შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოშა I ნაწილი, პირველი თავი


15-12-2014, 15:00
ავტორი Mariami_MariamOo
ნანახია 1 474

ჭკუა ვიხმარე. რადგან დინა ასე «უკანმოუხედავად» დამცილდა, განაწყენებული კაცის პოზიცია გავითამაშე. ავდექი და ახლა უკვე ორი კვირით დავიკარგე. ისედაც არ მეცალა, საქმეები მქონდა მოსაგვარებელი აგარაკზე, რომელსაც კარგა ხანია ქალის ხელი არ გაკარებია. ჩემს ცოლს არ უყვარს იქაურობა. არც ზაფხულში ჩადის და არც ზამთარში. იქ თავის გემოზე ვერ გაერთობა. ჯერ ერთი, თითქმის უკაცრიელი ადგილია, მუდმივად არავინ ცხოვრობს. ძირითადად, ზაფხულში ჩამოდიან, ისიც ისეთი ოჯახები, შედარებით ხელმოკლედ რომ ცხოვრობენ. აცივდება თუ არა, მით უმეტეს, კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავთ. არადა, ერთი ოცი სახლი მაინც დგას. მართალია, დიდი ფუფუნებით არც არავის აქვს მოწყობილი, მაგრამ პირველადი მოხმარების საგნები მაინც ყველას მოეპოვება. ამ მხრივ ყველაზე დიდი ფუფუნებით ჩემი აგარაკი გამოირჩევა. კოხტა, ფინური სახლი თავის დროზე დედაჩემმა საკუთარი გემოვნებით მოაწყო. მართალია, უცხოური ავეჯი არ დგას, მაგრამ არც არაფრით ჩამოუვარდება. აქვე დაამზადებინა, თბილისში. სამზარეულო, საძინებელი, სასტუმრო, მისაღები… ყველა ოთახის გარნიტური შეუკვეთა და ნელ-ნელა მოაწყო კიდეც. სიბერის წლების გატარებას აქ აპირებს. ახლა დროებით გერმანიაში ცხოვრობს. ჩემი და იქაა გათხოვილი, შვილი ახლახან შეეძინა და დედა მას ეხმარება. კიდევ კარგი, გაემგზავრა. არადა, შინ მისვლა მეზარებოდა ბოლო ხანს. ლიზიკო და დედაჩემი საერთოდ ვერ ეგუებოდნენ ერთმანეთს. სულ კინკლაობდნენ. რძალ-დედამთილის ტიპური წარმომადგენლები არიან. ერთმანეთის სასაყვედურო არც ერთს არასდროს ელევა. მერე მე დამიმარტოხელებდნენ და მიდიოდა ერთმანეთის «ჩაშვება». ეს კი მაცოფებდა! მათ შემხედვარეს, ლამის იყო, ქალის სახსენებელი შემძულებოდა. არადა, ცალ-ცალკე ორივე მართალი იყო. ამავე დროს, ორივე ტყუოდა. დედაჩემს დღემდე მაინც ვერ მოუნელებია, რომ ცხრა წლის ურთიერთობის განმავლობაში ლიზიკომ ერთი შვილი ვერ გამიჩინა. ვერ გამიჩინა თუ არ გამიჩინა _ აი, ეს აფიქრებს ქალბატონ ნუნუკას. დაჟინებით მიმტკიცებს, შეგნებულად არ გააჩინაო. შენც გატყუებს, მეც და ჩვენ გარშემო _ ყველასო. მე უკვე ხელი ჩავიქნიე ამ საკითხზე. არ უჩნდება და ნუ უჩნდება. მილების შევიწროება თუ რაღაც ამდაგვარი აქვს. მე რა ვიცი, რას ნიშნავს, ეგ ქალებმა უკეთ იციან. მილების კი არა, ტვინის შევიწროება აქვსო, იკივლა დედაჩემმა, ეს რომ გაიგო. დაავლო ხელი და ძალით წაიყვანა გამოკვლევაზე. იქ უარესი უთხრეს. თქვენი რძალი სრულიად ჯანმრთელია და მისი მეუღლე, ანუ თქვენი ვაჟი მოგვგვარეთო. ამან სულ გადარია საწყალი ქალი. მთელი თვე მეხვეწებოდა, წამოდი ექიმთან, თუ გიყვარდე, შენი ცოლის გულის გასახარებლად ნუ გამიხდი საქმესო. მაინც არ წავედი, მე არაფერი მჭირს სამაგისო, ამაში დარწმუნებული ვარ-მეთქი, გამოვუცხადე.

_ ეს მეც ვიცი, შვილო, მაგრამ იმ შენს ცოლს ვერ დააჯერებ ასე ადვილად. უკვე დაიხვია თითზე, შენი მერაბია უშვილო და რა ჩემი ბრალიაო, წამომაძახა ამას წინათ. იმდენი გაუხმეს თავი, რამდენი აბორტიც მას ჰქონდეს გაკეთებული, _ მიაყარა ქოქოლა.

_ კარგი, რა, დედი, ეგეთ რამეებს ჩემთან მაინც ნუ ამბობ. მაგისთანა რაღაცას ვერ გამომაპარებდა. ლიზიკო არც ისეთი ეშმაკია, შენ რომ გგონია. მასაც უნდა შვილი რომ ჰყავდეს.

