შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება ანგელოზი(I)


9-11-2014, 21:03
ავტორი susik-fusik
ნანახია 7 114

მწვანეთვალება ანგელოზი(I)

მრავალსართულიანი საახლის კიბეზე კისრისტეხით არბოდა ახალგაზრდა კაცი. გაწუწული,ღია კრემისფერი პერანგი დაკუნთულ,ნავარჯიშევ სხეულზე მიჰკვროდა.ოქროსფერი,მზისაგან გახუნებული თმა სველი ჰქონდა,შუბლზეც წვრილ-წვრილ ნაკადულებად მოედინებოდა ოფლის წვეთები. მეშვიდე სართულზე შეჩერდა, სული მოითქვა და გააფთრებულმა დაუშინა მუშტები მუხის მძიმე, ალაგ-ალაგ ლაქაგაცვენილ კარს,რომელიც მალევე გაიღო და ზღურბლზე მდგარი,თვალებგაფართოებული თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის გოგონა განცვიფრებული მიაჩერდა აქოშინებულ ბიჭს.
-რა იყო,მოგდევს ვინმე? -ჩაილაპარაკა გოგონამ უკმაყოფილოდ და "მომხდურს" გზა დაუთმო. ბიჭმა არაფერი უპასუხა,საძინებელში შევარდა, კარი შიგნიდან ჩაიკეტა და ლოგინზე პირქვე დაემხო. ყურში ისევ უწიოდა თიკოს სიტყვები... მაინც, როგორ მიახალა შეუბრალებლად, "მაგ სუნამოს მე ჩემს ძაღლს არ დავასხამო", როგორ მედიდურად გადაიდო ფეხი ფეხზე და როგორ აათამაშა გრძელი თითები სპილოს ძვლის ფიგურებით ინკრუსტირებულ პატარა მაგიდაზე... აგონდებოდა, როგორი ირონიით შეათვალიერა თიკოს დედიკომ პოტენციური სასიძოდა ამრეზილმა განუცხადა: "ბიჭო,ხალიჩა არ დაგვისვაროო". მაინც რამ შეაყვარა ის გაპრანჭული თოჯინა?! ბიჭს უფრო საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი... რამდენი ხანი აგროვა ის ოცდახუთი ლარი, რომელიც თიკოსათვის მისართმევ სუნამოში გადაიხადა. ხელები მთელი კვირა გაყვლეფილი ჰქონდა საღამოობით დეზერტირების ბაზარში გაყინული თევზის კუბიკების თრევით. მაგრამ ამას თიკო ვერასოდეს გაიგებდა, ის კი არა და... მგონი, გაყინული თევზი თვალით საერთოდაც არ ენახა. სამზარეულოში წყლის დასალევად თუ შეივლიდა. საჭმელსაც თავის ოთახში მიართმევდნენ ხოლმე "ბავშვს"... საშა გულაღმა გადმობრუნდა და ამოიოხრა. წიგნების პატარა თაროდან მამამისის პორტრეტი უღიმოდა. მერაბი ამ სურათზე ზუსტად იმდენი წლის იქნებოდა, რამდენისაც საშა.
საღებავებით გათხუპნილი პერანგი ეცვა. ხელში ფუნჯი ეკავა, მოლბერტთან ზურგით ნახევრად შებრუნებული იდგა და გულიანად იცინოდა. საშამ სინანულით შეავლო სურათს თვალი და ცხვირში რაღაც აეწვა. ცრემლმა თავისით მონახა გზა თვალებისაკენ. იდინა, იდინა და უპეებთან დაგუბდა.ოთახს თეთრი, გამჭვირვალე ნისლი გადაეკრა... "ეჰ, მამა რომ ცოცხალი მყოლოდა... დღეს, ალბათ, სახელოვანი მხატვარი იქნებოდა. როგორ იამაყებდა მისით... ამ გასაჭირშიც არ ჩაცვივდებოდნენ. მერაბი ათი წლის წინ დაიღუპა... სვანეთში, ერთი პატარა ეკლესიის ფრესკის ხატვის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. თბილისშიც ვეღარ მოასწრეს მისი ჩამოყვანა. საშკა მაშინ თერთმეტი წლის სულელი, მუხლებგადატყავებული ბიჭი იყო. ბუნდოვნად ახსოვს ის საღამო, როცა მამა სახლში მოასვენეს. ჯერ ყურთამდე გაღებული კარი არ ესიამოვნა, მერე იმას ვერ მიხვდა, რატომ დაათრევდნენ ოთახიდან ოთახში ბებოს ნამზითვ კაკლის ხის ბუფეტს,მაგიდასა და სკამებს. რატომ ეფარა თეთრი ზეწარი შემოსასვლელში ჩამოკიდებულ უზარმაზარ სარკეს და რატომ იდგა შუა დარბაზში ძველი, ხისგან უხეიროდ გამოჩორკნილი ტახტი. მერე ატირებული ინას ცისფერი თვალები დაინახა... ბებიის ცივმა შეკივლებამ გაუპო სმენა და ამ კივილით შემოვიდა საშას ცხოვრებაში სიკვდილი...
დედა წესიერად არ ახსოვდა. მხოლოდ ხანდახან, ისიც იშვიათად ძილში გრძნობდამისი ნაზი თითებისა და სველი ტუჩების შეხებას შუბლზე... ასე აკეთებდა ხოლმე, როცა საშკა ბავშვობაში ავად გახდებოდა და სიცხეს უსინჯავდა... ლიზა მერაბმა ლენინგრადიდან ჩამოიყვანა. ერთად სწავლობდნენ სამხატვრო აკადემიაში. მაღალი ყოფილა, გრძელფეხება,ოქროსფერთმიანი და მწვანეთვალება. საშას დედისაგან სწორი, ოდნავ პაჭუა ცხვირი და თმის ფერი გამოჰყვა. ინა კი მწვანე თვალებითა და უსაშველოდ ლამაზი ფეხებით დაემსგავსა დედას. ამას ნაცნობები ამბობენ, თორემ იმ დღის შემდეგ,როცა მოსკოვში წასული მერაბი ცოლის გარეშე დაბრუნდა, ბებიამ რძლის ყველა ფოტოსურათი საგულდაგულოდ გადამალა. ოჯახში ლიზას სახელს ტაბუ დაედო. საშამ ისიც კი არ იცოდა წესიერად, რა მოხდა სინამდვილეში. ბებია და მამა ამ თემაზე საუბარს ერიდებოდნენ, საშკა მხოლოდ იმას მიხვდა, რომ დედამ მიატოვა, სხვა კაცი შეიყვარა და იმასთან დარჩა სხვა,დიდ ქალაქში.მხოლოდ ათი წლის შემდეგ გაიგო საშამ, რომ ეს "სხვა კაცი" მერაბის ბავშვობის მეგობარი ძია ლადო იყო, როხროხა ლადო. სწორედ მან მიიპატიჟა მერაბი მოსკოვში ერთი "კარგი საქმის" გასაკეთებლად. ამანაც საკუთარი ხელით ჩაუყვანა "მეტოქეს" ცოლი, პირდაპირ ლანგარზე დადებული მიართვა, თვითონ კი პირში ჩალაგამოვლებული გამობრუნდა წლინახევრის, ახლად ფეხადგმულ ბუთხუზა ინასთან და შვიდი წლის პირველკლასელ საშკასთან. იმავე რეისით ჩამოფრინდა თბილისში, რითაც ლადოს ყოფილი ცოლი და ქალიშვილი...
კაკუნმა ფიქრი გააწყვეტინა კარს ინა მოსდგომოდა და იხვეწებოდა, შემომიშვიო.
-თავი დამანებე! -გასძახა საშამ.
-გეხვეწები, გამიღე, რა? არაფერს გკითხავ,ოღონდ შემომიშვი.
-თუ არაფერი უნდა მკითხო, აქ რაღა გინდა? დამაცადე და გამოვალ.
-საჭმელი მაინც არ გინდა? კატლეტი და კარტოფილის პიურეა მაიონეზით, ხომ ძალიან გიყვარს?! -არ ეშვებოდა ინა.
-ინა, მომეშვი, არ მშია, საერთოდაც არაფერი მინდა. გეხვეწები თავი დამანებე, თორემ თუ გამოვედი, გაგწეწავ.
-იდიოტი ხარ, განა არ ვიცი, რატომ ხარ ასე? იმ ქალბატონმა გაწყენინა, არა?
-ვინ ქალბატონმა, სულელი ხომ არ ხარ?
-დიახ, ვიცი, ყველაფერი ვიცი...
-ჰო, კარგი, იცი და იცოდე. ოღონდ ახლა კარს მოსცილდი და რაც გინდა, ის გიქნია...
-ხომ ვამბობ, იდიოტი ხარ-მეთქი - იმ კუდაბზიკას შეყვარება შეიძლებოდა? მაგრამ არ დამიჯერე.
-ინა, გამოვედი!.. - დაიღრიალა საშამ.
-ჰო, კარგი, კარგი, უკვე მივდივარ...



ავტორი:ნ.წულუკიძეскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი pataragogo3

კაიაააააა ^^^^^^
--------------------
არ არსებობს ბედნიერება, სიყვარულის გარეშე! ♥

 


№2  offline წევრი Marikusa-Dakusa

კარგა ხანია არ წამიკითხავს ასე განსხვავებული ისტორია.. მოუთმენლად ველი შემდეგს

 


№3  offline წევრი lizi chachua

Es nino wowonavas wignia mgoni zustad gvari ar maxsoovs.

 


№4  offline წევრი fancy

გააგრაზელე ახალ თავს ველოდები

 


№5 სტუმარი natnat

გააგრძელე ძალიან მალე გთხოვ :*

 


№6 სტუმარი Mariami

ეს არის ნინო წულუკიძის რომანი,რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია... ყველას გირჩევთ შეიძინოთ და წაიკითხოთ ეს წიგნი)) წიგნში 2 რომანია,"მწვანე თვალება ანგელოზი" და "საღამო ღამე არ არის". ორივე ერთმანეთზე უკეთესია :)

 


№7 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან მომეწონა ეს რომანი და გააგრძელე რო წავიკითხო ისიც გთხოვთ

ძალიან მომეწონა ეს რომანი და გააგრძელე რო წავიკითხო ისიც გთხოვთ

 


№8 სტუმარი სტუმარი ხათო

დიდი ხანია ვეძებ ამ წიგნს..მქონდა და სამწუხაროდ დავკარგე..განათხოვრებული უკან აღარ დამიბრუნეს.. მითხარით სად შეიძლება თავად წიგნი შევიძინო.ყველგან ვეძებე და სამწუხაროდ გაყიდვაში არ იყო ტირაჟი ამოიწურაო მითხრეს. ..ან საიტზე თუ დევს რომ წავიკითხო..ეგრე ნაწყვეტ ნაწყვეტ კითხვას მიჩევნია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხო ორივე რომანი..
მადლობა წინასწარ.

 


№9 სტუმარი sad shevidzino es wigni

Mariami
ეს არის ნინო წულუკიძის რომანი,რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია... ყველას გირჩევთ შეიძინოთ და წაიკითხოთ ეს წიგნი)) წიგნში 2 რომანია,"მწვანე თვალება ანგელოზი" და "საღამო ღამე არ არის". ორივე ერთმანეთზე უკეთესია :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent