვი, რომ თავი გადაირჩინე და მეგობრებიც გადაარჩინე, რომ არ გიყვარს და გამოიყენე, რომ მისი საიდუმლოები გაგეგო. გაიგე?! -მაგას ვერ ვეტყვი. -ხმა გაუტყდა მაკას, გული მწარედ შეუტოკდა და შეკავებულმა ცრემლებმა ცხვირი აუწვა. პირზე ხელი აიფარა ხმამაღლა რომ არ დაეღრიალა. -უნდა უთხრა. ასეა საჭირო. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, სანდრო გაპატიებს და შეძლებ, ყველაფერი აუხსნა. ახლა არა. ძლიერი უნდა იყო მისთვის. გაიგე?! -არასდროს მაპატიებს... მეშინია რამე არ დაუშავონ... მეშინია თვითონ არ მივიდეს იმ შეშლილ გიორგობიანთან, როცა სიმართლეს გაიგებს. -არ მივა, შენით ემუქრებიან. მაგ ძაღლიშვილებს ყველაფერი გათვლილი აქვთ. არ მივა. არავითარ შემთხვევაში არ გაგწირავს. გაიგე? გააკეთე, რასაც გეუბნები. ლევან ავალიანთან წადი დღეს საღამოს და ყველაფერი მოუყევი. დაგეხმარება. მხოლოდ ამ ნომრით დამიკავშირდი და ხალხში ნუ ატარებ, დამალე. მაკა პირღია, შოკირებული დიდხანს იჯდა თავის საწოლზე. ტელეფონი ისევ ყურთან ჰქონდა მიდებული. დასასრული იწყებოდა. -მაკუნა, რა სახე გაქვს, გოგო? -თბილად მოეხვია ლევანი. -შეიძლება ვილაპარაკოთ? -ძლივს გაუღიმა მაკამ. ყოველ შემთხვევაში, სცადა. -კი, წამო ჩემ ოთახში. მშვიდობაა? არ მომწონს შენი ფერი. -არ ვიცი, რა ხდება ლევან. -კარი მოიხურა თუ არა, მაშინვე იქვე მიაგდო ჩანთა მაკამ, სავარძელში ჩაჯდა და თმებში ხელი შეიცურა. -თორნიკე გიორგობიანი შემხვდა დღეს დილით. გვიან მომწერა წუხელ. თუ გინდა გაიგო ვინ გესროლა, მოდი შენს სკოლასთანო. მე მოვაწყვე შენი დაჭრის ამბავი და მოგკლავ, თუ სანდროს ამ საქმეს არ ჩამოაშორებო...გამოძიებას, რომელთანაც სანდრო საიდუმლოდ თანამშრომლობდა მთელი ეს დრო.... -მერე? -მშვიდად უყურებდა ლევანი. მაკა გაშრა. -რა მერე? -ხმა აუკანკალდა და ცრემლები თვალებზე მოაწვა, -იცოდი ეს ყველაფერი? -ვეჭვობდი, რომ შენი დაჭრის ამბავი გიორგობიანმა დაგეგმა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ასეა და ჩემი ხელით ვაგებინებ პასუხს მაგის გამო. რაც შეეხება სანდროს ამბავს, კი, ვიცოდი. -რა.. საიდან... ღმერთო, გამაგიჟებთ. ყველას საიდუმლო როგორ გაქვთ?! -მეც პოლიციასთან ვთანამშრომლობ, მაკა. დავითმა მითხრა, რომ მოხვიდოდი. -რა... ჰა? -ფეხზე წამოხტა მაკა, მერე ისევ დაჯდა თავის ადგილას. -შენც? სანდრომ იცის? -არა, ხო იცი, როგორი ფიცხია. -გაეღიმა ლევანს, თანაც ისე, რომ მაკას მოეჩვენა, მასაც კარგად მოეხსენებოდა, რამდენად კარგად იცოდა სანდროს ხასიათი და რატომ. -შენ არაფერი დაგიშავდება. ახლა მთავარია, გიორგობიანებს ეგონოთ, რომ ჩვენ, ორივე მათ დაკვეთას ვასრულებთ და სანდროს ვღალატობთ. -ლევან, არ შემიძლია... -მესმის... არც მე... ჩემთვისაც რთულია, მაგრამ მე უკვე შევეგუე იმას, რომ სანდრომ ჩემი ნდობა დაკარგა, მხოლოდ ის მამხნევებს, რომ ჩემს ადგილას ვიცი, თავადაც ასე მოიქცეოდა. დამერწმუნე, არც დაფიქრდებოდა, ისე გააკეთებდა შენთვის ყველაფერს. -გული ეტკინება. საშინლად თან, ვერ ვეტყვი, რომ არ მიყვარს და მოვატყუე... რომ ჩემთან ყველაფერი დაეფქვა. არ შემიძლია. -უკვე ქვითინებდა მაკა. ავალიანი მაგრად ეხვეოდა, -ყველაზე მეტად თვითონ იტანჯება, ლევან. ძმა დაკარგა. არავინ მხარს არ უჭერს... იმის არ მეშინია, რომ შემიძულებს... მეშინია, რომ ძალიან ეტკინება. ვერ გადავიტან მის განადგურებას. -მაკო, მომისმინე, -ხელებში მოიქცია მისი სახე ლევანმა, ცრემლებს წმენდდა თუ არა ახალი უგორდებოდა ლოყაზე ნატროშვილს. -ახლა მისთვის ასე ჯობია, კარგი?! დამიჯერე, ყველა პასუხს მიიღებს ტატოს გამოც, დედაშენის გამოც, ყველაფრისთვის, ხო? მერე სანდრიკა ჩამოქროლდება და ყველაფერი მოგვარდება. -მამამისი და გურამი ბიძია მართლა გარეულები არიან ამაში? მართლა დამნაშავეები არიან? აღარ შემიძლია, ლევან. მგონია ჩემ ირგვლივ ყველას ნიღაბი აქვს აფარებული. ან ტასო? ტასომ რა იცის? -არაფერი, არც უნდა გაიგოს. ხო იცი, რა ფეთხუმია. რაღაცას მიქარავს აუცილებლად... გურამს არ იცნობ? შენი აზრით, ოდესმე მოკლავდა ადამიანს? რამე არასწორს გააკეთებდა ოდესმე? ორივე გიორგობიანის ჩათრეულია, ზუსტად შენსავით... დაშინებით... როგორც კი გივი მაჩაბელმა მის წინააღმდეგ წასვლა გაბედა, მაშინვე მისი შვილის გვამი მიუსვენეს სახლში. ჩუმად. ფრთხილად. მაგრამ ყველა გვეხმარება, გაიგე? სანდროც არაა მარტო, ეგ თვითონ ჰგონია, რომ ეგრეა... გივი მაჩაბელი შეცდა, წინდაუხედავობის გამო შვილი დაკარგა. სანდრო ამიტომ დებს ბრალს ყველაფერში... შენი აზრით, რომ არ მდომოდა დავუდგებოდი ადვოკატად ისეთ ადამიანს, ვინც შვილი გაწირა? ეს კავშირია, მაკა. გივი მაჩაბელი გიორგობიანებთან მაკავშირებს... ყველა ბეწვის ხიდზე გავდივართ ახლა, მაგრამ ნუ შეგეშინდება, მაგ ხიდს სწორ გზამდე გავყავართ. შენ ყველაზე ძლიერი უნდა იყო ახლა. მესმის, ყველაზე მეტად შენ გიმძიმს ახლა სანდროს გამო, მაგრამ გახსოვდეს, რომ მის სიცოცხლეზე ძვირფასი არაა ახლა არაფერი. -ხვალ საღამოს აქვს ოპერაცია დაგეგმილი... -ვიცი. მე უნდა მივიდე. ხვალამდე ნურაფერს ეტყვი, თვითონ გაიგებს. ასე ჯობია, კარგი? ყველა შენთან ვართ და ყველას შენი იმედი გვაქვს. ძალიან მიყვარხარ მაკო, ყოველთვის ისეთი ძლიერი იყავი, სულ... ახლა ისე მიმძიმს შენი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, რომ ვერ აღგიწერ. ყველაფერს გავცემდი, ოღონდ შენი გარიდება შემეძლოს. -მე წავალ მაშინ, -უღონოდ წამოდგა მაკა. მხრებჩამოშვებული გავიდა ოთახიდან. -ტასოს მოკითხვა გადაეცი. ფეხებმა თავისით მიიყვანეს მისი კორპუსის წინ. დღეს მგონი ბოლოჯერ ნახავდა ისეთს, თვითონ რომ უყვარდა. წყენის, ბრაზის და იმედგაცურების გარეშე აციმციმებულ თვალებს, ეშმაკები რომ დაუხტის ერთი ირისიდან მეორეში. ახლა მისი ნახვა, მოხვევა და ჩახუტება ისე უნდოდა, როგორც არაფერი ამქვეყნად... მაგრამ საკუთარი ეგოიზმი თავს უფრო აძულებდა, როცა იცოდა, რა რეალობის წინაშე დადგებოდა ხვალ მაჩაბელი. შიგნეულობა ჩაეწვა. როგორ უნდა ეთვალთმაქცა იმდენად ოსტატურად, რომ არ შეტყობოდა, შიგნიდან როგორ კვდებოდა რეალურად. როგორ ჭამდა მათი გამოცხადებული დაშორება..... ეს ბეწვის ხიდი, რომლიდანაც მის გადაგდებას თავისი ნებით ჩავარდნა ერჩივნა. უკვე მისი კარის წინ იდგა. -შეიძლება დღეს შენთან დავრჩე? -ძალდატანება არ დასჭირვებია, ისე გაეღიმა მის დანახვაზე. დამშვიდობება იწყებოდა, გაჰკიოდა მისი სული, მაგრამ სანდროს ხმა, მისი სიახლოვე ყველაფერს აყრუებდა, თანაც ეს სიახლოვე იქნებ უკანასკნელიც კი იყო...იქნებ არასოდეს ეპატიებინა.... ეს ღამე დასჭირდებოდა, როცა ძილის წინ ყოველ ღამე გაიხსენებდა მის სახეს და აციმციმებულ თვალებს აწკეპილი წარბების ქვემოდან... ზუსტად ისეთს, როგორიც ახლა იყო... ზუსტად ასეთი უნდოდა ხსომებოდა ხვალინდელი დღის შემდეგ. -არადა, მეგონა მე მომიწევდა ხვეწნა... შენი ფეხით თუ მოხვიდოდი, რას ვიფიქრებდი მაკრინე? -ნუ მაიმუნობ, ხვალ დიდი დღეა... -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ნატროშვილმა და ცხვირი მის ყელში ჩარგო. ყველაფერს იმახსოვრებდა.. მის სუნს, მისი კანის გემოს და შეხების დროს გამოწვეულ უსაზღვრო სიამოვნებას. -თან ვიცი, რო მოგენატრე... -დასასჯელი რომ ხარ ზარებს რომ არ პასუხობდი, ეგ არ იცი?! -ახუტებული შეიყვანა სახლში, -მაგრამ თუ ასე უნდა მომეფერო, არ გაგიბრაზდები..... -სულ ასე მინდა... შენთან. -სულ ასე იქნები, ხო გითხარი, ვერ მომიშორებ. „შენ მომიშორებ“.... „შენ მომიშორებ“.... კიოდა მაკას მთელი შინაგანი სამყარო. //////////////////// მოკლეთ, მოვედი, ვიცი ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ ამ თავად ღირდა, ალბათ დამეთანხმებით... შემდეგი რამდენიმე დღეში იქნება :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.