მეორედ დაბადებული(ნაწილი I)
ეს ისტორია ეძღვნება ყველა ქალს, რომელსაც ეჭვი ეპარება საკუთარ სიძლიერეში. ყველა ქალს, რომელსაც ჰგონია რომ მეტს ვეღარ გაუძლებს. ყველა ქალს, რომელიც ფიქრობს რომ აღარასდროს გაუბრწყინდება უბედურებისგან ჩამქვრალი თვალები. იბრწყინეთ და იკაშკაშეთ მუდამ, რადგან არაფერია ამქვეყნად ქალზე უფრო აღმატებული. ვიღაცას რომ ვუთხრა ქმარს დავშორდი და მასზე სულ არ ვდარდობ , დედამთილს რომ ვეღარ შევხვდები ამაზე მეჩხვლიტება გული-მეთქი, ალბათ მხოლოდ გაეცინება და იფიქრებს ეს სულ გაგიჟდაო. ახლა ჩემს მცირეწლოვან ბავშვებს ხელი ხელ ჩაკიდებულებს რომ მივაქანებ ერთი დღით ნაქირავებ სახლში, იმაზე ვდარდობ რომ დილას დედამთილთან ერთად ჩაის ვეღარ დავლევ და ვერც საღამოს ვივახშმებ მისი საყვარელი კერძით. მაგრამ მაინც, ამ წამს ყველაზე მეტად დედასთან წასვლა მინდა.. მინდა ჩავეხუტო, თავი მკერდზე მივაბჯინო და ისე დავიძინო. გული ბრაზით მევსება როცა ვხვდები რომ მასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილი მაქვს. დედაჩემი ახლა ყველაზე უცხოა ჩემთვის, იმ ჩემს მოძალადე ქმარზე კიდე უფრო უცხოც კი. 17 წლის ასაკში შვილს რომ ვიღაც შენთვის სრულიად უცხოს მიათხოვებ , კარს გამოიკეტავ და იტყვი მე ჩემი დავასრულე, ახლა ქმარმა მიხედოსო როგორ შეიძლება დედა გერქვას? შენს საკუთარ შვილზე ქმარი რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს და შენ რომ ურჩევ ბავშვი გააჩინე და ყველა პრობლემას მოგიგვარებსო შენს თავს დედა როგორ უნდა უწოდო? როგორ უნდა გეძინოს მშვიდად როცა იცი რომ შენს შვილს ვიღაც ყოველ ღამით სახეს უსიებს ხელების რტყმევით. როგორ ვევედრებოდი არ მინდა-მეთქი სანამ ჩემს წასაყვანად მოვიდოდნენ.. სულ ზედ შემოვიხიე ის ჩემი თეთრი მაქმანებით გაწყობილი საპატარძლო კაბა. ვინ მომისმინა? სასწრაფოდ შემისწორეს მაკიაჟი, ქმარს ამ სახით ნუ დახვდები სირცხვილიაო. დედასთან მინდოდა, მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომედგინა. ვერ ვხვდებოდი სად მივდიოდი, მაგრამ ვიცოდი რომ წასვლა არ მინდოდა.. ჩამსვეს მანქანაში, წამიყვანეს სრულიად უცხო სახლში, სრულიად უცხო ხალხთან. ეს იქნება დღეიდან შენი სახლიო, ეს შენი ოთახიო და ჩვენ შენი ოჯახის წევრებიო გამომიცხადეს და ვითომც არაფერი ისე გაემართნენ თავიანთი ოთახებისკენ. იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს, ერთი წამითაც კი ვერ დავიძინე. გაუჩერებლად ვტიროდი.. როგორც ჩემი ქმარი წლების შემდეგ გამომიტყდა იმ წამს გასჩენია ჩემ მიმართ ზიზღი, შენი სლუკუნი ყურებს მტკენდა და დაძინების საშუალებას არ მაძლევდაო. სულ მამადლიდა მაგ ღამეს, მადლობა მითხარი პირველივე დღეს თმით რომ არ გათრიეო.. როგორ ვთხოვდი დედას, მამას, ძმას , უკან სახლში დაბრუნების საშუალება მომეცით, სხვა არაფერი მინდა-მეთქი. ვეხვეწებოდი, სათითაოდ ვაკითხავდი ყველას. თავის მოკვლით დავემუქრე , ასე ვერ გავძლებ მართლა დავასრულებ ყველაფერს-მეთქი და აქეთ მისაყვედურეს ამას როგორ ამბობ სულ არ გეცოდებით , სულ არ ფიქრობ ჩვენზეო.. დედამ ბოლოს მკაცრად მისაყვედურა, შენი ოჯახის პრობლემები გარეთ არ გამოიტანოო, რაც თქვენთან ხდება იქვე დატოვე და ჩვენამდე ნუ მოგაქვს, არ არის ლამაზიო. მას შემდეგ მეც გავჩუმდი. ხმას აღარ ვიღებდი მასთან სტუმრად მისული, სახეზე გაჩენილ სილურჯეებს ურცხვად ვაფარებდი თითებს. მოურიდებლად ვუღიმოდი ყველა გამოხედვაზე ისე, თითქოს ყურებს არ მტკენდა საკუთარი სულის კივილი. მერე იქ სიარულსაც მოვუკელი. ერთ დროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სახლი ყველაზე უცხოდ იქცა დროის სვლასთან ერთად. ჩემი ბავშვობის სახლთან ერთ საერთოსაც ვეღარ ვპოულობდი. ალბათ ამიტომაც მეფიქრება ჩემს დედამთილზე , ალბათ ამიტომაც მენანება დასატოვებლად. 17 წლის ვიყავი მისი სახლის კარი რომ შევაღე. სულ არაფერი ვიცოდი ცხოვრებაზე, საერთოდ არაფერი ვიცოდი. არასდროს ვუყვარდი, არასდროს იყო ჩემ გვერდით, არასდროს მიცავდა, თუმცა ჩემთვის ის ერთადერთი ადამიანი იყო რომელსაც კითხვებს დავუსვამდი და პასუხებს მივიღებდი, ამიტომ ესეც საკმარისი იყო, სხვა არასდროს არაფერი მითხოვია. ცხოვრების აზრზე რომ მოვედი ორი შვილით ხელში აღმოვჩნდი სახე დასიებული. მერე ბავშვებისთვის ვითმენდი, ოღონდ არ იყვიროს ოღონდ მათ ოთახში არ შეაღწიოს ამ საზიზღარმა ხმამ და დაე მირტყას-მეთქი, ვფიქრობდი და წინააღმდეგობასაც აღარ ვუწევდი. თვალებს ვისიებდი ტირილით როგორც კი თავისას მიიღებდა და სახლიდან გავარდებოდა. დედასთან ვიკავებდი, ბავშვებთან ვიკავებდი, ჩემს დედამთილთან, ჩემს მულთან და მაზლთან ყველა ჩემ გარშემო მყოფთან ვიკავებდი ჩემს ნამდვილ ემოციებს მხოლოდ მე და იმ ბალიშმა ვიცით იმ ტირილში გათენებულ ღამეებზე, მხოლოდ მე და იმ ჩემმა საბრალო ბალიშმა უთქმელად რომ მიწევდა პარტნიორობას და დაუღალავად იშრობდა ჩემს ცრემლებს. ჩემი მეგობრების ცხოვრებას მხოლოდ შორიდან სოციალური ქსელებით ვაკვირდები , ისინი გაიზარდნენ , ისინი მართლა გაიზარდნენ რადგან ამის საშუალება ჰქონდათ. თოჯინებითაც ითამაშეს და ახლა დიდ საქმეებსაც ეჭიდებიან. მე კი.. მე თოჯინებზე ვფიქრობდი ხელში ჩემი საკუთარი შვილი რომ მეჭირა და გაფაციცებით მაკვირდებოდა. ჩემი ასაკის გოგოებთან ჭორაობაზე ვოცნებობდი და ‘’აღუ’’, ‘’აღუ’’-ს ძახილით დავსდევდი ჩემს თვეების ბავშვს.. წარმოდგენა არ მქონდა რომ იმ მუშტების მოქნევაზე უფრო რთული მასზე უარის თქმა იქნებოდა. წასვლა მინდოდა , თუმცა საკუთარ თავს დარჩენას ვაიძულებდი. იმის გამო არა რომ მეშინოდა ხალხის ლაპარაკის როცა ოჯახს დავანგრევდი , იმის გამო რომ წარმოდგენა არ მქონდა ცხოვრებაზე და მეშინოდა ქუჩაში მარტო ორი ბავშვით დარჩენის. მეშინოდა ქუჩების , მეშინოდა მანქანების , გზების , ადამიანების, მეშინოდა რომ უკან დაბრუნება მომიწევდა და მეშინოდა რომ უკან დაბრუნებულს იმაზე უარესი არ დამხვდეს , ვიდრე ახლა გავურბივარ -მეთქი. ახლა კი აქ ვარ, ქუჩაში ვარ ჩემი ორი შვილით და ფეხით მივდივარ ჩემი ერთ დღიანი თავშესაფრისკენ, ძალა გამოცლილს დაცემის საშუალებას მხოლოდ ის პატარა თითები არ მაძლევენ ხელზე რომ მეჭიდებიან. მხოლოდ საათები გავიდა მას შემდეგ რაც იმ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიე მაგრამ არც კი მახსოვს როგორ ჩავალაგე ჩემი და ბავშვების ნივთები და როგორ გამოვიქეცი. თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, ჩვენთვის ჩვეული კვირა დღე იყო , იგივე გინებით და ჩხუბით დაწყებული, საუზმეს ვამზადებდი ყველასთვის, უცებ სახეზე ბინდი გადამეკრა და ყველაფრის კეთება დამავიწყდა. ვერ მივაგენი საშაქრეს, ვერ მივაგენი მაცივარს , თითქოს მხოლოდ ის ვიცოდი ჩემი გარდერობიდან ყველაზე მოზრდილი ჩანთა როგორ ამეღო და მასში ყველაფერი როგორ ჩამეტენა, ჩემი გონება მხოლოდ ამ მოძრაობებს მკარნახობდა და მეც პირველად ჩემს ცხოვრებაში საკუთარ ხმას დავუჯერე , საძინებელში გავიქეცი და ყველაფერი იმის კეთება დავიწყე რასაც ის მკარნახობდა. დანარჩენი უკვე კადრებად მახსოვს. ბავშვების გაოცებული სახეები , მათი ცრემლიანი თვალები , კადრებად მახსოვს ჩემი ქმრის ხელების ქნევა , ჩემი დედამთილის ისტერიული კივილი და აქეთ-იქით სირბილი.. მართალი ყოფილა, თუ რამეს დაიჯერებ , ის აუცილებლად მოხდება. იმ მომენტში პირველად დავიჯერე რომ იქიდან წამოვიდოდი და წამოვედი კიდეც.. -დედა, მალე მივალთ? ძალიან დავიღალე.-ფიქრებიდან ჩემი პირველი გოგონა მაფხიზლებს , ვამჩნევ რომ უკვე დიდი ხანია გაუჩერებლად დავდივართ და ვჩერდები, ვდუნდები და მის წინ ვიმუხლები. -იმაზე მალე მივალთ ვიდრე შენ წარმოიდგენ ჩემო პრინცესა.-შუბლზე ვკოცნი და შედარებით ნელი ნაბიჯებით ვაგრძელებ გზას. სანამ გასაღებს გამოვართმევ სახლის მეპატრონეს , იქვე ახლოს მდებარე ლომბარდთან ვჩერდები და თამამად ვიხსნი ყველანაირ ოქროს რაც უკვე წლებია მოუხსნელად მიკეთია. ფულს ჩანთაში საგულდაგულოდ ვინახავ , ბავშვებს ისევ ვებღაუჭები ხელებში და ჩემს ერთდღიან თავშესაფარში ავდივარ. -ხვალ პირველი საათისთვის სხვას ველოდები და ამ დროს რომ გახვიდეთ.-წარბაზიდული მაკვირდება ხანში შესული ქალბატონი , ფაქტია ვერ არკვევს ჩემი იქ მისვლის მიზეზს და ამაზე ღიზიანდება. -ხვალ პირველ საათზე გავალთ , ამაზე არ იდარდოთ.-ვუღიმი როგორც შემიძლია და კარისკენ ვაცილებ. ჩემი შინაგანი ტკივილის დაიგნორების მცდელობით მხოლოდ იმას ვაღწევ რომ თავი გაუსაძლისად მტკივდება. საფეთქლებზე ხელებს ვიჭერ და ვცდილობ ბავშვებთან არაფერი შევიმჩნიო. ისედაც ისეთი დაბნეულები არიან არ მინდა კიდევ რამით დავძაბო. მშვიდად ვუხსნი რომ ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, ვუხსნი რომ მე მათ გვერდით ვარ და არაფრის უნდა ეშინოდეთ.. მერე ჩვენს საყვარელ ზღაპარს ვუყვები სამ პრინცესაზე რომლებიც ჯადოსნურ სახლში ცხოვრობენ და დაღლილებს მალევე ეძინებათ. კარადაში ვიღაცის დატოვებულ ყავას ვპოულობ, დაუფიქრებლად ვიმზადებ და აივანზე გავდივარ.. ________ თუ მოგწონთ და გაინტერესებთ როგორ განვითარდება მოვლენები დამიწერეთ და გავაგრძელებ ვეცდები ყოველდღე დავდო ახალი თავისაცდელად პატარა ავტვირთე, თავებსაც გავზრდი შეძლებისდაგვარად<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.