_ ისე აუდგეს გვერდები, მაგას ეგ არ უნდოდეს! ხომ გაუფუჭდება ფიგურა. ვინ იაროს მერე ყოველდღე ბაზრობასა და სილამაზის სალონებში! ვინ სვას დაქალებთან ერთად ყავა და ვინ აბოლოს სიგარეტი! მეტი მაინც არაფერი იცის და ვერც ვერასდროს ისწავლის, _ არ ისვენებდა დედაჩემი.

ხანდახან ყელში ამომდიოდა ასეთი საუბარი. არ ვიცოდი, ვისთვის უფრო დამეჯერებინა _ ლიზიკოსთვის თუ ნუნუსთვის. ჩემს ცოლს რომ ამ საკითხზე იჭვნეულად გადავუკრავდი, მაშინვე ცრემლების ფრქვევას შეუდგებოდა _ შენ ჩემი არ გჯერა, მთლად დედაშენის ჭკუაზე ხარ გადასულიო. ამ ორმა ქალმა სულ ამიბნია თავგზა.

ბოლოს ხერხს მივმართე. ერთ საღამოს მოვიხმე ლიზიკო ჩემთან, დავსვი და საკითხი სერიოზულად განვიხილეთ. მკაცრი პირობა წამოვუყენე _ მე უშვილო ოჯახი არ მჭირდება. ან ავიყვანოთ ბავშვი, თუ არადა, მე გავაჩენინებ სხვა ქალს, მოგიყვან და შენ გაზარდე-მეთქი. სხვისი შვილის აყვანაზე ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ვიღაცისას ნამდვილად ვერ გავზრდი, რა ვიცი, რანაირი ზნის იქნებაო. მეორე წინადადებაზე ჯერ ჩაფიქრდა, მერე კი ისე ადვილად დამთანხმდა, გაოცებულიც კი დავრჩი.

_ ეგ კარგი აზრია, მერაბ. ვიცი, ქალს უაზროდ არ შეარჩევ. მთლად შეუხედავი და ძალიან შტერი ნუ იქნება და სხვა მხრივ რა უჭირს. მეცოდინება მაინც, რომ ნამდვილად შენი შვილია.

გაოგნებულმა ხმა ვერ ამოვიღე. ძალიანაც კარგი, ასე თუ ფიქრობს. ახლა მთავარია, ქალი მოვძებნო-მეთქი, გამიელვა გონებაში.

იმ დღიდან დავიწყე ძებნა. არა, ძებნა არ დამიწყია, მაგრამ ამაზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. მერე ის იყო, ერთხელ შემთხვევით… დინა დავინახე. დავინახე და ე! იქიდან დაიწყო ყველაფერი. ეგ ქალი რომ შვილს გამიჩენდეს, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს-მეთქი. ისე, ცოტა ბოშური სისხლი მეც მირევია. ბებიაჩემის დედა მოლდაველი ყოფილა თურმე. მთელი უბანი «მოლდავანკას» ეძახდა. ქმარს სოხუმში, გემიდან მოუტაცია წლების წინ. ულამაზესი ქალი ყოფილა. შთამომავლობაც იმიტომ გამოვიდა ასეთი ლამაზი. რა ვიცი, ჩემზეც ამბობენ, კარგი ვინმეაო. ქალები ხომ არ მასვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი ვარ, თანაც საკმაოდ ერთგული ქმარი, და ამის შესახებ ყველა ქალმა იცის ჩემ გარშემო, მაინც არ მეშვებიან. ხანდახან ფრონტის ხაზზე მგონია ჩემი თავი, ისე შემომიტევენ ყოველი მხრიდან. «მარჯვენა ფლანგს» რომ მოვიგერიებ, ახლა «მარცხენა» გახსნის «ცეცხლს». შეძლებისდაგვარად ვუმკლავდები. ყოფილა იშვიათი გამონაკლისიც _ ზოგიერთს დავნებებულვარ კიდეც, მაგრამ სულ რამდენიმე საათით. გარდა ამისა, ყველაზე მეტად «ცენტრიდან» დარტყმას ვერიდები. «ცენტრი», რა თქმა უნდა, ლიზიკოა. თუ გამიგო, კარგად მეყოლე. სკანდალი არ ამცდება. ამ დროს ტყვიების როლს შემდეგი სიტყვები ასრულებს: «დეგენერატო», «ის კახპა», «უთავმოყვარეო», «რაზვოდი», «შენზე უკეთესს», «ვერ ეღირსები», «კეთილი ინებე» და ა.შ. მოგერიება არ გინდა?

დინამ საფიქრალი გამიჩინა. არადა, ჩემი იდეის განსახორციელებლად ყველაზე ცუდი ვარიანტი ავირჩიე. ცუდი კი არა, ძნელი. ბოშებთან მიმართებაში ნამდვილად არ მაქვს გამოცდილება. ისე, უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის მომწონდა ბოშა ქალები. მით უმეტეს, ჩემს ბავშვობაში მათზე ისეთი ფილმები გადიოდა… ახლაც სიამოვნებით ვიხსენებ. მოდი და ნუ ინატრებ ასეთ ქალს… დინა სწორედ «ასეთი ქალების» რიცხვს მიეკუთვნება. ისე მადისაღმძვრელად მიარხევს თეძოებს, ისე მაცდურად შემოგღიმებს და თვალს თვალში ისე გაგიყრის, გულგრილი ვერ დარჩები.

7 7 7

ამ ბოლო ხანებში ლიზიკო რაღაც ეჭვის თვალით მიყურებს. ვითომ რამე შემატყო? არა მგონია. ან კი რა უნდა შემტყობოდა? შეყვარებული ნამდვილად არ ვარ და ქალი ახლა, ვის არ მოწონებია? ღმერთია მოწამე, ახლოს არ გავკარებივარ, რომ, როგორც ცოლებმა იციან ხშირ შემთხვევაში, უცხო ქალის სუნამოს ან პომადის კვალი აღმოეჩინა. მიუხედავად ამისა, რაღაც მაინც იყნოსა. დიდი ვერაგები არიან ეს ქალები, ვერაფერს გამოაპარებს კაცი.

_ მერაბიკო, ხდება რამე? _ წუხელ პირდაპირ ამ შეკითხვით დაიწყო ლაპარაკი.

_ რას გულისხმობ? _ თავი გამოვიშტერე.

_ რა ვიცი, რაღაც გამოიცვალე ამ ბოლო დროს, სხვანაირი გახდი.

_ მაინც რანაირი?

_ შენ უკეთ გეცოდინება.

_ ლიზა, შენი ჭირიმე, თუ ჩხუბის საბაბს ეძებ, პირდაპირ მითხარი, თუ არადა, შემეშვი რა, ჩემი პრობლემები მეყოფა, _ გავბრაზდი და იქით შევუტიე.

_ არ მომწონს მე შენი ტონი, ამხანაგო ქმარო, _ ტუჩი აიბზუა და ექიდნურად გადმომხედა.

_ არც მე _ შენი, _ არ დავუთმე, _ ძალიან საინტერესოა, ერთი, რა შემატყვე _ ზედმეტად ვკოხტაობ, თმას ვიყენებ, ლოსიონებში ვბანაობ თუ ბრიოლინით ვიგლისები? _ თანდათან ხმას ავუწიე.

_ თითქოს არც არაფერი, მაგრამ რაღაც მაინც არ მომწონს, _ არ იშლიდა ლიზიკო თავისას.

_ უხ-ხ-ხ… მე ვინც შენი თავი გამაცნო, მე იმის… _ შევუკურთხე ჩემს ათი წლის უნახავ კურსელს და კარი გავიჯახუნე.

რაც მეტი აქვს ადამიანს, მით მეტი უნდება, განსაკუთრებით ფულიანი კაცის ცოლებს. ვერ ძღება ამათი მუცელი. ლიზას ხომ არაფერი აკლია, რაც შეიძლება ამქვეყნად ქალმა ინატროს. ჩაცმა-დახურვა გინდა, რესტორანი თუ საზღვარგარეთ მოგზაურობა, ვერავინ აჯობებს ასეთ რამეებში. მისიანებიც კი დაასახლა ჩემი ფულებით. რაც ჩემს კაზინოში მოგება შემოდის, მესამედი მაინც მისი ხარჯების დაფარვას უნდება. ტყუილად კი არ ცოფდებოდა დედაჩემი. მერე, მადა ჭამაში მოდისო და, სილამაზის სალონი გამახსნევინა თავის სახელზე. მთელი დღე იქაა გამომჯდარი და ბრძანებებს აძლევს თავის პარიკმახერ-სტილისტებს. დიდ საქმეშია. სულ იქით ითხოვს და ითხოვს. ასე თუ გაგრძელდა, მალე გაგაკოტრებსო, სულ ჩამძახოდა დედაჩემი. რა ვქნა. შეიძლება ძალიან ცუდი კაცი ვარ, ამდენ რამეს რომ ვუთმობ საკუთარ ცოლს, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ან კი რად მინდა ეს ოხერი ქონება, ჩემიანმა თუ არ გაიხარა და არ ისიამოვნა? უნდა გენახათ, დაბადების დღეზე, მანქანის გასაღები რომ ავუფრიალე ცხვირწინ, რა დღეში ჩავარდა. კინაღამ გული წაუვიდა სიხარულისაგან. მისი კივილი ქუჩის ბოლოში ისმოდა. ერთი მხრივ, კარგი ვქენი, მანქანა რომ ვუყიდე, მოუკლო კაზინოში სიარულს. ვეღარ გამომყავდა იქიდან, თანაც გამუდმებით აგებდა. მერე ნერვიულობდა. მართალია, მისი წაგებული თანხა ისევ ჩემ ჯიბეს უბრუნდებოდა, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებდა. მერე მანქანაზე გადაერთო. ისე მოსწონდა ტარება, მთელი დღის განმავლობაში დააგრიალებდა აღმა-დაღმა. სამაგიეროდ, ბენზინის ხარჯი გამეზარდა. იმხელა სილამაზის სალონი აქვს და მაინც მე მართმევს სახარჯო ფულს. მთლად არ ტყუოდა დედაჩემი, ყველაფერ ამას რომ ხედავდა. ისე, მშვენიერი წყვილი ვართ, უკონფლიქტო. ლიზიკო ყურადღებიანი ქალია, ზრუნავს ჩემზე. ყოველთვის ცდილობს, გემოვნებით მეცვას. მართალია, დარეცხვა-დაუთოებაზე თავს არ იწუხებს და ეს საქმე თავის ერთ ღარიბ, შორეულ ნათესავს მიანდო, მაგრამ გასაკეთებელი ხომ კეთდება? ყოველ დილით თვითონ მირჩევს პერანგსაც და შარვალსაც, ცხვირსახოცსაც და, როცა საჭიროება მოითხოვს, ჰალსტუხსაც. ამ საკითხში არაფერი ეშლება. საბოლოო ჯამში, კარგი ცოლია. მთავარი ეს არის. ქალს ბოლომდე ნუ ენდობიო, სულ ჩამჩიჩინებდა დედაჩემი. მე ვითომ არც მესმოდა. არადა, ცოლს ხანდახან მართლა სჭირდება შემოწმება. მეც ვამოწმებ ჩუმად. ისე მოულოდნელად დავადგები ხოლმე სამსახურში ან დაქალთან სახლში, გაოცებული რჩება, რა ქარმა გადმოგაგდოო. მე კი ვიცი, «რა ქარმაც» გადმომაგდო, მაგრამ ხომ არ ვეტყვი? ქალებს კარგად ვიცნობ. თუ ოდნავ ყურადღება მოადუნე ან ნებაზე მიუშვი, არ დაგინდობს. ამიტომ ყოველთვის «ფხიზლად ვდგავარ სადარაჯოზე».

7 7 7

როგორც იქნა, «წყენამ გადამიარა» და ერთ მშვენიერ დღეს კვლავ გავიარე ბაზრობაზე.

_ სლავა ბოგუ, _ ჩემს დანახვაზე დინას თვალები გაუბრწყინდა.

რაღაც გალამაზებული მეჩვენა. დაკვირვებით ავათვალიერ-ჩავათვალიერე.

_ შენ რა, ახალი კაბა გაცვია? _ ეშმაკურად მოვჭუტე თვალები მისი წითელი კაბის დანახვაზე.

_ ი ტუფლი, _ გახარებულმა მითხრა და ფეხი ასწია.

ლამაზი ფეხსაცმელი ეცვა, შავი ფერის, ოდნავ მაღალ ქუსლზე. შევამჩნიე, წვივებიც გაეპარსა. ეს კარგად მენიშნა, ესე იგი, მეპრანჭება.

_ გიხდება, _ შევუქე.

_ პრავდა? _ კიდევ უფრო გაუბრწყინდა თვალები.

_ _პრავდა, პრავდა, _ სიცილი ვერ შევიკავე.

_ გდე ტი პრაპადალ, კრასავჩიკ? _ დამიწყო დაკითხვა.

_ ა ჩტო, აპაზდალ? _ ეშმაკურად შევხედე.

_ კინაღამ, _ გამართული ქართულით თქვა და თითი დამიქნია.

_ აბა, მაჩვენე ერთი, ვინ არის ის თავხედი და ვინ გაბედა შენი მოჯადოება? _ ავყევი ხუმრობაში და წარბები შევჭმუხნე.

_ მეჟდუ პროჩემ, ხაროში პარენ.

_ ჩემზე უფრო უყვარხარ?

_ ლუბიტ, ნე ლუბიტ, ლუბიტ, ნე ლუბიტ. პა მოემუ, ლუბიტ, _ დაასკვნა ბოლოს და ღიმილით წარბი მოიფხანა.

_ ვინ არის და რას წარმოადგენს? მე უკვე ვეჭვიანობ.

_ ციგან.

_ აბა, აბა, ეგეთები არ იყოს, იცოდე. შენ არ მითხარი, შეყვარებული არ მყავსო?

_ ონ ლუბიტ, კრასავჩიკ, მე კი არა.

_ მომერევა?

_ პასმოტრიმ.

_ ნუ მაშინებ, გოგო!

გულიანად გადაიკისკისა. მოეწონა თამაში.

_ და ნავრალა ია, _ თქვა და დოინჯი შემოიყარა.

_ რატომ, კი მაგრამ, ვერ ხედავ, კინაღამ ინფარქტი მივიღე. გული შემიღონდა, შე ოხერო! არ გეცოდები?

_ ნეტ, _ გამომწვევად მიპასუხა.

_ ქვის გული გაქვს, აი!

_ ენა მაქვს ქვის, ენა, ნი გული.

_ აბა გული რისი გაქვს?

_ ქალის.

_ აუჰ! დავღუპულვარ და ეს არის.

_ პაჩემუ?

_ ქალებში ბედი არ მწყალობს. არავის ვუყვარვარ, _ მოვისაწ.... თავი, _ შენსავით…

გაჩუმდა. პასუხი არ გაუცია. თითქოს სახე მოეღრუბლა. ეს კარგად მენიშნა. მგონი, მოვწონვარ. იქნებ ვუყვარვარ კიდეც? მაგას რა ჯობია…

_ ჰა დინა, რატომ არაფერს მეუბნები?

_ შენ ბევრი ქალი გიყვარს, _ ჩუმად თქვა.

_ ბევრი ქალი? ვინ მოგახსენა, ქალბატონო? _ ვიუკადრისე.

_ კარტმა.

_ სახელებიც ხომ არ გითხრა იმ შენმა კარტმა შემთხვევით? _ გამეცინა.

_ ა კაკ ჟე.

_ აბა, ჩამომითვალე ერთი!

_ ლიზა, მარინა, ტამრო…

მეგონა, სახე მომექცა. მარინასი და თამროსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ლიზას ხსენებაზე კინაღამ გული გამიჩერდა. მართლა ჯადოქარია თუ უბრალოდ, დამთხვევაა?

_ ლიზა ვინ არის? _ დავინტერესდი.

_ ეს ქალი უკან მიყავხარ, _ სახე მოექუფრა.

_ სად უკან? _ ხმა ჩამიწყდა.

_ ბნელში. შენი ფულები უყვარს.

_ შენ რა იცი, მე რა ფულები მაქვს?

_ დინა ვსიო ზნაეტ.

_ კიდევ რა «ზნაეტ»?

_ შვილი არ არი.

ახლა კი მართლა ჩამომივარდა ყბა. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი.

_ გოგო, შენ გრძნეული ხომ არ ხარ?

_ ეტა ჩტო?

_ ეტა კალდუნია, _ «ვუთარგმნე».

_ ცოტა, _ არ იუარა.

_ გამაგიჟებ მე შენ!

_ ცოტა.

_ ცოტა კი არა, მგონი, ფსიქიატრიულში გამაქანებენ მალე.

გადაიკისკისა. ისეთი ლამაზი ტუჩ-კბილი აქვს, მართლა გადარევს კაცს.

არა, არა, მე ასე სად შემიძლია, პატარა ბიჭი კი არა ვარ. დიდი ხანია, მაგ ასაკიდან გამოვედი, მაგრამ ეს ოხერი გული რომ არ იშლის თავისას?! როგორმე უნდა შევიჩვიო. როგორც ვატყობ, ადვილი არ იქნება, მაგრამ ვცდი, რა იცი რა ხდება. ამათ ისეთი ჯიში აქვთ, ფული დაანახვე და ქვეყნის დასალიერამდე გამოგყვებიან. ვაი და, არ იყოს ასე?!

_ მორჩა? _ ვკითხე, როცა მივხვდი, რომ დაამთავრა.

_ ვსიო.

_ მეტი არ უნდა მიმარჩიელო?

_ ხვატიტ. პატომ.

_ ფულს მოგცემ, რა?!

შეყოყმანდა, მერყეობა შეეტყო. ამ მომენტით ვისარგებლე და ხუთლარიანი დავაძრე. აზარტში შევედი. გოგომ ჯერ ხელი გამოიშვირა ფულისკენ, მაგრამ მერე ისევ გასწია, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თავი გააქნია.

_ ნე ნადა.

_ რა «ნე ნადა», ხომ გითხარი, მინდა-მეთქი!

_ დინა არ უნდა.

_ ვითომ რატომ, დაგიჭერენ?

_ პაიდუ ია, დელა ესტ.

_ არ წახვიდე, რა, გთხოვ, ცოტა ხანს, სულ ცოტა ხანს იყავი, კარგი? _ თითით ყელი გამოვიწიე და საწყალობელი სახე მივიღე.

_ …

_ მოდი, ისე მოგცემ ფულს, ნუ მიმკითხავებ, ოღონდ ორი წუთით კიდევ დარჩი.

_ ხარაშო, ორი ცუტი მოჟნა, _ პატარა ბავშვივით დაიჯღანა.

_ აი უმნიცაა! _ შევაქე კარგი მასწავლებელივით.

ერთხანს იდგა, ხელები უკან დაეწყო ზურგზე, ცალი ფეხით კი მიწაზე წრეებს ხაზავდა, ბოლოს თავი ასწია.

_ ვსიო. დავაი, განი დენგი, _ და ხელი კვლავ გამომიშვირა.

ვერაფერი ვუთხარი. ხუთლარიანი გავუწოდე და ხელი შეახო თუ არა, მაჯა დავუჭირე.

_ არ გაგიშვებ! _ ღიმილით ვუთხარი.

_ გაგიჟდი? სმოტრიატ, _ შეშინებულმა მიიხედ-მოიხედა.

_ მერე რა! ცუდს რას ვაკეთებ, _ უდარდელად ავიჩეჩე მხრები, ხელს კი არ ვუშვებდი.

_ ატპუსტი და ხვალ მოდი, _ მითხრა უცებ, თან ძალიან თბილად გამოუვიდა.

იმდენად გამიკვირდა, ჩემდა უნებურად ვუშვი ხელი. ამით ისარგებლა და უკანმოუხედავად გაიქცა…

კარგა ხანს გავყურებდი მიმავალს. მსიამოვნებდა მისი ცქერა. ლამაზი მოძრაობები ჰქონდა, ამაყი, მედიდური. ქართველ ქალებს რომ არა აქვთ, ისეთი. იმედია, ჩვენებური გოგოები არ გამინაწყენდებიან ამ შენიშვნაზე. ხომ ასეა?

* * *

დინას დანახვა თითქოს სიცოცხლეს მმატებდა. მას არ სჭირდებოდა, როგორც ქალების უმეტესობას, მოდური ყოფილიყო. არ ჰქონდა დაყენებული მანერები, ხმის შეცვლილი ტემბრი, ბგერების გამოკვეთილად, ე.წ. «სვეტურად» გამოთქმა. იგი უბრალო იყო, ლაღი, შეუბოჭავი; არა ხელოვნური, «გამოყვანილი», არამედ ბუნებრივი, თავისუფალი, ნამდვილი სრულყოფილება, ველური სრულყოფილება. იგი არ თამაშობდა. არც სჭირდებოდა. ამბობდა იმას, რაც მოესურვებოდა, იქცეოდა ისე, როგორც მოესურვებოდა, როგორც საჭიროდ მიაჩნდა. «სხვის დასანახავად» კარგად მოქცევა მისი თვითმიზანი არ იყო.

სწორედ ეს მხიბლავდა მასში, დაუხვეწავი ხასიათი, «გაურანდავი» სილამაზე. მისი სახის კანმა არ იცოდა მაკიაჟი, მკვებავი, პომადა, ტუში, ტენი. ამგვარი საზრუნავისგან თავისუფალი იყო. ჩემი ცოლივით არ სჭირდებოდა ყოველ დილით ორი საათი სარკის წინ დგომა და დახატვა ან წუწუნით იმაზე ფიქრი, რა ჩაეცვა.

მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. რაც დღე გადიოდა, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მისი ნახვის შემდეგ ფრენის ხასიათზე ვდგებოდი. რა იყო ეს? სიყვარული? არა, სიყვარული ნამდვილად არ იყო, მაგრამ უამისობაც რომ არ იყო? იქნებ მიყვარდა კიდეც? შეიძლება. მართალია, საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი ამაში, მაგრამ ვგრძნობდი, თითქოს რაღაც იცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ასაკიც დამაკლდა, მთელი ათი წლით გავახალგაზრდავდი. არადა, ახლახან 38-ის გავხდი. წარმოგიდგენიათ? 38 წლის კაცი რა სულელურ ქმედებებს ჩავდიოდი. პატარა ბიჭუკელასავით სიყვარულობანას თამაშმა გამიტაცა. მთელი უბედურება ის იყო, რომ ამის შესახებ ვერავის მოვუყვებოდი. გეხვეწებით, ვისთვის მეთქვა, ბოშას დავდევ კუდში, მომწონს და მისი საყვარლობა მაქვს გადაწყვეტილი-მეთქი? ძმაკაცები იფიქრებდნენ, ალბათ ჭკუიდან შეირყაო. თან ჩემი მდგომარეობის კაცი! აი ამდენ რამეს ვფიქრობდი და ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ სულ არ მედარდებოდა, სხვები რას იტყოდნენ ჩემზე, თუმცა კი მაინც ვფრთხილობდი. თითქოს რაღაც აზარტმა შემიპყრო. მომწონდა ეს თამაშობანა.

ტყუილი არ უთქვამს ლიზიკოს. მართლა შევიცვალე. ყველაფერი მიხაროდა, თითქოს შევმსუბუქდი. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, სულ დინაზე ვფიქრობდი, არამარტო ვფიქრობდი, სულ თვალწინ მედგა, ყველგან მის სახეს ვხედავდი. ტროტუარზე ისე ვაკვირდებოდი გოგოებს, თითქოს შეიძლებოდა სხვაგანაც შემხვედროდა სადმე. ვიცოდი, ეს გამორიცხული იყო, მაგრამ რატომღაც დეგენერატივით დამჩემდა აქეთ-იქით ყურება. ყველა ქალში დინას ვეძებდი.

როგორ მინდოდა შემჩვეოდა, შევყვარებოდი. მინდოდა დამოკიდებული ყოფილიყო ჩემზე, შემძლებოდა მისი სურვილების შესრულება, მისი თხოვნების დაკმაყოფილება, მეზრუნა მასზე… და ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ მინდოდა ჩემი საკუთრება ყოფილიყო, როგორც ლამაზი, ძვირფასი ნივთი, რომელსაც ვიღაცას ანახვებ და მისი ორიგინალობით თავს მოიწონებ. აღმოვაჩინე! აი სწორედ ეს მინდოდა.

7 7 7

ჩვენს ურთიერთობაში «პროგრესი» იგრძნობოდა. უკვე აღარ ეშინოდა ჩემი, აღარ იძაბებოდა, მარტო რომ ვრჩებოდით. გაშინაურდა. ჩემს მანქანას თვალს მოჰკრავდა თუ არა, ყველაფერს თავს მიანებებდა და ჩემკენ გამოქანდებოდა. მართლა გამოქანდებოდა, კი არ ვიტყუები. არ მორბოდა, მაგრამ არც არაფერი უკლდა. მე კი კმაყოფილი ღიმილით ვიცდიდი, სანამ ჩემამდე მოვიდოდა. თან ვტკბებოდი მისი ცქერით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. ისიც თვალებგაბრწყინებული მოვარდებოდა მანქანასთან, შიგნით შემოჰყოფდა თავს და მხარზე ძმაკაცივით დამკრავდა ხელს მისალმების ნიშნად. «პრივეტ, კრასავჩიკ!» _ ამ მისალმებით იწყებოდა ჩვენი თითქმის ყოველი შეხვედრა.

7 7 7

აი ასე, დღითიდღე «უმჯობესდება» ჩვენი დაახლოება. ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში ის არის, რომ ვიღაცას მაგონებს, მაგრამ ვის, ვერაფრით გავიხსენე. არ ამოტივტივდა გონებაში. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, სხვა ცხოვრებაში ხომ არ ვიცნობდი? იქნებ გვიყვარდა კიდეც ერთმანეთი? შეიძლება ვინმეს გაეცინოს ჩემს შეხედულებებზე, მაგრამ ზოგი რამის მეც მწამს. მაგალითად, მჯერა, რომ არსებობენ უცხოპლანეტელები, უცნობი ცივილიზაციები, დაფრინავს უზარმაზარი თეფშები… მგონია, რომ ოდესღაც სწორედ იმ დღემდე ამოუცნობმა სხვა პლანეტის ცივილურმა არსებებმა ადამიანები ექსპერიმენტების სახით «დათესეს» დედამიწაზე, როგორც თესლი მიწაში. რატომაც არა! რა არის ამაში დაუჯერებელი? სხვა რამეებისაც მჯერა, მაგალითად _ რეინკარნაციის. ვინ იცის, იქნებ იმ ცხოვრებაში ლომი ვიყავი ან ჭიანჭველა, ახლა კი ადამიანად მოვევლინე ამ ქვეყანას? რა ვქნა, ასეთი უცნაური კაცი ვარ. თქვენ რომ იცოდეთ, სასწაულებისაც მჯერა. განა სასწაული არ არის, დინამ ჩემი ცოლის სახელი რომ იცის? ანდა ჩემი უშვილობის ამბავი? გამოდის, იგი რაღაც უხილავი ძაფებით ჩემს სულთანაა დაკავშირებული. აბა როგორ? კარტი «ლიზიკოს» ხომ არ დაწერდა? ეს ხომ არ არის რაღაც ჩვეულებრივი, გავრცელებული სახელი? ამიტომ, ცოდვა გამხელილი სჯობსო, იტყვიან და, სიმართლე რომ გითხრათ, ცოტათი მაშინებს მასთან დაახლოება. რომ შევუყვარდე? ჩვენი ერთად ყოფნა ხომ წარმოუდგენელი ამბავია. თან მინდა ვუყვარდე, თან რაღაც აშკარად უკან მეწევა, უმანკო ადამიანის ცოდვაში ფეხი არ ჩადგაო. არადა, შენ გაერთო, დრო ატარო, გამოიყენო იგი შენი სიამოვნებისთვის და მერე მიაგდო, ხომ დანაშაული იქნება? ბოშებმა შურისძიება იციან. მერე როგორი შურისძიება! არა, ამის კი არ მეშინია, იმ ასაკში არა ვარ, მსგავსმა რამეებმა უკან დამახევინოს, უბრალოდ, ადამიანურად გამომდის ცუდად. არადა, მინდა ვუყვარდე, ძალიან ვუყვარდე. რამდენი ხანია ასეთი რამ არ განმიცდია. თან მეცოდება. სხვანაირად რა პირობები შემიძლია შევუქმნა ისეთი, რომ მეც კმაყოფილი დავრჩე და ისიც? ანუ «არც მწვადი დავწვა და არც შამფური?» ძნელია, რა თქმა უნდა, ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი. ალბათ, რაღაცას მოვიფიქრებ.

777

ბაზრობაზე გავლა უკვე ჩვეულებად გადამექცა. კვირაში ერთხელ დინა აუცილებლად უნდა ვნახო. ისიც დაბარებულივით ერთსა და იმავე ადგილას მელოდება ყოველთვის.

_ მოგესალმებით, გასპაჟა ძინა, _ თავს მოწიწებით დავუკრავ ხოლმე.

_ კაკ ნასტრაენიე, კრასავჩიკ? _ ეშმაკურად შემომღიმებს.

_ ატლიჩნო. შენ როგორ ხარ?

_ და ჟივუ.

_ კრასავჩიკს რატომ მეძახი, ცუდი სახელი მქვია? _ ვკითხე ერთხელაც.

_ რა ვიცი, კაკ ტა ნეუდობნა.

_ შენ ხომ ყველა კაცს ასე ეძახი?

_ პაჩტი.

_ მერე?

_ ჩტო, მერე?

_ მე «პაჩტი» ყველა კაცი ვარ?

_ ნეტ.

_ მაშინ სახელით მომმართე.

_ ნე ნრავიტსია მნე შენი სახელი.

_ აბა, რა «ნრავიტსია»?

_ კრასავჩიკ, ლამაზო.

_ გამოუსწორებელი ვინმე ხარ.

_ ცოტა.

_ რაღაც ხშირად იყენებ ამ სიტყვას.

_ მოჟეტ ბიტ.

_ ერთხელ მაინც დამიძახე, გოგო, ჩემი სახელი, მესიამოვნება.

_ კაკ?

_ კაკ და აი, ასე: მე-რაბ!

_ ბეზ პრაბლემ _ მე-რაბ!

_ შენი წინაპარი ასპროცენტიანი თუთიყუში იქნებოდა.

_ პაპუგაი, ჩტო ლი?

_ უმნიცა! _ გადავიხარხარე.

_ ზნაიუ, _ ნიშნისმოგებით მიპასუხა.

_ დინა, მინდა რაღაცით გასიამოვნო. მითხარი, რა გაჩუქო?

_ დინა არაფერი ხოჩეტ.

_ სულ არაფერი? არც ნაყინი?

_ ნენავიჟუ!

_ ვა! შენ რა უცნაური ვიღაცა ხარ. ნამცხვარი?

დაიჯღანა.

_ საერთოდ, არსებობს რამე, შენ რომ «ნავიდიშ»?

_ რსებობს, _ გამონახა ქართული ზმნის ახალი ფორმა.

_ აბა, მითხარი!

_ ბალუბალი.

_ ეგ რაღაა?

_ ეტა მაია ტაინა.

_ მაგრამ მე ხომ შენი მეგობარი ვარ?

_ ნეტ.

_ რატომ «ნეტ», აბა ვინ ვარ?

_ ტი პროსტა კლიენტ, _ მომახალა.

გაოგნებული მე დავრჩი. იმწუთას არ ვიცი, რამ მომიარა, ძალიან ახლოს მივედი, მის ამობურცულ, ოდნავ მოშიშვლებულ მკერდს დავხედე და შეცვლილი ხმით ვკითხე.

_ და მეტი არაფერი?

წარბი არ შეუხრია. არც უკან დაუხევია. თვითონაც დაიხედა მკერდზე, უცებ წინ გადმოიხარა, ძუძუებით მომეკრა და გამომწვევად თქვა.

_ ი ტოლკა.

ოფლმა დამასხა. ვიგრძენი, როგორ მომასკდა ვნება. ამ გაგანია სიცხეში კიდევ ეს მინდოდა? ცეცხლი წამეკიდა სხეულზე.

_ დინა, მიფრთხილდი, _ თავი მუქარის ნიშნად გავაქნიე.

_ ტი ტოჟე, _ ჯიქურ გამისწორა მზერა, კარგა ხანს თვალი არ დაუხამხამებია.

_ მე, ჯობია, წავიდე და ჩემი ნებით დავწვე ფსიქიატრიულში, _ უკვე აღარ შემეძლო მეტის მოთმენა, ცოტა დამაკლდა, ხელი მომეხვია და… მერე თავს ვეღარ გავაკონტროლებდი. ამიტომ გავტრიალდი და მანქანისკენ წავედი.

მანქანაში ჩავჯექი. დავქოქე. რონინით მომიახლოვდა.

_ ეტა ვსიო? _ გამომწვევად მკითხა.

_ პაკა ვსიო.

_ ა დალშე? _ დაიხარა და ახლა მთელი ბრწყინვალებით გამოაჩინა მძივებით მორთული ლამაზი ძუძუები.

«მაცალე მე შენ», _ სწორედ ამ სიტყვების გამომხატველი მზერით შევხედე, ხმამაღლა კი ვუთხარი.

_ პაჟივიომ, უვიდიმ.

_ არ წახვიდე, _ ხმაშეცვლილმა ქართულად თქვა უცებ.

მეგონა, მომესმა. გასაღები გადავატრიალე და ძრავა გამოვრთე.

_ რა მითხარი? _ ვითომ კარგად ვერ გავიგონე.

_ მერაბ, ასტანსია, _ ახლა რუსულად თქვა.

_ ამას მე მეუბნები? თუ ყველა კლიენტს ასე ეხვეწები დარჩენას? _ ეჭვიანობის სცენის გათამაშება დავიწყე.

_ იზვინი, რა, _ უკვე ხვეწნაზე გადავიდა? ეს კარგის მანიშნებელია, მაგრამ…

რა ვქნა ახლა მე. ამ ქალს მგონი, მართლა ვუყვარვარ, ახლა რომ ვთხოვო, აგარაკზე კი არა, აფრიკაშიც კი გამომყვება. თუმცა აფრიკა რა შუაშია, ვერ გეტყვით, რადგან თვითონ არ ვიცი, რას ვამბობ.

_ მერაბ, ზნაეშ ჩტო?

_ არ ვიცი.

_ მარტო შენ გეხვეწები, კლიანუს.

_ ჰო-ო?

_ ი ტოლკა, _ თვალები აუწყლიანდა.

ვაჰ! სუფთა «გაები, ჩიტო, მახეში» გამოვიდა. თუმცა, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, რომელია ჩვენ შორის ჩიტი!

ავწონ-დავწონე შექმნილი სიტუაცია. შემეცოდა. კიდევ რომ გამეგრძელებინა ამ ტონით საუბარი, ტირილით გასკდებოდა. ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე.

_ გინდა, საღამოს გამოგივლი? _ მზერა ავარიდე და წინ გავიხედე. შემეშინდა, თვალებმა სხვა რამე არ უთხრან-მეთქი.

_ ვეჩერომ? _ დააზუსტა.

_ ჰო.

_ პატომ ჩტო?

_ გავისეირნოთ, როგორც მაშინ. კარგი?

_ ნე ზნაიუ.

ყოყმანი დაეტყო ხმაში. ალბათ აანალიზებდა ჩემს წინადადებას.

_ პირობას გაძლევ, სექსზე არაფერს გკითხავ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ მეტყვი. ამ საღამოს შენს განკარგულებაში ვიქნები. რასაც მიბრძანებ, კანონი იქნება ჩემთვის. ო კეი? _ ახლა თამამად შევხედე და გავუღიმე.

ცერა თითის ზურგი თვალში ამოისვა. რაც შეიძლებოდა, გააჭიანურა ეს პროცესი. ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ.

_ ჰა, ახლა, ან ასე მითხარი, ან ისე, _ დავკარგე მოთმინება.

_ საგლასნა, _ თითქოს ჩემს სიტყვებს ელოდაო, იმწამსვე დამეთანხმა.

_ მაშინ რვისთვის მოვალ, _ კვლავ დავქოქე მანქანა და სანამ რამეს მეტყოდა, ადგილიდან მოვწყდი. არ მინდოდა, გადაეფიქრებინა.

ავტორი: სვეტა კვარცხელია.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent