შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის მოციქული ( სრულად )


15-06-2023, 13:40
ავტორი Antonio Gover
ნანახია 3 822

- ახლა რაღაც უნდა გითხრა და იცოდე არ გაგიჟდე ისე შენ რომ იცი ხოლმე, -დედაჩემი დივანზე ჩამოჯდა და ისეთი სახით შემომხედა, მივხვდი ისევ რაღაც სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული და აპირებდა რომ საშვილიშვილოდ მოეშალა ჩემთვის ნერვები.
- ახლა რაღა მოიფიქრე, უკმაყოფილოდ გავაჩოჩე გვერდზე კომპიუტერი და ისეთი სახე მივიღე ვითომ ძალიან მაინტერესებდა.
- მღვდელი უნდა მოვიყვანო და ეს ბინა ვაკურთხებინო.
ფხუკუნი რომ მომესმა წარბაწეულმა გადავხედე ჩემს საუკეთესო მეგობარს ნიტას, რომელიც ჩვენთან უფრო მეტ დროს ატარებდა ვიდრე თავის სახლში, ფაქტიურად დედაჩემის გაზრდილი იყო და ხანდახან მეგონა რომ დედაჩემს ჩემზე მეტად უყვარდა, ტუჩებზე მიიდო თითი იმის ნიშნად ჩუმად ვარო და შეეცადა სერიოზული სახე მიეღო, იცოდა რაც მოყვებოდა ყველაფერ ამას და წინასწარ ემზადებოდა მოსალოდნელი მხიარულებისთვის.
- მერე ჩემთან რა გინდა, მღვდელი მე არ ვარ და მონაზონი, -შესაშური სიმშვიდით ვუთხარი.
- ფული მომეცი რა, მე აღარ მაქვს, მღვდელს რომ მოვიყვან ხომ უნდა გადავუხადო.
- რამდენი უნდა გადაუხადო?
- ორმოცდაათი ლარი არ ეყოფა?
- ორმოცდაათ ლარს ოთხმოცდაათიან წლებში იღებდნენ ეგენი ნუნუ დეიდა, ახლა ყველაფრის ფასმა მოიმატა, ლარი გაუფასურდა...
- შენ გაჩუმდი, -მუქარით დავუქნიე თითი ენადგაკრეფილ ნიტას, სიბრაზისგან მოღრეცილი ყბა ხელით გავისწორე და მიამიტურად მომღიმარ დედაჩემს მივუბრუნდი.
- ერთ თეთრსაც კი არ გადავიხდი მე მაგ საქმეში, -კატეგორიული ტონით გამოვუცხადე.
- არ გადაიხდი და ნუ გადაიხდი, ჩემი პენსიიდან მივცემ, -ჯიუტი ბავშვივით დაიკრიფა გულზე ხელები, ფეხების დაბაკუნებაღა აკლდა.
- თუ შენი პენსიიდან იხდიდი მე რაღას მეუბნებოდი.
- აბა არ მეთქვა? ჩუმად ხომ არ მოვიყვანდი სახლში, მინდა რომ აქ იყო როცა მოვა და სახლს აკურთხებს.
- მე რა შუაში ვარ მეც უნდა მაკურთხოს? -ვიკითხე და ნიტას სიცილი რომ აუტყდა მეც ვეღარ შევიკავე თავი და დიდხანს ვხარხარებდით ერთ ხმაში.
- ურჯულოები ხართ თქვენ, არაფრის არ გჯერათ, -დაგვიცაცხანა და გაბრაზებული წამოხტა ფეხზე.
- კარგი რა დედა, უბრალოდ ვხუმრობ, ხვალ სამსახურში რომ წავალ ვინც გინდა ის მოიყვანე, მღვდელი, მოლა, რაბინი ან იეჰოვას მოწმეები, ჩემთვის სულერთია.
- ან ბუდისტი ბერები, -ჩაურთო ნიტამ.
- ერთნაირები ხართ, თქვენი გამოსწორება არ იქნება, -თავი სინანულით გადააქნია დედაჩემმა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- კი მაგრამ საიდან მოგივიდა თავში აზრად აქაურობის კურთხევა, -მაინც ვერ მოვითმინე რომ არ მიმეძახებინა, აფოფრილი შემომიბრუნდა და დოინჯი შემოირტყა.
- ამდენი უცნაური რაღაც რომ ხდება ვერ ხედავ?
- მაინც რა ხდება?
- ხმები ისმის.
- ეგენი ნათელას თაგვები არიან, წლობით არ ალაგებს ბინას და გამრავლდნენ, არ გაგიკვირდეს ჭერი რომ გამოღრნან და ჩვენთან ჩამოვიდნენ.
- კედლებშიც თაგვები არიან?
- კედლებში მეზობლები არიან, -დემონტრაციულად გავშალე ხელები, -გაიხედეთ მარჯვნივ, აქეთ ლელა ცხოვრობს...
- გაჩუმდი გოგო, -სიწითლემ გადაუარა სახეზე, არ გაიგონოს?
- გაიგონოს თორემ ახალ რამეს ვამბობ, თვითონ არ იცის რომ ა?
- გეყოფა გოგო, ჩაიგდე ენა, სირცხვილია.
- ოჰ ამ ახალი ბინების რა ვთქვი, ადამიანს ნორმალურად ვერ დაგილაპარაკია, ნწუ, ნწუ, ნწუ, -თეატრალურად გადავატრიალე თვალები, -ჰოდა იმას ვამბობდი დედიკო რომ მარჯვნიდან ლელას საწოლის მრავალფეროვანი ხმები შემოდის და მარცხნიდან მარიკას ბავშვების, შენ რომელ ხმაურს გულისხმობ?
- ნივთები რომ იკარგება ხოლმე? -მაინც არ მითმობდა.
- იმ წინდებს და ხურდა ფულს გულისხმობ შენი კატა რომ იპარავდა და სავარძლის ქვეშ აგროვებდა? -მივახალე და ახლახანს ბრძოლა მოგებული მთავარსარდალივით გავიშალე მხრებში.
ერთხანს უხმოდ მიყურებდა და თვალებით მბურღავდა, -მასხარა ხარ, ნამდვილი მასხარა, -ჩაილაპარაკა ბოლოს და სამზარეულოში შეიკეტა.
- რა გინდოდა კესარია, რას ერჩოდი, აღარ გამოგვიცხობს ახლა ლობიანს, -ნიტამ იდაყვი წამკრა და უკმაყოფილო მზერით დაეშვა დივანზე.
- საღამომდე გადაუვლის, -უდარდელად ავიჩეჩე მხრები და უკვე შეგრილებული ყავით სავსე ჭიქას წამოვავლე ხელი, -წამოდი აივანზე გავიდეთ რა თორემ გავიგუდე სადაც არის, ხელფასს ავიღებ თუ არა კონდიციონერი უნდა ვიყიდო.
- გყოფნის ფული? თუ არ გეყოფა მე დაგიმატებ.
- საიდან დამიმატებ, ექვსასლარიანი ხელფასიდან?
- შენ იცინე იცინე და ჯანომ დაგაწინაურებ და ხელფასს მოგიმატებო ასე მითხრა, -ნიშნისმოგებით გამომიცხადა.
- ეგ სულ ასე გიმატებს ხელფასს უკვე ერთი წელია, არადა მთელ საქმეს შენ გაკეთებინებს, ეგღა გაკლია შვილების ძიძობაც შემოგტენოს.
- გუშინ დამირეკა მაგის ცოლმა, -საცოდავად ამოიოხრა და მოაჯირს დაეყრდნო, -იტალიაში მივდივართ დასასვენებლად და ბავშვებს შენს გარადა ვერავის ვერ ვანდობო.
- აი ხომ გეუბნებოდი.
- ერთი თვით მიდიან, კარგად გადაგიხდიო მითხრა, ჰოდა მერე მეც დაგეხმარები, -გამეღიმა, ძალიან საყვარელი იყო, გულიანი, გულწრფელი და გულუბრყვილო, ვიცოდი რომ დამჭირვებოდა სულსაც კი ამოიღებდა და მომცემდა.
- შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, ისედაც სწავლის გადასახადი გაქვს შესატანი, კონდიციონერს განვადებით გამოვიტან, ცოტას წინასწარ შევიტან, ცოტას რამდენიმე თვეზე გადავანაწილებინებ, თორემ ასე ცხოვრება უკვე აღარ შემიძლია, -ხარბად ჩავისუნთქე იშვიათი სუფთა ჰაერი და თავს უფლება მივეცი ცოტა მოვდუნებულიყავი, ერთადერთი პლიუსი რაც ამ ბინას ჰქონდა რომელიც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ვიყიდეთ იმ ფულით რაც მისი დატოვებული ვალების გასტუმრების შემდეგ დაგვრჩა, უზარმაზარი აივანი იყო, მოაჯირს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე, ჩემი სახლი გამახსენდა, ორსართულიანი, უზარმაზარი მწვანე ეზოთი, მამას გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ რომ თურმე ბანკში ჰქონია ჩადებული...
- დათო ჩამოსულა, -ნიტას აღელვებული და ათრთოლებული ხმა რომ მომესმა იძულებული გავხდი თვალები გამეხილა და ამქვეყნად დავბრუნებულიყავი, თვალებმოჭუტულმა შევხედე სახეაწითლებულს და აწრიალებულს, დათო ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა, ჩვენ მეორე სართულზე, ის კი ჩვენს ქვემოთ პირველზე და ოცდაორი წლის ნიტას უკვე ათი წელია თავდავიწყებით უყვარდა, მე კი ათი წელია ვფიქრობდი და ვერ მივმხვდარიყავი, როგორ მოახერხა, ჩემს პატარა ფერიაზე ხუთი წლით უფროსმა და მე თუ მკითხავთ არც თუ ისე სიმპათიურმა, ზომიერზე უფრო მეტად მორიდებულმა და ნამდვილმა განდეგილმა დათუნამ, გაზაფხულივით ნაზი და ფერადი, მხიარული, ჭკვიანი და ულამაზესი ნიტას გულის მოგება, არ მესმოდა როგორ შეიძლებოდა ვიღაც დათოს გამო ასეთ დღეში ყოფილიყო, ალბათ ეს იყო სიყვარული, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე ხომ არასოდეს მყვარებია...
- ხვალ დაბადების დღე აქვს, მე კი ჯერ არაფერი მიყიდია? -განერვიულებულმა გადააჭდო თხელი თითები ერთმანეთს და თვალების ფახუნით შემომხედა, მაშინვე მივხვდი, ეს მზერა იმას ნიშნავდა რომ საყიდლებზე უნდა გავყოლოდი.
- ახლა მაინც მიხვალ და აჩუქებ თუ ისევ კართან უნდა დაუტოვო? -ვერ შევძელი ხმაში ირონია რომ არ გამრეოდა, ნიტას არ სწყენია, მიჩვეული იყო რომ მუდამ დავცინოდი მის გაუბედაობას დათოსთან მიმართებაში, არ გაგიკვირდეთ თუ გეტყვით რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ, მხოლოდ ხანდახან ხვდებოდნენ კიბეებზე და უბრალო სალმით შემოიფარგლებოდნენ ხოლმე, ზუსტად ისე როგორც უჟმურ მეზობლებს შეეფერებათ, თუმცა ნიტამ მის შესახებ ყველაფერი იცოდა, მანიაკალურად იყო დათოთი და მისი ცხოვრებით დაინტერესებული, იცოდა ვინ იყო, რამდენი წლის იყო, რას წარმოადგენდა, სად მუშაობდა, ვისთან ურთიერთობდა, რას ჭამდა, რა უყვარდა, როდის ეძინა, როდის ეღვიძა...
- კეს რაზე ფიქრობ? -მხარზე ხელი მომკიდა და შემანჯღრია.
- იმაზე რომ ზედმეტი მოგდის, -პირდაპირ მივახალე, ვიღაცას ხომ მაინც უნდა ეთქვა მისთვის თუ რა საშინლად იქცეოდა.
- რას გულისხმობ? -ისევ ჩვეულებისამებრ მიამიტურად აახამხამა თვალები.
- მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ, დააყენე ბოლოს და ბოლოს საშველი, მიდი დათოსთან და უთხარი რომ მოგწონს, ხვდები რომ ზედმეტად ემსგავსები უკვე შეპყრობილს?
- შეპყრობილი თუ ვარ იქნებ მეც მაკურთხოს იმ მღვდელმა დედაშენმა რომ უნდა მოიყვანოს.
- ისეთ დღეში ხარ შე საცოდავო კურთხევა კი არა ეგზორციზმიც არ გიშველის და სხვა რაღაცაზე ნუ ცდილობ ყურადღების გადატანას.
- მეშინია, -როგორც იქნა აღიარა და ტუჩებმობრეცილმა ჩაღუნა თავი.
- რისი გეშინია?
- რომ მითხრას შენ ვინ ჯანდაბა ხარ, მომწყდი თავიდანო, მაშინ რა უნდა ვქნა?
- ასეთ რამეს თუ გეტყვის, გაუშვი ჯანდაბაში და ეგ იქნება.
- ჰო, შენთვის ადვილი სათქმელია, შენ კი არ ხარ სულით ხორცამდე შეყვარებული, აბა მე მკითხე, სიზმარშიც და ცხადშიც მას ვხედავ.
- ზედმეტად ნუ ატრაგიკულებ სიტუაციას, -ღიმილი ძლივს შევიკავე და სიამოვნებით მოვსვი უკვე გვარიანად გაციებული ყავა, -ჰო და მოაშორე ის ფოტოებით და წითელი ძაფებით სავსე დაფა ჩემი საძინებლიდან, მომინდომა გოგომ დეტექტივობა.
- დეტექტივობა კი არა, შეხედე ვიღაცასთან ერთად არის, მგონი დათოს სტუმარი ჰყავს თანაც დიდი ხნით, ნახე ჩემოდნებს იღებენ მანქანიდან, შეხედე, შეხედე...
მხოლოდ იმიტომ შევბრუნდი რომ მისთვის არ მეწყენინებინა, მოწყენილი მივაჩერდი ეზოში მდგარ ავტომობილს რომლის საბარგულიდან დათო ჩემოდნებს ალაგებდა ძირს, გვერდით მაღალი, შავთმიანი, მთლიანად შავებში გამოწყობილი უცნობი ედგა, ტატუებით დაფარული დაძარღვული მკლავები ჰქონდა და უცნაურად მიმზიდველი ხორბლისფერი კანი, დაბალი წვერი, დახვეწილი სახის ნაკვთები...
- რა ჯანდაბაზე ფიქრობ კეს, -მხოლოდ ჩემთვის გასაგონად ჩავიბუტბუტე, თვალმოუშორებლად ვუყურებდი როგორ მოაგორებდა ჩემოდანს შემოსასვლელისკენ, ის იყო ჩვენს აივანს გაუსწორდა რომ ნიტამ მთელი ძალით გამკრა იდაყვი.
- შეხედე დათუნა რა საყვარელია.
მერე რაც მოხდა ახლაც ბუნდოვნად მახსოვს, ყავის ჭიქა ხელიდან გამივარდა და უცნობისკენ დაეშვა, უნებურად წამსკდა კივილი, თავი აწია და შემომხედა, შემომხედა და სამყარო გაჩერდა, არ ვაზვიადებ, ეს ჩვეულებრივი რომანტიული შაბლონური ფრაზა არ გეგონოთ, მართლა გაჩერდა ყველაფერი, გაიყინა, გაირინდა, ჭიქა ნახევრად გადმოღვრილი ყავით ზუსტად მის მხართან ლივლივებდა ჰაერში, მის თვალებში კი წითლად მოელვარე ცეცხლი ენთო, თავი გვერდზე გადახარა, საოცრად მომხიბვლელი ღიმილით გამიღიმა, მერე თითქოს რაღაც შეცდომა დაუშვაო უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა შუბლი და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ზუსტად ისე როგორც უნდა ყოფილიყო, ჭიქა მის მხარზე დაეშვა, მერე კი ხმაურით დაენარცხა ასფალტზე, ყავა მკლავზე ჩამოეღვარა, ნიტამ იკივლა, დათომ შეშინებული მზერა მიაპყრო ნიტას, უცნობს არაფერი უთქვამს, კიდევ ერთხელ შემომხედა შავი თვალებით რომლებშიც იმ წითელი ელვარების კვალიც კი აღარ იყო დარჩენილი, მერე თავი ჩაღუნა და სადარბაზოში გაუჩინარდა.
- ეშმაკის მოციქული, -გაუცნობიერებლად დამცდა გამშრალი ბაგეებიდან...





- არ მჯერა რომ ვერაფერი შეამჩნიე, -გაბრაზებულად გადავხედე დივანზე წამოწოლილ სულელურად მომღიმარ ნიტას რომელსაც ჩემი უზარმაზარი დათუნია ჰქონდა ჩახუტებული გულში და ისე ნაზად ეფერებოდა თავზე დარწმუნებული ვარ ოცნებებში მის ადგილზე დათო ჰყავდა წარმოდგენილი.
- ბოლოს და ბოლოს მოიშორე ეგ ნეტარი გამომეტყველება და მიპასუხე, -გამწარებულმა ვუყვირე როცა მივხვდი რომ ჩემი ნათქვამი არცერთი სიტყვა არ აღწევდა დათოზე ფიქრებით და ოცნებებით გამოტენილ მის ტვინში, შიშისგან საცოდავად შეხტა, დათუნია ხელიდან გაუვარდა და წამოჯდა.
- რა გინდა? რას მერჩი? -საცოდავად ჩაიბურტყუნა და აცრემლიანებული თვალებით შემომხედა, შემეცოდა და საკუთარი თავის შემრცხვა, მართლაცდა რას ვერჩოდი, რა მისი ბრალი იყო რომ რაღაცეები მეჩვენებოდა, ჯანდაბა, აი უკვე ვფიქრობ რომ მომეჩვენა არადა არაფერიც არ მომჩვენებია...
- რა გჭირს კეს? ახლოს მომიცუცქდა, მუხლით მიმაწევინა ფეხები და ჩემს გვერდით ჩაჯდა სავარძელში, მე შენ გეტყვი და ვერ ჩაეტეოდა, ისე იყო გამხდარი ლანდი გასდიოდა თუმცა არც მე ვიყავი უკეთეს დღეში, ერთი საშუალო სიმაღლის და სრულიად ჩვეულებრივი გარეგნობის მქონე წაბლისფერთმიანი და ყავისფერთვალებიანი ოცდაორი წლის გოგო ვიყავი, თუმცა ჩემი თავი მომწონდა და ჩემი გარეგნობაც სრულიად მაკმაყოფილებდა...
- მაპატიე არ უნდა მეყვირა, -მხარზე მივეყრდენი და სახით ყელში შევუძვერი, -ძალიან მომეშალა ნერვები, ახლაც ძლივს ვიჯერებ იმას რაც მოხდა, -ხომ მაპატიებ?
- რათქმაუნდა გაპატიებ სულელო, ხომ იცი არ შემიძლია შენზე გავბრაზდე, -თავზე მაკოცა და მაგრად მომეხვია, -შენც უნდა მაპატიო.
- მე არ უნდა გაპატიო?
- ის რომ არაფერი არ დამინახავს, დათოს ვუყურებდი, მისი სტუმრისთვის ყურადღებაც კი არ მიმიქცევია, ვერ ვხვდები რამ შეგაშფოთა ასე ძალიან.
- შენ რომ ის დაგენახა რაც მე დავინახე შენც შეშფოთდებოდი, -მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე, წამოვდექი და ნერვიული ნაბიჯით მივედი ღია ფანჯარასთან, ისევ ისე ცხელოდა როგორც ცოტა ხნის წინ, ჰაერი არ იძვროდა, ერთი წვიმა მისწრება იქნებოდა ახლა თბილისისთვისთქო გავიფიქრე და დამეცა კიდეც რამდენიმე უზარმაზარი წვეთი ფანჯრიდან გადაკიდებულ ხელზე.
- ნიტა წვიმას იწყებს, მგონი გვეშველა, -ყვირილით შემოვტრიალდი, ნიტამ დაეჭვებულმა შემომხედა, ფანჯარას მოუახლოვდა და მერე ზაფხულის სიცხისგან აალებულ გარემოს მოავლო თვალი, რაფას დაეყრდნო და ზემოთ აიხედა.
- წვიმა არა ის, სვეტას ისევ გაუწურავი სარეცხი დაუფენია, -გამომიცხადა მშვიდად, ისევ მოვიღუშე, რა თარსი დღე იყო წვიმაშიც კი არ მიმართლებდა.
- არ მეტყვი ბოლოს და ბოლოს ისეთი რა დაინახე რომ ასე გაგიფუჭდა ხასიათი? -ისეთი ხმით მკითხა ვითომ არ აინტერესებდა არადა ვიცოდი ინტერესით კვდებოდა, ვინ ვინ და მე ძალიან კარგად ვიცნობდი ნიტას საშინლად ცნობისმოყვარე იყო, თუმცა არ ვიცოდი ღირდა თუ არა ყველაფერი მომეყოლა მითვის, დიდი ალბათობით არ დამიჯერებდა, მხოლოდ მოსაჩვენებლად დამიქნევდა თავს და ეგონებოდა რომ გავგიჟდი, რაც არ უნდა ყოფილიყო, ვეღარ ვითმენდი, ახლა მისთვის ყველაფერი რომ არ მომეყოლა ალბათ გული გამისკდებოდა.
- შენი დათუნას სტუმარს ეხება.
- გისმენ, -მოკლედ მოჭრა, არც კი უთქვამს ჩემი დათუნა არ არისო, მშვენივრად შეიფერა, გამეღიმა...
- რაღაცაშია საქმე, ეგ ტიპი ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, -პირდაპირ მივახალე და მისდა სასახელოდ უნდა ითქვას რომ გაკვირვება არ შეიმჩნია, არც მე გამკვირვებია მისი ასეთი რეაქცია, ჩემს ხელში უცნაურობებს მიჩვეული იყო, დაახლოებით ექვსი წლის ვიქნებოდით როცა ახალი წლის ღამეს მეზობლის სახლის სახურავზე ავათრიე ძალით და მთელი ღამე ვდარაჯობდით თოვლის ბაბუას ბუხრის მილთან, არადა თურმე ლამის მთელი ქალაქი ჩვენ გვეძებდა, რვა წლის ვიყავით როცა ჩვენი ახალი მეზობელი, ახალგაზრდა მამაკაცი ამოვიჩემე, ვამტკიცებდი რომ ვამპირი იყო მხოლოდ იმიტომ რომ მუდმივად ჩაწითლებული თვალები და თეთრი კანი ჰქონდა და არასდროს გამოდიოდა სახლიდან მზის ჩასვლამდე, კი მითხრა ერთხელ ნიტამ დავინახე დღისით მზისით როგორ შევიდა მარკეტში და როგორ იყიდა სიგარეტიო მაგრამ ისეთი ჯიუტი ვიყავი არაფრით გადავდიოდი სიტყვას, არადა მაშინვე უნდა მეფიქრა რომ რა უნდოდა ვამპირს დღის შუქზე გარეთ, თანაც რომელი ვამპირი ეწევა სიგარეტს?
- ჰოდა შევიპარეთ ამ ჩვენი ვამპირის სახლში, კუბოები და სისხლით სავსე ქილები არა მაგრამ ერთ-ერთ ოთახში საცოდავად დაბმული ორი ახალგაზრდა გოგო კი ვიპოვეთ, იმდენი მაინც მოვახერხეთ რომ შეუმჩნევლად გამოვსულიყავით იქიდან და მაშინვე პოლიციის განყოფილებაში მივსულიყავით, თავიდან არ დაგვიჯერეს მაგრამ ბოლოს მადლობები გვიხადეს სერიული მკვლელის დაჭერაში რომ დავეხმარეთ, ამ ამბით დღესაც ვამაყობ, რომ არა დედაჩემის მაშინდელი ნერვიულობა და კინაღამ გადატანილი გულის შეტევა უფრო მეტად ვიამაყებდი, განძის ძებნის გამო გადათხრილ მეზობლების ეზოებს და თორმეტ წლამდე ზამთარ ზაფხულ ღია ფანჯარაზე აღარაფერს ვამბობ, ცოცხალი თავით არ ვკეტავდი, მჯეროდა რომ პიტერ პენი მოვიდოდა ჩემთან, სიმართლე რომ ვთქვა ახლაც მჯერა უბრალოდ ჭკუა მყოფნის რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა არ ვთქვა...
- რას გულისხმობ? რას ნიშნავს ადამიანი არ არის? -ნიტას ხმამ დამაბრუნა აწმყო დროში.
- ადამიანს ჰგავს მაგრამ ადამიანი არ არის, მისი თვალები რომ დაგენახა...
- ასეთი ლამაზი თვალები ჰქონდა? -მხიარულად ჩაიფხუკუნა.
- გგონია ვხუმრობ? -რატომღაც მეწყინა მისი ასეთი რეაქცია.
- რა ვიცი ვიფიქრე რომ ძალიან მოგეწონა და გადატანითი მნიშვნელობით ამბობდი რომ ადამიანი არ იყო, მოიცა შენ რა არ ხუმრობ?
- არ ვხუმრობ, დრო შეაჩერა და თვალებში წითელი ცეცხლის ენები ენთო...
- მოიცა, მოიცა, -ხელის აწევით შემაჩერა, -კარგად დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი.
- ნუ გამახსენებ ახლა ძველ ცოდვებს, -მოჩვენებითი უდარდელობით ჩავიქნიე ხელი.
- კარგი ერთი, რას ჰქვია ნუ გაგახსენებ, -სახეზე სიამოვნების ღიმილი გადაეფინა, -ყოველთვის უყვარდა როცა ჩემს შეცდომებზე საუბრის შესაძლებლობა ეძლეოდა ხოლმე, ვიცოდი აღარ გაჩერდებოდა ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე და გავჩუმდი.
- ის საწყალი ლადო გახსოვს? -საყვარლად აწია წარბი.
- მაშინ სულ რაღაც თერთმეტი წლისები ვიყავით...
- ჰო და ამტკიცებდი რომ ანგელოზი იყო, გახსოვს რამდენ ხანს ვუთვალთვალებდით?
- ჰო და ისიც მახსოვს რომ თეატრის მსახიობი აღმოჩნდა რომელიც თურმე ანგელოზის როლზე მუშაობდა და ის ფრთებიც უბრალოდ რეკვიზიტი იყო.
- დარიაზე რას იტყვი?
- სხვა თუ არაფერი ის მაინც გავარკვიეთ რომ აფერისტი იყო და სულაც არ ჰქონდა ნათელმხილველობის ნიჭი, არადა როგორი იმედი მქონდა რომ ნამდვილი ალქაჯი აღმოჩნდებოდა, -სინანულით გადავაქნიე თავი, გამეღიმა როცა გაცოფებული დარია გამახსენდა...
- ის საწყალი კაცი გახსოვს ხიდის ქვეშ რომ ცხოვრობდა და ამტკიცებდი ვგრძნობ ჩვეულებრივი უსახლკარო არ არის რაღაც მიზიდავს მასშიო.
- მაგას რა დამავიწყებს, სასწაულ ისტორიებს გვიყვებოდა ხოლმე, როგორ მიყვარდა მასთან ერთად იმ მოლიპულ ქვებზე ჯდომა და მისი მოსმენა.
- გახსოვს სახლში რომ დაპატიჟე ვახშამზე?
- მახსოვს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო, იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, თოთხმეტი წლის გავხდი.
- იმ დღის შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა დედაშენი, ჩამოძონძილი დაუბანელი და დაუვარცხნელი ისე მიიღო თითქოს დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ოჯახის წევრი ყოფილიყო, დარჩენაზე უარი რომ თქვა მეწყინა, იმ ღამის შემდეგ აღარ გამოჩენილა, ნეტავ ახლა სად არის?
- ამ ყველაფერს რატომ მახსენებ?
- იმიტომ რომ კარგად დაფიქრდე, პატარები აღარ ვართ, ზღაპარში არ ვცხოვრობთ კეს, ჩვენს გარშემო ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ და არა ტროლები, გნომები, ვამპირები, ანგელოზები და დემონები...
- დემონი... ნამდვილი დემონია, -ჩაფიქრებულმა ჩავილაპარაკე.
- შეაყარე კედელს ცერცვი, -ხელები თეატრალურად გაშალა ნიტამ და ამოიოხრა.
- აუცილებლად გავარკვევ ყველაფერს იმ დემონზე და დაგიმტკიცებ რომ ადამიანი არ არის, -საკუთარ თავში დარწმუნებულმა გამოვუცხადე და ზურგი შევაქციე, საძინებელში შევედი და გულაღმა გავიშხლართე საწოლზე, გეგმა მჭირდებოდა, სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რამე იმისთვის რომ მივახლოვებოდი და გამერკვია რა არსება იყო...
-
იმ ღამით უცნაურმა სიზმრებმა არ დამაძინა, თვალს მოვხუჭავდი თუ არა დათუნას სტუმარი მესიზმრებოდა, მე აივნიდან ქვემოთ ვიყურებოდი ის კი ქვემოდან შემომცქეროდა წითლად მოელვარე თვალებით, ოდნავ შეხსნილი მსხვილი ტუჩები ქონდა, მკვეთრად გამოკვეთილი დახვეწილი ნაკვთები და ისეთი მიმზიდველი ხორბლისფერი კანი რომ მოგინდებოდა შეხებოდი, ვუყურებდი თვალმოუშორებლად, ის ნელ-ნელა იწეოდა ჰაერში, აივანს უახლოვდებოდა, ახლოს მოდიოდა ჩემთან, იმდენად ახლოს რომ მისი მხურვალე სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა...
რამდენჯერმე გამეღვიძა გულამოვარდნილს, დავიძინებდი და ისევ იგივე მესიზმრებოდა, დილაუთენია თვალებდასიებული და გაბრუებული წამოვდექი საწოლიდან, საცოდავად გავლასლასდი მისაღებში და ორ უზარმაზარ ჩემოდანთან ჩაცუცქული, სამგზავროდ გამოწყობილი დედაჩემი რომ დავინახე გაჭირვებით ავწიე წარბი გაკვირვების ნიშნად.
- სად მიბრძანდებით ქალბატონო?
- დეიდაშენთან მივდივარ ორი კვირით, ორი დღის წინ ხომ გითხარი რომ წასვლა მომიწევდა, კაკოს უნდა გაყვეს გერმანიაში გამოკვლევებზე და ბავშვები უნდა დავიტოვო.
- რაღა იქ მიდიხარ აქ წამოგეყვანა ორივე, -ჩავიბურტყუნე და დივანზე პირდაღმა დავებერტყე, თორმეტი წლის ტყუპი დეიდაშვილი მყავდა, საშინლად ცელქები, ჯიუტები და ქვეყნის ამომგდებები კი იყვნენ მაგრამ ორივე მაინც ძალიან მიყვარდა.
- აქ ვერ მოვუვლიდი, იქ ლიდია დამეხმარება, აქ კიდევ მარტო უნდა ვიყო.
- მარტო რატომ უნდა იყო აქ არ ვარ.
- ბათუმში არ მიდიხარ? ტყუილად აიღე შვებულება? აკი შენ და ნიტა შეთანხმდით რომ ზეგ ერთი კვირით ბათუმში უნდა წასულიყავით.
ახლაღა გამახსენდა ჩემი და ნიტას გეგმა რომ ბათუმში უნდა წავსულიყავით დასასვენებლად, დიდი ხანია ამას ვგეგმავდით.
- გადავიფიქრეთ არსად აღარ მივდივართ, -დაუფიქრებლად გამოვუცხადე დედაჩემს.
- რატომ გადაიფიქრეთ?
- ნატამ ჯანოს ბავშვები უნდა დაიტოვოს და მე მარტო ხომ არ წავალ, -უცბად მოვიფიქრე მიზეზი, არადა რა წამიყვანდა ბათუმში როცა ჩემს ქვემოთ სულ რაღაც რამდენიმე მეტრის მოშორებით ნამდვილი, ცოცხალი, ხორცშესხმული დემონი მეგულებოდა.
- თავიდანვე რომ გეთქვა დავრჩებოდი მაგრამ ახლა რაკი შევპირდი რომ წავალ უნდა წავიდე, -ამოიოხრა დედაჩემმა და ჩემოდნებს დაეჯაჯგურა.
- მოიცადე ნუ წვალობ მე გაგატანინებ, -უწადინოდ წამოვიზლაზნე დივნიდან, ეჭვიანი მზერით შემათვალიერა, ისევ დივანზე მიმითითა დაჯექიო და თვითონ ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
- კარგად ხარ?
- შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი, -საშინელი თავის ტკივილის მიუხედავად მაინც გამეცინა.
- მართალი ხარ, შენ მე ვერაფერს ვერ გამომაპარებ, -მუქარით დამიქნია თითი, -ეს მზერა მეცნობა, ვხვდები რომ რაღაც უცნაურს გეგმავ, იმედი მაქვს სახლში რომ დავბრუნდები აქაურობა გადამწვარი არ დამხვდება ან რომელიმე პოლიციის განყოფილებიდან არ მომიწევს შენი გამოყვანა, ჰო და ციალას შეეშვი, არც გვამებს მალავს სადმე და არც რომელიმე საიდუმლო სექტის წარმომადგენელია.
- ციალა რაღა შუაში იყო, -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე, არა რა ამ ქალს მართლა ვერაფერს ვერ გამოაპარებდი.
- გგონია ვერ ვამჩნევ როგორ უყურებ?
- მართალი ყოფილა თურმე რომ ამბობენ თავის გატეხვას სახელის გატეხვა ჯობიაო.
- ჰო იცინე იცინე და უკვე დიდი გოგო ხარ კესარია, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ჩემს შვილთან ასეთ რაღაცეებზე მომიწევდა კამათი და არა მის შეყვარებულებზე და სახლში დაგვიანებებზე.
- კარგი რა რა დროს შეყვარებულია, -ზიზღმა დამიბრიცა ტუჩები.
- რაღა რა დროისია.
- გეყოფა თორემ ვიჩხუბებთ, -ხმაში სიცივე რომ შემეპარა მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და გაჩუმდა, არასდროს არავისთან ვლაპარაკობდი ამ თემაზე ნიტასთანაც კი, შეყვარებული არასდროს მყოლია და ახლაც არანაირი სურვილი არ მქონდა ვინმესთან ურთიერთობის, თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდა მაგრამ გულთან არავინ მიმდიოდა...

- თმა დაივარცხნე, პირი დაიბანე და რამე წესიერი ჩაიცვი, ხალხს ნუ შეაშინებ, -ლიფტი სანამ დაიხურებოდა, მოასწრო და მომაძახა დედაჩემმა, დაბღვერილი შევბრუნდი სახლში და კარი გამეტებით მივიჯახუნე ზურგსუკან, სარკეში შევათვალიერე საკუთარი თავი, აბურდული გრძელი თმა ბულულივით მეყარა თავზე და მხრებზე, თვალები დასიებული მქონდა, სახე მოღრეცილი და ტანსაცმელი აჩაჩულ-დაჩაჩული, ვერაფერს ვიტყვი დღეს მშვენივრად ვიწყებდი, ის იყო ისევ საძინებლისკენ ავიღე გეზი რომ კარზე მოუთმენელმა ბრახუნმა მომაბრუნა უკან, მაშინვე მივხვდი რომ ნიტა იქნებოდა, მხოლოდ ის აბრახუნებდა კარზე ასე გაუთავებლად და მოუთმენლად.
- რას გჭირს? რას გავხარ? -შემოვიდა თუ არა მაშინვე მომახალა კომპლიმენტი, თვითონ მშვენივრად გამოიყურებოდა და ეტყობოდა რომ კარგ ხასიათზე იყო.
- ვერ წარმოიდგენ რა მოხდა, არ დაიჯერებ, -კუნტრუშ-კუნტრუშით შევიდა მისაღებში და დივანზე წამოსკუპდა.
- თუ მეტყვი იქნებ დავიჯერო კიდეც, -ლასლასით მივყევი უკან.
- შენთან მოვდიოდი ჰოდა სადარბაზოში დათუნას შევხვდი.
- გილოცავ, -ტაში დავუკარი.
- ნუ მასხარაობ რა, რომ იცოდე რა მითხრა.
- არ გამაგიჟო დათუნამ რამე გითხრა? -აფერისტულად შევიცხადე.
- გამაჩერა და მომიკითხა, მერე მითხრა დაბადების დღე მაქვს და შენ და კესარიას გეპატიჟებით საღამოს აუცილებლად უნდა მოხვიდეთო, -უცბად მომაყარა და ნიშნისმოგებით შემომხედა, ღიმილით ელოდა ჩემს რეაქციას, მე კი პირდაღებული და გაშეშებული ვიდექი, ჩემი გონება სასწაული სისწრაფით მუშაობდა და ცდილობდა მოვლენები ერთმანეთთან დაეკავშირებინა... დათუნა რომელიც აქამდე ნიტას არსებობასაც კი არ იმჩნევდა უცებ დაბადების დღეზე პატიჟებს ჩემთან ერთად, თანაც მაშინ როცა ის ეშმაკის მოციქული ყავს სტუმრად, დავიჯერო ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაა?
- იცი როგორი საყვარელი იყო? მიღიმოდა და ისე თბილად მელაპარაკებოდა... -ნიტა აღფრთოვანებული აგრძელებდა დათოზე ლაპარაკს მაგრამ ჩემი პასუხი რომ დაგვიანდა თვითონაც გაჩუმდა, ერთხანს საცოდავი სახით მიყურებდა...
- გთხოვ კეს, ვიცი რომ წამოსვლა არ გინდა მაგრამ გთხოვ...
- სულაც არა, ამ დაბადების დღეს არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებ, -გამოვაცხადე და უკვე გამოფხიზლებული წამოვდექი ფეხზე, -ადექი, საყიდლებზე უნდა წავიდეთ...





- არ მჯერა რომ წამომყევი, შენ და საყიდლებზე სიარული ხომ ასე შორიშორს ხართ ერთმანეთისგან, რამ წამოგიარა? -ნიტა შეუსვენებლად ლაქლაქებდა და ვიტრინაში სასაცილო პოზაში მდგარ პარიკმორგებულ და ტუჩებდაბერილ მანეკენს თვალს არ აშორებდა რომელსაც ნაზი იისფერი გრძელი კაბა ეცვა, მოკლე სახელოებით და მოკრძალებულად მოღებული გულისპირით.
- იმდენს ილაპარაკებ დაგტოვებ აქ მარტო და წავალ სახლში, უკვე თავი მომაბეზრე, -ჩავიბურტყუნე გაბოროტებულმა, საშინელ ხასიათზე ვიყავი მაგრამ თვითონაც ვერ ვხვდებოდი რატომ, რა მინდოდა? რა მანერვიულებდა? რა მძაბავდა?
- კარგი რა ძალით ხომ არ წამომიყვანიხარ, თვითონ გინდოდა წამოსვლა, -უცბად შედგა, ჩემსკენ შემოტრიალდა და დაეჭვებულმა შემომხედა, -დაიფიცე რომ ისევ რაღაცას არ გეგმავ.
- რას უნდა ვგეგმავდე? -მიამიტურად გავუღიმე.
- რას უნდა გეგმავდე და მაგალითად დათუნას სტუმრის გამოაშკარავებას და მისთვის სიცოცხლის გამწარებას.
- რას გულისხმობ?
- მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ, კარგად გიცნობ და ვფიქრობ რომ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული მაგრამ კეს ძალიან გთხოვ, ეს დაბადების დღე არ ჩაშალო და სხვა რაც გინდა ის გააკეთე, გეფიცები მეც ყველაფერში დაგეხმარები, თუ გინდა შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი ჩამოვალ.
- მგონი მართლა დამჭირდება იქ ჩასვლა, -ჩავილაპარაკე როცა დათოს სტუმრის წითლად მოელვარე თვალები გამახსენდა.
- რა თქვი? რას გულისხმობ? კარგი რა კეს.
- გეყოფა, არაფრის ჩაშლას არ ვაპირებ, -მისმა სასოწარკვეთილმა გამომეტყველებამ უფრო მეტად გამიფუჭა ხასიათი და უფრო მეტად მომინდა სახლში წასვლა, დაძინება და რამდენიმე დღე მოწყვეტა ამ უაზრო და უინტერესო სამყაროსგან.
- ჯობია წავიდეთ, -ზურგი შევაქციე და ის იყო ნაბიჯი გადავდგი რომ მკლავში მწვდა და ისევ მაღაზიისკენ მიმატრიალა.
- ვერსადაც ვერ წახვალ, ასე ადვილად ვერ გამექცევი, ჯერ არაფერი გვიყიდია, ამხელა სავაჭრო ცენტრია და ერთი ნორმალური მაღაზია არ არის, ძლივს რაღაც მომეწონა და მაცადე, -ძალით შემათრია შიგნით და პირდაპირ გასახდელთან მიმიყვანა, -მე ეს იისფერი კაბა უნდა მოვიზომო, შენ კი აი ესენი მოისინჯე, სამ სხვადასხვა ფორმის და ფერის კაბას დაავლო ხელი და მომაჩეჩა, -ახლავე შედი გასახდელში, ეს ბოლო მაღაზიაა, იცოდე აქ მაინც უნდა აარჩიო რამე თორემ დაბადების დღეზე ჯინსებით წამოსვლა მოგიწევს.
ჩემთვის სულ ერთი იყო რითი და როგორ წავიდოდი დაბადების დღეზე მაგრამ ახლა მასთან კამათის თავი ნამდვილად არ მქონდა, ჩემი გონება იმ იდუმალ არსებაზე ფიქრით იყო დაკავებული, კაბები გულზე ავიხუტე და გასახდელში შევედი, არ გამკვირვებია როცა არცერთი არ მომერგო, ნიტა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა დათოს დაბადების დღისთვის როგორ გამოპრანჭულიყო და ჩემი კაბების ზომებისთვის არც შეუხედავს, ორი კაბა იმხელა იყო სამი ჩემნაირი ჩაეტეოდა შიგ თავისუფლად, მესამე კი საშინლად ვიწროდ მადგა, მოკლე იყო და ისეთი გულამოღებული რომ გინდ გცმოდა და გინდ არა არანაირი აზრი არ ჰქონდა, ფერებიც როგორი ჰქონდა შერჩეული... ვერცხლისფერი, წითელი და ხასხასა მწვანე.
- ნიტა აქ ხარ? არცერთი არ მომერგო, მიდი რა რამე ჩემი ზომის მომიძებნე, -წუწუნით გამოვედი გასახდელიდან და გაკვირვებისგან თვალები შუბლზე ამივიდა როცა იქვე მდგარ რბილ სკამზე მჯდარი, ფეხი ფეხზე გადადებული და ცბიერად მომღიმარი დათოს სტუმარი დავინახე, იჯდა და მიყურებდა ულამაზესი შავი თვალებით რომლებში ამჯერად ცეცხლის ალები არა მაგრამ ცუღლუტი ნაპერწკლები კი უთამაშებდა.
- აქ რას აკეთებ? -ვკითხე და მერეღა მოვკარი სარკეში საკუთარ თავს თვალი, ამ კაბით და უწესრიგოდ აბურდული თმით მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ვგავდი თუმცა ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა, მე ხომ მას არ ვეპრანჭებოდი და რა მნიშვნელობა ჰქონდა რას იფიქრებდა ჩემზე, ასე რომ შეცბუნება არ შევიმჩნიე.
- დათუნასთან ერთად ვიყავი და შემთხვევით შენს მეგობარს შევხვდით, -ხმაც არაჩვეულებრივი ჰქონდა, დაბალი, რბილი, ოდნავ ხრინწგარეული... ზუსტად ისეთი როგორიც დედამიწაზე ადამიანთა საცდუნებლად მოვლენილ დემონს უნდა ჰქონოდა.
- სად არიან?
- ალბათ დათუნა კაბის შერჩევაში ეხმარება, ნიტამ მთხოვა რომ მარტო არ დამეტოვებინე, -წამოდგა და ნელი, შემპარავი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, წარბი მაღლა ავწიე და გავიჯგიმე, ვერ ვხვდებოდი მეჩვენებოდა თუ მართლა ცდილობდა ჩემთან ფლირტს თუმცა ჩემი დაბნევის საშუალებას ნამდვილად არ მივცემდი.
- რაკი ნიტა შენმა მეგობარმა მომტაცა კაბის შერჩევაში ვერ დამეხმარები? -მშვიდად ვკითხე და ჩემგან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მდგარს ქვემოდან შევღიმე, შუბლი შეკრა, მოიღუშა, არ ვიცოდი რას ელოდა მაგრამ აშკარა იყო რომ ასეთ სითამამეს არა, ეგონა შემეშინდებოდა? ეგონა თუ ჩემთან მოახლოებას და დაახლოებას შეეცდებოდა უკან მოუხედავად გავიქცეოდი? ვერ მივართვი, ეს ჩემთან არ გაუვიდოდა.
- აბა, მომიტან თუ არა კაბას? -ვკითხე და როგორც იქნა გამოერკვა, უცნაურად ჩაეღიმა და ორი წუთი დამელოდეო ჩაილაპარაკა, მხრები ავიჩეჩე და ზურგით მივეყრდენი კედელს, ზუსტად ორ წუთში ჩემს წინ იდგა ხელში უნაზესი, ჰაეროვანი მატერიისგან შეკერილი შავი კაბა ეკავა.
- გაისინჯავ? -მომაწოდა და თავაზიანად დაიხია უკან, კაბა ხელში შევატრიალე, ულამაზესი იყო და თან აშკარად ჩემი ზომა.
- გასინჯვა საჭირო არ არის, მომწონს, ვყიდულობ, მადლობა რომ დამეხმარე, -იქვე გადავკიდე და მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, გასახდელისკენ გადავდგი ნაბიჯი, სანამ ფარდას ჩამოვაფარებდი შევბრუნდი, ისევ ისე იდგა გაუნძრევლად, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, გვერდზე თავგადახრილი, თვალებში უზომო ინტერესი ედგა.
- რომელ სუნამოს ხმარობ? -ჩემს ბაგეებს თავისთავად დასცდა კითხვა, არ შემეძლო რომ არ მეკითხა, საშინლად სასიამოვნო, მისტიური და თითქოს ნაცნობი სურნელი ჰქონდა, რაღაცას მახსენებდა ოღონდ ვერაფრით ვხვდებოდი რა იყო.
- სუნამოს არ ვიყენებ, -მიპასუხა და ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს რაღაცის გამო ღელავდა, ოღონდ რის გამო?
- ზღვასავით გრილი, ციტრუსივით სასიამოვნო და კიდევ რომელიღაც ყვავილის საოცარი სურნელი გაქვს ოღონდ ვერაფრით ვხვდები რომლის, შეუძლებელია ეს შენი ბუნებრივი სურნელი იყოს, -ჩაფიქრებულმა ჩავილაპარაკე და მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, გასახდელში შევედი...
ზურგით მივეყრდენი სარკეს და ხელები სახეზე ავიფარე, -რას აკეთებ კესარია, რა ჯანდაბას აკეთებ? -საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მაგრად შეკრული მუშტი კბილებს შორის მოვიქციე, ჩემს თავს არ ვგავდი, ნუთუ ეს მე ვიყავი და ცოტა ხნის წინ იმ არსებას ვისიც წესით უნდა მეშინოდეს და ვისგანაც თავი შორს უნდა მეჭიროს, ციტრუსის და ზღვის სურნელზე ვესაუბრებოდი...
როგორც იქნა გონება მოვიკრიბე, სულ რამდენიმე წუთი დამჭირდა გამოსაცვლელად და რომ გამოვედი აღარ დამხვდა, მის ადგილზე სასიამოვნოდ მომღიმარი კონსულტანტი გოგონა იდგა, ხელში პაკეტით.
- ეს თქვენთვის დატოვეს, თანხა გადახდილია, -პაკეტი მომაწოდა გაოცებულს, ჩამოვართვი, გავხსენი და შავი კაბა რომ დავინახე გამეღიმა.
მაღაზიიდან გამოვედი თუ არა ნიტას შევჩეხე, ხელში რამდენიმე პაკეტი ეკავა და ისეთი კმაყოფილი და ბედნიერი მიღიმოდა...
- სად იყავი მოღალატე? მარტო რატომ დამტოვე? -ისე მწარედ მივარტყი კოჭთან ფეხი რომ სიმწრისგან წამოიკივლა.
- რამ გაგაცოფა, რა სიველურე გჭირს? მარტო არ დამიტოვებიხარ, ის ხომ იქ იყო.
- ვინ ის?
- აი ის, დათუნას სტუმარი, მოიცა გავიხსენო რა ქვია, ვერ ვიხსენებ არადა დათუნამ მითხრა მისი სახელი, რაღაც უცნაური და უცხო ჰქვია...
ახლაღა გამახსენდა რომ მისთვის სახელი არ მიკითხავს, არც მას უკითხავს თუმცა დარწმუნებული ვარ იცოდა აი მე კი არ ვიცოდი მას რა ერქვა, ვერაფერს ვიტყვი, ურთიერთობა არაჩვეულებრივად დავიწყეთ, არსებამ რომელსაც დღეს პირველად დაველაპარაკე და რომლის სახელიც კი არ ვიცი საკმაოდ ძვირადღირებული კაბა მიყიდა, მე კი უყოყმანოდ მივიღე ეს საჩუქარი...
- რაზე ჩაფიქრდი? -ნიტას ხმამ გამომარკვია.
- იმაზე რომ დათუნას სტუმარმა კაბა მიყიდა და თან ძალიან ადამიანურად გამოიყურებოდა, დამაბნეველი იყო, ზედმეტად ჩვეულებრივად იქცეოდა.
- მართლა? -ნიტას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, იმაზე ყურადღება არ გაუმახვილებია რაც მის ადამიანობაზე ვთქვი, -აბა მაჩვენე, -პაკეტში თავით ჩაძვრა და აღფრთოვანებულმა შეძახილმაც არ დააყოვნა.
- მაგარი კაბაა, მაგრამ არ მჯერა რომ ასე უბრალოდ დათანხმდი და აიღე.
- გასახდელიდან რომ გამოვედი იქ აღარ დამხვდა, თანხა გადახდილი ჰქონდა და ასე უბრალოდ ხომ არ დავტოვებდი ამ უშესანიშნავეს ქმნილებას.
- ნეტავ გამაგებინა ახლა რა გიტრიალებს თავში.
- ყველგან ინტრიგა ნუ გელანდება, არაფერს არ ვგეგმავ, შენ რას აკეთებდი ის მითხარი.
- მე დათუნა დამეხმარა რაღაცეების არჩევაში, -გაინაზა და თვალები ააფახულა, იცი რა საყვარელია?
- ჰოო, ძალიან, -დავეთანხმე და თვალწინ მისი სტუმარი წარმომიდგა მთელი თავისი დიდებულებით, -მართლა ძალიან საყვარელია, -ჩავილაპარაკე და ჩაფიქრებული წავედი პირველ სართულზე ჩამავალი მოძრავი კიბისკენ.
-
ჩაფიქრებული ვიჯექი სარკის წინ და მაკიაჟს ვიკეთებდი, ეს საქმე მართლა კარგად გამომდიოდა და ნიტა ხშირად სარგებლობდა ჩემი მარჯვე ხელებით თუმცა მე მხოლოდ ათასში ერთხელ თუ გამოვიპრანჭებოდი ხოლმე, დღეს კი რატომღაც ძალიან მოვინდომე და ახლა სარკიდან შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ ლამაზი და მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი შემომყურებდა, კაბა გადავიცვი და საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა თავისუფლად გავიშალე, ერთხანს თვალებმოჭუტული შევყურებდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და მერე ისევ შავ დაბალძირიან კეტებზე შევაჩერე არჩევანი, ვერ ვიტანდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ვერაფრის და ვერავის გულისთვის ვერ გავაფუჭებინებდი განწყობას, ტელეფონს დავხედე, ნიტა რეკავდა.
- აღარ მოდიხარ? კიდევ ძალიან დაგაგვიანდება? -მაშინვე მივახალე როგორც კი ღილაკს დავაწექი.
- მაპატიე კეს მაგრამ მარტო მოგიწევს წასვლა, მე დათუნამ გამომიარა, -საცოდავად ამოიკნავლა, იცოდა როგორი რეაქციაც მექნებოდა და წინასწარ ეშინოდა.
- რას ნიშნავს გამოგიარა? -ჯერჯერობით როგორღაც ვინარჩუნებდი სიმშვიდეს.
- აჰ, შენთვის არ მითქვამს? დაბადების დღეს კლუბში იხდის...
- მე მეგონა...
- მეც მეგონა რომ სახლში იხდიდა მაგრამ...
- ნუ მატყუებ, მოხარშულს გიცნობ პატარა აფერისტო, -ცივად ჩავისისინე და საწოლზე ჩამოვჯექი გაცოფებული, -იცოდი რომ კლუბებს და ხმაურს ვერ ვიტან და ამიტომ არ მითხარი, რა გგონია რომ ახლა ვეღარ გადავიფიქრებ?
- კეს გთხოვ, ხომ იცი რომ უშენოდ ვერ ვერთობი, ამ ერთხელ ჩემთვის ხომ შეგიძლია ამ ყველაფრის ატანა, მე ხომ ყოველთვის ყველაფერს გისრულებ, -საცოდავად წუწუნებდა, ამ საძაგელმა მანიპულატორმა მშვენივრად იცოდა რომ ყოველთვის ჭრიდა მისი წუწუნი და თხოვნა.
- კარგი, კარგი, -ამოვიხვნეშე და ავდექი, -ოღონდ იცოდე რომ მალე წამოვალთ სახლში, ახლა ტაქსს გამოვიძახებ და...
- არ გინდა, ტაქსი არ გამოიძახო, დათუნას მეგობარი გელოდება ქვემოთ და ის მოგიყვანს.
- რა საჭირო იყო მისი შეწუხება, -ისეთი ხმით ვთქვი თითქოს საერთოდ არ გამხარებია რომ მისი უკეთ გაცნობის შანსი მეძლეოდა.
- ქვემოთ გელოდება, დიდხანს არ ალოდინო და არ შეაშინო რა ძალიან გთხოვ, -დათოს სიცილი რომ მომესმა გაცოფებულმა გავთიშე ტელეფონი, ის რა ჩვენს საუბარს ისმენდა? ოჰ ნიტა, ნიტა, რატომ ხარ ასეთი შტერი, -ასე საკუთარ თავთან ლაპარაკით გართული გავედი გარეთ, გავედი თუ არა საკმევლის სურნელი მეცა, მაშინვე მივხვდი რომ ჩვენი კარის მეზობლის ნათელას ბინიდან გამოდიოდა, კარი მოღიავებული ჰქონდა და ნათლად ვხედავდი შესასვლელში მდგარ სასიამოვნო გარეგნობის მქონე მღვდელს ჭაღარაშერეული გრძელი წვერით, ახლა მივხვდი რატომ აიტეხა დედაჩემმა ბინა ვაკურთხოთო, გამოუტენა ალბათ ნათელამ ტვინი სისულელეებით.
გახალისებულმა ჩავირბინე კიბეები, სადარბაზოდან გავედი და შავ სპორტულ ავტომობილზე მიყრდნობილი, თეთრ პერანგსა და შავ ჯინსის შარვალში გამოწყობილი ჩემი ახალი ნაცნობის დანახვისას რატომღაც სუნთქვა შემეკრა, ფეხები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, მარჯვენა ხელში სიგარეტის ღერს აწვალებდა და საოცრად მომხიბვლელად მიღიმოდა, იყო მასში რაღაც, რაღაც ისეთი რაც მიზიდავდა და მის მიმართ ინტერესს მიღვივებდა, პირველად შევათვალიერე დაკვირვებით, უნაკლო სხეული ჰქონდა და სახის საოცრად დახვეწილი ნაკვთები, გრძელი თითები, ძლიერი მკლავები, საოცარი გამოხედვა, უცნაურია, ძალიან უცნაური, ახლა და აქ საშინლად მომინდა ამ თითების შეგრძნება ჩემს სხეულზე, ღმერთო რას არ მივცემდი მასთან მარტო დარჩენისთვის... თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე რომ როგორმე ნორმალურად აზროვნება შემძლებოდა, უფლება არ უნდა მიმეცა რომ ასე უბრალოდ მოვეხიბლე და ჩემთვის თავგზა აერია, ეს არ უნდა მომხდარიყო, არავითარ შემთხვევაში...
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, ეს კაბა ძალიან გიხდება, -თბილი ხმით ნათქვამმა პირველმა კომპლიმენტმაც არ დააყოვნა და ჩემმა სხეულმაც ჩემგან დამოუკიდებლად მოახდინა რეაგირება როცა მის ხმაში მკაფიოდ გაჟღერებული სურვილი ვიგრძენი და თვალებში გაელვებული ვნების შემჩნევაც არ გამჭირვებია, ფეხი ამერია, პირი გამიშრა და ვიგრძენი როგორ გამიმკვრივდა მოღალატე მკერდი...
- მეგონა დააგვიანებდი და მალოდინებდი, -გასწორდა, თავი დამიკრა და თავაზიანად გამიღო ავტომობილის კარი, -ჰო მართლა, მე სემი მქვია, -ხელი გამომიწოდა.
- რატომ უნდა დამეგვიანებინა? -საცოდავად ამოვიკნავლე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა იმის გამო რომ ასე მოქმედებდა ჩემზე და ხელი შევაგებე, გრილი თითები ჰქონდა, ოდნავ მომიჭირა მისალმების ნიშნად და მაშინვე გამიშვა.
- გოგონები ხომ ყოველთვის...
- აჰ ეგ? -უხეშად შევაწყვეტინე სიტყვა, -პაემანზე იგვიანებენ ხოლმე მაგრამ ეს პაემანი არ არის და თანაც მე სხვა გოგონებს არ ვგავარ.
- შენ არავის არ ჰგავხარ, -თითქოს მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა და ნერვიულად მოსრისა თითებში სიგარეტის ღერი, ვერ ვხვდებოდი რა ანერვიულებდა, სანერვიულო მე მქონდა თუ მქონდა...
- ეწევი? -სიგარეტზე ვანიშნე რომ სიტუაცია ცოტა განმემუხტა და საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა.
- არ ვეწევი, -უარის ნიშნად გააქნია თავი.
- თუ არ ეწევი სიგარეტი რად გინდა?
- ვცდილობ აქაურობას მოვერგო.
- აქაურობას?
- ჰო აქაურობას? -თავის წინ ნახევარწრედ მოატარა ხელი და კაცმა არ იცის რა იგულისხმა, ჩვენი ეზო და სახლი, მთელი ქალაქი თუ მთელი სამყარო.
- შეგუების პროცესი საყიდლებზე სიარულით და სიგარეტით დაიწყე? -გამეღიმა და მანაც ღიმილით დაშორა ტუჩები ერთმანეთს თუმცა უცბადვე სადღაც ჩემს ზურგს უკან გაუშტერდა მზერა და სახე შეეცვალა, დაიძაბა, მოიღუშა, თვალები უცნაურად აუელვარდა, მივბრუნდი, სადარბაზოდან ნათელა გამოდიოდა რომელსაც უკან მღვდელი მოყვებოდა, მხიარულად საუბრობდნენ, ის იყო ჩვენთვის უნდა ჩაეარათ რომ მღვდელი შედგა ჩვენსკენ მოტრიალდა და ჩემს თანმხლებს მზერა გაუსწორა, ერთხანს დაჟინებით შესცქეროდა სემს და ისიც თვალს არ აშორებდა, მერე სახე შეეცვალა, თვალებში შიში ჩაუდგა, არეულმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან...
- ღმერთო შენ გვიშველე და დაგვიფარე, -აღმოხდა და რამდენიმეჯერ ზედიზედ გადაიწერა პირჯვარი, მერე კი შებრუნდა და ისე რომ ნათელას არც კი დამშვიდობებია სირბილით გაიქცა იქვე მწვანე გაზონზე შეყენებული ჯიპისკენ, ვერ მივხვდი რამ შეაშინა ასე ძალიან, სემს შევხედე ჩემი მზერა იგრძნო თუ არა მაშინვე მომარიდა სახე თუმცა მაინც მოვასწარი შემემჩნია როგორ უელავდა თვალები წითლად, არაფერი მითქვამს, ავტომობილს მივუახლოვდი, სავარძელზე მოვთავსდი და ფრთხილად დავხურე კარი, ქვედა ტუჩზე მთელი ძალით ვაჭერდი კბილებს რომ სიცილი შემეკავებინა, არც სემს უთქვამს რამე, უხმოდ მომიჯდა გვერდზე ღვედი გადაიჭირა და გასაღები გადაატრიალა, ვხედავდი როგორ უჭირდა თავის შეკავება, მხრები უთრთოდა და ნერვიულად უჭერდა თითებს საჭეს, ბოლოს ვეღარ მოითმინა და ახარხარდა, თითქოს ამას ველოდიო, შეუკავებელი სიცილი ამიტყდა, ვიცინოდი და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემი მხრები ტონობით ტვირთისგან თავისუფლდებოდა და სადაც იყო ჰაერში დავიწყებდი ლივლივს...
რამდენიმე წუთს ვიცინოდით შეუსვენებლად, მერე როგორც იქნა დავწყნარდი, ისიც გაჩუმდა, ჩემსკენ მობრუნდა, ხელი ასწია და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შემეხო სახეზე...
- როგორც იქნა გიპოვე, -ათრთოლებული ხმით ჩაიჩურჩულა...




მაგიდასთან ვიჯექი სასმელს ვწრუპავდი და ჩაფიქრებული შევცქეროდი გრძელფეხებიან ქერათმიან გოგოსთან მოარშიყე სემს, ვერ ვხვდებოდი რა სჭირდა და რის გაკეთებას ცდილობდა, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში რაც სახლიდან ბარამდე მოსასვლელად დაგვჭირდა, საოცრად მხიარული და ხალისიანი იყო, არ გვისაუბრია ერთმანეთისთვის ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს თუმცა პირზე ღიმილი არ მოშორებია, კლუბში მისვლისთანავე შეიცვალა, გავჩერდით თუ არა ავტომობილიდან გადმოვიდა კარი გამიღო და უხმოდ ცივად მანიშნა შესასვლელისკენ, ვეცადე თვალებში შემეხედა მისთვის მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის მზერა აერიდებინა, მხრები ავიჩეჩე და შესასვლელთან მდგარი ნიტასკენ წავედი რომელმაც ხელი ჩამავლო და კლუბში შემათრია, ახლა კი ვიჯექი ჩემთვის კუთხეში დასჯილი ბავშვივით, ვუყურებდი როგორ ერთობოდნენ და ცეკვავდნენ დათო, ნიტა და დათოს მეგობრები, დროდადრო საკმაოდ წარმატებულად ვიგერიებდი ჩემთან ცეკვის მსურველ უცნობებს და სემს თვალს არ ვაშორებდი, არ გამომპარვია მათი უწყინარი არშიყი როგორ გადაიზარდა აგრესიულ საუბარში, ქერათმიანი ცდილობდა რაღაც აეხსნა მისთვის, სემი კი ვერ იგებდა ან უბრალოდ არ უნდოდა გაეგო, მერე უცბად ხელი უხეშად ჩაავლო მკლავში და გასასვლელისკენ წაიყვანა, რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ წამოვდექი და უკან ავედევნე, გარეთ გასულმა გარემო მოვათვალიერე, არსად ჩანდნენ, ფრთხილად გავუყევი კედელს და კუთხესთან მისულს ხმაც მომესმა, იქვე მდგარ ხეს ამოვეფარე რომ უკეთ დამენახა რაც ხდებოდა, თვალებგაფართოებული შევცქეროდი სემს რომელსაც გრძელი თითები ქერათმიანისთვის შემოეხვია ყელზე და კედელზე აკრულს მთელი ძალით უჭერდა, გვერდიდან ვუყურებდი და კარგად ვხედავდი როგორ უნათებდა წითლად თვალები...
- ბედავ რომ დამემუქრო? -ისეთი მრისხანება ისმოდა მის ხმაში ქერათმიანის ადგილზე რომ ვყოფილიყავი ალბათ შიშისგან სულს გავაცხებდი, -საიდან ასეთი სიმამაცე? ვინ გიმაგრებს ზურგს? მითხარი ისევ მისი ოინებია არა?
- დამშვიდდი სამაელ, -გაჭირვებით გაითავისუფლა თავი მისი თითებისგან და გაწითლებული მტკივანი ყელი დაიზილა, შეშინებული სახე დაუმშვიდდა როცა მიხვდა რომ არაფერი ემუქრებოდა.
- ამ სახელს ნუ მეძახი, -დაიღრინა სემმა, ქერამ კი უცნაურად ჩაიღიმა.
- გგონია თუ სახელს შეიცვლი შენც შეიცვლები? სემი არა? საერთოდ არ გაქვს ფანტაზია, მართლა იფიქრე რომ საკუთარ თავს და მოვალეობებს ასე ადვილად გაექცეოდი?
- ფეხებზე , არ მაინტერესებს, -თავი უკან გადახარა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ხოლო როცა ისევ გაახილა, ჩვეული შავი ფერი ჰქონდა დაბრუნებული.
- ახლა ერთ რაღაცას გეტყვი ელექტრა და კარგად დაიმახსოვრე, -ორი ნაბიჯით დაიხია უკან, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ისე უდარდელად გაიღიმა თითქოს დიდი ხნის უნახავ საყვარელ მეგობარს უღიმისო, -ახლა წადი უკან დაბრუნდი და სიტყა-სიტყვით გადაეცი, მოციქულების გამოგზავნას შეეშვას, არ დავბრუნდები.
- გგონია გაჩერდება? მე მხოლოდ გაგაფრთხილე, სხვებს გამოგზავნის და ისინი მხოლოდ გაფრთხილებით აღარ შემოიფარგლებიან.
- კარგი რა, გგონია რომ რამეს დამაკლებენ?
- შენ ვერაფერს მაგრამ...
- ჯობია არ დაასრულო, -მომღიმარი სახე წამში შეეცვალა და დაიძაბა, -მას რომ რამე დაუშავონ, მასთან მიახლოება რომ ცადონ, ყველაფერს ფერფლად ვაქცევ, მან იცის რომ ამის გაკეთება არ გამიჭირდება.
- ეს უკვე რამდენჯერმე მოხდა, -ელექტრამ სევდიანად გაიღიმა და თავი დახარა, -რატომ აგრძელებ ბრძოლას? რატომ არ ნებდები?
- სანამ ის იარსებებს ჩემს ბრძოლასაც ექნება აზრი, -სადღაც ელექტრას უკან გახედა სივრცეს სემმა, მერე ხელი ასწია და თითები გაატკაცუნა, კედელზე ოვალური ფორმის ადამიანის სიმაღლის, ალისფრად მოელვარე ხვრელი გაჩნდა.
- წადი და აღარ დაბრუნდე, ჩვენი წარსული მეგობრობის ხათრით არ მინდა რამე დაგიშავო, -ხელით ანიშნა რომ ხვრელში შესულიყო, ელექტრას არაფერი უთქვამს თავი დაუკრა, ალისფერ ნათებაში შეაბიჯა და ჩემი თვალთახედვიდან დაიკარგა, ხვრელი ნელ-ნელა დაპატარავდა და რამდენიმე წამში გაქრა, გაოგნებული ვუყურებდი ამ უცნაურ სანახაობას, იმდენი ნამდვილად არ დამილევია რომ მოჩვენებები დამწყებოდა, რაღაც ხდებოდა, რაღაც ისეთი რისი გაგება და გააზრება ჩემს გონებასაც კი უჭირდა, ვხედავდი რომ სემი არ იყო ადამიანი არ ვიცოდი ვინ იყო ან რა იყო მაგრამ მისი არ მეშინოდა, წესით ახლა მისგან რაც შეიძლება შორს უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ ერთადერთი რაც მინდოდა მასთან სიახლოვე იყო, გავგიჟდი? ალბათ გავგიჟდი მაგრამ რაღაც ძალა მისკენ მეწეოდა და შეწინააღმდეგებას ვერ ვახერხებდი, ვერ ვხვდებოდი ეს რა იყო, ცნობისმოყვარეობა თუ...
- შეგიძლია გამოხვიდე კესარია, -ღიმილნარევი ხმა რომ მომესმა, ფიქრებიდან გამოვერკვიე და დაფეთებულმა გადავდგი წინ ნაბიჯი, ჩემგან სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა და მიღიმოდა.
- იცოდი რომ აქ ვიყავი და გისმენდით? -ათრთოლებული ხმით ვკითხე.
- რათქმაუნდა ვიცოდი, ვიცოდი და რატომღაც მეგონა რომ შეშინებული გაიქცეოდი თუმცა აქ ხარ, -დაკვირვებით შემათვალიერა თითქოს ცდილობდა აღმოეჩინა რამ მაიძულა აქ დარჩენა ან ახლა როგორ ვინარჩუნებდი სიმშვიდეს.
- შენი არ მეშინია სამაელ, -მტკიცედ ვუთხარი და თვალი გავუსწორე, მოიღუშა და წარბები შეკრა როცა გაიგო როგორ მივმართე, მომიახლოვდა, ხელი ასწია ფა ფრთხილად ჩამომისვა ლოყაზე თითები.
- სხვანაირი ხარ, უცნაურია, ყოველთვის გეშინოდა ჩემი, ვერასდროს მცნობდი და გამირბოდი, სანამ გამიხსენებდი მანამ სრულდებოდა ჩვენი ისტორია, ახლა კი როცა გიყურებ ისეთი გრძნობა მაქვს რომ მიცნობ, თითქოს გახსოვარ, არ მიფრთხი, იმისდა მიუხედავად რაც ნახე არ გამირბიხარ.
- ვერ ვხვდები რას მეუბნები, -გაოგნებული ვუყურებდი თვალებში და ვერ ვიგებდი რატომ მეუბნებოდა იმას რასაც მეუბნებოდა, თუმცა ისე მინდოდა ჩავხუტებოდი სურვილმა მარწუხივით წამიჭირა ხელში, ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე და თვალები მაგრად დავხუჭე.
- რა გჭირს? ცუდად ხარ? -შეშფოთება გაერია ხმაში.
- ჩამეხუტე, -მხოლოდ ამ ერთი სიტყვის თქმა მოვახერხე და მისი მკლავებიც შემომეხვია, მთელი ძალით მიკრავდა გულში, თავი მის მხარზე მედო, ხელები წელზე მქონდა მოხვეული...
- ვინ ხარ სამაელ? -დავიჩურჩულე და ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი.
- ჯერ ადრეა კეს, ძალიან ადრეა.
- რას გულისხმობ?
- შემომხედე, -მხრებში ჩამეჭიდა, მომშორდა და თვალებში ჩამხედა, -ჯერ ადრეა იმისთვის რომ გაიგო რაც ხდება, ის ყველაფერი რაც წეღან ნახე არ უნდა გენახა...
- და რის გაკეთებას აპირებ? უნდა მომკლა? -იმის მაგივრად რომ შემშინებოდა სიცილი ამიტყდა, ერთხანს მოღუშული მიყურებდა და მერე გაეღიმა.
- ფანტაზია გაქვს ნუ იტყვი, -სიცილით გადააქნია თავი.
- ფილმებში ყოველთვის ასეა, მაფიოზები არასასურველ მოწმეებს თავიდან იშორებენ ხოლმე, -უკეთესად დემონტრირებისთვის საფეთქელთან მივიტანე საჩვენებელი თითი.
- მაფიოზსს ვგავარ?
- არა მაგრამ...
- მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ კეს, უბრალოდ ახლა ყველაფერს დაგავიწყებ, მენდე ვერაფერს იგრძნობ, ხვალ დილით რომ გაიღვიძებ აღარაფერი გეხსომება.
- ამის გაკეთება მართლა შეგიძლია?
- შენ რა გეეჭვება? -ირონიულმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხე.
- რა მოხდება რომ ყველაფერი ასე დარჩეს? -ლამის შევევედრე.
- ჯერ არა კეს, ჯერ არა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, გეგმას ვერ გადავუხვევ, -საფეთქლებზე შემომაჭდო ხელები და მაიძულა ერთ ადგილზე გავჩერებულიყავი.
- მოიცადე მოიცადე გთხოვ, ბოლო სურვილი მაქვს, -ვიყვირე და მკერდზე მივაწექი ორივე ხელით.
- ისე ნუ იქცევი თითქოს სიკვდილმისჯილი იყო, -მხიარულად ჩაიფხუკუნა, -კარგი მიდი მითხარი რა გინდა.
- შენ ამბობ რომ ხვალ აღარაფერი მემახსოვრება ხომ ასეა?
- ასეა.
- მაშინ ის უნდა გავაკეთო რისი გაკეთებაც იმ წამიდან მინდა როცა პირველად დაგინახე, -თმაში შევუცურე თითები, ჩემსკენ მოვიზიდე და ტუჩებზე წავეტანე...
შეცბა, გაშეშდა, სხეული დაეჭიმა თუმცა მალევე მოეგო გონს, წელზე მომეხვია, მკერდზე ამიკრა და კოცნაში ამყვა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩვენს ირგვლივ სამყარო გაქრა და მხოლოდ ჩვენ დავრჩით მე და ის, ჩემი არანორმალური სისწრაფით მომუშავე გული, მისი მხურვალე სხეული, გრილი თითები, ტუჩები ჩემს ტუჩებზე და ჯერ არგანცდილი უსაზღვრო სიამოვნება...
პირველი თვითონ მოგო გონს და მომშორდა, მძიმედ სუნთქავდა, თვალები ამღვრეული ჰქონდა, ვხედავდი როგორ მერყეობდა თუმცა რაც არ უნდა გაეკეთებინა ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
- მაპატიე მაგრამ ყველაფერი უნდა დაივიწყო, -ხრინწგარეული ხმით მითხრა, გავუღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი, საფეთქლებზე შემომაჭდო თითები.
- მითხარი რომ კიდევ გნახავ, -მუდარა გამერია ხმაში.
- არასად არ ვაპირებ წასვლას, ვერ წავალ, შენგან შორს წასვლის არც სურვილი მაქვს და არც შესაძლებლობა, -ჩაილაპარაკა და ოდნავ მომიჭირა თითები, ვიგრძენი როგორ იღვრებოდა ჩემში სასიამოვნო სიმხურვალე, მოვდუნდი, თავისთავად დამეხუჭა თვალები და ძალაგამოცლილი ჩავესვენე მის მკლავებში.
-
ბალახებში ვიწექი თავქვეშ ხელებამოდებული და თვალებმოჭუტული შევყურებდი მწიფე ნაყოფით დახუნძლულ ხეს, აბრეშუმის თხელი ნაჭერი ძლივსძლივობით მიფარავდა მკერდსა და თეძოებს, ფეხშიშველი ვიყავი, გრძელი გაშლილი თმა უწესრიგოდ ეფინა ჩემს ირგვლივ, ვიწექი და საოცარი სიმშვიდით ვტკბებოდი, ყვავილთა სასიამოვნო სურნელი მიღიტინებდა ნესტოებში, თბილ ნიავს ფრინველთა გალობის და წყლის ჩუხჩუხის ხმა მოჰქონდა ჩემამდე...
- ისევ ამ ხეს უყურებ? -თბილი ხმა მომესმა და ნაცნობი სხეულის სიმძიმემ ჩემს გვერდით გადათელა ბალახი, წამოწვა და თვითონაც ხეს მიაშტერდა, -რატომ უყურებ? ხომ იცი ისე მოილევა რომ არცერთი ნაყოფი არ ჩამოვარდება ძირს.
- ვიცი.
- მერე?
- მერე ის რომ უბრალოდ მაინტერესებს...
- ზედმეტად ცნობისმოყვარე ხარ.
- თქვენ კი ზედმეტად მორჩილები, -უკმაყოფილოდ ავიბზუე ცხვირი.
- მორჩილებაზე შენ მელაპარაკები? -გულიანად გადაიხარხარა, -ხომ არ დაგავიწყდა რომ თხოვდები თანაც ვისზე, იმ უტვინო არაფრისმაქნის არსებაზე, მოგწონს მაინც?
- სავალდებულო არ არის რომ მომწონდეს, -ცივად გამოვცერი კბილებში, მასთან ამ თემაზე საუბარი ჭკუიდან მშლიდა მითუმეტეს ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი მისდამი გრძნობების შესახებ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა.
- ესე იგი არ მოგწონს, -საკუთარ კითხვას თავადვე გასცა პასუხი.
- გეყოფა სამაელ, ყველაფერს ისე ნუ ატრიალებ როგორც შენ გაწყობს, -ჩავიღრინე და წამოვხტი, არ განძრეულა, იწვა გულაღმა თავქვეშ ხელებამოდებული, თვალები ალისფრად უელავდა და უცნაურად მიღიმოდა.
- მე წავალ, -ჩავილაპარაკე და შევტრიალდი.
- მოიცადე, -მომესმა და შევჩერდი, არ შევბრუნებულვარ, წამოდგა და მომიახლოვდა, არ მეხებოდა თუმცა ისე ახლოს იდგა ზურგით ვგრძნობდი მის სიმხურვალეს, მისი ცხელი სუნთქვა კი მოშიშვლებულ მხარს მიწვავდა...
- მიყვარხარ, -ჩამესმა ღელვაშეპარული, მისთვის უჩვეულოდ ათრთოლებული ხმა...
-
- მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, -ვბუტბუტებდი და მთელი ძალით ვეჭიდებოდი მხრებზე, -არ წახვიდე, არ დამტოვო, მიყვარხარ...
- ახლავე გამოფხიზლდი არანორმალურო, -კივილი ჩამესმა და ვიგრძენი როგორ შემესხა ყინულივით ცივი წყალი სახეზე, დაფეთებული წამოვხტი, დაბნეულმა მოვათვალიერე გარემო, ჩემს საძინებელში ვიყავი, საწოლის მეორე მხარეს ნიტა იდგა წყლის ჭიქით ხელში.
- შენ რა წყალი შემასხი? გაგიჟდი? -შევუტიე როგორც კი გავიაზრე რომ ცოტა ხნის წინ მომხდარი მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი იყო.
- აბა ვერაფრით გაგაღვიძე და რა მექნა, ერთად გვეძინა, შენ კიდევ რა გესიზმრა ასეთი არ ვიცი, მეცი და კოცნა დამიპირე თან მიყვარხარ მიყვარხარო მეძახდი.
- რაა? სერიოზულად? -ეს სცენა როგორც კი წარმოვიდგინე უკონტროლო სიცილი ამიტყდა, მუხლებით დავვარდი ხალიჩაზე.
- სასაცილოა ჰო? -ნიტას ეტყობოდა რომ თვითონაც ძლივს იკავებდა სიცილს.
- სასაცილოა აბა რა არის, ისე რომ იცოდე რა მაგარი სიზმარი ვნახე, ისე ცხადად მესიზმრა, უცნაურად მეცვა და ძალიან ლამაზ ადგილზე ვიყავი.
- ვინ დაგესიზმრა ასეთი რომ კინაღამ იძალადე ჩემზე, -ნაძალადევი სერიოზული სახით გადმომიღო თეფშზე ომლეტი.
- ვინ და დათუნას მეგობარი სემი, ჯანდაბა აქ როგორ მოვხვდი? არ მახსოვს როგორ მოვედი.
- სემმა მოგიყვანა, გვითხრა ძალიან ბევრი დალია და გაითიშაო, საკუთარი ხელით ჩაგაწვინა საწოლში, იცოდე მეორედ ამდენი აღარ დალიო, -მუქარით დამიქნია თითი და კარისკენ წავიდა, -მიდი წყალი გადაივლე და გამოდი, მე საუზმეს გავამზადებ, ჰო მართლა, ხვალ დედაშენი ჩამოდის.
- რატომ ჩამოდის? ჯერ ადრე არ არის?
- გუშინ ღამით დარეკა, შენ უკვე გეძინა, ნათელამ დაურეკა ეტყობა და გაუგიჟებია საწყალი ქალი.
- რა უთხრა ეგეთი?
- რა ვიცი ჩამოვა და გვეტყვის, შენი დეიდაშვილებიც მოყავს.

საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, გონებას ძალას ვატანდი რომ როგორმე გამეხსენებინა რა მოხდა გუშინ, თუმცა თითქოს ჩემს მახსოვრობას ბურუსის სქელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული და საშუალებას არ მაძლევდა გამეხსენებინა, ბევრი ნამდვილად არ დამილევია, ყოველ შემთხვევაში იმდენი არა რომ გავთიშულიყავი, ბარში ვიყავი, სემს ვუყურებდი რომელიც ლამაზ ქერათმიან ქალს ესაუბრებოდა, მერე გარეთ გავიდნენ და მეც გავყევი...
საფეთქლები დავიზილე, კბილები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს, გონებაში განუწყვეტლივ მიტრიალებდა სემის ხმა, -ყველაფერი უნდა დაივიწყო, ყველაფერი უნდა დაივიწყო...
- რატომ უნდა დავივიწყო, -აღმომხდა და ფეხზე წამოვხტი განერვიულებული, -ასეთი რა დამავიწყდა? რა ჯანდაბა დამავიწყდა? ელექტრა, ელექტრა, უცბად ამომიტივტივდა გონებაში ქერათმიანის სახელი, ერთმანეთის მიყოლებით თავისთავად გაცოცხლდნენ კადრები, ალისფრად მოელვარე ოვალური ხვრელი, მათი საუბარი, ჩვენი კოცნა...

საოცრად გახალისებული გავედი სამზარეულოში, ყველაფერი მახსოვდა, ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ არ უნდა მხსომებოდა, ახლა ერთადერთი ისღა დამრჩენოდა რომ სამომავლო გეგმებზე მეფიქრა, თვალდახუჭულმა გადავისვი ტუჩებზე თითი და გამეღიმა...
- რა გჭირს? -ნიტას ხმამ გამომიყვანა ნირვანადან.
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს? -ჩემს წინ მდგარ ჩაის ფინჯანს დავწვდი რომელშიც უკვე შეგრილებული სურნელოვანი სითხე ესხა.
- აღიარე ვისზე ფიქრობდი? -პატარა ეშმაკუნები აუთამაშდნენ თვალებში.
- სამაელზე, -არ დამიმალავს?
- სამაელზე? ეგ ვინღაა?
- სემი, დათუნას მეგობარი.
- სამაელს რატომ ეძახი? მოიცა შენ რა სემი მოგწონს, -პირდაღებული მომაშტერდა.
- სამაელს იმიტომ ვეძახი რომ ასე ჰქვია და მომწონს თანაც ძალიან, -თამამად გამოვუცხადე.
- გაგიჟდი? შენ არ იყავი რომ იძახდი ადამიანი არ არისო, ამ ერთ დღეში რა შეიცვალა?
- არც არის ადამიანი, ჯერ ვერ გავარკვიე რა არსებაა მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მომწონს, საოცარი კოცნა იცის.
- აკოცე კიდეც? როდის მოასწარი? მე და შენ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ კეს, -ისეთი სახით შემომხედა მივხვდი რომ წინ უგრძელესი შეგონება მელოდა და მოვემზადე.
- მიდი გისმენ, რა უნდა მითხრა.
- არ მესმის ასე მშვიდად როგორ ხარ კეს, ჯერ იყო და აიჩემე ადამიანი არ არისო, იმის გამოც კი გამიბრაზდი მას რომ მოუწია შენი კლუბში წამოყვანა, იქ ყოფნისას გიყურებდით, შენ სვამდი, ის ვიღაცას ესაუბრებოდა, სულ ორიოდე წუთით დაგკარგეთ თვალთახედვიდან, მერე სემი მოდის გვიცხადებს კესარიამ ბევრი დალია და გაითიშა სახლში უნდა წავიყვანოო, ეს იყო და ეს, კი მაგრამ როდის მოასწარი მისი კოცნა და მისი შეყვარება?
- არ მითქვამს რომ მიყვარს.
- არ გითქვამს მაგრამ სახეზე და თვალებზე გეტყობა, სიმართლე მითხარი კეს, კიდევ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული?
- თავის გატეხვას სახელის გატეხვა ჯობიაო რომ ამბობენ მართალი ყოფილა თურმე, ჩამეცინა და წამოვდექი, -არაფერიც არა მაქვს ჩაფიქრებული, უბრალოდ სემი მომწონს ეს არის და ეს.
- იცოდე ისეთი არაფერი გააკეთო რომ მე და დათუნას ურთიერთობა გაგვიფუჭდეს, -დამმოძღვრა და მაგიდის ალაგება დაიწყო, აივანზე გავედი რომ იქნებ როგორმე დილის გრილი ჰაერი დამხმარებოდა აზრების დალაგებაში, მოაჯირს დავეყრდენი და ეზოს გადავხედე, ავტომობილთან ჩემგან ზურგშექცევით იდგა სემი და ცდილობდა უკანა მინაზე მიკრული ჯვრის გამოსახულებიანი უზარმაზარი სტიკერი აეძრო, სადარბაზოდან ნათელა რომ გამოკუსკუსდა, სემი დაინახა თუ არა პირჯვარი რომ გადაისახა და ისე შენობაში შებრუნდა მაშინვე მივხვდი რომ სტიკერის ამბავი მისი ნამოქმედარი იყო...
დიდხანს ვუყურებდი როგორ საგულდაგულოდ ასუფთავებდა მინას, როგორც იქნა იგრძნო ჩემი მზერა და შემობრუნდა, ავტომობილს მიეყრდნო და თვალი თვალში გამიყარა, საძაგელი, ალბათ იმის გაგებას ცდილობდა მახსოვდა თუ არა რამე.
- დილა მშვიდობის სამაელ, -გაღიმებულმა გადავძახე და ხელი დავუქნიე მისალმების ნიშნად...




ფეხმორთხმით იჯდა მარმარილოს ქვებზე დაგებულ ბალიშებზე, წელსზევით შიშველი იყო და ურცხვად ამზეურებდა უნაკლო, ბრინჯაოსფრად მბზინავ სხეულს, წელსქვემოთ მხოლოდ მოკლე, წითელი დრაკონებით მოქარგული მწვანე ატლასის ნაჭერი ფარავდა, გრძელი ჩალისგფერი ხვეული თმის ტალღები თავისუფლად ჰქონდა მხრებსა და ზურგზე ჩამოყრილი, მის წინ მასიური ხისგან გამოთლილი საოცარი ოსტატობით მოჩუქურთმებული პატარა მრგვალი მაგიდა იდგა სხვადასხვა ხილით და ტკბილეულით სავსე, ქვის ცივ მოაჯირს ვეყრდნობოდი და თვალმოუშორებლად ვუყურებდი როგორ მიჰქონდა ნატიფი თითებით ვარდისფერი ყურძნის მარცვლები ულამაზეს ტუჩებთან, როგორ ნეტარებით ნაბავდა გრძელწამწამებიან თვალებს, ნამდვილი სრულყოფილება იყო, უგულო, უსულო, ყოველგვარი გრძნობისგან დაცლილი ცარიელი სრულყოფილება...
- მოდი ჩემთან, -დამტკბარი ხმით მომმართა და ხელით მანიშნა მის წინ განლაგებულ ბალიშებზე, მივუახლოვდი და ჩამოვჯექი, თავი ასწია და უკმაყოფილოდ შემათვალიერა.
- ასე რატომ გაცვია? -ცივი ხმით მკითხა, ჩემს თეთრ კაბაზე დავიხედე რომელიც შეძლებისდაგვარად მიფარავდა მკერდს, მუცელს და თეძოებს.
- რა არ მოგწონს? -ნაძალადევი ღიმილით ვკითხე.
- ადრე უფრო ხალვათად გეცვა ხოლმე, ახლა რა გაიძულებს ასე ჩაცმას?
- შემთხვევით ის ხომ არ მაიძულებს რომ როცა მოგესურვება ცდილობ ხელები მიფათურო ხოლმე, -გაცოფებულმა ჩავისისინე და ყელში გულისრევის შეგრძნება მომაწვა როცა დავინახე ჩემს გამოსაწვევად როგორ ჩაკბიჩა მწიფე ატამი და ტუჩზე ჩამოღვრილი წვენი ენით როგორ მოილოკა, უტვინო არსება, ნუთუ ეგონა რომ ასეთი საქციელით ჩემში სექსუალურ ლტოლვას აღძრავდა.
- შარბათი დამისხი, -მიბრძანა გაბრაზებულმა როცა მიხვდა რომ მისმა ხრიკმა არ გაამართლა.
- თვითონ დაისხი, -ვანიშნე ზუსტად მის წინ მდგარ, ქარვისფერი სასმლით სავსე სურაზე და ბროლისგან გამოთლილ ჭიქაზე.
- როგორ მიბედავ? -ხმას აუწია და სახეზე სიბრაზისგან წამოწითლდა.
- რატომ მთხოვ შენთვის გავაკეთო ის რისი გაკეთებაც თვითონაც მშვენივრად შეგიძლია, გგონია იმისთვის დავიბადე რომ დროდადრო სასმელი მოგაწოდო და ხელების ფათურის უფლება მოგცე? -წარბი ავწიე და ნებივრად მივესვენე ბალიშებზე, ერთხანს უხმოდ მიყურებდა და მერე ისე ჩაეცინა მივხვდი რაღაც ისეთი ჰქონდა განზრახული რაც აუცილებლად მატკენდა გულს.
- არადა ზუსტად ამისთვის დაიბადე საყვარელო, -საზიზღრად დათაფლული გაუხდა ხმა, -იმისთვის გაჩნდი რომ ჩემი იყო და მთელი შენი გამიზნული ცხოვრება ჩემს გვერდით გაატარო, მე გიყვარდე, მემორჩილებოდე და მემსახურებოდე.
- შემთხვევით რამე სხვა ოცნებაც ხომ არ გაქვს? -კბილი კბილს დავაჭირე რომ მოთმინება შემენარჩუნებინა და ღიმილით ვკითხე.
- რამდენიმე დღეში ვქორწინდებით, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია, -ხელები გაშალა და თვითკმაყოფილი ღიმილი შემომანათა, არაფერი მითქვამს, ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და ისე დავაჭირე რომ პირში სისხლის გემო ვიგრძენი.
- ჰო მართლა, სამაელი ქორწილს არ დაესწრება, -დაამატა ისეთი ხმით თითქოს ნიშნს მიგებსო, მოღუშულმა შევხედე, მანაც იცოდა რასაც ვგრძნობდი სამაელის მიმართ, ასეთი ვიყავი, არასდროს შემეძლო გრძნობების დამალვა.
- რატომ არ დაესწრება? -გაბზარული ხმით ვკითხე.
- მამამ ძალიან სერიოზული დავალება მისცა, არამგონია მალე შეძლოს დაბრუნება.
- ალბათ შენ დაარწმუნე რომ გაეშვა.
- შენ წარმოიდგინე რომ არა, მამას მშვენივრად იცნობ, როგორ გგონია რომელიმე ჩვენგანის სიტყვას მისთვის რამე მნიშვნელობა აქვს?
- სად გაუშვა?
- არ ვიცი, რომც ვიცოდე და გითხრა რას იზავ? უკან გაეკიდები? ჰმ? ასე ძალიან გიყვარს? იცი მაინც რა მოხდება ვინმემ რომ გაიგოს ამის შესახებ?
- ვერავინ ვერაფერს გაიგებს, -უდარდელად გავიღიმე.
- ხომ შეიძლება სადმე შემთხვევით წამომცდეს, -ბალიშებზე გადაწვა და მარცხენა ხელი ამოიდო თავქვეშ, დარწმუნებული ვარ ახლა თავისი მცირე ჭკუით გეგმას სახავდა თუ როგორ უნდა გავემწარებინე, წარმოუდგენელი იდიოტი იყო, არც კი იცოდა რაში ვჭირდებოდი, უბრალოდ ვუნდოდი ისე როგორც პატარა ბავშვს უნდა ხოლმე ამოჩემებული სათამაშო.
- შენ არავის არაფერს ეტყვი, -მეღიმებოდა როცა ვხედავდი როგორც ცდილობდა საკუთარი გავლენის ქვეშ მოვექციე.
- ასე გგონია? -თვალები მოწკურა და წამოიწია.
- ასე მგონია კი არა ასეა, შენნაირი პატივმოყვარე არსება ვერ გადაიტანს თუ ყველა გაიგებს რომ მე სხვა მიყვარს და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მოგყვები ცოლად.
- გაგიჟდი? რომელ მოვალეობაზე ლაპარაკობ? -სახე ისე აეჭრა და თვალები ისე აემღვრა ცოტაც და ვიფიქრებდი რომ მართლა არ იცოდა არაფერი.
- ბოლოსდაბოლოს როდისმე მორჩები თამაშს? მშვენივრად იცი რომ მთელი ჩვენი ურთიერთობა წინასწარ დაგეგმილი და დადგმული სპექტაკლია, მამას გრძელვადიანი გეგმის ერთ-ერთი პირველი საფეხური, თუმცა ახლა ვფიქრობ და მე საერთოდ რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან, მე რატომ უნდა ვეწირებოდე მსხვერპლად პატივმოყვარე, შეშლილი არსების უაზრო და გაუგებარ გეგმებს, მე და შენ ერთად? ეს ხომ სასაცილოა?
- შენი თავი მხოლოდ სამაელთან ერთად წარმოგიდგენია არა?
- ჩემი სიტყვებიდან მხოლოდ ეს გაიგე? შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, -წამოვდექი, ზურგი ვაქციე და ცისფერი ქვით ნაშენი უზარმაზარი შენობის შესასვლელისკენ წავედი.
- მოიცადე, შენთვის წასვლის უფლება არ მომიცია, -მომესმა და მხარზე ხელის შეხებაც ვიგრძენი, უხეშად ჩამეჭიდა, მისკენ მიბრუნება მაიძულა, ერთხანს ანთებული თვალებით დამცქეროდა ზემოდან და მერე ყელში მთელი ძალით წამიჭირა თითები...
-
ახრიალებულს გამომეღვიძა, ვერ ვსუნთქავდი, ყელში თითქოს რაღაც მიჭერდა და საშუალებას არ მაძლევდა ჰაერი ჩამესუნთქა, საწოლიდან გადმოვფორთხდი და გულაღმა დავწექი ხალიჩაზე, რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად რომ საკუთარ საძინებელში ვიყავი, ის ყველაფერი დამესიზმრა და სინამდვილეში არავინ არ აპირებდა ჩემს დახრჩობას, როგორც კი ნორმალურად სუნთქვა შევძელი გაჭირვებით ავითრიე წელი, დერეფანში გავედი და სააბაზანოს კარი შევაღე, ნიჟარას ორივე ხელით დავეყრდენი და სარკეში შევათვალიერე ჩემი ორეული, გამოგიტყდებით და არ მომეწონა რაც დავინახე, ჩაშავებული უპეები, ჩაცვენილი ლოყები და შეშლილი გამოხედვა...
ყელი გაწითლებული მქონდა, დაკვირვებით შევათვალიერე, არ მინდოდა იმის დაჯერება რომ ეს თითების კვალი იყო, სახეზე წყალი შევისხი და ბარბაცით გამოვედი დერეფანში, სახლში მარტო ვიყავი, უკვე ათი დღე გავიდა მას შემდეგ რაც სემი ბოლოს ვნახე, ეს ზუსტად ის დღე იყო როცა აივნიდან მივესალმე და მის მზერაში წავიკითხე რომ მიხვდა ყველაფერი მახსოვდა, ის იყო და ის, იმ დღის მერე უგზო უკვლოდ გაქრა, ნიტა მშობლებმა წაიყვანეს დასასვენებლად, ნათელასგან გაგიჟებული დედაჩემი თავზე რომ დამადგა და ნახა რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა ისევ დეიდაჩემის სახლში დაბრუნდა, რადგან დეიდას საზღვარგარეთ ყოფნა გაუგრძელდა ასე რომ მარტოდ მარტო დავრჩი სახლში, მარტო ვუმკლავდებოდი სემის მონატრებას და იმ კოშმარებს რასაც ყოველ ღამე ვხედავდი და რაც დარწმუნებული ვიყავი რომ მის გამოჩენასთან იყო დაკავშირებული, ან იყო კი კოშმარები რასაც ყოველ ღამე ვხედავდი? არაფერში აღარ ვიყავი დარწმუნებული, სახეები, სახელები, ადგილები, გემო, სურნელი, შეხება... ეს ყველაფერი ისეთი ცხადი იყო, ყოველ დილით საშინლად დაღლილი და აფორიაქებული ვიღვიძებდი... თავს ისე ცუდად ვგრძნობდი შვებულება გავიხანგრძლივე, უკვე ისიც აღარ მაინტერესებდა რას იტყოდა ჩემი უფროსი, მგონი ვგიჟდებოდი და ერთადერთი ვიღაც ვინც შეძლებდა და ამ ლაბირინთიდან გამომიყვანდა ასე უგზო უკვლოდ აორთქლდა, დამტოვა და იმაზე ფიქრიც კი ჭკუიდან მშლიდა რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს მენახა, ვეღარასოდეს მეგრძნო მისი ტუჩების სითბო, ამოვიოხრე და თვალდახუჭულმა ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადავიტარე...
- კესარია, კესარია შვილო გააღე კარი, -ყვირილი რომ მომესმა საფეთქლებზე შემოვიჭდე თითები რომ როგორმე თავის ტკივილი გამეყუჩებინა და კარის გასაღებად წავედი.
- რა გაყვირებს ნათელა დეიდა, ზარი რატომ არ დარეკე? -შემოსასვლელში გაჯგიმულ ქალს შევუღრინე რომელმაც უბოდიშოდ გამწია გვერდზე და ბინაში შემოაბიჯა, კარი მივაჯახუნე და ჩანჩალით გავყევი უკან.
- ზარი იმიტომ არ დავრეკე რომ არ შემეწუხებინე, -გამომიცხადა.
- გინდოდა რამე ნათელა დეიდა?
- არა შვილო რა უნდა მინდოდეს, მოსაკითხად მოვედი, მაინტერესებს როგორ ხარ? -შემათვალიერა და მერე მისაღებს მოავლო თვალი.
- როდის აქეთია ასე უბრალოდ მოსაკითხად შემოდიხარ ხოლმე? -მივახალე და ისეთი სახე მიიღო თითქოს ძალიან ეწყინა.
- დედაშენს შევპირდი რომ ყურადღებას მოგაქცევდი, მიდი ყავა მომიდუღე, მე აბაზანაში შევალ ხელებს გადავიბან, -გამიღიმა და შებრუნდა.
- სახლში საყვარელს არ ვმალავ ნათელა დეიდა, საძინებლების შემოწმება საჭირო არ არის.
- ასეთ რამეს როგორ გაკადრებ შვილო, -შემობრუნდა, ხელები გაშალა და შეიცხადა.
- რომ მყავდეს ნამდვილად არ დავმალავდი, -დივნის სახელურზე ჩამოვჯექი და ურცხვად შევღიმე, -ჰო და არც ამოუხსნელი მოვლენები ხდება ჩვენთან, მოჩვენებები არ გვყავს არც ქაჯები და ეშმაკები.
- უი ჰო, ეშმაკზე გამახსენდა, -ლოყაზე შემოირტყა ხელი, -ის ბიჭი სად არის რომ აღარ გამოჩენილა.
- რომელი ბიჭი? -ისე ვკითხე თითქოს არ ვიცოდი ვის გულისხმობდა.
- დათოს მეგობარი.
- მე საიდან უნდა ვიცოდე დათოს მეგობარი სად არის?
- იმ დღეს დაგინახეთ ერთად როგორ ჩაჯექით მანქანაში, -დოინჯი შემოირტყა და თვალები დააწვრილა, -იცოდე კესარია, არ არის ეგ კარგი სული და მოერიდე.
- მადლობა რჩევისთვის ახლა კი თუ ნებას მომცემ უნდა დავისვენო, მარტო ყოფნა მინდა, -მშვიდად მივუთითე კარისკენ, აღარაფერი უთქვამს ჩემდა გასაკვირად უპრობლემოდ დატოვა ბრძოლის ველი, გავიდა თუ არა შვებით ამოვისუნთქე, სამზარეულოში გავედი რომ ყავა მომედუღებინა მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ყველა კარადა ცარიელი დამხვდა, აღარც პური იყო, აღარც კვერცხი და მაკარონი, სხვა გზა არ მრჩებოდა, მაღაზიაში უნდა ჩავსულიყავი პროდუქტის ამოსატანად, დაჭმუჭნილი ზედა გავიძრე და ახალი მაისური გადავიცვი, თმა შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე, ფული შორტის ჯიბეში ჩავიკუჭე, სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი და კარი გავიხურე, სადარბაზოდან გავედი თუ არა დათუნა მომხვდა თვალში, ვიღაცას ესაუბრებოდა, დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა და ღიმილით გამომიწოდა ხელი.
- როგორ ხარ კეს? -თბილი ხმით მკითხა და ოდნავ მომიჭირა თითები, თვალს არ მაშორებდა და მეც პირველად ვხედავდი ასეთ დათუნას, თითქოს ცდილობდა ჩემი თვალების გავლით სულის სიღრმეებამდე ჩაეღწია და იქ რაღაც ამოეკითხა, ნუთუ მანაც ყველაფერი იცოდა?
- კარგად ხარ? -გამიმეორა კიდევ ერთხელ.
- კარგად ვარ, ძალიან კარგად.
- არ გეტყობა რომ კარგად იყო, -მის ხმაში გულწრფელი ზრუნვა იგრძნობოდა.
- ვერაფერს ვიტყვი, კომპლიმენტების თქმა გეხერხება, -გამეცინა, მხარზე ხელი დავარტყი მადლობის ნიშნად და გვერდი ავუარე.
- დაბრუნდება უბრალოდ ცოტა დრო მიეცი, -მომაძახა და მეც ერთ ადგილზე გავშეშდი, -სად არის? ვკითხე ისე რომ მისკენ არ შევბრუნებულვარ.
- საქმე ჰქონდა და რამდენიმე დღე აქ არ იყო.
- სად იყო?
- რა მნიშვნელობა აქვს.
- ახლა სად არის?
- ქალაქგარეთ აქვს სახლი და იქ რჩება.
- მისამართს მომცემ? -მისკენ შევბრუნდი და აწყლიანებული თვალებით მივაჩერდი, მიჭირდა თავის შეკავება, ძალიან მიჭირდა რომ ახლა, აქ, დათუნას წინ არ ავღრიალებულიყავი, არაფერი უთქვამს, ერთხანს უხმოდ მიყურებდა თვალებში, მერე ჩაეღიმა, ჯიბიდან ფურცელი და კალამი ამოიღო, ხელისგულზე დაფენილ ქაღალდზე რამდენიმე სიტყვა დაწერა და გამომიწოდა...





დაძაბული ვმართავდი ავტომობილს, საჭეს მთელი ძალით ვუჭერდი ხელს და გზას თვალს არ ვაშორებდი, კარგა ხანია თბილისს გავცდი, მთავარი გზიდან გადავუხვიე და ახლა შუაგულ ტყეში გაჭრილ ვიწრო მიხვეულ მოხვეულ გზას მივუყვებოდი, უკვე შუადღე იყო და საშინლად ცხელოდა, დარწმუნებული არ ვიყავი რომ სწორად მივდიოდი, დათუნას მოცემული მისამართი არაფერში გამომადგა, გზა არა და არ თავდებოდა ჩემი მოთმინება კი წვეთ და წვეთობით ილეოდა, კიდევ ერთი აღმართი ავივაკე თუ არა გზიდან გადავუხვიე და პატარა, მოედანივით მოსწორებულ ადგილზე გავაჩერე ავტომობილი, გადმოვედი და ხელებგაშლილმა, თვალდახუჭულმა ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, მოედნის ციცაბო ნაპირთან მივედი და ჩემს თვალწინ გადაშლილ ულამაზეს ხეობას გადავხედე, ხეობაში მდინარე მიედინებოდა, ფერდობები უზარმაზარი ფართოდ ტოტებ გაბარჯღული ხეებით იყო დაფარული, თბილმა ნიავმა უცნაურად ნაცნობი სურნელი მომიტანა და რატომღაც ვიფიქრე რომ აქაურობა საოცრად ნაცნობი იყო, რაღაცას მახსენებდა, ადგილს რომელიც ნანახი მქონდა ოღონდ არ მახსოვდა სად და როდის...
- ევა, ეეევაა, სად ხარ? -მონატრებული ხმა მომესმა და დავინახე როგორ შეიცვალა გარემო ჩემს თვალწინ, ტყე გაქრა, ბალახებით და ყვავილებით დაფარულ ნაცნობ მინდორზე ვიდექი და მწიფე ნაყოფით დახუნძლულ ხეს შევცქეროდი, ვერ ვხვდებოდი რატომ უფრთხილდებოდა მამა ამ ხეს ასე, რით იყო განსაკუთრებული რომ მიახლოებაც კი აკრძალული გვქონდა არათუ ნაყოფის გასინჯვა...
- მომენატრე ევა, -წელზე მომეხვია ძლიერი მკლავები და ლოყაზე თბილი ბაგეების შეხება ვიგრძენი, შევბრუნდი და მთელი ძალით ჩავეხუტე, აღარ შემეძლო გრძნობების დაფარვა, ისედაც ყოველთვის მიჭირდა როცა ჩემს გვერდით იყო და იძულებული ვიყავი ისე მოვქცეულიყავი ვითომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი, არადა მისი ერთი შემოხედვაც კი საკმარისი იყო რომ ჭკუიდან გადავსულიყავი.
- სამაელ მეგონა არ მოხვიდოდი, მეგონა ვეღარ გნახავდი...
- როგორ იფიქრე რომ ასე უბრალოდ მიგატოვებდი, -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ღიმილით ჩამხედა თვალებში, - აქ რატომ ხარ? ახლა ქორწილისთვის არ უნდა ემზადებოდე? იქნებ გადაიფიქრე? -ირონიულად ჩაილაპარაკა და მერე ხეზე გადაიტანა მზერა, -ეს ხე ასე ძალიან რატომ გაინტერესებს?
- სერიოზულად? რა დროს ეს წყეული ხეა, შენ რა სულ მთლად გაგიჟდი? -სიბრაზემ შემიპყრო და მკერდზე მთელი ძალით დავარტყი შეკრული მუშტი, -შენი ვერაფერი გამიგია, ეს ყველაფერი ხუმრობა აღარ არის სამაელ, მე ვთხოვდები გესმის?
- შენი აზრით აქ რატომ ვარ? -მხრებში ჩამავლო ხელი და მაიძულა რომ გავჩერებულიყავი, -დამშვიდდი ევა, ის უტვინო შენი ქმარი ვერ გახდება, ამის უფლება მხოლოდ მე მაქვს გესმის? შემომხედე, -მაიძულა მისთვის მზერა გამესწორებინა და წითლად აალებული თვალებით ჩამხედა თვალებში...
- მიყვარხარ ევა და არავის მივცემ უფლებას რომ დაგვაშოროს.
- მე... მე მეგონა რომ, -საცოდავად ავლუღლუღდი, საოცრად მოქმედებდა ჩემზე, თითქოს ჩემი ყველა წერტილი იცოდა რომლებთან შეხებაც ჭკუიდან მშლიდა, მისი ერთი სიტყვის გამოც კი შემეძლო უფსკრულში თვალგახელილი გადავშვებულიყავი, ეს ნორმალური იყო? არ ვიცი...
- ვიცი რაც გეგონა სულელო, -ნაზად ჩამომისვა ლოყაზე თითები და ტუჩებით მსუბუქად შემეხო ტუჩებზე, -იფიქრე რომ აღარ მაინტერესებდი? შენი აზრით ასეთი სუსტი და უსუსურია ჩემი შენდამი გრძნობა? უბრალოდ დრო მჭირდებოდა უნაკლო გეგმის მოსაფიქრებლად.
- რომელი გეგმის? -ავმა წინათგრძნობამ მარწუხივით მომიჭირა გულზე და ხელები ამიცახცახდა, -დარწმუნებული ხარ რომ გამოვა?
- უნდა ვცადოთ, ბოლოს და ბოლოს მისი სათამაშოები არ ვართ და ყოველთვის ის ვერ გადაწყვეტს ჩვენს ბედს, ჩვენ უნდა შეგვეძლოს არჩევნის გაკეთება და მე შენ აგირჩიე.
- მე კი შენ, -თითისწვერებზე ავიწიე რომ მივწვდომოდი და ამჯერად მე გამოვიჩინე კოცნის ინიციატივა, მთელი ძალით მიმიკრა სხეულზე...
- შენთან სიახლოვისას ყოველთვის უფრო და უფრო მიჭირს თავის შეკავება, -ვნებამორეულმა ჩაიჩურჩულა, საპასუხოდ მისი შარვლის სათავეს მივწვდი...

დაღლილი და ბედნიერი მის მკერდზე მისვენებული ვიწექი, არასასურველ თვალთაგან მაღალი ბალახები გვფარავდა, მშვიდად დაატარებდა ჩემს თმაში თითებს და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა.
- შენ ჩემთვის დაიბადე ევა, არ აქვს მნიშვნელობა რას გასწავლიდნენ მთელი ცხოვრება და რისთვის გამზადებდნენ, დაივიწყე ყველა მითი და ბოდვა შენი და იმ არსების დიად მისიაზე, დაიმახსოვრე, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები და სხვას არავის და არაფერს არ აქვს მნიშვნელობა...
- ამის მართლა გჯერა? -წამოვიწიე და ზემოდან ჩავხედე უკვე დამშვიდებულ და ჩამცხრალ თვალებში.
- მჯერა, ისიც მჯერა რომ შევძლებთ, უნდა ვცადოთ მაინც, თუ არადა ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ რომ ცდა შემეძლო და უკან დავიხიე.
- გეგმას არ გამანდობ?
- მერწმუნე უკეთესი იქნება თუ ბოლომდე არ გეცოდინება რის გაკეთებასაც ვაპირებ.
- ასეთი რა მოიფიქრე?
- მისმინე, -წამოჯდა და უცნაურად დასერიოზულებულმა ჩემი ხელები ხელებში მოიქცია, -ჩვენი გეგმის განსახორციელებლად შენც რაღაც უნდა გააკეთო.
- შენ ოღონდ მითხარი, ყველაფრისთვის მზად ვარ.
- ხომ გაინტერესებდა ეს ხე რატომ დგას ამ მინდვრის შუაგულში, რატომ აკრავს უხილავი დამცავი ბარიერი და რატომ არის ასე სასტიკად აკრძალული მასთან მიახლოება, ახლა ყველაფერს მოგიყვები და კარგად მომისმინე...

- მოგიტანე, -ჩემს წინ მაგიდაზე გააგორა წითლად ლოყადაბრაწული ნაყოფი და ამაყად გაჯგიმული მომიჯდა გვერდით, ამდენი ხნის ნანატრი ხილი თითებში მოვიქციე და ყურადღებით შევათვალიერე, დავყნოსე, სასიამოვნო სურნელი ასდიოდა.
- როდის მივიღებ დამსახურებულ კოცნას? -წელზე მომხვია ხელი და თვალებმინაბული გადმოიხარა ჩემსკენ, მკერდზე ხელი ვკარი და ძლივს მოვახერხე მისი მოშორება.
- მაცადე ჯერ უნდა გავსინჯო.
- რამდენი უნდა გაცადო, დავიღალე, -ხმამაღლა იყვირა და გაცოფებული წამოხტა ფეხზე, -აღარ შემიძლია, მეტის ატანას აღარ ვაპირებ, ყველაფერს ვაკეთებ რასაც კი მოისურვებ, შენ კი ზედაც არ მიყურებ, იცი როგორ გამიჭირდა მაგ სულელური ხილის მოპარვა, წარმოდგენაც კი არ გაქვს მამა როგორ გაცოფდება რომ გაიგოს...
- რა გინდა? ცოლად ხომ მოგყვები, -დაბოღმილმა ჩავიბურტყუნე და დანას წავეტანე რომ შუაზე გამეჭრა, გავჭერი, ბლანტი მოტკბო წვენი თითებზე ჩამომეღვარა...
- მისმინე ევა, -ჩემს წინ ჩაიჩოქა და მავედრებელი მზერა მომაპყრო, -ვიცი რომ ცხოველი გგონივარ მაგრამ ასე არ არის, შეიძლება ძალიან მგრძნობიარე არ ვარ მაგრამ ჩემთვის საკმარისი არ არის რომ მოვალეობის გამო მომყვები ცოლად, მინდა რომ გიყვარდე.
- გინდა რომ მიყვარდე? ხუმრობ? -სიცილი ვერ შევიკავე, -სიყვარული შეკვეთით არ მოდის ადამ, უბრალოდ უყვარდებათ, თავისთავად, ყველანაირი ბრძანების და მოთხოვნის გარეშე.
- შენ კი ის გიყვარს არა?
- რატომ მეკითხები როცა უკვე იცი პასუხი.
- ერთხელ მაინც ევა, ერთხელ მაინც რომ შემომხედო ისე როგორც მას უყურებ... -ცრემლები აუბრჭყვიალდა თვალებში, დაბნეულმა მივაჩეჩე ხილის ნახევარი რომელიც ჯერ ისევ ხელში მეჭირა.
- არ გინდა რომ გასინჯო?
ერთდროულად ჩავკბიჩეთ და ერთდროულად გადმოვაფურთხეთ უკან, პირდაფჩენილები ვუყურებდით ერთმანეთს, ასეთი უგემური არასოდეს არაფერი გამესინჯა...


- თქვენგან ამას არ ველოდი, -გრგვინვასავით ჩაგვესმა ხმა და დაფეთებულები წამოვხტით ფეხზე, ჩვენს წინ იდგა მცველებით გარშემორტყმული, მაღალი, ზვიადი, მზის სხივები შარავანდედივით ადგა თავზე, თვალები უელავდა და მრისხანე მზერას არ გვაშორებდა.
- ეს რატომ გააკეთეთ? ხომ იცოდით რომ იმ ხესთან მიკარება და ნაყოფის მოწყვეტა აკრძალული გქონდათ? რატომ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ ჩემს წინააღმდეგ წახვიდეთ?
ცივი ხმა ჰქონდა, არაფრისმთქმელი, მისთვის ის ხე უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ჩვენ, ყოველთვის ასე იყო და არც ეს შემთხვევა იქნებოდა გამონაკლისი, ჩემს წვენით დასვრილ ხელებზე გაუშეშდა მზერა და მერე უცნაურად გაეღიმა...
- მან მაიძულა რომ მომეწყვიტა და მისთვის მომეტანა, მე არაფერ შუაში ვარ, -ადამი მუხლებზე დაეცა და ჩემსკენ გამოიშვირა თითი, -მაპატიე მამა, ჩემი ბრალი არ არის, მან მაცდუნა.
- უდღეური მხდალი არსება, -ჩავისისინე და ზიზღმა დამიბრიცა ტუჩები.
- წაიყვანეთ, -ადამზე ანიშნა მცველებს, მის ყვირილს და მუდარას ყურადღება არ მიაქციეს, ხელი ჩაავლეს და სადღაც წაათრიეს, ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ ყველაფერი ისე არ მიდიოდა როგორც დავგეგმეთ, სამაელი არსად ჩანდა, არადა ყველაფერი სხვაგავარად უნდა განვითარებულიყო, ნუთუ...
- გიკვირს არა? -მომიახლოვდა და ჩემს წინ აისვეტა, ნიკაპში წამავლო თითები და თავი მაღლა ამაწევინა, -გეგონა რომ რამეს გამომაპარებდით? გინდა გითხრა ახლა რა მოხდება? გინდა გითხრა როგორ დაგსჯით?
- და ყველაფერი იმ არაფრის მაქნისი ხის გამო? იმ წყეული ნაყოფის გამო რომელსაც ასეთი საშინელი გემო აქვს, ამას რატომ აკეთებ მამა?
- როგორი გულუბრყვილო ხარ ევა, -დანანებით გადააქნია თავი, -სწორედ ამიტომ მოახერხა სამაელმა შენი მოტყუება და გამოყენება.
- რა? რას ამბობ? -ყელში თითქოს რაღაც გამეჩხირა და გულმა გაორმაგებულად დაიწყო ფეთქვა.
- კიდევ ვერ ხვდები? ის ყოველთვის ყველაზე მეამბოხე მეამბოხე იყო ჩემს ვაჟებს შორის, ფიქრობს რომ შეუძლია ჩემს გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები, ფიქრობს რომ არჩევანის უფლება აქვს, დიდი ხანია ეძებდა გზას როგორ გავემწარებინე და ეს შეძლო.
- ვერ ვხვდები რას ამბობ.
- ჩემი ყველაზე საყვარელი და საჭირო ქმნილებები, შენ და ადამი გამოგიყენათ, თავი შეგაყვარა, არადა შენ ადამის ცოლი უნდა გამხდარიყავი...
- ადამი არ მიყვარს, -გამწარებულმა შევაწყვეტინე სიტყვა, -სამაელი კი არასოდეს მომატყუებდა რადგან ვუყვარვარ, რაღაცას იგონებ, გინდა რომ ეს ტყუილი დავიჯერო?
- უყვარხარ? -გულიანად გადაიხარხარა და არარსებული ცრემლი მოიწმინდა, -მას საერთოდ არ იცნობ, სამაელმა არ იცის რა არის სიყვარული, მას მხოლოდ მოტყუება და ინტრიგების ხლართვა შეუძლია, უყვარს როცა ცუღლუტობს და არეულობებს და ქაოსს იწვევს.
- შენი არ მჯერა, -ამოვიხრიალე და მაგიდას დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი, ნუთუ შევცდი, ნუთუ მართლა ასე მწარედ მომატყუა?
- მოგატყუა და ამასთან შეგუება მოგიწევს, ორივე გამოგიყენათ, ჰო და ის არაფრისმაქნისი ხე როგორც შენ უწოდებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, წმინდა და ხელშეუხებელი იყო იქამდე სანამ თქვენ შეურაცხყოფდით, ახლა კი მიუხედავად იმისა რომ თქვენთან დაკავშირებით დიდი გეგმები მქონდა ამ ყველაფერს ვერ გაპატიებთ, სამაელს ვეღარასოდეს ნახავ, ამ წარუმატებელი ამბოხების მცდელობის შემდეგ, ისედაც აღარ აქვს შენი ნახვის სურვილი, რაც შეგეხებათ თქვენ, შენი და ადამის სასჯელი აქედან სამუდამოდ გაძევება იქნება.
- რა? რას ამბობ? გაძევება? სად? -სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს.
- ერთ რამეს გკითხავ და მიპასუხე ევა, ოღონდ ეცადე გულწრფელი იყო, როდისმე გიფიქრია მოსალოდნელ შედეგებზე? სამაელი ღირდა ამად?
- ღირდა, -უყოყმანოდ ვუპასუხე.
- წაიყვანეთ, -მცველებს ჩემზე ანიშნა და გვერდზე გადგა, -არ მომეკაროთ, -ვიკივლე და სასოწარკვეთილმა დავიხიე უკან...

-
- რას კეთებ? გაგიჟდი? -ნაცნობი ხმა ჩამესმა და ვიგრძენი როგორ ჩამეჭიდა გულისპირში მოქნილი თითები, დამქაჩა და წელზე მომხვია მკლავი, თვალები გავახილე, ციცაბო ნაპირთან ვიდექი და რაღაც სასწაულით გამოჩენილი სამაელი რომ არა რომელსაც ვეჭირე ალბათ ხეობაში თავით გადავეშვებოდი და ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, გაოგნებული ვათვალიერებდი გარემოს, უკვე მიჭირდა აწმყოს და იმ უცნაურად ცხადი მოგონებების გარჩევა...
- აქ რას აკეთებ კეს? როგორ მომაგენი? -შეშფოთებული მიყურებდა, თითქოს ცდილობდა გაეგო რა მოლოდინი უდა ჰქონოდა ჩემგან, უხეშად მოვიშორე მისი მკლავები და უკან დავიხიე, ვუყურებდი საყვარელ და ამავე დროს საძულველ სახეს და ვგრძნობდი როგორ მისველებდა ლოყებს ცრემლები.
- რა გჭირს? რატომ ტირი? კარგად ხარ? -ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი და უკან რომ დავიხიე, ამოიხვნეშა, წარბები შეკრა და მოიღუშა.
- შენ მე მიმატოვე, -აღმომხდა და მეტი თავის შეკავება ვეღარ შევძელი, ხმამაღლა ავტირდი.
- რას ამბობ? რას გულისხმობ? -ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რას ვეუბნებოდი.
- შენ მე მიმატოვე სამაელ, ასე უბრალოდ წახვედი და მიმატოვე, იცი მაინც რა გადავიტანე როცა არ დაბრუნდი? იცი მაინც რა ვიგრძენი როცა მამამ მითხრა რომ არასდროს გყვარებივარ და უბრალოდ მიყენებდი? იცი რა გადავიტანე როცა მე და ადამი გაგვაძევეს? იცი როგორ მეშინოდა? გელოდი, ყოველ დღე, ყოველ წუთს და წამს გელოდი, მაგრამ არ მოსულხარ... არ მოსულხარ...
მთელი ხმით ვყვიროდი, უნდა მეთქვა, ყველაფერი უნდა მეთქვა თორემ უთქმელი სიტყვები გამგუდავდა და ბოლოს მომიღებდა, ვყვიროდი და ვხედავდი როგორ ეცვლებოდა გამომეტყველება, თვალები აემღვრა, ტუჩები აუთრთოლდა, თითებს უთავბოლოდ ათამაშებდა ჰაერში, ღრმად სუნთქავდა თითქოს ჰაერი არ ყოფნისო, ბოლოს გაიღიმა, მერე სიცილი აუტყდა, დაუჯერებელი იყო მისი ასეთის ხილვა, იცინოდა და თან თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები.
- გახსოვს, როგორც იქნა ყველაფერი გახსოვს, -აღმოხდა და ჩემს წინ მუხლებზე დაემხო...




- არ მომეკარო, არ შემეხო, -მთელი ხმით ვიყვირე და ანთებული მუგუზალი მოვიმარჯვე ხელში, გამოქვაბულში ვიყავით, შუაში ცეცხლი გიზგიზებდა, ერთ კედელთან ჩემი ხელით გაკეთებული ხის თაროები იყო მიმაგრებული რომელიც სხვადასხვა სახის გამხმარი ხილით და ბალახეულობით იყო სავსე, მეორე კედელთან მშრალი შეშა ელაგა, ხოლო გამოქვაბულის სიღრმეში ხმელი ბალახებისგან საწოლი მქონდა გაკეთებული.
- მშვენივრად მოწყობილხარ, -ადამმა იქედნურად ჩაიცინა და იქაურობას თვალი მოავლო, სასაცილო რა ჰქონდა ვერ ვხვდებოდი, საშინლად გამოიყურებოდა, იმ ადამისგან საკუთარი გარეგნობით და მომხიბვლელობით რომ ამაყობდა აღარაფერი იყო დარჩენილი, გამხდარი იყო, თვალები ჩაშავებული ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ გარეთ თოვდა და საშინლად ციოდა თხლად ეცვა, მოზრდილი წვერი და თმა საშინლად ჰქონდა გაბურძგნილი და ფრჩხილებქვეშ ჭუჭყი ჰქონდა ჩამჯდარი.
- იცოდე თუ გაბედავ და ისევ შეეცდები...
- დაწყნარდი, არ ვაპირებ მოგიახლოვდე, -ნაძალადევად გაიცინა და ხელები მაღლა ასწია, -უბრალოდ ნება მომეცი ღამე აქ გავათიო.
- აქ რატომ უნდა გაათიო? შენს ქოხს რა დაემართა?
- გეფიცები არ მინდოდა შენი შეწუხება, მაგრამ ჩემი ქოხი თოვლის სიმძიმისგან ჩამოინგრა, -სულელურად გაიღრიჭა, ცეცხლთან მოჩოჩდა, იქვე ჩაჯდა და სიცივისგან გაწითლებული თითები მიუფიცხა, მუგუზალი ისევ ცეცხლში შევაგდე და მის მოპირდაპირედ მოვთავსდი ფეხმორთხმით.
- იმდენს ვერ მიხვდი რომ გადათოვლა იყო საჭირო? -ვერ მოვითმინე რომ არ მესაყვედურა, უკვე ყელში მქონდა ამოსული მისი უნიათობა.
- მეძინა და ყურადღება ვერ მივაქციე, -უდარდელად აიჩეჩა მხრები, -საჭმელი არაფერი გვაქვს?
- ასე არ შეიძლება ადამ, სულ გძინავს და უსაქმურობ, მთელი ზაფხული ისე გალიე, არაფერი გაგიკეთებია, როგორ აპირებ ზამთარში თავის გატანას? ჩასაცმელიც კი არ გაქვს რომ არ გაიყინო.
- ხომ არ დაგავიწყდა ის ცხოველი ვინ მოკლა ვისი ტყავისგანაც ეგ თბილი ქურქი შეიკერე ახლა რომ გაცვია, -გაბოროტებულმა ჩაიღრინა, ფეხზე წამოდგა და თაროებზე განლაგებულ გამხმარ ხილს და ფენებად დაჭრილ გამომშრალ ხორცს დაუწყო გადარჩევა.
- შენ თუ ეს ცხოველი მოკალი მე უკვე იმდენჯერ გადაგარჩინე სიკვდილს თვლაც კი ამერია, ყოველთვის რაღაც გემართება და მე რომ არა აქამდე ათასჯერ გააცხებდი სულს, ყველაფერს მე ვაკეთებ იმისთვის რომ გადავრჩეთ შენ კი უბრალოდ ლანდივით დამდევ უკან...
- ეს ნაყენი ხომ არ დაგველია? -მონოლოგი შემაწყვეტინა და უფორმო თიხის ჭურჭელი დამანახვა.
- ეგ ნაყენი საკმაოდ ძლიერია იმისთვის რომ აიტანო და თანაც სამკურნალოდ ვიყენებ.
- არა უშავს კიდევ გააკეთებ.
- სულელო, ზამთრის დასასრულამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, შენი აზრით როდის შევძლებ რომ მაგისთვის საჭირო კენკრა მოვაგროვო?
- კარგი რა ნუ ხარ ასეთი მოსაწყენი, -ჩემს გვერდით მოკალთდა და პირდაპირ ჭურჭლიდან მოიყუდა სურნელოვანი სითხე, -მართლა მაგარი ყოფილა, -დაიჯღანა და მომაწოდა, -დალიე, არაფერი მოგივა თუ ცოტას დალევ, იქნებ ეგ საშინელი ხასიათი გამოგიკეთოს.
ჩამოვართვი და მოვიყუდე, მესიამოვნა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძარღვებში ცეცხლი ჩამეღვარა და ახლა მთელ სხეულს შიგნიდან მითბობდა, თვალები დავხუჭე რომ უკეთ წარმომედგინა...
- ისევ მასზე ფიქრობ? -ადამის ხმაში ტკივილი იგრძნობოდა, არა ბრაზი ან სიძულვილი არამედ ყოვლისმომცველი და ხელშესახები ტკივილი, -იმ ყველაფრის მიუხედავად რაც გაგვიკეთა მაინც მასზე ფიქრობ? მის გამო გამოგვაძევა მამამ აქ, მის გამო ვართ ასეთ დღეში.
- მაინც როგორ დღეში ხარ? -მისმა წუწუნმა ღიმილი მომგვარა, -აქაურობა სულაც არ არის ცუდი ადამ, უბრალოდ იქ ყველაფერს მზა მზარეულს იყავი მიჩვეული აქ კი ხელის განძრევა გეზარება რომ საკუთარ თავს მიხედო, ყველაფერი გვაქვს რაც საჭიროა იმისთვის რომ მშვიდად ვიცხოვროთ, თანაც ყველაფერს სამაელს ნუ აბრალებ, მიკვირს რომ ამდენი ხანია აქ ვართ და ერთხელაც კი არ დაგცდენია საყვედური მამას მიმართ, ერთხელაც კი...
- ჩუუ, გაჩუმდი, აღარაფერი თქვა, -სიტყვა შემაწყვეტინა, ტუჩებზე მიიდო თითი და დაფეთებულმა მიმოიხედა ირგვლივ.
- რა ხდება? -გაკვირვებულმა შევხედე.
- მის შესახებ არაფერი თქვა, ასე მგონია ყველაფერი ესმის რასაც მის შესახებ ვამბობთ და ყველაფერს ხედავს რაც აქ ხდება, არ მინდა კიდევ უფრო გაბრაზდეს და უფრო მწარედ დაგვსაჯოს.
- შენ რა სულ მთლად გაგიჟდი ადამ? თუ ხვდები რას ამბობ? -გამეცინა მის სიტყვებზე და თან ეჭვმა უცნაურად გამიარა გულში, ნუთუ ეს შესაძლებელი იყო?
- როდემდე უნდა იყო ასეთი გულუბრყვილო, მგონი ვერ ხვდები რაში გავყავით თავი, ჯერ კიდევ ვერ იაზრებ სიტუაციის სიმძიმეს, გგონია მამა ასე უბრალოდ გაგვიშვებდა ჩვენს ნებაზე?
- რისი თქმა გინდა?
- იმის რაზე ფიქრსაც გაურბიხარ, იქნებ ყველაფერი თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული.
- თავიდანვე? რის თქმას ცდილობ? როგორ გათვლიდა იმას რომ სამაელი მის წინააღმდეგ წავიდოდა, ან იმას რომ იმ წყეული ხილის მოპარვას და ჭამას გაიძულებდი.
- მშვენივრად იცოდა რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვიყავი და იმასაც მშვენივრად ხედავდა როგორი მაცდური ხარ, -თავი გვერდზე გადახარა, თვალები აუბრჭყვიალდა და წამით მასში ისევ გაცოცხლდა ძველი ადამი, -ასე ნუ მიყურებ ევა, თვითონაც იცი რომ ყოველთვის წარმატებით იყენებდი შენს მომხიბვლელობას ჩემს წინააღმდეგ, რაც შეეხება სამაელს...
- ჯობია აღარ გააგრძელო, ვიცი რასაც იტყვი, -გამწარებულმა შევაწყვეტინე საუბარი, -გინდა მითხრა რომ სამაელი თავიდანვე მის მხარეს იყო? ამას არ დავიჯერებ.
- ნუ დაიჯერებ, ახლა რაღა აზრი აქვს, -თავმობეზრებულმა ჩაიქნია ხელი, -არაფერს აღარ აქვს აზრი, ვერ ვხვდები საერთოდ რატომ ვართ ცოცხლები.
- ჯობია თუ ასე არ დაიწყებ ფიქრს თორემ მერე მართლა გაგიძნელდება გაძლება, არცთუ ისე ცუდად ვცხოვრობთ, კიდევ ერთხელ გეტყვი, ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ...
- ამას ყველაფერს ეძახი? -გამოქვაბულს მოავლო თვალი და მწარედ გაეცინა, -ყველაფერს ეძახი იმას რომ ყოველ დღე ათას საფრთხეში გვიწევს თავის ჩაგდება ელემენტარული საკვების მოპოვებისთვის? ტღე ღრეში დავხეტიალობთ და ხილით და დროდადრო მოხელთებული ნადირის ხორცით ვიკვებებით.
- სამაგიეროდ თავისუფლები ვართ.
- და მარტოსულები, მარტო ვართ ევა, მხოლოდ მე და შენ, შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები ეს რას ნიშნავს, სასჯელი დაგავიწყდა? უკვდავები აღარ ვართ, წლები გვემატება, ამ უდაბურ ადილზე დავბერდებით და მოვკვდებით.
- დამშვიდდი, -მხარზე დავადე ხელი და ვეცადე დამემშვიდებინა, თუმცა მესმოდა მისი, ეშინოდა, მეც მეშინოდა თანაც ძალიან, -დამშვიდდი გესმის? ჩემთვის ეს ყველაფერი სრულიად საკმარისია მთავარია... მთავარია... -სიტყვებს თავი ვეღარ მოვაბი და გავჩუმდი.
- არ მოვა, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და თავი ჩაღუნა.
- რას ამბობ? -ვკითხე თუმცა ვიცოდი რაც იგულისხმა.
- სამაელი არ მოვა ევა, შენს წასაყვანად არ მოვა რამდენიც არ უნდა ელოდო, გიღალატა, მარტო დაგტოვა და ასეთი არსებობისთვის გაგიმეტა.
- ცდები, -მღელვარებისგან ხმა ჩამეხლიჩა და თვალები ამიცრემლიანდა, -ცდები.
- რამდენი წელი გავიდა ევა? -შემპარავად ჩამჩურჩულა და კიდევ ერთხელ მოიყუდა ჭურჭელი, მთლიანად დაცლილი კი იქვე მიაგდო, -რამდენი წელი გავიდა რაც აქ ვართ? ოთხი? ხუთი? კიდევ რამდენი წელი გჭირდება იმისთვის რომ დარწმუნდე, რა უნდა გადაიტანო რომ მიხვდე მიგატოვა, გამოგიყენა და მიგაგდო, მას ვეღარასოდეს ნახავ, ამას უნდა შეეგუო.
- გაჩუმდი, -განწირული ხმით ვიყვირე და ყურებზე ავიფარე ხელები, -გაჩუმდი, არაფრის გაგონება არ მინდა, არ მინდა...
- შემომხედე, -ხელები ჩამომაწევინა და მაიძულა მისთვის შემეხედა, შეშლილი თვალებით მიყურებდა სასმლისგან გონებაარეული და ვნებამორეული, ვეცადე ავმდგარიყავი და გავცლოდი მაგრამ ვერ მოვახერხე, შემბოჭა და მკლავებში მომიქცია, ერთხანს მტაცებელი ცხოველივით დამყურებდა ზემოდან და მერე ტუჩებზე დამაცხრა, ჩემმა წინააღმდეგობამ ჟინი გაუათკეცა და ვერაფრით მოვახერხე მისგან თავის დაღწევა...

-

- არ შემეხო, თავი დამანებე, არ მინდა, არ შემეხო... -უაზროდ ვბუტბუტებდი და ვერაფრით ვახერხებდი ამ უცხადესი ზმანებიდან გამორკვევას.
- შენთან ვარ კეს, აქ ვარ, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად არის, ეს მხოლოდ სიზმარია, -ნაცნობი ხმა ჩამესმოდა და მაიძულებდა კოშმარის საცეცებისგან თავი დამეღწია, გაჭირვებით გავახილე თვალები და ჩემს თავთან დახრილი სამაელი რომ დავინახე რომელიც სევდიანი თვალებით დამყურებდა, აღარაფერზე მიფიქრია, კისერზე მოვხვიე მკლავები, ჩავეხუტე და პატარა ბავშვივით ავღრიალდი, გაყინული თითები მითრთოდა, სხეულში ჯერ კიდევ მქონდა გამჯდარი სიზმრიდან გამოყოლილი ზამთრის სიცივე, ჯერ კიდევ ვგრძნობდი ადამის შეხებას, ციებიანივით ვცახცახებდი და ვერაფრით ვახერხებდი დაწყნარებას, სამაელი არაფერს მეუბნებოდა, მის კალთაში უპატრონო კნუტივით მოკუნტულს თავზე ხელს მისვამდა და ცდილობდა დავემშვიდებინე, ასე ხელში აყვანილი შემიყვანა სააბაზანოში ტანთ გამხადა და სურნელოვანი სითხეებით გაჯერებული თბილი წყალით სავსე აბაზანაში ჩამსვა, სიამოვნებისგან დავიკვნესე, თვალები მუვლულე და გავყუჩდი, რბილ ღრუბელზე ლავანდის სურნელიანი საპონი დაასხა და ნაზად გადამისვა მხრებზე, მერე ყელზე, მკერდზე...
ქვემოდან ავხედე, არ მიყურებდა, ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის მზერა მოერიდებინა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე მაგრამ აშკარად არ აპირებდა ამის დამალვას, ოდნავ შესამჩნევად უთრთოდა თითები, ყბები დაჭიმული ჰქონდა, კბილს კბილზე აჭერდა...
- არაფერს მეტყვი? -ისევ მე გავბედე საუბრის დაწყება, შეჩერდა, თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა, მერე ქვემოთ ჩაცურდა, ძირს ჩაჯდა და სახე ხელებში ჩარგო, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი ვინ იყო სინამდვილეში და მისგან რისი მომლოდინი უნდა მქონოდა მაგრამ ახლა ჩემს წინ ჩემსკენ ზურგშექცევით მჯდარი, საცოდავად მოკუნტული არსება ძალიან შესაბრალისად გამოიყურებოდა და ერთადერთი რაც მინდოდა მასთან ჩახუტება და მისი სხეულის სითბოს კიდევ ერთხელ შეგრძნება იყო, რამდენიმე წუთს იჯდა ასე, მერე წამოდგა მობრუნდა და ჩემდა გასაკვირად ღიმილით მომმართა.
- წყალი გადაივლე და ქვემოთ ჩამოდი, სამზარეულოში ვიქნები, საუზმე უნდა მოგიმზადო ასე რომ ეცადე არ დააგვიანო.
- საუზმე? კი მაგრამ...
- საკმაოდ დიდხანს გეძინა.
- დედაჩემი, დედაჩემი გაგიჟდება, -ახლაღა გავიაზრე რომ არ იცოდნენ სად ვიყავი და ალბათ ახლა გაგიჟებულები მეძებდნენ.
- ნუ ნერვიულობ ყველაფერი მოვაგვარე.
- რას ნიშნავს მოაგვარე? როგორ მოაგვარე?
- მაგას ქვემოთ რომ ჩამოხვალ მერე გეტყვი, -კიდევ ერთელ დამასაჩუქრა თბილი ღიმილით, მერე კარადიდან ფუმფულა პირსახოცი გამოიღო, იქვე დადო და სააბაზანოდან გავიდა, ნახევრად გაბრუებულმა გადავივლე წყალი, აბაზანიდან გამოსულს საწოლზე გადაფენილი შარვალი და მაისური დამხვდა, უნებურად გამეღიმა და ვიგრძენი ზრუნვის ამ მცირეოდენმა გამოვლინებამ როგორ გამითბო გული, ჩავიცვი, საწოლზე ჩამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე, ესე იგი ეს მისი საძინებელი იყო, ალბათ გუშინ როცა გონება დავკარგე აქ მომიყვანა ახლა კი ჩვეულებრივი ადამიანივით საუზმეს მიმზადებს, მაგრამ ვინ არის სინამდვილეში ან მე ვინ ვარ, ნუთუ შესაძლებელია რომ...
- გაგიჟდი? შეუძლებელია ევა ვიყო, -ხმამაღლა ვუთხარი საკუთარ თავს, - შეუძლებელია ის ვიყო, შეუძლებელია ის სიზმრები ჩემი წარსული ცხოვრების მოგონებები იყოს, ვინ ვარ? ვინ ვარ სინამდვილეში?
-
- შენ რატომ არ ჭამ? -საჭმლით პირგამოტენილმა ვკითხე სამაელს რომელიც თვალს არ მაშორებდა, გაღიმებული მიყურებდა და ძალიან მინდოდა გამეგო რა უტრიალებდა თავში.
- ულამაზესი ხარ, -პასუხად კომპლიმენტი მივიღე და ჩემს თვალწინ წამიერად გაიელვა თითქოსდა დავიწყებულმა მოგონებებმა, სამაელი თეთრი ყვავილების თაიგულს მიწვდის და ბავშვურად ლაღად მიღიმის, მდინარეში ვცურავთ ერთად, ერთმანეთის გვერდით, ძირს გაფენილ ტანსაცმელზე ვწევართ ბალახებში, შიშვლები და ალერსით და მოფერებით დაღლილები, მისი სუნთქვა, მზის სითბო, ჩიტების ხმა, ბალახის და ყვავილების სურნელი...
- არასოდეს მიგატოვებ, შენ ჩემი ხარ, ჩემთვის დაიბადე ევა, არ აქვს მნიშვნელობა რას გასწავლიდნენ მთელი ცხოვრება და რისთვის გამზადებდნენ, დაივიწყე ყველა მითი და ბოდვა შენი და იმ არსების დიად მისიაზე, დაიმახსოვრე, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები და სხვას არავის და არაფერს არ აქვს მნიშვნელობა...
ისე ცხადად ჩამესმა მისი ხმა, ისე ცხადად რომ მეგონა ვგიჟდებოდი, ჩანგალი ხმაურიანად მივაგდე მაგიდაზე და წამოვდექი, ბარბაცით გავიარე რამდენიმე ნაბიჯი და მუხლებით დავეშვი ხალიჩაზე, წამსვე ჩემთან გაჩნდა, ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და მკერდზე მიმიკრა, არ გავძალიანებულვარ, მხარზე დავადე თავი და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი.
- მგონი ვგიჟდები სამაელ, არ ვიცი რა მჭირს, -სვენებ-სვენებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვლაპარაკობდი, -ადრე მხოლოდ სიზმრები იყო ახლა კი მახსენდება, ისე მახსენდება თითქოს ჩემი მოგონებები იყოს არადა ეს ხომ შეუძლებელია, ისიც მაგიჟებს რომ მინდა შენგან შორს ვიყო მაგრამ ვერ გშორდები, ჩემი არსების ერთი ნახევარი მეუბნება რომ შენგან თავი შორს დავიჭირო მეორე ნახევარს კი იმის ეშინია რომ წახვალ და ვეღარასოდეს გნახავს, არანორმალურად მიზიდავ და ეს არ მომწონს, ეს ყველაფერი ჭკუიდან მშლის, მეტი აღარ შემიძლია, უკვე ისიც კი აღარ ვიცი ვინ ვარ, დამეხმარე, დამეხმარე გთხოვ...
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ უნდა მენდო ის რაც ახლა გჭირს სრულიად ბუნებრივია და...
- ბუნებრივი? -ისტერიული სიცილი ამიტყდა და მისი მკლავები მოვიშორე, უკან დავიხიე და იქვე მდგარ დივანს მივეყრდენი ზურგით, -ამ ყველაფერს ბუნებრივს ეძახი.
- წარსული გახსენდება კეს.
- თუ ევა?
- შენ კესარია ხარ მაგრამ წარსულში ევა იყავი, ჩემი ევა და ახლა ამ ყველაფრის გახსენებას იწყებ, თავიდან როცა შევამჩნიე რომ ყვველაფერი განსხვავებულად იყო შემეშინდა.
- რას გულისხმობ?
- თავიდან პირველად არ დაბადებულხარ, ეს ძალიან, ძალიან ბევრჯერ მოხდა, მხოლოდ რამდენჯერმე შევძელი შენი პოვნა და ვერცერთხელ ვერ გამიხსენე, ახლა კი როცა გაგახსენდი ვიფიქრე რომ შენი გონება ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა და შეიძლებოდა... შეიძლებოდა... -ენა დაება და ვეღარ გააგრძელა, გაჩერდა და მავედრებელი მზერა მომაპყრო.
- იფიქრე რომ შეიძლებოდა გავგიჟებულიყავი? შენი აზრით ბევრი მიკლია სიგიჟემდე? შემომხედე, კარგად შემომხედე, -ხელები გავშალე და გავიღიმე, თვითონაც ვერ ვხვდებოდი ჯერ კიდევ როგორ ვახერხებდი სიმშვიდის შენარჩუნებას.
- გიყურებ კეს, გიყურებ და ძლიერ გოგონას ვხედავ, აუცილებლად შეძლებ ყველაფრის გაგებას და გათავისებას, თუ ნებას მომცემ რომ ყველაფერი მოგიყვე...
- დაიწყე, -მოკლედ მოვჭერი.
- დარწმუნებული ხარ? -გაკვირვების ნიშნად წარბი მაღლა აზიდა, თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, რამდენიმე წამს ისე მიყურებდა თითქოს ყოყმანობსო და მერე დაიწყო.

- ვიცი რომ კარგად გახსოვს როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ასე რომ მინდა მოგიყვე რა მოხდა მას შემდეგ როცა მამამ ჩემი ამბოხების მცდელობის შესახებ შეიტყო, ყველაფერი ძალიან ცუდად წარიმართა, ყველა გეგმა ჩამეშალა იმიტომ რომ ჩემმა დაძმებმა მიღალატეს, მეგონა ჩემს მხარეს დაიჭერდნენ მაგრამ მამას გვერდით დგომა, ნებაყოფლობითი მონობა და მისი არანორმალური და უაზრო ბრძანებების შესრულება არჩიეს...
- არ მახსოვს რატომ წამოიწყე ეს ყველაფერი, ვერ ვიხსენებ, -თავს ძალა დავატანე მაგრამ რატომღაც ახლა ჩემს მეხსიერებას შავი საბურველი ჰქონდა გადაფარებული.
- გონებას ნუ დაძაბავ, -ღიმილით გადმოიხარა ჩემსკენ და ნაზად მომეფერა სახეზე, -თანდათან ყველაფერი გაგახსენდება ამაში მე დაგეხმარები, რაც შეეხება იმას თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი... არ ვიცი როგორ აგიხსნა, ჩემში ყოველთვის იყო პროტესტი იმის გამო რომ მე და ჩემი და ძმები ფაქტიურად მონები ვიყავით ის არსება კი ვინც თავის თავს მამაჩვენს უწოდებდა გვიყენებდა, გვაიძულებდა ისე გვეცხოვრა როგორც მას უნდოდა და სწორად მიაჩნდა, გვაიძულებდა მისი ბრძანებები შეგვესრულებინა, თანაც ამ ყველაფერს ისე აკეთებდა რომ გვეგონა ასეც უნდა ყოფილიყო, ჩემში ნელ-ნელა იზრდებოდა წინააღმდეგობის გრძნობა, მწიფდებოდა და საბოლოოდ მაშინ ამოხეთქა როცა მამამ შენთან დაახლოება ამიკრძალა.
- ეს როგორ მოხდა?
- სრულიად შემთხვევით გადაგაწყდი ბაღში, იმ ამოჩემებულ ადგილზე იყავი, ხისგან ოდნავ მოშორებით ბალახებში გეძინა, შენი გრძელი თმა ტალღებივით იყო გადაშლილი ირგვლივ, თეთრი თხელი მატერია ძლივს გიფარავდა იდეალურ სხეულს, -რამდენიმე წამით საუბარი შეწყვიტა, თვალები დახუჭა და გაიღიმა ვხვდებოდი რომ გონებით ახლა იქ იყო, იმ ბაღში და მძინარე ევას უყურებდა.
- დიდხანს გითვალთვალებდი შორიდან, გავიგე ვინც იყავი, გავიგე შენი დანიშნულების შესახებ მაგრამ თავს ვერ მოვერიე რომ შენთან ახლოს არ მოვსულიყავი, მამამ რომ ამის შესახებ გაიგო გაგიჟდა და შენი ნახვა ამიკრძალა თუმცა მაინც ყოველთვის ვახერხებდით შეხვედრას, მე შენ მიყვარდი, შენ კი მე გიყვარდი, სხვა რა იყო საჭირო იმისთვის რომ ერთად ვყოფილიყავით, თუმცა მამა ასე არ ფიქრობდა, ერთი სიტყვით ჩემს დაძმებთან ერთად დავგეგმე მისგან როგორ უნდა დაგვეღწია თავი თუმცა მიღალატეს...
- ადამი მეუბნებოდა რომ მატყუებდი და მიყენებდი, სულ ამას მიმეორებდა, -ათრთოლებული ხმით ჩავილაპარაკე, სახე შეეცვალა და მოიღუშა.
- დილით სიზმარში მას ხედავდი არა? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, შეკრული მუშტი კბილებს შორის ჩაიდო და მოუჭირა, თვალები წითლად აენთო და აუელვარდა.
- მაპატიე, გემუდარები ყველაფერი მაპატიე, -აღმოხდა და აალებულმა ცრენმლებმაც გადმოლახეს ჯებირები, -არასდროს მიმიტოვებიხარ, ერთი წამითაც კი არ მიფიქრია შენი მიტოვება უბრალოდ შენთან მოსვლა არ შემეძლო, შემიპყრეს და მამას ბრძანებით მიწისქვეშეთში გამგზავნეს, ყველაზე საშინელი სასჯელით დამსაჯეს რისი წარმოდგენაც კი შემეძლო, მე შენ გგრძნობდი, ყველაფერს ვგრძნობდი რასაც შენ განიცდიდი, ვგრძნობდი როგორ იყავი, მესმოდა როგორ მეძახდი და როგორ მნატრობდი თუმცა შენთან მოსვლა არ შემეძლო, იძულებული გამხადეს მენახა როგორ დაბერდი და როგორ გამოესალმე სიცოცხლეს, ისიც ვნახე როგორ დაიბადე თავიდან, შენი სასჯელითაც მე მსჯიდნენ.
- ეს როგორ? ჩემი სასჯელი ხომ იქ დასრულდა როცა ადამთან ერთად გამომაძევეს.
- ჰოო? გგონია მას ეს დააკმაყოფილებდა? შენი სასჯელი პირველ ცხოვრებაში უჩემოდ ყოფნა იყო, ყველა დანარჩენში კი უსიყვარულოდ ცხოვრება, ისე ცხოვრება თითქოს მარტოსული და დაკარგული ყოფილიყავი, შენი ნახევრის გარეშე, შენი სულის ნაწილის გარეშე...
- კი მაგრამ ეს რატომ გააკეთა? რა მიზანი ჰქონდა? ასე რატომ მოგვექცა? -სული შემიგუბდა და უკვე ვეღარ ვახერხებდი საუბარს.
- არავინ იცის ასე რატომ მოიქცა და ვეღარც გავიგებთ, უკვე დიდი ხანია აღარ არის, უკვე დიდი ხანია იმ საპყრობილეს თავი დავაღწიე და ყველას სათითაოდ მივუზღე ღალატისთვის, უკვე დიდი ხანია შენ გეძებ, იმდენად დიდი ხანია რომ, იმედი მქონდა დაკარგული თუმცა შენ აქ ხარ, ჩემს წინ, სრულიად რეალური ხარ და გახსოვარ...
- როგორ მიპოვე? ან დათუნას საიდან იცნობდი?
- დიდი ხანია დედამიწაზე ვცხოვრობ ადამიანთა შორის და ხანდახან იმისთვის რომ შეუჩნეველი ვიყო ან უბრალოდ იმისთვის რომ თავი უკეთ ვიგრძნო მათ შორის ვერევი, დათუნას უნივერსიტეტიდან ვიცნობ, ერთხელ სრულიად შემთხვევით გადაგაწყდი, შენ და შენი მეგობარი დათოს უთვალთვალებდით.
- სერიოზულად? -ოჰ კეს, -სირცხვილისგან გახურებულ ლოყაზე მივიდე ხელი.
- თურმე ამდენ ხანს სულ ახლოს იყავი, თითქმის ჩემს ცხირწინ, მას შემდეგ შესაფერის მომენტს ვეძებდი შენთან დასაახლოვებლად და როცა იმ დღეს აივანზე დაგინახე, როცა მზერა გაგისწორე, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
- მიყვარხარ სამაელ, -აღმომხდა და თითქოს ამ ორ სიტყვას ამოვაყოლე ყველაფერი რაც მაწუხებდა, ყველა ეჭვი, ყოყმანი და წყენა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ საშინლად მძიმე ტვირთისგან გავთავისუფლდი, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი რომ მთელი ვიყავი, აი თურმე რას გულისხმობდა სამაელი, მე ის მაკლდა რომ თავი სრულყოფილად მეგრძნო, ის ჩემი იყო, მე კი მისი, არ მაინტერესებდა ვინ იყო ან ვინ ვიყავი, ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნოდით, ეს დასაბამიდან ასე იყო...
- მიყვარხარ, -ზედ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და ვნებიანმა კოცნამ სუნთქვა შემიკრა...
-
- ახლა რა მოხდება? -შიშველ მკერდზე დავეყრდენი ნიკაპით და ჩავფიქრდი, ყველაფერი არც ისეთი მარტივი იყო როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, უკვე ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვდა და ახლა იძულებული ვიყავი ჩემს ორ ცხოვრებას შევგუებოდი თუმცა არჩევანის საშუალება რომ მქონოდა იმ მოგონებებსა და ჩემს ახალ ცხოვრებას შორის, მოგონებებს ავირჩევდი, მოვკვდებოდი და სამაელს ვერ დავთმობდი, არ შემეძლო, უკვე აღარ შემეძლო.
- ახლა მე და შენ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად, -მხიარულად ჩაილაპარაკა და თმა ამიჩეჩა.
- სერიოზულად? ზღაპრებსაც კითხულობ, -გამეცინა, გადავბრუნდი, თავი მკლავზე დავადე და მკერდზე საბანი გადავიფარე, -მართლა მაინტერესებს რა მოხდება სამაელ, შენ უკვდავი ხარ, ძალიან ძლიერი და უამრავი რამ შეგიძლია მე კი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ რომელსაც ასიოდე მეტრის გარბენაც კი ღლის.
- ამ საკითხზე ვმუშაობ, ჩემი და ძმების დახმარება მჭირდება იმისთვის რომ შენც ჩემთან ერთად შეძლო სამუდამოდ ცხოვრება.
- როგორ ფიქრობ დაგეხმარებიან? -გული უცნაურად ამიფრთხიალდა იმის წარმოდგენისას რომ მასთან ერთად სამუდამოდ გავაგრძელებდი ცხოვრებას.
- რათქმაუნდა დამეხმარებიან, სხვა გზა არ აქვთ, ჩემს უფროს ძმას რომელიც ახლა სათავეშია და ყველანაირად ცდილობს ჩემს გადაბირებას საკმაოდ სარფიან გარიგებას შევთავაზებ, მამას სიკვდილის შემდეგ მართვის სადავეები თავად აიღეს ხელში თუმცა უჩემოდ არაფერი გამოსდით და მიუხედავად იმისა რომ სულაც არ მეხალისება თანამმართველის როლის შესრულება...
- ჩემი გულისთვის მზად ხარ შეასრულო, -მე დავასრულე მისი სიტყვა.
- შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მზად ვარ ქვესკნელში კიდევ რამდენიმე ათასი წელი გავატარო ოღონდ ვიცოდე რომ კარგად ხარ.
გულწრფელი იყო, იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა, ხალისიანი იყო, მხიარული, ბედნიერი და მისი ასეთის ხილვა მეც მაბედნიერებდა.
- სამაელ მისმინე, -წამოვჯექი და ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ სახეზე ნაზად მოვეფერე, -მინდა ერთი საკითხი განვიხილოთ, მართალია ყველაფერი გამახსენდა მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ ახლა სხვა ცხოვრება მაქვს, ოჯახი მყავს, დედაჩემი ალბათ ძალიან ნერვიულობს.
- ხომ გითხარი ყველაფერი მოვაგვარე, არამგონია ნერვიულობდეს მაგრამ თუ გინდა ახლავე წავიდეთ თბილისში.
- არ მეტყვი როგორ მოაგვარე?
- დათუნას ვუთხარი რომ შენებთან მისულიყო და ეთქვა რომ დავქორწინდით, -ისეთი ღიმილით და ისე ამაყად მომახსენა თითქოს რაღაც გმირობა ჩაედინოს.
- რა გააკეთე? კარგი რა, ხვდები მაინც რა ჩაიდინე? -ვეღარ ვიგებდი უნდა მეცინა თუ უნდა გავბრაზებულიყავი.
- რატომ ბრაზობ ვერ ხვდები, ცუდი არაფერი გამიკეთებია, გუშინ სანამ შენ გეძინა დავგუგლე და ყველაზე შესაფერისი ვარიანტი ამოვარჩიე.
- შესაფერისი რისთვის?
- იმისთვის რომ დედაშენს არ ენერვიულა.
რომ წარმოვიდგინე როგორ იჯდა სამაელი კომპიუტერთან და როგორ ეძებდა შესაძლო ვარიანტებს თუ რა უნდა ეთქვა დედაჩემისთვის, ვეღარ მოვითმინე და სიცილი ამიტყდა.
- ანუ რა გამოდის, ფაქტიურად ცოლობა მთხოვე, შენ ვერც კი ხვდები რა შარში გაყავი თავი, -ეშმაკურად გავუღიმე და ხელი გავუწოდე, -თანახმა ვარ მაგრამ რაღაც ბეჭედს ვერ ვხედავ.
ჩემი ხელი ხელში მოიქცია და სიყვარულით სავსე თვალებით ჩამხედა თვალებში, ხელზე ნაზად გადამატარა თითები, წამით სასიამოვნო სიმხურვალე ვიგრძენი და მერე ჩემს თითზე თვალისმომჭრელად აელვარდა ულამაზესი ბეჭედი...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი ვოვ

საოცრება იყო

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

მომეწონა ადამ და ევას ეს განსხვავებული ვარიანტი:დდდ
როგორც ყოველთვის მთელი გრძნობით ვეშვები ისტორიაში, ვწყდები რეალურ სამყაროს. კარგი იყო, სასიამოვნო ემოციებით ავივსე❤️

 


№3 სტუმარი ეთო

ვისიამოვნე ძალიან, კარგად წერთ. საინტერესო სიუჟეტია. მადლობა ასეთი გამართული ისტორიისთვის.წარმატებებს გისურვებთ. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent