შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი შესვენება (5 ნაწილი)


11-04-2023, 00:47
ავტორი nestandarejan
ნანახია 3 893

-ჩამსვი! აიხდინე ოცნება, მოდი!
მეთაურმა ღრმად ამოიხვნეშა. მტკივნეულად გასერა გულში, თითქოს შხამით გაპოხილმა ისარმა გაუარა და გამჭოლი ჭრილობა დაუტოვა. დანარჩენებს ხელით ანიშნა, იარაღი დაეშვათ და არ გაყოლოდნენ. ყველა გაურკვეველ ემოციას ერთად მოეყარა მის არსებაში თავი და უეცრად ძალიან პატარად იგრძნო თავი, როცა ამ კაცის წინაშე უნდა დამდგარიყო. ნელი ნაბიჯებით გავიდა სამალავიდან. მარჯვენაში იარაღი ჯერ კიდევ ეჭირა. ფეხებქვეშ ქვა-ღორღი უღრჭიალებდა და ოფლით დაცვარულ შუბლზე ნიავი საამოდ ედებოდა. ვერ ხვდებოდა, ახლა ამ კაცის მიმართ გრძნობდა ბრაზს თუ იმ ქალის მიმართ, რომელსაც ენდო. ქალს ენდო. ოპერაცია, რომელსაც ამდენი ხანი გეგმავდა, საკუთარი ხელით დაანგრია. ქალის გამოსახულება გონებაში გაეცრიცა. ავალიანი გაცხარებული იდგა მის წინაშე. გულ-მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა.
-ხო, მარტო ვარ! -ისევ ხმამაღლა ღრიალებდა, თუმცა მეთაური მის წინ იდგა და ჩურჩულსაც ჩვეულებრივ გაიგებდა. -მამაჩემსაც ხომ არ ელოდი?
-ლევან, რა გინდა აქ? -საკუთარი ხმა სადღაც შორიდან გაიგონა სანდრომ.
ახლა არაფერი ადარდებდა გარდა იმისა, რომ მაკასთვის თვალებში ჩაეხედა და ეკითხა: რატომ? რატომ? მილიონჯერ... სანამ პასუხს არ მიიღებდა.
-რას აკეთებ, თუ იცი?
-საიდან გაიგე? -პირველი ეჭვი მასზე მაინც ვერ მიიტანა. არასდროს გაუკეთებდა ამას. არასდროს. არ გასცემდა. სისულელე იყო. მაკრინე ამას არ გაუკეთებდა.
-მაკამ მითხრა. -გამეხებულიყო ავალიანი, თვალები ბრაზისგან ჩაწითლებოდა, პერანგის ღილები ჩაეხსნა მკერდამდე. მძვინვარებდა, როგორც ამოფრქვევას მყოფი ვულკანი. სანდრო კი უფრო დაპატარავდა. სხეული მოემჩვარა თითქოს და ერთადერთი, რისთვისაც ძალა ყოფნიდა ეს ფეხზე დგომაღა იყო, რადგან ზურგში ჩაცემული დანა პირდაპირ გულში გაეყარათ.
-მამაჩემის დაჭერა გინდოდა, ხო? მამაშენისაც და გიორგობიანისაც... იცი, რომ მაკას დაჭერა მოგიწევს ჯერ? ჩასვამ მაგ ქალს? მითხარი! ხო გიყვარს! რა იყო, გგონია ვერ შეგატყე? გიჟივით რო იცავდი ჩემგან, ბიჭო... ჩემგან, მერე დამიმალე, არც მითხარი. ჩემი მეჯვარე მაინც არ ყოფილიყავი, ტო.
-ყველა ასეთი მოღალატე როგორ ხართ...
-ხელი მოაწერინეს რაღაც საბაჟოს დეკლარაციაზე, -თავისას განაგრძობდა ავალიანი. სანდროს კი ყურები დაგუბებოდა ირგვლივ გამეფებული უსამართლობისა და ღალატისგან. მთელი სხეული ბრაზით, იმედგაცრუებით და ტკივილით უგუგუნებდა. -იცი ეს რას ნიშნავს?
-მამაშენს მოკითხე მაგის გამო! იმ შტერს მე გავცემ პასუხს, ათასჯერ ვუთხარი... ათასჯერ, რო არაფერზე ხელი არ მოეწერა.
-მაკას ენდე, წესიერად არ იცნობდი და ენდე... მე ამდენი წელია მიცნობ, ამდენი წელია შენი უახლოესი ადამიანი ვარ, როგორ არ მითხარი არაფერი?
-როგორც ხედავ, ყველას ნდობაში შევცდი! მე თუ საიდუმლოდ ვმოქმედებდი ამის მიზეზი მქონდა ლევან, შენ ყველაზე კარგად უნდა გესმოდეს ეს და ახლა ჩემ წინ არ უნდა იდგე და სხვას არ უნდა ექომაგებოდე. გესმის? მე ძმა მომიკლეს იმ ახვრებმა, თორნიკე გიორგობიანი თვალებში მიყურებდა და დამცინოდა, მოდი დამიჭირე თუ მაგარი ხარო. ეგეც არ შეგიძლია, რო შენი ძმის მკვლელს სამაგიერო გადაუხადოო. შენ ხვდები მე რას ვცდილობდი საერთოდ? სამართალი მინდოდა და არა ვინმეს მოკვლა, მაგრამ თურმე იქვე უნდა გამეხვრიტა იმ არაკაცის შუბლი, იქვე უნდა მიმეკლა, როცა ყველაფერი დავყნოსე... იმიტო რო არანაირი სამართალი ამ ქვეყანაზე არ არსებობს, არანაირი...
-ერთადერთი, რაც მინდოდა შენთან ერთად მოქმედება იყო, შენ გვერდით ყოფნა და მაგის უფლებაც არ მომეცი, სანდრო. ყველაფერს შენ თავზე იღებ, მარტომ გინდა გაუძლო და ხო ხედავ, ეგრე არ გამოდის.
-რაც შენ ახლა გააკეთე, ან რაც მაკამ გააკეთა, შენი აზრით, ეგ ჩემ გვერდით დგომას ნიშნავს? მითხარი... შეიძლება ბიჭო რომელიმეს რო მოგნდობოდით? ის ქალია... -ხმა რომ არ შეცვლოდა, ღრმად ჩაისუნთქა სანდრომ და გვერდზე მიიხედა. ძალა აღარ ყოფნიდა გაგრძელების.
-მაკას გიორგობიანმა ესროლა, -მზერა წამში შეეცვალა სანდროს, სწრაფად შეხედა ლევანს, -გუშინ დილით დაიბარა, დაემუქრა, შენ თუ გეტყოდა, მოგკლავდა. მივიდა, საბაჟოზე ხელი მოაწერინა და უთხრა მე ვასროლინეო, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც გეტყვი... ნუ მოკლედ, დაემუქრა, შეაშინა და ძალით მოაწერინა ხელი.
-და ის შენთან გამოიქცა, რო ეგ ყველაფერი მოეყოლა, ხო? -საშინლად არ უნდოდა ამ გრძნობას, რასაც იმ წამს განიცდიდა, იმედგაცრუების ან ეჭვიანობის სახელი რქმეოდა, მაგრამ უკვე აღარ იცოდა, საკუთარ გრძნობებსაც ვეღარ ენდობოდა. ვეღარაფერს.
-ხო, ამ ოპერაციის ჩაშლა დაავალა. ტვირთი აქ არის, ნახევარ საათში მოვა. ცარიელია და დაამტკიცებ, რომ ფული თეთრდება იმ კომპანიით, რომელიც მაკას სახელზეა გაფორმებული. ერთადერთი დამნაშავე აქ მაკა იქნება, სხვა არავინ.
-იცი, რა მაინტერესებს, ლევან? მამაშენმა მაინც და მაინც მაკას სახელზე რატო გააფორმა ის კომპანია? მერე ფულის გათეთრება დაიწყო... ხელი რო შეეწმინდათ მისთვის? ჰა? ხო ხედავ, რა დროს გამოადგათ?
-ვიცი, რო შენც არ გჯერა იმის, რასაც ახლა ამბობ, სანდრო. გურამი არასდროს არ გაწირავდა მაკას. კომპანია ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა, იმის გამო, რაც მაკას დედას შეემთხვა გურამს და მამაშენს არ უნდოდათ, ობლად დარჩენილი ბავშვი გაჭირვებაში გაზრდილიყო. შალვამ არ მიიღო ეს დახმარება, გივის და გურამს პირობა დაადებინა, არც მაკას აიძულებდნენ მის მიღებას...
-რა გულისხმიერი ხალხია, -გადაიხარხარა სანდრომ, არანორმალურად იქცეოდა უკვე. სამყარო თავდაყირა დაუდგა, არც იყო გასაკვირი არაადეკვატური რეაქცია რომ ჰქონდა უკვე.
-სანდრო, გეყოფა. თავი დაანებე ამ საქმეს, მართლა მოგკლავენ, გამოგიჭირეს უკვე, ყველაფერი იციან შენზე... შენი აქ ყოფნა მაკასთვისაც საშიშია უკვე.
-მაკას არაფერი მოუვა, აი დანარჩენი კი არავის არ ეხება. არ გინდოდათ ამ საქმის სამართლებრივი გზით მოგვარება, ხო? -თვალები უჩვეულო სიმშვიდით აევსო მაჩაბელს, წარბები აწკიპა. -პირველი, ვისაც ბინძური გზებით შურისძიებაზე უნდა ეფიქრა, მე ვარ, ხოდა, მომილოცავს! -მხარზე ხელი შემოკრა დაძაბულობისგან გახევებულ ლევანს, -თქვენს კლუბში გავწევრიანდი.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, სანდრო! და მიხვდი, რო არავინ არავის კლუბში არაა ერთხელ და სამუდამოდ! ყველა შენ გვერდითაა, მამაშენიც კი, რომელიც გგონია რო გიორგობიანს ულოკავს ტრაკს!
-არაფერი არ მგონია! ყველა თავისი საქციელით ამტკიცებს, რეალურად როგორი ადამიანია და ვისკენაა. -გამოსცრა სანდროს. გრძნობებისგან დაცლილიყო, თითქოს სისხლი გაეყინა ძარღვებში, საკუთარ ადამიანობას ვეღარ გრძნობდა.
-მაკა არაფერში დაადანაშაულო.
-შენი ს საქმე არაა ჩემი და მაკას ურთიერთობა!



ნატროშვილს ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა სანდროს ბინა. სავარძელზე გაშეშებული იჯდა. მუხლები აეკეცა და თავი ზედ დაედო. იცოდა, ახლა გეგმას რომ არ მიჰყვებოდა, იცოდა, ყველაფერს რომ აფუჭებდა, მაგრამ აქედან წასვლა და სანდროს დატოვება მის ძალებს აღემატებოდა. თითქოს სიცარიელეს, რომელიც მის გულში გაჩენილიყო ყველაფერი შეესრუტა ირგვლივ, ყველაფერი და ყველა ფერი. ოთახი განაცრისფრდა, არც ფანჯრიდან ჩანდნენ მწვანე ხეები, სუფთა ჰაერს მისი ფილტვების ამოვსება აღარ შეეძლოთ, არც ჩიტების ხმა ჩაესმოდა სასიამოვნო სიმღერად. ცრემლები ახალამოხეთქილი წყაროსავით შეუწყვეტლად სცვიოდა ლოყებზე და მუხლებს უსველებდა. მგონი, რამდენიმე საათია ასე ზის.... ფიქრობს, რომ წასვლა არ შეუძლია, არადა, რეალურად არ უნდა. სანდროს ელოდება. საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა და ახლა სასჯელის აღსრულების დრო დადგა. მისი სასჯელი სანდროს იმედგაცრუებული თვალები იქნება. დასაწყისშივე ჩაკლული ნდობა. იმის გააზრება, რომ ამ ადამიანთან ყოფნის ყველა გზა თვითონვე გადახერგა, სულიდან ბედნიერებას აცლიდა. თითქოს სუნთქვაც აღარ შეეძლო და საკუთარი გულის ცემა ცარიელ კასრში ჩავარდნილი პატარა ბურთის ხმასავით ჩაესმოდა.
გასაღების გადატრიალების და კარის მშვიდად მიხურვის ხმაზე სხეული შეუტოკდა. თითქოს ყველა უჯრედმა ერთნაირად იგრძნო მოახლოებული აღსასრული. ფეხები დივნიდან ჩამოალაგა და ვერც კი გაიაზრა, როგორ აუკანკალდა მთელი სხეული. ცრემლები ხედვას უდღაბნიდა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა მზერა რომ გაეწმინდა.
სანდროს ფორმა არც გამოეცვალა, ძალაგამოცლილი, მხრებჩამოყრილი შემოვიდა ოთახში. ჯავშან-ჟილეტი მკერდზე შეეხსნა. მაკას დანახვისას შედგა.
სახეზე არაფერი ეწერა, არც იმედგაცრუება, არც სიძულვილი, არც ბრაზი. მხოლოდ სიცარიელე. მაკას აქამდე ეგონა, რომ მისი მრისხანება და ტკივილი წალეკავდა, მაგრამ უგრძნობლობითა და უყველაფრობით ჩაბნელებულმა მაჩაბლის თვალებმა გული ნაწილებად დაუშალა. თითქოს საჰაერო ბუშტივით ნელ-ნელა გაებერა გული, მკერდის ძვალს, კუჭსა და საყლაპავს მოაწვა, და ლამის იყო გასკდებოდა.
-აქ რა გინდა? ლევანი მოგიყვებოდა დღევანდელ ამბებს, -მშვიდი, უემოციო ხმით ამოთქვა მაჩაბელმა ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს და სამზარეულოსკენ ლასლასით წავიდა. -შენი ტირილის დანახვა არ მინდა, არაფერი გამართლებს, ამიტომ მინდა, რომ წახვიდე.
-არ წავალ... -ის ძალა, რომელიც ამ სიტყვების სათქმელად მაკას დასჭირდა, სამყაროში არსებულ ნებისმიერ ენერგიაზე ძლიერი და დიდი იყო. სხეული უძლურებისგან გამოშრობოდა და მომჩვაროდა. ადგომაც კი არ შეეძლო, რომ თვალი გაესწორებინა მისთვის.
-წახვალ. არ მინდა, რომ აქ იყო და გხედავდე, -შუა გზიდან მობრუნდა სანდრო. ნელ-ნელა ბრაზი და მრისხანება ემატებოდა მის თვალებს.
სისულელეს ჰგავდა, მაგრამ მაკას ამანაც იმედი მისცა. თითქოს სანდროს ნათქვამი საერთოდ ვერ გაიაზრა, თითქოს სიტყვები უბრალოდ ასოების ერთობლიობა იყო და არანაირ შინაარსს არ ატარებდა. მისმა გონებამ გააზრებამდე დაბლოკა.
-არ მომისმენ? -ძალების მოკრეფამ უფრო გაათამამა. ხვდება, გონება გაეთიშა და ვერც იქ ანთებულ წითელ შუქს ხედავდა, რომელიც გაკიოდა, რომ გაჩუმებულიყო და არაფერი მოეროშა...
-რა გაქვს სათქმელი? ან შენთვის რამეს ნიშნავს საერთოდ ჩემი აზრი? არ მინდა იმის განხილვა, რასაც შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მეც ფეხებზე ! ეს გინდოდათ ხო? ჩემი ჭკუიდან შეშლა და თავიდან მოშორება... როგორც კი პატარა საფრთხე იგრძენი, მაშინვე ლევანთან გავარდი, იმას მოუყევი... არ მინდა დავიჯერო, რო ასეთი კარგი მსახიობი ხარ მაკა....
-ისეთ რამეს ნუ მეტყვი, რასაც მერე ინანებ, სანდრო. -ხმა ჯერ კიდევ უანკალებდა მაკას, ფეხზე ჯერ კიდევ ვერ დგებოდა. სათქმელ სიტყვებს ვერ პოულობდა. საშინლად უნდოდა სანდრო მის წინაშე ცამდე მართალი დარჩენილიყო. -პირველივე წამს ჩემზე მოიტანე ეჭვი....
-აბა ვინ იცოდა შენ გარდა? მითხარი, ვინ?
-შენ ყველანაირი მიზეზი გაქვს, რომ ეჭვი ჩემზე მოიტანო, მართალი ხარ, -თავი დახარა მაკამ, რომ დარაზმული ლაშქარივით წამოცვენილი ცრემლები დაემალა, ხმა გაუწყდა, -უბრალოდ ვიფიქრე, ერთი მიზეზი, რომელიც ჩემი ნდობისთვის მოგეცი, საკმარისი იქნებოდა ყველა დანარჩენის გადასაწონად.
-ლევანმა მითხრა, რომ შენ უთხარი... ნუ მატყუებ, გოგო! უკვე აღარ ვიცი, ვის დაგიჯეროთ, გაიგე? ქაოსია, ბოლომდე არავინ არაფერს ამბობთ! ნუ მატყუებ, მაკა!
-არ გატყუებ. -ცრემლით სავსე თვალები გაუსწორა სანდროს განრისხებულ ირისებს, იმედი ჰქონდა, რომ იმედგაცრუებისა და ბრაზის გარდა იქ სხვა რამეს წამიერად მაინც შენიშნავდა, მაგრამ საერთოდ არაფერი... -მე არ მითქვამს. გუშინ ღამით ვიღაცამ მომწერა...
-არ მინდა ზღაპრების მოსმენა!
-მოგიწევს! -ხმას აუწია მაკამაც, -შემეშინდა და ყველანაირი უფლება მქონდა ამის გაიგე? შენი ძმა მოკლეს, მე დამჭრეს, შენი მოკვლით რო დამემუქრა ვიღაცა, მაგის შემეშინდა! მაგიტომ არ გითხარი! ბოლომდე მომისმენ, არ ვაპირებ შენი ბრალდებები ვისმინო, გაიგე? შემეშინდა და მაგიტო არ გითხარი, შენთან მოსვლაზე მეტად არაფერი მინდოდა, მაგრამ იმისაც მეშინოდა, რომ უკან გამომყვებოდნენ. ყველაფერი იცოდნენ, ერთად რომ ვიყავით ეგეც, შენ რომ პოლიციასთან თანამშრომლობდი ეგეც! თვითონ თვისი პირით მითხრა თორნიკე გიორგობიანმა, ჩემს წინ თვითკმაყოფილი და მშვიდი სახით იჯდა, დამცინოდა ხელფეხშეკრულს იმიტომ რომ ყველა სადავე თვითონ ეჭირა ხელში, გაიგე?! თავისი პირით მითხრა, რომ შენი შეფხიზლება და დატესტვა უნდოდა და მაგიტომ დამჭრა ვიღაცამ, რომ გამოგიჭირა პოლიციასთან რომ თანამშრომლობდი და დამავალა ამ საქმისთვის ჩამომეშორებინე, თუ არ გაჩერდებოდი, მე ციხეში ჩამსვამდნენ, იმიტომ რომ ფული გამათეთრებინა და შენ მოგკლავნდნენ! ყველამ ყველაფერი ისედაც იცოდა, მე მარტო მარიონეტად ვუნდოდი უფრო რომ გტკენოდა გული! მერე შენი უფროსი თუ ვიღაც დამიკავშირდა, ძველისძველი ტელეფონი მომცა. აბა, გამოიცანი იმან რა მითხრა! მიდი! ხო ეგეთი ჭკვიანი ხარ? რაც გითხრა თორნიკე გიორგობიანმა, ეგ გააკეთე, ჩაშლილი საქმის გამო სანდროს ამ გამოძიებას ჩამოვაშორებ და შენც რომ უღალატებ აქედან საერთოდ წავაო. არაფერი გააკავებსო. მაგანაც იცოდა ჩვენ შორის რა ხდებოდა, სავარაუდოდ ამასაც ისმენენ საიდანღაც და უკვე ისიც იციან, რომ სიმართლეს გეუბნები. მე დამიყენა მეორე ჯაშუშად. და ახლა ბონუსი! ლევანიც მაგათთან თანამშრომლობს, პოლიციასთან. თვითონაც ისე საიდუმლოდ იყო შეკრული, როგორც შენ. ეს ყველაფერი ერთიანად ერთ დღეში გავიგე. ლევანთანაც შენმა უფროსმა გამგზავნა, რომ ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ უკვე გაგებული ჰქონდა შენზე. საიდან არ ვიცი, ალბათ იმ კაცმა უთხრა. დამარწმუნა, რომ მე არაფერი მომივიდოდა და შენთვის ასე იყო უკეთესი. კი, მინდოდა, რომ ეგ ოპერაცია ჩაგშლოდა, მაგრამ იმიტომ არა, რომ მე დამიჭერდნენ ბოლოს, იმიტომ რომ შენ გემუქრებოდა საფრთხე. არ გაგაფრთხილე, სიმართლე თავის დროზე არ გითხარი, ვიცი. მაგრამ ეგ არაფერს შეცვლიდა იმის გარდა, რომ ჩემი ნდობა გექნებოდა. ყველამ ყველაფერი ისედაც იცოდა! ყველამ! ბარგი ჩაგილაგე, დღესვე წახვალ აქედან.
მაკას ხმას ხან ტირილი ცვლიდა, ხან ყვირილი, ხან საოცარი სიმშვიდე. სანდრო სავარძელში ჩასვენებული, ხელის მტევნებში თავჩარგული ისმოდა ამ ყველაფერს და ერთი კუნთიც არ შეტოკებია. ბოლო სიტყვებზე ამოხედა მხოლოდ მაკას.
-შენ გგონია, რომ წავალ? ამ ყველაფრის მერე, გგონია წავალ და შენ ამათ ხელში დაგტოვებ? ან გიორგობიანს დავაცდი მშვიდად ცხოვრებას? ან ლევანს მარტო მოქმედებას?
-მაგიტო არ უნდოდათ, რომ რამე გცოდნოდა, ზუსტად მაგიტომ! -ბრაზისგან ფეხზე წამოხტა მაკა, თითქოს გრძნობები ერთმანეთში გაცვალეს იმ წამს, -ჯიუტი ხარ და შეუგნებელი, იცოდნენ, რომ არ წახვიდოდი და მაგიტომ დაგიმალა ყველამ ყველაფერი! ჩემზე რაც გინდა, ის იფიქრე. ხო გიღალატე, არ გითხარი, დაგიმალე. არ ვნანობ. თუ ამით სიკვდილისგან დაგიცავი, არ ვნანობ. არ მჭირდება, რომ მკვდარი მიყვარდე, გაიგე? მირჩევნია, ვიცოდე, რომ ცოცხალს გეზიზღები, ვიდრე მკვდარს გიყვარდი. წადი და გპირდები, ყველაფერს მოგიყვები. საქმეს მე არ ჩამოგაცილებ, ოღონდ წადი.
-არ წავალ და მორჩი ტყუილად დარწმუნებას. ბარგი მე ამოვალაგო თუ ამოალაგებ შენ თვითონ? -დოინჯი ისე მშვიდად შემოირტყა, თითქოს ქარიშხალი არ გამოიარეს ორი წუთის წინ. მაკა მრისხანებით სავსე თვალებით უყურებდა. ყბა ჩაკეტვოდა ბრაზისგან და ორ სიტყვასაც ვერ აბამდა ერთმანეთს, რომ სახეში მიეხალა.
-რას აპირებ? -გამოსცრა ბოლოს ნატროშვილს, სამზარეულოში გაყვა სანდროს და აიძულა შეეხედა.
-პასტა და ფურცელი მოიმარჯვე, -ძალით გაუღიმა სანდრომ, -რამე არ გამოგრჩეს, როცა დავითს და ლევანს ჩაუკაკლავ.
-უსამართლოდ მექცევი, -მთელი სხეულით ცახცახებდა მაკა. -ჯერ პირველივე ეჭვი ჩემზე მოიტანე, მაშინვე მე დამადანაშაულე... არ მენდე, გასაგებია. კარგი. იმას ვერ ხვდები, რომ შენ აგირჩიე?
-დიდი მადლობა, ძალიან ვაფასებ თქვენს გულისხმიერებას, მაგრამ ახლა მეძინება. -თითქოს ყურადღებას არ აქცევდა მაკას არც ერთ სიტყვას, წყალი მშვიდად მოსვა ჭიქიდან და საძინებლისკენ წავიდა. -იმისთვისაც მადლობა, რომ ყველაფერში გამარკვიე. ახლა ვიცი, ვის უნდა ვენდო და ვის არა. უფრო სწორად, ვის აღარ უნდა ვენდო. სანდო არავინაა ირგვლივ, სამწუხაროდ.
მაკას აღარაფერი უთქვამს. ძალაგამოცლილი დივანზე წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
-არ მითქვამს, აქ დარჩი-მეთქი. -წარბები აზიდა სანდრომ.
-არ მჭირდება შენი ნებართვა.
-შეგახსენებ, რომ ჩემს სახლში ხარ.
-შეგახსენებ, რომ არ ვაპირებ დაგაცადო რამე სისულელე ჩაიდინო მარტომ. ძილინებისა.
სანდრომ ცოტა ხნით უყურა და მერე თავისი ოთახისკენ გაეშურა ნელი ნაბიჯებით.

მაკას, რა თქმა უნდა, მთელი ღამე არ სძინებია. რთულია დაისვენო, როცა გული ისე გაქვს დამძიმებული, რომ უკვე აღარც გიცემს ნორმალურად. რამდენჯერაც მოიწმინდა ცრემლები, იმდენჯერ ახალი წამოუვიდა, ამიტომ ბოლოს თავი მიანება. სანდროს სიცივემ გული გაუყინა. იცოდა, რომ არანაირი მიზეზი აღარ ჰქონდა არც მისი დაჯერების, არც სიყვარულის ან ნდობის... მაგრამ იმის დაჯერებამ, რომ შიში ვერ აპატია... რომ ყველა სიმართლის თქმამაც ვერ უშველა ერთ დამალულს... რომ გრძნობა მათ შორის არ აღმოჩნდა საკმარად ძლიერი... ყველაფერი ერთად მოსწოლოდა გულზე, მაგრამ საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება დამალულის გაცხადებას რომ მოჰყვება ხოლმე, მაინც ანუგეშებდა. საშინლად უნდოდა გაეგო, რას გრძნობდა, მაგრამ შიში, რომ პასუხი გულს უარესად ატკენდა, საშუალებას არ აძლევდა ამაზე ფიქრი გაეგრძელებინა.
ინათა თუ არა მაშინვე ადგა. კარში ჩატოვებული გასაღები ჯიბეში ჩაიდო, ყოველი შემთხვევისთვის, რომ როცა სააბაზანოში იქნებოდა, მაშინ არ მოენდომებინა სანდროს სახლის დატოვება. არ იცოდა, რა უტრიალბდა თავში, რის გაკეთებას აპირებდა. უარესის მოლოდინი აშინებდა მხოლოდ. სარკეში დანახულმა საკუთარმა თვალებდასიებულმა გამოსახულებამ თითქოს თავიდან შეახსენა ის, რაც მთელი ღამის განმავლობაში გამოიარა. არც ხელ-პირის დაბანამ უშველა, არც წყალმა. თეთრად გათენებული ღამის კვალს ვერ წაშლიდა.
-ახლა უნდა მიყარაულო? -სააბაზანოდან გამოსულს სანდროც გაღვიძებული დაუხვდა.
-ხო. -იმდენად დაბოხებოდა ხმა ნატროშვილს, ეგონა ვიღაც მესამე პირი იყო ოთახში და იმან უპასუხა.
-ტყუილად რომ არ უნდა ეცადო, მგონი გითხარი უკვე, გამეორება გჭირდება?
-სანდრო, შეწყვიტე ასე მოქცევა... -დაღლილი ხმით უთხრა მაკამ. ცდილობდა, მისი მზერა დაეჭირა, მაგრამ ერთხელაც არ გაუსწორა თვალი მაჩაბელმა.
-თუ არ მოგწონს, წადი.
-შეიძლება გავიგო, რატომ დავიმსახურე შენი ასეთი ცვლილება?
-მართლა ვერ ხვდები, თუ ჩემგან გინდა რომ მოისმინო?
-ორივე. -გვერდით ამოუდგა მაკა, სანდრო ისევ არ უყურებდა.
-სამწუხაროდ, მე არ მინდა ამაზე მეორედ ლაპარაკი, მაკა. -ცივად მოუჭრა და მოშორდა.
-მაშინ მე ვილაპარაკებ. -სანდროს ხმამაღალი, მობეზრებული ამოხვნეშება არაფრად ჩააგდო, -გეწყინა, რომ ლევანთან მივედი. რომ თავის დროზე არ გითხარი, როცა ამისთვის უამრავი შესაძლებლობა მქონდა.
-შენ გამომიყენე, მაკა. -ისეთი ცივი თვალები მიანათა სანდრომ, ერჩივნა, საერთოდ არ შეეხედა.
-ტყუილია. -ბრაზი სახეზე მოაწვა ნატროშვილს, -ეგ რამ გაფიქრებინა... სხვათაშორის, ზუსტად ეგ უნდათ, რომ ჩემზე იფიქრო... ყველას. ვიცი, რომ შენც არ გჯერა მაგის.
-აღარაფრის აღარ მჯერა იცი? -იმდენად გულწრფელი იყო სანდროს სიტყვები იმ წამს, მაკას უნდოდა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა.
ათასი კითხვა უტრიალებდა თავში. ათასი ეჭვი. „არც ჩემი?“ „მეც აღარ მენდობი?“... თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ახლა მის ცხოვრებაში არ არსებობდა. თითქოს იმაზე უარესი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ვიდრე სანდროს გაუცხოება იქნებოდა.

სახლიდან არც ერთი გასულა. არც ერთმანეთთან ულაპარაკიათ. ორივე ცდილობდა გამოცალკავებას და მარტო ყოფნას. ის გრძნობა, რომ სანდროს მისი იქ ყოფნა აღარ უნდოდა სულს უღრღნიდა და ნაფლეთებად ეყრებოდა მუცელში უსიამოვნო შეგრძნებები, მაგრამ მარტო ვერ დატოვებდა. ხვდებოდა, რომ არ იმჩნევდა მაჩაბელი, რამდენად გაცოფებული იყო.
სწორედ მაშინ, როდესაც სამზარეულოში აპირებდა გასვლას მაკას ძველიძველმა ტელეფონმა დარეკა. ნატროშვილმა ჯერ ტელეფონს დახედა, შემდეგ სანდროს, რომელიც ადგილზე შედგა და დღის განმავლობაში პირველად აღირსა მაკას ნორმალური მზერა.
-უპასუხე.
-ვუპასუხებ. -გაბრაზება ვერ დამალა მაკამ და ტელეფონი ყურისკენ წაიღო. -ამ მობილურს ხმამაღალი მოსმენის ფუნქცია არ აქვს, ამიტომ ჩემი მოყოლილის დაჯერება მოგიწევს.
-მაკა, უპასუხე. -თვალები ისე გადააბრიალა მაჩაბელმა, მაკას აღარ დაუყოვნებია მაშინვე დააწვა მწვანე ღილაკს.
-მაგ ვაჟბატონს უთხარი დღეს საღამოს ათზე ძოწენიძის ქუჩაზე მოვიდეს შენთან ერთად. -გაბრაზებული, ჩვეულებრივზე მეტად მკაცრი ხმა ჰქონდა დავითს. არაფრის თქმა დააცადა, ისე დაკიდა ყურმილი.
სანდრომ თვალებით ანიშნა, რომ დაეყაჭა ყველაფერი, რაც მოისმინა.
-ჩემთან ერთად ძოწენიძეზე გიბარებს ამ საღამოს ათზე.
-შენ არსად წამოხვალ. -მშვიდად, თითქოს აქაც არაფერიო, ისე ჩაილაპარაკა და სამზარეულოში შევიდა.
-საიდან იცოდა, რომ სიმართლე გითხარი? -უკან გაყვა მაკაც. ტელეფონი იქვე მიაგდო.
-სახლიდან არც შენ გასულხარ და არც მე, ალბათ, მაგით მიხვდა. ისე, ჩვენი ტელეფონებიც ისმინებოდა, როგორც მივხვდი.
-მეც მოვდივარ.
-მაკა, არა, არ მოდიხარ და ამის განხილვა აღარაა საჭირო.
-რატომ არ უნდა წამოვიდე, სანდრო?
-საშიშია და იმიტომ.
-საშიშია ისიც, აქ რომ ვარ, აქამდეც საშიში იყო ქუჩაში რომ დავდიოდი სულელივით და თურმე ათასი თვალი და ყური დამყვებოდა. მეც მოვდივარ, აქ ვერ გამომკეტავ.
-თუ დამჭირდა, გამოგკეტავ.
-რას ჰგავს შენი საქციელი? -წარბებშეკრული აესვეტა წინ მაჩაბელს, ისე გადაუღობა გზა, სამზარეულოდან რომ ვერ გასულიყო და თავი არ აერიდებინა. -ერთი გამოსავალი მაინც მითხარი, რომელსაც შენ იპოვიდი ჩემს მდგომარეობაში! ერთი და წავალ აქედან ჩემი ფეხით. არ ვნანობ, არც ვინანებ. გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს და მაგ გზაზე მეც მიწევს სიარული, გინდა ეს შენ თუ არა. რის გამო მსჯი?
-არაფერი არ უნდა დაგემალა. ჩემს სიცოცხლეს მე მივხედავ, გაიგე? შენი საზრუნავი არაა და არც არასდროს იქნება.
-შენ რომ იცავდი ჩემსას? -მაკამ სცადა გულში ჩაღვრილი სითბო თვალებზეც არ დატყობოდა. -არ მითხრა, რომ არ დაგემუქრნენ... დავითმა მითხრა, რომ ახლაც გემუქრებიან. მაგის გამო არ გინდა წამოგყვე, მაგის გამო გინდა ამ სახლში გამომკეტო. შენი ტვირთი მეც მამძიმებს, გაიგე? ვეღარსად წაუხვალ უკვე.
-მაკა, გეყოფა. გამატარე. -ოდნავ შეირხა სანდრო, თვალი მაკას უკან კედლისთვის გაეშტერებინა, როცა მის სიტყვებს ისმენდა.
-არა. -მყარად დადგა ნატროშვილი, -და თვალს ნუ მარიდებ. თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რომ არ მენდობი, რომ შენც ჩემსავით არ მოიქცეოდი, რომ შენ იმასაც არ დამიმალავდი, რაც მე გაგიმხილე, რომ მე ვარ უკანასკნელი მოღალატე. მიდი!
-შენ ჩემსა და შენს შორის განსხვავებას ვერ ხედავ, მაკრინე? ნუ გამაგიჟე! -მრისხანებით ანთებოდა თვალები სანდროს. -შენ როგორ უნდა დაგეცავი შიშველი ხელებით მარტოს, მიპასუხე! როგორ გაბედე მაგხელა რისკზე წასვლა, სულელი ხარ? გგონია, თავის დაცვა არ მინდა თუ შენ რატომ თვლი თავს ვალდებულად რო მე დამიცვა, ამიხსენი! როდის გთხოვე რაიმე მსგავსი?
-კარგი! მართალი ხარ, არ გითხოვია. არც ჩემი სურვილი ყოფილა ამ ყველაფერში გახვევა. -მაკა ისეთი თვალებით უყურებდა, ოღონდაც რამე ეთქვა სანდროს, თუნდაც ერთი სიტყვა, რაც იმედს მისცემდა.
-ამ ომში ერთად ვერ ვიქნებით, მაკა.
-არც ცხოვრებაში? -ხმა გაუტყდა ქალს, თვითონ არ აცილებდა თვალს, მაგრამ სანდროს არც კი შეუხედავს. ალბათ, უფრო ვერ შეხედა.
-ეს არის ჩემი ცხოვრება, მაკრინე. გთხოვ, გამატარე.
გვერდზე ისე გაიწია, აღარც თვითონ შეუხედავს მაჩაბლისთვის.
საღამოს, მანქანაში მაინც ჩაუჯდა წასვლის წინ. არც სანდროს გამგმირავ მზერას მიაქცია ყურადღება, არც იმას რომ, ათი წუთის განმავლობაში ელოდებოდა, როდის გადავიდოდა მანქანიდან. ჯიუტად შეიკრა ღვედი და წინ გზას მიაშტერდა.
-რა ჯიუტი ხარ, რა. -ჩუმად ჩადუდუნებას ვერ მოერია სანდრო, შეკრული წარბებით დაძრა მანქანა.


ძოწენიძის ქუჩაზე, როგორც ჩანს, სანდროსთვის ნაცნობი მანქანა უკვე იდგა, რადგან შორი-ახლოს გააჩერა და მაშინვე გადმოვიდა. მაკაც სწრაფად მიყვა უკან. თითქოს ეშინოდა, მის თვალწინ არ აორთქლებულიყო. სანდრო გაუაზრებლად გადაეფარა მხარით, როცა მოპირდაპირე მხარეს გადადიოდნენ. ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა და თან თითქოს მაკას დამალვას ცდილობდა, რომელიც ისე ახლოს მიყვებოდა, რომ მის სუნს ორივე ნესტოთი გრძნობდა. სუნთქვაც კი შეირკა რამდენიმე წამით, რომ გონება გაბრუებისგან დაეცვა. იმაზე ფიქრიც კი აგიჟებდა, რომ ამ ქალთან სიახლოვე ასეთ სიტუაციაშიც კი სურდა.
ჩაბნელებულ სადარბაზოში შევიდნენ, პირველივე სართულზე კარი ღია დახვდათ. ბინაში ძველი ხის და სიგარეტის სუნი იდგა. ოთახიდან ხმადაბალი ლაპარაკის ხმა ისმოდა. მაკამ ყურები დაცქვიტა, რადგან წამით მოეჩვენა, რომ იქედან ლევანის ხმაც გამოდიოდა.
არც შემცდარა. ძველებურ მრგვალ მაგიდას ლევან ავალიანი და ის კაცი, დავითი, შემოსხდომოდნენ. ხელები ორივეს მაგიდაზე დაეწყოთ და რაღაცაზე აუღელვებლად, ჩუმად საუბრობდნენ. მაკას და სანდროს დანახვისას გაჩუმდნენ და თავები მათკენ მოატრიალეს. დავითის თვალებში განაწყენება ამოიკითხა მაკამ, თუმცა აღარაფრისთვის უნდოდა ყურადღების მიქცევა უკვე.
-ჩვენი წყვილიც მობრძანდა, -ადგილიდან არ დაძრულა დავითი, ხელით ორი ერთმანეთის გვერდით მდგომი სკამისკენ მიანიშნათ, რომ დამსხდარიყვნენ, -ცოტა გამიკვირდებოდა კიდეც, რომ არაფერი გეთქვა, მაკრინე.
-მე არაფერს დაგპირებივართ. -ცივად მოჭრა ნატროშვილმა. აღარავის ლაქუცის თავი ჰქონდა.
-ხოდა ძალიანაც სულელი ხარ, ჩემო ძვირფასო. ეს გიჟი ახლა იმ გადარეულს მოსაკლავად გაეკიდება, მერე ციხეში შეუგზავნე ხოლმე წერილები და შეახსენე, როგორ გიყვარს.
-რაღაც ვერ ვატყობ მკვლელების დაჭერის კარგი პრაქტიკა გქონდეთ დანერგილი, ბატონო დავით. -გამოსცრა მაკას. -ჩემთვის საყვედურების სათქმელად თუ დამიბარეთ, მაგას ტელეფონითაც მშვენივრად მოვისმენდი.
-ოჰო, -სანდროს გადახედა ღიმილიანი სახით დავითმა, -ნამდვილი მებრძოლი შეგირჩევია. შენნაირია ზუსტად. ორივე სულელები ხართ.
სანდრო ხმას არ იღებდა, მწველი, ყველაფრისმთქმელი თვალებით უყურებდა ძველ თანამშრომელს და ელოდა, როდის გადავიდოდა სათქმელზე.
-მოკლედ, ამ ქალბატონს თორნიკე გიორგობიანი უეჭველად დაუკავშირდება. როგორც ვატყობ, სანდრო არსად წასვლას არ აპირებს, პოლიციაში აღარ მუშაობს, აღარავის ზურგი აქვს. რას აპირებ, ალექსანდრე?
-აქამდე მქონდა თქვენი ზურგი? როგორ თხოვეთ საერთოდ, რომ მოვეტყუებინე, რომ მერე სამსახურიდან გაგეგდეთ მშვიდად, თან იფიქრეთ, რომ ქვეყნიდანაც წავიდოდი და დავიკიდებდი იმ სირს, რომელიც ჩემი ძმის საფლავზე ცეკვავს ახლა ალბათ! ან შენ? -მერე ლევანს მიდგა მაჩაბელი, -ჩემზე ბრაზობდი, არაფერი მითხარიო, ბიჭო, ცხვირწინ მედექი და თვალებში ნაცარს მაყრიდი, ნამუსზე მაგდებდი იმის გამო, რომ არაფერი გითხარი და შენ ჩემზე მეტი საიდუმლო და ტყუილი გქონია თურმე დასამალი. არ გრცხვენია, პასუხს რო მთხოვ? თქვენთან არც ერთთან აღარ მექნება არანაირი საქმე. მაკასაც მე მივხედავ, გიორგობიანებსაც და ყველას. არავინ მჭირდებით.
-ახლა ცხელ გულზე რომ ლაპარაკობ მაგ სისულელეს, შენც ხომ ხვდები? -ხელით ანიშნა დავითმა ლევანს, რომ გაჩუმებულიყო, -ფიცხი ხარ ზედმეტად, მხოლოდ მაგიტომ გიფრთხილდება ეს ხალხი, რომ არაპროგნოზირებადი ხარ.
-მაგრამ არა უპასუხისმგებლო! პატარა ბავშვი ვარ თქვენი დაცვა რომ მჭირდებოდეს? ან მაკა რატო გარიეთ საერთოდ?!
-მაკა გიორგობიანმა გარია, ისიც იმიტომ, რომ შენ გიყვარს. -გამოსცრა ლევანს,- შენ შენებური მეთოდები გაქვს, მე ჩემებური. მოგატყუებ კი არა, ოთხ კედელშიც გამოგკეტავ, რო დამჭირდეს შენს გასაკავებლად, გაიგე?
-გეყოფათ კინკლაობა...-დავითს სიტყვა მაკას მობილურის ხმამ გააწყვეტინა. ყველამ მისკენ მიიხედა.
დაფეთებულმა ამოიღო ჯიბიდან მობილური და ანთბულ ეკრანზე უცხო ნომერი რომ დაინახა, დავითს დაეჭვებული თვალებით შეხედა.
-სპიკერზე ჩართე. -მშვიდად უთხრა პოლიციელმა.
-გისმენთ. -პირთან ახლოს მიიტანა ტელეფონი. შეეცადა, მტკიცე ხმა შეენარჩუნებინა.
-მაკუნა, ძვირფასო, როგორა ხარ? -თორნიკე გიორგობიანი იყო.
პერიფერიული ხედვის არით შეამჩნია მაკამ, როგორ დაეძაბა სხეული სანდროს. დავითი მას თვალებში მიშტერებოდა და ანიშნებდა, რომ კრინტი არ დაეძრა.
-რა გინდა, თორნიკე?
-უფ, გრძელი სია მაქვს. მაგრამ მაგ სიის ტოპ 3-ში შედის შენთან ერთად ვახშმობა ხვალ საღამოს... კაბა უკვე გაგიგზავნე სახლში, მამაშენმა სიამოვნებით აიღო ძღვენი.
-არ მინდა, -მამის ხსენებაზე დაიძაბა მაკა, -არსად წამოსვლას არ ვაპირებ, შენი სიის შეკვეცა მოგიწევს.
-არადა, მე და შენ ბევრი გვაქვს სასაუბრო, იცი? სად დადიხარ მთელი დღეა? დავიჯერო სანდრიკომ გაპატია, რომ დაასმინე? ცოტა ფიცხი ჩანს...
-აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო. სანდრომ გაიგო, რაც გინდოდა, რომ გაეგო. სამსახური დატოვა. დანარჩენი აღარ ვიცი.
დავითი მოწონების ნიშნად თავს უკრავდა მაკას პასუხებს. მაჩაბელი დაძაბული მიშტერებოდა მის წინ კედელს და მთელი სხეული უცახცახებდა.
-კარგი გოგო ხარ, მაგრამ მე მაინც დაგელოდები ხვალ. უნდა მოხვიდე, ძვირფასო. გაკოცე.
-შანსი არ არის, -მაშინვე წამოიყვირა სანდრომ, როგორც კი ყურმილი დაკიდა გიორგობიანმა. -არავითარ შემთხვევაში, არსად არ წახვალ, განხილვას არ ექვემდებარება. მორჩა. რაც უნდა, ის ქნას. ჩემი გამოწვევა რომ უნდა, ხვდები, დავით?
-კი და თუ არ წავა მაკა, რამეს აუცილებლად იეჭვებს.
-იეჭვოს, იმიტომ რომ არ წავა. მეთამაშება. ბოლომდე უნდა წყობიდან გამომიყვანოს და რამე ჩამადენინოს.
-სანდრო, იქნებ მართლა წავსულიყავი... გავიგებდით, რა უნდა, -ხმადაბლა მიმართა მაკამ.
-ორი წამის წინ ვთქვი, რაც უნდა, მაკა! ჩემი წყობილებიდან გამოყვანა.
-მგონი, ჩემი გადასაწყვეტია, სანდრო.
-რატო მეურჩები? რანაირად არ არის შენთვის გასაგები, რომ მანდ წასვლა უსაფრთხო არ არის. -მაჩაბელი ახლადამოფრქვეული ვულკანივით მძვინვარებდა. მისგან წამოსული მრისხანების ენერგია მაკასაც ურევდა გონებას.
წამით თავი იმაშიც კი გამოიჭირა, რომ სანდროს დაუმალავი მრისხანება სიამოვნებდა კიდეც ბოლოდროინდელი უემოციო დღეების შემდეგ. მაგრამ ამას მის გასამწარებლად ან გასაბრაზებლად ნამდვილად არ აკეთებდა. უნდოდა ეს ერთმანეთში გადახლართული შუღლი, საიდუმლოებები და ორთაბრძოლები დასრულებულიყო. თუ ამისთვის იმ უტიფარი კაცის სახის ყურება იქნებოდა საჭირო კიდევ ერთი საღამოს განმავლობაში, დაუფიქრებლად წავიდოდა ამ მსხვერპლზე.
-ეკიპაჟს გავაყოლებთ, სანდრო. -აუღელვებლად საუბრობდა დავითი, თითქოს მაჩაბლის ამგვარ მძვინვარებას მიჩვეულიყო, -მოსასმენს დავუმაგრებთ და ჯიპიესიც ჩართული გვექნება, თუ რამე ისე ვერ წავა, მაშინვე ოპერაციას დავიწყებთ.
-რომელ ოპერაციას დაიწყებთ, რომელიც არ დაგიგეგმავთ? ან რას დაუმაგრებთ, იმ შეშლილს ჭკუა არ დაუშლის შეამოწმოს და რამე რომ უპოვოს… -ხმის დასაწყნარებლად ოდნავ შეყოვნდა მაჩაბელი, ღრმად ჩაისუნთქა.
დავითი გაღიმებული უყურებდა, ლევანი ხმას არ იღებდა, მაკა კი გაშეშებული ხან ერთს მისშტერებოდა ხან მეორეს.
-მაშინ მეც წამოვალ.
-შენ მართლა გამოსულელდი მგონი! -წეღანდელი ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა დავითს, წარბები მანაც ისევე შეკრა კუშტად, როგორც სანდრომ. -არც აქედან წაიყვან დღეს, თქვენი ერთად გამოჩენა არის დაუშვებელი! მცხეთაში რომ სახლი მაქვს, იქ წახვალ და სანამ არ გეტყვი, ცხვირსაც არ გამოყოფ გარეთ, თუ გინდა, რომ ამ საქმეში იყო.
სანდრომ ხმამაღლა გადაიხარხარა, მერე ფეხზე წამოდგა და მაკასაც ანიშნა ამდგარიყო.
-ადე, მივდივართ აქედან. -სიცილშეპარული ხმით უთხრა ქალს და გასასვლელისკენ იბრუნა პირი.
-სანდრო, კარგი, რა. გეყოფა უკვე. გვესმის, რომ გაბრაზებული და ნაწყენი ხარ ჩვენზე, მაგრამ შენც ხომ ხვდები, მაკას ამ სიტუაციაში მარტო შენ რომ ვერ დაიცავ? -ჩაერია ლევანიც, როცა მაკა უკვე ფეხზე წამომდგარი დაინახა. სანდრო მეგობარს წარბებშეკრული ჩასჩერებოდა თვალებში.
-გეყოფათ, მაკა არსად არ წავა, მითუმეტეს იმ გამოსირებულთან, არ მოგცემთ მისი გამოყენების უფლებას. სხვა გზები იპოვეთ იმ ახვრის დასაჭერად, სანამ მე დაგასწრებთ, თორემ მერე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ძალიან კარგად იცით, რატომ გადაეკიდა მაკას მაინც და მაინც და რისი მიღწევაც უნდა, პრინციპულად არ მივცემ მაგის საშუალებას, გასაგებია? -მრისხანე, მაგრამ ამავდროულად ისეთი მშვიდი იყო მაჩაბლის სიტყვები, როგორც ახლადგადავლილი ქარიშხლის შემდეგ წამონაბერი სიო.
მაკას დაფიქრებაც არ დააცადა, ისე ჩაავლო მაჯაში ხელი და მისიანად გავიდა გარეთ. კიბეებზე ჩაარბენინა და მანქანაში ჩამსხდარნი სანდროს სახლისკენ აღარ წასულან. თბილისიდან გავიდნენ.
მაკა მაჩაბლის დამშვიდებას ელოდა. სახსრები გათეთრებოდა, ისე ჩაფრენოდა საჭეს და წარბშეკრული მისჩერებოდა წინ ჩაბნელებულ გზას. ნესტოები გაფართოებოდა, თუმცა მშვიდად სუნთქავდა. ნელ-ნელა რომ მოეშვა, მხოლოდ მაშინღა შეხედა თამამად ნატროშვილმაც. თითქოს თავადაც გადაუარა ქარიშხალმა და ოდნავ მოეშვა გულზე შემოფენილი დარდი სანდროს მდგომარეობით რომ შებურულიყო.
-რატომ უნდა მაინც და მაინც ჩემთან შეხვედრა? -ხმადაბლა იკითხა, ძალიან ფრთხილად. მზერაც ისევე ფრთხილად გააპარა მისკენ, თითქოს გამნაღველი ყოფილიყოს.
სანდრომ ჰაერი ღრმად შეისუნთქა, თუმცა მის შეკითხვას არ უპასუხა.
აღარც მაკამ შეაწყინა თავი. ერთ ჩვეულებრივ სახლს მიადგნენ, პატარა ეზოთი და ძველებური ჭიშკრით.
სახლში ძველებური ხის სუნს შეეჭამა ჟანგბადი, ჩახუთულიყო ჰაერი ზაფხულის ამ ისედაც მხუთავ ღამეს. ჩვეულებრივი ავეჯი იდგა, ყველაფერი ისეთი უშუალო იყო, ეს სიტუაცია რომ არა, მაკა კომოფრტულადაც კი იგრძნობდა თავს.
-აქ მარტო უნდა დამტოვო? -იკითხა მაკამ გულწრფელად. სანდრომ ძლივს შეძლო ტუჩებზე მოწოლილი ღიმილის შეკავება.
-ხანდახან ისეთი მორჩილი ხარ, მგონია, რომ ამოგცვალეს. -ჩაიქირქილა სასხვათაშორისოდ და ფანჯრები გამოაღო.
-შენ ხო ვერაფრით გასიამოვნებს ადამიანი, -არც მაკამ დააკლო, ოღონდ ჩურჩულით საერთოდ არ უთქვამს, პირიქით, უნდოდა კიდეც, რომ გაეგო მაჩაბელს. -სანდრო, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? არ მინდა დამალობანას თამაში. გთხოვ.
-მე იმის განხილვა არ მინდა, რომ შენ იმ კაცის სანახავად მარტო წახვალ, როცა ღიად გემუქრება. მაგ კაცმა შენი ტყვია შეუკვეთა, მეტი რა უნდა გააკეთოს, რომ მოერიდო?
-კაბის შიგნით ჯავშან-ჟილეტს ჩავიცვამ. -იმდენად გულწრფელად ჟღერდა ნატროშვილის სიტყვები, სანდროს ცოტა ხნით დაფიქრება დასჭირდა, ხუმრობდა თუ მართლა გულისხმობდა იმას, რაც თქვა.
-წამოდი, შენს ოთახს განახებ და დაიძინე, თორემ მემგონი ბოდვა დაიწყე უკვე.

როგორც კი ერთ-ერთ პატარა საძინებელში შევიდნენ და სანდრომ შუქი აანთო, მაკამ მაშინვე მიხურა კარი, საკეტი გადაატრიალა და გასაღები შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. სანდრომ წარბები გაოცების ნიშნად აწკიპა.
-ჩემთან ერთად თუ გინდოდა დაძინება, გეთქვა, რა საჭიროა ეს ძალადობა და ოთახში გამოკეტვები? -საწოლზე ჩამოჯდა და მაკას ქვემოდან ისეთი თვალებით ამოხედა, რომ არა მტკიცედ დასახული მიზანი სერიოზულად დალაპარაკებოდა, ნატროშვილი იქვე ჩამოდნებოდა, მის თვალწინ.
-სანდრო, -ნაღველი ჩაუდგა თვალებში მაკას, ახლა კეკლუცობის თავი არ ჰქონდა, გულს იმდენად უმძიმებდა მათ შორის გაზრდილი მანძილი და გამეფებული უგრძნობლობა, რომელიც ქარიშხლიანი ოკეანიდან მონაბერი ნესტივით უკრავდა სუნთქვას. გვერდით მიუჯდა ისე, რომ თვითონ კარგად ხედავდა მის უნაკლოდ გამოკვეთილ სახის ნაკვთებს, ოდნავ მოზრდილ წვერს და ხორბლისფერ კანს. -არ შემომხედავ? როდემდე შეძლებ ასე ყოფნას? მე ამაზეც თანახმა ვარ. ასეც შემიძლია ვიცხოვრო, სულ გავექცე და დავემალო რაიმე საფრთხეს, მაგრამ ჩვენ თუ ასე ვიქნებით, ვერ შევძლებ ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას.
-შენ არაფერში გადანაშაულებ, -იმდენად მშვიდი, უბრალო იყო მისი ხმა, გული აჩუყებისგან ვერ შეიკავა მაკამ. თვალები თავისი ნებით დახარა, სანდრომ რომ შემოხედა. -არ შემიძლია. ერთი წამითაც არ გამნელებია შენ მიმართ რასაც ვგრძნობ და ეგ მაშინებს, გესმის? შენგან მოშორება არ შემიძლია და თან იმასაც ვხვდები, რომ საფრთხეში გაგდებ. ახლა რომ მოგეკარო, ან გუშინ რომ მოგკარებოდი, ვერც შენ შეძლებ სხვანაირად გაგრძელებას და ვერც მე. იცის, ჩემთვის რასაც ნიშნავ, შენი მისვლით იმას დამიმტკიცებს, რომ არაფრის ქონა არ შემიძლია, ყველაფერი შეუძლია წამართვას და მე უბრძოლველად ვნებდები.
-რამეს მოვიფიქრებთ...
-მე და შენ ვერასდროს შევთანხმდებით, -ჩაეცინა სანდროს. -შენ მაინც იჯიუტებ და მე მაინც შეგეწინააღმდეგები.
-სისულელეს ნუ გააკეთებ. გეხვეწები.
-მაკა, აქედან უნდა წახვიდე. მამაშენი უსაფრთხოდაა, გადაიყვანეს ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცის მეგობრის შორეულ სოფელში. დღეს. შენც უნდა წახვიდე. ბილეთი ნაყიდი მაქვს. ყალბი პასპორტით გადახვალ, რომ ვერ გიპოვონ. კარგი?
-არა, რა სისულელეა, არავითარ შემთხვევაში, -ფეხზე წამოვარდა მაკა, ბრაზისა და მრისხანებისგან თვალებზე ცრემლის თხელი აპკი გადაკვროდა. -მე წავიდე და შენ აქ დაგტოვო, როცა შენზე ნადირობის სეზონი აქვთ გამოცხადებული?
-შენი აქ ყოფნით მხოლოდ საქმეს მირთულებ, გესმის? როცა ვიცი, რომ თუ ჩემთან არ იქნები უსაფრთხოდ არ ხარ, ვერაფერს ვაკეთებ. ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. აქამდეც უნდა გამეშვი... არ უნდა მეცლია ასე მოაგხლოვებოდა, -სახე გაუსწორა სანდრომ, სახეზე მღელვარებისგან ჩამოყრილი თმა თვალებიდან გადაუწია და ოდნავ გაუღიმა. -ის, რაც გამოიარე, ეგეც ჩემი ბრალია. უნდა გამეთვალა.
-მორჩი უკვე! -ხელები მოაშორებინა მაკამ, ბრაზიან ხმას ცრემლიც შერეოდა. -არსად არ წავალ. ძალით ვერ გამაგდებ აქედან! არ წავალ!
-ნუ ტირი, გთხოვ. არ არის შენი ადგილი აქ. ამ ომში და ტყვიების წვიმაში. ორი დღით დავიჯერე, რომ კარგი იდეა იყო და ხომ ხედავ, რაც მოხდა. -ამჯერად ორივე ხელი შემოხვია სახეზე, ცრემლიან თვალებზე აკოცა. -არაფერი გესაქმება აქ, გაიგე? შენი ომი არ არის... გთხოვ, ერთადერთია ეს, რისი გაკეთებაც ჩემთვის შეგიძლია.
-არა. -ხმა გაუმკაცრდა მაკას, წეღანდელმა კოცნამ ძალა უფრო შემატა, ვიდრე დაასუსტა.
-მომეცი გასაღები, უნდა გავიდე. -ამჯერად მეორე ლოყაზე აკოცა და ისე ხმადაბლა დასჩურჩულა სახეზე, თითქოს არ უნდოდა, რომ გაეგო.
-არა. -ხმა გაუწყდა მაკას და ვერც გაიაზრა მის სურნელში გახვეული როგორ მოიცვა ბურუსმა. -შენ საერთოდ არ გიყვარვარ. ამას როგორ მიკეთებ...
-შენზე მეტად არაფრის სიყვარული არ შემიძლია. -შუბლზე აკოცა.
ნელ-ნელა ებურებოდა ხმა თვითონაც, მაგნიტური ველი იმდენად გაძლიერებულიყო მათ შორის შეუძლებელი გახდა ერთი მილიმეტრით მოშორებაც კი სანდროსთვის.
-არ მინდა წასვლა..
-არც მე მინდა, რომ წახვიდე, მაგრამ არც ასე მინდა. შიშში ვერ გამყოფებ. მომეცი გასაღები, გავალ და დაიძინე.
-არა. -ფეხის წვერებზე ოდნავ აიწია მაკა, წვერით დაფარულ ლოყას რომ მისწვდენოდა, გაკვრით გაუსვა ტუჩები და ორივე ხელები ყელზე მოხვია, -არ გამიშვა.
-მაკა...
-მოვკვდები შენი ამბავი რომ ვერ გავიგო, სანდრო. აქ მირჩევნია ყოფნა, არ მინდა წასვლა.
-გაიგებ ჩემ ამბავს. -ცხვირი ოდნავ გაუსვა ლოყაზე სანდრომ, მერე ის ჰაერი მაკას მშვიდი სუნით რომ გაჟღენთილიყო იმდენად ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ნახვამდე რომ დარჩენილიყო მის ფილტვებში.
-ანუ არ მპირდები, რომ შენ დამირეკავ?
-ხო, არ გპირდები. -თმიდან ცალი ხელი წელზე ჩაუცურა და თავისკენ მიიზიდა, მთელი სხეულით რომ შეძლებოდა ჩახუტება. მაკას მუცელში გაჩენილმა ელექტროდენმა თითქოს იფეთქა და გახურებული ლითონივით ჩაეღვენთა რაღაც ძლიერი, ვნებით და სურვილით სავსე მუცელში.
-რატო? -წართმეული ხმით ჰკითხა მაკამ და თავი ვეღარ შეიკავა, რომ ყელზე არ ეკოცნა მოწყვეტით. შემოხვეული მკლავები უფრო დაეძება თითქოს მაჩაბელს.
მათ ირგვლივ შექმნილმა ინტიმურმა გარემომ თითქოს შინაარსი დაუკარგა იმ დიალოგს, რომელსაც ყველაფერზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ წამს.
-შენ ხმას რომ გავიგებ, შეიძლება ფეხით ჩამოგაკითხო. მომეცი გასაღები, -მომთხოვნი გაუხდა ხმა, თუმცა სხეულის ენერგეტიკა წამითაც არ შეცვლია, პირიქით შავი ხვრელივით უფრო და უფრო იზიდავდა მაკას, თითქოს უნდოდა შეესრუტა და ტანსაცმლის თხელი საფარიც კი უსაზღვრო ჯებირად ეჩვენებოდა იმ წამს, რადგან სანდროსგან მხოლოდ ისღა აშორებდა.
-შენით აიღე თუ გინდა, რომ ამ ოთახიდან გახვიდე, სანდრო.
-რა მაცდური ქალი ხარ, -ოდნავ დაიგმინა მაჩაბელმა, -რახან ნებას მრთავ, რომ ხელები გიფათურო, მე ნუღარაფერში დამდებ ბრალს. თან ეს ჯინსი ზედმეტად ვიწროდ გაქვს. ბოლო შანსს გაძლევ.
-მეც ბოლო შანსს გაძლევ, -მაკას ხმა აღარ ჰგავდა არც გაბრაზებული, არც სასოწარკვეთილი ქალის ხმას. სანდროს სიახლოვის ქსელში გახლართულს, იმ წამს სამყარო რომ დაქცეულიყო, აღარ ადარდებდა. თუ მის საქციელს შეცდენა ერქვა, დაე, ასე ყოფილიყო, რადგან ხვალ და ვინ იცის რამდენი ხნის განმავლობაში, რამხელა მანძილი დააშორებდა მაჩაბლისაგან. ახლა, როცა ამის საშუალება მიეცა, როცა ჯერ კიდევ არ ჩამდგარიყო მათ შორის მანძილის გამზომველი ციფრები, როცა საკუთარი მკერდით გრძნობდა, როგორ ცდილობდა მაჩაბლის გული მკერდის ძვლის გამომტვრევას, ახლა მხოლოდ მისი სიახლოვე სჭირდებოდა.
მაკას ხმა ნოზისას ჰგავდა, რომელიც მასში აბუბუნებულ ვნებას, მაჩაბელთან სიახლოვეს და მის დამშვიდობებას ითხოვდა.
-იცოდე, შენს კისერზეა, -თხელი მაისურიდან შიშველ წელამდე ერთი წამი დასჭირდათ სანდროს ხელებს, რომ გზა გაეკვლიათ. მაკას ლოყები და სახე საკმარისი აღარ იყო მისი ტუჩების გასამასპინძლებლად, მთელს სხეულში ხანძარი უგიზგიზებდა იმ წამს, ყველაფერს წვავდა, რაც ამდენი ხანი ეგროვებინა და ეთმინა, პირველად შიშველი ხელში ჩავარდნიდან დღევანდელ დღემდე. ყველა მოთმინება, ყველა აუსრულებელი სურვილი ნაცრად აქცია, როცა მაისური გადააძრო და წელზე შემოისვა, რომ მაკას ეკოცნა, მაკა მოფერებოდა.
მათი სუნთქვა, სურვილები, ფიქრები, თითქოს ყველაფერი ერთმანეთში აირია იმ წამს. თითქოს მოსალოდნელი განშორებისთვის უნდოდათ იმის დამტკიცება, რომ მათი მომავალი შეხვედრა გარდაუვალი იქნებოდა, რომ ყველაფერი ამ ღამით არ დასრულდებოდა, რომ მონატრების სურვილს, რომელიც ამ ღამის გარეშეც გარდაუვალი იქნებოდა, უფრო მეტი ძალა მისცემოდა....
სახეზე მისი თმა სცემდა სანდროს, თითქოს ხელები აღარ იყო საკმარისი რომ ყველაფრით უნდოდა თავისი სინაზე და ქალურობა ეგრძნობინებინა მაკას.
საწოლზე დაწვენილს ზემოდან რომ მოექცა, ცოტა ხნით უყურა ვნებით, სურვილით და უკვე გაცხოველებული მონატრებით სავსე თვალებით, თითქოს იმახსოვრებდა. წამით მხოლოდ ის ინანა, აქამდე რომ ვერ გაბედა მიკარებოდა, რომ შეეშინდა ვერ მოშორების, რადგან თურმე რაღაც ამაზე მწარეც არსებობს... იმაზე უფრო მწველი და გონების ამრევი, ვიდრე ვერ მოშორების შიშია... რომ ეს შეხებაც დამთავრდება და მეორე ვეღარ იქნება. ათას შიშს გადაიტანს, ათას ვერმოშორებას, როცა იცის, რომ ეს ღამე ბოლო არ არის. როცა იცის, რომ ყველაფერი მხოლოდ მისი გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, რადგან მაკას გარეშე უბრალოდ შეუძლებელია რამე გაგრძელდეს. ბრძოლაც კი. რადგან ყველაფერი იმ ქალისთვის ხდებოდა, ვინც თავის არსებას თვალდახუჭული აბარებდა იმ წამს.
იმახსოვრებდა ყველაფერს, მის აკანკალებულ სუნთქვას და დაცვარულ სხეულს, მისი თითების სითბოს და კანის გემოს, ყველა შეხებას, ყველა სიტყვას... თავისი სხეულის წვას, ნავთივით რომ ედებოდა მაკას სხეული, მისი უბრალო თვალის დახამხამებაც კი.

-წინასწარ გქონდა დაგეგმილი? -მხარზე თითებს შეუჩერებლად უსრიალებდა, ოთახის ფანჯრებიდან შემოპარული მთვარე მაკას სხეულს ვერცხლისფრად აელვარებდა. სანდროს თვალებში ნაცნობი ეშმაკები აცეკვდნენ ღამის სტუმრის შუქზე.
-უბრალოდ დალაპარაკება მინდოდა... -ლოყები ოდნავ შეუწითლდა მაკას, თუმცა თვალები სანდროსთვის არ მოუშორებია.
-კი, როგორ არა... -ჩაეცინა მაჩაბელს, -მაიძულე ტრაკზე მეფათურებინა ხელები...
-რა გარყვნილი ხარ, საერთოდ არაფერი მსგავსი არ მითქვამს, -წამოყვირებასთან ერთად სიცილიც ვერ შეიკავა მაკამ, სანდროს მოსაწ....ბულ სახეზე ხმამაღლა გადაიკისკისა.
-რა ვიცი, გამომკეტე ოთახში, ჩხუბი დამიწყე და მერე...
-სანდრო! -პირზე ხელი ააფარა მაკამ, სირცხვილით ვეღარ მოისმენდა ამდენ ცილისწამებას. მაჩაბელმა ხელისგულზე აკოცა.
-მეორე რაუნდი იწყება, თუ რატომ მომიღეღე ეგ დიდებული მკერდი... -ხმამაღლა გადაიხარხარა და მაკას აფართხალებული სხეული უფრო მჭიდროდ მიიკრა თავისაზე, -დამშვიდდი... მაგდენიც აღარ შემიძლია, ასაკში ვარ უკვე.
-ხომ ფრთხილად იქნები? -მის ყელში ამოილაპარაკა მაკამ და მთვარის შუქზე დავლილ ჟრუანტელზე ოდნავ ჩაეღიმა.
-ძალიან ფრთხილად ვიქნები. მე თვითონ მოგაკითხავ, გპირდები. კარგი?
მხოლოდ თავი დაუქნია მაკამ, ყელში გაჩხერილი ცრემლის ბურთი მაშინვე თვალებიდან გადმოეღვრებოდა, რამე რომ ეთქვა.
-უკვე მენატრები. -ორივე თვალზე აკოცა მაჩაბელმა.






მოვსისინდი ამსიოდენა თავით... შემდეგი ბოლო იქნება... იმედი მაქვს, თქვენც ისევე გსიამოვნებთ კითხვა, როგორც მე წერა... და იმედი მაქვს, აზრებსაც გამანდობთ... მეოთხე თავი რომ ავტვირთე, მეხუთეს ნახევარი უკვე დაწერილი მქონდა, ლამის რაღაცები შევცვალე, მაგრამ ბოლოს არ გადავუხვიე მაინც თავდაპირველი იდეიდან :)
შემდეგი თავი რამდენიმე დღეში იქნება, ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრი არ დააგვიანდება!

მადლობა!



№1 სტუმარი One

Arasodes ar gadauxvio shens chanafiqrs, radgan saocrad gonieri khar da zustad, bunebrivad mogawvs yvela emocia, miyvars es ori, ai daxvewilobis pikia da ertgvari siamovneba, sheni shemoqmedeba( imedia ar gewyoneba “ shenobiti” forma)
Madloba, rom pasuxismgeblobot ekidebi mkitxvells da didxams ar gvalodineb, xshiri muzebi rom , xshirad gagvanebivro chvenc))
Kargikhar❤️

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან საინტერესო თავი იყო.ვფიქრობ სანდრო მიხვდა მარტო რომ არაა ამ ბრძოლაში. საბოლოოდ კი მეორე და ა.შ.რაუნდიც იქნება. წარმატებები

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

არ ველოდი ასეთ გაგრძელებას, მეგონა სანდრო გაჭედავდა, მაგრამ მაკას ბრძოლისუნარიანობამ მომხიბლა. გიორგობიანი მაშინებს, მაგრამ აქაც მაკას დიპლომატიის იმედი მაქვს:დდ
ასე მალე არ ველოდი ახალ თავს, მაგრამ არც დასრულება მინდა ჯერ???? ძალიან მომწონს ეს წყვილი❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკა

ნამდვილად გვსიამოვნებს კითხვა. თან როცა კითხულობ გამართულ და არა მარტივ ტექსტს. ძალინ კარგად წერთ. მონწონს სანდრო. კარგი ადამიანია და მისი სიყვარულიც მონწონს.იმედია აქ მაინც გაიმარჯვებს სიმართლე და სიყვარული ????????????

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ასე მალე ახალი თავის დადებას არ ველოდო და უზომოდ გამოხარდა, რა კარგია ასე თუ ისე ყველამ
რომ თქვა სიმართლე და მაონც ისეტი მძიმე გადასატანი სანდროსთვისა რ აღმოჩნდა ეს ყველაფერი როგორც ჩანდა თავიდან, ძალოან კარგად წერ, ყველა
ემოცია ზუსტად მოდის ჩვენამდე პერსონჟების, არ კონდა დამთავრება და თან ძალოან მონა რო გავიგო რ ამოხდება

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან, ძალიან კარგია! უზომოდ მომწონს თქვენი წერის სტილი, ლექსიკის მდიდარი მარაგი და უნაკლოდ სტილისტურად გამართული ტექსტი. საოცრად აღწერთ პერსონაჟების გრძნობებს და ემოციებს.

გადარეული ვარ სანდროზე და მაკაზე!:) უზომოდ დახვეწილი წყვილია და მათი სიყვარული მეც მიყვარს.
სანამ ახალ თავს ველოდები, ხელმეორედ წავიკითხე მთლიანად და მაკასი არ იყოს, სანდროთი მეც თავბრუდახვეული ვარ:)

წარმატებას გისურვებთ და ველოდები საოცარი ფინალს!

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომწონს ძალიან დავიძაბე მაგრამ მინდა კარგი დასასრული იყოს ორივე ძალიან დაიტაჯნენ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№8  offline წევრი მარიამ. ნ

ამ ორზე ვგიჟდები ❤️

 


№9  offline წევრი ელენე (ნენე)

ძალიან გამიხარდა ახალი ეპიზოდის ხილვა.

შეუძლებლად მიმაჩნდა, რომ მაკას ალექსანდრესთვის ყველაფერი ეთქვა, თუმცა ქალი ამ საკითხშიც არ ჩაიჭრა და ის გააკეთა, რაც მართებული იყო.

სანდროს ცხოვრებას რომ გავცქერი, ვგრძნობ, რაოდენ ბევრი გადაიტანა და მაღფრთოვანებს ფაქტი, რომ მაინც ფეხზე დგას, მაინც იბრძვის სამართლიანობისა და სიკეთისთვის და, რაც მთავარია, კვლავ შეუძლია სიყვარული.

ძალიან ემოციური ნაწერი გაქვს.

წარმატებები!

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

აღარ აგრძელეებ . შუაგზაზე მიტოვება რა უბედურებაა. მაშ რისთვის დაიწყე, რა აზრი აქვს ასე გაჩერებას

 


№11 სტუმარი ნია

აღარ აგრძელეებ. მუზამ ხომ არ გიღალატათ. მაშ რისთვის დაიწყე

 


№12  offline წევრი nestandarejan

ყველას დიდი მადლობა, პირველ რიგში, რომ მელოდებით და თქვენს აზრს გამოხატავთ...
დასასრულს ვწერ, მუზას არ უღალატია, პირიქით :)
ძალიან დატვირთული პერიოდი გამოვიარე პირადში, პროფესიულ ცხოვრებაში და ყველგან, ამიტომ გთხოვთ, ნუ გამიწყრებით...
წერა ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს და ყოველთვის ვერ ვიქნები ისეთი ოპერატიული, როგორიც მე მინდა, რომ ვიყო, გამიხარდება, თუ გამითვალისწინებთ heart_eyes

დასასრული მალე იქნება♥

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

აღარ ამთავრეებ. როდის დადებ ბოლო თავს

 


№14 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან გთხოვ დაასრულე და ნუ დავტოვებ გაურკვევლობაში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent