გამოღვიძება (თავი.7)
გაოცებისგან ადგილზე გაშეშებულს ჭექა-ქუხილის ხმაც კი აღარ მაშინებდა.საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი,ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მენახა.იქნებ სიზმარში ვიყავი?რეალობაში დასარწმუნებლად ტუჩზე ძლიერად ვიკბინე,თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე,თუმცა არაფერი შეცვლილიყო.წყლის ბურთმა რამდენიმე მოძრაობა გააკეთა,შემდეგ კი ჩემი თავის მოპირდაპირედ ისევ საწყის ადგილს დაუბრუნდა.მასში ისევ ვხედავდი საკუთარ თავს.სახე საოცრად გაფითრებული მქონდა,სხეული კი ერთიანად დაჭიმული.რა მოვლენასთან მქონდა შეხება?მარჯვენა ხელი მაღლა ავწიე და მოლოდინის რეჟიმში გადავედი.საჩვენებელი თითით შეხებას ვცდილობდი.რა მოხდებოდა,თუკი წყლის სფეროს შევეხებოდი?თითქოს საკუთარ თავს ვერ ვენდობოდი,ვერ დამეჯერებინა მომხდარის რეალურობა და ამ ყველაფერში დასარწმუნებლად მეტი მჭირდებოდა.ალექსისი ჩემს მოქმედებას ხალისიანი სახით აკვირდებოდა. თითის შეხებაზე სფერო მრავალ,პატარა წყლის ნაწილაკებად დაიშალა,ნაწილაკებად, რომლებიც ჩემი წამიერი გაოცების შემდეგ წვიმის წყალივით სწრაფად შეერწყნენ მიწას.ალექსისს გადავხედე.მისი მომღიმარი სახე ღრმა,ჩაფიქრებულ გამომეტყველებას შეეცვალა.როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ გონებაში წამიერად აზრმა გამიელვა-,,ნუთუ ერთმანეთს ვგავართ,,.ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს ეს ყველაფერი ადრეც ნანახი მქონდა,იქნებ სიზმრებში? როცა ჩემსკენ მომავალს ვაკვირდებოდი,უკვე იმაზე ვფიქრობდი,თუ რას ვკითხავდი პირველს და გაეცემოდა თუ არა ჩემს შეკითხვებს პასუხი. _ამას როგორ აკეთებ? _რა?_ჩემსკენ გადმოიხარა რომ პასუხი მოესმინა,ჩვენს ირგვლივ წვიმა არ წყდებოდა,ხმაური კი ჩემს სიტყვებს ფარავდა. _სიზმარში ვარ?_თითქოს მისგანაც მჭირდებოდა დასტური,დასტური იმასა,რომ არ ვგიჟდებოდი. _დაფიქრებულხარ იმაზე თუ როგორ ვუხდებით ერთმანეთს?_ხმამაღლა ლაპარაკობდა.მისი სურნელი წვიმის სუნთან ერთად მთელს სხეულში გამჯდომოდა.შეკითხვით მპასუხობდა და კიდევ უფრო მაბნევდა.ღრმად ჩავისუნთქე,თვალებში ჩავხედე და საუბარი დავიწყე. _ამას როგორ აკეთებ ალექსის?_ერთ ადგილზე განაბული ვუცდიდი და მის ლამაზ,ღია თაფლისფერ ნუშისებრ თვალებს მზერას ვერ ვწყვეტდი.არ იღიმოდა,აღარც ეშმაკური გამომეტყველება აღარ ჰქონდა,თითქოს ირონიის ნიღაბი ჩამოეხსნა.ტუჩის კუთხეები ქვემოთ ჩამოწეოდა,რაც მის სახეს საოცრად სევდიან იერს სძენდა.წმინდად გაპარსული ნაზი კანი შეხებას მანდომებდა.მოვარდისფრო ყვრიმალები და თითქმის შეუმჩნეველი ჭორფლები ენით აღუწერელ მშვენიერებას სძენდა.ცხოვრებაში მასსავით ლამაზი არავინ მენახა.სავსე ტუჩები ისე შეეხსნა,თითქოს საუბრის დაწყებას აპირებდა,მაგრამ მის გონებას ამისთვის ჯერ მზაობა უნდა გამოეცხადებინა.დარწმუნებული ვიყავი,თითოეულ საპასუხო სიტყვას გულდასმით არჩევდა.იქნებ,სულაც არ იყო ისეთი ირონიული და ზედაპირული,როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა და როგორადაც თავს აჩვენებდა?პასუხების მიღება მეჩქარებოდა,თუმცა მისი ყურება,სახის გამომეტყველების შესწავლა და ახალი დეტალების აღმოჩენა საოცარ სიამოვნებას მგვრიდა.წამიერად თვალები აუცრემლიანდა.მარჯვენა ხელით ლოყაზე შემეხო,წყლიანი თვალები მოხუჭა და ისეთი ტკივილით ამოთქვა,რომ ტანში ცივი ტალღის ნაკადმა დამიარა. _რომ იცოდე რამდენ ხანს გელოდი პატარავ...._ რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ სახე დაეჭიმა,თვალები გაახილა და ხელი მომაშორა.შავი მოსასხამი სწრაფი მოძრაობით გაიხადა და მასში პატარა ბავშვივით გამახვია.შემდეგ მისი ხელის ოსტატურ მოძრაობას,ჩემთვის ისევ გაუგებარი სიტყვები მოჰყვა.ახლა უკვე ორივე წვიმაში ვიდექით იმ განსხვავებით,რომ მე მისი სამოსი მიცავდა,ის კი ჩემს წინ მხოლოდ თეთრი პერანგით იდგა,რომელიც წვიმას ერთიანად დაესველებინა და მის გამოკვეთილ სხეულის ფორმებს მიჰკვროდა.სახე ისევ ისეთი საშინელი სევდით ჰქონდა დაძაბული.თვალს არ მწყვეტდა,თითქოს გაღიმება უნდოდა,მაგრამ არ გამოსდიოდა.საშინლად მომინდა ჩავხუტებოდი,თუმცა ადგილიდან არ ვიძროდი. _სკოლაში დაბრუნდი პატარავ_მკლავზე შემეხო,მისი ნიკაპიდან ჩამოსული წვიმის წვეთები ხელს მისველებდა. _კი მაგრამ შენ? _გაიქეცი პატარავ,სკოლაში შევხვდებით._მხოლოდ ესღა მითხრა, და თავი ამარიდა. სვლას ნელ-ნელა ვაჩქარებდი,ბოლოს კი გაუცნობიერებლად გავრბოდი. ალექსისი,მომხდარი უცნაური მოვლენა,ნუთუ მას ამ ყველაფრის ძალა შესწევდა?ჯადოქრობა,მაგია...გონებაში ამ სიტყვებს ვერ ვიშორებდი და თან მათ სიცხადეში დასარწმუნებლად საკმარისი ნივთმტკიცებები მჭირდებოდა.ერთ რამეს ნამდვილად ვიაზრებდი,ჩემი სასწავლებელში გამოჩენის დღიდან სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი,რომ რაღაცის ნაწილი ვიყავი,ნაწილი რომელიც ასეთი უცხო და ამავდროულად ძალიან ნაცნობი იყო და რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდებოდა.ახლა უკვე საკუთარ თავს ვეკითხებოდი ვინ ვიყავი?რა კავშირი მქონდა ამოუხსნელ მოვლენებთან,იქნებ ეს ყველაფერი ერთი დიდი გეგმის ნაწილი იყო და ჩემი აქ ჩამოსვლაც გარკვეულ როლს თამაშობდა?როდის მივიღებდი პასუხებს?ან ვიქნებოდი,თუ არა მათ მისაღებად მზად? ფიქრებში გართული სასწავლებლის ჭიშკარს მივუახლოვდი.წარმოდგენა არ მქონდა რამდენი დრო გასულიყო მას შემდეგ რაც მე და ალექსისი ტყის იმ ნაწილში განმარტოვებით ვიყავით,თუმცა ჩემთვის დრო საშინლად ნელა გასულიყო.დროის შეგრძნება დამეკარგა,წამიერად გავიაზრე რომ დაცვისთვის სათქმელი რაიმე თავის გასამართლებელი უნდა მომეფიქრებინა,თუმცა ირგვლივ არავინ იყო.არც სკოლის შესასვლელთან და არც ფოიესთან.სასწავლებელში შესულს კი მოულოდნელი სურათი დამხვდა. _რა ხდება?_პირველივე შემხვედრ უმცროსკლასელ გოგონას ვკითხე,რომელიც ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში ანთებული სანთლით ხელში მიიკვლევდა გზას. _უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ გვაქვს,მთავარ დარბაზში ვგროვდებით_სიტყვები სწრაფად მიაყარა და ასევე სწრაფად გაუჩინარდა. ალექსისის მოსასხამი გავიხადე და ოთახისკენ წავედი.სასწავლებელში დღის შუქი საკმარისად ვერ აღწევდა.შუადღე იყო,მაგრამ შავ ღრუბლებს ისე დაეფარათ ცა,რომ გეგონებოდა უკვე ღამდებოდა.სანამ დანარჩენებს შევუერთდებოდი სახეზე წყალი შევისხი,ნახევრად სველი პერანგი და სვიტრი გამოვიცვალე და დასვრილი ფეხსაცმელები გასაწმენდად დავაწყვე.ოთახის დატოვებამდე კი სველი მოსასხამი საწერ მაგიდასთან მდგარ სკამზე გასაშრობად გადავკიდე და მსუბუქი მაკიაჟი შევისწორე.ხვეული თმა უკან გადავიყარე და საკუთარ გამოსახულებას შევხედე.წამიერად წარმოვიდგინე როგორ იდგა გვერდით ალექსისი და ზემოდან დამყურებდა.მართალი იყო,ერთმანეთს საოცრად ვუხდებოდით. _შენ მას არცკი იცნობ_ხმამაღლა წარმოვთქვი და საკუთარ თავზე გამებრაზა.რატომ მაღიზიანებდა იმის გაცნობიერება,რომ ალექსისი მიზიდავდა და საშინლად მინდოდა მისი შეხება?მე ხომ სასწავლებელში იმ იმედით მივდიოდი,რომ ჩვეულებრივი თინეიჯერული დამამთავრებელი წლები მქონოდა სკოლაში,რომელშიც არასდროს მევლო.მაგრამ ნაცვლად ამისა,ჩამოსვლის დღიდან ჩვეულებრივი და ნორმალური არაფერი ხდებოდა. _ყველაფერი კარგად იქნება_ისევ ხმამაღლა წარმოვთქვი,საკუთარ თავს სარკეში გავუღიმე და ოთახი დავტოვე. მთავარი დარბაზის შესასვლელში დოქტორი ლიზბეტი იდგა,რომელიც თავაზიანი ღიმილით ესალმებოდა შესასვლელთან მოგროვილ ბავშვებს და წვეულებისთვის განკუთვნილ სანთლებს არიგებდა.ჩემთვის განკუთვნილი სანთელი გამოვართვი და გრძელი სკამის ბოლოში ჩამოვჯექი.ჩემს ქვემოთ,რამდენიმე რიგის მოშორებით ტომასი და მისი მეგობრები დავინახე,მათ გვერდით იჯდა ფელიციაც,გოგონა რომელიც გასული წლის წვეულების წინ ალისტერს მიეტოვებინა.სანთლის შუქზე მისი მხრამდე შეჭრილი ქერა თმა უფრო მუქი ფერის ჩანდა,ვიდრე სინამდვილეში იყო. ბავშვების თვალიერებას ვაგრძელებდი,მინდოდა მათში ალექსისი მეპოვა,აქეთ-იქით ვიყურებოდი,მაგრამ მის ალისფერ თმას და ნავარჯიშებ სხეულს ვერსად ვერ ვხედავდი.სამაგიეროდ მწველ მზერას ვგრძნობდი და მისკენ გახედვის გარეშეც შემეძლო მეთქვა ვინ მომჩერებოდა. ზიზღიანი სახით მაკვირდებოდა.დარწმუნებული ვიყავი,რომ ვძულდი,ყოველი მიზეზის გარეშე აუხსნელად და დასაბუთებების გარეშე,მაგრამ რატომღა მიყურებდა?ხელიდან შანსს არ უშვებდა იმის გადმოსაცემად თუ რაოდენ ვძულდი,რამხელა ზიზღი და საშინელება იკითხებოდა მის გამომეტყველებაში,მაგრამ რატომ?ან ჰქონდა კი მის დამოკიდებულებას ჩემს მიმართ ამხელა მნიშვნელობა?ალექსისზე ვფიქრობდი,თავიდან ვერაფრით ამომეგდო ბოლო სურათი,სადაც ის ერთიანად სველი თერთ პერანგში გამოწყობილი იდგა ჩემს წინ მე კი სურვილი მიპყრობდა ჩავხუტებოდი და ნაზ კანზე შევხებოდი.თითებით შემეგრძნო მისი ნაკვთები.მუცელში უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა,როცა გამახსენდა როგორ მისვამდა თითს ტუჩებზე.იქნებ კარგიც იყო,რომ მას ბავშვებში ვერ ვხედავდი და ჩემთან ახლოს არ იყო?ნამდვილად არ მინდოდა მიმხვდარიყო თუ რა ემოციებს იწვევდა ჩემში და რომ მე საერთოდ მასზე ვფიქრობდი,გარდა იმ უცნაური მოვლენისა რომელზეც კიდევ ერთხელ მოგვიწევდა საუბარი. ვერაფრით ვხსნიდი იმ ფაქტს,როგორ ვიდექით თავსხმა წვიმაში ისე რომ წვიმის წვეთიც არ გვეკარებოდა,ან რანაირად მოახერხა წყლით სფეროს გაკეთება და სურვილისამებრ მართვა?მისი სურვილების მიუხედავად,მაინც მოუწევდა შეკითხვებზე პასუხების გაცემა და იმის თქმა,თუ როგორ მოახერხა ეს ყოველივე. ალისტერი!წამიერად გონებაში მისმა სახელმა გამიელვა და მისი მიმართულებით გავიხედე,როგორც ყოველთვის ახლაც ამრეზი სახით მათვალიერებდა.ის და ალექსისი თუ ნამდვილად მეგობრები იყვნენ მას აუცილებლად ეცოდინებოდა ამ ყველაფერზე რაიმე მაინც.რამდენიმე წუთით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,მის მზერაში ზიზღთან ერთად საოცარი გაღიზიანებაც იკითხებოდა,რაც უფრო მეტ ხანს ვუყურებდი მის შავ თვალებს,მით უფრო მეტად მიპყრობდა შიშისა და სასოწარკვეთილების შეგრძნება.სისხლივით შავი ტუჩები მოეკუმა,დარწმუნებული ვიყავი სიბრაზისგან კბილებს ერთმანეთს აჭედა,მუშტები შეეკრა და ცალი წარბი მაღლა აეზიდა.სწორი, მხრებამდე შავი თმა ისედაც თეთრ სახეს კიდევ უფრო არაადამიანურ თეთრ ფერს სძენდა.იქნებ მასაც შეეძლო სტიქიებზე ზემოქმედება,ისევე როგორც ალექსისს?თითზე ჩამოღვენთილმა სანთლის წვეთმა ფიქრებიდან გამომარკვია და ადგილზე შევხტი.შემდეგ კი ჩემი მზერა ალისტერიდან დოქტორ ლიზბეტზე გადავიტანე,რომელიც დარბაზის შემაღლებულ ადგილას იდგა იქ,სადაც შემდგომ წვეულებისთვის სცენა უნდა მოეწყოთ. _ყურადღება თუ შეიძლება!_ტაშით მოგვიხმო და მოსაუბრე ბავშვებს ღიმილიანი სახით გადახედა. _გაკვეთილები არ გვექნება!!!_რომელიღაცამ მოულოდნელად წამოიყვირა და შემდეგ ყველა ერთხმად აყვირდა. _წესრიგი!!!_მკაცრი ტონით განაგრძობდა ბავშვების დაშოშმინებას და სახიდან ღიმილს არ იშორებდა._გაკვეთილები მართლაც არ გექნებათ,მაგრამ წესრიგისკენ მოგიწოდებთ.კიდევ ერთხელ გეტყვით,რომ ყველაფერს ვაკეთებთ რისი გაკეთებაც შესაძლებელია.რამდენიმე საათში ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგება,მანამდე კი შეგახსენებთ,რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე შესვლა ძველებურად კონტროლდება და წესის დამრღვევი დაისჯება! და ბოლოს,სანამ დარბაზს დატოვებდეთ მინდა გაცნობოთ,რომ გეგმები შეიცვალა,წლიური წვეულება დროზე ადრე იქნება,ამიტომ შეგიძლიათ, ამ წუთიდანვე დაიწყოთ იმაზე ფიქრი,თუ ვინ იქნება თქვენი მეწყვილე._მის ბოლო სიტყვებს ბავშვებში უკმაყოფილება მოჰყვა,მე კი წვეულების გარდა ყველაფერზე ვფიქრობდი. სანამ უზარმაზარ დარბაზს დავტოვებდი დოქტორმა ლიზბეტმა თავისთან მომიხმო. _ელის,შენთვის რაღაც უნდა მომეცა_დაიხარა და იატაკიდან პატარა ყუთი აიღო,რომელიც საგულდაგულოდ შეეფუთათ. _მადლობა_მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე,როცა ყუთზე სახლის მისამართი და საკუთარი სახელი ამოვიკითხე,შემდეგ კი შევეცადე ბავშვებით სავსე დერეფანი სწრაფად დამეტოვებინა და რაც შეიძლებოდა მალე ავსულიყავი ოთახში. მას შემდეგ რაც სანთელი ავანთე,ლოგინზე მოვკალათდი და ყუთი მოუთმენლად გავხსენი.ველოდი,რომ შეიგნით პოლისგან გამოგზავნილი წერილი,ან რაიმე პატარა ბარათი მაინც დამხვდებოდა,მაგრამ შევცდი.შიგნით მხოლოდ საშუალო ზომის,სქელი წიგნისმაგვარი დღიური იდო,რომელსაც ყავისფერი ტყავის ყდა ჰქონდა.უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე და დღიურის ფურცვლა დავიწყე იმ იმედით,რომ შიგნით მაინც ვიპოვიდი რაიმეს,რაც იმის გაგებაში დამეხმარებოდა საერთოდ რისთვის გამომიგზავნეს უცხო ნივთი.გაოცება და სიბრაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ,ვერაფერი გამეგო.რაში უნდა გამომეყენებინა ცარიელი დღიური?ყუთში კიდევ ერთზელ ჩავიხედე,დღიური სათითაოდ,მერე კი ერთი ხელის მოძრაობით დავათვალიერე,თუმცა არც ერთ გვერდზე და არც ყდაზე ინფორმაციის ნასახი არ იყო.არანაირი მოკითხვა,არანაირი წერილი,მხოლოდ დღიური და ისიც ცარიელი? _ძალიან სასაცილოა_გაბრაზებულმა წამოვიყვირე და წამოვდექი,შემდეგ კი ცარიელი ნივთი საწერი მაგიდის ბოლო,ცარიელ უჯრაში ხმაურიანად ჩავაბრძანე და აბაზანას მივაშურე. ცხელი შხაპი დროის გაყვანაში და მოდუნებაში დამეხმარებოდა,მერე კი ელექტრო ენერგიის მოსვლას დაველოდებოდი და მშობლებთან დავრეკავდი.ალბათ მოიძებნებოდა პასუხი მომხდარის ასახსნელად. შხაპის ქვეშ ვიდექი და ისევ ტყეში მომხდარზე მეფიქრებოდა.იმაზე,რომ მხოლოდ ჩვენს გარშემო არ წვიმდა.რატომ მეგონა,რომ მას სკოლაში ვნახავდი?არა,დანაპირები ნამდვილად არ შეესრულებინა.გულის არეში საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი,რა იქნებოდა ამ ყველაფრის ვინმესთვის მოყოლა რომ შემძლებოდა?შეიცვლებოდა რაიმე ბებია,რომ ცოცხალი ყოფილიყო?ან პოლს სახლში დარჩენა რომ გადაეფიქრებინა და სასწავლებელში წამომყოლოდა? ფიქრებში გართულს ცხელი წყლის ქვეშ უკვე კანი მიწითლდებოდა.წყალი გადავკეტე და სანამ უჰაერობა დამეწყებოდა ტილო შემოვიხვიე და ოთახში პიჟამების ასაღებად გავედი.მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი და ლამის სანთელი გამივარდა,როცა ჩემს ლოგინზე წამოწოლილი ალექსისი დავინახე,რომელსაც ხელები თავის ქვეშ ამოედო და ეშმაკური ღიმილით მომჩერებოდა.თავიდან ვიფიქრე,რომ მეჩვენებოდა,თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავუსუნთქე,მაგრამ მისმა სიცილმა რეალობაში დამაბრუნა,ჩემს რეაქციაზე ხალისობდა. _ხომ დაგპირდი სკოლაში გნახავ-მეთქი პატარავ_ლოგინიდან წამოიწია და ფეხის წვერიდან თმის ბოლომდე ამათვალიერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.