შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამატებითი დრო I (სრულად)


20-05-2023, 19:19
ავტორი nestandarejan
ნანახია 6 404

აეროპორტის გამოსასვლელთან ერთი ჩემოდნით ხელდამშვენებული იდგა. საშინელი სუსხი ბობოქრობდა იმ საღამოს, უჩინარ ნისლს შეესქელებინა ჰაერი და სუნთქვის დროს ფილტვებს ყინვის საცეცები სერავდა. ის კი მაინც ღრმად სუნთქავდა მშობლიურ ჰაერს, კბილები უწაკწაკებდა, ცხვირი მიყინვოდა, მაგრამ შინ დაბრუნების ემოციები სისხლს ისე უდუღებდა, მინუსებში გადასული ტემპერატურა საერთოდ ვერ იგრძნო. სახლი. სამშობლო. გულში სიხარულის ზარების ჟღარუნს მაინც ვერ უხშობდა ცუდის მოლოდინით აძგერებული გული. მერე რა, რომ ჯერ არ გეგმავდა დაბრუნებას და საშინლად ეჯავრებოდა, როცა კარგად დაწყობილი გეგმები ერეოდა. მერე რა, რომ ბედნიერ ძახილს არ დაუბრუნებია უკან. შორიდან გაგონილი ქართულიც კი სასიამოვნო მელოდიად ჩაესმოდა მის იტალიურს შეჩვეულ სმენას.
-ვასო, აქ ვარ! -დეიდაშვილს მაშინვე ხელი დაუქნია, როგორც კი ნაცნობი მანქანა შენიშნა.
-კაწიუშა! -გულთბილად გადაეხვია მაღალი სხეული, მხოლოდ მაშინ იგრძნო რომ იყინებოდა, ვასოს თბილი სხეული უსურვაზივით რომ შემოეხვია. -შე პატარა ქეთო, ისე მომენატრე!
-ვასიკო, მეც მომენატრე. თანაც ძალიან. სხვები სად არიან?! დემე როგორ არის?!
მანქანის სალონში თბილოდა, თუმცა ცუდის მოლოდინით შემცივნებული გული მაინც უკანკალებდა. ვაი და, დაუმალეს ყველაზე უარესი, იქნებ არ უთხრეს სათქმელი ბოლომდე, რომ არ ენერვიულა?!
-ოთხი დღის წინ გაუკეთდა ოპერაცია. წევს. არავის დანახვა არ უნდა. იქნებ, შენ მაინც მიგიკაროს.
ვასოს ხმიდან იმხელა ტკივილი ჟონავდა, ქეთოს სუნთქვა შეეკრა. ცოტაც და თვალებიდან სიმწრის ნაპერწკლებს გაყრიდა. იმის წარმოდგენა, რომ მის სისხლს და ხორცს, მისი სულის ნაწილს რაღაც სტკიოდა და არსებობას უფორიაქებდა, სუნთქვას ფილტვების დახეთქვამდე უკრავდა.
-ექიმები რას ამბობენ?! თამაშს შეძლებს?!
-არ ვიცით, ქეთო. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. შენც ნუ უხსენებ.
სახლში რომ შევიდა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, როგორც პანაშვიდზე ნაადრევად მისულ ჭირისუფალს. სამარისებური სიჩუმე მეფობდა მათ მუდამ ხმაურიან სახლში. ფრთხილად სუნთქავდა, ფრთხილად ადგამდა ნაბიჯებს, თითქოს ზედმეტი ხმის გამოცემის ეშინოდა. არავინ შემოგებებია, შუქიც კი თავად აანთო მისაღებში და დემეს ოთახისკენ ცრემლებით სავსე მზერით გაიხედა. რა უნდა ეთქვა, როგორ შეეხედა მისთვის?! რომ არ მიეღო?! ამის გაფიქრებამ შეზარა. თითქოს ყველაფრისგან გამოიწურა მისი სხეული, როგორც ყურძნის მტევანი და აღარაფერი დარჩა გარდა დაფლეთილი ლებნების კანისა.
ფრთხილად დააკაკუნა და მაშინვე შევიდა. პასუხს არ დალოდებია. დემეტრე საწოლში ფეხშეხვეული იწვა, ეღვიძა, ტელეფონს ჩასჩერებოდა და მისი ცისფერი შუქი ნატანჯ სახეს უნათებდა.
-დემე, -სწრაფად მიუცუცქდა ძმას. იგრძნო როგორ შეუკრთა სხეული და როგორ ვერ გაბედა მისთვის შემოეხედა. ქეთომ ლოყაზე აკოცა. -ისე მომენატრე.
ვერაფერი უთხრა ძმამ, თუმცა ახმაურებული გულისცემა და მძიმედ გადაყლაპული ცრემლები ყველაფერს ამბობდნენ. დემეტრეს მისი და სჭირდებოდა.
-ქეთო. -ხმა გაუწყდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა დემეტრე სიხარულიძე. აქამდე მარად ენაკვიმატი და ყველაფერზე პასუხის მქონე დამუნჯებულიყო, იმდენი სიტყვა აწვებოდა ენაზე, ერთიც ვერ ამოერჩია მის ტანჯვით გადაღლილ გონებას, რომ დისათვის ეთქვა. -ეს ყველაფერი დავიმსახურე.
მთელს სხეულში გაყინული წყალივით დაუარა დემეტრეს სიტყვებმა. წარბშეკრული წამოჯდა და დახრილ თვალებს დააშტერდა.
-აბა, რას ამბობ, დემეტრე? ამას საკუთარ მტერზეც არ იტყვის ადამიანი, შენ კი…
-სხვას უარესი გავუკეთე, ქეთო. ამაზე ბევრად უარესი. ახლა მაგისთვის ვისჯები. ჩემი კარიერა დამთავრდა. ყველაზე რთულ და ყველაზე კარგ დროს. კარმა არსებობს და მე ის მომიბრუნდა. ვერც მამამ დამაფარა ხელი, ვერც მე გავექეცი.
უყურებდა მის ძმას და ეგონა, ბოდვა ესმოდა მისი პირიდან.
მისი ძმა ასეთი არ იყო. მას არაფერი დაუშავებია. არასდროს არავის ავნებდა, საკუთარ თავზე რომ ასე მწარედ ეწვნია სამაგიერო.
-დემე, მაშინებ. რას სულელობ?! - მისი თავი მკერდზე მიიხუტა და თავზე ფრთხილად აკოცა.
-შენც თავს იბრმავებ დედასავით. მე არც ვიმსახურებ მოედანზე გასვლას და ხალხის ტაშს, ქეთო. არავის გულშემატკივრობის ღირსი არ ვარ და ამას ახლა მივხვდი. მამამ კარგ მოთამაშედ გამზარდა, უნაკლოდ თამაში მასწავლა, მაგრამ კარგი ფეხბურთელობა არ უსწავლებია. საქმე ის არის, რომ ვერც მე ვისწავლე კარგი ფეხბურთელობა. ათასი გოლიც რომ გავიტანო, იმას მაინც ვერ ვაჯობებ.
-ვის, იმას? არ გადამრიო… დემეტრე შენ გუნდის საუკეთესო მოთამაშე ხარ!
-ქეთო, შენ ზედმეტად შორს იყავი მეტისმეტად დიდი ხნით, რომ იცოდე, აქ რა ხდებოდა. როგორი ვიყავი. უფრო სწორად, როგორი არასწორი ვიყავი.
დემეტრე ახალი გამოწერილი იყო საავადმყოფოდან, პრესა რომ მაშინვე პერსპექტიული ქართველის ტრაგიკულ ბედზე ალაპარაკდა. ყველას ორი რამ აინტერესებდა: როდის დაბრუნდებოდა დემეტრე სიხარულიძე ნაკრებში და რა კომენტარს გააკეთებდა ამაზე ირაკლი ხერგიანი.
ირაკლი ხერგიანი რეალურად ამ საქმესთან არაფერ შუაში ყოფილა. შეყვითლებული პრესა ყოველთვის უტიფრად ინტერესდება დაპირისპირებული მხარეების რეაქციით, როდესაც ერთ-ერთი ოპონენტის ცხოვრებაში რაღაც ისეთი ხდება, რაზეც ყურადღების გამახვილება ღირს. ირაკლი ხერგიანს ერთი გადაკრული სიტყვაც არ უთქვამს დემეტრე სიხარულიძესთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით. თანაგუნდელს გამოჯანმრთელება და მალე დაბრუნება უსურვა. ესეც ზედმეტი ემოციებისა და ფამილარობის გარეშე.
უფროსი სიხარულიძე წარბებშეკრული მისშტერებოდა ახალგაზრდა კაცის სახეს ტელევიზორში.
-მაინც მიიღო თავისი! -წაისისინა ავად და ოთახში შემოსულ ქალიშვილს გაუღიმა. -რაო, მა? რამე გითხრა დემეტრემ?
-არაფერი ისეთი. -ცარიელი ღიმილი დაახვედრა მამის შეფარულ ინტერესს ქეთომ. -რას უყურებ ეგეთი გაბრაზებული?!
-იმ ხერგიანის ინტერვიუს. შენს ძმაზე ჰკითხეს.
-მას რატომ? -გაუკვირდა ქეთოს და თავადაც გახედა ტელევიზორს. სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა, წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი მშვიდად პასუხობდა ჟურნალისტების თავხედ და სულელურ შეკითხვებს.
-შენი ძმის მთავარი მეტოქეა, მაშინ შელაპარაკება რომ მოუვიდათ, ის არის.
-მეტოქე რანაირადაა, მამა, ერთ გუნდში არ თამაშობენ? გუნდი გუნდია.
ქეთომ მაგრად დააჭირა ენას კბილები, დემეს თვითგვემის დეტალები სლავასთან რომ არ წამოსცდენოდა. იცოდა, მამამისი ყველაფერს არასწორად გაიგებდა და ახლა სიძლიერესა და დაუმარცხებლობაზე მისი ლექციების დრო არ იყო.
ეს დღეებია დემეტრესთან დროის გატარების გარდა არაფერს აკეთებს. ისიც მხოლოს დას იკარებს პატარა, ჭირვეული ბავშვივით და სხვასთან არავისთან საუბრობს. ნუნუკა გიჟს ჰგავს თავისი შვილის შემხედვარე და დარდის გამზიარებელი არავინ ჰყავს. სლავას სიტყვას ვერ უხსენებ, დაბოღმილი დაიარება ოთახიდან ოთახში და ყველაფერი აღიზიანებს.
-ფეხბურთელებს ვერადროს ვიმახსოვრებდი, ხომ იცი. -ხმადაბლა, ნაზად ესაუბრებოდა ძმას ქეთო. -მაგრამ სტადიონზე გიჟს ვგავდი ყოველთვის, როცა ჩვენი ნაკრები თამაშობდა. ჩემი გრძნობები უფრო დიდია ამ სპორტის მიმართ, ვიდრე ფაქტების ცოდნა. ამით თავს ვერ მოვიწონებ და ალბათ, მაგის გამო ცუდი და ვარ. როცა შენი ძმა ასეთი წარმატებული ფეხბურთელია, სხვებზე მეტი მოგეთხოვება. უბრალოდ, ხომ იცი, ასაკში ცხრა წელი სხვაობა ცოტა არაა. მაგრამ არ ჩათვალო, რომ შენსას ვერ გავიგებ, დემე. ყველაფერი ამოიღე. ამ ერთ უბედურებას გაატანე. მე შენთან ვარ.
დემეტრე ბევრს არაფერს ამბობდა. დღეები ისე გადიოდა, ზოგჯერ სიტყვასაც ვერ დასტყუებდა უმცროსი და. ქეთოს წარმოდგენაც არ უნდოდა, რა დაემართებოდა, როცა სანაკრებო სეზონი გაიხსნებოდა.
თვითონ მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში. კარიერას ახლა იწყებდა, როცა მის ოჯახს ისედაც ურთულესი პერიოდი ედგა, მაგრამ ვერასდროს ჩერდებოდა. ვერცხლისწყალივით მოუხელთებელი და მთის მდინარესავით მოძრავი იყო ყოველთვის. ათას პროექტში მონაწილეობდა, სულ მუშაობდა, დასვენების დროსაც კი. ირაკლი ხერგიანის ამბავი გონებიდან მაშინვე ამოუვარდა, როგორც კი ცხოვრების ტემპი აუჩქარდა.
ჯერ კიდევ ვერ ბედავდა შეკითხვების დასმას, ძმისთვის შეუხორცებელი ჭრილობები რომ არ გაეხსნა. თავის რიგს ელოდა, როდის ეტყოდა ოჯახი ყველაფერს. ხომ შეეძლო, ინტერნეტში მოეძებნა, დარწმუნებული იყო, ყველაფერს იპოვიდა, მაგრამ პრესის გაშინაარსებულ, გროტესკულ რეალობას არ ენდობოდა. მას რეალური სურათი სჭირდებოდა რეალობის სწორად დასანახად. საზღვარგარეთ სასწავლებლად გატარებულმა წლებმა დაბრუნებისას აფიქრებინა, რომ თითქოს ჩამოშორდა კიდეც თავის ოჯახს. გრძნობების შეთხელებაზე არ არის საუბარი, უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე. დამოუკიდებლობამ სიმარტოვე შეასწავლა და შეაყვარა კიდეც.
იმ საღამოს თანამშრომლებთან ერთად კორპორატიულ წვეულებაზე წასვლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ მისი წაუსვლელობაც არ გამოვიდოდა. ჯერ კიდევ ახლა იწყებდა ქეთო კარიერას და კავშირების გაჩენა არასოდეს ისე საჭირო არ არის, როგორც დასაწყისში. თავად გასართობად წასვლაც კი ერიდებოდა, როდესაც დემეტრე ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ძმის გამწყრალ თვალებს რომ გადააწყდა, მაშინვე გადაიფიქრა.
-სახლში ჩაკეტვით და ჩემთან ერთად კოტრიალით ვერაფერს უშველი, ქეთო. არ გამაბრაზო, იცოდე. ინვალიდი არ ვარ ოცდაოთხსაათიანი ზედმხედველობა რომ მჭირდებოდეს.
უღიმღამოდ გამოეწყო ერთ ყველაზე ჩვეულებრივ კაბაში. მორალურად მოამზადა საკუთარი თავი იმ შეკითხვებისთვის, რომელსაც ადგილზე მისვლისთანავე დაუსვამდნენ, ვინც კი იცოდა, რომ დემეტრე სიხარულიძის და იყო, თუმცა გულის სიღრმეში მაინც იმედოვნებდა, რომ ვერავინ იცნობდა.
ძვირფასი ჭაღებით გაჩახჩახებულ დიდ დარბაზში ხალხი მშვიდად ზუზუნებდა. ორკესტრი კლასიკურ მუსიკას უკრავდა და თავი უეცრად წინა საუკუნეების წვეულებაზე მოეჩვენა და არა იურიდიული ფირმის კორპორატიულზე. მხოლოდ სტუმრების თანამედროვე ჩაცმულობა არწმუნებდა, რომ სწორ დროსა და ადგილას იყო მოსული.
-ქეთევან, აქეთ! -ხელი დაუქნია მისი ჯგუფის უფროსმა, ვისთანაც სტაჟირებას გადიოდა. ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით დაიძრა მათკენ. -ეს ქეთევან სიხარულიძეა, ჩვენი სტაჟიორი. უჭკვიანესი ადვოკატი ეზრდება ჩვენს ფირმას.
-გამარჯობა, -სცადა, დარცხვენა არ დასტყობოდა. ნამდვილად არ უყვარდა, როდესაც სახალხოდ აქებდნენ, თუმცა არც ზედმეტი თავმდაბლობის გამოხატვა სურდა. -სასიამოვნოა.
-თქვენ დემეტრე სიხარულიძეს ხომ არ იცნობთ? -ინტერესით შეავლო ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალმა თვალი. დაკვირვებით უმზერდა, იყო კიდევ რაღაც მის თვალებში უბრალო ინტერესის გარდა. გაიფიქრა, რომ მისი ძმის თაყვანისმცემელი ან ყოფილი შეყვარებული იყო.
-დიახ, ჩემი ძმაა დემეტრე.
-მართლა?! -ნასიამოვნები ჩანდა ქალი, თუმცა მეტი აღარაფერი უთქვამს, დარბაზს დაკვირვებული მზერა მოავლო. თითქოს ვიღაცას ეძებდა.
-რა სამწუხაროა დემეტრეს ამბავი, მთელი საქართველო აღშფოთებულია ამ ტრაგედიით. -აღნიშნა ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ქეთოს გვერდით რომ იდგა და ეტყობა, ძალიანაც გაუხარდა საყვარელი ფეხბურთელის ახლობელს რომ გადაეყარა. -წარმომიდგენია, თავად დემეტრე რა მდგომარეობაშია.
ქეთომ მხოლოდ გაიღიმა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა საერთოდ. მისი ძმის მდგომარეობაზე უცნობ ადამიანებთან გულღია საუბარს ვერ დაიწყებდა, ამიტომ მხოლოდ გაიღიმა და თავადაც დარბაზს მოავლო თვალი.
-მშვენიერი გარემოა. -გაეღიმა, ხმა ჩაიწმინდა, ძმის ხსენებას მოყოლილი მღელვარებისგან რომ გაწმენდოდა ბგერები. -წამით ვიფიქრე, რომ წინა საუკუნეების სათავადო ბალზე მოვხვდი.
იმ ქალს, წეღან რომ უცნაურმა მზერამ გადაურბინა თვალებზე, ირონიულად ჩაეცინა. აშკარად რაღაც პრობლემა ჰქონდა. დიდად შეწუხებული არც ჩანდა დემეტრეს მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ ქეთო სრულებით დარწმუნებული იყო, რომ მასაც ყველაფერი ისევე კარგად მოეხსენებოდა, როგორც იმ კაცს, მის გვერდით რომ იდგა და დემეტრეს მდგომარეობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა. ყურადღება არ გაუმახვილებია. აქ არ იყო ვინმეს ჩაცინებებზე საკადრისი პასუხის დრო და ადგილი, ამიტომ სასწრაფოდ გაცილდა იმ მაგიდას.
მოწყენილობისგან წუთებს ითვლიდა, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად გარიდებოდა იქაურობას და სახლში წასულიყო. ერთი საათი როგორც კი გავიდა, მაშინვე დაემშვიდობა ორიოდე თანამშრომელს, ვისაც იცნობდა, და გასასვლელისაკენ გაემართა. ბევრ ხალხში ყოფნა ისედაც არ უყვარდა, თუ მათ შორის თითქმის ყველა უცნობი იყო, უფრო უჭირდა გაძლება. იქედან გამოსულმა, სუფთა, ხალხისგან გათავისუფლებული ჰაერი რომ ჩაისუნთქა, თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი გადავარდა.
-ჰეი! დამელოდე! -უკან ის ქალი მოყვებოდა, უცნაური მზერით და ირონიული ჩაცინებებით.
ადგილიდან არ დაძრულა ქეთო, პირიქით, ესიამოვნა კიდეც მასთან რომ მოუწევდა განმარტოვება, იქნებ იმ ჩაცინების ამოხსნის საშუალებაც მისცემოდა.
-დიახ. -ისეთი სახე მიიღო, თითქოს ძლივს გაიხსენა, ვინ იყო ეს ქალი.
-ტელეფონი ჩვენს მაგიდაზე დაგრჩათ. -ხელში მისი მობილური ეჭირა და უცნაური ღიმილით უმზერდა.
-გმადლობთ, ვერ შევამჩნიე. -თავაზიანი ღიმილით გამოართვა და პატარა ჩანთისკენ წაიღო ხელი, -ვიცნობთ ერთმანეთს?!
-ჩვენ არა. -იღიმოდა ქალი, -მაგრამ ჩვენი ძმები - კი.
-მართლა?! ვინ არის თქვენი ძმა?! -გულწრფელად გაუკვირდა ქეთოს. თუკი მათი ძმები ერთმანეთს იცნობდნენ, რატომ ჰქონდა ასეთი საეჭვო და არამეგობრული დამოკიდებულება ამ ქალს მის მიმართ?
სიხარულიძის შეკითხვაზე ჩაეცინა, ქეთოს მოეჩვენა, რომ სახეზე წამოწითლდა კიდეც. თვალების ნაპრალებიდან ბრაზი უჟონავდა.
-ასე მალე ივიწყებთ სხვის უბედურებას სიხარულიძეები? -გამოსცრა კბილებს შორის. გველივით სისინებდა. მოულოდნელმა თავდასხმამ ააღელვა, ერთი ნაბიჯით უკანაც კი დაიხია.
-უკაცრავად?! -სცადა, არ დაბნეულიყო, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის თავს. რით დაიმსახურა მისმა ოჯახმა ამოდენა ზიზღი ამ ქალის მხრიდან?
-ირაკლი ხერგიანი. გეცნობა ეს სახელი და გვარი?! მე ანი ხერგიანი ვარ, მისი უფროსი და. შენმა ძმამ ჩემს ძმას საკლუბო ჩემპიონატზე ლამის ფეხი მოამტვრია. კიევში. არ გახსოვს?! მაგრამ საიდან გემახსოვრება, პატარა გოგო იქნებოდი.
ქეთოს გაეცინებოდა ისე ჰგავდა ამ ქალის საუბარი ჯიბრიანი გოგონების წაქიშპებას, თუ ვისი თოჯინა იყო ყველაზე უკეთესი.
-სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი უბედურებები ხშირად ხდება. ძალიან ვწუხვარ თქვენი ძმის გამო, მაგრამ დამერწმუნეთ, დემეტრე ძალით არავის ავნებდა. -ძლივს ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას. ეს რა კონცერტები მოუწყო ამ ქალმა?! კიდევ კარგი, თავის შეკავება მოახერხა და ყველას თანდასწრებით არ გამართა სცენები. -თანაც ზრდასრული ადამიანები არიან, მგონი, ორივე და თავად მოაგვარებენ, თუ რამე აქვთ გასაყოფი.
-არა, ძვირფასო. -წასასვლელად გაბრუნებულ სიხარულიძეს მკლავში ჩააფრინდა ანი, -ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია. როცა ქართველი ქართველს ისე მოექცევა უცხოელებით გადატენილ სტადიონზე, როგორც შენი ძმა მოექცა ჩემსას, იქ პირადი აღარ არსებობს. არც შემთხვევითობა ყოფილა, უემოციო სახით რომ დასშტერებოდა ირაკლის ზემოდან იმის შემდეგ, რაც ჩაიდინა და წამოსაყენებლად ხელიც კი არ გაუწოდა. და იცი, რატომ?! შური...
-არაადეკვატური ხართ! -ვეღარ მოითმინა ცილისწამება ქეთომ. ხელი მთელი ძალით გამოგლიჯა გახელებულ ხერგიანს კლანჭებიდან. -ჩემს ძმას არავისი შურს და არც ძალით დაამტვრევდა ადამიანს, თუნდაც მეტოქეს! მესმის, ძალიან მწარეა, როცა ძმას ასე უჭირს, მაგრამ...
-ასე უჭირს?! შენი ძმის მდგომარეობა მართლა გაჭირვებაა, ღვარძლიანი ადამიანი ყოველთვის გაჭირვებული იქნება, ქეთევან, დამტვრეული და ფეხზე მდგომიც. პირველ რიგში, ადამიანი ხარ და მერე ფეხბურთელი, თუმცა შენს ძმას არც ერთი გამოუვიდა და არც მეორე! იცი, რატომ? ყველა ბოროტი სურვილი, ყველა არასწორი ნაბიჯი უკან უბრუნდება მის ჩამფიქრებელს და ჩამდენს. ირაკლი მაშინ იწყებდა კარიერას, როცა შენს ძმას სახელი უკვე მოხვეჭილი ჰქონდა და ეგ ვერ აიტანა. ორი მზე ცაზე... ცოტა შეუძლებელია, ხო?
-ანი, რა ხდება?!
თვალებდაბინდულმა ქეთომ ორი ნაბიჯით უკან დაიხია, თითქოს მზერის გაწმენდა და ამ გამწარებული ქალის კარგად დანახვა სურდა. ვერც კი შენიშნა, როგორ გადმოკვეთა მაღალმა, სპორტულ ფორმაში გამოწყობილმა სილუეტმა გზა და როგორ მიუახლოვდათ. მისი სიმკაცრეშეპარული ხმის გაგონებაზე ანი ხერგიანს ქეთოს ცხვირთან გამოშვერილი საჩვენებელი თითი ჰაერში გაუშეშდა. ჩაეცინა.
-მოდი, ძამიკო, ვინ გაგაცნო... -ჩაიქირქილა მან და დაბნეულ კაცს მკლავში ხელი ჩაავლო.
ქეთო ფეხზე ძლივს იდგა უკვე. წესიერად ვერც კი იცნო რამდენიმე დღის წინ ტელევიზორში ნანახი სახე, მამამისი რომ გამწარებული მისჩერებოდა.
-ანი, დალიე? როგორ იქცევი. -წარბები არწივის ფრთებივით შეეკრა თავისი დის გამომეტყველებაზე ირაკლი ხერგიანს. ცვილის ქანდაკებასავით ფერგადასულ სიხარულიძეს მზერა შორიდან შეავლო და ისევ ანის დააშტერდა.
-გაიცანი, შენი მეგობრის, დემეტრე სიხარულიძის და, ქეთევან სიხარულიძე! ამ წამს ვსაუბრობდით იმ დღეზე, შენ რომ ფეხი მოგალეწა და კარიერის ორი უმნიშვნელოვანესი სეზონი გამოტოვე მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკრებში არავინ შესცილებოდა პირველ ადგილს...
-ანი, -მჭახედ გაისმა ირაკლის ხმა. გამყინავი სიცივე ჩასდგომოდა თვალებში. ქეთო გაოცებული მისჩერებოდა სახეში ამ ქალს და არ იცოდა, რა უნდა ეგრძნო, როგორ მოქცეულიყო. ნაბიჯსაც კი ვერ დგამდა, თითქოს ვინმემ ლურსმანივით ჩაარჭო ეზოს ფილაქანზე და იმდენად ღრმად და მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები, წარღვნის ქარიშხალიც კი ვერ შეძლებდა მის იქედან დაძვრას.
-რა იყო?! არ უნდა იცოდეს? დიდი გოგოა უკვე! ხო, ასეა, ქეთევან? ძმის გაკვეთილი მისი გაკვეთილიც უნდა იყოს, ასე არ არის?!
-ანი, დროზე შენი ნივთები აიღე და მანქანაში ჩაჯექი. არ გამამეორებინო.
ქეთო მიხვდა, რომ ქალი იქედან მისი ძმის გაყინული, გაფრთხილებით სავსე სიტყვების გამო არ წასულა: რაც სათქმელი ჰქონდა, მიახალა, ამოიღო გულში ნაგუბები, დაჭაობებული ბრაზი და ღვარძლი, გათავისუფლდა, და მხოლოდ ამიტომ შეეშვა.
მხოლოდ ის და ირაკლი ხერგიანი დარჩნენ ეზოში. უკვე ბინდდებოდა. გვიან შემოდგომაზე ღამეს დღისათვის სინათლის ხანგრძლივობა მოეპარა.
-ეს სიმართლეა?! -ძლივს ამოღერღა. გაოცებული სიტყვებს ვერ პოულობდა, საკუთარი თავი მაინც რომ დაემშვიდებინა. არაფრით დაუშვებდა, რომ მის ძმაში ეჭვი შეპარვოდა, მისი სინანულით გადათელილი თვალები რომ არ ხსომებოდა, საუბრები კარმაზე და სამაგიეროზე, რომელიც ბედმა გადაუხადა, რომელსაც მამამისმაც ვერ დააფარა ხელი და ვერც თვითონ გაექცა.
-ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. -წეღანდელი სუსხი ხმიდან შემოლღვობოდა კაცს. გრძელი თმა აბურდვოდა, დაუდევრად ჩამოყროდა შუბლზე, მოცისფრო-მომწვანო თვალებით შორს, სამყაროს დასალიერში იყურებოდა თითქოს.
-როგორ... ამას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა... მე არ ვიცოდი... უფრო სწორად, არ მახსოვს ეს როდის მოხდა... -გაუაზრებლად დახედა ფეხზე კაცს. სუნთქვაშეკრულს ცრემლები თვალებზე მოწოლოდა. რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა მის თავს?!
-რვა წლის წინ, დიდი დრო გავიდა. შენ არ გეხება და არც ანის. აპატიე, ემოციების მოთოკვა უჭირს.
რვა წლის წინ? მაშინ ცამეტი წლისაც არ იქნებოდა... ჯერ კიდევ თოჯინებით თამაშობდა, ალბათ. დემეტრეს თამაშები ბუნდოვნად ახსოვს. მხოლოდ ის იცოდა, რომ მისი ძმა საამაყო ფეხბურთელი იყო. ყველა ბიჭს მასთან მეგობრობა უნდოდა, რომ როგორმე დემეტრეს ავტოგრაფი მიეღოთ. ამის გამო ისე ბრაზობდა...
-სად მიდიხარ? გაგიყვან. ანის წასაყვანად მოვედი ისედაც.
თავაზიან საუბარს არ წყვეტდა ირაკლი, ვერ ხვდებოდა ქეთო, ამით სჯიდა თუ გულწრფელად გადატანილი ჰქონდა თვითონ ყველაფერი. დავიწყებული. არის რვა წელი საკმარისი დრო იმისთვის, რომ ამხელა ტკივილი მოშუშდეს?!
ფიქრები ძაფის გორგალივით ერეოდა ერთმანეთში. თითქოს კალთიდან გადმოუვარდა და მერე კატა წაეთამაშა.
-არა... მადლობა. -სიზმარასავით ამოილაპარაკა, დაბნეულმა შეაქცია ზურგი და პირველივე ტაქსიში ჩახტა.
სახლამდე ისე იმგზავრა, თითქოს გადღაბნილ გამოსახულებაში ცხოვრობდა და არა დედამიწაზე. თავს იმაზეც კი გაუბრაზდა, რომ უცხო ადამიანის სიტყვებმა მისი ძმის კეთილშობილებაში ეჭვი შეატანინა. კიბეებიც გაუაზრებლად აირბინა და დემეტრეს ოთახში გაუაზრებლად შევარდა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, ან როგორ. გულს უღრღნიდა იმაზე დარდი, რომ სწორედ საკუთარი დანაშაულის დაუნდობელი ჭია შესჩენოდა დემეტრეს სულს. რომ მისი ძმა მართალი არ იყო. აშკარად გაუგებრობაა. არავითარ შემთხვევაში. დემეტრე ასე არასდროს მოიქცეოდა.
-დემე, გძინავს? -ხმა სადღაც გაპარვოდა. თაგვივით წრიპინებდა.
-გაერთე, ქეთო? შემოდი.
ნებართვა არ დასჭირვებია, მაინც მის ოთახში იდგა უმცროსი სიხარულიძე. ათასი დარდით და დაგუბებული ცრემლებით დამძიმებული ადგილიდან ვერ იძვროდა.
-რა მოგივიდა? -წარბები შეკრა დემეტრემ, ქეთოს ჩამოყრილ მხრებს რომ მოჰკიდა მზერა. -ვინმემ გაგაბრაზა, ქეთო?
-არა. არავინ. -ძალით გაუღიმა. ქუსლიანი ფეხსაცმიდან წვალებით ჩამოქვეითდა და ძმას დაუკითხავად შეუწვა საწოლში. კიდურები გაყინვოდა. მხოლოდ მაშინ იგრძნო, როცა სითბოში აღმოჩნდა. -მომენატრე.
-შენ მთლად აგიჩუყა გული შორს ცხოვრებამ, რა! -ხელი გადახვია დას და თმებზე ფრთხილად აკოცა. -ორი საათის წასული ხარ, მოგენატრე არა ისა!
-დემე...
-ჰო, ადვოკატო. -თვალებში ჩახედა თავის დას, გაურკვევლობის მძიმე ქარიშხალი რომ უბნელებდა მომწვანო, კამკამა თვალებს.
-ანი ხერგიანი შემხვდა. მგონი, ჩემთან მუშაობს. -შეპარვით დაიწყო, თუმცა შეატყო, იმ გვარის ხსნებაზე როგორ დაეჭიმა მთელი სხეული მის ძმას. ენა პირში გაუკავდა. სიტყვა ვეღარ თქვა.
-მერე?! -წარბები ინტერესით აზიდა დემეტრემ. თვალებში შიში ჩაუდგა.
-მითხრა, რომ შენ მისი ძმა დაამტვრიე. ძალით.
ქეთოს აღარანაირი ხელჩასაჭიდი აღარ დაუტოვა ძმის თვალებში აგიზგიზებულმა სასოწარკვეთის ენებმა. სხეული თითქოს ერთიანად გაეყინათ ორივეს.
იმის კითხვაც ვეღარ შეძლო ქეთომ, მართალი იყო თუ არა. თითქოს ეჭვს შეიტანდა, თითქოს მისი ძმის ხელუხლებელ ხატებას ჩირქს მოაცხებდა. პირველად მოუნდა ძმისგან, რომელთანაც სულ კინკლაობდა, წინააღმდეგობა ეგრძნო. ხმამაღლა გადაეხარხარა დემეტრეს, მისთვის ცხვირზე ხელი მოეჭირა და სულელი ეძახებინა. ან გაბრაზებოდა, ეგ რამ გაფიქრებინაო.
-თუ გეტყვი, რომ არის ამაში სიმართლის მარცვალი, წახვალ? გადამიყვარებ, ქეთო? -ხმა ასეთი გატეხილი მაშინაც არ ჰქონია, პირველად რომ შეხვდა დას ტრამვის შემდეგ.
-შენ ჩემი ძმა ხარ, დემე. აბა, როგორ შემიძლია, აღარ მიყვარდე?
-მაგრამ ჩემით ვეღარ იამაყებ, ხო?!
-დემეტრე, გაჩუმდი. მინდა, ვიცოდე, რა მოხდა. შეცდომა ყველას მოსდის, ამის გამო ოჯახის წევრებს არავინ იძულებს. შენ ხალხმა შეგიყვარა, დაგაფასა. ყველა შენით ამაყობს.
-ხალხს კი არ ვუყვარვარ, ჩემი გოლები ახარებს, გამარჯვების შეგრძნება მოსწონთ... იმ ადამიანს მე ცხოვრება მოვუსპე, ჩემი ამპარტავნებით, ქედმაღლობით, თინეიჯერული მატრაკვეცობით. შემეძლო, არ გამეკეთებინა, და მაინც გავაკეთე, ეშმაკი შემომიჩნდა. ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, ქეთო. შენ პატარა იყავი, არ გემახსოვრება. იმ თამაშზე არც ყოფილხარ და სავარაუდოდ, იმ დროს გეძინა კიდეც შენს სათამაშოსთან ერთად. მაგრამ ახლა... ახლა ამ მდგომარეობაში რომ ვარ, ფეხბურთის თამაში კი არა, ბურთზე ფეხის შეხებაც რომ არ შემიძლია, მივხვდი, რა ჯოჯოხეთი მოვუწყვე ადამიანს, მეტოქეს, ფეხბურთელს, ქართველს კი არა - ადამიანს, ადამიანს პირველ რიგში, ქეთო. ჩემი თავი მეზიზღება, რომ აქამდე ვერ მივხვდი ამდენს. სანამ ჩემს თავზე არ ვიწვნიე, სანამ ყველა გამარჯვება ძმრად არ გამდინდა, მანამდე ვერ მივხვდი, რომ მარტო ცუდი ადამიანი კი არა, საშინელი ფეხბურთელი ვარ. იცი, ვინ ამიტაცა ხელში, როცა ჩვენმა ნაკრებმა მაკედონიას მოუგო და ევროპაზე გავედით ლამის?! სწორედ იმ ხალხმა, ვინც რამდენიმე თვის წინ ქვებით ჩამქოლა ირაკლი ხერგიანის დამტვრევის გამო. ყველაფერი ძალიან ჰგავდა შემთხვევითს, მე მისი ფეხზე წამოყენებაც კი გავაპროტესტე, როცა დაცემულს ვუყურებდი. მხოლოდ გულით მომზირალი თვალი თუ შენიშნავდა, რომ წარბიც არ შემხრია მის ტკივილზე. ცივსისხლიანი ნადირივით გადავუარე ადამიანს, რომელიც მაშინ იწყებდა კარიერას, ისე შემაშინა მისგან წამოსულმა სინათლის და წარმატების სხივმა, იმდენად ვერ ავიტანე, რომ ქართველი ხალხი ჩემს სიყვარულს სხვას გაუნაწილებდა. არავინ მითხრას, რომ რაც მივიღე, არ დამიმსახურებია. სამარცხვინოდ დატვოვე მოედანი და ქართველი გულშემატკივარი, რომელიც არც კი დამიმსახურებია. მოედანზეც კი არ დავცემულვარ მასავით. ავარიაში მოვყევი და ეგეც ჩემი სიმჩატის, დაუდევრობის გამო. მე ჩემი თავის გაფრთხილებაც არ შემიძლია, ქეთო, სხვაზე რა უნდა ვთქვა?!
ქეთო ვერც კი ხვდებოდა, როგორ უსველებდა ძმას მისი ცრემლებით მაისურს. ძალიან უნდოდა თავი შეეკავებინა, ძლიერი ყოფილიყო დემეტრესთვის. ხვდებოდა, მისთვის ერთადერთი რგოლი იყო, რომელიც სიცოცხლის სურვილთან აკავშირებდა, თუმცა იმდენად ძლიერი იყო ტკივილი, საყვარელი ადამიანის შეცდომით გამოწვეული უსუსურება, კი არ რცხვენოდა, სული ეწვოდა, რომ ვერაფრით შველიდა. მუდამ პრაგმატულსა და სამართლიანს წამით მთელი გულით მოუნდა მისი ძმა გაემართლებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ვერაფრით გადაახტა ადამიანობის, თანაგრძნობის, პატივისცემის უზარმაზარ ბარიერს, რომელიც მის ძმას წლების წინ ზედმეტად დაბალი და უმნიშვნელო მოეჩვენა.
-ყველაზე მეტად... იცი, რითი ვისჯები?! -აგრძელებდა საუბარს დემეტრე. ქეთოს კი უნდოდა გაჩუმებულიყო. მეტი აღარაფერი უნდოდა სცოდნოდა. საკმარისი ტვირთი შეკიდეს სათრევად, რომელსაც უხმოდ მოიგდებდა ბეჭებზე, წუწუნის გარეშე ათრევდა სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ მეტი... მეტი აღარ შეეძლო. -მეგონა, სამყარო იმდენად დიდი იყო, ჩემი ტალახი შენ ვერ მოგწვდებოდა. შენ ვერასდროს შეგრცხვებოდა ჩემი. შენ სულ იამაყებდი უფროსი ძმით. მაგაშიც შევცდი. შენზე ფიქრიც კი გვიან დავიწყე, ქეთო. ბევრს აღარ ახსოვს, ალბათ მხოლოდ ჩვენ და ხერგიანებს, მაგრამ სხვისი მეხსიერების სისუსტე ჩემს დანაშაულს რომ არაფრით ამცირებს?! ადამიანისთვის საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები ყოფილან ყველაზე დიდი განაჩენი და არა ის ხალხი, ვის თვალშიც ასე ვცდილობდი საუკეთესო ვყოფილიყავი.

იმ დღის შემდეგ ღამეები გაუხუნდა ქეთოს. ვერ იძინებდა წამლების გარეშე. სამსახურშიც ძლივს დადიოდა. გულის სიღრმეში არ უნდოდა, ანი ხერგიანს სადმე გადაყროდა, თუმცა ამას არასდროს იმჩნევდა. სირცხვილის გამო კი არა, დანაშაულის გამო, რომელიც არც კი იცოდა, რომ კისერზე ედო ამდენი ხნის განმავლობაში. დინამოსკენ ვერც იხედებოდა. გულის სიღრმეში კი ყველაზე მეტად ირაკლი ხერგიანის თვალებზე გადაყრისა ეშინოდა. ღმერთს შესთხოვდა, რომ არასდროს შეეხვედრებინა მისთვის ეს ადამიანი მეორედ.
პრესა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუსვენებლად ახსენებდა ირაკლი ხერგიანს იმ ჯოჯოხეთურ დღეს. თურმე სინამდვილეში არავის არაფერი დავიწყებია. ცხოველური, ბოროტი ინტერესის დაკმაყოფილება სურდათ ადამიანებს, მხოლოდ სხვისი უბედურება რომ ახარებთ და ასულდგმულებთ.
იმდენჯერ უყურა რვა წლის წინანდელ კადრებს ქეთომ, თვალის გახელიდან დახუჭვამდე, ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე თვალწინ ედგა, როგორ უვარდებოდა თავისი ძმა გოლის გასატანად ფეხმოქნეულ ირაკლი ხერგიანს. მერე როგორ დაემანჭა ცამეტ ნომერს ტკივილისაგან სახე და როგორ გაგორდა მწვანე მინდორზე. ხალხი მის გოლს აღნიშნავდა, ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ, ირაკლის თავს შავი ღრუბელი რომ დასდგომოდა. მართლაც ყველაფერი ძალიან ჰგავდა შემთხვევით ტრაგედიას. რომ არა ძმის აღსარება, არასოდეს დაიჯერებდა იმას, რაც თურმე სიმართლეა.
„ქართველების დაპირისპირება უცხო მიწაზე“, „ძმების მეტოქეობა“... ათასნაირი ბასრი დასათაურებით ხვდებოდა ძველისძველი სტატიები. ღიად ვერავინ ბედავდა დემეტრე სიხარულიძის დადანაშაულებას, მხოლოდ ირაკლი ხერგიანის ბედზე ლაპარაკობდა ყველა, რომლის მომავალიც ისეთივე ბუნდოვანი იყო, როგორც სუსხიან ზამთარში დაორთქლილი თბილი სახლის ფანჯრები.
ვეღარ გაუძლო ინტერესს. ირაკლის სხვა მატჩებიც ნახა. ისეთი ახალგაზრდა და ბავშვური იყო მაშინ, სახეზე წვერიც არ მოკიდებოდა ნორმალურად. გამხდარი, თუმცა საოცრად მოქნილი და ძლიერი აღნაგობა ჰქონდა. ქეთოსნაირ გამოუცდელ თვალსაც არ დარჩებოდა შეუმჩნეველი ირაკლი ხერგიანის ჭკვიანური თამაში, ძლიერი დარტყმა, პერიმეტრის აღქმის და საგოლე მომენტების შექმნის შეუდარებელი უნარი. გუნდური მოთამაშე იყო, სტადიონზე პირჯვარის გადაწერის გარეშე არასოდეს შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქალაქის ახლადდაბადებულ კლუბში თამაშობდა, ახალგაზრდა ქართველისთვის დიდი წარმატება იყო უკრაინულ ფეხბურთში მოხვედრა, საიდანაც უამრავი გზა გაეხსნებოდა. მოძრაობდა აუღელვებლად და ყველაზე კონფლიქტური სიტუაციებიდანაც კი შეეძლო მშვიდად გამოსულიყო.
მაშინ, როცა დემეტრე ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობდა ნაკრებთან ერთად თუ მის გარეშე, ირაკლის ირგვლივ შექმნილი მღელვარება ცეცხლში დარჩენილი უკანასკნელი ნაღვერდალივით მინელებულიყო.
ანა ხერგიანი ერთხელაც არ მიახლოებია იმ დღის შემდეგ. მის მიმართ არანაირ ინტერესს აღარ გამოხატავდა, მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდათ და მეტი არაფერი. ქეთოც მშვიდად ცდილობდა სტაჟირების გაგრძელებას. გულში ერთი-ორჯერ ისიც კი გაივლო აზრად, სხვაგან გადავალ, როგორც კი პროგრამა მორჩებაო, მაგრამ მაშინვე გააქნია თავი. არავითარ შემთხვევაში.

იმ დღეს ცოცხლად აორთქლება ინატრა, მთელმა დეპარტამენტმა რომ ნაკრების თამაშზე გადაწყვიტა წასვლა. არ გამოპარვია მისკენ მომართული ხერგიანის ღიმილიანი მზერა, რომელმაც თავად აიღო საკუთარ თავზე ყველასთვის ვი-აი-პი ბილეთების გაჩენა. ერთი ქეთოსთვისაც იყო. სიხარულიძეს მოეჩვენა, რომ ხერგიანების შურისძიება არასოდეს დამთავრდებოდა. თითქოს ასეც ცდილობდა ანი მისთვის სამაგიეროს გადახდას, ზედმეტი სიტყვებისა და ლანძღვის გარეშე. ირიბად, მაგრამ ყველაზე მტკივნეულად.
აუცილებლად წავიდოდა. თვითონ ერთი წამითაც არ მიუკარებია გულთან ის აზრი, რომ დემეტრე ცუდი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ის საშინელი ტრაგედია დაიმსახურა. არ წასვლით კი მხოლოდ საპირისპიროს დაამტკიცებდა.
სახლიდან ჩუმად გაიპარა. სიტყვა „ფეხბურთი“ აკრძალულ სიტყვათა ნუსხაში შეეტანა ოჯახის უფროსს. მათი სახლიდან გაქრა ყველაფერი, რაც დემეტრეს კარიერას უკავშირდებოდა, თითქოს არ უნდოდათ შვილისთვის შეეხსენებინათ გზა, რომელიც გამოიარა და გზა, რომელიც გასავლელი ჰქონდა. მაგრამ ასეთ რამეებს არ ივიწყებენ, შესაბამისად, იმას ვერც გაიხსენებ, რაც არასდროს გავიწყდება.
ჩვეულებრივ, სპორტულ ფორმაში გამოწყობილი წარდგა დინამოზე. თანამშრომლები უკვე შეკრებილიყვნენ იქვე და რამდენიმეს ელოდებოდნენ. ანი ხერგიანიც იქვე იდგა. ქეთო არ იმჩნევდა, როგორ წვავდა იმ წამს ზურგზე წაწერილი საკუთარი გვარი და მისი ძმის ძველი სანაკრებო ფორმა.
-აუ, შენს ძმას ხო გაგვაცნობ, ანუშკი?! -აჟიტირებული ჩანდა თამუნა. ასეთ არასერიოზულს პირველად ხედავდა ქეთო. გაეღიმა მის ბავშვურობაზე.
-ვნახოთ. თუ გამოვწიწკნით მის გუნდელებს... -გაეღიმა ანის და ქეთოს თავის დაკვრით მიესალმა, მხოლოდ წამით შეაჩერა მზერა ნაკრების ძველ მაისურზე.
-მეორე ფუტბოლჩიკის დაიკოც მოვიდა, -ხელები შემართა გოგამ. -ასე მგონია, ამხანაგური კი არაა, ჩვენი ევროპაზე გასვლის ბედი წყდება.
ფეხები ეკვეთებოდა ქეთოს, როცა სკამებს შორის გადაადგილდებოდა და ერთი სული ჰქონდა, საკუთარი სკამი სწრაფად მოეძებნა, რომ ჩამომჯდარიყო. აჟიტირებული ხალხით გადაჭედილი სტადიონი, თამაშის დღე, ფონზე გაშვებული პოპ-მუსიკა და საკუთარი გვარი ზურგზე უჩვეულო გრძნობების ნაზავს ქმნიდა. გული ერთდროულად ჰქონდა აუტანლად მძიმე და საოცრად მსუბუქი. მომუშტული ხელები ჯიბეებში ჩაედო და მხოლოდ ხელისგულზე დარჭობილი ფრჩხილები აგრძნობინებდა, რომ მისი სულს ჯერ კიდევ არ მიუტოვებია გრძნობებით გადატვირთული სხეული.
გუნდის სტადიონზე გამოსვლამ და ჰიმნის გაგონებამ ისე ააგუგუნა სტადიონი, თითქოს ათასობით ადამიანი ერთ ორგანიზმად იქცა. სუნთქვა შეეკრა გულზე ხელმიდებულს, როცა დანარჩენებთან ერთად წამოდგა და ტუჩების ამოძრავებაც კი ვერ შეძლო, რომ ჰიმნს აჰყოლოდა. სისხლი მღელვარებისგან უდუღდა. ასე ქართველად ჯერ არასდროს უგრძვნია თავი. და ასე არასდროს ნდომებია მოედანზე დამწკრივებული ბიჭების გვერდით თავისი ძმაც მდგარიყო, მასაც დაედო გულზე ხელი და ქართული ჰიმნის ჟღერადობით სისხლაჩქროლებულს თავდავიწყებით ერბინა სტადიონზე.
ცრემლები ვერ შეიკავა ჰიმნის ბოლოს. ყველაზე პირველი თვითონ დაჯდა, რომ არავის შეემჩნია მარილიანი სითხით დანამული სახე. მუხლები უკანკალებდა და ყბადაჭიმულს მღელვარებისაგან კბილები უწაკწაკებდა.
ხერგიანს კაპიტნის სამკლაური ეკეთა.
მალე ყველაფერი დაავიწყდა, როცა ბურთი სტადიონზე ათამაშდა და ოცდაორმა გადარეულმა ერთ იდეალურად მრგვალ სფეროს დაუწყო დევნა. საქართველოს ნახევარზე გადმოსული ბურთის დანახვისას დაძაბულობისგან ადგილს ვერ პოულობდა, არც დგომა შეეძლო, არც ჯდომა, ამიტომ ხან წამოხტებოდა, ხან სკამზე მიესვენებოდა. გაუაზრებლდა ყვიროდა რაღაცებს, სანამ შვიდმა ნომერმა ხერგიანს, რომელიც მეტოქის საჯარიმოდან ეხსნებოდა, არაჩვეულებრივად არ ჩაუწოდა და კაპიტანმა ანგარიში გახსნა.
ყველა ისე მიესია ირაკლის, როგორც ჭიანჭველები შაქრის ერთ ნატეხს. იფეთქა გულშემატკივარმა. ყველას გულისცემა რიტმში აძგერდა. სიხარულისგან ხტუნავდა ერთ ადგილას ქეთო და ვერც იაზრებდა, თუ ვის ეხუტებოდა. ხმა ჩაწყვეტოდა კივილისგან.
ის თამაში ერთით-ნული დასრულდა. გუნდს ეტყობოდა, რომ მთელი დატვირთვით თამაში არ სურდა ამხანაგურ შეხვედრაზე.
-ქეთო, შენ არ წამოხვალ? -სკამზე დარჩენილ სიხარულიძეს შესძახა თამომ.
ქეთო დაცარიელებულ სტადიონს თვალგაშტერებული უყურებდა, მერე ზანტად წამოდგა ფეხზე და ემოციებით დატვირთული უკან დაედევნა თანამშრომელს.
მთავარი გასასვლელიდან არ გასულან. როგორც ჩანს, ანი ირაკლისთან ერთად „სელფის“ გადაღებას შეპირდათ. საშინლად არ უნდოდა ნაკრების ფეხბურთელებთან ობოლი ბატკანივით აღმოჩენა, მაგრამ მისაბრუნებლად უკვე გვიანი იყო.
-ვაიმე, არ მჯერა! ხანდახან მგონია, ანიმ რაც არ უნდა დააშავოს, სამსახურიდან არასოდეს გავაგდებთ, ასეთი ძმა რომ ჰყავს! -ერთ ადგილას ვერ ისვენებდა თამუნა. ანის აშკარად ესმოდა მისი ნალაპარაკები და ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა.
-ანი ისედაც იდეალური თანამშრომელია, არ სჭირდება თავისი უღმერთოდ მომხიბვლელი ძმის შემწეობა. -დასძინა ლელამ, რომელსაც აშკარად ირაკლის მიმართ სიმპათიების გამომჟღავნება უფრო სურდა, ვიდრე ანის მიმართ კოლეგიალური კეთილგანწყობის გამოხატვა.
-ვაიმე, პაპარაცები! -ამდენი ჟურნალისტისა და კამერიანი ხალხის დანახვით გახარებულმა გოგამ თმა ხელით გადაივარცხნა.
-ჟურნალისტები არიან ეგენი, შე ქათამო... -დასცინა თამომ.
ქეთომ კი გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე მოაწყდნენ აჭყავლებული ჟურნალისტები და ათასფერი მიკროფონები ლამის სახეში ურტყეს. აი, ჯოჯოხეთი ახლა კი ნამდვილად ეწვია დედამიწაზე. მის სტადიონზე გამოპარვის ამბავს არა მარტო მამამისი, მთელი საქართველოც გაიგებდა.
ჯანდაბა, ამდენი საერთოდ ვერ გათვალა!
-ქალბატონო ქეთევან, რა კომენტარს გააკეთებთ თქვენი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
-რას ამბობენ ექიმები?
-როდის დაბრუნდება თქვენი ძმა?
-თქვენ მის გამო ჩამოხვედით საქართველოში?
-რამდენად იქონია ხერგიანისა და თქვენი ძმის დაძაბულმა ურთიერთობამ გავლენა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ტრამვის შემდეგ?!
-უკაცრავად.... -თვალებზე ხელი აიფარა ქეთომ, რომ როგორმე აპარატებიდან წამოსული მკვეთრი განათება აერიდებინა. -ასე დამაბრმავებთ და დამაყრუებთ. თუ შეიძლება, უკან დაიხიეთ და ვეცდები, ყველა შეკითხვას ვუპასუხო.
იმდენად მტკიცე და შეუვალი იყო მისი ხმა, რომ გაუკვირდა კიდეც, ჟურნალისტების ჯგრო რომ ასე მარტივად დაიმორჩილა. ამან თითქოს გამბედაობა შემატა მის პირველ ინტერვიუს.
-ყველას თითო კითხვაზე გაგცემთ პასუხს, ამიტომ კარგად მოიფიქრეთ და რამე ისეთი მკითხეთ, რის კითხვასაც აზრი აქვს და არა ის, თუ რამდენი თითი აქვს ჩემს ძმას ჯანსაღ ფეხზე.
-ქალბატონო ქეთევან, რამდენად ემოციური იყო თქვენთვის, როგორც დემეტრე სიხარულიძის დისთვის დღეს ნაკრების თამაშზე დასწრება?
-ეს ჩემი პირველი ინტერვიუა და შესაძლოა შესაშური რესპოდენტობა ვერ გაგიწიოთ. არ ვიცი ემოცია რაოდენობით როგორ იზომება, თქვენს შეკითხვას რომ სწორი და ზუსტი პასუხი გავცე. ნაკრების თამაშზე, დინამოზე, ამდენ ქართველთან ერთად ყოფნის ემოცია შეუძლებელია ადამიანმა გაზომოს, თუ ძარღვებში ქართული სისხლი უჩქეფს. აი, სწორედ მაგ ემოციას თუ გაათმაგებთ, მაგდენად მძიმე და ამაღელვებელი იყო ჩემთვის დღეს ნაკრების ყურება დემეტრეს გარეშე, მაგრამ ეს ოდნავაც არ ანელებს დღევანდელი გამარჯვებით გამოწვეულ ბედნიერებას. ეს ჩემი, როგორც დემეტრეს დის პასუხია.
-როგორი შეგრძნებაა, როცა ამ თამაშზე შეიძლება თქვენს ძმას ეკაპიტნა, ის კი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, როდესაც თავად დაარღვია გადაადგილების წესები, გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა ნაკრებს?!
-ჩემი აზრით, ამ გუნდს არაჩვეულებრივი კაპიტანი ჰყავს, რომელმაც არამარტო უბადლოდ უკაპიტნა გუნდს, არამედ ბრწყინვალე გოლსაც უავტორა. დამერწმუნეთ, ერთადერთი, რაც ჩემს გულში დანაკლის წონასწორობის შეგრძნებას აღადგენდა, ეს ამ ბიჭების გვერდით ჩემი ძმის ყოფნა იყო და სხვა არაფერი, თუმცა, სამწუხაროდ დემეტრეს ის შეემთხვა, რისგანაც დაზღვეული არავინაა. დანარჩენ შეკითხვებზე კაპიტანი გიპასუხებთ, არ მინდა თქვენი ძვირფასი დრო ჩემი ძმის ნაცვლად ლაპარაკით წაგართვათ. ის თავად მოგცემთ ინტერვიუს, როცა ამისთვის მზად იქნება.
ისე ტექნიკურად მიუქსია გასახდელიდან გამოსულ ხერგიანს ჟურნალისტების ჯგრო, გამოცდილ სელებრითსაც კი შეშურდებოდა. მხოლოდ მაშინ იგრძნო ჰაერის არსებობა, როცა იმდენი მიკროფონი სახიდან მოაშორეს. ისე გაბრაზდა მათ უტიფარ და უაზრო შეკითხვებზე, რომ სახეზე ალმური ასდიოდა. ანი ხერგიანის მზერას მთელს სახეზე გრძნობდა, თუმცა თავად კაპიტნისათვის გაეშტერებინა თვალი, რომელიც მშვიდი სახით პასუხობდა შეკითხვებს და დროდადრო მისკენ იხედებოდა ღიმილშეპარული.
იცოდა, სახლში დაბრუნებულს მთავარი ჯერ კიდევ გადასატანი ჰქონდა. სლავას რისხვას ნამდვილად ვერსად გაექცეოდა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც დემეტრეს რეაქცია აღელვებდა.
წერეთელზე მატჩის დამთავრებიდან მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. დინამო გულშემატკივრისგან იცლებოდა და აღელვებული ხალხი ჭიანჭველასავით მოსდებოდა მის შემოგარენს. ახლა ტაქსის გაჩერების და სახლში წასვლის ყველანაირი შანსი მომსპარი ჰქონდა. იმისაც ეშინოდა, რომ ჟურნალისტებს კიდევ გადააწყდებოდა სადმე და თავს ვეღარ შეიკავებდა, რომ ის მახინჯი მიკროფონები თავში არ ერტყა.
-შენ კაწია არ ხარ, გოგო? -უკან წამოადგა ნიკა აბაშიძე, გუნდის მეკარე. ნიკა ხშირად სტუმრობდათ ხოლმე ახალ წელს, როცა ქეთოც საქართველოში იყო. ან ზაფხულობით, როცა დასასვენებლად მიდიოდნენ სადმე.
-ნიკა! როგორ ხარ?! -ერთი ნაცნობის დანახვამ ისე გაახარა, მაშინვე კისერზე ჩამოეკიდა ძმის მეგობარს.
-მე კარგად, შენა? -თმები აუწეწა ქეთოს და ხელი გადახვია. -დემე როგორაა?! სახლიდან იმდენჯერ გამომაგდო უთავმოყვარეო საყვარელივით, შენების მრცხვენია მარტო.
-ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე არ მეჩხუბება, მაგრამ დღეს რომ სახლში მივალ, არ ვიცი რა მდგომარეობა დამხვდება. -გულწრფელად უპასუხა ქეთომ. -ჟურნალისტები მომაწყდნენ, კიდევ კარგი თქვენი კაპიტანი დროზე გამოჩნდა, თორე...
-ხო, ირუშას ყველას და ყველაფრის გადარჩენის შესაშური ნიჭი აქვს. გამიხარდა, რო მოხვედი. იქნებ შენი ძმა სტადიონზე თუ არა, აზრზე მაინც მოვიდეს.
ნიკას და კიდევ რამდენიმე გუნდელის მზერაში კარგად შეფარული წყენის გამოპარვა შენიშნა ქეთომ. ატყობდა, რომ ვერავინ პატიობდა მივიწყებულ პასუხისმგებლობას სიხარულიძეს.
გუნდმა ერთად დატოვა სტადიონი. ოდესღაც ქეთომ და თანამშრომლებმაც გააღწიეს იქედან.

სახლში მისული არ იყო, ტელეფონზე მილიონჯერ რომ დაურეკა სლავამ. არცერთხელ უპასუხია. ინტერნეტში შესვლაც არ უნდოდა, მაგრამ იმდენჯერ გადაუზიარეს თანამშრომლებმა ინტერივიუები, სადაც ხერგიანის ფოტოს გვერდით მისიც ჩაეკვეხებინათ, რომ გაოცებას ვერ მალავდა, როდის მოასწრეს ნახევარი საათის წინ ჩაწერილი ინტერვიუს გაზიარება.
სახლში შესვლამდე ღრმად ამოისუნთქა. კარიდანაც იგრძნობოდა საერთო ოთახში მძვინვარე დაძაბულობა. დედამისი დაფეთებული თვალებით შემოხვდა და უსიტყვოდ უწყრებოდა ქალიშვილს, რომელიც სახლიდან გასვლის წინ ნაკრების მაისურს გამალებით მალავდა, ახლა კი ისე მოეღეღა გული, ისე გამომწვევად ამზეურებდა ძველ ფორმას, რომ მამის მზერამ შუბლი გაუბურღა დაუმორჩილებლობისათვის.
-შენ ხვდები, რა გააკეთე?! -ცივი ხმა ჰქონდა სლავას. ტელეფონი მაგიდაზე ისე დააფერთხა, ადგილზე შეხტა ქეთო მოულოდნელობისაგან. პირველად ელაპარაკებოდა მამა ამ ტონით.
-რა გავაკეთე?!
-ქეთო... -გაფრთხილებასავით გაისმა დედამისის ხმა, თუმცა სლავას მზერამ მაშინვე ხმა ჩააგდებინა ნუნუკას.
-რა გააკეთე?! სტადიონზე მიხვედი, როცა შენი ძმა ასეთ მდგომარეობაშია! ხერგიანს ტაში დაუკარი! დებილ ჟურნალისტებს ინტერვიუ მიეცი! შენს ძმაზე ილაპარაკე უნებართვოდ! რომელი ერთი ჩამოვთვალო, ქეთევან?!
-ჩემს ძმაზე სალაპარაკოდ ნებართვა არ მჭირდება, მამა. -მტკიცედ გაისმა ოთახში ქეთოს ხმა. ამ კედლებს მისი ბავშვური ჟღურტულის, ღიღინის და კისკისის ხმა ახსოვდათ მხოლოდ. დედ-მამა თვალებდაქაჩული მისჩერებოდნენ ხმაგამკაცრებულ ქალიშვილს, რომლის გაზრდაც თითქოს მხოლოდ ახლა შენიშნეს. -ხერგიანს ტაში იმიტომ დავუკარი, რომ გოლი გაიტანა, ნაკრების კაპიტანია და დღეს ნახევარმა ქვეყანამ საქართველოს გამარჯვება სწორედ ასე აღნიშნა! ვერ ვხვდები, ჩემთვის რატომ არის აკრძალული? ან რა არის ამაში ასეთი აღმაშფოთებელი? რა უნდა მექნა, უბედური ვყოფილიყავი, მაშინ როცა ყველა ქართველს სიხარულის ცრემლი ადგა თვალებზე? ჩემი ძმა რომ ასეთ მდგომარეობაშია, სწორედ მაგიტომ არის საჭირო, ვიღაც სტადიონზეც მივიდეს, მამა! რატომღაც შენ არ აგიღია ეგ პასუხისმგებლობა თავზე, მაშინ როცა მის ყველა წარმატებას საკუთარივით აღნიშნავ. დემეტრეს სიჩუმით და სახლში გამოკეტვით ვერ დაიცავ, ვერც ხერგიანის შეშურებით და შეძულებით. ამით ხალხს მხოლოდ იმას დააჯერებ, რისიც ასე ძალიან გეშინია.
-ქეთევან, დაფიქრდი რას ლაპარაკობ, სიტყვებს უკან ვერ წაიღებ. მამაშენს არაფრის ეშინია, ისევე როგორც დემეტრეს! -გულზე მჯიღის დარტყმამდე ცოტა აკლდა სლავას, ქეთოს კი ხმამაღლა გადახარხარებამდე.
-რა იცი დემეტრეს რისი ეშინია, მამა?! აი, შენ კი ნამდვილად ისეთი შეშინებული და გაბოროტებული ხარ შენი შვილის ტრაგედიით, რომ სახლიდან ცხვირს ვერ ყოფ. რატომ, მამა? შენ ხომ არ ასწავლე, რომ გამარჯვებაა მხოლოდ მთავარი? ნებისმიერ ფასად?! შენი ერთი შვილი უკვე იტანჯება იმდენად დააკომპლექსე სრულყოფილების სინდრომით, მე არ მრცხვენია დემეტრესი, ისეთი მიყვარს, როგორიც არის. მას შეეშალა, სამწუხაროა, რომ ერთხელ არავინ მისცა შენიშვნა, როცა არასწორად მოიქცა, რადგან ბოლოს ყველაზე მეტად საკუთარი თავი დააზარალა!
სლავას გამწარებულ, ბრაზით სავსე თვალებს და აცაცხაცებულ მუშტებს რომ მოავლო ქეთომ თვალი, მიხვდა, რომ ყველაფერი გასაგებად თქვა, რომ ქვეტექსტი არც ისე გაუგებარი იყო, რომ შვილების მხრებზე მძიმე ტვირთის ამკიდებელი სწორედ თვითონ იყო.
-შენ მამა აღარ გყავს! -აცახცახებული ხმით დაუქნია შვილს ცხვირწინ თითი სლავამ და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა.
-რა გააკეთე, ქეთო? გაგიჟდი საერთოდ? მამაშენს ეგ როგორ უთხარი, ასე როგორ გაამწარე, დედა, ასეთი პასუხი რომ გაგცა?
-ვიღაცას უნდა ეთქვა, დედა. -გამოსცრა კბილებს შორის ქეთოს. ამით დედასაც მიანიშნა, რომ თავისი როლი ვერც მან შეასრულა შვილის წინაშე.
რაც არ უნდა მართალი ყოფილიყო, მშობლის პირიდან ნათქვამ მწარე სიტყვას, თუნდაც დაუმსახურებელს, მაინც სხვა გემო ჰქონდა. ალბათ, იმ ცრემლების, ახლა რომ სცვიოდა თვალებიდან ქეთოს.
დემეტრეს ოთახში ვერ შევიდა. არ იცოდა, იქ რა დახვდებოდა და მეორე ფრონტზე გასვლის თავი არ ჰქონდა. მხოლოდ მაშინ შეიფუზა სასაცილო საღამურებში გამოწყობილი და თმებაბურძგნული, ტელეფონზე რომ მოწერა დემემ „გამო“.
მაშინვე შეუძვრა საწოლში. ძმასთან სიახლოვემ უარესად გაუბერა ყელში ნაგროვები ცრემლების ბურთი. მაგრად უჭერდა ჩასახუტებლად შემოხვეულ ხელებს.
-ანიმ დამპატიჟა, ირაკლის დამ. -თვითონ დაიწყო ბოლოს, როცა მიხვდა, დემეტრე მას ელოდა. -რომ არ წავსულიყავი, ვიცოდი, იფიქრებდა, რომ არც კი დაგიცავი, შენი შემრცხვა. იფიქრებდა, რომ მეც ვფიქრობ, რომ იმ წარმატებას, რასაც მიაღწიე არ იმსახურებდი. ცბიერი გოგოა, ჟურნალისტების კლანჭებში ჩავარდნილს კმაყოფილი მაკვირდებოდა. ცუდი არაფერი მითქვამს, არც შენს ნაცვლად მილაპარაკია. პირველ რიგში შენი ოჯახი უნდა გედგეს გვერდით, რომ სხვასაც მოუნდეს შენთვის ზურგის გამაგრება. მამა ამის გამო გამიბრაზდა. სიმართლის თქმის გამო.
-შენ იცი, რომ ჩვენს შორის ყველაზე პატარა, ყველაზე გამბედავი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მართალი ხარ, ქეთო? შენ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ არასწორად, იმიტომ რომ ეგ შენში არ ზის.
-ყველას შეიძლება შეეშალოს, დემე. რისი თქმა გინდა, შენ იმიტომ დაუშვი შეცდომა, რომ შენში ზის არასწორობა?!
-არა, მე შენზე სუსტი ვარ, ამიტომ ჩემთვის უფრო მარტივია არასწორი ვიყო. შენ კი იმდენად ძლიერი ხარ, რთულია არასწორი იყო, არ გამოგივა. ჩემი სული ჯოჯოხეთში იწვის ახლაც, ჩემ გამო რომ თავის მართლება გიწევს. აქეთ რომ მიცავ ცხრა წლით უმცროსი და.
-ამაში ცუდი არაფერია, თუ გიცავ. როცა დამჭირდება, შენ დამიცავ. ანუ არ მიბრაზდები? -გულზე მოეშვა თითქოს ქეთოს, -ვერ შემოვდიოდი შენ ოთახში, მეშინოდა, შენც მეჩხუბებოდი დინამოზე რომ მივედი შენი ფორმით.
-ჩემი ფორმა გეცვა? -ხმა გაუტყდა დემეტრეს.
-ხო. ბოლოს ეგ ფორმა, სანამ იტალიაში სასწავლებლად წავიდოდი, მანამდე გეცვა. მაგის მერე შენს თამაშზე აღარ ვყოფილვარ.
დემეტრე დუმდა. არავინ იცოდა, რა ტრიალებდა მის თავში იმ წამს. ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, ზანტად გახსნა. თვალებს ჩუმად აპარებდა მისკენ ქეთო. ეს ავი ჩვევა ვერაფრთი მოეშორებინა. სულ აინტერესებდა, ვის ელაპარაკებოდა თავისი ძმა, ვინმე თუ მოსწონდა... ეკრანზე ნიკა აბაშიძის დაჭყანული სახე რომ დაინახა, ღიმილი ვეღარ შეიკავა. მიხვდა, საკუთარი თავი რომ გასცა, მაგრამ დემეტრესაც არ დაუმალავს ტელეფონი.
„ხვალ შენთან მოვდივართ, მაინც ვერსად გაიქცევი და ლამაზად ჩაცმული დაგვხვდი.“ ბოლოს კი ენაგადმოყოფილი სმაილი.
-ყველას უყვარხარ. გთხოვ, არ გაყარო ხვალ რომ მოვლენ. ყველამ მოგიკითხა. ზოგმა მზერით, ზოგმა მხოლოდ ღიმილით. არ გიბრაზდებიან, გული სტკივათ და შენ იცი, რომ ყველა მათგანი მართალია.
დემეტრე დუმდა.
-დემე, მითხარი, ირაკლი ხერგიანი ცუდია?! -თვითონაც არ იცის, რატომ დასვა ეს შეკითხვა. წამიერად მოაგონდა ჟურნალისტებით გარშემორტყმული ნაკრების კაპიტანი, ღიმილი ასეთი მომაბეზრებელი პროცესის დროსაც რომ არ შორდებოდა სახიდან. მუცელი უსიამოვნო შეგრძნებამ აუწვა.
-ცუდია რას ნიშნავს, ქეთო? -მის გულუბრყვილო შეკითხვაზე გაეღიმა, -ბუა?
-ხო, არის ირაკლი ბუა? -ხმამაღლა გადაიკისკისა ქეთომ, ვერც კი მიხვდა, როგორ გამოუნათა ძმას გული თავისი სიცილით.
-ირაკლი ხერგიანი დიდებული ფეხბურთელია, ქეთო. -მხოლოდ ეს უთხრა, თუმცა ხვდებოდა, რომ დამ სულ სხვა რაღაც იკითხა. ქეთოც აღარ ჩასძიებია.


მას შემდეგ რაც სათითაოდ გაყარა ნაკრების ყველა ფეხბურთელი, ვინც მისი ნახვა მოისურვა, პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთად მოადგნენ სიხარულიძეს. ქეთო ხედავდა, როგორ ღელავდა და ნერვიულობდა. პატარა ბავშვივით. ყავარჯნით ნელ-ნელა გადაადგილება შეეძლო. ხშირად დაკაკუნებდა ხოლმე ოთახში, როცა სლავა და ნუნუკა შინ არ იყვნენ. ახლა ოჯახის დიასახლისს ნამდვილად ვერ გააგდებდი სახლიდან, როცა იცოდა, ამდენი ადამიანი მოდიოდა სტუმრად. სამზარეულოში დაუღალავად ტრიალებდა.
კარი რომ აზარუნდა, წამით სამივე შედგა ერთ ადგილას, ერთმანეთს გადახედეს და კარის გაღება ქეთომ აიღო საკუთარ თავზე. ფრთხილად ჩამოსწია ურდული და უზარმაზარი თაიგულით ხელში გაკრეჭილი მეკარე, ნიკა აბაშიძე რომ დაინახა, მის უკან კი ათამდე დაჭყეტილი თვალი, ღიმილი ვერ შეიკავა. აბაშიძე გუნდის კაპიტნისგან განსხვავებით, რომელიც სპორტულ ფორმაში წარსდგა სიხარულიძეების სახლის კართან, შარვალ-კოსტუმში იყო გამოწყობილი, ბაფთაც არ დავიწყებია.
-ჩემი ხელის სათხოვნელად მოხვედი, ნიკა? -ჩაიფხუკუნა ქეთომ. მომღიმარ ხერგიანს წამით შეავლო თვალი მხოლოდ და ბიჭები სახლში შემოუშვა.
-უნდა გაგაწბილო, ქეთინო, ერთადერთი, ვისაც ხელს ვთხოვ დემეტრე სიხარულიძეა. სად არის ჩემი სატრფო?
-ნიკა, ენას ამოგაძრობ. -დაიღრინა მისაღები ოთახიდან დემეტრემ, თაბაშირში ჩასმული ფეხი მაგიდის ქვეშ გაეშალა.
-აი, მისი ნარნარა ხმაც შემომესმა. -ყვავილები მუხლმორთხმით გაუწოდა ნიკამ დემეტრეს.
-მაგ ვენოკს გადაგაყლაპებ, აბაშიძე, დროზე თუ არ მომაშორებ აქედან. -თვალები დაუბრიალა დემეტრემ მეგობარს, თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც შეეპარა ღიმილი.
-დასხედით, -ხელით მიანიშნა ყველას ქეთომ. -მე დაგტოვებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აინტერესებდა, რაზე შეიძლება ესაუბრათ, მაინც დაიძრა სამზარეულოსკენ.
-რას დაგვტოვებ, ტო! შენმა ჩამოსვლამ მოალბო ეს, რომ გახვიდე, შეიძლება ყველა დაგვხოცოს. დაეტიე აქ. -მკლავში ისე ჩაავლო კანდელაკმა ხელი, თითქოს უკანასკნელი ხავსი ყოფილიყოს ქეთო.
არ გაძალიანებულა. დემეტრეს და ირაკლის შორის სავარძლის მკლავზე ჩამოჯდა.
წამით არავინ ხმას არ იღებდა. თითქოს აქაც, როგორც მინდორზე, ყველა კაპიტნის მითითებას ან შველას ითხოვდა.
ირაკლი ოდნავ წინ დაიხარა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. თმა ისევ ისე სცემდა შუბლზე, როგორც მაშინ - პირველი შეხვედრისას, ახლა მისი საოცრად გრილი, სუნამოშეპარული სუნიც იგრძნო ქეთომ. გულში რაღაც მტკივნეულად შეუხტა.
-დემეტრე, ალბათ, ხვდები, რომ აქ უბრალოდ მოსანახულებლად არ მოვსულვართ, -ჟღერი, მშვიდი ხმა ჰქონდა. ქეთოს მოეჩვენა, რომ ამ ხმას რაც არ უნდა ეთქვა, ვერასდროს შეძლებდა ვინმე გაებრაზებინა ან გაეღიზიანებინა.
-დემნა, მოუსმინე. -მხარი გაკრა გიორგი არაბულმა, როგორც კი რაღაცის სათქმელად გააღო პირი სიხარულიძემ. ისიც დასჯილი ბავშვივით დაემორჩილა.
-ჩვენი, ყველას ერთობლივი სურვილია, რომ ნაკრებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდე. გვინდა გთხოვოთ, რომ ფედერაციის რეკომენდაციები გაითვალისწინო მკურნალობასთან დაკავშირებით. შენ იცი, რომ ყველა დაგეხმარება და გვერდით დაგიდგება, რომ რაც შეიძლება, მალე ჩადგე ფორმაში. შენნაირი ფორვარდის გარეშე ნაკრები სერიოზულ ძალას კარგავს, ამიტომ გთხოვ, კარგად დაფიქრდე ჩვენს შემოთავაზებაზე და დამოუკიდებელ მკურნალობაზე ნუ გახდები მხოლოდ დამოკიდებული.
-ირაკლი, ოცდაათი წლის ვარ თითქმის. ამ ასაკში ტრამვის მერე ძირითადში თამაში აუხდენელ სიზმარს უფრო ჰგავს, ვიდრე მოსალოდნელ რეალობას. ნუ დავიბრმავებთ თავს ტყუილ-უბრალოდ. ასეც რომ არ იყოს, დროა ნაკრებმა ახალი ფორვარდი ეძებოს. უკან დაბრუნებას მაინც აღარ ვაპირებ.
ოთახს სუნთქვა შეეკრა თითქოს. ქეთომ ისე სწრაფად დახედა თავის ძმას, კისერი დაეჭიმა.
-რას ამბობ, დემე? -წამოიყვირა გაუაზრებლად. ერთი სიხარულიძიდან მეორეზე გადაიტანეს ყურადღება, ირაკლიმ ისე ახედა, თავი მისკენ არ მიუბრუნებია. წამწამებს ქვემოდან უმზერდა ინტერესით სავსე თვალებით. -შენ მაინც უნდა სცადო! ასე ვერ წამოხვალ... ამდენი ტყუილად არ გიშრომია, ტყუილად არ გიწვალია, რომ გულშემატკივარსაც კი არ დაემშვიდობო ნორმალურად.
-ქეთო, არ გინდა ახლა რა...
ამ თემაზე საუბარი აღარ გაგრძელებულა. ირაკლი ხერგიანისთვის ისიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქეთოს მაინც შეუნთო ცეცხლი, იქნებ მას მაინც მოეყვანა გონზე ფეხბურთელი.
-კიდევ ვინმეს ველოდებით?! -გაუკვირდა დემეტრეს, კარზე ზარი რომ დარეკეს.
-მამაშენი იქნება, შვილო. იყავი, მე გავაღებ, დე. -სწრაფად დაუბრიალა თვალები ფეხზე წამომდგარ ქეთოს.
სლავამ ისე ჩაუარა ქალიშვილს, როგორც ცარიელ ადგილს. ეგონა, სტუმრების თანდასწრებით მაინც შეიმჩნევდა, მაგრამ იმდენად გამყინავი იყო მისი დამოკიდებულება შვილის მიმართ, ბიჭებმაც შენიშნეს, რომ რაღაც რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო მათ შორის.
ყველას ხელი ჩამოართვა სლავა სიხარულიძემ, მათ შორის ირაკლი ხერგიანსაც. ქეთო დაჟინებით აკვირდებოდა მამის ქცევას და ვერ ამოეხსნა, რა ჰქონდა ასეთი ირაკლის, რაც ასე აზიზღებდა სლავას მის თავს.
-გილოცავთ გამარჯვებას, -იმდენად მშრალი და უგულო იყო მისი სიტყვები, მადლობასაც კი არ იმსახურებდა.
-გმადლობთ, -თავი დაუკრა ირაკლიმ. მისი სიმშვიდე და უდარდელობა ისე აღიზიანებდა სლავას, ლამის იყო აფეთქდებოდა. -მე დაგტოვებთ.
-აუ, მიდიხარ უკვე, ირა? -დაიწუწუნა ჯალაღონიამ. -დარჩი რა, ცოტა ხანს.
-ანის უნდა მივაკითხო, თორე ამაფეთქებს. თქვენ იყავით ჯერ, თუ გინდათ.
-გაგაცილებ, -უკან გაჰყვა კარისკენ მიმავალ ხერგიანს. კიბეებზეც ისე გაუაზრებლად დაიწყო ჩასვლა მასთან ერთად, მხოლოდ შიშველ წვივებზე მოკიდებულმა სუსხის კლანჭებმა აგრძნობინა, რომ კარამდე აცილებდა-ხოლმე სტუმრებს. -შენი აზრით, მართლა არსებობს შანსი დემეტრესთვის?
ჰკითხა ქეთომ ჩაფიქრებული ხმით. ირაკლი დინჯი ნაბიჯებით, აუღელვებლად ჩადიოდა კიბეებზე.
-კი, თუ დემეტრე თვლის, რომ მისთვის შანსი არსებობს. მე არ დამიჯერებს და არც არავის. შენ გარდა.
-არც მე დამიჯერებს, მე უბრალოდ შემიძლია დამორჩილება ვაიძულო.
ირაკლის ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეებში. გვერდულად გადმოხედა. მთელს სადარბაზოში მისი სუნი იდგა. ან ქეთოს ეჩვენებოდა ასე.
-ხანდახან ეგ საუკეთესო გამოსავალია. ან შეგიძლია, ტექნიკურად მოუქსიო ნაკრებს, ისე, როგორც მე მომიქსიე ჟურნალისტები. არადა, გაპარვა მინდოდა.
-მართლა? -გაეღიმა ქეთოს. ისე გაიკვირვა, თითქოს განზრახ არ გაუკეთებია. -მიჩვეული იქნები, არაუშავს. მე სისულელეებს მეკითხებოდნენ მაინც. თან შენს დასაც დიდ ხანს ვერ მივანიჭებდი ჩემი ტანჯვის ყურების ბედნიერებას. აშკარად არ მწყალობს.
-ხო, ანი ფიცხია და წყენის გულში ჩადება იცის. პირველი ინტერვიუს კვალობაზე არაჩვეულებრივი გამოსვლა გქონდა. კიდევ რომელი ეპითეტები გამოიყენე? მგონი „უბრადლო“ და „ბრწყინვალე“... მსგავსი ეპითეტები ქართულ ფეხბურთთან მიმართებაში კი არა, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში არ ექნებათ გაგონილი იმ ჟურნალისტებს, ალბათ. -სიცილს ვერ იკავებდა ირაკლი. ანუ ყველაფერი გაიგონა. ან რად უნდოდა გაგონება, იმდენჯერ ატრიალეს ტელევიზორსა თუ ინტერნეტში, გაუჭირდებოდა თავის არიდება.
-არადა, შენზე ვთქვი ეგ სიტყვები, ნუ დამიკარგავ ღვაწლს. -ჩაეცინა ქეთოსაც, წამით გულიც კი დაწყდა, კიბეები რომ მიილია და გასასვლელს მიაღწიეს. მოუნდა, მეოცე სართულზე ჰქონოდა ბინა, რომ კიდევ დალაპარაკებოდა ხერგიანს. საქართველოში ჩამოსვლის დღიდან მხოლოდ ახლა იგრძნო სიმშვიდე. -მადლობა, რომ მოხვედი, ირაკლი. დემეტრე არასდროს იტყვის, მაგრამ მისთვის ბევრს ნიშნავს.
ხერგიანი რამდენიმე წამით ისე ჩასშტერებოდა თვალებში ქეთოს, როგორც ამოუხსნელ განტოლებას. თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა და აბურდული თმა ლამის მთელს შუბლზე სცემდა.
-მამაშენი არც ისეთი გახარებული ჩანს, დიდხანს ნუ ალოდინებ, თორემ უარესად ამითვალწუნებს. თანაც შეგცივდება.
-არამგონია, შეამჩნიოს. -გაუღიმა ქეთომ და კიბეებისკენ გაბრუნდა. -ანი მომიკითხე!
მის დაძაბულ სმენას ჩუმი ჩაცინება მისწვდა და თავადაც სულელივით გაეღიმა. ხერგიანს მოშორდა თუ არა, მაშინვე იგრძნო აუტანელი სუსხი და კისრისტეხვით ავარდა კიბეებზე.


დემეტრეს კატეგორიული მოთხოვნით ნაკრებში დაბრუნებაზე საუბარი სახლში კატეგორიულად აიკრძალა. შვილის ოთახიდან გამოსვლის ინიციატივით გახარებულ მშობლებს კრინტი აღარ დაუძრავთ არც ბურთზე, არც მოედანზე და არც ნაკრებზე, იმის შიშით, რომ დემეტრე ისევ შეიკეტებოდა თავის ოთახში და ყვირილით გამოისტუმრებდა ყველას გარეთ.
-დემე, ერთი გოგოა შენთან მოსული. -ეშმაკურად აათამაშა წარბები ქეთომ, წუთის წინ უცხო, დაბნეულ გოგონას რომ გაუღო კარი.
-ვინ გოგო? -წარბები შეკრა, უკმაყოფილოდ შეიშმუშნა საწოლში. ახლა სტუმრების მიღების თავი არ ჰქონდა. -უთხარი, რომ არ ვარ სახლში.
-უკვე ვუთხარი, რომ სახლში ხარ. -თვარები დაუბრიალა ქეთომ, -და არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ლამაზი კია.
უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა დემეტრემ, მაგრამ მიხვდა დასთან შებრძოლებას აზრი რომ აღარ ჰქონდა.
-შემოუშვი, -უპასუხა უემოციოდ, -იცოდე ჟურნალისტი თუა, არ მოვერიდები.
-არ ჰგავს ჟურნალისტს.
ოქროსფერი თმის შრიალით შევიდა ოთახში გამხდარი სხეული. სასიამოვნო სურნელი ჰქონდა და ქეთომ თვალი ვერ მოსწყვიტა მის აელვარებულ ხვეულებს, შეხების სურვილისგან ხელები გაუკავდა. ძალიან უნდოდა კარზე ყურმიდებულს მოესმინა, რა ამბავი დატრიალდებოდა ოთახში, თუმცა მოერიდა რომ გამოიჭერდნენ.
სამზარეულოში სტუმრისთვის ყავის მოსამზადებლად გავიდა, თუმცა ოთახიდან წამოსული ხმაური რომ გაიგონა, შაქარი და კოვზი ხელებში შეახმა.

-გამარჯობა, -მორიდებით მიესალმა გოგონა, სიხარულიძე აშკარა გაოცებას ვერ ფარავდა. თვალებმოჭუტული უყურებდა ლოყებაწითლებულს და თავს ძლივს იკავებდა, მის ბავშვურ სახეზე ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა. -ბოდიშის მოსახდელად მოვედი.
არაფერი უთქვამს. გაკვირვებით აზიდა მაღლა წარბები და დაელოდა, როდის განაგრძობდა საუბარს სოფო. ხო, სახელიც ახსოვდა. გაუკვირდა კიდეც იმ ჯოჯოხეთგამოვლილს, როცა ცოცხლად ეწვოდა სული, როცა მის გონებას არაფრის და არავის აღქმა არ შეეძლო და მარიონეტივით გამოკიდებულიყო მიწასა და ქვესკნელს შორის, ეს გაწიწმატებული ექიმი ქარიშხალივით შემოვარდა მის კუბოსავით პატარა პალატაში და უარესად გაუხელა ისედაც დაუნდობელი ცეცხლის ენები. სახელიც დაამახსოვრდა. რთულია ჭრილობაზე მარილის მომყრელის დავიწყება.
რა აღიმებდა, იმასაც ვერ ხვდებოდა, იმდენად ჰქონდა მოშლილი მგრძნობელობის მექანიზმები.
-არ იყო ჩემი საქმე და არ უნდა ჩავრეულიყავი, ისეთი სიტყვები არ უნდა მეთქვა შეუსაბამო დროს და ადგილას. თქვენ შეიძლება აღარც გახსოვთ, ისეთ მდგომარეობაში იყავით, მაგრამ მე იმ დღის შემდეგ წესიერად არ მძინებია. დამნაშავე ვარ. ყველას თავისი ტვირთი აქვს საზიდი ცხოვრებაში, თქვენის აბუჩად აგდება ჩემსას მხოლოდ ამძიმებს. უბრალოდ თქვენმა... უიმედობამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, წყობილებიდან გამომიყვანა.
-თქვენ ყველა პაციენტთან მსგავსი ფეთქებადობით გამოირჩევით თუ მხოლოდ მე მერგო საჯარო კონცერტის ბედნიერება?! -ძალიან, ძალიან ცდილობდა დემეტრე ხმიდან სიმკაცრე არ გაპარვოდა.
-საჯარო კონცერტი არ მომიწყია და თავიდან ნუ დამაწყებინებთ! ბოდიში თქვენც გაქვთ მოსახდელი, უხეშობა და უპატივცემულობა გამოიჩინეთ. -ისე მყარად იდგა სოფო, თითქოს იატაკს შეეზარდა.
-უპატივცემულობა?! უბრალოდ გთხოვეთ, პალატა დაგეტოვებინათ.
-პალატას ვერ დავტოვებდი ჩემი საქმის შესრულების გარეშე! იმის გამო, რომ თქვენ ნემსის გეშინიათ ექიმს თავისი საქმის კეთებაში ხელი არ უნდა შეუშალოთ!
-საიდან მოიტანეთ, რომ ნესმის მეშინია?! -მიხვდა დემეტრე, ისე შეიტყუეს დიალოგის ლაბირინთებში, უკან დასახევი გზა აღარ ჩანდა.
-და არ გითხოვიათ პალატის დატოვება. ექთანს უყვირეთ, გაეთრიეო. წვეთოვანი გადააბრუნეთ, ლამის მთელი აპარატურა დალეწეთ. თქვენ არც პირველი იყავით და არც უკანასკნელი, ვინც ასე მოიქცა, მაგრამ პირველი იყავით, ვისთანაც მე თავად მოთმინებამ მიმტყუნა. სხვა შემთხვევაში აქ არ მოვიდოდი. ამიტომ მიიღეთ ბოდიში და ნება მომეცით მშვიდად განვაგრძო ცხოვრება.
-და რომ არ მივიღო ბოდიში, კიდევ მოხვალთ?! -ღიმილი ვერ შეიკავა დემეტრემ.
ქალი ბრაზისაგან წითელ წიწაკას დამსგავსებოდა. აქ მოსვლას სიკვდილი ერჩია, მაგრამ ზედმეტად ახალგაზრდა იყო ზე რომ ეფიქრა. დგას ამ ადამიანის წინაშე, რომელთანაც თავი ისე შეირცხვინა მისი რეპუტაციის და კარიერის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დაუდგა, ის კი... ღმერთო, მას ბოდიშის მიღებაც არ უნდა.
-ნუ მიიღებთ! იმედი მაქვს კარგად გრძნობთ თავს თქვენი ამპარტავნების სავანეში! ფრთხილად იყავით, არ დაიხრჩოთ. იცით რა, საერთოდ არ ვნანობ, რომ სიმართლე გითხარით. იქ არ უნდა მეთქვა, თორემ ყველაფერი დაიმსახურეთ! ნამდვილი კუდაბზიკა ხართ!
-თქვენ კიდევ ფიცხი და მშვენიერი. -გულთან ახლოს არ გაუტარებია სოფოს სიუხეშე და გაბრაზებული სიტყვები. სულელივით იღიმოდა.
-ღმერთო ჩემო! -ამოიგმინა ხმადაბლა, რომ როგორმე სიმორცხვე ბრაზით გადაეფარა. -კარგად ბრძანდებოდეთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ!
-ხვალაც სახლში ვარ, კიდევ მესტუმრეთ. ზეგაც და მაზეგაც. მე ხომ ჯერ არ მიმიღია თქვენი ბოდიში!
სოფო გაწიწმატებული გავარდა სახლიდან. გაოცებულ ქეთოს არც კი დამშვიდობებია, შაქრის ქილა და კოვზი რომ ხელებში შეხმობოდა და პირდაფჩენილი სიტყვებს ვერ პოულობდა ამ დიალოგის ასახსნელად.
-ამ გოგოს გადამტერება როდისღა მოასწარი? -ძლივს ამოღერღა.
-საავადმყოფოში. ჩემი ექიმი იყო. -გაეღიმა და ყავარჯენს წაეპოტინა. -ერთგვარი ემოციური „ბრეიქდაუნი“ მქონდა მის წინაშე, ამან კიდე თავზე დამამხო ყველაფერი. მატრაკვეცა სულელი მეძახა, საკუთარი სიცოცხლე თუ არ გადარდებს, ოჯახს მაინც რას ერჩიო და ასეთები... ცოტა ფიცხია, მაგრამ ლამაზი.
-დემეტრე, -გაფრთხილებასავით გაისმა ქეთოს ხმა ოთახში, საიდანაც ჯერ კიდევ არ გასულა სოფოს მძვინვარება. -ბოდიში მოგიხადა, რაღას გააწვალე.
-შენ გვისმენდი?
-მე კი არა ნახევარი კორპუსი გისმენდათ. და კი, ლამაზი გოგოა, იმედია, კიდევ მოვა. -ყავა მრავალმნიშვნელოვანი მზერით მოსვა, -გაგიკეთა ბოლო-ბოლო ნემსი?
-უარი რომ მეთქვა, ალბათ მცემდა. -გაეცინა დემეტრეს. იყო მის ხმაში რაღაც ამოუცნობი, რისთვისაც მის სულს და გატეხილ ადამიანობას ჯერ კიდევ არ გამოეცხადებინა მზაობა.

ახალი წელი ახლოვდებოდა. წელიწადის ეს დრო წლების განმავლობაში საუკეთესო პერიოდი იყო ქეთოს ცხოვრებაში. თოვლი, მოკლე დღეები და გრძელი, ციმციმა ნათურებით განათებული ღამეები, ნაძვის ხე და საჩუქრები, ალილო და სოფელი. ყველაფერი თითქოს წარსულში დატოვეს. მარტო დემეტრემ არა, ქეთომ, სლავამ და ნუნუკამაც. ახლა კიდევ უფრო მძაფრად იგრძნო თუ რამდენად მჭიდრო შეიძლება ოჯახური კავშირები იყოს. უხილავი ძაფები თითქოს ყველას ემოციებზე აქვს გამობმული და უსიტყვოდ გადასცემენ ბედნიერების, უბედურების, ლხინის თუ ჭირის სიგნალებს. რაც არ უნდა ეცადო, სულ რომ სლავასავით ხმა არ გასცე ქალიშვილს, ან ნუნუკასავით ქმრის ყველა ნებას ყურმოჭრილი დაემორჩილო, კავშირები მაინც არ წყდება. ალბათ უფრო პირიქით. არავის გამოუხატავს საკუჭნაოდან ნაძვის ხის გამოტანის სურვილი. სადღესასწაულო განწყობა რამდენიმე კვირის წინ შინაური ცხოველივით მოუკვდათ. არავის რომ არ უნდა მისი ხსენება, მაგრამ ყველას რომ ახსოვს.
სამსახურიდან გზას ფეხით დაუყვა. გარეთ სუსხი გახელებულიყო. თითქოს სამყაროში ერთი თბილი წერტილიც აღარ დარჩა, ადამიანს რომ თავი შეეფარებინა. ქეთო პირიქით იყო. ახლა სიცივე ყველაზე მეტად სჭირდებოდა ადუღებული გულის დასამშვიდებლად. ვერც გაიაზრა, ისე გადაუხვია დინამოსკენ. ხშირად მოდიოდნენ ის და დემე ამ მხრიდან, სადაც ყოველთვის ყველაზე ცოტა ხალხი იყო. სკოლიდან რომ გამოჰყავდა ხოლმე სასეირნოდ, ნაყინს აჭმევდა და თავის დიდ ოცნებაზე ელაპარაკებოდა, რომ შემდეგში სამეზობლოს სტადიონის მესრიდან კი არ მოუწევდა ჭყიტინი, დინამოზე უყურებდა მის თამაშს. უყვებოდა ყველაფერზე, რაც ამ სტადიონს ენახა, მაგრამ ახლა ქეთოს მაშინდელი ნაყინის გემო და ძმის სუნი უფრო მძაფრად ახსოვს, ვიდრე მისი ლაპარაკი.
-დღეს არ არის თამაში.-ქვემოდან აჰყურებდა ქეთო ტერასებად შეფენილ მასიურ ბეტონის რკალებს, უეცრად ნაცნობი ხმა რომ მოესმა. ადგილზე შეხტა. გულზე ხელმიდებული მიბრუნდა იქეთკენ, საიდანაც ხმა ისმოდა.
ლამპიონების შუქზე დაინახა ხერგიანის ნაცნობი სილუეტი. სპორტული ჩანთა მხარზე გადაეკიდებინა, ცალ ხელში ბურთი ეჭირა და უღიმოდა. ისეთი მშვენიერი სანახავი იყო, ქეთოს გონებამ გაუაზრებლად გადაუღო სურათი ამ მომენტს და მეხსიერების ყველაზე სანდო კუნჭულში შეინახა, რომ რაც შეიძლება დიდხანს ხსომებოდა ეს წამი.
-მაგრამ თქვენ მაინც აქ ხართ, კაპიტანო. -მისკენ გაუაზრებლად დაიძრა, ვერც კი იგრძნო აბრეშუმივით როგორ ჩამოუცურდა გულზე შეფენილი დარდი და გაეღიმა.
-საქმე მეძახდა. -უკვე ისე ახლოს იყო, ქეთოს მისი სუნი ცხვირში უღიტინებდა. უკან დახევა უნდოდა ერთი ნაბიჯით, მაგრამ ვერ შეძლო. -ძლივს გიცანი.
ისე გაუღიმა ირაკლიმ, მთელი ძალით ჩაეპოტინა სულს, სხეულიდან რომ არ ამოვარდნოდა. ისეთი ლამაზი იყო იმ წამს თვითონაც არ იცოდა. მხოლოდ ხერგიანმა. გულში ეგოისტობით გაჯერებული სიამოვნების ნაპერწკლებმა იფეთქეს.
-ხო, ცოტა ბევრი მაცვია. მცივანა ვარ.
-დემეტრე როგორ არის?! ჩემს ზარებს არასდროს პასუხობს.
-დემეტრე არის. უბრალოდ. -დასევდიანდა და ისევ დინამოს შეხედა. -აქ ხშირად მოვდიოდით ხოლმე, კარგად არ მახსოვს, რას ამბობდა, მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმედიანი იყო, შემართებით, რომ დინამოზე აუცილებლად ითამაშებდა. მხოლოდ ისეთი მინდა იყოს ახლა, მეტი არაფერი.
-მის ასაკში ასეთი ტრამვა არ არის მარტივად გადასატანი. მანდ უკვე იმედები ძალიან წვრილ ძაფზე კიდია, ეგ ძაფი რწმენა და საკუთარი თავის სიყვარულია. ეგ თუ გაწყდა...
-არ ვიცი, ვერაფერს ვაკეთებ. -მხრები აიჩეჩა ქეთომ, -სახლში ამაზე საუბარიც კი იკრძალება. მამაჩემმა ყველაფერი გადამალა, თითქოს ასე ვინმეს რამე დაავიწყდება. მე არც კი მელაპარაკება. ასეთ გარემოში უფრო რთულია.
-ხო, ცოტა ჯიუტები ჩანხართ სიხარულიძეები.
-მხოლოდ ჯიუტები?! -იმდენად მრავალმნიშვნელოვანი იყო ქეთოს სიტყვები, იმდენად მძიმე და უმოწყალო, თვალი მოარიდა ირაკლიმ. -უფრო უმოწყალოები შეგვეფერება, მაგრამ შენ ზედმეტად თავაზიანი ხარ, რომ ეს პირდაპირ მითხრა.
-შენ უმოწყალო ხარ?! -გაეცინა ისევ ირაკლის. აზრიც კი არ ჰქონდა იმაზე ფიქრს, რომ ამ ადამიანს ვინმეს გულის ტკენა შეეძლო, უმოწყალობაზე ხომ საუბარიც მეტისმეტია.
-მე მგონი ზედმეტი მოწყალებით ვუმოწყალოვდები... თუ როგორც არის. -ენა დაება და ჩაეცინა. -ხანდახან მგონია დემეტრეს რომ არ ვუბრაზდები, მაგით უფრო ვტანჯავ. ერთხელაც არ ვეჩხუბე. მგონი, უსამართლო ვარ შენ წინაშე რომ ამას ვამბობ. მას შემდეგ რაც თქვენ შორის მოხდა...
-ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, ქეთო. -სახელი პირველად დაუძახა. ორივეს ჟრუანტელმა დაუარა. -და რომ არ უბრაზდები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამართლებ ადამიანის ყველა ნაბიჯს.
-ხო. -გასასვლელისკენ წავიდა. საშინლად მოუნდა რამე სხვაზე გადაეტანა ყურადღება. გვერდულად ღიმილით გახედა, ირაკლიც რომ გვერდით გაყვა. -იცი, რა მენატრება?! აი გზას და ტროტუარს რომ ჰყოფს შემაღლებული ზოლი და ბავშვობაში რომ ფეხით ისე ვცდილობდი გავლას, თითქოს თოკი ყოფილიყოს და მე ჯანბაზი. ვერსად ვიპოვე ასეთი ქუჩა. შენ იცი? რატომ იცინი?
გაოცებული ჩანდა ქეთო, ირაკლი არც კი მალავდა სიცილს მის სიტყვებზე. ვერც კი მიხვდა, ისე მოიბუსხა.
-არ ვიცინი, ხმამაღლა მეღიმება. -დანაშაულის გამოსყიდვა სცადა ხერგიანმა, უვნებელი ცრემლები ჟონავდნენ თვალების ნაპრალებიდან და ლამპიონების მბჟუტავ განათებაზე ბრწყინავდნენ. -ვიცი ეგეთი ქუჩა. შემდეგ კიდევ რომ შევხვდებით, წაგიყვან. ახლა გვიანია.
-ხო, ძებნას დამიწყებენ. -საერთოდ არ გაუპროტესტებია ირაკლის თავპატიჟი, თავს მშვიდად გრძნობდა.
-გაგიყვან. -თავის მანქანაზე მიუთითა ქეთოს, რომელიც რაღაცას ჩაეფიქრებინა.
-იცი, მგონი, ჯობია ჩემით წავიდე.
-რატომ? -ჩანთა და ბურთი მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსა ხერგიანმა, შემდეგ მთელი თავისი შარმით გამოემართა მისკენ და წინ დაუდგა. ქეთოს მოეჩვენა, რომ ისედაც იცოდა პასუხი ირაკლიმ ამ შეკითხვაზე, თითქოს დარწმუნება სურდა მხოლოდ, რომ რაც იფიქრა, ნამდვილი იყო.
გვერდზე გაიხედა. ვერაფრის თქმა მოახერხა მისთვის. თითქოს მხოლოდ ახლა გაახსენდა ვინ იყო და რა აკავშირებდათ.
-შენც ხომ იცი, რატომ.
-ქეთო, არ ვიცი, რატომ ციდლობთ შენ და ანი ასე ძალიან ამ საქმეში ჩარევას, რომელიც მე პირადად მივიწყებული მაქვს. ის, რაც სტადიონზე ხდება არ უნდა ხდებოდეს ოჯახური დაპირისპირებების მიზეზი. არანაირი ღვარძლი, ბოღმა ან შურისძიების სურვილი არ მამოძრავებს შენი ძმის მიმართ და კარგი იქნება, თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი თუ მაინც გაიგებს ამას. თუ არ გინდა, კი ბატონო, მე ვერაფერს დაგაძალებ, უბრალოდ ვერ ვიტან იმ დაძაბულობას, რომელსაც შენს თვალებში ვხედავ, არ არის წარსულის ზურგით სამუდამოდ თრევა საჭირო. შენთვის მითუმეტეს, როცა საერთოდ არაფერ შუაში ხარ.
-მე და ანი დები ვართ. ყველანაირი ნებართვის გარეშე ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და დამერწმუნე, საკუთარზე სწრაფად ნამდვილად არ გვიშუშდება. ახლა, თუ შეიძლება, წავიდეთ. გავიყინე აქ.
ირაკლიმ ერთხანს უყურა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რამ მოხიბლა ასე ძალიან თვალის მოწყვეტა რომ გაუჭირდა. იმდენი ეცვა ცხვირი და თვალები უჩანდა მხოლოდ, ხმაც კი შორიდან ესმოდა ათასჯერ შემოხვეული კაშნედან.
-იმ ამბის შემდეგ შენ და დემეტრე სულ ასე ხართ?! -ხმა ძლივს აიმაღლა ქეთომ. წარმოდგენაც არ უნდოდა, სლავას რა დაემართებოდა, რომ სცოდნოდა ვის მანქანაში იჯდა. დემეტრეზე ფიქრი კი კატეგორიულად აუკრძალა საკუთარ თავს.
-სულ ასე როგორ? -გაეღიმა ირაკლის და გვერდულად გადმოხედა. მის დაძაბულობას გრძნობდა და იმასაც, თუ რატომ იყო შებოჭილი. გრძელი შარფი და ქუდი უკვე მოეხსნა ქეთოს, წაბლისფერი თმა მხრებზე სცემდა. ირაკლის ცხვირში უღიტინებდა იმის თმის სურნელი საერთოდ არავის მსგავსი რომ არ იყო.
-არ ელაპარაკებით ერთმანეთს.
-როგორ არ ველაპარაკებით. შენთან რომ მოვედი, ხომ ვისაუბრეთ.
„შენთან“. ისე ახლოს ჩაუარა ქეთოს გულს ამ სიტყვამ, სუნთქვა შეეკრა.
-ეგ როგორც კაპიტანმა და გუნდის წევრმა. მე მაინტერესებს, როგორც დემეტრემ და ირაკლიმ თუ ისაუბრეთ. იმ თამაშზე.
-არა. იმ თამაშის შემდეგ ყველა საუბრობდა მაგ დღეზე ჩვენ გარდა. მე არაფერი მაქვს სათქმელი დემეტრესთვის. მას არც უღიარებია დანაშაული და არც პირიქით. სრულიად შესაძლებელია, შემთხვევით მოსვლოდა.
მაგრამ ქეთომ ხომ იცოდა, რომ ასე არ იყო. ირაკლიმაც იცოდა, რომ იმ ტრამვაში არაფერი იყო შემთხვევითი. ძმის აღსარება გულს უსერავდა სიხარულიძეს. საერთოდ არ უნდოდა რამე სცოდნოდა. დამწყებ სამართალდამცველს სიმართლის ცოდნა არ უნდოდა. ისეთი მწარე იყო. ისეთი უსაშველო იმის ვერ გამართლების სიმძიმე, ვინც გინდა, რომ ცამდე მართალი იყოს და მისი დანაშაული მიწაზე უმოწყალოდ გაფერთხებს.
-ანი ხო არ გაბრაზებს?! -დაძაბულობის გასაფანტად უფრო იკითხა ხერგიანმა. ქეთოს ფიქრები ესმოდა თითქოს. ასე რომ უღიმოდა სიხარულიძეს, მას სულაც არ შეეძლო ნორმალურად სიტყვებისთვის თავი მოეყარა. გულში ბრაზობდა კიდეც ირაკლიზე, თითქოს თავის შარმს ბოროტად იყენებდა მის წინააღმდეგ, მაგრამ თავის თავზე უფრო მეტად ბრაზობდა, იმიტომ რომ მოქმედებდა. გულს ერთიანად უფორიაქებდა და უმშვიდებდა.
-არა. არ მელაპარაკება. შენთან მლანძღავს? როგორი ცუდი სტაჟიორი ვარ და ასე შემდეგ....
-არა, ამბობს რომ არაჩვეულებრივი სტაჟიორი ხარ და გიორგობიანების საქმეების გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვის.
-მართლა?! -პატარა ბავშვივით გაუხარდა ქეთოს საყვარელი გამომძიებლის ქება, თუნდაც ზურგს უკან, მაგრამ მაინც. კიდევ უნდოდა რაიმე მოეყოლა თითქოს. -კიდევ რაო?!
-არ უთხრა, ეს რომ გითხარიო.
-რა იცოდა, რომ მნახავდი?
-რა ვიცი, გულმა უგრძნო ეტყობა. ტყუპისცალია მაინც.
-ტყუპისცალი?! მე მგონა, უფროსი იყო. ასე წარმიდგინა თავი, სანამ გამთათხავდა.
-ხო, პირველი თვითონ დაიბადა, ორი წუთით ადრე. ეგ კი არა, მუცელში შემჭამა ლამის.
-კიდევ კარგი, რომ არ შეგჭამა! -მადლიერება პირველად იგრძნო ანის მიმართ ქეთომ. დარცხვენილმა დახარა თვალები ისე სულელურად ჟღერდა თავისი ნათქვამი, საერთოდ არ უნდოდა რომ ხერგიანს გაეგონა, მაგრამ ყურთასმენას მისი ჩაცინება რომ მოხვდა, ლოყები სასაცილოდ აუწითლდა.
-რატო? მერე ვერავინ გაიტანდა უბადლო და ღირსშესანიშავ გოლებს?!
-შენნაირად ვერავინ, თორემ მჯობნის მჯობნი არ დაილევა.
ხერგიანს აღარაფერი უთქვამს. კორპუსის წინ გააჩერა მანქანა და ელოდებოდა, როდის გადავიდოდა ქეთო. გულის სიღრმეში ყრუდ გაჟღერებულმა სურვილმა, რომ სულაც არ უნდოდა სიხარულიძეს მისი მანქანა დაეტოვებინა, უცნაურად აუჩქროლა სისხლი ძარღვებში.
-მადლობა, რომ მომიყვანე. იმედია, ანი არ იგრძნობს და მამაჩემი არ დამინახავს.
-ასე ნუ გეშინია, თორე თავი ხერგიანი კი არ მონტეგიანი მგონია, შენ კაპულეტიძე გამოდხარ.
-სულ არ არის სასაცილო. მაგათი სიყვარულის ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. მე კიდევ არ მინდა თავი ვინმეს გამო მოვიკლა.
-სიყვარულის გამო არ ღირს? სიკვდილი. -იღიმოდა ხერგიანი. მის მეგობრებს რომ გაეგონათ ახლა სიხარულიძის დას სიყვარულზე ელაპარაკებოდა, ჯერ გაუკვირდებოდათ, შემდეგ მაგრად დასცინებდნენ. საშვილიშვილოდ.
-სიცოცხლე ჯობია სიყვარულისთვის. უფრო რთულია. მე კიდევ მიყვარს სირთულეები. -სწრაფად გადახტა ქეთო მანქანიდან, კიდევ რამე რომ არ ეთქვა ხერგიანს, თორემ ნამდვილად გაიგუდებოდა ისე ხუთავდა ხერგიანის ღიმილი, სურნელი და სიტყვები. ლოყებაწითლებული შევარდა სადარბაზოში. სუსხიან ზამთარსაც კი დიდი დრო დასჭირდა მის გამოსაფხიზლებლად.

-ქეთო, ამიხსენი რას აკეთებ? -ჩუმად დაუცაცხანა ნუნუკამ, როცა კბილებაწაკწაკებული შევარდა სამზარეულოში და ცხელი ჩაი ჩამოისხა.
-რას ვაკეთებ? დამაგვიანდა ცოტა, გამოვისეირნე სამსახურიდან.
-მამაშენმა რომ გაიგოს...
-რომ გაიგოს, რა, დედა?! რა მოხდა, ადამიანი შემთხვევით შემხვდა და წამომიყვანა. რა პრობლემაა, ვერ ვხვდები! დემეტრემ მოამტვრია ფეხი ახალგაზრდა ფეხბურთელს, იმის ნაცვლად, რომ ბოდიშებად ვიღვრებოდეთ ხერგიანების წინაშე... კიდევ იქეთ ვემტერებით. საერთოდ არ მესმის, რატომ. რა არ ვიცი. რა დააშავა ასეთი უპატიებელი იმ ადამიანმა, რომ ვერ მოვინელეთ ეს წლები, მითხარით და მეც თქვენთან ერთად შევიძულებ!
-დემეტრეს ფეხი არავისთვის მოუმტვრევია, ქეთო. სიტყვებს დაუფიქრდი. შემთხვევით მოუვიდა და ეს შენც იცი!
-მე რაც ვიცი, ის არის, რომ ჩემს ძმას თავისი შეცდომა ტანჯავს და ცოცხლად ჭამს. შემთხვევითობის გამო თვითგვემაში არავინ ვარდება, დედა! აღიარეთ ბოლოს და ბოლოს. მოგეშვებათ თქვენც და დემეტრესაც. არაა საჭირო შვილს ყველა გადაწყვეტილება გაუმართლო. თუ შეეშლება, უნდა ასწავლო ნაბიჯის სწორად გადადგმა. თუ რამეს არასწორად ვაკეთებ, მითხარი არგუმენტირებულად - რატომ, სად შევცდი და გაგიგებთ. ამ ოჯახში მხოლოდ აკრძალვები არსებობს, ის არ უნდა მოგწონდეს, იმას მანქანაში არ უნდა ჩაუჯდე, იმაზე არ უნდა ილაპარაკო. რატომ?! ხვდებით რამდენად ამორალურია ეს ყველაფერი?!
-ამორალური ის არის, შენი ოჯახის გვერდით რომ არ გინდა დგომა, ქეთევან. -თბილი ოთახი ყინულივით ცივმა ხმამ გაკვეთა. სლავა იყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირველად გამოელაპარაკა ქალიშვილს.
-მითხარი, სად დგას ჩემი ოჯახი და დავდგები, მამა!
-ხერგიანების საპირისპიროდ.
-რატომ?! მითხარი, რატომ?! თუ ბრმად უნდა მჯეროდეს...
-ხო, ბრმად უნდა გჯეროდეს. ეგ არის ოჯახი, როცა ახსნა-განმარტებას არ ითხოვ.
-არ ხარ მართალი, მამა. -სიმტკიცე ნელ-ნელა ბეტონდებოდა ქეთოს ხმაში. ვერ იჯერებდა, რომ ამ მოძღვრებებით ზრდიდნენ ოჯახში, სადაც ბავშვობაში თავს ბედნიერადაც კი გრძნობდა. -მე რასაც ვხედავ ის არის, რომ ადამიანს, რომელსაც იქეთ დავუშავეთ, უაზროდ ვემტერებით. მითხარი რამე ხელშესახები მიზეზი, რის გამოც მან ის დაიმსახურა, რაც მიიღო და არც კი გავიხედავ სხვა მხარეს. თუ სიმართლის ცოდნას ვითხოვ, სულაც არ ნიშნავს, რომ სხვის მხარეს ვარ. თქვენთან ერთად მინდა ვიყო მთელი ჩემი შეგნებით, ამიტომ მინდა ახსნა-განმარტება, მაგრამ ეჭვი მაქვს, თქვენ თვითონაც არ იცით, რა გინდათ ირაკლისგან, მე რა უნდა ამიხსნათ?!
-შენ შენს ძმას უსვამ ხაზს შენივე სიტყვებით. -ხმა უცახცახებდა სლავას, თითქოს ქეთო ტყვიას უმიზნებდა შუბლში, თითქოს თავისივე გაზრდილი დანას არტყამდა ზურგში.
-ჩემს ძმას მე არასდროს ხაზს არ გადავუსვამ, მამა! საერთოდ რა შუაშია?! რატომ მანიპულირებ ახლა დემეტრეთი, ხომ იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავს მისი არსებობაც კი! სულ რომ წუმპეში ბანაობდეს, ჩემი სისხლი და ხორცია, თავს დავიხრჩობ და იქედან ამოვათრევ. მინდა ყველაფერი მოგვარდეს, გესმის? არ მინდა უზარმაზარი ეგოს გამო უდანაშაულო ადამიანის ბოღმა და შური გვახრჩობდეს, ხვდები მაინც რა მოკლეა ცხოვრება იმისთვის, რომ ასე გავასაცოდავოთ? რა არ გაკმაყოფილებს? დემეტრე წარმატებული ფეხბურთელია...ყველას უყვარს, ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაიჯერო, რომ არაუშავს თუ შეგეშლება, მთავარია წამოდგე, გააგრძელო და დაამტკიცო, რომ სწორად მოქცევაც შეგიძლია ადამიანს?!
-შენს ძმას შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა! -დაიყვირა სლავამ. ქეთოს ყველაზე მეტად ის აღელვებდა იმ წამს, რომ დემეტრეც გაიგონებდა ამ სიტყვებს. სხვა არაფერი.
-უშეცდომო მხოლოდ ღმერთია, მამა, ღმერთი კი ერთია. თუ ღმერთის პოვნა გინდა, პირველ რიგში ბოღმა და შური მოიშორე გულიდან, შენი ენერგია ჩვენზეც ვრცელდება, ჩვენ შენი ოჯახი ვართ, შენი შვილები და შენი შინაგანი ავად თუ კარგად, რაღაც დოზით ჩვენი ნაწილიცაა. თუ სრულყოფილი შვილები გინდა, პირველ რიგში შენ გააგდე ეშმაკი, შენ შვილებს მერე მოსთხოვე პასუხი იდეალურობაზე.
-ქეთო, გაჩერდი. -ნუნუკა გაფითრებული შეჰყურებდა სანახაობას. სლავა ბრაზისგან ცახცახებდა, ქეთო ისეთივე მშვიდი იყო, როგორც ნაწვიმარი დილა.
-მე გაჩერებული ვარ, დედა, თქვენ გაჩერდით!
-ხმა აღარ გამცე. შენ მამა აღარ გყავს!
-უკვე მეორედ მეუბნები მაგას, მამა, მაგრამ მე მაინც ვგრძნობ, რომ მყავხარ. -მხოლოდ გაუღიმა ქეთომ და ოთახიდან გავიდა.


„გაგიბრაზდნენ, ჯულიეტა?“ ფრონტის ხაზის გადალახვიდან ორ წუთში მოუვიდა შეტყობინება ტელეფონზე. გაეღიმა.
„ხო, თანაც ძალიან. საწამლავს ვეძებ ახლა, მაგრამ მგონი დავკარგე.“
„აბა მე არავის გამო თავს არ მოვიკლავო?!“
„ჩემთვის არ მინდა:)“
რამდენიმე წამი შეაგვიანდა შეტყობინებას. ვერ ხვდებოდა ბედნიერების დაუძლეველი ძალა როგორ უპობდა ბაგეებს, როგორ შეწინააღმდეგებოდა, რომ არ დატანჯულიყო.
„აბა, მე მკლავ?“ აღშფოთებული სახის გამოსახულებაც მოეყოლებინა ხერგიანს. გაეღიმა. გული ეგონა გაუსკდებოდა სიხარულისგან, ავტომატურად რომ მონტეგად ჩათვალა თავი ხერგიანმა. გრძნობის გამნაწილებლად. არაფერი უპასუხია, თითქოს გულში ახლახანს ამოხეთქილ უცნაური გრძნობის სათუთ ყლორტს უნდოდა მოფრთხილებოდა, არ უნდოდა ვინმეს გაეგო, რომ რაღაც დიდი და ძლიერი ეზრდებოდა შიგნიდან. თვითონ იმ მებაღესაც, ვინც ეს ყვავილი მასში დარგო.
„ძილინებისა, ჯულიეტა. შენი ნომერი ანის წავართვი. ხვალ თავს თუ დაგესხა, მზად დახვდი“
არაფერი უთქვამს. მხოლოდ ღიმილი არ მოშორებია სახიდან. მგონი, გაღიმებულს ჩაეძინა კიდეც.

-ირაკლი, გააფრინე?! -არ ცხრებოდა ტყუპისცალი. თვალებიდან არ ამოსდიოდა ხერგიანის სახე, სიხარულიძის ნომერი რომ გამოსტყუა და ბედნიერი სახით წერდა რაღაცას, თან ხმამაღლა ხარხარებდა.
-რატო, ანიშკა?! -თვალი ჩაუკრა დას და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. ისე იყო დაღლილი, არაფრის თავი ჰქონდა ახლა, თუმცა ღიმილი და ქეთოზე ფიქრები მაინც უნებურად ეპარებოდა მის გამოთიშულ გონებას.
-სიხარულიძის და რომ არ შეგყვარებოდა, სხვა ვერ ნახე? გოგოები დაილია? ნახევარი საქართველოს ქალები და არამარტო შენზე გიჟდება, შენ კიდე... იმ ვირთხის და შეგიყვარდა. მამამისი კიდევ უფრო უარესი! სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ მისი დამპალი სულის შესაფასებლად.
-როგორ არ გიხდება ასეთ ლამაზს ეგეთი ლაპარაკი, რომ იცოდე.
-არც კი მეწინააღმდეგები! -ფარ-ხმალი დაყარა ანიმ, მოქანცული მიჯდა სავარძელში, -სიამაყის ამბავია, ირაკლი, ვერ ხვდები?! იმ უსირცხვილო კაცმა რამდენი რამე წაგართვა, პირველ რიგში უძვირფასესი დრო, შენ პასუხიც კი არ მოგითხოვია... არც მეტი, არც ნაკლები, აპატიე და მისი და შეიყვარე.
ანი დაუსრულებლად უმეორებდა სიხარულიძის შეყვარების ტრაგედიას, რომ როგორმე ძმისგან წინააღმდეგობა ეგრძნო, მხოლოდ მზერით მაინც, მაგრამ ხერგიანი ანკესზე არ წამოგებულა. წარბიც კი არ შეხრია.
-პასუხი დრომ მოთხოვა, იმაზე მწარედ, ვიდრე იმსახურებდა და ვიდრე მე მოვთხოვდი. რა დრამები დამიდგი ანიშკა? ან რაზე შეგეწინააღმდეგო?!
-რომ არ გიყვარს! -ჯიბრიანად დაიცაცხანა ანიმ, კანში ვერ ეტეოდა. -ასეთი სულელი როგორ ხარ?! იცოდე, გავამწარებ!
-ანი, ჯადოქარივით ნუ ლაპარაკობ რა! -წარბები შეკრა და თავისი ოთახისკენ წალასლასდა. ისე იყო დაღლილი, ანის კივილი ჩაქუჩივით უკაკუნებდა ტვინში.
-მითხარი, რომ არ გიყვარს! -უკან გაჰყვა თავის ძმას. გული საგულეს აღარ ჰქონდა.
-შენ მიყვარხარ, სხვას რა მნიშვნელობა აქვს? -მხიარულად დაჰკრა ცხვირზე ხელი „უფროს“ დას და კარები მიუკეტა.
-შე იდიოტო! ასეთი გულუბრყვილო და არაეგოსტი როგორ ხარ!

გულის სიღრმეში მართლა შეშინებული იყო ქეთო, რომ ანი ხერგიანი თმით ითრევდა, ან რამე ისეთს ეტყოდა სამსახურში, რომ საშინლად შეარცხვენდა, მაგრამ საბედნიეროდ, შეცდა. სამუშაო დღე ისე მიილია, არანაირი ფორსმაჟორი არ შექმნია, აი, სამსახურიდან გამოსვლის წინ ანიმ რომ უთხრა, დამელოდეო, მაშინ ნამდვილად გასცრა ტანში. არ შეიმჩნია. მისი ნამდვილად არ ეშინოდა, უბრალოდ სახლსა და კარში დაუსრულებელმა გარჩევებმა ენერგია გამოაცალა.
-სადღაც მინდა წაგიყვანო, თუ წინააღმდეგი არ ხარ. -მშვიდი იყო ხერგიანი. ამან უფრო დააბნია ქეთომ, მაგრამ უარი არ უთქვამს.
ცოტა ხნით იმგზავრეს. გარეუბანში აღმოჩნდნენ. მანქანა ძველი, დაქონქილი სტადიონის წინ გააჩერა. ზედ უბნის ბავშვები ნახევრად დახეული ბურთით თამაშობდნენ. მანქანაშიც კი აღწევდა მათი ყივილის ხმა. ქეთოს უკვირდა ამ გამყინვარებაში როგორ შეეძლოთ გადაადგილება.
-ირაკლიც აქ თამაშობდა. ამ სტადიონზე გაიზარდა. -მშვიდად დაიწყო ანიმ.
გული ცუდს უგრძნობდა სიხარულიძეს, სუნთქვა უსიამოვნო შეგრძნებამ დაუწვა.
-თექვსმეტი წლის იყო, მამაშენმა რომ იპოვა. სლავა სიხარულიძემ. -იმხელა ტკივილით და ბრაზით წარმოთქვა მისი გვარი ხერგიანმა, ქეთოს წამით მოუნდა საერთოდ აორთქლებულიყო იმ მანქანიდან და მთლიანად დედამიწიდან. - ჩვენი ოჯახი მადლიერების გამოსახატად კანიდან ძვრებოდა. მამაჩვენს დაპირდა, მისგან წარმატებულ კაცს დავაყენებ, მთელი ქვეყანა იამაყებსო, ოღონდ შენ ნება მომეცი, მომაბარე... მენდეო. კარგად მახსოვს ირაკლის იმედიანი თვალები, დიდი, აუხდენელი ოცნების რეალობად ქცევის ბედნიერებისგან რომ ცრემლებით უპრიალებდა. დავთანხმდით, რა თქმა უნდა, დავთანხმდით დიდი სიხარულით. ღარიბების კარზე მომდგარი წარმატებული, კარგად ჩაცმულ-დახურული ადამიანი, საქებარ სიტყვებს რომ არ იშურებს შენი შვილისთვის, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და ყველანაირ დახმარებას გთავაზობს, ღმერთზე ნაკლები სტუმარი არაა გაჭირვებული, გულუბრყვილო ოჯახისათვის. ირაკლი ისეთი იყო... მშვიდი, გაწონასწორებული, თავდაუზოგავად შრომისმოყვარე. ყველაფერს ჩვენთვის აკეთებდა, ყველამ ვიცოდით, ერთ კაპიკს არ შეირჩენდა არავისას და არც სიკეთეს დაუვიწყდება სლავას. იმაზე სწრაფი იყო მისი წარმატება, ვიდრე ჩვენ გვეგონა. მარტო კარგი მოთამაშე კი არა, ბრწყინვალე იყო, ყველასგან გამორჩეული, ამას ფეხბურთის აღქმას მოკლებული თვალიც კი შენიშნავდა. რაღაც ჰქონდა ისეთი, არ ვიცი, ამოუხსნელი. ცხოველი არასდროს ყოფილა სტადიონზე, ადამიანი იყო პირველ რიგში, ფორმის ჩაცმის დროსაც კი არ ავიწყდებოდა თავისი ღირსება და გუნდელების პატივისცემა. ყველაზე ცუდ მოთამაშესაც მარადონად აგრძნობინებდა თავს. ტყუპისცალი რომაა, მაგიტომ არ ვამბობ. მართლა ვგრძნობდი, ვინ იყო, როგორი... ვხვდებოდით სლავას სიტყვები დიდ მომავალზე მართლდებოდა, მერე უკრაინაში გადაიყვანეს. უბედნიერესი იყო თავისი პირველი ხელფასით. სულ საჩუქრებში დახარჯა. მამაშენსაც უყიდა რაღაც. იმ დღეს, შენი ძმის კლუბს რომ შეხვდა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მომწერა, „სხვის მიწაზე ქართველთან ერთად თამაში სხვა გრძნობაა, ძალიან ამაყი ვარ, ყველა გაიგებს ჩვენს ქვეყანაზე, ყველა იამაყებსო“... მართლა ყველამ გაიგო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი სარკე იყო ის თამაში, სადაც ძალიან კარგად დაანახა სიხარულიძემ რას გაუკეთებს ძმას ძმა, ქართველი ქართველს, რომ როგორმე მაღლა აიწიოს წარმატების კიბეზე. ერთი ნაბიჯი კი არ იკმარა დემეტრემ იმ დღეს, მთლიანად ჩამოაგდო ჩემი ძმა წარმატების კიბიდან, თავიდან ახოხების ძალა რომ აღარ შერჩენოდა. არც კი მიუახლოვდა წამოსაყენებლად. კაცობაც კი არ ეყო თვალებში ჩაეხედა და ბოდიში ეთქვა. ირაკლი ისეთია, ხელს ჩამოართმევდა, დაიჯერებდა, რომ შემთხვევით მოუვიდა. აპატიებდა. არაფერი ყოფილა შემთხვევითი და იცი სად გასცა შენმა ძმამ თავი? რომ არც შეწუხებულა ირაკლის მოღრეცილი ფეხით და დატანჯული სახის დანახვისას. თავის მოჩვენებაც კი არ სცადა. არ ვიცი, რა მოხდა მამაშენს და დემეტრეს შორის და რატომ გააკეთა ასეთი რაღაც, არც მინდა ვიცოდე, ფაქტი ერთია ირაკლი არაფერ შუაში ყოფილა.... არ ვიცი, რა ხდება თქვენ ორს შორის, მაგრამ სანამ რამე სახეს მიიღებს, სანამ გვიანი არ იქნება უკან დახევა, აარიდე ჩემს ძმას თავიდან შენს ოჯახთან მიახლოების ყველანაირი შანსი. წარმოდგენაც არ მინდა, შენი გულისთვის რისი გამკეთებლები არიან, როცა დემეტრეს კარიერას ლამის ირაკლი შეწირეს.
ქეთო ხმაჩავარდნილი იჯდა. თითქოს პირველად იგრძნო, როგორ გადაეყლაპა ენა, როგორ გაეჩხირა ყელში უსამართლობის ცრემლებით გაბერილი ბურთი და ცოცხლად სიკვდილი ინატრა. ასეთი უსუსური, ასეთი დაუძლურებული არასოდეს ყოფილა. უნდოდა მიწა გახსნილიყო და სამუდამოდ შიგ ჩაეტანა იმდენად მძიმე იყო ტვირთი, რომელსაც ეზიდებოდა. ტვირთი დამნაშავის ოჯახის. ტვირთი გაუმართლებლობის. უდანაშაულო, მართალი ადამიანის ცხოვრების დანგრევის ტვირთი.
-არ ვიცი, რა ვთქვა. -ძლივს მოიბრუნა ენა პირში.
-სათქმელი აღარაფერია. -განაჩენივით გაჟღერდა ანის სიტყვები მანქანაში და დაიძრნენ.

ის დღეები არავის დალაპარაკებია. მხოლოდ სამსახურში დადიოდა, შინ გვიან ბრუნდებოდა, რომ არავის გადაყროდა და მაშინვე იძინებდა. ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ირაკლი ხერგიანს აღარაფერი მოუწერია. იმ დღეს დემეტრესთან ექიმები მოდიოდნენ და იძულებული გახდა, შინ ადრე დაბრუნებულიყო. იცოდა, თავისი დუმილით და უჩნრობით ძმასაც რომ გულს უკლავდა, მაგრამ ვერავის შეხედავდა ახლა, არ უნდოდა, მის თვალებში სასჯელი ამოეკითხათ, არ უნდოდა, კიდევ უფრო დაემძიმებინა მისი ოჯახის ისედაც ტყვიასავით მძიმე ყოფა.
ეკიპაჟთან ერთად სოფოს დარცხვენილი სახეც რომ დაინახა, მხოლოდ მაშინ გაიღიმა პირველად. დემეტრეს რეაქციას აკვირდებოდა, თუმცა მისი ძმა კარგად ნიღბავდა თავის გრძნობებს. ახლაც.
-გამარჯობა, რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, სანამ გაგსინჯავთ და ნაკერებს მოგხსნით. -ისე საუბრობდა სოფო, თითქოს პირველად ხედავდა პაციენტს, თითქოს ომი არ გამოეარა მასთან ამავე ოთახში.
-დიახ, ვეცდები ზუსტად გაგცეთ პასუხი ყველა მნიშვნელოვან შეკითხვაზე, ექიმო. -ავისმომასწავლებლად ბევრს საუბრობდა დემეტრე. თითქოს ქალის მოთმინებას ცდიდა.
-დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის მხრიდან თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გულწრფელობა. -არც სოფო ჩამორჩა. დანარჩენმა ექიმებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს.
-გულწრფელობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ასე არ არის?! -წარბები აათამაშა დემეტრემ, ღიმილს ვეღარ იკავებდა სოფოს არიდებულ თვალებზე, ცარიელ ფურცელს რომ დიდი ინტერესით ჩაშტერებოდა.
-თქვენისთანა ეგოისტისთვის ცოტა რთული უნდა იყოს გულწრფელობა, ბატონო დემეტრე... -ხმადაბლა წაიდუდუნა სოფომ, თუმცა სიხარულიძეს რას გამოაპარებდა.
-შეიძლება მარტო სოფო ექიმმა გამსინჯოს?! -ავისმომასწავლებლად გაისმა დემეტრეს ხმა ოთახში.
-არა, არ შეიძლება!
-მაშინ ვერავინ გამსინჯავს.
-ნუ ჯიუტობთ! -ბრაზისგან სულ წითელი გაუხდა სოფოს ლამაზი სახე.
-რატომ არ შეიძლება? რად უნდა ნაკერების მოხსნას სამი ადამიანი?! ნამდვილად არ მსურს უფროსი ექიმების წინაშე გაშიშვლება.
-ნუ ღელავთ, ისეთს ვერაფერს ნახავენ, რაც აქამდე არ უნახავთ.
-კარგი, მაშინ სამივემ დატოვეთ ოთახი. -იმდენად კატეგორიული და მკაცრი იყო დემეტრეს ტონი, სოფომ ერთი ამოიოხრა და ოთახში მყოფებს ანიშნათ, მარტო დაეტოვებინათ.
ყურადღებას მაინც არ აქცევდა გამარჯვებით კმაყოფილ დემეტრეს, ბედნიერი სახით რომ აკვირდებოდა მის აწითლებულ ლოყებს და შეჭმუხნულ წარბებს.
-შენც ვერაფერს ნახავ ისეთს, რაც აქამდე არ გინახავს?!
-თქვენისთანა თავხედი ნამდვილად არავინ მინახავს. -თვალი თვალში გაუყარა სოფომ, თითქოს უნდოდა მთელი ბრაზი ეგრძნობინებინა მისთვის.
-მე კიდევ თქვენისთანა მშვენიერი, მაშინაც კი, როცა ასე ილანძღებით და გაბრაზებული ხართ.
-გაჩუმდით, კონცენტრირება მჭირდება, თქვენ კი უკვე ტვინი გამილაყეთ. -სწრაფად მოაცილა თვალები და ჭრილობის შეხსნა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა ამ თავხედი კაცისთვის ჭკუა ესწავლებინა, მაინც ვერ შეძლო ფაქიზად არ შეხებოდა მის ჭრილობას.
-ალბათ გაბნევთ...
-იცოდით, რომ ძველ დროში არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ არსებობდა?! -თვალები მოწკურა სოფომ, -ისე ჭრიდნენ და კერავდნენ პაციენტებს, მათი გამაყუჩებელი პირში ჩაჩურთული პირსახოცი იყო. თუ არ გინდათ, ძველი დრო გაგახსენოთ, ენას კბილი დააჭირეთ.
-რა ცივსისხლიანი ხართ, სოფო ექიმო?! -გაეღიმა მის გულწრფელ მუქარაზე, აჩქარებულ გულისცემამდე კი განზრახ არ მიუშვა თავისი გონება. ამაზე ფიქრი არ სურდა.
ხმა აღარ გაუცია. იცოდა, რაც მეტს ილაპარაკებდა, მით მეტ დამაბნეველ პასუხს მიიღებდა სიხარულიძისაგან. ამ კაცის მიმართ გაჩენილი ორმაგი გრძნობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეტარებინა გულთან და გონებასთან ახლოს. ნამდვილი მატრაკვეცა იყო, სახელი რომ თავში ავარდნოდა.
-ყავარჯნით ბევრს დადიხართ?! -ჰკითხა, როცა თავისი საქმე მოითავა.
-არც ისე.
-ქსოვილები აღდგენისკენ მიდის, ყველაფერი უკეთესდება, მაგრამ თუ ფეხზე სწრაფად გსურთ ადგომა, სხეული უნდა ავარჯიშოთ, სპორტსმენი ხართ ბოლოს და ბოლოს, ისე ვერ გიმკურნალებთ, როგორც დანარჩენ პაციენტებს. ფედერაცია...
-სოფო, -გული მოულოდნელობისგან შეუხტა ექიმს, გაკვირვებულმა შეხედა. ისეთი თვალებით უყურებდა, მზერა ვერ მოარიდა. თითქოს ტკივილს სევდა და რაღაც ამოუცნობი შერეოდა დემეტრეს თაფლისფერ თვალებში. -მე მარტო შენ მინდა, რომ მიმკურნალო.
-მარტო მე ვერაფერს გავხდები, არ მაქვს სპორტსმენებთან მუშაობის გამოცდილება, თქვენ პირველი ხართ....
-ხოდა, ვიყო პირველი... ჩაატარე ჩემზე ექსპერიმენტები. ნებას გრთავ.
-თქვენ, რა ვერ ხვდებით, რომ ექსპერიმენტების დრო ახლა არ არის?! ჩემზე გამოცდილი ექიმი გჭირდებათ, ვინც ზუსტად იცის, როგორ მოგიდგეთ. თქვენ კი.. ისეთი ჯიუტი ხართ! თან მეკეკლუცებით, არ შეიძლება პაციენტსა და ექიმს შორის ასეთი დამოკიდებულება.
-არ გეკეკლუცები. -პატარა ბავშვივით იმართლა თავი, ბაღელის სიყვარულში რომ გამოიჭირეს, დამნაშავესავით დახარა თვალები. -სხვა ექიმი არ მინდა.
-აი, კიდევ ჭირვეულობთ. -მთელი ძალით სცადა სოფომ, ხმაში ყინული არ გალღვობოდა. ხელთათმანები მოიხსნა და იქვე ჩამოჯდა. არ იცოდა, რატომ დაუარა ტანში ჟრუანტელმა მის თვალებს რომ გადააწყდა. თითქოს პირველად იყო ასეთი ნამდვილი და წრფელი დემეტრე და წასვლა ვეღარ შეძლო. -იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, უნდა ვიცოდე, რომ თქვენც ისევე გინდათ კარგად გახდეთ, როგორც მე. მე კიდევ ეჭვი მღრღნის, რომ თქვენ საკუთარ თავს სამაგიეროს უხდით რაღაცისთვის. გინდათ, დაიტანჯოთ. მკურნალობას აჭიანურებთ. ეს დრო კი ოქროზე ძვირფასია ახლა თქვენთვის. დაგეხმარებით, იმ შემთხვევაში, თუ თქვენც დამეხმარებით.
-შენ თუ უნდა მომიარო, საერთოდ არ მინდა გამოვჯანმრთელდე. თქვენობით ნუ მომმართავ, ერთი ვარ, ორმოცი ხომ არა?! -გაეღიმა დემეტრეს. სოფო ფეხზე რომ წამოდგა გული ჩაწყდა, არ უნდოდა, წასულიყო.
-თქვენი ასაკი უფლებას არ მაძლევს შენობით მოგმართოთ. -კბილი წაკრა სოფომ. ღიმილს ძლივს იკავებდა.
-ე! ოცდაათისაც არ ვარ ჯერ.... რა ნაადრევად დამაბერე?!
-მალე ჭაღარა შემოგეპარება და მიხვდები, რომ მართალი ვარ.
-რა მალე დამნებდი, შენ თვითონაც ჩემი ტოლი ხომ არ ხარ?! -წარბები აათამაშა დემეტრემ. -ნომერი დამიტოვე წამლების ჩამონათვალთან ერთად. რამე რომ მეტკინოს, უცებ რომ დაგირეკო.
სოფომ თავი ღიმილით გააქნია და პაციენტის ოთახი დატოვა. დემეტრე გაღიმებული მისშტერებოდა კარს, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ გავიდა იმ იმედის განსხეულება, რომ ვინმეს შეყვარებას იმსახურებდა.
-კარგი გოგოა, ჭკვიანი, ლამაზი და მაგარი, შენ რომ მუშტში მოგიქცევს, ისეთი. -ჩაეღიმა სოფოს. ძმის თვალებში გაელვებულმა უცნაურმა სხივმა იმედი მასაც მისცა თითქოს.
-ხო, თან ეხა ორი მყავს, ის და შენ..
-მე რომ გავთხოვდები, დემე, ის გეყოლება მხოლოდ, ამიტომ ძალიანაც ნუ მოუშლი ნერვებს შენებურად.
-აუფ, შენ არასდროს გათხოვდები. სულ ჩემთან იქნები. -პატარა ბავშვივით, ჯიბრიანად ჩაიალაპარაკა და მიხუტებულ დას თმაზე ხელები დაუსვა.
-შინაბერა, გაბოროტებული მული გინდა მიუქსიო იმ ანგელოზივით გოგოს?!
-შენ რამეს ხო არ მიმალავ?! -ეჭვისთვალით დახედა ზემოდან უმცროს დას. მისი თავის წართმევის და გათხოვების იდეა სულაც არ მოსწონდა დემეტრეს. ამაზე არასოდეს უფიქრია, იმდენად პატარა იყო ქეთო.
-ჯერ არა. -ხმამაღლა გადაიკისკისა ქეთომ, თუმცა გულის ძალიან ღრმა კუნჭულში, სადაც ყველაზე ძვირფას საიდუმლოებს ვინახავთ, უკვე იცოდა, რომ რაღაც ძალიან დიდს მალავდა.

ოცდაათი დეკემბერი იდგა. სუსხიანი დილა იყო და ჯერ კიდევ ისე ბნელოდა, დღესაც ეზარებოდა თითქოს თბილი საწოლიდან გამოსვლა და სამყაროს განათება.
სიხარულიძეებს ვერავინ წამოაგდებდათ ფეხზე გადარეული ნიკა აბაშიძის გარდა. მეკარე ომახიანად მიესალმა ოჯახის უფროსსა და დიასახლისს და პირდაპირ დემეტრეს შეუვარდა ოთახში.
-დემილო, ადე, შე ჯიბგირო სასრიალოდ მიმყავხარ! -საბანი გადახადა მეგობარს და იატაკზე მიაგდო.
-ნიკა, თოვლში თავით ჩაგარჭობ, იცოდე. მომწყდი თავიდან! ვინ გინახავს ყავარჯნით რომ სრიალებდეს?! -ამოიდუდუნა ბალიშში თავჩარგულმა.
-მიდი, მოემზადე, მე მანამდე ქეთუსას გავაღვიძებ, -ყურადღება არ მიუქცევია დემეტრეს დადღანისათვის, -სლავა ბიძია და ნუნუკა დეიდა, ჩემთან მიმყავს ეს ორი საახალწლოდ ბაკურიანში. ბიჭებიც მოდიან და არ გაგვიტეხოთ, გამოუშვით რა...
პატარა ბავშვივით მოიღადრა ლამის ყელი, მეგობრის მშობლებს რომ ეზოში სათამაშოდ ჩაშვებას ევედრება შემწვარი კარტოფილის ჭამის შემდეგ.
-ჩვენი ნებართვა რად უნდა, შვილო... -გაეღიმა ნუნუკას. სლავას არაფერი უთქვამს. გრინჩობა ეკისრებინა ამ ახალ წელს.
-ქეთევააან, ქეთოოოო. -კიოდა ნიკა და ხელისგულს ატყაპუნებდა უმცროსი სიხარულიძის კარზე. -ჩაიცვი სათამაშოდ მივდივააართ. ნუნუ დეიდას ვუთხარი და გიშვეებს!

-გისმენთ, -გაეღიმა ნაცნობი ხმის გაგონებისას.
-სოფო ექიმო, დემეტრე ვარ.
-რა მოხდა? ნაკერები ხომ არ აგტკივდა... -ისე უცებ დაუფეთდა ხმა სოფოს, დემეტრემ მისი მღელვარებით გამოწვეული სიამოვნება ვერც კი დამალა.
-იცი, ჩვენმა მეკარემ დაიჟინა რომ ახალი წელი ერთად უნდა აღვნიშნოთ ნაკრებმა, ხოდა, ბაკურიანში ძალით მიმათრევს. უთხარი, რომ არ შეიძლება.
-რატომ არ შეიძლება?! -გაუკვირდა ქალს, თუმცა ხმაში ღიმილი მაინც შეეპარა.
-რა ვიცი, ჩემი ექიმი იქ არ მეყოლება, რამე რომ დამემართოს... ვინ მომივლის. -მაქსიმალურად მოისაწყლა თავი, მანქანაში აფხუკუნებული სამი სხეულისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ახლა ერთ მიზანზე იყო ორიენტირებული.
-არაფერში დაგჭირდება ექიმი, დემეტრე.
-ანუ, რამე რომ მომივიდეს, ფეხი გადამიბრუნდეს ან მთვრალმა გუნდელებმა ვერ მომხედონ სათანადოდ, იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? გული მშვიდად მექნება, რომ ჩემი ექიმი ახლოს იქნება და გადამარჩენს ცუდისგან.
-ექიმის მოვალეობაში ძიძობა არ შედის.
-არც შეყვარებულის?! -ეგონა, ნაღმზე გადიოდა ამ სიტყვებს რომ ამბობდა. ირგვლივ ყველა გაისუსა, თავადაც გულისცემა შეეკუმშა წამიერად რომ გაჩუმდა სოფო.
-დაურეკე შეყვარებულს, ხოდა. -თითქოს ბრაზობდა სოფო, მაგრამ თან ცდილობდა მშვიდი ყოფილიყო.
-დაგირეკე, მაგრამ არ მომყვები.
-დემეტრე, არ არის სასაცილო.
-არ მეცინება. -სრული სერიოზულობით უთხრა დაძაბულმა. ასე არასდროს შეშინებია ქალისგან უარის. -გაემზადე, გელოდებით.
-დემეტრე! ახალ წელს იქნებ სხვა გეგმები მაქვს?!
-ბოდიში, უნდა მეკითხა. შენს სახლში ლიფტი არის? ყავარჯნით რომ არ ამოვიდე.
-ჩემს სახლში რა გინდა?
-ნებართვა უნდა ავიღო შენი მშობლებისგან.
-შენ გაგიჟდი?! -წამოიკივლა სოფომ. აშკარად მოახერხეს მისი წყობილებიდან გამოყვანა. -თავი დამანებე.
-წამოდი, რა. გთხოვ. თუ შეგიძლია. -უკან დაიხია ბოლოს. ქეთო კმაყოფილი იღიმოდა.
იმ წამს ყველა სოფოს პასუხს ელოდა გასუსული.
-აუ, წამო, რა სოფო ექიმო. ჩვენ ისეთი ფეთხუმები ვართ უეჭველი კისერს მოვიმტვრევთ და გინდათ თქვენ ნახევარი ნაკრები რო საავადმყოფოში შეხვდეს ახალ წელს? -ხელიდან გამოგლიჯა ყურმილი აბაშიძემ სიხარულიძეს, -კაი, დემეტრიკა თუ არ გევასებათ, სამშობლო ხო გევასებათ?! სამშობლოზე იფიქრეთ, რა, სოფო ექიმო.
-ნიკა, ყურებით დაგკიდებ ქართლის დედის ფიალაზე, -გამწარებულმა გამოგლიჯა ხელიდან მობილური მეკარეს.
-კარგი, ხო, ჯანდაბას თქვენი თავი... -ჯაჯღანებდა სოფო.
-გელოდებით ჩემო სიცოცხლე. -სწრაფად ჩასძახა ყურმილში დემეტრემ.
-ენას ამოგაძ... -და გაუთიშა.


მთელი გზა მინაზე შუბლმიდებულმა ისე იმგზავრა გაყინული პეიზაჟების ცქერაში, რომ როგორ ჩავიდნენ ვერც კი გაიაზრა. დემეტრე სოფოს აწვალებდა, ისიც არ რჩებოდა ვალში და მათი კინკლაობით ყველა მხიარულობდა. ქეთოს კი იმდენად ღრმად შეეცურა ფიქრების ოკეანეში, ნაპირებზე დარჩენილი რეალობის ხმა მის ყურთასმენას ვერც კი სწვდებოდა. იქ რომ ხერგიანიც ყოფილიყო? რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა შეხვედროდა, საერთოდ როგორ უნდა შეეხედა მისთვის. ნეტა დემეტრე რას გრძნობდა, ნეტა დემეტრემაც თუ დაივიწყა... გაქცეული საახალწლო განწყობა თითქოს შუაგზიდან მოაბრუნა აბაშიძემ, მაგრამ მაინც უღრღნიდა რაღაც ამოუხსნელი გულს და სულს.
-ფარულავა და კანდელაკი ჩაბრძანდნენ უკვე. ხერგიანიც გზაშია თავის გადარეულ ტყუპთან ერთად. -ბედნიერად დასძინა ნიკამ. მხოლოდ ნაცნობი გვარის გაგონება თუ გამორიყავდა რეალობის ნაპირზე ქეთოს იმ წამს.
-ჯღარკავა? -ინტერესით მოიკითხა ნახევარცმველი დემეტრემ. ძმის ხმიდან გაპარული სუსხი და უიმედობა ყველაფერი იყო ქეთოსთვის. თვალებით სოფოსაც კი მადლობას სწირავდა.
-თავის ცოლს ეჩალიჩება ჯერ, როგორც ვიცი. შენ ძაან ძერსკი ცოლი იქნები, ხო, სოფო ექიმო?! ხო გამოუშვებ ხოლმე დემეტრეს ჩვენთან ერთად სათამაშოდ! -წინა სავარძლიდან გადმოყო თავი პერტიამ.
-პერტია, დააბრუნე შენი ვირის სიფათი წინა სავარძელზე, თორემ საბარგულით დაგახრჩობ. -მკაცრად დაუბრიალა დემეტრემ თვალები, სოფოს აწითლებული ლოყები რომ დაინახა. ეშინოდა, არ გაქცეოდა უკან, ამდენი გადარეულის შემყურეს.
-შენ რა აგრესიული ხარ, ბიჭო? ეგრე გინდა ამ ნაზ გოგოს თავი რომ მოაწონო?!
-არ ვარ აგრესიული. -ოდნავ მშვიდად წარმოთქვა დემეტრემ. მისი სოფოსთვის თავის მოწონების ყველანაირი ხერხი იმდენად შესამჩნევი იყო ყველასთვის, უარესად აწითლებდა ექიმს, რომელიც აშკარად ნანობდა წამოსვლას.
-მე რა შუაში ვარ? -მტკიცე იყო სოფოს ხმა, -თავისმა ცოლმა იფიქროს სად გაუშვებს და სად არა.
-არ გვინდა ახლა, დოქტორო, ეს თვალის დაბრმავებები. ყველამ კარგად ვიცით აქ, შენ გარდა სხვა ცოლს რო არ მოიყვანს ეგ. შენ რა გგონია, ყველას შენსავით ეპრანჭება?! -ყროყინებდა ნიკა წინიდან. იცოდა, საჭესთან მჯდომი ხელშეუხებელი რომ იყო და ყველაფრის თქმის უფლებას აძლევდა თავს.
-ნიკა, ყავარჯენს გადაგაღუნავ, იცოდე.
-მერე იტყვის არ ვარ აგრესიულიო. პაპს ნუ ატყუებ! ორი მანდილოსანი გვიზის მანქანაში, როგორ იქცევი...
მთელს სახლში საახალწლო განწყობა ხმაურობდა. აბაშიძემ სხვენიდან ნაძვისხე ჩამოათრია კანდელაკთან ერთად. ქეთოს ისე უყვარდა ნაძვის ხის აწყობა მაშინვე თავი მიანება საჭმლის გამზადებას და იქეთკენ გაიქცა.
-ვაიმე, რამხელაა! -წამოიყვირა სიხარულისგან, როცა კანდელაკმა სამ ნაწილად დაშლილი ნაძვის ხე გაშალა. -რამდენი სათამაშოებია.... თან სულ ძველები, ბავშვობაში გვქონდა ასეთები და დემეტრეს სულ უტყდებოდა ხოლმე.
-ვისაც უნდა ნაძვის ხე ააწყოს, ვისაც უნდა სასრიალოდ წამოვიდეს, დემეტრე იჯდეს და „ბრიჯიტ ჯონსს“ უყუროს. -ბრძანებები გასცა აბაშიძემ. -საღამოს სრული შემადგენლობით ვიქნებით უკვე.
ისე მოხდა, რომ მარტო აბაშიძე და კანდელაკი წავიდნენ სასრიალოდ. ამათი მარტო ერთად გაშვება არ იყო უსაფრთხო, მთელ-მთელი კიდურებით არ დაბრუნდებოდა არც ერთი, მაგრამ სანამ რამის თქმას მოასწრებდნენ, სწრაფად დატოვეს სახლი.
-ხერგიანი თუ მოვიდა, არ გაგვიშვებს! დაგვანებეთ თავი! -ჭყაოდნენ ეზოდან და თხილამურები იღლიაში ამოეჩრათ, სანამ ეზოდან გავიდოდნენ კანდელაკი სამჯერ წაიქცა. ყველას მუცელი სტკიოდა სიცილისგან.
-მიყვარს ახალი წელი, -სოფო და ქეთო რთავდნენ ნაძვის ხეს მხოლოდ. უმცროს სიხარულიძეს არ გამოპარვია, როგორ ჩუმად უსმენდათ დემეტრე. თითქოს ყველაფერი უნდოდა გაეგო, რასაც სოფო იტყოდა. -თითქოს რეალურად არაფერი იცვლება, მაგრამ შინაგანად ახალი, სუფთა ფურცლის გადაშლას ვგრძნობთ. რაღაც „ახალი“ რომაა, არადა ათასობით წელია ზუსტად ისეთი, როგორიც „შარშან“, მაგრამ მაინც რამხელა იმედია, რომ შანსი გეძლევა სუფთა ფურცლიდან დაწყების. მერე რა, თუ ყველაფერი ჩვენი წარმოდგენის ნაწილია და ცხოვრება ისევ ისე გრძელდება. ადამიანი თავს თუ დააჯერებს, რომ კარგად არის, ნებისმიერი სენისგან შეძლებს განკურნებას.
ქეთოს მოეჩვენა, რომ სოფოს სიტყვები იმ ადამიანისკენ იყო მიმართული, გახევებული რომ მისჩერებოდა ტელევიზორს ბიჭებთან ერთად. მერე რა, რომ სხვაგან იყურებოდა დემეტრე, ღრმა ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვაზე ეტყობოდა, რომ სოფომ მიზანში მოარტყა. დემეტრეს გულს და გონებას მიაწვდინა თავისი მართალი სიტყვები.
ქეთო მხოლოდ მადლიერებას გრძნობდა, რომ ამ გოგომ შანსი მისცა მის ძმას.
-ჩვენ სულ ერთად ვაწყობდით ხოლმე ნაძვის ხეს. დემეს არასდროს მოსწონდა ჩემი აწყობილი. პატარა ვიყავი და სულ ქვემოთ მინდოდა ყველა სათამაშოს დაკიდება, მაღლა მაინც ვერ დავინახავ-მეთქი. -ღიმილი შუაზე გაუწყდა, ყუთისკენ სათამაშოს ამოსაღებად მიბრუნებულს ღიმილიანი ხერგიანი რომ შერჩა ხელში.
ისე მონატრებოდა, სისხლი სახეში მოაწვა. სწრაფად მობრუნდა ნაძვის ხისკენ, რომ ჩახუტების და შეხების დაუძლეველი სურვილი გონებიდან ამოეგდო.
-ირუშ, რავა ხარ?! აბაშიძე და კანდელაკი სასრიალოდ გაგვექცნენ, ჩვენი ბრალი არ არი! -მაშინვე თავი იმართლა პერტიამ.
-გირჩევნიათ, მთელები დაბრუნდნენ. -თავის დაკვრით მიესალმა სიხარულიძეებს.
-თუ არ დაბრუნდნენ, დემნამ ექიმი წამოგვიყვანა და მოგვირჩენს, ხო, სოფო?! -წარბები აათამაშა ლაშამ.
ქეთო მშვიდად განაგრძობდა ნაძვის ხის აწყობას. ცდილობდა ჩუმად დაკვირვებოდა ატმოსფეროს ცვლილებას ხერგიანს და დემეტრეს შორის. მშვიდობიანი გამარჯობა რომ გაცვალეს ერთმანეთში კაპიტანმა და ძველმა ფორვარდმა გულზე მოეშვა თითქოს.
-როგორ ხარ, ქეთო? -გაუღიმა ანიმ თანამშრომელს. და არასასურველ სარძლოს. -გიორგობიანების ამბავი როგორ მიდის?!
-კარგად. ფულის გათეთრების ამბის მერე კიდევ ბევრი რამე ამოვყარეთ, მაგრამ აი, სანდრო მაჩაბელს და ჯანდაბა აკავებს ციხეში, ვერ გაგვიგია.
-სანდრო მაჩაბლის ამბავს შენ იძიებ? -გაკვირვებით ჩაერთო სოფო საუბარში. ანიც შეუერთდათ ნაძვის ხის აწყობაში. -რამე სიახლე ხომ არ არის?! ჩემი მეზობელიც არის გარეული მაგ ამბავში. მაკა ნატროშვილი, გაგიგია?!
-როგორ არა, ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში. მაგას ეპოტინებოდა თორნიკე. გადამლული ჰყავდა მაჩაბელს. არ ვიცი, მგონია, დიდ ხანს გაიწელება ეს საქმე. არამგონია, ასე მარტივად გაჩერდნენ გიორგობიანები.
-ქეთო, პოლიტიკოსების საქმეს იძიებ?! -ყურები დაცქვიტა დემეტრემ. ხერგიანმაც ჩუმად გამოაპარა ქეთოსკენ თვალი. ნაძვის ხის ყვითელი ნათება ლამაზ სახეს უთბობდა. თვალები უელავდა. ისეთი ლამაზი იყო, მოუნდა შეხებოდა.
-ვიძიებ, რა... სტაჟიორი ვარ. ჩართული ვარ უბრალოდ. -მხრები უდარდელად აიჩეჩა სიხარულიძემ. ვერ მივხდა, რამ ააღელვა ასე დემეტრე.
-არ მომწონს ეგ ამბავი. საშიში ხალხია.
-კარგი, რა, დემე. ყველა დამნაშავე საშიშია. -ჩაეცინა ანერვიულებულ დემეტრეზე ქეთოს, ხერგიანს ძალად არ იმჩნევდა და იმდენად შესამჩნევი იყო მისი ძალდატანებული თავშეკავება...
-ანი, შენც იძიებ? -დას მიმართა ხერგიანმა ისე, რომ ქეთოსთვის თვალი არ მოუცილებია.
-არა, სისხლზე მე არ ვმუშაობ, მაგრამ ნუ ნერვიულობ, დემეტრე, სანდო ხელშია ქეთო. ქვეყანა ჩალით ხო არ არის გადახურული, არა?!
-ეს ქვეყანა ჩალითაც არაა გადახურული, ანი. არავინაა უსაფრთხოდ, მითუმეტეს ადამიანი, რომელიც ორი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსის კრიმინალის დამტკიებას ცდილობს. თუნდაც სტაჟიორი. -კატეგორიული იყო დემეტრეს ხმა.
-ოფ, არაა ახლა ამაზე ლაპარაკის დრო, დემნა! -ხელი აუქნია ძმას ქეთომ. სოფო გასუსულიყო.
-შენ რა კაპასი ყოფილხარ, ქეთინო. პოლიტიკოსები უნდა ჩაძირო, გოგო?! -ცხვირზე ხელი წამოკრა ლაშამ, რომ მიხვდა ოთახში ატმოსფერო დაიძაბა.
-ქეთინოს ნუ მეძახი, ლაშუკა! -ენა გადმოუყო და კმაყოფილმა ახედა თავის ნახელავ ნაძვის ხეს. მერე ქურთუკი მოიცვა.
-სად მიდიხარ?! -კისერი დაიგრძელა დემეტრემ.
-იმათ გავხედავ და მოვალ, -გაეღიმა ძმის მღელვარებაზე ქეთოს. ქუდი დაიხურა.
-კაშნე არ დაგრჩეს.
ტუჩებს თავს ძლივს უყრიდა სოფო, დემეტრეს მზრუნველობაზე გულში ჩაღვრილ სითბოს ნაპრალებიდან რომ არ ამოეხეთქა.
ქეთოს ოთახიდან გასვლის შემდეგ ზუსტად ათამდე დაითვალა ხერგიანმა გულში, მისი ადევნება ზედმეტად საეჭვო რომ არ ყოფილიყო ოთახში მყოფებისთვის. პატარა ბიჭივით რომ გრძნობდა აცეტებას, სულაც არ უნდოდა რომ შეემჩნია. ვერაფრით გადაფარა ის სიცარიელე ქეთოს თვალების დახრამ რომ გაუჩინა გულ-მკერდში, როცა მიესალმა. ნორმალურად ვერ ამოისუნთქავდა, რომ არ გაეგო რა ფერის ღრუბელი დასდგომოდა მის ფიქრებს.
თოვლში ძლივს-ძლივობით მილასლასებდა ქეთო. წამიც არ დასჭირვებია მის სუსტ სხეულს რომ წამოსდგომოდა და გვერდით გაჰყოლოდა. ცოტა ხანს ჩუმად იარეს.
-არ გაგიხარდა, რო მოვედი? -პირდაპირ ჰკითხა, რაც გულს უღრღნიდა. ქეთო გაოცებული შედგა ორი წამით, რომ სახეზე შეეხედა მისთვის. ბინდდებოდა, არსაიდან სინათლე არ მოდიოდა, ერთი ვარსკვლავიც კი ვერ ჭყიტავდა დანისლულ გარემოში, მხოლოდ ირაკლის თვალები ელავდნენ.
-რატომ არ უნდა გამხარებოდა?!
-მე გკითხე გაგიხარდა თუ არა, ქეთო. რატომ, არ აქვს მნიშვნელობა. -გზა გააგრძელეს.
-გამიხარდა. -ჩუმად თქვა, მაგრამ თვალებში შეხედვა ვერ შებედა.
-შენი ძმის შეგეშინდა, სალამი რომ გეთქვა?!
-დემეტრესი არ მეშინია.
-აბა, ვისი? ანისი?
-შენი.
გაოცებული შედგა ერთ ადგილას ირაკლი. ქეთო სუსტად მიიწევდა წინ. გათოვდა.
-ჩემი რატო? ქეთო, მოიცადე. -სუნთქვა ეკვროდა ხერგიანს.
-არ გვინდა, რა, ირაკლი. -ცრემლებმა თვალები აუწვა ქეთოს, სწრაფად მიბრუნდა მისკენ, რომ მისთვის მზერა გაესწორებინა და ისე ეთქვა, რაც შიგნიდან ჭამდა.
-რა არ გვინდა, ქეთო?! -ქალის ცრემლიანმა თვალებმა მაშინვე განაიარაღა, ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ გაბედა.
-არ ვიცი, ირაკლი. რატომ გამომყევი? არ მინდა შენთან ერთად მარტო დარჩენა.
-კარგი. ძალიან თოვს, იცი მაინც სად მიდიხარ?! -უკან დაიხია ხერგიანმა. სული მოეწურა მის დასევდიანებულ თვალებზე ქეთოს.
-სახლში დავბრუნდები. შენ მოძებნე ბიჭები.
სწრაფად დაბრუნდა უკან და ხერგიანის ნაკვალევს გაყვა სახლისკენ. გულში ევედრებოდა, გამომყევი, არ გამიშვაო, მაგრამ არ გამოჰყოლია ხერგიანი და იცოდა, რომ არც გამოჰყვებოდა.

-ქეთო, -კარზე სოფო აკაკუნებდა. თავი ფრთხილად შემოყო. -კარგად ხარ? მოვიდნენ ყველანი, გამო.
-კი, კი. ახლავე გამოვალ. -სწრაფად წამოჯდა საწოლზე. არ უნდოდა ვინმე თავისი ცუდი ხასიათით დაეთრგუნა.
-რამე მოხდა?! -მთლიანად შემოვიდა ოთახში სოფო და კარები ზურგსუკან მიიკეტა.
-არც კი ვიცი. არაფერი. -ადგა და თმის დაწნა დაიწყო. თვალებში ვერ უყურებდა გოგოს.
-ის ბიჭი მოგწონს. კაპიტანი. -განაჩენივით გაჟღერდა მისი სიტყვები. სხვისგან იმის გაგონებამ, რასაც თავის თავსაც კი უმალავდა, უარესად დაუმძიმა გული.
-არ აქვს მნიშვნელობა.
-იმასაც მოსწონხარ. ანუ აქვს. -ღიმილს ვერ იკავებდა სოფო.
-არაფერი გამოვა.
-რა იცი, სცადეთ?!
-არა. არ შეიძლება, რომ ვცადოთ.
-ცდა სულ შეიძლება. შენ რა გგონია, მე რა გავაკეთე, რომ წამოგყევით?
-დემეტრეს შანსი მიეცი.
-დემეტრეს შანსის გამოყენების საშუალება მივეცი. წამოდი ახლა, თორემ უშენოდ სახე ჩამოსტირის იმ ბიჭს და შენმა ძმამ თუ შეამჩნია, ნამდვილად არ დაინდობს თავის ყავარჯენს.
ხელკავი გამოსდო სოფომ და ოთახში გაიყვანა. ყველანი სუფრას შემოსხდომოდნენ.
-ამათ რა მოუვიდათ? -გადაუჩურჩულა დალურჯებული აბაშიძის და კანდელაკის დანახვისას გოგოს.
-ერთმანეთს დაეჯახნენ. -ჩაიფხუკუნა სოფომ.
ირაკლის მისკენ არც კი გამოუხედავს მთელი საღამოს განმავლობაში. ყველას ელაპარაკებოდა, ხუმრობდა, იცინოდა, სოფოსაც კი გაუგო, დემეტრესაც გაუცვალა ერთი-ორი სიტყვა, მხოლოდ ის დატოვა უყველაფროდ. არაფრით. მზერის ჩუქებაც კი არ ისურვა მისთვის. ახალი წელი იყო ბოლოს და ბოლოს. მხოლოდ ანი უყურებდა უცნაურად, ყველაზე ნაკლებად მისი მზერა სჭირდებოდა ახლა სიხარულიძეს. ვეღარ მოითმინა და სამზარეულოში გავარდა წყლის დასალევად.
-ყველაფერი ძალიან გეტყობა, -ანი იყო. -ასე კარგი ადვოკატი ვერასოდეს გახდები. შენი გრძნობების შეფარვა უნდა შეგეძლოს. აი, როგორც ირაკლი აკეთებს ამას. ან შენი ძმა.
-სათქმელად მარტივია.
-მართალია, სათქმელად მარტივია, გასაკეთებლად რთული. ირაკლი საჩხუბრად არ მომვარდნია, ანუ არაფერი გითქვამს.
-რა უნდა მეთქვა? -გულწრფელად გაუკვირდა ქეთოს. მისკენ მიბრუნდა. ქალის თვალებში წამით თანაგრძნობაც კი დაიჭირა. -შენ ყველაფერში მართალი ხარ. მე ვერასდროს შევძლებ მასთან ყოფნას. თქვენს ოჯახს ვერასდროს ჩავხედავ თვალებში. შეცდომაც აღარ ჰქვია, რაც მამაჩემმა გააკეთა, ეს ბოროტებაა უკვე. არ შემიძლია... ის ისეთია... ირაკლი ისეთია თავისი სიკეთით, სიმართლით და კეთილშობილებით სულ შემახსენებს, რაც გაუკეთეს ჩემებმა.
-შენი ბრალი არაა. შენ პატარა იყავი. ახლა ყველაფერი ერთად რომ გაიგე, ასე ამიტომ განიცდი. მეც ზედმეტი მომივიდა შენთან, ბოდიშს გიხდი, მაგრამ ორ ოჯახს შორის როცა ამხელა ნაპრალია გაჩენილი, ამხელა უნდობლობა და ბოროტება ბუდობს, არ ვიცი... ასეთ მარილმოყრილ ნიადაგზე რომელმა სიყვარულმა უნდა გაიხაროს... ტყუილად ნუ დაიტანჯავთ თავს, დასაწყისიდანვე ჯობია თავიდან ამოიგდოთ ორივემ ოცნების კოშკები. ირაკლიმ შენგან ერთი წამით მაინც თუ იგრძნო თანხმობა, არ გაჩერდება. ამიტომ კარგად დაფიქრდი და ნაბიჯი ისე გადადგი.
სუფრაზე ისე იჯდა, არავის ლაპარაკი არ ესმოდა. უკვე ნახევარი საათი ციცქნიდა ერთ ნაჭერ ხაჭაპურს და ფიქრებით სადღაც შორეულ ქვეყნებში დაფრინავდა, სადაც არცერთი ნაპრალი არ არსებობდა.
-ქეთო, კაწიუშ! -ცხვირწინ დაუტკაცუნა ხელები ნიკამ. -შენ არ გინდა ქართული ქორწილი?
-რა? -დაბნეულმა ამოილაპარაკა, ყველა მას მისჩერებოდა. -რა ქორწილი?
-ქორწილი ქალო! შენი ტურფა რომ გეყოლება და მერე იმასთან ერთად ოჯახის შექმნა რომ გენდომება... ქორწილი გინდა თუ მოკლე წრეში აღნიშვნა, როგორც ახლაა მოდაში. -ჩემი და არ გათხოვდება, -პატარა, ჯიბრიანი ბავშვივით ჩაილაპარაკა დემეტრემ. ყველას გაეცინა.
-ჩემი ძმაც ასე ფიქრობს. -წარბაწკეპილმა გადახდა სოფომ დემეტრეს, მესაკუთრე ბავშვის სახე სწრაფად ჩაანაცვლა პროტესტის გრძნობამ.
-შენ დაგეკითხება, რა! -ხელ იგადახვია ნიკამ ქეთოს, -შენ ქორწილში, აი, მაგრად ვიგრიალებ, ქეთუშ... თუ ვიწრო წრეში...
-მე მომწონს ქართული ქორწილი. -მხრების ჩეჩვით ამოილაპარაკა. -ზოგადად ოჯახის შექმნის ცნებასთან დაკავშირებული ყველა ქართული ტრადიცია მხიბლავს. მართალია, დრომ და ადამიანებმა ყველაფერს შეუცვალეს სახე, ტრადიციისგან თითქოს მხოლოდ სიტყვა დარჩა და რეალურ მნიშვნელობას ვერავინ აღიქვამს, თუნდაც ნიშნობის მიღმა... ძველ ხალხს დავცინით ხოლმე ახალგაზრდები, მაგრამ ჩემთვის იმდენად ამაღელვებელია... და მე ისე მიყვარს აღელვებული ყოფნა... -გაეღიმა. ვერც კი შენიშნა, როგორ დაჟინებით და უკიდეგანო გრძნობით უმზერდა სუფრის კუთხიდან ის, ვის გამოხედვასაც ნატრობდა მთელი საღამო. -გახსოვს, კატოს ნიშნობა, დემე? ისეთი ქართული იყო ყველაფერი, ისეთი უბრალო, წრფელი და წმინდა, არასდროს დამავიწყდება. მე არ ვიცი... მართალია, ტრადიციების დაცვა ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ მეუღლე ქორწინების განმავლობაშიც ისეთი პატივისცემით იქნება თავისი მეორე ნახევრის მიმართ განწყობილი, როგორც ნიშნობის, ან ქორწილის დროს. მე საუკეთესო მაგალითს განვიხილავ, სადაც მხოლოდ სიყვარულია ყველა ტრადიციის დაცვის ერთადერთი მიზეზი, სადაც ყოველი სიტყვა გულიდან მოდის და ნიშნობა მხოლოდ შაბლონური დიალოგების გადამღერება არ არის... რომ მოუფრთხილდებიან მის ქალიშვილს და ასე შემდეგ. არ ვიცი, სხვა ქვეყანაში ცხოვრებამ უფრო შემაყვარა საქართველო თითქოს. თუ ოდესმე მართლა გავთხოვდები, აუცილებლად მინდა დაისი ვიცეკვო. იტალიაში ყოფნის დროს უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, იმდენჯერ ვუსმენდი ამ კომპოზიციას, იმდენჯერ გამიყრია თვალებიდან ნაპერწკლები... ამხელა შინაარსის ცეკვა, ამხელა შინაარსის ტრადიცია, მერე რა, თუ ვიღაცები ამახინჯებენ, მეორე არ არსებობს. ვერცერთი სამბა და ვერცერთი ბაჩატა ვერ ამიდუღებს სისხლს ისე, როგორც ცეკვა ქართული და ვისაც შეუძლია გრძნობით შეასრულოს, მისი დატვირთვა გაიაზროს, ყველამ აუცილებლად უნდა აცოცხლოს ეს ტრადიცია.
-შენ სუხიშვილის მოცეკვავე უნდა გაგირიგოთ ვინმე, თორე მაგ სტანდარტებში ვერ ჩაჯდება ვერავინ. -თავიდან ყველა მონუსხული უყურებდა, სისულელის დაბრეხვების პასუხისმგებლობა ბოლოს მაინც ნიკამ აიღო თავის თავზე.
-ჩემი და არ გათხოვდება. -ბავშვივით იმეორებდა დემეტრე.
-ნუ იბღვირები მოზვერივით, შენი ჭირიმე, რა -ცხვირწინ აუფრიალა ხელი კანდელაკმა. -ანგელოზივით გოგოა, გინდა მოგტაცონ? ხო ხედავ, დანიშვნა უნდა ამ ადამიანს ტრადიციულად... მერე ქორწილი... ჯვრისწერა.. შენ კიდე ყველაფერს ართულებ! მოგეწონება შენ რო არ გამოგატანონ სოფო?!
-ყველა ჩვენს დაოჯახებას რატო განიხილავს ამ სუფრაზე?! -ყელში ამოუვიდა ქალბატონ ექიმს ამდენი ქორწინების ბეჭდის ფრიალი მის ცხვირწინ, ეტყობა, ნამეტანი მოუვიდათ დემეტრეს ძმაკაცებს. -თქვი რამე! -ფერდში უჩქმიტა დემეტრეს.
-რა ვთქვა? -დამანჭული სახით აღმოხდა სიხარულიძეს, ბოლოს ცბიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -შენც ხო იცი, ჩვენი ბოლო მაინც ეგ იქნება.
-ღმერთო, რა თავხედი ხარ! -აღმოხდა სოფოს, თუმცა გაწითლებულ ლოყებს და აბრჭყვიალებულ თვალებს ვერსად დამალავდა.
-ფერი ფერს, რა! -მოხუცი ქალივით გაასავსავა ხელები ჰაერში ნიკამ დემეტრეს და სოფოს მიმართულებით.
-მართლა უხდებით, -ანიმაც კი გაიმეტა რაღაც კარგი სათქმელად წყვილისთვის.
წამით მოჰკრა თვალი ქეთომ მასზე მოწებებულ ირაკლის მზერას. გული უცნაურად შეუხტა.
სწრაფად მოარიდა აფორიაქებული მზერა.

ოცდათერთმეტ დეკემბერსაც აბაშიძის ჭყავილმა გააღვიძა.
-დემეტრე, გაწიე შენი ყავარჯენი! მიშველეთ! სოფო, შემოდი, მომაშორე შენი მუჟიკი!
-ესენი სულ ასეთი ველურები არიან? -ამოიზმუვლა სოფომ საწოლში.
ქეთო საღამურებით გამოვიდა ოთახიდან, ნახევრად თვალდახუჭული შევიდა დემეტრეს, ნიკას და კანდელაკის საძინებელში.
-მოგკლავ, აბაშიძე! -ცალ ფეხზე იდგა დემეტრე და ყავარჯენს ნიკას უბზრიალებდა ცხვირწინ.
-დემნა, კარგი, რა. დაგვაძინეთ! სოფო გაოცებულია თქვენი სიველურით, მეორედ არსად აღარ წამოვა.
ყავარჯენი ჰაერში გაუშეშდა სიხარულიძეს. სწრაფად დაეშვა თავის საწოლზე.
-ყავა გვინდა გოგოებს, გაგვიკეთეთ თუ შეიძლება. -ბრძანება გასცა, სანამ ოთახიდან გავიდოდა და ღიმილი ვერ შეიკავა აფუცხუნებულ აბაშიძეზე და დემეტრეზე, მაშინვე სამზარეულოში შესასვლელად რომ დაიწყეს მზადება.
-ყოჩაღ, ყავა მინდოდა ზუსტად. -ბედნიერი ჩანდა ანიც. თვალი ჩაუკრა. ქეთოს მოეჩვენა, რომ დაუმეგობრდებოდა კიდეც ხერგიანს, მათი საერთო და არც თუ ისე სახარბიელო წარსული რომ არა.
-შენ ძმას ყველაფრის ასე ეშინია, თუ მარტო ჩემი სახელის ხსენების? -კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე სოფოს.
-შენ არ იცი, რამხელა ძალაუფლებით სარგებლობ მის წინაშე. -ნახევრად გულისწყვეტით ჩაიალპარაკა ქეთომ. -მიხარია, რომ ჭკვიანი ხარ და სწორად იყენებ.
ანის დაჟინებულ მზერას გრძნობდა, თუმცა მისკენ გახედვა არ უნდოდა. გულით უხვდებოდა, როგორც და დას, რაზეც ფიქრობდა. თითქოს პირველად გაუგო ხერგიანმა სიხარულიძეს, მაგრამ ზედმეტად ამაყი იყო იმისათვის, რომ მისთვის ეს ხმამაღლა ეთქვა.


მთელი დღე ელოდა, რომ ირაკლი მისკენ ნაბიჯის გადმოდგმას კიდევ ერთხელ დააპირებდა. ქალის ეგოისტურ გონებას აუტანლად სერავდა იმაზე ფიქრი, რომ ბრძოლის გარეშე დაყარეს ფარ-ხმალი. მერე რა, რომ კარგად ხვდებოდა ირაკლი მხოლოდ მის სურვილს რომ დაემორჩილა, მათი ურთიერთობა ჯერ არც ისე მყარი იყო ახლადდაბადებული გრძნობა რომ დაეცვა, ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვევლობის რძისფერ ბურუსში გახვეულიყო, ამ დროს რთულია მიხვდე, რა გაახარებს იმ ადამიანს, რომელთან სიახლოვესაც გაგიჟებით გთხოვს სხეულის ყველა უჯრედი. ამიტომ ემორჩილები მის ხმამაღლა გაჟღერებულ სიტყვებს და არა იმას, რასაც მისი მზერა გეუბნება, რადგან თითქოს არ ხარ დარწმუნებული, რომ იმ თვალების ენის წაკითხვას შეძლებ. „არ მინდა შენთან ერთად მარტო დარჩენაო“ უთხრა და რა უნდა ექნა, მაინც კუდში ადევნებოდა?!
-ხო, უნდა ამდევნებოდა, -ჩაილაპარაკა ჯიბრიანად. თეფშებს ისეთი სახით ალაგებდა მაგიდაზე, უცხო თვალი იფიქრებდა ჭირის სუფრას შლისო.
-ქეთო, ცუდ ხასიათზე ხარ?! -არ გამოპარვია დემეტრეს მისი შეჭმუხნული წარბები.
-კი, ვარ! -იმდენად მკაცრად და მტკიცედ გაკვეთა მისმა სიტყვებმა ჰაერი, თითქოს დანა ისროლა ჰაერში. -არ შეიძლება მეც რომ ვიყო ცუდ ხასიათზე?!
-არა, არ შეიძლება! წამოდი ოთახში. -ყავარჯნიანად წამოდგა ფეხზე დემეტრე. ძლივს-ძლივობით მივიდა თავის ოთახამდე და ჯერ ქეთო შეატარა შიგნით. გაოცებულებმა გააყოლეს და-ძმას თვალი. ყველამ, უმცროსი ხერგიანის გარდა. -აბა, გისმენ, რა ჭია გიჭამს მაგ ლამაზ გულს.
-არაფერი! -გაბუტულივით ამოილაპარაკა, ტუჩები კი სატირლად მოებრიცა.
-ქეთო, კარგი, რა. ხო იცი, რაც არ უნდა გაწუხებდეს, უნდა მითხრა. გუშინ რო გაგიბრაზდი სამსახურზე, ხო არ გეწყინა? არ მინდოდა ყველას წინ, თავი ვერ შევიკავე უბრალოდ. -დამნაშავესავით ჩამოუჯდა თავის დას გვერდით.
-ოდესმე გაქრება?! -აკანკალებული ხელები მიიდო გულზე ქეთომ, იცოდა, ახლა სისუსტის უფლება რომ არ ჰქონდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა ორ გრძნობას ერთდროულად რომ ვერ დაიცავდა, -ეს საშინელი სიმძიმე... მგონია, გული ბოლომდე ვერ ფეთქავს. იცოდი, მამას რომ უპოვია ხერგიანი?!
-რა?! -გაოცებული ჩანდა დემეტრე. ბოლომდე ვერ გაეგო მისი და რას გულისხმობდა და ვერც ის გაეგო რატომ იყო ხერგიანი მისი ასეთი მღელვარების მიზეზი. -მამამ იპოვა რას ნიშნავს?!
-ხო, ანიმ მომიყვა. მამას უპოვია ირაკლი, ეზოში თამაშობდა ფეხბურთს, თურმე აკვირდებოდა, მოსწონებია. მის ოჯახთანაც მივიდა... მე წავიყვანო, გავზრდი, მისგან წარმატებული ფეხბურთელი დადგებაო. იცოდი?!
-არა, მე არ... -დაბნეული დემეტრე თვალებს ისე აცეცებდა, თითქოს მზერა მოგონებებში დაეკარგა. არაფერი იცოდა. -ირაკლი მამამ იპოვა?! კი მაგრამ...
-არ ვიცი, დემე, რამხელა ბოროტებაა. ადამიანს ნათელი მომავალი დაანახო, გული ოცნებებით ამოუვსო და მერე... მერე შეიძულო, ირაკლიზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ვინმეს რამე წაართვა. ვერ გავიგე, დემე, გთხოვ, მითხარი... შენ დაგიშავა რამე?! რამე შეეშალა?! დაიმსახურა?! რომ ვუყურებ... უკვე ვეღარც ვუყურებ, იცი?! ისე ვარ დამძიმებული, ისე არ მინდა მრცხვენოდეს იმის, რაც მამას შეიძლება გაეკეთებინა.
-ქეთიკო, შენ ხო არაფერი დაგიშავებია, ასე რატო განიცდი... -თვალებში ჩახედა თავის დას დემეტრემ. მხოლოდ დედმამიშვილი თუ წაიკითხავს ასეთ დროს შენი თვალების დამწერლობას. გაკვირვება მაშინვე ჩამოერეცხა სახიდან, როცა მიხვდა, რატომაც განიცდიდა ქეთო ასე. მარტო იმიტომ არა, რომ უდანაშაულო ადამიანი გააწამა მისმა ოჯახმა, იმიტომ, რომ ის უდანაშაულო ადამიანი უყვარდა და მის ტკივილებს ვეღარ იშუშებდა.
თავი დახარა ქეთომ. თითქოს იგრძნო, რომ მიუხვდნენ.
-შეგიყვარდა?!
დემეტრეს ხმაში ყველაფერი იყო იმ წამს, შიშიც, სინანულიც, სიყვარულიც...მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ძმური.
-არ მინდა, გული გეტკინოს, ქეთო. -დაამატა, დისგან ლოყებზე დაცვენილი ცრემლების გარდა სხვა პასუხი რომ ვერ მიიღო.
-მამა არასდროს მიიღებს. ვერ ვხვდები, როგორ შეუძლია ასეთი იყოს. შენ... შენ, დემე?! -სასოწარკვეთა იგრძნობოდა ქეთოს ხმაში. თითქოს ძმის მხარდაჭერაც რომ არ ეგრძნო, ვინმეს ხელი რომ არ ეგრძნო ზურგზე, რომ წინ ებიძგებინა, ნაბიჯის გადადგმა უსაშველოდ მტკივნეული იქნებოდა.
-იმასაც უყვარხარ?!
-არ ვიცი. კარგია. მშვიდი, მართალი, მაგრამ მეშინია, რომ ისეთი შემიყვარდა, როგორიც ყველასთან არის, განსაკუთრებული და არა მარტო ჩემთან. ეგოისტურად ჟღერს, ვიცი, მაგრამ საშინალად მინდა ჩემთან განსაკუთრებულად განსაკუთრებული იყოს. თან ვიცი, რომ არ ვიმსახურებ მისგან.
-რას ქვია, არ იმსახურებ? ქეთო, ნუ მკლავ. შენ თუ მისგან არ იმსახურებ სიყვარულს ჩემ გამო, მე საერთოდ არავისგან ვიმსახურებ ერთ გაღიმებასაც კი, სიყვარულზე ხომ საუბარი ზედმეტია! საშინელი ეგოისტი გამოვდივარ მაშინ, სოფოს მოსვენებას რო არ ვაძლევ. იცი, როგორ ვარ? სულ არ მინდა ჩემ გარდა სხვა ვინმეს ხედავდეს, როცა მე სარკეშიც არ შემიძლია ჩემ თავს ვუყურო იმდენად მეშინია იმის, რასაც იქ დავინახავ. შენ კი.. შენ ხარ ყველაზე ლამაზი, სუფთა და უცოდველი. შენ ყველაფერს ყველაზე კარგს იმსახურებ.
-სოფოც ასეთია. ისიც ყოველთვის ყველაფერს ყველაზე კარგს იმსახურებს. არც შენ გაქვს უფლება იფიქრო, რომ ცუდი ხარ.
-არ ვფიქრობ, რომ ცუდი ვარ, მაგრამ მისთვის მინდა საუკეთესო ვიყო, თან ვერც ვუშვებ. მაშინ ისე მეჩხუბა, არ ვიცი, მგონი თავიც რაღაცას მივარტყი, პირდაპირ მოჩხუბარი შემიყვარდა. იმ დროს არავის და არაფრის დანახვა არ მინდოდა, არც შემეძლო ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მან კიდევ... თითქოს ორივე თვალში თითი ჩამთხარა და შემომილაწუნა. ისიც კი არ დავუშვი, რომ შეიძლება ვინმეს ცოლი ყოფილიყო. ხვდები?! მგონია მხოლოდ იმ დღისთვის გავჩნდი, რომ მისგან ის სიტყვები მომესმინა და შემყვარებოდა. ვიცი, შენთვის ორმაგად რთულია, როცა ჩვენს ოჯახს ამხელა ბრალი აქვს ირაკლის წინაშე. მე ისიც არ ვიცოდი, რომ მამამ იპოვა... ჯანდაბა! იმასაც ვერ ვხვდები მაგ კაცის ტვინი როგორ მუშაობს. დამიჯერე, ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის, ხო?! უბრალოდ, სანამ ბოლომდე ჩავარდები იმ ჭაობში, საიდანაც ვერ გამოხვალ, კარგად დარწმუნდი, რომ შენი გრძნობა ორმხრივია, რომ ხელის ჩამკიდებელი გყავს, ვინც მეორე ნაპირზე გამოგათრევს.
-ანუ შენ ირაკლი არ გძულს? -თითქოს უშველებელა ტვირთი მოეხსნას გულიდან ქეთოს. დის შვებით და სიხარულით აფეთქებული თვალები მთელს სიცოცხლეს უდრიდა დემეტრესთვის.
-არასდროს. -მხოლოდ გაუღიმა.

-შეიძლება ერთი ფეიერვერკი მე ვისროლო? -ერთ ადგილას ვერ ისვენებდა ქეთო.
-გაგიჟდი, გოგო? თან წაგიღებს, სად გეძებოთ მერე ჩვენ, კავკასიონზე? -ხელიდან გამოგლიჯა ნიკა აბაშიძემ ყველაზე მსხვილი ფეიერვერკი სიხარულიძეს. -ეს მიწაში კეთდება.
-აგერ კანდელაკს ჩავარჭობთ თავით თოვლში და ის ისვრის, ხო, საბუშ?! -თვალი ჩაუკრა პერტიამ გუნდელს, რომელიც უკვე კარგად შეზარხოშებულიყო. -ორჭიქიანია რა!
-პერტია, გაგპერტყავ იცოდე! რამდენ ხანში მოვა ახალი წელი?
-რვა წუთში.
-სურვილები უნდა ჩავიფიქროთ?! -იკითხა დემეტრემ, თან სოფოს თვალს არ აშორებდა, როდის ამოყოფდა ცხვირს ტელეფონიდან. ნეტავ, ვის ემესიჯებოდა ასეთს. -სოფო, გინდა შენ ჩაგიფიქრო?!
-ჩამიფიქრე მერე, რას მაშინებ, -მხრები აიჩეჩა გოგომ და ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. თვალები დააწვრილა. -ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ აგიხდები?!
-აი მე მგონია, რო უკვე ამიხდი, მაგრამ მაინც ჩავიფიქრებ თავიდან, უფრო რომ ამიხდე. -თვალი ჩაუკრა გოგოს, სახეზე სიმორცხვის და ბედნიერების ალმური რომ აუვიდა ერთდროულად.
-ეს როდის გახდა ასეთი რომანტიული და მჭვერ..მჭერ.. ჭერმეტყველი? -ენა დაება კანდელაკს.
-მჭევრმეტყველია ეგ. -გაუღიმა ქეთომ და ანის და სოფოს სუფრიდან რომ ვერაფერი დასცინცლა აივანზე გავიდა. უკვე დაეწყოთ ფეიერკების აფეთქება. ვიღაცამ ისე ახლოდან ისროლა, ადგილზე შეხტა. გულზე ხელი მიიდო, თითქოს საგულეს უნდოდა მიეწებებინა.
-შენ გინდოდა ფეიერვერკის სროლა?! -ისე იღიმოდა ხერგიანი, თითქოს ორი დღის განმავლობაში სულის წასვლამდე არ ანატრა ქეთოს მისი ერთი შემოხედვაც კი. გაბუსხული მიბრუნდა წინ. თითქოს არ შეუმჩნევია მისი მოსვლა. -არ მელაპარაკები?
-ეს შენ არ მელაპარაკები, -ენაზე უნდოდა ეკბინა, პასუხი რომ გასცა. უნდოდა დაესაჯა მზერას რომ არ იდებდა, რომ არ იმჩნევდა. -მეტიც, არც კი მიყურებ.
-მაშინ გიყურებ, შენ რომ ვერ ხედავ. -გაეღიმა მის პატარა წყენაზე.
-რატო? -მკაცრი თვალებით შეხედა. ვერ პატიობდა ქეთო თითქოს, რომ ვერ გაუგეს.
-იმიტომ, რომ მარტო დავრჩებით ეგრე. მე თუ შემოგხედავ და შენც თუ შემომხედავ.
-რა რომანტიკოსები ხართ ეს ფეხბურთელები. -წაიფრუტუნა, არ უნდოდა სიამოვნების ნაპერწკლები თვალებშიც ისევე აფეთქებოდა, როგორც გულში.
-ასეთი ლამაზი რო ხარ, შეუძლებელია რომანტიკოსი არ იყოს, ვინც შენ გიყურებს.
-ვუჰუ, მევიდა მძიმე არტილერია! -გიჟივით გამოვარდა აივანზე აბაშიძე, მხარზე კანდელაკი ჰყავდა გადაკიდებული და ხელში ფეიერვერკები ეჭირათ.
მოულოდნელობისგან ისევ შეხტა ქეთო, გაუაზრებლად შეასკდა ხერგიანს გულ მკერდზე. მანაც სხარტად შეავლო ხელი სიხარულიძეს, რომ არ წაქცეულიყო. თითქოს ყველა ფანჯრიდან ნასროლი ფეიერვერკის ნაცვლად აფეთქდა იმ წამს მისი გული. მისი სურნელი ისე ღრმად შეუძვრა ფილტვებში, მეხსიერებიდან კი არა, ალვეოლების კედლებიდან ვერ შეძლებდა ვერასდროს მათ ამოშლას და გამოფხეკას. ორ სხეულს ერთიანად გადაურბინა პირველი შეხების ჟრუანტელმა.

ფეიერვერკების ხმა მიწყდა თუ არა მხოლოდ უმცროსი ხერგიანი და უფროსი სიხარულიძე შემორჩნენ გაყინულ მოაჯირებს. ჰაერში ჯერ კიდევ დენთის სუნი ტრიალებდა, ცა მტვერისგან რძისფერი გამხდარიყო და თოვლით გადაპენტილ გარემოს ელექვით ერეოდა.
-მოლდოვასთან თამაში გახსოვს?! -ჩახრეწილი, ლითონივით მძიმე ჰქონდა ხმა დემეტრეს. ისედაც იცოდა, ვერაფერი დაავიწყებდა ირაკლის იმ თამაშს. ტრამვის მერე პირველი თამაში იყო ნაკრების შემადგენლობაში რომელიც ჩაატარა. ხალხს კარგად მივიწყებული მუსიკასავით შეახსენა თავი მაშინ ხერგიანმა. გული შეუტოკდა მინდორზე დადგმული პირველი ნაბიჯებისას დავლილი ჟრუანტელი რომ იგრძნო სხეულში ისევ. -ისეთი მაგარი გოლი შეაგდე, ხალხი მანამ არ დაწყნარდა, სანამ ჩვენც არ გაგვიტანეს. მაშინ ისე მინდოდა შენთან მოვსულიყავი და მომელოცა, რომ წავაგეთ თითქოს არ მახსოვდა. უფროსი ძმასავით ვიყავი, უმცროსის პირველი ნაბიჯებით რომ ამაყობს, მაგრამ ამას მხოლოდ მე ვგრძნობდი... მტერსაც არ გაუკეთებს ადამიანი იმას, რაც მე შენ გაგიკეთე, შეუძლებელი იყო ჩემი დამოკიდებულება გეგრძნო მაშინ, როცა მე თვითონ გაფარებდი თვალებზე ხელებს, ჩემი მზერა რომ არ დაგენახა. მაგრამ იყო კიდევ რაღაც, რაც არ მაძლევდა უფლებას მხოლოდ ამაყი ვყოფილიყავი შენით, მხოლოდ გამხარებოდა. საკუთარი თავი მძულდა ჯერ რომ წაგაქციე და მერე შენი ფეხზე წამოდგომა გამიხარდა. არ ვიცი, რა ძალა შემიჩნდა, არ ვიცი, როგორ ჩანდა შენს თვალში, ალბათ იფიქრე, რომ შემშურდა, ალბათ იფიქრე, რომ ის დღეც... ის დღეც იმიტო იყო რო მე შენი მშურდა, ირაკლი. არასდროს... არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი არც შური, არც ბოროტება, მე უბრალოდ მინდოდა საკმარისი ვყოფილიყავი. ახლა რომ ვუფიქრდები იმხელა სისულელეა ამ უკიდეგანო და უსაზღვრებო სამყაროში საკმარისი იყო, ყველაფერს მივცემდი იმ დღის დასაბრუნებლად, როცა ჩემმა კომპლექსებმა შენ დაგაზიანა. მე უბრალოდ დანაშაულის გრძნობა არ მიშვებდა შენამდე, თითქოს ნაჭუჭი შევიქმენი ირგვლივ, მყარი გარსი, რომელსაც როგორც კი მიუახლოვდებოდი, მაშინვე წითლად ნათდებოდა და იმ კოშმარულ დღეს მახსენებდა. აქამდე მარტო სინანული მჭამდა, ახლა, როცა ჩემს თავზე ვიწვნიე ის, რაც შენ გამოგატარე ისე პატარა ასაკში, როცა ადამიანის სურვილები ისეთი სათუთი და ჩამოუყალიბებელია, ბრძოლის აზრის დანახვა რომ უჭირს... ახლა მივხვდი, სინანული რა სასაცილო გრძნობაა იმასთან, რასაც სხვის კანში ყოფნა ჰქვია. მაპატიე, რომ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა დამჭირდა ჩემი ნაჭუჭის გასამტვრევად და შენთვის ყველაფრის სათქმელად. სიკვდილი მინდოდა იმის გამო, რაც გავაკეთე. ჩემთვის ადამიანობის დაკარგვა არ ყოფილა ისე მწარე, როგორც შენთვის ბურთის გაგორების საშუალების წართმევა. არანაირი გამართლება არ მაქვს. შემეშალა და ესეც სასაცილო სიტყვაა იმ შეცდომის სიმძიმესთან, რაც მე ვიკადრე. შენ კი ერთხელ არ გაგკრთომია თვალებში სიტყვა „რატომ“, თითქოს ყველაფერზე პასუხი ისედაც იცოდი, ერთხელ არ გიგრძნობინებია ჩემთვის თავი დამნაშავედ და მაგაზე დიდი სასჯელი არაფერი ყოფილა ჩემთვის. მაგას მერჩივნა გაგერტყა, გეცემე, სამაგიერო გადაგეხადა, გეთქვა, რომ გძულდი, მაგრამ შენ თითქოს იმით დამსაჯე, რომ ყველაფერში უსიტყვოდ გამიგე. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ იმ დღემ შენთან ჯაჭვივით გადამაბა, ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი და იმედი ყოველთვის შენ იყავი, მიუხედავად იმისა, რომ არაფრით დამიმსახურებია.
ხმაგაკმენდილი უსმენდა ხერგიანი. რწმენა ემატებოდა მის გულს და ფიქრებს, რომ საყვარელი ფეხბურთელის შერჩევაში არც თვითონ შემცდარა და წამით საკუთარმა გრძნობებმა შეაშინა, ასეთი უანგარო სიყვარული რომ შეეძლო.
-ქეთო... ქეთო სულ სხვაა, სამყაროში თანასწორობის და ათასი სისულელის სჯერა. ვერ აიტანს, თუ თავს რამეში დაიდანაშაულებს, თუ იფიქრებს რომ ვინმეზე ერთი ნაბიჯით წინ ან უკანაა, არც მეტობის შეგრძნება მოსწონს და არც ნაკლებობის, მხოლოდ ტოლობის. არაფერს მიიღებს, თუ თვლის რომ არ იმსახურებს და არაფერს გასცემს, თუ თვლის რომ არ იმსახურებენ. მანამ არ გაჩერდება, სანამ დანაშაულს არ გამოისყიდის. მისნაირები უფრო იტანჯებიან...
-ქეთო ჩემ წინაშე არაფერშია დამნაშავე, არც ერთი ნაბიჯით წინაა და არც უკან, ჩემ გვერდით დგას. -თითქოს მიუხვდა დემეტრეს სიტყვების ქვეტექსტს ხერგიანი.
-ეგ მე და შენ ვიცით, მთავარია, თვითონაც ასე ფიქრობდეს.


-ო, სოფო, სოფო, სოფიკოოო, -ჭყაოდა გვარიანად შეზარხოშებული მეკარე, -დემეს უყვარხარ შეეენ, სოფიკო, სოფიკო, სოფიკოოო.
-ნიკა, წამოვა ყავარჯენი მაგ სიფათში, იცოდე.
-რა გინდა, შენს შეყვარებულს მე ვუმღერი და კიდე აქეთ მცემ?! –„გულზე მოხვდა“ დემეტრეს სიტყვები აბაშიძეს.
-სიმღერა ხმამაღალი ნათქვამია, -ჩაეცინა სოფოს და უხერხულად აიწურა. დემეტრე ყველაფრის გაპროტესტებას ელოდა მისგან, ნიკას ვოკალური მონაცემების გარდა. სწრაფად მიაბრუნა სხეული მის გვერდით მჯდომი ქალისკენ, ლოყები რომ აწითლებოდა წითელი ღვინით შეთრობილს და თვალები უცნაურად უელავდა.
-ანუ ჩემი შეყვარებული ხარ?! -წარბები აწკიპა დემეტრემ, სიხარულისგან ლამის თაბაშირიდან ამოვარდა.
-ოფ, მთვრალმა რაღაცა წამოვიბჟუტურე. შეყვარებული არა, ის! -ხელი აუქნია სოფომ.
-გიჟდება ჩემზე. -თავისთვის ჩაილაპარაკა კმაყოფილმა დემეტრემ და სავარძლის საზურგეზე გადაწვა. მოჭუტული თვალებით დააკვირდა ხერგიანის დას, ანის, მის ძმასა და ქეთოს შორის ხანჯალივით რომ ჩარჭობილიყო და ღრმად ამოიოხრა.

***
-ანი, რატომ ერევი იმაში, რაც შენი საქმე საერთოდ არაა?!
ეს იყო პირველი სიტყვები, რაც თბილისში დაბრუნებისას თავის დას უთხრა ირაკლიმ.
-რა არ გასვენებს?! -წარბებშეჭმუხნული ზემოდან დასშტერებოდა თავისზე პატარა სხეულს და მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი თავისთვის დაწესებული ზღვარი არ გადაეკვეთა.
-რა არ მასვენებს?! ხვდები მაინც, ვის ეკურკურები?! -შესძახა გაოგნებულმა და მისაღებ ოთახში ქოთქოთით გავარდა. დედ-მამა გაოცებულები უყურებდნენ ტყუპების კინკლაობას.
-დე, გილოცავ ახალ წელს, -შუბლზე აკოცა ქალს და გვერდით მიუჯდა.
-რა ხდება, რა გაჩხუბებთ ამ ბედობა დღეს... ჩხუბი გინდათ დაიბედოთ?! -სათვალე მოიხსნა ოჯახის უფროსმა, მალხაზ ხერგიანმა და შვილებს დამტუქსველი მზერა დაურიგა.
-ჩხუბი კი არა უარესი დაიბედა შენმა ვაჟმა, მამა!
-ანი, გეყოფა. ნუ ცდი ჩემ მოთმინებას.
-შენ მოთმინება კი არა თავმოყვარეობა თუ გაქვს საერთოდ?! სიამაყე, ეგო... რამე გაგაჩნია?! -სახეზე წამოწითლებულიყო ანი. -ხვდები მაინც, ვის ოჯახს გინდა რომ დაუკავშირო ჩვენი ბედი?!
-შენ ბედს არავის ვუკავშირებ, ანიუტ. -დის მწარე სიტყვები გულთან ახლოს არ გაუტარებია.
-ანი, რა სიტყვებია?! -გაოცებული ჩანდა ლელა. ჯერ თავის ვაჟს ახედა კითხვისნიშნებიანი მზერით, მერე ქოთანივით მოქოთქოთე ქალიშვილს.
-რა ოჯახზე ლაპარაკობს, ირაკლი...
-არაფერი, მამა. აბუქებს რაღაცას.
-არაფერი?! მიდი, თქვი, რომ ქეთო სიხარულიძე არ გიყვარს, დემეტრეს და, სლავას ქალიშვილი. თქვი და ამათმა განსაჯონ არის თუ არა ეგ „არაფერი“.
-რას ამბობს, შვილო? -გაოცებისგან სავარძელზე წამოიწია ლელა. სახეზე ათასმა ფერმა გადაურბინა. მამა უსიტყვოდ, თავშეკავებით ელოდა ვაჟისგან პასუხს.
-ჯერ არაფერი არ ხდება.
-„ჯერ“! და როდის მოხდება, ეგეც გვითხარი ბარემ, შენმა მზემ! არასდროს არ უნდა მოხდეს, გაიგე? არც ახლა და არც მერე. ჩვენ... ჩვენ როგორ გვიმეტებ იმისთვის, რომ იმ კაცთან ერთად ერთ სუფრაზე დავსხდეთ! ჩვენ! -კანიდან ძვრებოდა ლამის ანი.
-ანი, დაწყნარდი. -მამის სიტყვებმა ერთ ადგილას გააშეშა ხერგიანების ქალიშვილი. -აცადე შენს ძმას ყველაფერი თქვას.
-მართლა გიყვარს, შვილო? -ინტერესზე მეტად ტკივილი იღვრებოდა დედამისის მხრიდან. მასზე გადახვეული მხარი გაუცივდა თითქოს.
-მიყვარს. მანაც არ იცის ჯერ. გრძნობები მაქვს.
-ღმერთო, დიდებულო. -მაღლა აღმართა ორივე ხელი ანიმ და დივანზე უსულოდ დაეფერთხა. -დებილი ხარ, ირაკლი.
-ანი, სიტყვები აკონტროლე. -თვალები დაუბრიალა ლელამ ქალიშვილს და ისევ თავის ვაჟს ამოხედა. -ჩემი შვილი ცუდს არავის შეიყვარებდა.
-ის გოგო ცუდი სულაც არ არის, დედა! ჭკვიანია, ლამაზი, კეთილი... ნამდვილი ბუკეტია საოცნებო რძლის, მაგრამ საქმე იცი რაშია?! მამა ჰყავს ძაღლი და ძმა ლაჩარი! ირაკლის ეტყობა დაავიწყდა. სხვათაშორის, იკა, მაგ კაცმა სახლი წაგვართვა. გახსოვს?!
გულში ახლადალესილი ხანჯალივით გაერჭო დის სიტყვები ხერგიანს, სიმწრისგან სისხლად როგორ არ იღვრებოდა, გაუკვირდა კიდეც.
-ანი, ან ოთახიდან გადი ან დამშვიდდი. -განაჩენივით გაჟღერდა მალხაზის სიტყვები ოთახში. ანი მიჩუმდა, თუმცა მისი ფიქრები და თვალები ისე ხმაურობდნენ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ ირაკლის, -შვილო, მზად ხარ... რომ მიიღო?! თუ გულიდან ბოლომდე არ გაქვს დავარდნილი ის წლები... თუ ბოლომდე არ დაგივიწყებია, იმდენად, რომ მასთან ცხოვრება შეძლო კი არა - გიხაროდეს, გინდოდეს, მის გარეშე ვერ სუნთქვადე, იცოდე, არ გაბედო არანაირი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. გაიგე?! შენ უკან შენი ოჯახი დგას და ნუ დაივიწყებ ამას. ზოგი წყენა ჯობია გახსოვდეს ადამიანს, ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლო. შენ იცი, რომ ჩვენ მას მივიღებთ, როგორც ოჯახის წევრს, როგორც შენს ცოლს, როგორც ჩვენს რძალს, შვილს და შვილიშვილების დედას, თუ შენ ამას მოინდომებ, თუ შენი გრძნობები ამდენად ღრმა და ფესვებგადგმულია, რომ ძლიერ ქარიშხალსაც არ შეუძლია ამოთხაროს შენი გულიდან, ჩვენ ვიქნებით შენი წყალიც და შენი სინათლეც, რომ გაძლიერდე, გაიზარდო იმასთან ერთად, ვინც შენს მეორე ნახევრად აირჩიე... მაგრამ თუ ოდნავ მაინც გეპარება ეჭვი, ნურც საკუთარ თავს აიგდებ სიხარულიძეების წინაშე და ნურც შენი ოჯახისკენ გამოაშვერინებ ხელს ვინმეს, ნუ აფიქრებინებ, რომ შენი სიკეთე სიშტერეა, რომ სიამაყე საერთოდ არ გაგვაჩნია! მე ასე არ გამიზრდიხარ და ისიც ვიცი, როგორი გაიზარდე, ამიტომ კარგად დაფიქრდი.
-იმ გოგომ არაფერი არ იცის, -დაიჩურჩულა ანიმ ცრემლიანი ხმით, სინანული ოდნავ შეპარვოდა თანხმოვნებში. -რაღაცები მოვუყევი, მაგრამ ყველაფერი არა. ქეთოს თუ უყვარხარ, იკა, მხოლოდ იმიტომ ბედავს გაგრძნობინოს, რომ ჰგონია, გაუძლებს. შენი აზრით, გაუძლებს?!
-შენ არ გქონდა მაგის არანაირი უფლება, ანი. ნუ გადამაბიჯებ. -მშვიდი იყო ირაკლის სიტყვები, თუმცა კატეგორიულობით სავსე. ძმის თვალებში ჩამდგარმა წყენამ ანანა კიდეც საკუთარი ენაგრძელობა ანის, მაგრამ არაფრით შეიმჩნია.
-ყველაფერი უნდა იცოდეს. უნდა იცოდეს, შეუძლია თუ არა შენ გვერდით იყოს. სამწუხაროდ განგებამ სხვა ნებისმიერ ქალზე მეტი პასუხისმგებლობა მას დააკისრა შენ წინაშე, მეტად ვალდებულია ძლიერი იყოს, მაგრამ მაინც შენი თანასწორი, შვილო. -დედის პირიდან სიტყვა „თანასწორის“ ხსენებამაც კი გაუსერა გული ირაკლის. ენა ჩავარდნოდა, მაშინვე დემეტრეს სიტყვები მოაგონდა ქეთოზე, მეტობაზე, ნაკლებობაზე და ტოლობაზე... -მან ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ შენი ერთი პატარა შეცდომა მოსათმენი ექნება თავისი ოჯახის შეცდომების გამო, რომ წყალი პირში უნდა დაიგუბოს, როცა რამე არ მოეწონება, იმიტომ რომ ეგ წყალი ბოლოს თვითონ დაახრჩობს და შენც გაგაუბედურებს. კარგად დაფიქრდი, დედა. თქვენს წიგნში სუფთა ფურცლიდან არ იწყება თქვენი ამბავი, სამწუხაროდ.
-მამამისმა იცის?!
-არა მგონია. ხომ გითხარით, ჯერ ჩვენც არ გაგვირკვევია. როცა გავარკვევთ, პირველ რიგში მამამისით დავიწყებ. -იმდენად მტკიცედ ჩაბეტონებულიყო თავდაჯერება ირაკლი ხერგიანის სიტყვებში, მხოლოდ გადახედეს მშობლებმა ერთმანეთს. ხვდებოდნენ, რომ არაფერი ესაქმებოდა მათი შვილის გულში „უბრალოდ გრძნობებს“.
-ანი, შენ რაც გააკეთე საკმარისი იყო. არ ვიცი, რა უთხარი და როგორ, იმედი მაქვს, მხოლოდ სიმართლე, მაგრამ თავი აშკარად დამნაშავედ იგრძნო, მზერასაც კი მარიდებდა, აღარ მინდა მეორედ ჩემს ურთიერთობაში ასე უხეშად ჩაერიო.
-სიმართლის რაღაც ნაწილის თქმა სიმართლეა თუ ტყუილი?! -მრავალმნიშვნელოვნად ჟღერდა ანის სიტყვები, მის ხმოვნებში გაისმოდა ფარ-ხმლის დაყრის ხმაური.
-სამართალდამცველი შენ ხარ, შენ გვითხარი მაგაზე პასუხი. ნახევრად სიმართლე და ნახევრატ ტყუილი ხომ არ არსებობს, ანიუტ?! -წარბები აწია ხერგიანმა და ფეხზე წამოდგა.
-სად მიდიხარ? -ჩურჩულივით გაისმა დედის შეკითხვა. თითქოს ამ კითხვაზე პასუხი ძალიან არ უნდოდა ვინმეს სახელი ყოფილიყო, უფრო სწორად, ქეთოსი.
-სტადიონზე.

-გაბრაზებული ჩანდი, -ანკარა წყაროსავით ჩაესმა ქეთოს ხმა ტელეფონში, როგორც ორმოცი დღის ნამწურვალევს უდაბურ უდაბნოში. -ანიმ გაგაბრაზა?!
-ხო, ტყუპი რომაა, ჰგონია ერთი ცხოვრება გვაქვს. -გაეღიმა. იგრძნო, როგორ გაისუსა ქეთო ტელეფონის მეორე მხრიდან. მისი სუნთქვა ესმოდა მხოლოდ. სამყაროში ყველაზე ლამაზი, უნოტებო მელოდია. -მითხრა, რომ გელაპარაკა. რაღაცები გითხრა.
-იმ სტადიონზე წამიყვანა, სადაც ბავშვობაში თამაშობდი... მითხრა, რომ მამაჩემმა იქ გიპოვა. -ხმა დაუსევდიანდა გოგოს, ინატრა საერთოდ არაფერი ეკითხა მისთვის.
ცოტა ხანს გაჩუმდა. აინტერესებდა, ბოლომდე გაწირა თავისმა ტყუპისცალმა, თუ მხოლოდ სანახევროდ. გაეცინა. სიმართლესავით იყო ესეც. სანახევროდ არც გაწირვა არ არსებობს და არც დაცვა. ყოველ შემთხვევაში, მას არ ესმოდა ეს საშუალოობა.
-სად ხარ ახლა?! -ისევ ქეთოს ხმამ დაარღვია სიჩუმე.
-დინამოზე.
-მომენატრა. შემდეგი თამაში როდის იქნება?! -სევდა ბედნიერმა აღელვებამ ჩაანაცვლა ქეთოს ბგერებში.
-გაზაფხულზე. -იმედიანად ჟღერდა. რა კარგია, როცა იცი, რაღაც ზუსტად მოხდება. -ხომ წამოხვალ?
-სულ წამოვალ. გაზაფხულზე მითუმეტეს.
იმედიანად ჟღერდა.

მეხის გავარდნას იმხელა შიში არ მოჰყვებოდა, როგორც სლავას მუშტის დაცემას მათი სამზარეულოს მაგიდაზე იმ დღეს. ქეთო უემოციო სახით უყურებდა მამამისის მორიგ კონცერტს, თუმცა გული მოსწურვოდა მის თვალებში გამძვინვარებული ბრაზის და იმედგაცრუების ცეცხლის ენებს რომ ხედავდა.
-ჩემი სიკვდილი გინდა, ქეთევან?! -ცეცხლწაკიდებული ისარივით გადაკვეთა ოთახი მისმა სიტყვებმა.
-შენ გინდა ჩემი ცხოვრება, მამა?! -ყინულივით სერავდა შვილის სიტყვები სლავას გულს. ვერაფრით ხუჭავდა იმ რეალობაზე თვალს, რომელიც დღესავით ნათელი იყო. მისი შვილის თვალებში გამკრთალი უცხო სხივი, როცა ხერგიანს ახსენებდნენ, გაცილება-გამოცილებები, ჩუმი ჩაღიმებები ტელეფონში, ბრმასაც კი მოსჭრიდა თვალს.
-დემეტრე, შენ ეს იცოდი?! -უფროს ვაჟს გახედა, ვერ იჯერებდა, რომ ეს დაუშვა. იცოდა და ამის მოხდენის შესაძლებლობა დაუშვა. მისი ქალიშვილის და იმ... სიტყვებსაც ვერ პოულობდა.
-კი, ვიცოდი. სჯობს, შენც გაიგო და ნორმალური ადამიანივით მიიღო ეს ამბავი, თუ გინდა შენი შვილი არ დაიტანჯოს. ირაკლი კარგი ადამიანია. მადლიერების მეტი არაფერი გვმართებს მის მიმართ.
-მე არავის მადლიერება არ მმართებს, არც თქვენ! ხვდებით, რას აკეთებს?! ხვდებით?! ასე გვიხდის სამაგიეროს! იმის ნაცვლად, რომ...
-რომ რა, მამა?! თავი დაეხარა შენ წინაშე და ისე გაეგრძელებინა ცხოვრება, ვითომ ცუდი არაფერი გაუკეთე?! არ ვიცი... არ ვიცი რა გაუკეთე, მაგრამ ფაქტია მან გაპატია, დროა, შენც აპატიო საკუთარ თავს. ისე გეცხოვრა, ვინმეს სამაგიეროს გადახდა მხოლოდ სიკეთით ყოფილიყო საჭირო. ხედავ, რა ფიქრები გტანჯავს?! თვითონ იმდენი ცუდი გაქვს ნაკეთები, აღარც გგონია სხვისგან რამე კარგს თუ იმსახურებ! სხვას თუ შეუძლია კარგად მოქცევა, უშეცდომოდ...
-ეგ კაცი შენ გაგამწარებს, მამა! -კანკალი შეპარვოდა სლავას ხმას. -დამიჯერე. სხვის ცხოვრებას ნუ განსჯი, როცა შენ თვითონ არ გიცხოვრია ჯერ, შვილო.
-შენს ცხოვრებას არ განვსჯი, მა. -ნაზად გაუღიმა გოგონამ, მისი ღიმილი გავარვარებული მათრახივით გადაარტყეს თითქოს გულზე სლავას. და სიტყვა...“მა“... ნეტავ თუ იმსახურებდა საერთოდ მის დაძახებას. -მინდა გამოგაფხიზლო. ვარდისფერი სათვალეები დამივარდა. აიღე და გამიკეთე ისევ, თუ შეგიძლია და თუ ისევ მთელია.
მშვიდი სახით გავიდა ქეთო სამზარეულოდან, მხოლოდ ზურგს უკან დემეტრეს ნათქვამი სიტყვები წამოეწია მის ყურთასმენას.
-ნუ ჩაერევი, მამა.

„რაო, ჯულიეტ, გამოგკეტეს სასახლეში?“ ღამის თორმეტი ხდებოდა. ვერაფრით იძინებდა ქეთო. გაეღიმა.
„ხო, ახლა დამაძინებენ და სანამ ჩემი ნამდვილი სიყვარული არ მაკოცებს, ვეღარ გამეღვიძება.“
„ახლა მძინარე მზეთუნახავი ხარ?“
„აქამდე არ ვიყავი?:)“ უაზროდ იკრიჭებოდა. უფრო სწორად, ძალიან აზრიანადაც. მთელი გულით.
„სულ ხარ. ანუ, მე შენი პრინცობა უნდა ვიკისრო?“
„ასე გამოდის. თუ გინდა, შრეკი იყავი, სადმე სოფელში წამიყვანე და გავაჩინოთ სამი ოგრი ბავშვი“
„სამი? ცოტაა. ექვსი ბიჭი მინდა და ხუთი გოგო“
„ოჯახი გინდა თუ საფეხბურთო კლუბი?! მგონი, ერთი ცოლი და დარჩენილი ცხოვრება არ გეყოფა“
„ერთი ცოლი მეყოფა და ისიც შენ იქნები.“ გააჟრიალა ამ სიტყვების წაკითხვისას ქეთოს. გული ლამის აუფეთქდა და მარტივ მამრავლებად დაეშალა. სახეზე წამოახურა. მალე მოყვა მეორე შეტყობინებაც ირაკლისგან. „ხომ იქნები?“
„როცა მართლა მკითხავ, მაშინ გიპასუხებ“
ორი წამიც არ გასულა, რომ დარეკა ხერგიანმა. გულგადაცივებულმა უპასუხა. ვაი, ისევ რომ ეკითხა ცოლობაზე, რა უნდა ეთქვა?!
-რაო მამამ?! -ღიმილი შეპარვოდა ხმაში ირაკლის წეღანდელი დიალოგისგან შემორჩენილი.
-შენ როგორ ფიქრობ?! ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, შენ მაგ კაცთან არ გაგაჭაჭანებო. რას გერჩის, ირაკლი?!
-უბრალოდ არ ვუყვარვარ. -ისევ იღიმოდა.
-უბრალოდ?! მგონი, მაგას ჯობია მიზეზი ჰქონდეს.
-შენ გინდა, რომ მიზეზი ჰქონდეს?!
-უკვე აქვს. მისი ქალიშვილი გიყვარს. -ტუჩებზე ხელი ისე მიიტყეპა ქეთომ, ტკაცანის ხმა მოესმა ირაკლის ყურმილში. მას ხომ ჯერ არ უთქვამს, რომ უყვარს. უბრალოდ ასე, შემოეერთმანეთათ. ნაბიჯ-ნაბიჯ და ნელ-ნელა.
-მერე მის ქალიშვილს ვუყვარვარ?! -მღელვარებით და აჩქარებული გულისცემით ჩახერგილი ხმა ჩაიწმინდა ხერგიანმა. შეფარული მოუთმენლობით ელოდა პასუხს.
-ბორდიულიან ქუჩაზე ჯერაც არ წაგიყვანია, ვინ იცის, თუ წაიყვან, იქნებ გითხრას.
-ახლავე წამოხვალ?!
-არა, გაგიჟდი?! გაიგებენ, ისედაც ბეწვის ხიდზე გავდივართ...
-მერე ბორდიულიც ბეწვის ხიდს არ ჰგავს? წამო, რა. მომენატრე და მინდა ხელი შეგაშველო, როცა წაბორძიკდები.

-კინაღამ გამომიჭირეს. -ხულიგანი ბავშვივით ჩაილაპარაკა, მანქანაში რომ ჩაუხტა აქოშინებული. სულელივით იღიმოდა.
-კინაღამ არ ითვლება. აივანზე შუქი შენ დატოვე? -იღიმოდა ხერგიანი და აივნისკენ ჩუმად აპარებდა თვალებს. დაფეთებულმა მიაბრუნა თავი იქეთკენ.
-დემეტრემ წაგვასწრო. წადი ჩქარა. -ხელი უჯიკა, რომ როგორმე მისკენ გადმოხრილი სხეული საჭესთან დაებრუნებინა. სულს უხუთავდა მისი სუნით გაჟღენთილი ჰაერი და გულის სიღრმეში ისიც კი გაიფიქრა ქეთომ, რომ ამაზე სასიამოვნო სიკვდილის მიზეზი არც არსებობდა.
ადგილიდან არ დაძრულა ხერგიანი, იმდენად ახლოს ჰქონდა სახე ქეთოსთან მისგან წამოსული სუნთქვა კანს უორთქლავდა. ლოყაზე აკოცა და ქალისგან ვირუსივით გადმოდებული ჟრუანტელი ნასიამოვნებმა შეინახა მოგონებების კარადაში, რომელსაც ხშირად გამოაღებს-ხოლმე.
ქეთო ცოტა ხანს დაფეთებული იჯდა, ვერაფერს ამბობდა და ვერც საგულიდან ამომხტარ გულს ამშვიდებდა ვერაფრით, ჩამოწეული ფანჯრიდან შემოვარდნილ გაყინულ ჰაერსაც კი არ შეეძლო გონებიდან ირაკლის ტუჩების სითბო და მწველი სიამოვნება წაეშალა, გახურებული შანთვით რომ მოსდებოდა ლოყაზე.
-ჩამოხტი, -რამდენიმე წუთში გააჩერა მანქანა ძველი თბილისური ქუჩის დასაწყისში.
ლამპიონები ყვითლად ბჟუტავდნენ და სითბოს მაგივრობას წევდნენ გვიანი თებერვლის ამ გაყინულ ღამეში.
გაღიმებული თვალებით უყურებდა, როგორ გადმოხტა ორი ზომით დიდ ქურთუკში გამოწყობილი ქეთო მანქანიდან და პირდაპირ ბორდიულზე შედგა. თითქოს ელოდებოდა, გვერდით როგორ ამოუდგებოდა, რომ სიარული დაეწყო.
-ხელს ჩამკიდებ თუ მარტო გირჩევნია? -ცალი ხელი სპორტული მოსაცმელის ჯიბეში ჩაედო ხერგიანს, მეორე ქეთოს გაუწოდა. სიხარულიძეს ორივე ხელი მოკვეთილი რომ ჰქონოდა, მაინც არ იტყოდა უარს მისთვის ჩაკიდებაზე.
გაყინული, თავისაზე ორჯერ პატარა მტევანი ხელის გულში მოიქცია ირაკლიმ და ბედნიერი აკვირდებოდა ბორდიულზე ბორძიკით მიმავალს.
-ბავშვობაში უკეთესად გამომდიოდა. -თავი იმართლა, რამდენჯერმე წაქცევას რომ გადაურჩა.
-მჯერა. -გაეღიმა ირაკლის და უფრო მაგრად მოუჭირა ხელი. -დაგიჭერ, ნუ გეშინია.
-სულ ხომ ვერ დამიჭერ, თუ სულ შენი დაჭერის იმედი მექნა, მე არასდროს გამომივა.
-კი გამოგივა, მაგრამ ჩემი იმედი მაინც სულ გქონდეს ხოლმე.
ვერ მიხვდა, რა უთხრა ასეთი, ქეთოს სახეზე ლამაზი ღიმილი ნაღველმა რომ ჩაანაცვლა. ერთადერთი, რაზეც ფიქრის უფლებას არ აძლევდა საკუთარ თავს ეს ქეთოს შიში იყო საერთო მომავალზე.
-არ მინდა, სულ ასე ვიყოთ. მინდა, ჩვენ ოჯახებსაც უყვარდეთ ერთმანეთი. -ამოიბუტბუტა ნაღვლიანად, უკიდეგანო ბავშვურობით, ასე რომ უფორიაქებდა სულს და გონებას ხერგიანს, გული კი უკვე ისედაც კარგა ხნის შეშლილი ჰყავდა.
-ჩვენ რომ გვიყვარს, საკმარისია უკვე, ქეთო, იმათაც გადაედებათ.
-შენ იმედს არასდროს არ კარგავ, ხო?!
-არა. ჩემი ნებით არასდროს. -ცოტა ხნით სიჩუმე განთიადის ნისლივით ჩამოწვა,- ხვალ ესპანეთში მივდივარ.
-რამდენი ხნით, სინიორ? -გაეღიმა ქეთოს. გულში ინატრა, ნეტავ, ერთ კვირაზე მეტი არაო.
-ერთი თვით. ნაკრების თამაშისთვის აქ ვიქნები უკვე.
ქეთოს უკმაყოფილებით მოფუზულ სახესა და მოჭმუხნულ ცხვირზე გაეღიმა.
-მოგენატრები?!
-ცოტათი. -საჩვენებელი და ცერა თითი ოდნავ მიაახლოვა ერთმანეთთან და თვალები სასაცილოდ მოჭუტა სიხარულიძემ.


მთელი სტადიონი გადატენილი იყო. გამოზამთრებულ ადამიანებს იმდენად მონატრებოდათ თბილი ფუღუროებიდან და ბუდეებიდან გამოძრომა, რომ ახლადფრთაშესხმული ჩიტებივით მიაწყდნენ დინამოს.
ქეთო და ანი ერთმანეთის გვერდიგვერთ ისხდნენ ჩუმად. ხმის ამოღება არც ერთს სურდა. ქეთოს მითუმეტეს, ბრაზისგან და წყენისგან სახე ეწვოდა. ვერ გაიგო, რატომ არ ნახა ირაკლიმ გუშინ, როგორც კი ჩამოვიდა. ახლა უარესად უნდა დატანჯულიყო შორიდან მისი ცქერით ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში, მერე საღამომდე გაიწელებოდა კიდევ დრო... როგორ ვერ იტანდა ლოდინს. ახლა კი წამებს ისე ითვლიდა, როგორც ხელმოკლე ადამიანი უკანასკნელ ხურდას.
-დღეს დილით ჩამოვიდა და ვერ მოასწრო შენი ნახვა. -ენა მაინც გაექცა ხერგიანს, ვეღარ გაუძლო სარძლოს ნატანჯი სახის ყურებას. ჩაეღიმა. -გუშინ გადაიდო მისი ფრენა. ჩვენც ახლა გავიგეთ.
არაფერი უთქვამს ქეთოს, ცოტა ხანში წყურვილი მოიმიზეზა და გასახდელებისკენ წავიდა წარბებშეკრული. ვერ ხვდებოდა, რამ გააბრაზა ასე ძალიან, მაგრამ აშკარა იყო, ბრაზობდა! ბრაზობდა კი არა - გამეხებული იყო.
-ვერ შეგიშვებთ, გოგონა. -დაცვა წინ გადაუდგა მაშინვე, როგორც კი კარის შეღება სცადა.
-კაპიტანს დაუძახეთ.
-არ შეიძლება.
-შეიძლება. მისი საცოლე ელოდება. დროზე. -კაცმა ერთხანს ეჭვისთვალით უყურა, შემდეგ მაინც შეძვრა იმ კარში, წეღან ქეთო რომ არ შეუშვა და უკან გაღიმებულ ხერგიანთან ერთად დაბრუნდა, ნაკრების მაისური მხარზე გადაეკიდა.
მკლავში სწრაფად ჩაავლო ხელი და დაცვისგან მოშორებით გაათრია, არ იმჩნევდა არც იმას, სახეზე მონატრებისგან ამწვარ კანს მისი სუნი მალამოსავით რომ ედებოდა და საშინლად უნდოდა გულში გაღრმავებული მარტოობა ჩახუტებით ამოევსო.
-საცოლეო?... -წარბები კმაყოფილებით აწკიპა ირაკლიმ.
-ხო, აბა შეყვარებულს არ მაქვს არანაირი უფლებები შენ წინაშე და ცოტა დავიწინაურე თავი! რატო არ მითხარი, რომ ვერ ჩამოდიოდი? მთელი ღამე გელოდებოდი! -ბრაზი და მონატრება ერთიანად აცახცახებდა, ხერგიანსაც ვინ იცის, რად უჯდებოდა თავის შეკავება, ღიმილით დაჰყურებდა სახეზე ალმურავარდნილს.
-რომ დამლოდებოდი, მაგიტომ არ გითხარი. -ხმა დაუბოხდა ხერგიანს, მზერაც ვნებიანი გაუხდა ორი ნაბიჯი წინ რომ გადადგა ქალისკენ. გაბრაზებული და მონატრებული ყველაზე უფრო ლამაზი ეჩვენა მისი ისედაც უსაშველოდ ლამაზი სახე. -ნახე, რამხელა ეფექტი მოვახდინე?! პირდაპირ ჩემ საცოლედ გამომეცხადე.
-იოცნებე! -გვერდის ავლა სცადა დამფრთხალმა სიხარულიძემ, თუმცა წინ გადაღობილ უზარმაზარ სხეულს ვერსად გაექცა, ისე სწრაფად აიკრეს გულზე.
-ვოცნებობ. -ყურთან უჩურჩულა, ბგერებთან ერთად ცეცხლად ჩაეღვარა მისი სუნთქვა ყურებში ქეთოს, თითქოს გულზე წაუკიდეს ჩაუქრობელი ხანძარი. ლამის მუხლები მოეკვეთა მონატრებული სიახლოვისგან. -ბოროტი საქციელი იყო, მართალი ხარ, მაგრამ არ ვნანობ.
-სასტიკი ადამიანი ხარ, ვერ გიტან. -ენა რომ სხვას ამბობს და ხმიდან სხვა შინაარსი ჟღერდება, სწორედ ამას ჰგავდა ქეთოს სიტყვები, აკანკალებული ხელები გაუაზრებლად თავადაც მოხვია კისერზე. -გოლი მაინც გაიტანე, იქნებ, გაპატიო.
-გოლსაც გავიტან, მაგრამ შენ მანამდე მაპატიებ, -ხმის ამოღება აღარ დააცადა ისედაც ეიფორიის ნისლში გახვეულს და რაღაცის სათქმელად ამოძრავებულ ბაგეებს კვირების განმავლობაში ნაგროვები ვნებით, სურვილით და სიყვარულით აკოცა. -ხო მაპატიე?
დასჩურჩულა კოცნით დანამულ ტუჩებზე, შემდეგ შუბლზე აკოცა და დუმილი თანხმობის ნიშნად მიიღო. მზერით გააცილა თავისი ადგილისკენ დაბნეული ნაბიჯებით მიმავალი ყველაზე დიდი გულშემატკივარი.


-დემე, -უხერხულად აიწურა ძმის კართან ლოყებაწითლებული ქეთო. ადგილს ძლივს პოულობდა აღელვებული. ახლა დემეტრეს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
-შემო, რა გჭირს, ქეთინო?
საწოლზე ფეხმორთხმით ჩამოუჯდა მის ძმას. ანერვიულებულმა არ იცოდა, საიდან დაეწყო, როგორ მოება სათქმელისათვის თავი.
-დემე... ირაკლიმ ხელი მთხოვა.
გაოცებისგან და კიდევ უფრო მოულოდნელობისგან, მობილური ხელიდან გაუვარდა უფროს სიხარულიძეს.
-რა?! ქეთო... -ოდნავ წამოიწია საწოლზე, ფეხი ჯერ კიდევ აწუხებდა.
-ჩემგან პასუხი აქვს, მაგრამ უნდა რომ ჩვენთან მოვიდეს, სახლში, და ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც წესი და რიგია. მამას შეგიძლია რომ უთხრა? მე მაინც არ მელაპარაკება. რამდენჯერმე ვცადე და ოთახიდან გავიდა.
-ქეთო, დარწმუნებული ხარ? ცოტა ადრე ხომ არ არის?!
-ადრე როდის არის? ან გვიან? მთავარია, დარწმუნებული ვარ, დემე. მიყვარს. არ ვიცი, როგორ აგიხსნა. სულ მის გვერდით მინდა ყოფნა, როცა არ არის, მაშინაც აქ არის თითქოს უფრო მეტად, მაგრამ უსაშველოდ შორს, ამ გრძნობასთან გამკლავება აღარ მინდა. მინდა, მამა გვერდით მყავდეს, როცა ირაკლი ჩემს ხელს სთხოვს, მინდა, ჩემ გამო მაინც გადააბიჯოს თავის თავს. მინდა, მის ოჯახში ისე შევიდე მხრებში დანაშაულის სიმძიმე არ მხრიდეს, მინდა, რომ მიმიღონ.
-ირაკლი დარწმუნებული რომ არ იყოს, მისი ოჯახი ყველაფრის მიუხედავად მიგიღებს, ხო ვიცი, რომ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა არასდროს, ქეთო. შენც ხო იცი? მამამ რაც არ უნდა გააკეთოს, ნუ მისცემ უფლებას, რომ შენ ბედნიერებაზე უარი გათქმევინოს, იმიტომ რომ გულის სიღრმეში მგონია, მაგის გამკეთებელი არის. თუ მამა უარს იტყვის, მე ვიქნები შენი მამა იმ ერთი დღით, კარგი? ხო არ ინერვიულებ, ქეთინო?
-აბა, ჩემი და არასდროს გათხოვდებაო? მეგონა, გაბრაზდებოდი. -თვალებში ბედნიერების ცრემლი გაუკრთა ქეთოს. დემეტრეს ნაპრალებიდანაც გამოჟონა მარილიანმა სითხემ და ყელში მოებჯინა.
-ხო არ თხოვდები, მერე? ქორწინდები, ოჯახს ქმნი... -გულზე ისე მჭიდროდ მიიკრა, მისი არსად გაშვების სურვილი არ ჰქონდა დემეტრეს. -გათხოვება სხვა რამეა. შენ არასდროს გათხოვდები.
-არც მე მომწონდა ეგ სიტყვა. -ცრემლები გამოერია ხმაში ქეთოს. -შენ რომ მყავხარ, ყველაფერია, დემე.
-მალე მაგას შენს ქმარს ეტყვი, -წყენა შეერია უფროს სიხარულიძეს ხმაში, ვერაფრით შველიდა ეჭვიანობას. რა მწარე ყოფილა პატარა და და რა ტკბილი ამავე დროს. -ქეთო, ხომ იცი, რომ არ იქნება მარტივი?! რაც არ უნდა იყოს, ირაკლი ხერგიანია, რაც არ უნდა იყოს, წარსული გვაქვს, და არ არის ეგ წარსული სუფთა. ასეთ რაღაცებს ადამიანები ვერ ივიწყებენ მარტივად. არ ვიცი, მე მაინც მეშინია შენ გამო. მგონია, ირაკლის რო რამე შეეშალოს, შენ აპატიებ მარტო იმიტომ ,რომ თავს ვალდებულად ჩათვლი. გთხოვ, თუ ეგ დანაშაულის გრძნობა გულიდან არ გაგიქრია, კარგად დაფიქრდი, ხო?!
-ნუ გეშინია, დემე. -ლოყაზე აკოცა უფროს ძმას. -მამას მაინც დაელაპარაკე, კარგი?!


-დემეტრე, შენ რას მთხოვ, ხვდები?! -ყინულზე უფრო ცივი იყო სლავას ხმა, ნუნუკა გაშტერებული მისჩერებოდა შვილს. მისი იმედი ჰქონდა, რომ ის მაინც გადააფიქრებინებდა ქალიშვილს ამ ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმას.
-მე გთხოვ, მამის როლი შეასრულო. ქეთოს უნდა შენ მისცე ნებართვა, შენგან უნდა კურთხევა აიღოს. ვერ ხვდები, რამხელა შანსი გვაქვს დანაშაულის გამოსყიდვის?!
-სწორედ მაგას ვამბობ მეც, დემეტრე! არ მინდა ქეთო ვინმესთვის დანაშაულის გამოსყიდვის საშუალება იყოს, გესმის?! ჩემს ქალიშვილს ვერავის გულმოწყალებაში ვერ გავცვლი. -ხმა გაუტყდა სლავას, თითქოს მისი თვალებიდან პირველად გამოჟონა სინანულის მსგავსმა გრძნობამ. -რაღა ის შეუყვარდა! რაღა ის!
-ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ გვიყვარდეს, მამა. დარწმუნებული ვარ, არც ირაკლისთვისაა მარტივი, ხვდები იმ კაცმა სიამაყეს როგორ გადააბიჯა შენი ქალიშვილის გამო?! მე ვერ შევძლებდი იმ კაცის შვილის ხელი მეთხოვა, ვინც...
-ვინც, რა დემეტრე?! -წარბები შეკრა კაცმა. -ვინც რა-მეთქი, შვილო?!
-ჩვენ დამნაშავეები ვართ, მამა. ამას არაფერი ცვლის.
-ყველაფერი შენთვის გავაკეთე, დემეტრე! ყველაფერი! ნუთუ ამას ვერ ხვდები?!
-ვხვდები, მამა. მაგრამ არ შემიძლია მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც არ მითხოვია, გესმის?! ყველაზე მეტად მე დავისაჯე, არ მინდა, ჩემმა დამაც ჩემი ბედი გაიზიაროს, -მამის სუსხი მის ხმასაც გადმოედო თითქოს, -თვალი გაახილე. ჩემ დას ვერ დავკარგავ. მე ვიკისრებ მის მამობასაც, შენ თუ უარს იტყვი, მაგრამ იცოდე, ქეთოს სამუდამოდ დაკარგავ. გიღირს ამ ყველაფრად? მე - არა. თვალის დახამხამებაში დავთმობდი ჩემს ყველა წარმატებას ქეთოს გულისთვის. შენ შენი სიამაყე მაინც დათმე!
-შვილო... მამაშენი, -ხმა ძლივს ამოიღო აქამდე ენაჩავარდნილმა ნუნუკამ.
-რა, დედა?! ყოველთვის როგორ ამართლებ! მარტო ცოლი ხომ არ ხარ, დედაც ხარ! შენ მაინც დაუდექი შენ ქალიშვილს გვერდით. შენ მაინც გაუგე, ქალი ხარ. გამოაფხიზლე შენი ქმარი და გაახილეთ თვალები.
ოთახის გარეთ, კართან ჩაცუცქულიყო ამ დიალოგის მთავარი პერსონაჟი და პირზე ხელაფარებული ცდილობდა ხმამაღალი ზმუილი შეეკავებინა, ნაპრალებს გამომცდარ ცრემლებს კი შუა გზიდან ვეღარ მოაბრუნებდა.
***
- ორი კვირით ადრე -

-ქერთო, ჩამო, რა, საქმე მაქვს შენთან. ჩქარა-ჩქარა. არ გინდა გაპრანჭვა, ისედაც უმზეთუანახვესი ხარ. -სწრაფად ჩასძახეს ტელეფონში, როგორც კი ნაცნობ ნომერს უპასუხა გულაფრთხიალებულმა. ირაკლის ყველა ირიბ ქმედებას თუ ასეთი ტემპით უნდა აეჩქარებინა მისი პულსი, ცოცხალი დიდ ხანს ნამდვილად ვეღარ გასტანდა.
-რა დამიძახე? -გაეღიმა. თავიდან ეგონა მოეჩვენა კიდეც.
-ქერთო. ჩამო რა... -ბავშვური ხვეწნა გაერია ხერგიანის ხმას.
კისრისტეხით ჩაირბინა კიბეები, გზაში წამოწეულ დედამისის კითხვებს მხოლოდ ყვირილით უპასუხა, ირაკლი მოვიდაო, იმდენს კი ვერ მიხვდა, მთელს სადარბაზოს რომ გააგებინა და ახლა ინტერესით სავსე თვალებით უჭვრიტინებდნენ სამზარეულოს ფანჯრების ფარდებსმიღმა.
სწრაფად ჩაუხტა მანქანაში.
-მომენატრე, გოგო! -ვერც გაიგო ისე მოუჭირეს ორივე ხელი სახეზე და ტუჩებს მოულოდნელი კოცნა გამოსტყუეს. თვალებმინაბულს სულ დაავიწყდა, რისი თქმა უნდოდა მანქანაში ჩაჯდომამდე, თავადაც შემოხვია სუსტი ხელები კისერზე და ლამის კალთაში გადაუჯდა. ბუშტივით გაიბერა ფილტვები ხერგიანის სუნით, თითქოს არასოდეს ამოისუნთქავდა, სამუდამოდ რომ შეძლებოდა მისი ჰაერის დახეთქვამდე მისულ ალვეოლებში დატოვება.
-მეც მომენატრე, ბიჭო. -გაეცინა და წვერწამოზრდილ ლოყაზე რომ აკოცა, ტუჩები ოდნავ გაეფხაჭნა. ისე მოსწონდა. ისე უყვარდა. -ქერთო რომ არ მქვია? რა მოიგონე?
-ერთი რო ხარ და თან ქეთო, გავაერთიანე.
-რატომ გამომაქციე ასე უცებ?! -ღიმილი ძლივს შეიკავა ირაკლის ბავშვურ „მიგნებაზე“, უფრო მიეხუტა. -კიდევ სადმე მიდიხარ?!
-არა. სტადიონზე მინდა წაგიყვანო.
-ფეხბურთი უნდა მეთამაშო? კაბა რომ მაცვია?! ავალ უცებ...
-არა, არა. გეცვას კაბა. ასე ჯობია.

სტადიონი ცარიელი იყო. ისე სწრაფად შეარბენინა მინდორზე ირაკლიმ, გული ლამის ამოუვარდა საგულიდან. ხელს არაფრის დიდებით არ უშვებდა და გრძელი კაბის ბოლოები მეორე ხელით ეჭირა, ზედ რომ არ დაებიჯებინა.
-ღმერთო, როგორ დარბიხართ ამ სტადიონზე ოთხმოცდაათი წუთი?!
-ოთხმოცდაათზე მეტიც დავდივართ. დამატებით დროს ნუ გამოაკლებ, არაა ნაკლებად მნიშვნელოვანი.
უკვე ცენტრში იდგნენ. კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო მათ გარდა, გარესამყაროს ხმაურიც კი ვერ აღწევდა აქამდე.
-ჰა, რა ხდება აბა?! სად არიან დანარჩენები?! თუ ერთი-ერთზე...
-ორი წამი მაცადე, მემგონი, ჩემგან ამაზე რომანტიკულ მოფიქრებას აღარ ელოდო, ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, ხო, ქერთო?!
-რა რომანტიკულ... -დაიბნა სიხარულიძე, იქეთ-აქეთ დაბნეულმა მიიხედა. გულის სიღრმიდან საღი აზრი რაღაცას ხმამაღლა გაჰყვიროდა, მაგრამ თითქოს მათ მართებულებაში დასარწმუნებლად მხოლოდ ირაკლის სიტყვები იყო საჭირო.
-აბაშიძემ ცხოვრებაში პირველად წამოაყრანტალა რაღაც საინტერესო, ხოდა მეც ვიფიქრე... ვიცი, სხვანაირად გინდოდა ყველაფერი, მაგრამ ეგეც იქნება, კარგი?! ვიცი, ჩვენ ირგვლივ ბევრი რამე ბუნდოვანია, შეიძლება, ამაზე საერთოდ არ გაქვს ჯერ ნაფიქრი, შეიძლება.. მოკლედ ბევრი „შეიძლება“ მიტრიალებს ახლა გონებაში, ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვი, რაც დარწმუნებით ვიცი, კარგი?! ვიცი, რომ მიყვარხარ და ვიცი, რომ შენც. ხო, ქერთო?! სტადიონზე რომ გამოვდივარ და ვიცი, გულშემატკივრებში ყველაზე მეტად შენი გული ფრთხიალებს, ყველაზე მეტად შენი თვალები მეძებს, ყველაზე მეტად შენ გაქვს ჩემი იმედი, ვგრძნობ, რომ არ მინდა ოდესმე ერთი თამაში მაინც ჩავატარო უშენოდ. შენი გულის გარეშე. ეგოისტურად ჟღერს, ვიცი, თუ გინდა დამცინე, არ მინდა სხვას უყურებდე. მერე რა, რომ ბიჭებს სულ იმას ვეუბნები, სტადიონზე გამოსულებმა თქვენი პრობლემები და ცხოვრება გასახდელში დატოვეთ-მეთქი, ამ გრძნობის სტადიონზე და ჩემს გულში შემოშვებით მგონია, რომ მაინც ყველაზე სწორ ნაბიჯს ვდგამ. მგონია, ფრთებს მასხამ და მაგ ფრთების დანახვა მარტო შენ შეგიძლია, მინდა, შენთვისაც ასე იყოს, ახლაც და ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს... როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ორივემ ვიცით, რომ რთულზე რთული დღეები ელოდებიან დადგომას. ფრთები არ მოვკეცოთ, ხო, ქეთო?! ახლა მგონი „გუგლის“ სატელიტი გვიღებს და ვისაც დინამოს ნახვა მოუნდება „გუგლის რუკაზე“ ჩვენც აქ დავხვდებით, -საათს დახედა ანერვიულებულმა, შუბლი ოფლით დაცვაროდა, -ბევრი სისულელე ხო არ გითხარი? „არას“ ხო არ მეტყვი ცოლობაზე?
-რა უცნაურად დასვი ეგ შეკითხვა, -ცრემლებით დანამვოდა ლოყები. -ბეჭედი სად არის?
-ა, უი, ხო. -დაბნეულმა ამოაძვრინა ჯიბიდან პაწაწინა, ზურმუხტისფერთვლიანი ბეჭედი. -მგონი შენ თითს მოერგება, ხო?!
-სცადე, აბა. -გაეღიმა ქეთოს.
-ანუ თანახმა ხარ.
-ხო. ახლა გაიღიმე, სატელიტი გვიღებს.

***
-ერთი წლის შემდეგ-
-ეს რა არის?! -სახეზე ალმური ასდიოდა, ფურცლები სახეში შეაყარა დივანზე მშვიდად მჯდომ ქმარს, კონტროლერი რომ ეჭირა ხელში და „ფიფას“ თამაშობდა. მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს მის გახსნილ წარბებს არაფერი ადარდებდათ.
-განქორწინების საბუთებია. -მშვიდად უპასუხა, -გაიწიე, მეფარები.
-დებილი გგონივარ, ირაკლი?! -ადგილიდან არ განძრეულა, ნერვები კბილებით ეჭირა. ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა მოწმენდილ ცაზე მეხივით რომ გამოჩნდა მის სამუშაო ფურცლებში განქორწინების მოთხოვნა.
-არა, პირიქით, ძალიან ჭკვიანი მგონიხარ იმისთვის, რომ მაგ შეკითხვას სვამდე. -კონტროლერი გვერდზე გადადო და ცოლს მზერა გაუსწორა. მოცისფრო თვალებში ფესვებგადგმულმა ბრაზმა, ტკივილმა და სასოწარკვეთამ გული ვინ იცის, უკვე მერამდენედ გაუხანჯლა გავარვარებული მახვილით. ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ ცრემლები არ წასკდომოდა.
-რას ნიშნავს, ამიხსნი?! რა განქორწინება, შენ საერთოდ გააფრინე?! ამაზე შევთანხმდით?! ამდენი იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ ბოლოს განქორწინების ქაღალდზე ხელმოწერით დაგემთავრებინა ყველაფერი?! ასე მარტივად?! მეტი ძალა არ შეგრჩა, ირაკლი?!
-აღარ მინდა ბრძოლის გაგრძელება, ქეთო. -საზურგეზე ღონემიხდილი გადაწვა, სახეზე ხელები გადაისვა, როგორმე ჯებირებზე მომდგარი ცრემლები რომ შეეწმინდა. მისი პირიდან წამოსული „ქეთო“ შხამწასმული ისარივით შეერჭო გულში სიხარულიძეს, რამდენი ხანია, ასე აღარ ეძახდა. თითქოს მისი ერთადერთობისგან გაყრაც სურდა.
-არ გაგეყრები, გაიგე?! -მუქარასავით გაიჟღერა ქალის სიტყვებმა. ქაღალდები გამწარებულმა გადახია შუაზე. -მორჩი თვითგვემას და შენი სახე დაიბრუნე! ლაჩარი ქმარი არ მჭირდება, მაგრამ არც მის მიტოვებას ვაპირებ. ჩემი ნებით არ წავალ. ვნახოთ, იმდენად სუსტი თუ ხარ, მხოლოდ ჩემი გაგდების ძალა რომ შერჩა.
-რატო ართულებ, რა გინდა... -დაღლილი ხმა ჰქონდა, გული მუცლამდე ჩასწყვიტა მისი ქმრის სასოწარკვეთამდე მისულმა ხმამ. -მოაწერე, გთხოვ.
-არა. გახსოვს ის ლამაზი სიტყვები ფრთებზე და რთულ დღეებზე?! შენ და საუბედუროდ, რომც არ გახსოვდეს, თვალსაჩინოება მაქვს, რომ დაგანახო ჩვენი თავი ერთი წლის წინ. იქ ორი წერტილივით ვართ, მაგრამ მაინც ვართ! ვერ აგიტან, გაიგე?! ვერ აგიტან სუსტს და ლაჩარს. შენთან ერთად ამდენი ვიბრძოლე, მე არ გავბრუნებულვარ შუა გზიდან, შენ ბედავ მაგდენს?! აღარ გიყვარვარ? თუ გრძნობების განელებაა მიზეზი, მითხარი და ისე გავქრები შენი ცხოვრებიდან, მხოლოდ ეს რუკა შეგახსენებს ჩემს არსებობას. მითხარი! -სასოწარკვეთისგან კიოდნენ ქეთოს ხმოვნები.
-შენი მოწყალება და გვერდით დგომა აღარ მჭირდება, გესმის?! შენი ყურება აღარ შემიძლია. არ შემიძლია შენთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა. ერთ საწოლში ძილი. შენი სუნი ყველგან, შენი კბილის ჯაგრისი სააბაზანოში, რატომ არ გესმის?! რა უნდა გავაკეთო მეტი, რომ შენ მიმატოვო და არა პირიქით, ქეთო?! რატო გინდა შენ გერქვა მიტოვებული ქალი?! მაგითაც რატო მსჯი?! მოაწერე ხელი, გეხვეწები რა!
-არა. -მტკიცე, შეუვალი იყო ქეთოს ხმა. ასეთი პირველად მათ ნიშნობაზე ნახა. ახლა - მეორედ. არადა, ამ ორ დღეზე უარესი ჯოჯოხეთი დააღამდათ ერთად არაერთხელ.
-ლელა წამოიღებს ჩემ ნივთებს. -ფარხმალ დაყრილმა თქვა და გასასვლელისკენ წავიდა.
-მაგ კარიდან თუ გახვალ, იცოდე, უკან ვეღარ დაბრუნდები, ირაკლი.
ქეთოს სიტყვებიდან ბგერებზე მეტი ცრემლი იღვრებოდა, მხოლოდ ქმრის გადღაბნილ გამოსახულებას ხედავდა და იმედი ჰქონდა, ირაკლი მისი სულის ძახილს მაინც გაიგონებდა, იმას, რაც სიტყვებით ვერ ითქვა, მაგრამ გული ხმამაღლა გაჰკიოდა.
თვითონაც არ იცის, როგორ დაიმორჩილა სხეული, რომ სახლიდან ფეხი გაედგა და კარი ზურგსუკან მოეხურა. თითქოს კი არ დატოვა, გაიქცა შეცდომებისგან, სინანულისა და ჩაჭრილი გამოცდებისგან, თითქოს დაავიწყდა ყველაზე მთავარი: მოტეხილი ფრთები, რომ ჭრილობა მხოლოდ მას არ ცლიდა სისხლისგან.
კიბის მესამე საფეხურზე მის სმენას წამოეწია ტირილით ნათქვამი „მეზიზღები“ და სწრაფად გაშორდა ათასი ბედნიერი და უბედური წამის ბუდეს. ვერ გაფრინდებოდა, ამიტომ გაიქცა. ზურგზე ჯერ კიდევ არ შეხორცებოდა ჭრილობა, საიდანაც მორიდებით ჟონავდა სისხლი.
პირველი ნაწილის დასასრული


------////
დავბრუნდი!
ძალიან, ძალიან ბევრი შრომა, ემოცია, გათენებული ღამე და სამსახურს მოპარული დრო დევს ამ ისტორიაში. ათასჯერ წავშალე დასაწყისი, ათასჯერ წავშალე დასასრული და ბოლოს თქვენამდე ამ სახით მოვახერხე მოტანა.

მხოლოდ ორი ნაწილი ექნება ამ ისტორიას. ზუსტი დადების თარიღს ნამდვილად ვერ დავაანონსებ მეორე ნაწილისას, მაგრამ დამიჯერეთ, ლოდინად ეღირება. (მაქსიმუმ 2 კვირას ვვარაუდობ საწერად, როგორც კი მოვრჩები, მაშინვე ავტვირთავ)

ველოდები თქვენს გულწრფელ შეფასებას!

პ.ს დამამატეთ ფეისბუქზე „ნესტან დარეჯანი“, ხშირად ვეცდები ამონარიდები მაინც შემოგთავაზოთ, უბრალოდ, საბაკალავროს წერის პროცესშიც ვარ და ძალიანაც ნუ გამიწყრებით!



№1 სტუმარი სტუმარი ლუსი

ძალიან მაგარია.დაგვინდე და უფრო მალე დადე

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

ვაიმეეე ეს რა იყო?
ჩემთვის თქვენი მეორე ისტორიაა და ძალიან ძალიან მიხარია, რომ ის პირველი გავხსენი, რომელმაც გადამაწყვეტინა თქვენი ისტორიები არაფრით დამეტოვებინა წაუკითხავი.|
საოცრად ემოციური, აზრიანი და გამართული სიუჟეტი თავისი ჩახლართული ნაწილებით, მომენტალურად შემომძვრალი იუმორით, რომელიც ბევრ რამეს ამსუბუქებს ხოლმე და რაც მთავარია ძალიან ძალიან საინტერესო სიყვარულის ამბავი. მეორე ნაწილს ველოდები და შემდეგ კიდევ უფრო ვრცლად ვიტყვი სათქმელს.
ძალიან მიხარია თქვენი აღმოჩენა საიტზე ბოლო პერიოდში საგრძნობლად აკლდა საიტს ხარისხიანი ისტორიები.
სულ უნდა წეროთ!!!!

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამო

ძალიან დიდი ხანია ესე არავინ მონწონებია❤️შემდეგი როდის იქნება

 


№4 სტუმარი მე❤

არ ვიცი რა ვთქვა!უკომენტაროდ...ამდენი ემოცია ერთად❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი მანჩო

გოგოოოო რას მერჩიიიი...მოვკვდი ქალი...რა განქორწინებააააა...როგორ ვესათუთებოდი და რათა შვილო რათააააა...ვიტირებ ახლა...დამიბრუნე ჩემი ქერთო და ირაკლიი????????????????????????????????????????????????????????????

 


№6 სტუმარი ანათეა

არ მინდოდა დამემთავრებინა კითხვა, საოცარი ისტორიააა, ყოჩაღ ავტორო

 


№7  offline წევრი natuwi21

ღმერთო ამ დასასრულს არ ველოდიიი როდის გავა 2 კვირაააა როგორ ველოდები უკვეეე... ძალიან კარგი იყოო♡♡♡

 


№8  offline წევრი დარინა

რანაირი ხარ რაა აი სიტყვრბიც კი არ დამიტოვე რომ ვინმეზე გაბრაზებული ვყოფილიყავი და ერთი გემრიელად გამელანძღა და იმ ემოციებისგან დავცლილი ვიყავი რომელიც ამ ისტორიამ და გმირებმა მომანიჭეს, როგორც ყოველთვის შემოაგდე ბოლოს ინტრიგა და გაქრიი არადა მე ორი კვირა უნდა ვიფიქროო რა მოხდა იმ ერთ წელში და ეგრე ლაჩარივით რატომ გაიპარა ბატონი ხერგიანი, მიუხედავად იმისა ვერ ვუსაყვედურე მაინც დავიბოღმე მაგაზეე ხა იმედია ბავშვი ეყოლება ქეთოს რომელსაც თვალითაც არ ანახებს და ასე გაუმწარებს ისედაც გამწარებულ სიცოცხლეს :დდდდ პ.ს. აი სანდრო მაჩაბელის მარტო ხსრნებამაც კი სული განმატევებინაა ❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი Елка

Сасцаули ико. Мецхина мати дашореба амдени гадаитанес. Мадлоба диди.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

უმაგრესი ისტორიაა. გთხოვთ მალე დადეთ მეორე ნაწილი. არ გვალოდინოთ

 


№11 სტუმარი სტუმარი nino2817

არაჩვეულებრი იყო♥️ ძალიან ნიჭიერი ხარ.

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

უმაგრესი ისტორიაა. ბრავო ,უნიჭიერესი გოგო ხართ. ასე გააგრძელეთ. ველით ახალ ნაწილს

ძალიან მომეწონა. ველი გაგრ,ელებას

 


№13 სტუმარი One

Vaax)) isec emociebshi var))
Saocreba iyo, yvelaze adamianuri da realuri gamcdebita da ganwyobebit))
Unichieresi khart da veli moutmenlad meore nawils❤️

 


№14 სტუმარი One

Emociebisagan da shokisgan sul damaviwyda ameghnishna)) ise gamixarda nacnobi saxelebis gagineba)) maka da sandro))
Zustad vici magatze naklebad ar shegvayvareb am ors❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან, ძალიან კარგად წერ..
ისტორია განსხვავებული და საინტერესო, წარმატებები ????

 


№16  offline წევრი Soraya

კარგი იყო, ისეთი ისტორიაა რომ გაიცინებ, გული დაგწყდება და ბოლოში გაბრაზებასთან ერთად იმედგაცრუებულს დაგტოვებს, იმედგაცრუებულს ირაკლის გამო, მათ გამო.
დიდი ინტრიგა დატოვე:))))
კარგია რომ ჩვეულებრივი, ბანალური დასასრული არ მიაწერე შვილებთან ერთად:)))
მეორე ნაწილში ანის სოულმეითსაც ველოდები
წარმატებები!

 


№17 სტუმარი სტუმარი სოფო

აუუ ეს რა იყოო......სასწაულიააააა....როდის იქნება გაგრძელება ერთი სული მაააქვს

 


№18  offline წევრი nestandarejan

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას აზრის გამოხატვისათვის. ♥
როცა დრო მაქვს, სულ ვწერ და მეც არანაკლებ მინდა გაგახაროთ და არ გალოდინოთ.

 


№19 სტუმარი Ნათია

Საოცარი გოგო ხართ????ძალიან მომეწონაა❤️❤️ველოდები გაგრძელებას

 


№20 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგი იყო , კარგად წერთ. მოუთმენლად ველოდები.

 


№21 სტუმარი სტუმარი მარიამი

ისეთ სიგიჟეში ვკითხულობდი ყველაფერი დამავიწყა, გული ამოვარდნაზე მქონდა. ფინალი ვაიმე როგორ ველოდები გაგრძელებას❤️❤️❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი ხატიკო

ძალიან მომეწონა ისტორია.მაგრამ ასე მკვეთრად გადაჭრილი და გაუგებარი დასასრული არ უხდება!!ველოდები სულმოუთქმელად ისტორიის გაგრძელებას

 


№23 სტუმარი სტუმარი თამო

ეს რა იყო ვაიმე ხერგიანი ესე ვთქვათ გავაღმერთე ისეთი სწორი ჩანდა იმედია ამ ერთ წელში ისეთი არაფერი ქნა არ შეეეფრება სილაჩრე ასე მგონია.იმედია ქეთოს ასე მის იმედად ყოფნა არ გაუმტყუნა.ვაიმე ისე ველოდები ვე რწარმოდგენ საოცრად წერთ.

 


№24 სტუმარი Ana-maria

ზუსტად ვიცი ორი კვირა დასალოდებლად ჩემთვის ბევრია. ღიმილით ვკითხულობდი და უცებ სუნთქვა დამავიწყდა. ირაკლი ძალიან მაგარი კაცია,რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქერთო.იმდენი კითხვის ნიშანი გაჩნდა და როგორც ვატყობ ორი კვირა უნდა ველოდო პასუხს.
ძალიან ძალიან მომეწონა ეს ისტორია. დიდი მოთმინებით დაველოდები მეორე ნაწილს. წარმატებები. ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№25  offline წევრი მარიამ. ნ

მართლა სასწაული იყო ♥️

 


№26  offline წევრი nestandarejan

დიდი, დიდი მადლობა! ♥ ერთი სული მაქვს ეს კვირა გადავაგორო, რომ მაშინვე დავიწყო წერა.... მადლობა ლოდინისთვის, აზრის გაზიარებისთვის და საერთოდ, ყველაფრისთვის!

 


№27  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოო ,ძალიანკ კარგი და საინტერესო ისტორიაა,შთამბეჭდავი შინაარსის. საოცარი და ძლიერი სიყვარულის ისტორია,მიუხედავად უამრავი წინაღობისა. ეს ნათელის და ბნელის ბრძოლა იყო ამ ორი ოჯახის ისტორია და ამ ბრძოლას შეეწირა ვფიქრობ ქეთოს და ირაკლის გრძნობაც . ვნახოთ რა იქნება საინტერესოა რის ან ვის გამო ან ვისი დაცვისთვის გაწირა ხერგიანმა მისი ქორწინება...გელოდებით დიდი ინტერესით..

 


№28  offline წევრი Maia G.

ეს რა იყო?ხმას ვერ ვიღებ,ეს რა გაგვიკეთე,რა განქორწინება? სასწაული გოგო ხარ.ახლა ვერ ვაზროვნებ,კარგად უნდა გავიაზრო ყველაფერი. მოუთმენლად ველი შემდეგს❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი მაშო

აბსოლუტური სიგიჟე იყო ეს. მოუთმენლად ველოდები როგორ გაწვალდება ირაკლი ამ ანგელოზის დაბრუნებით. რთულია იყო უდანაშაულო და სხვისი ცოდვებისთვის ისჯებოდე. ძალიან გამართული ემოციურად მძიმე მაგრამ ამაღელვებელი იყო. ბრავო. ველი შემდეგ ნაწილს

 


№30 სტუმარი ეკა

უჰ რა იყო ეს,სასწული ემოციებით დატვირთული ❤️გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent