დიდი შესვენება (დასასრული)
დასასრული მშვიდი ღამე იდგა. ზაფხულის ცაზე ვარსკვლავები მშვიდად ციმციმებდნენ, არც ხეების ჩუმი შარიშური აფიქრებდა ადამიანს, რომ იმ ღამით ამბოხი იგეგმებოდა. თითქოს ბუნება შეთანხმდა მშვიდობიან გათენებაზე, სანამ ისევ ახმაურდებოდნენ ადამიანები თავიანთი არეული ცხოვრებით, გამოიყრებოდნენ ქუჩებში და ერთმანეთს დანაღვლიანებულ სახეებს გამოუმზეურებდნენ. ქალაქის ძველებურ სახლში შეკრებილები უხმოდ უმზრდნენ ერთმანეთს, თითქოს ყველაფერში უსიტყვოდ შეთანხმდნენ, როცა აქამდე თითოეულ მათ დიალოგს უთანხმოებამდე მიჰყავდათ. იარაღასხმული მაჩაბელი ყბადაჭიმული მისჩერებოდა ერთ წერტილს. სიმშვიდისაგან მხოლოდ მაკასთვის მიცემული ცოცხლად გადარჩენის პირობა აშორებდა. ამ სიტუაციიდან ცოცხლად გამოსვლა იმ წამს შეუსრულებელ მისიად მიაჩნდა, თუმცა მაინც უნდა ეცადა და პირობა შეესრულებინა. -ჩავიდა მაკა? -ხმადაბლა იკითხა ლევან ავალიანმა. საერთო დაძაბულობა მასაც გადადებოდა. მხოლოდ თავი დაუქნია სანდრომ. მისი სახელის გაგონებამ თითქოს უფრო მძაფრად შეახსენეს, რომ სადღაც მის დაბრუნებას ელოდნენ. * * * სანდრო მაჩაბელს მაკა, რა თქმა უნდა, ქვეყნიდან არ გაუპარებია. ლევან ავალიანმაც და დავით გოგრიჭიძემაც კარგად იცოდნენ, მაკას გაშვებაზე სანდროს უარი გარდაუვალი რომ იყო, ამიტომ ბევრი წინააღმდეგობა აღარც გაუწევიათ ჩემოდანზე შემომჯდარი რომ გააცილეს ნატროშვილი აეროპორტში. იმავე დღეს, როცა გიორგობიანს უნდა შეხვედროდა და ვინ იცის, რა ოქროს ინფორმაცია უნდა ჩაეგდოთ ხელში. თუმცა რის ფასად? ამაზე მხოლოდ სანდროს თუ ჰქონდა სათანადოდ ნაფიქრი. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიაჩნდა მაჩაბელს, რომ მაკასთვის დამუქრებული საფრთხე შეუწონელი იყო და ვერც ერთი ინფორმაცია შეძლებდა მის გამოსყიდვას. ერთმანეთს ზედმეტი დამშვიდობების გარეშე დაშორდნენ. მაკას უკან არც მოუხედავს, ესკალატორზე რომ შედგა, სანდრომ კი მანამ უყურა, სანამ ბოლომდე არ მიეფარა მისი სხეული თვალს და ჩამოყრილი მხრებით მიხვდა, როგორ უმძიმდა ქალს იქაურობის დატოვება და როგორ არ უნდოდა, თვალცრემლიანი ენახა წასვლისას. -გამოსავალი მაინც თუ იპოვე? -გამოსვლისას ჰკითხა დავითმა, როცა მის მანქანაში სხდებოდნენ. -შენ ხვდები, რომ ბეწვის ხიდზე გადიხარ?! -ბეწვის ხიდზე მაშინ დავდიოდი, მაკა რომ იყო აქ, ახლა ვიღაც სხვას დაუწვრილდება ფეხქვეშ მიწა და შენ გამოიცანი, ვის. -მტკიცე და შეუდრეკელი იყო მაჩაბლის ხმა, „თანამშრომლისკენ“ არც კი მიუხედავს, როცა ამას ეუბნებოდა. -სანდრო, სისულელეების დრო არ არის! -სულ მაგას მეუბნები და რაღაც არ მახსენდება, ოდესმე სისულელე გამეკეთებინოს. თავს დავესხმებით. როცა არ ელოდება და როგორც თვითონ გააკეთა. -მოწმეები თანახმა არიან? ხომ უეჭველად დაგვიდგებიან? -შუბლზე ოფლმა დაასხა დავითს, სათვალეებიდან განერვიულებული აყვარყვარებდა თვალებს და აშკარად ნანობდა იმ დღის დადგომას, სანდრო მაჩაბელისნაირ ჯიუტ ადამიანთან რომ დაიჭირა საქმე. -კი, არ ინერვიულო. ყველა იტყვის თავის სიტყვას და მერე სასამართლომ გადაწყვიტოს. -სანდრო, შენ ხომ ხვდები... -განცვიფრებულმა შეხედა უემოციოდ გზას მიშტერებულ ახალგაზრდა კაცს. -ყველაფერს ვხვდები, დავით, ყველაფერი აწონ-დაწონილი მაქვს, გააზრებული და გაცნობიერებული, კიდევ რამდენი სინონიმური ზმნა უნდა ვთქვა, რომ დაიჯერო? -მაკამ რომ იცოდეს, რა გაქვს ჩაფიქრებული, გზიდან გამოიქცეოდა. -მაგრამ ვერ გაიგებს. არავინ აპირებს მისთვის არაფრის თქმას. არც არის უსაფრთხო, რომ ვინმემ დაურეკოს, გასაგებია? მაკას სახელი აღარ გავიგო. დავითს აღარაფერი უთქვამს. შუბლზე წამოჭირხლული ოფლი შეიწმინდა და მანაც გზას გახედა. ამ გზას ლევან ავალიანამდე მიჰყავდათ, რომელიც მოთმინებით ჩასჩერებოდა მის წინ დახვავებულ ფურცლების გროვას და ინტერესით განიხილავდა ყველა ამოკითხულ წინადადებას. -რა გაარკვიე? -შესვლისთანავე ჰკითხა მაჩაბელმა. -მაკა გაუშვი? -კი. რა გაარკვიე? -თავი აუქნია სანდრომ და ფურცლებს დახედა. წარბები შეჭმუხნა. -მაკა გადარჩება. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ხელმოწერა სტრესულ სიტუაციაშია გაკეთებული, ამიტომ იმის დამტკიცება, რომ ფულის გათეთრება აიძულეს, არ გაგვიჭირდება. -მშვიდი, აუჩქარებელი ტონით საუბრობდა ავალიანი. -შენ? -წარბები აწკიპა სანდრომ. ძალიან არ უნდოდა შემჩნეოდა, რომ გული საგულეში ჩაუდგა, რაც მაკა სამშვიდობოს დაიგულა. -მე და შენ რამე გვეშველება. -ჩაეცინა ლევანს, -აი, გიორგობიანებს ვეღარაფერი უშველით. *** იმ ღამით წამითაც არ სძინებია მაკას, ისევე როგორც დანარჩენი ოცდათორმეტი ღამის განმავლობაში, რაც უცხო ქვეყანაში სრულიად მარტომ გაატარა. ქართული საინფორმაციო გამოშვევები საეჭვოდ სდუმდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისევე როგორც შემომავალი ზარები მის ტელეფონზე. იცოდა, რომ არ დაურეკავდა და თავადაც ხვდებოდა, რომ ასე იყო უკეთესი. სხვა დროს ამ უჩვეულოდ ლამაზ და სანახაობებით დახუნძლულ ქვეყანაში ისე გალევდა დღეებს, რომ გააზრებაც კი გაუჭირდებოდა. ახლა თითქოს ყველაფერი შენელებულია მის ირგვლივ, თითქოს ხალხი ჩვეულებრივ მოძრაობს, ცხოვრობს, დილით რესტორნები იღება და მოლარეები მოყრილ სტუმრებს ვერ აუდიან, ისე სწრაფად დარბიან სალაროდან სამზარეულომდე, სამზარეულოდან სალარომდე. მაკამ კი ცხოვრების აჩქარებულ რიტმში თითქოს ღუზა ჩაუშვა. თითქოს იმ დღეს, როცა სხვები ერთხელ ცხოვრობდნენ, თავად ათჯერ გადიოდა. ან ათასჯერ. ვერც ჭამდა, ვერც სვამდა, ყველაფერი იძულებითი გაუხდა სუნთქვის ჩათვლით. გონებას მხოლოდ სანდრო მაჩაბლის სახე გადაფარებოდა და თავს იმით ინუგეშებდა, რომ ცუდი ამბები ვირუსივით სწრაფად ვრცელდება და რახან ჯერ არაფერი გაუგია, ანუ არაფერი მომხდარა. ტრადიციულად საწოლზე იწვა და გამუდმებით საინფორმაციო ჰქონდა ჩართული, მაღალ ხმაზე, იმის მიუხედავად რომ შორს არც იყო და ხმადაბლაც ძალიან კარგად ესმოდა ყველაფერი. ცრემლები ისე გადმოუცვივდებოდა ხოლმე თვალის ბუდეებიდან, რომ ვერც კი ხვდებოდა, კონკრეტულად რა აწუხებდა. მოკუნტული ეხვეოდა მკერდზე აკრულ ბალიშს და მერე მხოლოდ სანდროს სახელის გახსენებაღა იყო საჭირო, რომ ხმამაღლა ეტირა. სხვა ვერაფრის შიშს და მონატრებას გრძნობდა იმ წამს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება სამშობლოში დაეტოვებინა, ყველანი იქ იყვნენ. მხოლოდ ის იცოდა, რომ ყველა უსაფრთხო იყო სანდროს წყალობით, სანდროს გარდა... და ამ ადამიანის ასეთი ერთდროული ყოვლისშემძლეობა და უსუსურება თავადაც ორად უხლეჩდა არსებობას. -ხომ დაგპირდა, მაკა, -მკაცრად შემოუძახა თავის თავს, ტირილისგან ხმა წართმეოდა, -პირობას შეასრულებს, ეგ არის მაგის ერთადერთი სისუსტე. დეგენერატი, საძაგელი ადამიანი... მერე ტრადიციულად მისი დადანაშაულება იწყებოდა, რომ როგორ გაუბედა სანდრო მაჩაბელმა ქვეყნიდან გამოგდება და გადამალვა, მას ხომ არაფრის ეშინოდა და საბოლოოდ, იმით შეძრწუნებული ისევ და ისევ, რომ სანდროს შეიძლებოდა რამე მოსვლოდა, ბრაზი ტირილში ეღვრებოდა. ეპიცენტრ დაკარგულ წრეზე ბრუნავდა მისი ცხოვრება. „სპეციალური გამოშვების“ ხმა რომ გაიგონა ტელეფონიდან, სადაც შეძრწუნებულმა წამყვანმა კამერას მიახლოება არ დააცადა, ისე დაიწყო საუბარი, იგრძნო, როგორ მოაწვა გული ყელში და ნერვიულობისგან, ალბათ ღებინებასაც დაიწყებდა, კუჭში რამე რომ გადაეგდო იმ დღეს. -...“ჩვენთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია დღეს ღამით ჩატარებული საიდუმლო სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსისა და მისი ვაჟის, შოთა და თორნიკე გიორგობიანების დასაკავებლად მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის ხელმძღვანელი გახლდათ დავით გოგრიჭიძე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მედიისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია და ექიმებიც განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საიდუმლოდ საქმე მამა-შვილის წინააღმდეგ ფულის გათეთრების, მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით იქნა აღძრული. მათი დაკავების ადგილზე მოხდა ცეცხლსასროლი იარაღით ურთიერთშეწინააღმდეგება, შედეგად დაჭრილია ოთხი პოლიციის თანამშრომელი და ექვსი დაცვის წევრი. დავით გოგრიჭიძის გარდა დაჭრილთა ვინაობა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. ჩვენი ჟურნალისტი, ანი სანიკიძე ერთვება დაკავების ადგილიდან. ანი, რა სიახლეებია ცხელი წერტილიდან?“ -გამარჯობა, სალომე. ადგილზე მედიის წარმომადგენლები იმ დროს აღმოვჩნდით, როდესაც დაპირისპირება უკვე პოლიციის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ვითარების დეტალები, როგორც სანდო წყაროებისგან ირკვევა, თორნიკე და შოთა გიორგობიანებთან ერთად დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდნენ ცნობილი ბიზნესმენის გურამ ავალიანის ვაჟიშვილი, ლევან ავალიანი და მისი მეგობარი, ასევე ცნობილი პოლიტიკოსის, გივი მაჩაბლის ვაჟი, ალექსანდრე მაჩაბელი. ორივე მათგანი დაკავებულია, თუმცა მათი ბრალეულობა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, ველოდებით გამოძიების მხრიდან კომენტარს და რამდენიმე საათში სწორედ... მაკას გონება სანდროს და ლევანის სახელის გაგონების შემდეგ გამოეთიშა რეალობას. თითქოს არსაიდან გაჩნდა მის ფეხის წვერთან უშველებელი, სიცარიელით ამოვსებული უფსკრული და შიგ მანამ გადაეშვა, სანამ მის დანახვას მოასწრებდა. ენა გაუცნობიერებლად მიეკრო სასაზე, ნერვიულობისგან პირი გამოუშრა, თუმცა ყბები ისე დაჭიმვოდა დანარჩენ სხეულთან ერთად, რომ შეუძლებელი იყო მისი ადგილიდან დაძვრა. დავითი დაჭრილი... სანდრო და ლევანი ციხეში... ციხეში?! რა უნდა დაეშავებინა სანდროს, უდანაშაულო იყო. სანდრო არაფერს ჩაიდენდა ისეთს, რაც მის სინდისს დანაშაულში ამოავლებდა. მთელი ეს დრო... მთელი ეს დრო ტყუილად ცდილობდა სამართლიანად მოეგვარებინა ყველაფერი? ტყუილად ცდილობდა, ხელები არ გაესვარა, რომ ბოლოს ცოდვებში ყელამდე ჩაფლულ დამნაშავეებთან ერთად ამოეყო თავი ციხეში? რაღაც გაუგებრობაა - მაშინვე მოეშვა თითქოს გულიდან ჯაჭვივით შემოხვეული დარდი. ფეხზე უეცრად წამოხტა. თითქოს სავარაუდო „გაუგებრობამ“ ენერგია არსაიდან გამოუჩინა, იქვე მიგდებულ ტელეფონში ტასო გამოქექა და მაშინვე გადაურეკა. -ტასო! -ჩაკივლა, როგორც კი მეგობარმა უპასუხა, ვიდეოთვალიც მაშინვე ჩაირთო და მეგობრის განადგურებულმა გამომეტყველებამ, გაფერმკრთალებულმა სახემ თავიდან გამოაცალა საყრდენი და სიცოცხლის ხალისი. -რაღაც გაუგებრობაა, ხო? -არაფერი ვიცით, მაკა! ყველა შოკშია! საერთოდ ყველა... შენ ხომ იცოდი, რას აპირებდა? ხომ მაგიტომ გადაგმალა? -არა, ტასო. მე არაფერი ვიცოდი, გეფიცები. იმიტომ გამომისროლა ამ ჯანდაბაში, რომ თორნიკე არ მეშვებოდა! სიტყვა არ დაუძრავს, არაფერი უთქვამს ჩემთვის... არ ვიცი, გავგიჟდები მალე! -მამაჩემი წავიდა ახლა განყოფილებაში. არ ვიცი, ცოცხალი თუ მიაღწევს იქამდე საერთოდ, განადგურებულია! ასეთი რამის დამალვა როგორ შეიძლება, ტასო? -სანდროს გეგმა ჰქონდა... დარწმუნებული ვარ, რაღაც შეცდომაა, გაუგებრობაა და ამ საღამოსვე გამოუშვებენ. დარწმუნებული ვარ, ტასო. -საკუთარ თავს უფრო არწმუნებდა მაკა, ვიდრე მეგობარს. ხმაში ცრემლი ჩაღვენთოდა და სუნთქვა ეკვროდა დაძაბულობისგან. მისი სუნთქვაც კი სიცარიელეში ხელების სავსავს ჰგავდა, რადგან ირგვლივ არავინ ჰყავდა. უცხო ქვეყანაში ხელჩასაჭიდი, ნაცნობი სახეც კი არ ეგულბოდა ბერკეტად, რომ რამე მოემოქმედა. -არ ვიცი, მაკა... აშკარად რაღაც ვერ გათვალა. სამშობლოში დაბრუნება. ჩაეცინა, როცა ილუმინატორიდან თბილისი დაინახა. არ ჩასცინებია არც სიხარულის და არც მონატრების გამო, უფრო დაბრუნების სიმწარემ აუწვა შუბლი. მაკა არც ემიგრანტი ყოფილა, არც ტურისტი, არც მივლინებაში... გაქცეული უკან ბრუნდებოდა. აეროპორტში პოლიციის ეკიპაჟი დახვდებოდა სავარაუდოდ. ძალაგამოცლილს აღარაფრის ენერგია ჰქონდა, ჩანთაც არ ჩაულაგებია, ისე წამოვიდა და ყველაფერი სასტუმროში დატოვა. თითქოს შინაგანი სიცარიელით დატვირთულს აღარ უნდოდა ზედმეტი ბარგის თრევა, თითქოს ყველაფრის უკან მოტოვება სურდა, როცა იცოდა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. უძლურებას კი სახსრებითა და გულით გრძნობდა. დაცარიელებულ წყლის ბოთლს ცალი ხელით მიათრევდა, როდესაც ესკალატორიდან ჩამოვიდა. თმა სახეზე სცემდა, ოდნავ უღუტუნებდა და ექავებოდა, მაგრამ არც მათი გადაწევის ძალა შერჩენოდა. მართალიც აღმოჩნდა, გასასვლელთან პოლიციის ფორმაში გამოწყობილი დავითი ელოდა. ცალი ხელი კისერზე ჩამოეკიდა. მას უკვე დაენახა მისკენ მიმავალი მაკა ნატროშვილი, თუმცაღა სახეზე არანაირი ემოცია არ შემჩნევია. -გამარჯობა, -ხმა ჩაიწმინდა მაკამ. დიდი ხანია, ხმა არ გაუღია და ყელი თითქოს ამოქოლილი ჰქონდა ნაგროვები სიჩუმით. -გაგიმარჯოს, მაკა, როგორ ხარ? -თითქოს დავითმა იწინასწარმეტყველა, რომ მაკასგან პასუხს ვერ მიიღებდა და თავად აათვალიერა ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე, რომ თვითონ გაეგო პასუხი საკუთარ შეკითხვაზე. ქალმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა. ძალიან დაღლილიყო. გამარჯობა ერთადერთი იყო, რისი თქმის ძალაც გამოსწოვა საკუთარ თავს. გასასვლელისკენ ლასლასით წავიდა, მის გვერდით მიმავალ დავითს ინსტიქტურად მიყვებოდა. -მამაჩემი სად არის? -იკითხა, როცა მანქანა ადგილიდან დაძრა დავითმა. -სახლშია. ისევ ისე. -მოკლედ მოუჭრა დავითმა, კიდევ ერთხელ აათვალიერა ნატროშვილი და თვალში სიბრარულის ნაპერწკალი გაუკრთა უნებურად. -სანდროს სანახავად არ აპირებ მისვლას?! -არა, -მშრალად მოუჭრა მაკამ, მზერა ნაცნობ ქუჩებს გაუსწორა. კარგი ამინდი, ლურჯი ცა და მცხუნვარედ მოელვარე მზეც კი ნერვებს უშლიდა ახლა. უნდოდა ეწვიმა, ცა ჩამოექცეულიყო და ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ ეს მხიარული ცისფერი. -მაინც დაფიქრდი, თავად უკეთ მოგიყვება ყველაფერს... -თუ რამის თქმა უნდოდა, აქამდე მეტყოდა. დავიღალე, დავით. -თვალები მობეზრებით გადაატრიალა მაკამ, მთელი ძალით ცდილობდა თვალებზე მომდგარი ცრემლები შეეკავებინა, თუმცა ხმაზე მაინც დაეტყო შეკავებული სისველე. ბრაზი ახრჩობდა. -მირჩევნია, პირდაპირ განყოფილებაში წავიდეთ, თუ რამეა ჩემგან საჭირო, დღესვე მინდა მოვილიო. დავითმა მშვიდად გადაუხვია მაკას სახლისკენ მიმავალი გზიდან. პერიოდულად მისკენ აპარებდა მზერას, თუმცა ქალს არცერთხელ მიუბრუნებია სახე მისკენ. მანქანიდანაც ისევე უხმოდ გადმოვიდა, როგორც შიგნით ჩაჯდა. დაკითხვაზე ისეთი არაფერი უკითხავს, რაზეც უკვე მილიონჯერ არ უფიქრია. მშრალად პასუხობდა ყველა შეკითხვას, სიტყვებს ძალით ისროდა პირიდან. პერიოდულად სანდროს სახელის ხსენებაზე ბრაზი აწვებოდა ხმასა და გულში. მთეი სხეული ეჭიმებოდა. -თქვენსა და ალექსანდრე მაჩაბელს შორის ურთიერთობაზე რას გვეტყვით? -რამე არის სათქმელი? ან გამოძიებასთან ეს რა შუაშია? -წამოენთო მაკა, თითქოს ხმელი ნაფოტივით წაეკიდა ცეცხლი და ის-ის იყო აალდებოდა. -მაკა, -ადგილზე შეიშმუშნა გამომძიებელი, ხმას ონდავ დაუწია, თითქოს ქალისთვის საიდუმლოს გამხელა უნდოდა, -გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ ალექსანდრე მაჩაბელმა სწორედ თქვენ გამო დაჭრა თორნიკე გიორგობიანი. მაკამ გაოცებისგან ჯერ წარბები აზიდა, შემდეგ თავი უკან გადააგდო და გაუაზრებლად ახარხარდა. იმდენი ხანია, არ გაუცინია, რომ დაავიწყდა კიდეც, როგორი შეგრძნება იყო. ბედნიერებისგან არ გასცინებია, უფრო შოკირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ცრემლები გასცვივდა თვალებიდან და ამაზე უფრო ხმამაღლა ახარხარდა. გამომძიებელი უხერხულობისგან ადგილზე შეიშმუშნა. ოთახში შეშლილი სახით შემოვარდა დავით გოგრიჭიძე და მოწმე გაიყვანა. დავითის მიტანილი ჭიქა წყალი ყელატკივებულმა ჩაიცალა პირში, გახურებულ სხეულს ცივის შეგრძნება ესიამოვნა და ცხადად იგრძნო, როგორ გაიარა ცივმა სითხემ საყლაპავი მილი... როგორ ჩაეშვა კუჭში. სახე გაუაზრებელი სიცილისგან დაჭიმვოდა და კუნთები სტკიოდა. -სიმართლე თქვა იმან? -თავი იმ ოთახისკენ გაიქნია, სადაც რამდენიმე წუთის წინ კითხავდნენ და დავითს ინტერესით სავსე თვალებით შეხედა. -იმ გიჟისგან არაფერი გამიკვირდება, ამიტომ გეკითხები. -სანდრო გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. ამიტომ გვინდა, რომ შენ დაელაპარაკო და სიმართლე თქვას, რაღაც აქვს ჩაფიქრებული, მაკა. -ხო, რა თქმა უნდა, მაგისი ფიქრი და გეგმები არ სრულდება! -ჩაეცინა მაკას, ამჯერად ირონიულად და გულში ოდნავ გასერა მტკივნეულმა სიმართლემ, რომ ძალით არიდებდა თავს მისი სახელის თქმას, რომ ბრაზი, წყენა და სიცივე არ განელებოდა. -ნახავ? -შეპარვით შეავლო თვალი დავითმა. არც დაძალება უნდოდა, არც მოშვება. ქალის ბრაზი ხელჩასაჭიდი ბერკეტი იყო, რომ სანდრომდე მიეტყუებინა. მაკამ მზერა მოარიდა წამით გოგრიჭიძეს, აქმადე თუ ბრაზი ჭამდა, ახლა მისი გონების და გულის მღრღნელებს ინტერესიც დაემატა. ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი. ციხეში აქამდე არასდროს ყოფილა. ერთი თვის წინ იმას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ აქ მაჩაბლის სანახავად მოუწევდა მოსვლა. მაგრამ სანდრო სიურპრიზებით იყო სავსე, მის შემდეგ ნაბიჯს ვერასოდეს გაიგებ და ვერც იმას მიხვდები, წინა რატომ გადადგა, ან ახლა რას აპირებს. როგორც ჩანს დღეს ვიზიტის დღე არ იყო, რადგან მხოლოდ თვითონ იჯდა ოთახში. დარწმუნებული იყო, დავითმა თავისი ყველა ნაცნობი ჩარია ამ საქმეში, რომ ერთ საათში შეეყვანათ მაკა პატიმრის სანახავად. აქამდე გამოვლილი დაძაბულობა და სტრესი თითქოს გაუფერულდა. გული თითქოს აღარ უცემდა, შეკუმშვოდა იმის მოლოდინში, რომ სანდროს დაინახავდა იმ კარიდან შემომავალს. ბორკილებდადებულს... და ამის წარმოდგენისას გული ადგილზევე შეუხტა, იმდენად მწარედ, რომ მისი იქედან ამოგლეჯა ინატრა იმ წამს. თვალზე მომდგარი ცრემლი მაშინვე შეიმშრალა, რომ არაფერი დატყობოდა სახეზე და თავის მოსათოკად ჩაახველა. რკინის კარი ჭრიალით გაიღო. სანდროსთან ერთად პოლიციელი შემოვიდა ოთახში, კართად ყარაულად დაუდგა წყვილს და მზერა მის წინ კედელს გაუშტერა. მაკა კი პოლიციელს მისჩერებოდა მთელი ეს დრო და ადგილზე გაუნძრევლად მდგომ მაჩაბელს არც კი უყურებდა, თუმცა თავად კი სახე ეწვოდა მისი მზერისგან. აგუგუნებულმა გულისცემამ მთელი ორგანიზმი გაუყრუა, ახლა მარტო მაჩაბელზე კი არა, საკუთარ თავზეც ბრაზობდა მის გამომშრალ არსებობას სითბო რომ გაუაზრებლად შემოემატა. ზანტად მოაშორა მზერა პოლიციელს და მაჩაბელს დააშტერდა გამძვინვარებულ სახეზე. უკიდეგანო სიხარულმა მოიცვა მაკას სხეული, როცა შენიშნა, რომ სანდროც გაბრაზდა, გაწბილდა და გამწარდა.... რომ თვითონ არ იყო ერთადერთი ამ ოთახში, ვინც ამ მრისხანებას გრძნობდა. ნესტოები გაფართოებოდა და ჯიქურ მიშტერებოდა კაცს თვალებში, რომელიც წინ წამოვიდა და მის წინ ჩამოჯდა. ხმას არცერთი იღებდა, მაკა ბრაზსა და მონატრებას შორის იჭყლიტებოდა და ძალიან უნდოდა მრისხანების მხარეს დარჩენა. -ნაცემს არ ჰგავხარ, -ცივად დაიწყო საუბარი მაკამ. მაჩაბელს წვერი და თმა მოზრდოდა, ცისფერი თვალები მრისხანებით უელავდა, თუმცა ქალის სიტყვების გაგონებისთანავე გაოცების სხივები გაუკრთა სახეზე. -სამწუხაროა, რომ არავინ გაგიერთიანა ეგ დეგენერატი თავ-ყბა. საკუთარი ხელით გავაკეთებდი, ეს კაცი რომ არ იყოს აქ. რა ვიცი, სახელი არ გაგიტყდეს ციხეში, როგორც ვატყობ, მოგწონს აქ ყოფნა... -მაკა... -წარბები აწკიპა სანდრომ გაფრთხილების ნიშნად. -რა იყო? არ მელოდი? თუ ვტყუი? -მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო მაკა და მოჭუტული თვალებით წინ წაიწია, რომ უფრო ახლოდან დაენახა მაჩაბელს მისი მძვინვარება. -რატომ ესროლე? ვერ გაძლებდი მაგის გარეშე გარეთ და ციხეშიც მოისურვე გამოყოლა? -მაკა, ძალიან არ მოგწონს ხოლმე, როცა ამას გეუბნები, მაგრამ შენი საქმე არ არის, -მისი ქმედება გაიმეორა სანდრომაც, თუმცა სახეზე მრისხანების ნაცვლად ღიმილი დასთამაშებდა. -მომისმინე, ალექსანდრე! იცი, რა გამოვიარე შენ გამო? -კბილებში გამოსცრა მაკას, კაცის მხიარულება მის გრზნობებსი გაჩაღებულ ბრაზის ხანძარს ძლიერი ქარივით მოედო და უფრო ააგიზგიზა, ოდნავ წამოიწია სკამიდან. -შე ეგოისტო! რას აკეთებ, ამიხსენი! პოლიციელს რომ დამნაშავის ადგილიდან აყვანისას დაჭრის გამო რომ არავინ აგიყვანდა, შენი აზრით, ვერ ვხვდები? ჰა? რა თამაში წამოიწყე? შენი ცხოვრებაც გინდა რომ მოსპო? შენ თავს უფლებას აძლევ, რომ მითხრა რამე ჩემი საქმე არ არის, რაც შენს სულელურ გადაწყვეტილებებს ეხება? დავითი გელოდება, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. არ ვიცი, რას აკეთებ, რას აპირებ და რა გინდა, აღარც მინდა ვიცოდე. შენი გზიდან ნუ გადაუხვევ და ნუ გაგიტკბა გიორგობიანების დევნა, ხომ გაიგე?! იმათმა გარეთ გამასულელეს, რომ ჩემ გამო ესროლე იმ არაკაცს, ანკესზე წამომაგეს,კი... და აქ მომიტყუეს, მაგრამ შენ ვერ გამაცურებ. არ ვიმსახურებდი, რომ გეთქვა, რასაც აპირებდი? -არაფერს არ ვაპირებდი, -თავი გვერდზე გადააგდო სანდრომ, ნასიამოვნები აკვირდებოდა მაკას სახეს, თმას, ხელებს, თითებს მაგიდაზე ათამაშებდა მოუთმენლობისგან. -აპირებდი, -თვალები დააწვრილა მაკამ და უკან წაიწია, როცა მიხვდა, სანდრო თავის ხრიკებს რომ ააქტიურებდა მის მოსათაფლად. ჩაეცინა. -შენი გეგმა იყო. აქ შენი ნებით მოხვედი, შენთვის ყველაზე საძულველ ადგილას... დამნაშავეებს იმისთვის დასდევ, რომ აქ შემოყარო, გგონია, დავიჯერებ, რომ აქ შენი ნებით არ მოხვედი? იცოდე, დროზე მოაგვარე ეგ შენი საქმე და აქედან გამოდი, თორემ მეც ზუსტად ისე მოგექცევი, როგორც შენ მომექეცი... -მაკა, -ისეთი დამტკბარი ხმა ჰქონდა მაჩაბელს, იმხელა გრძნობით სავსე, რომ საკუთარი სიფიცხის და სიმყარის დასაცავად საზურგეს მიეყრდნო ნატროშვილი, თითქოს მაჩაბლის გამოწვდილ ხელს და მისგან წამოსულ სითბოს არ უნდოდა მასთან მიეღწია. -ვიტყვი, რომ გიორგობიანს არ დავუშინებივარ და ჩემი ნებით გავაკეთე, მეც ჩავჯდები. -ყველაფრად დაუჯდა ამ სიტყვების ცივად თქმა, რადგან გრძნობდა, როგორ ულღვებოდა ყინული. -ექსპერტიზამ ყველაფერი დაასკვნა, ტყუილად ნუ გაწვალდები, მაკრინე. -კი იღიმოდა მაჩაბელი, მაგრამ ხმაში ბრაზი გაუკრთა. თვალებში წამით მრისხანების ელვამ გაიკაშკაშა, რადგან სხვა ვერაფერი გაანათებდა უფანჯრებო ოთხკედელში, სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევდა. -სანდრო, -ხმა ოდნავ შეუკრთა მაკას მისი სახელის თქმისას და იგრძნო გულში როგორ ჩაეღვენთა რაღაც თბილი, მიუხედავად იმისა, რომ წინ ეჯდა ვერაფრით უმკლავდებოდა მონატრებას, ჩახუტების მძაფრ სურვილს და გადაულახავ გამკვრივებულ სივრცეს სანდრომდე. -არ შემიძლია ასე... -არ უნდა მოსულიყავი აქ, -თვალი მოარიდა მაჩაბელმა და ჭაობისფრად შეღებილ კედელს გაუშტერა მზერა, მაკასკენ გაწეული ხელები უკან წაიღო და მუხლებზე დაიკრიფა. -არც უნდა ჩამოვსულიყავი საერთოდ, შენ რომ კაცმა გკითხოს. ნუ მამწარებ, ალექსანდრე. საკუთარი სრული სახელის მაკას პირიდან პირველად გაგონებამ ღიმილი მოგვარა მაჩაბელს. -არაფერს მეტყვი? -წარბები მაღლა აზიდა მაკამ, ბრაზისგან ღაწვები აფორაჯებოდა და სახეზე ალმური ასდიოდა. მაგიდას თითის წვერების გათეთრებამდე ჩააფრინდა და აფეთქებამდე ცოტაღა აკლდა. სანდროს ხმა არ ამოუღია, ეტყობოდა, თავადაც ძლივს ახერხებდა ემოციების მოთოკვას მაკას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა, ამიტომ დიდად აღარ გააწვალა ნატროშვილმა. გაცხარებული წამოიჭრა ფეხზე და გასვლისას კარი ისე ძლიერად გაიჯახუნა, რომ ექოს ხმა კიდევ რამდენიმე დღე ჩაესმოდა მაჩაბელს ყურებში. -ჯიუტია, ჯიუტი! -მაკას მრისხანება ლევან ავალიანსაც გადასდებოდა. ბოლო რამდენიმე კვირის მოვლენებს მისთვისაც დაეტყო კვალი, ჩვეულებრივზე უფრო დაღლილი სახე ჰქონდა, უძილარი თვალები და აღელვებული მიხვრა-მოხვრა. მაკას ასეთი არასოდეს ენახა. -რა მოხდა იმ დღეს? აყვანის დროს. -გამომშრალი ხმით ჰკითხა ლევანს. -არ ვიცი, მაკა, სიგიჟე იყო. შენ რომ გაგიშვით, მაშინვე დავითის სახლში დავბრუნდით, იქ.. შენც ხომ იყავი. რამდენიმე დაჯგუფებას საიდუმლოდ დაუკავშირდა გოგრიჭიძე, სანდრო ცოფებს ყრიდა ისეთ დღეში იყო. გიორგობიანთან პაემანზე რომ არ წახვედი, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყნოსა, მიხვდა, სანდრო არ ჩამოშორებულა საქმეს და ასე მარტივად არც ჩამოშორდებოდა. მაშინვე დაურეკა და ისეთები უთხრა, ძლივს გავაკავეთ, რომ მის მოსაკლავად არ გავარდნილიყო. -რა უთხრა? -რას ეტყოდა?! ლამის აღიარა, რომ ტატო მაგან მოაკვლევინა და შენც აუცილებლად გიპოვიდა, დამარცხდებიო, აზრი არ აქვს ჩვენთან შეწინააღმდეგებასო და ასეთები... „ჩვენი სისტემა ძლიერია, ერთი კაცი ვერაფერს იზამ, ეს შენც იცი, მერამდენედ უნდა დამარცხდე“, და ეს ხო იცი, როგორია. აიჭრა. -ჰაერში ხელი აიქნია ლევანმა, შემდეგ კი თავი ორივე ხელის მტევანს დააყრდნო, მთელი სახე მოისრისა და ჩაწითლებული თვალები მაკას გაუშტერა. -აყვანის დროსაც ისეთი ცინიკოსი იყო, სანდროს შეეძლო, რომ არ ესროლა, არ იყო მაგის საჭიროება იმ წამს, თორნიკე შეიარაღებული არ იყო და ვეღარაფერს იზამდა. -ღმერთო... -საკუთარ თმას ჩააფრინდა მუშტებით მაკა, რომ როგორმე ბრაზის გარდა მის სხეულს რამე სხვაც ეგრძნო, თორემ აუცილებლად შეიშლებოდა, -უნდა გენახა, როგორი მიყურებდა. ერთი სიტყვაც არ მითხრა. /// საკანში ბნელოდა. მზის სხივები აქ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთით თუ შემოაჭყიტებდა პატიმრებისათვის იმის საცნობებლად, რომ გარეთ კარგი ამინდი იდგა. ჩახუთულობასა და ხელოვნური განათებით შექმნილ სინათლეს მზის სხივი რომ გადასერავდა, პატიმრებს თვალებში სიცოცხლის ნაპერწკალი უკრთებოდათ თითქოს წამიერად. სანდრო თავქვეშ ხელამოდებული იწვა იმ დროს, როცა სხივები ნაცრისფერ მტვერავარდნილ იატაკს ვერცხლისფრად აელვარებდნენ. თუმცა მაჩაბელს თვალი ჭერისათვის გაეშტერებინა და წარბშეკრული რაღაცაზე ისე გამალებით ფიქრობდა, რომ ირგვლივ მყოფები სადაც იყო მისი გონების ხმას გაიგებდნენ. -რაო სანდრინიო? ვინ გეწვია ასეთი, გუშინს მერე ხასიათზე რომ ვერა ხარ? -ქვემოდან ამოსძახა “ჭინკამ”, თან ეშმაკურად ჩაიცინა. ჭინკა ცუდი ადამიანი ნამდვილად არ გახლდათ, ციხეშიც ჯიბის ქურდობისათვის დაიჭირეს და პატიოსნად იხდიდა თავის სასჯელს. იმ ქვეყანაში, სადაც კაცს ქურდობით უფრო შეუძლია ოჯახის რჩენა, ვიდრე პატიოსანი შრომით, ციხის სასჯელი მისთვის ალალიაო, ამბობდა. ვერც ვერავინ გაამტყუნებდა. სანდრო მაჩაბელიც მარტივად შეეგუა ახალ თანამობინადრეებს, ჭინკას კი განსაკუთრებით. საკანში სინათლე არა, მაგრამ ღიმილი მაინც შემოჰქონდა პატიმრების სახეებზე. -შეყვარებული იყო, ალბათ..- ჩაილაპარაკა რეზომ. ისიც ქურდობისათვის იჯდა, უფრო სწორად, ქურდობებისათვის. ბევრი მანქანის მფლობელი დატოვა საბურავების გარეშე თბილისის გარეუბნებში და ბოლოს გადაყიდვის დროს ჩაავლეს ყურებში. -ოჰოჰო, -გადაიხარხარა ჭინკამ ხმამაღლა, -ვერ მოგიწონებდა საქციელს. გაგიხურა? -მერე როგორ, -მზერა ჭერისთვის არ მოუშორებია სანდროს, ისე უპასუხა. საკანში მორიდებით, თუმცა მაინც გაისმა ჩუმი ჩაცინების ხმები. -რა გინდა მერე, ბიჭო, აქ? მშვენივრად იყავი შენთვის. ძაღლი კი ყოფილხარ, მარა იმათნაირი არა, ჩვენნაირებს რო იჭერენ. იმ დასირებული გიორგობიანის გამო თავი როგორ ჩაისვი აქ, ა? -შენ ნუ ნერვიულობ, ჭინკა. აქ ცოტა ხნით ვარ ისედაც. -იმდენი შენ რა გითხარი, სანდროია, მე შენზე არ ვნერვიულობდე. -თავის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქვასავით მაგარ საწოლზე ისე წამოგორდა ჭინკა, თითქოს გაბლიკვებული ლეიბის ნაცვლად ქუნქულა ღრუბლებში მიესვენაო. თავქვეშ ხელები ამოიდო მანაც და თვალები მიხუჭა, -თუ იმ უსისხლხორცოებთან გინდა ანგარიშის გასწორება, შენ გვერდზე გვიგულე. კავშირები გვაქვს. -ხო, მართალია, -კვერი დაუკრა რეზომ ჭინკას, ციხის წლებს რომ ძმობილად ექცია ეს გამწლეული, ჭაღარა კაცი. სანდროს მათკენ არ გაუხედავს, თუმცა ოთახის ჰაერი ერთსულოვანი თანხმობით ამოივსო და მაჩაბელს ზედ შუბლზე დააწვა. ვინმეს ნდობა ხომ გადაულახავ წინააღმდეგობად ქცეულიყო მისთვის. გულში მწარედ გასერა მაკას სახის მოგონება რომ გადაეფარა მის თვალებს. თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო, რომ სიფიცხე და ბრაზი აუცილებლად გაუნელდებოდა ნატროშვილს... თითქოს ახლა უფრო მოენატრა, ვიდრე მაშინ, წინ რომ ეჯდა ისე ახლოს, როგორც გამეხებული ღრუბელი და ისე მიუწვდომელი, როგორც გაზაფხულის ცა. გულ-მკერდი აუხდენელმა სურვილებმა გამოუცარიელა, ნერწყვი ღრმად გადააგორა, რომ როგორმე გონებიდან მაინც გაეგდო მაკა ცოტა ხნით და საკუთარი საქმისათვის მიეხედა. -გიორგობიანების საკანში უნდა გადავიდე. -ამოთქვა ბოლოს, უფრო გაუაზრებლად, ვიდრე კარგად აწონ-დაწონილი ნებაყოფლობით. -აუფ, ჩაალაგე ბარგი, მიდი. -ჩაიფრუტუნა ჭინკამ. -არაა ეგ საქმე მარტივი ამბავი. არ ხდება აქ ეგეთები. -კვლავ ჭინკას დაუკრა კვერი რეზომ, -მაგრამ შეგიძლია... იმ დროს გავაყვანინოთ შენი თავი, როცა გიორგობიანს ვინმე ესტუმრება. ციხის დერეფანი მშვიდად გაიარა. ბადრაგი არ ეხებოდა. იცოდა, არაფერს იკადრებდა პატიმარი ისეთს, რომ არათუ მისი შეხება, არამედ ძალის გამოყენება დასჭირვებოდა. ბორკილები თითქოს საერთოდ არ ამძიმებდა მის მაჯებს. პირიქით, საკუთარ მიზანთან აახლოვებდა და იმ წამს იმაზე უკეთესი სამკაული იყო მისთვის, ვიდრე თავისუფლება. ან იქნებ... არა, ახლა ამის დრო არ იყო. ბადრაგმა ლამის მოწიწებით გაატარა რკინის კარში და იმ შეხვედრების ოთახში მეორედ ამოყო თავი, ადრე მაკა რომ ელოდებოდა და ადუღებული ჩაიდანივით ორთქლი ასდიოდა გაწიწმატებულ, მაგრამ მაინც ლამაზ სახეზე. ამჯერად მომიჯნავე მაგიდასთან მაკა არა, მაგრამ მაღალი, წელში მოხრილი კაცი იჯდა, თავი დაეხარა და საკუთარ ბორკილებში გაყრილ ხელებს დასჩერებოდა. რკინის კარის ჭრიალზე თავი იქეთკენ მოაბრუნა, საიდანაც ხმა მოესმოდა და ნაცნობი სახის დანახვამ გამომეტყველება იმაზე უფრო აუმჟავა, ვიდრე აქამდე. მაჩაბელი მშვიდი სახით დაჯდა მის წინ. ბადრაგი კართან დადგა და შიგნიდან ჩაკეტა, მერე ხელები დაიკრიფა და მოპირდაპირე კედელზე ერთ წერტილს თვალი ისე გაუშტერა, რომ ქანდაკებად იქცა. თორნიკემ ჯერ მას შეხედა, შემდეგ სანდროსკენ მოაბრუნა თავი, უკვე მის პირდაპირ რომ მოთავსებულიყო ყველაფრისმთქმელი გამომეტყველებით და ოდნავ ჩაეცინა. -შენ შეშლილი ხარ, ხომ? -სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე გიორგობიანს. სანდროს კი მართლა გაეცინა ჯერ თორნიკეს ხუმრობაზე, შემდეგ მის გასაცოდავებულ არსებობაზე. -შენ როგორ ფიქრობ? -იდაყვები მაგიდაზე დააყრდნო, წინ გადაიწია და თვალებში ჩააშტერდა კაცს. სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. -მნახველს ველოდები. შენ კი მას არ ჰგავხარ და მოშორდი აქედან. -აქამდე ვერ მშორდებოდი, ახლა მოგეჩვიე და მე ვერ გშორდები, ცოტა რთულია. შენს მნახველს ცოტა შეაგვიანდება, მაგრამ მოვა, არ იდარდო. თორნიკე განერვიულებული შეიშმუშნა ერთ ადგილას, ჯერ დაცვას გახედა, შემდეგ სანდროს. -ნუ ღელავ, შენნაირი არ ვარ, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლით ვითამაშო. -შენ გაიმარჯვე, გილოცავ. ხო ეს გინდოდა, ხო მაგიტო არ ჩერდებოდი. -მე გამარჯვება არ მინდოდა, სამართლის აღსრულება ჰქვია მაგას, შენთვის უცნობი ხილია... მაგრამ ხილი ვერ იქნება ეგეთი მწარე, ხომ? რა გეგონა, იმ იარაღს ჩემს ძმას რომ უმიზნებდი, ხახვივით შეგრჩებოდა?! -წარბები აწკიპა მაჩაბელმა, მოთმინების ფიალიდან ნელ-ნელა ეღვრებოდა ზიზღი და უწონადობა, -ან მაკას რომ აეკიდე, რა გეგონა? ტასო რომ დააშინე, მაშინ რა გეგონა? გიორგობიანს ისედაც სუგამოცლილი სახიდან სულ წაეშალა ყველა ფერი. თითქოს გამჭვირვალე გახდა. -ხო, რა იყო? შენ გგონია, ვერ გავიგებდი, რასაც აპირებდი? დებილს ვგავარ? ყველაზე გამოუცდელი თვალიც კი შეამჩნევდა, რომ იმ ყელსაბამს მაგხელა ფასის არაფერი ეცხო. შენი დაკვეთა იყო, სახელის ჩათვლით... შენ, ისადა... ძალიან ბევრ დეტექტივს კითხულობ სერიულ მკვლელებზე, თუ შენით იფიქრებ მაგდენ სისასტიკეს? -რას როშავ... -გაიბრძოლა გიორგობიანმა, წამოდგომა სცადა, თუმცა მცველმა დაპროგრამებულივით მაშინვე იარაღისკენ წაიღო ხელი და ადგილს სასოწარკვეთილი მიეყინა. -სასამართლო როდის გაქვს, შემახსენე... -შეუკავებელი ბრაზისგან სახეზე წამოწითლებულიყო მაჩაბელი. -ზეგ. -დაპატიჟებული არ ვარ, ვერ მოვალ შენს ცერემონიაზე სამწუხაროდ, თუმცა ჩიტი ამბავს მაშინვე მომიტანს. მაგ ყელსაბამით რასაც აპირებდი, ყველაფერს აღიარებ. -არაფერს არ ვაპირებდი! -არა? კარგი, მაშინ ხო ეგრე ძალიან გინდოდა ეგ სამკაული... მაკას სტილი არ არის, მაგრამ იმ გოგოს, გარეთ რომ გელოდება, ძალიან მოუხდება. -სალომე არაფერ შუაშია. -არც ტატო იყო შუაში, არც მაკა, მაგრამ რაღაც ვერ ვატყობ შენს ცხოველურ ინსტიქტებს მაგისი აღქმის უნარი შესწევდეს. მე გაგაფრთხილე და იცოდე, გავაკეთებ. აქ შემოგყევი, რომ პირადად გადმომეცა შენთვის და აღარავის დავინდობ უკვე, ვინც შენთვის სამართლის აღსრულების გზაზე წინ გადამეღობება. ზღვარი დიდი ხნის წინ გადამაკვეთინე, ახლა შედეგებისთვის მოემზადე. ქალაქში მშვენიერი ამინდი იდგა. მაჩაბელი თავისი ერთი ჩანთით ხელში ციხის კართან იდგა და ლევანის მოსვლას ელოდა. ერთი სული ჰქონდა, ნაგვის ურნა მოეხელთებინა, რომ ციხიდან წამოღებული ნივთები მოესროლა და სამუდამოდ მოეშორებინა თავიდან ყველა საშინელება, რაც გიორგობიანებთან აკავშირებდა. ოდნავ მაინც. მანქანა მოწყვეტით გაჩერდა მის ფეხებთან და ბევრი არ უფიქრია, ისე მოთავსდა მძღოლის გვერდით. -ქურდებს სალამი, -წაიღიღინა ლევანმა და მანქანა მაშინვე მოსწყდა ადგილიდან, თვალს მიეფარა ბეტონის კედლები და ქვაღორღიანი გზა. -არ გინდა ახლა, -თავი უკან გადააგდო სანდრომ, თუმცა მაინც ჩაეღიმა. -სასწრაფოდ უნდა ვიბანაო. -რაო, რა ქენი? გაუიასნე გიორგობიანებს? -კი. მაკამ რაო? -ენას კბილი გამოსდო, მაინც რომ ვერ მოითმინა და წამოსცდა ის, რაც ამ ხნის განმავლობაში გულს უღრღნიდა. -მაკა მასწი სკოლაში დაბრუნდა, შენ არ გახსენებს, მაგრამ ჩვენ რომ გახსენებთ, ისე ბრაზობს... მე შენ ადგილას მის სანახავად ეკიპირებული წავიდოდი, ჯავშანჟილეტით და ამბებით. -საერთოდ არ მეცინება. -მოსალოდნელი ომის მოახლოვებაზე ისეთი დაღლა იგრძნო მაჩაბელმა, რომ ძილი მოერია. -კაი, ხო... შეგირიგდება, რა იყო? -ჯერ ეს სასამართლოები მორჩეს... -ღრმად ამოიოხრა მაჩაბელმა და ქუჩაში თავისუფლად მოარულ ხალხს დაუწყო თვალიერება. როგორ განსხვავდებოდნენ, და მაინც როგორ ჰგავდნენ ოთხ კედელში გამომწყვდეულ პატიმრებს, რომლებსაც მზის სხივი და სუფთა ჰაერი ენატრებოდათ. და რამდენი იმსახურებდა ნეტავ, ამათგან ციხეში ჯდომას ჭინკას და სხვების გვერდით.... -იტყვის, შენი აზრით? -ხმა დაისერიოზულა ლევანმა. -იმედია. ეჭვი მაქვს, რომ არ დაიჯერებდა ჩემ მუქარას. -რა თქმა უნდა, ტო. ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ შენ უდანაშაულოს, მითუმეტეს ქალს არაფერს დაუშავებ. -მე ვცადე. ვნახოთ, რა იქნება. გიორგობიანების სასამართლოს გაშუქებას ყველა ტელევიზია ცდილობდა იმ დღეს. ყველა, ვისაც ყური მოეკრა მათი სახელისათვის, ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე საუბრობდა. სკოლაშიც კი. მაკა შეგნებულად არიდებდა თავს ჭორებით გადახურებულ სამასწავლებლოს, სადაც ვინ იცის, რას არ ლაპარაკობდნენ მასზე. მხოლოდ მშვიდად ყოფნა და ცხოვრების ძველებურად გაგრძელება სურდა, მეტი არაფერი. იცოდა, რომ სანდრო ციხიდან გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ეკლებზე იჯდა და ნორმალურად სუნთქვაც კი არ შეეძლო, როცა ნებისმიერ წამს შეიძლებოდა სადმე გადაყროდა, გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. თავად, რა თქმა უნდა, არ მიაკითხავდა მაჩაბელს და ეს მაჩაბელმაც კარგად იცოდა. მაგრამ მოლოდინი იმაზე მწველი და მტანჯველია, ვიდრე გვგონია. თითქოს გამკლავება რთული საერთოდაც არ არის, მით უმეტეს, როცა ბრაზი და სიმართლე ზურგს გიმაგრებს. ბოლო გაკვეთილის დასრულებისთანავე გამოვარდა სკოლიდან. ტელეფონს ხელში ათამაშებდა, მთელი სხეული უთრთოდა მღელვარებისაგან და საკუთარი სახლისკენ მიმავალი გზის გარდა ვერაფერს ხედავდა. უნდოდა, ძალიან ღრმად შემძვრალიყო საწოლში და იქედან ცხვირი მანამ არ გამოეყო, სანამ ყველაფერი არ დამშვიდდებოდა, არ ჩაივლიდა და თან არ წაიღებდა იმ ხიდის ნამსხვრევებს, რომელიც არეულობასთან აკავშირებდა მის სიმწრით ნაკოწიწებ სიმშვიდეს. -გისმენ, ტასო. -ძლივს გადააგორა ნერწყვი ყელში, რომ ხმა ამოეღო. კანკალებდა. -ჩემთან გამოდი, მარტო ვარ. -ახლა არა, არ შემიძლია. თუ გინდა, შენ მოდი. -პასუხს არ დალოდებია, ისე დაკიდა ყურმილი. ტაქსი გააჩერა და შიგ მანამ ჩახტა, სანამ ფასს ჰკითხავდა. მთელი გზა მინაზე შემხმარ ტალახიან წვიმის წვეთებს მისშტერებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მის მთელ არსებას სურდა ახლა გარე სამყაროსთან დაკავშირება და გიორგობიანების სასამართლო პროცესზე რამის გაგება, ნაჭუჭში გამოიკეტა თითქოს, სადაც არაფრის ხმა აღარ აღწევდა. კიბეებზე უღიმღამოდ ალასლასდა. კარი ღია დაუხვდა და სახლში დასადგურებულმა სასმლის სურნელმაც კი ვერ გადაატანინა შფოთვიდან ბრაზზე ყურადღება. მამამისი გალეშილი იჯდა ტელევიზორის წინ, ნახევრად დაცლილი არყის ბოთლით ხელში და შეშლილი სახით მისჩერებოდა ბოლო ხმაზე აყვირებულ მოლაპარაკე ყუთს. ოთახში შევიდა თუ არა მაშინვე საწოლში შეწვა და ბალიში თავზე დაიფარა, რომ ტელევიზორის ხმას მის ყურამდე არ მიეღწია. გული საშინლად უცემდა და სამშვიდობოს რომ დაიგულა თავი, მაშინვე ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან. ნესტმა ამოუვსო გონებაც და გულიც, იმ წამს საკუთარი გულის გუგუნის გარდა აღარაფერი ესმოდა საწოლში მოკუნტულს. მანამ იტირა, სანამ საბანში ჩამალულს საბოლოოდ არ გამოეთიშა სიფხიზლე და ძილმა არ წაართვა თავი. თვალი რომ გაახილა, მოსაღამოვებულიყო. ტასო მის გვერდით იწვა საწოლზე და ტელეფონში რაღაცას ჩასჩერებოდა წარბშეკრული. ყველაფერი მორჩა ნეტავ? - გაიფიქრა გონებაში და ფორიაქი ერთიანად მოაწვა. ყველა გრძნობა გაუახლდა. ყველა დარდი თავიდან აეშალა. -რა მოხდა? -ტირილისა და ძილისგან ხმა დაბოხებოდა. სათქმელს ძლივს მოაბა თავი. ტასომ მაშინვე მისკენ მიაბრუნა თავი. მეგობრის გაღვიძება ვერ შეემჩნია. ტელეფონი გვერდზე გადადო და გაეღიმა. -მამას ოცდახუთი, შვილს ოცდარვა. ორი მკვლელობისთვის და ორი მკვლელობის მცდელობისთვის, ფულის გათეთრების, მუქარის და იარაღის უკანონო შემოტანისთვის. ძალაუფლების გადაჭარბებული გამოყენებისთვის. -მგონია, რომ საკმარისი მაინც არ არის. -გულიდან თითქოს უშველებელი ლოდი მოეხსნა მაკას, მაგრამ კმაყოფილებას მაინც ვერ გრძნობდა. -რა თქმა უნდა, არ არის. ვერასოდეს იქნება ვერანაირი სასჯელი. მგონია, რომ ისე რომ მოექცე, როგორც თვითონ, არც ეგ იქნება საკმარისი. -ხო. -თვალები დახუჭა ისევ მაკამ. -მამაჩემმა რაო? -ფფ, არაფერი. გაილეშა და სძინავს. ფერხული არ უცეკვია ნამდვილად. -ჩაიფრუტუნა ტასომ. -შენ არ გშია, ან არ გწყურია? -არა, არ მინდა არაფერი. -თვალები არ გაუხელია მაკას. -მე წავალ მაშინ. -წამოდგა ტასო. -ცუდად ხომ არ ხარ? -არა. არ ვარ. -ცრუობდა. -კარგი, არ დაგაძალებ სიმართლის თქმას. ვიცი, რომ იმ ხისთავიანს ელოდები და მაგიტომაც ხარ მაინც ეგრე. მაკას არაფერი უთქვამს. არც შეწინააღმდეგების თავი ჰქონდა და არც დათანხმებისა. ტასო რომ ოთახიდან გავიდა, მაშინვე გადატრიალდა საპირისპირო მხარეს და ღია ფანჯარას გაუშტერა თვალი. გრილი ნიავი თხელ ფარდას სულს უბერავდა. როგორ უნდოდა შვება ეგრძნო საბოლოოდ. ბოლომდე გათავისუფლებულიყო ამ მარწუხებისგან. სანდრო კი არ ჩანდა. ცალ მხარეზე წოლამ მხარი საშინლად გაუკავა, მაგრამ მაინც არ სურდა განძრევა. თითქოს კი გამოიღვიძა მისმა გონებამ, მაგრამ სხეულს ისევ ეძინა. საშინლად უნდოდა, ბედნიერი ყოფილიყო. იმ დღის შემდეგ, რაც სიმართლე გაიგო დედამისის მკვლელობაზე, თავის დაჭრაზე, ყველაფერზე... ფიქრობდა გიორგობიანების დაკავება შვებას მოგვრიდა მის მტანჯველ კოცონზე მიფიცხებულ, დამწვარ და გადაღლილ სულს. მაგრამ სიმშვიდე არ ჩანდა. ნაშუაღამევს, როცა ლამის მეორედ წაართვა ძილმა თავი, კარზე კაკუნის ხმა გაისმა. თავიდან იფიქრა, იმდენად ელოდა ვინმეს მოსვლას, რომ უკვე ეჩვენებოდა, ამიტომ ყურადღება არ მიაქცია. მაგრამ კარის ჭრიალიც რომ გაისმა, მაშინვე გადაბრუნდა. სიბნელეში კარგად არ ჩანდა, ვინ იყო. მისაღებში დაგუბებული სასმლის სუნი შემოვარდა და თან შემოიყოლა რაღაც ძალიან ნაცნობი. სიჩუმით და სუნთქვის რიტმით მიხვდა, რომ ეს არც უკან მობრუნებული ტასო იყო და არც მამამისი, რომელიც წლებია, მის ოთახში არ შესულა. მთელი სხეული დაეძაბა და ხის ძველებურ კომოდზე დადგმული სანათით ოთახი ყვითლად გაანათა. -კარი ღია დაგრჩენია, -ისე აწკურა წარბები მაჩაბელმა, როგორც იცოდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მაკას მთელი დღეების განმავლობაში მისი ნახვის სურვილით სული ელეოდა, მაინც გაოგნებული ჩანდა. ერთ ადგილას გახევებულს აქამდე რაც კი სალანძღავი სიტყვები ჰქონდა მოფიქრებული, ყველაფერი გადაავიწყდა. თითქოს მისმა ტვინმა და სხეულმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს სანდროს მშვიდად შეგებებოდნენ, იერიშზე გადასვლის გარეშე. მაჩაბელს ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა, მხრები ჩამოყრილი, რომ მაკა ვერც ვერასდროს შეძლებდა ალბათ, ასეთ მდგომარეობაში მყოფს თავს დასხმოდა. -გაგაღვიძე? -ისევ სანდრომ ჰკითხა. საწოლზე მისგან მაქსიმალურად შორს ჩამოჯდა, ისე, რომ მხოლოდ გვერდულად ხედავდა მაკას. -არ მეძინა. -ჯერ მის მოხრილ, დაღლილ ზურგს მოავლო თვალი მაკამ, შემდეგ კისერს და ნახევრად გამოჩენილ სახეს. საშინლად მოუნდა მოხვეოდა, მაგრამ თითქოს საწოლში წელამდე ჩაეფლო და გაქვავდა. -აქამდე ვერ მოვედი. ახლაც ცხრაჯერ მივბრუნდი გზიდან. -რატომ? -არ ვიცი. -სანდრო... -ვერ გეტყოდი, -გააწყვეტინა მაშინვე, თუმცა მაკა საერთოდაც არ აპირებდა ჩხუბს, დამშვიდების წარუმატებელ მცდელობას ჰგავდა მისი ქცევა. -იქ, იმ სიტუაციაში ვერაფერს გეტყოდი. თუ გინდა, გაბრაზდი, იჩხუბე, მაგრამ არც მინდოდა რამე გცოდნოდა. ვიცი, რომ შევცდი, ცუდად მოვიქეცი, მეტიც, საშინლად. რომ გაგიშვი იმ ღამესვე შენი უკან დაბრუნება მომინდა, მაშინვე. მაგრამ ის რომ არ გამეკეთებინა, რაც გავაკეთე... გულს ვერ მოვიოხებდი. თუ მეცოდინებოდა, რომ ერთი დანაშაული მაინც დარჩა, რაზეც პასუხი არ აგეს იმ ნაძირლებმა... არ შემეძლო. -სხვანაირად არ გამოვიდოდა? -არ ვიცი. სხვა გამოსავალი ვერ დავინახე მაშინ. გამომიწვია და მეც განზრახ წამოვეგე. -განზრახ? -გულწრფელად გაეღიმა მაკას, -პირველი შემთხვევა არ იქნებოდა. შენ უფრო ფიცხი ხარ, ვიდრე ის ჭკვიანი, რომ შენთვის მახე დაეგო. -გრძნობ, რომ სამართალმა იზეიმა? -კი, მაგრამ კმაყოფილი არ ვარ. ვერც ვერასდროს ვიქნები. მე დედას ვერავინ დამიბრუნებს, შენ - ძმას. საპირწონე სასჯელი არ არსებობს. მადლობა, რომ ბოლომდე იბრძოლე. -მინდოდა, მომეკლა. საშინლად მინდოდა... -მთავარია, არ გააკეთე. მაინც შეძელი, რომ შენს სულს ვერ შეეხო, ვერ დაგაბინძურა, ვერ გადაგიბირა. მესმის რამხელა ცდუნებაა, როცა შეგიძლია შენ თვითონაც აღასრულო სამართალი, მაგრამ მაინც იმას ანდობ ამ საქმეს, ვისი ვალიც არის რეალურად. პოლიციას. სასამართლოს. შენ ყველაფერში მართალი ხარ, სანდრო. ყველაფერში ყველაზე მართალი. -თუ ვფიქრობ, რომ ტატო სხვაგვარად მოიქცეოდა? -ტატო სხვაგვარად იმიტომ მოიქცეოდა, რომ მისთვის ისე მოქცევა იქნებოდა მართებული. შენთვის ხომ არ არის სამაგიერო სისხლში ხელების გასვრა სამართლის ზეიმი. შენ ყველაფერი გააკეთე. ტატოც ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ თავისებურად. ოთახში ურთიერთშეთანხმების გრილი სიმშვიდე ჩამოწვა. არცერთი განძრეულა, თუმცა ჰაერის შემსუბუქება გააშკარავდა. მაკა თავის ხელებს ჩააშტერდა. ღელავდა. მოეჩვენა, რომ ახლა მისი ნაბიჯი სანდროსთვის ხელის შეშველება იქნებოდა. -სანამ მოხვიდოდი, შენთან ჩხუბი ყველაფერზე მეტად მინდოდა. მინდა იცოდე, რომ საშინელი ადამიანი ხარ იმის გამო, რომ იმ ჯოჯოხეთში მარტო გამიშვი, მერე შენც ჯოჯოხეთში წახვედი უჩემოდ, გაუფრთხილებლად. საშინლად მინდა ახლა შენზე გაბრაზება შემეძლოს, მაგრამ აღარაფრის მოსმენა მინდა. მენატრები. მაშინ ხელი რომ გამომიწოდე და მე არ გიპასუხე, მინდა იცოდე, რომ ყველაფერზე მეტად შენი ჩახუტება მინდოდა, მაგრამ იმის შემეშინდა, რომ ვეღარ მოგშორდებოდი. ისე ვბრაზობ, რომ გამოხვედი, მაშინვე ჩემთან რომ არ გამოიქეცი, ისე მინდა ჩემი თავი დავაჯერო, რომ არ გენატრებოდი და მაგიტომ არ მოხვედი. არ ვიცი, მეგონა, ამ წლებმა მარტო ყოფნას მიმაჩვია, მაგრამ უშენოდ ყველაფრის მეშინია. იმის გაფიქრებამ, რომ რამე შეიძლება მოგსვლოდა, რომ უშენობა შეიძლებოდა სამუდამო ყოფილიყო... -ხმა გაუტყდა მაკას საბოლოოდ, ტირილისგან სიტყვების გამორჩევა ალბათ მხოლოდ სანდროს თუ შეეძლო იმ წამს, რომელსაც მკერდი ისე ღრმად აუდ-ჩაუდიოდა მაკას თითოეულ ამოსუნთქვაზე, თითოეულ სიტყვაზე, რომ ფილტვები დასკდომას ჰქონდა. -საერთოდ არ მინდა ამას გეუბნებოდე, შენთვის გულის გადაშლა საერთოდ არ მინდა, მინდა ჩემი სიჩუმით და უემოციობით გსჯიდე, მაგრამ რა ვქნა, რომ არ იმსახურებ და მე უსამართლო ვარ. შენ კიდევ ცამდე მართალი. -ამდენ ლაპარაკს რომ ჩამეხუტო არ შეგიძლია? -ხმადაბლა წაიდუდუნა მაჩაბელმა, როცა მაკას აკანკალებული სხეული მის ზურგს უკვე მიკრობოდა, ხელები მკერდზე ძლიერად შემოეხვია და ცხვირი და ტუჩები ისე მაგრად მიეკრო მის მონატრებულ ყელზე, თითქოს შიგ შეღწევას და შესახლებას ცდილობდა. -მოდი ჩემთან. ატირებული კალთაში პატარა ბავშვივით ჩაისვა და ცრემლით დასველებულ სახეზე მიწებებული თმა ყურს უკან გადაუწია. ისე ფრთხილად შეახო შუბლზე ტუჩები, თითქოს ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი რეალობა იყო. -ღმერთო, როგორ გიჟდები ჩემზე... -ამოსუნთქვას ამოატანა სიტყვები და მაკას შეჭმუხნულ წარბებზე ტუჩები გაეწელა. უფრო მაგრად მიიკრო მკერდზე. სიმშვიდე არსაიდან შემოიპარა იმ ოთახში. -მამაშენს და გურამს რა ბედი ეწიათ? ტასოს არ უთქვამს. -ჰკითხა გამთენიისას. თვალი არც ერთს მოუხუჭავს, თუმცა არც ხმა გაუღიათ. -მამაჩემს სამი წელი მიუსაჯეს, გურამი გაამართლეს. სუფთა იყო. -ორი მკვლელობის მცდელობაო, ტასომ. მეორე რომელი? -შენი... -ადგილზე ირწეოდა სანდრო, თან მაკას ხან თმაზე, ხან წელზე ეფერებოდა. -მეორედაც შენი სცადა. -როდის? -თავი წამოყო უცებ მაკამ, მკლავებში ჩააფრინდა. -უნდოდა ეცადა, უფრო სწორად. ის ყელსაბამი.. ხომ გახსოვს? ტასოს აიძულა ტოქსიკური ნივთიერებით დაემზადებინა პატენტი. ნებისმიერი, ვინც გაიკეთებდა ინტოქსიკაციით დაიღუპებოდა. თავად იყიდდა, შენ დაგასაჩუქრებდა და მერე განაცხადებდა, რომ ტასო იაშვილმა ბიზნეს-პარტნიორის თავიდან მოშორება ამგვარი მზაკვრული გეგმით სცადა. -რა... საიდან გაიგე... ღმერთო, ტასომ იცოდა, და არ თქვა? -ტასომ მხოლოდ მე მითხრა. ძალიან ვფრთხილობდით. გვინდოდა ეფიქრა, რომ უბრალოდ ჯინში ჩავუდექი და მაგიტომ მინდოდა იმ აუქციონის მოგება. -კი მაგრამ რატომ აღიარა.... -ტასოს რომ ეთქვა, მაიძულესო და მას უარეყო, არავინ დაიჯერებდა. თავად უნდა ეღიარებინა... -და როგორ.. მოიცა... შენ მაგიტო შეყევი იქ, რომ აღიარება გეიძულებინა? -რა ჭკვიანი ხარ, ხანდახან მაოცებ. -გაეღრიჭა სანდრო, მაკას კი ისევ ალმური აუვიდა სახეზე, -კაი,რა, აღარ გინდა ეს ჩაიდანივით ორთქლის აშვება და ყვირილი... -სანდრო, ეგ საქციელი... -ვიცი,ხო... არ არის ნორმალური.. მაგრამ ხო იცი, დიდ შესვენებაზე როგორ გიჟდებიან ხოლმე ბავშვები, მასწავლებლები ყურადღებას რომ არ აქცევენ. -გაკრეჭილმა აკოცა ცხვირის წვერზე. მაკამ ღიმილის შეკავება სცადა. -ხოდა, დიდი შესვენება დამთავრდა. გაკვეთილის დროა. -დიახ, მას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.