შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოშა I ნაწილი, მეოთხე თავი.


20-12-2014, 00:46
ავტორი Mariami_MariamOo
ნანახია 1 731

დინასთან ჩემი ურთიერთობა მშვენივრად აეწყო. იგი ყოველდღე სულმოუთქმელად ელოდა ჩემს გამოჩენას. მეც შეძლებისდაგვარად ვახერხებდი დროის გამონახვას _ ხან შუადღეს, ხანაც საღამოს შევირბენდი ხოლმე მასთან. ღამით დარჩენას ვერიდებოდი, არ მინდოდა, ლიზიკოს ეჭვი აეღო. თავს ვიმტვრევდი, რა მომეფიქრებინა, რომ რამდენიმე დღით მაინც შემძლებოდა დინას გვერდით ყოფნა. თვითონ არაფერს ამბობდა, ერთხელაც არ დაუწუწუნია, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, როგორ განიცდიდა უჩემობას. თან მეშინოდა, ერთ მშვენიერ დღესაც არ მობეზრებოდა ასეთი ყოფა და ისევ თავის ბაზრობაზე არ გაქცეულიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ მხსნელად კვლავ ნიკუშა მომევლინა.

_ ასე თუ გააგრძელებ, შენც დაიტანჯები და ისიც, არც ლიზიკოს დაადგება კარგი დღე, _ მითხრა მან, როცა ჩემი «აღსარება» მოისმინა.

_ ჰოდა, იმიტომაც მოგიყევი ეს ყველაფერი, იქნებ მირჩიო რამე, _ თითებს დავუწყე გატკაცუნება.

_ მივლინებაში რომ წახვიდე? _ უცებ სახე გაუნათდა.

_ მივლინებაში? კი მაგრამ რა მოტივით? _ მაინცდამაინც ჭკუაში არ დამიჯდა მისი წინადადება.

_ რა მოტივით და აი, ბრიჯის სათამაშო მაგიდა ხომ მაინც ჩამოსატანი გვაქვს…

_ მერე? რომ არ ჩამოვიტან?

_ ე, ბიჭო, ეგ არის პრობლემა? სანდრო გავუშვათ, შენ კი «მოტყდები» და ერთი კვირა «იბაირამებ», შეიძლება მეტიც. ვნახოთ, ამ ამბავს რამდენი დრო დასჭირდება. სანდრო ჩამოვა თუ არა, დაგიკავშირდები.

კეფა მოვიქექე. ისე, არ არის ცუდი იდეა… ლიზიკო ვერც ვერაფერს მიხვდება, თავში აზრადაც არ მოუვა ჩემი შემოწმება.

_ გენიალურია! _ ტაში შემოვკარი, _ მაგარი «იდეინი» ხარ. ქალი რომ იყო, გაკოცებდი, _ ხუმრობით წამოვიძახე.

_ მიდი, ნუ ახურებ! შენი კოცნა ვისაც სჭირდება, იმას მოახმარე. მე ჩემი მკოცნელი მყავს და მეყოფა, _ ღიმილით თქვა ნიკუშამ.

ლიზასთან იმ საღამოსვე შევამზადე ნიადაგი. დიდი ამბით გადმოვულაგე ჩემი გეგმები. სანდროც მოდის-მეთქი, ჩავურთე საუბარში.

_ რამდენ ხანში დაბრუნდებით? _ სარკიდან შემომხედა ლიზიკომ და ნიღაბწასმულ სახეზე თითები რიგრიგობით დაიტყაპუნა.

_ სადღაც ერთ კვირაში, მაქსიმუმ _ ათ დღეში, _ თვალი ავარიდე, ტყუილში არ გამომიჭიროს-მეთქი.

_ შენი საქმისა შენ იცი, _ მხრები აიჩეჩა და სააბაზანოში შევიდა.

_ წყალი ხომ არ დაგისხა? _ მივაძახე გახარებულმა. ახლა ისეთ ხასიათზე ვიყავი, ფეხებსაც კი დავბანდი.

_ არა. მე თვითონ, _ ონკანი მოუშვა და სახის ჩამობანას შეუდგა.

777

იდილიური «მივლინება» გამომივიდა. დინამ რომ გაიგო, ერთი კვირა მის გვერდით ვიქნებოდი, ბავშვივით აჭყლოპინდა.

_ დინა ლუბიტ კარგი ბიჭები, _ თითქმის ყვიროდა.

_ ლუბიტ კი არა, უყვარს.

_ ეტა ადნო ი ტოჟე.

_ არა, ახლა დროა, ქართული ისწავლო.

_ დინა უჟე იცის ქართული, _ ღიმილით გადმომხედა.

_ არაფერიც არ იცის. დღეიდან ყველა სიტყვას გაგისწორებ, გაიგე? _ თითი დავუქნიე.

_ რა დავაშავე ტაკოე? ჩტო არ მოგწონს? _ წარბები შეჭმუხნა.

_ მე მინდა, რომ ადამიანური ლაპარაკი გასწავლო, როგორც შენნაირ ქალს შეეფერება.

_ სულ მერაბი როგორ გასწავლოს დინა?

_ შენც მასწავლე, უარზე კი არა ვარ.

_ შენც? ა ჩტო ია სმაგუ?

_ აი, კარტის გაშლა მასწავლე.

_ პრავდა?

_ პრავდა კი არა, მართლა-თქო, უნდა მკითხო.

_ მართლა?

_ აი, ასე. მართლა, აბა ტყუილად? _ სიცილი ამიტყდა.

_ ხოჩეშ, ახლავე გასწავლო? _ სკამიდან წამოხტა და ყელზე ჩამომეკიდა.

_ ჯერ ის ტანსაცმელი მოიზომე, როგორ გექნება და სწავლაზე მერე ვისაუბროთ.

_ აბა?

_ აგერ, პარკში დევს რაღაცები. მგონი, მოგეწონება.

მაშინვე ჩანთას ეცა. ამოალაგა ყველაფერი _ რამდენიმე კაბა, მაისური, შარვალი და კიდევ სხვა წვრილმანები. ენით აუწერელი სიხარული ეხატა სახეზე. ძალით წამათრია საძინებელში, სარკის წინ დამსვა და თვითონ სათითაოდ შეუდგა სამოსის ჩაცმა-გახდას. ისეთი საყვარელი სანახავი იყო, უდიდეს კმაყოფილებას განვიცდიდი.

მწვანე, წელში გამოყვანილი გრძელი კაბა ყველაზე მეტად მოუხდა. საბოლოოდ სწორედ ის ჩაიცვა და კიდევ ერთხელ დატრიალდა ჩემ წინ.

_ კრასივა, და?

_ ვერ გავიგე, რა მითხარი, _ ღიმილით დავეჯღანე.

_ ლამაზია?

_ ჰო-ო, ახლა მივხვდი. კი, ძალიან ლამაზია, გხატავს.

_ პრავ… მართლა?

_ წყალი არ გაუვა, _ სიცილს ვერ ვიკავებდი მისი შემხედვარე.

_ ახლა კარტი გასწავლო. წამო, _ მაჯაში ხელი ჩამავლო და მომქაჩა.

_ წამო და წამო. ვნახოთ ერთი, რას მასწავლი.

ბანქოს დასტა აიღო. უცნაური კარტი იყო, ჩვეულებრივი ფიგურები არ ეხატა.

_ ამ კარტს სად შოულობ ხოლმე? _ ინტერესით ვკითხე.

_ ეტა ტაინა.

_ ტაინა რა არის? _ ეშმაკობა ვიხმარე.

_ საიდუმლო.

_ აჰა, ესე იგი, საიდუმლოა?

თავი დამიქნია.

_ აბა, ერთი მომახსენე ახლა, რა ხდება! _ ხელები მოვიფშვნიტე და ვითომ დიდი გულისყურით მოვემზადე მოსასმენად.

_ ტა-აკ! ყველაზე მეტი კაცი სიყვარულის გამო მკითხაობს. კაგდა ლუბოვ, კარტი პა დრუგომუ იშლება.

_ შენი ჩიქორთული არ მესმის, ქალბატონო, _ ნიშნისმოგებით ვუთხარი.

_ შენ პატომ მასწავლე. ახლა მე მომისმინე, ხარაშო?

_ «ხარაშო», ამ ერთხელ გაპატიებ, _ გამეცინა.

_ მნოგა გული ზნაჩიტ, რომ აბეზატელნა უყვარხარ. მნოგა კირპიჩ ილი კრესტიკ, ეს არის დელავიე ატნაშენია და არა სიყვარული. გლავნი ლუბოვნი კარტია გულის ტუზი, ვალეტი ილი დევიატკა. ეს უჟე სვადბა. გაიგე?

_ გავიგე, _ ტუჩებს თავი ვერ მოვუყარე, ისე მეცინებოდა.

_ დევიატკა კიდევ ზნაჩიტ ინტერეს. კარტი მარცხენა ხელში უნდა დაიჭირო.

_ კი მაგრამ, როგორ უნდა გაიშალოს? ამას ხომ აქვს თავისი წესი?

_ სკაჟუ. ცენტრში იდება სამი კარტი, ეტა ტვაიო სერდცე. პატომ პრავა ი ლევა _ კიდევ სამ-სამი _ ეტა დღევანდელი დღე. ს ვერხუ ეშჩო ტრი _ ბუდუშჩეე, ქვემოთ კი _ პროშლოე. ვსიო იასნა? _ გამომცდელად შემომხედა.

_ გავიგე. ახლა კი მიმკითხავე.

_ დავაი დენგი.

_ ფული ბოლოს.

_ ნეტ. ვპერიოდ. განი დენგი.

_ ნამდვილი დაუნდობელი ხარ. არ მენდობი? _ ეშმაკურად ვკითხე.

_ გენდობი, ნო… ტაკ ნადა, წესია ასეთი.

რაღას ვიზამდი. ჯიბიდან საფულე დავაძრე და ათლარიანი დავდე მაგიდაზე.

_ საკმარისია?

_ ს ნაჩალა და.

_ რა, მერე კიდევ უნდა დავამატო?

_ პასმოტრიმ.

_ ჩემი გაკოტრება გაქვს განზრახული, არა? _ ვითომ შევშინდი.

_ არა.

_ აბა, შე ქალო, ათ ლარად პროფესიონალი მკითხავები მკითხაობენ. შენ რაღა დაგემართა?

_ ია ტოჟე პროფესიონალკა.

_ ვნახოთ, ბატონო, ჯერ გამიშალე.

დინამ კარტის გაშლა დაიწყო. სამ-სამად დაალაგა თავისი «წესის» მიხედვით და ბოლოს ახსნას შეუდგა.

_ ვ პროშლომ _ ვეჩერნაია დაროგა ბილა და ინტერესი იყო კიდევ.

_ რა ინტერესი?

_ ქალი.

_ აჰა, გასაგებია. მერე?

_ უსპეხი ვ დენგახ.

_ «უსპეხი» რომელია?

_ პიკავაია დესიატკა.

_ ო-ო-ო! ნამეტანი საინტერესოა.

_ ა ვოტ ი ცრემლი. ცუდი ამბავი გაიგებ და გული გეტკინება.

_ ვის ეხება ეს ცუდი ამბავი?

_ კაზინოი დომ.

_ ეს რას ნიშნავს?

_ ეტა სახელმწიფო სახლი.

_ აუჰ! მთავრობაშიც დამიბარებენ?

_ ეტა სამსახურია.

_ ეს ყვავის ცხრიანი რას ნიშნავს?

_ ეტა იზმენა.

_ რა-ა? _ ახლა კი გულზე შემომენთო.

_ ღალატი, _ მშვიდად თქვა და ისე შემომხედა, თვალიც არ დაუხამხამებია.

_ ვინ უნდა მიღალატოს, შე ოხერო, რასაა, რომ მეუბნები, _ სკამიდან წამოვიწიე.

_ ცოლიანი მამაკაცი. ნე ბოისია, ნე ჟენა.

_ მამშვიდებ კიდევაც, არა?

_ ეტა ნე მაია ვინა. კარტი ამბობს.

_ მერე, მერე?

_ ბევრი ფული მიდის. ბუდიტ მნოგო ლოჟ. შენ გაბრაზდები. ნო ვსიო ულადიტსია. შენ გაიმარჯვებ.

_ შენ ის მითხარი, სასიყვარულო ფრონტზე რა ხდება?

_ ანა ლუბიტ ტებია.

_ ვინ არის «ანა»?

_ ეს მე ვარ.

_ ჩემ ცოლს არ ვუყვარვარ? _ ავწიე წარბები.

_ ანა ტოჟე ლუბიტ, ნო ნე ტაკ სილნა.

_ კაი, ბატონო. გააგრძელე, გისმენ.

_ შენ დასცინი დინას.

_ როგორ გეკადრება, ჩემო კარგო, მე და დაცინვა ვის გაუგია? სულით და გულით გისმენ, _ ვცადე, სერიოზულად გამომსვლოდა.

_ ტებე ბუდეტ ბოლნა.

_ რატომ?

_ ტი ვლუბლიონ.

_ შენზე?

_ ნე ზნაიუ, ნო ანა ოჩენ კრასივა.

_ ანა ზა მუჟამ? _ მეც რუსულად ვკითხე.

_ ბილა.

ხარხარი ამიტყდა.

_ «ბოლნა» რატომ იქნება, თუ იმასაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს, არ უნდა მიხაროდეს? რა არის ამაში ცუდი?

_ ერთი უნდა აარჩიო, _ ჩუმად თქვა.

_ რატომ, ორივეს ვერ გავუნაწილებ ჩემს სიყვარულს?

_ ნე სმოჟეშ.

_ ვითომ რატომაო?

_ ტრუდნა აბიასნიტ. მერე სამ გაიგებ.

_ არა, არა, ახლავე მითხარი, _ არ დავანებე.

_ შენ არჩევანი გააკეთებ, ნო…

_ რა ნო?

_ ანა ასტავიტ ტებია.

_ რომელი?

_ კტო ბოლშე ლუბიტ.

გული შემეკუმშა. აშკარად შემეტყო უხასიათობა. დინას ჩემი «გარდასახვა» შეუმჩნევლად არ დარჩენია.

_ ვსიო. მე მოვრჩი.

_ ეგ იყო სულ?

_ ბოლშე ნიჩევო ნე სკაჟუ.

_ რატომ?

_ ტებე ნეპრიატნა.

_ ვინ მოგახსენა?

_ ვიჟუ.

_ ვიჟუ კი არა, ვხედავ.

_ და ლადნა, ვხედავ. ტეპერ მოჟეშ, შენ მასწავლე, ჩტო ხოჩეშ.

_ ახლა არ მინდა. არ ვარ მაგის ხასიათზე. მერე გასწავლი, _ ამოვიხვნეშე ნირწამხდარმა.

_ კაკ ხოჩეშ, _ სახე მოეღრუბლა, კარტი მოხვეტა და დასტის დაწყობას შეუდგა.

_ მე ახლა სხვა რამე მინდა, _ როგორც იქნა, გავიღიმე. არ მინდოდა, ჩემთან ყოფნა ჩაშხამებოდა.

_ სკაჟი.

_ ჯერ მომეფერე, მერე საჭმელი მაჭამე და მერე ისევ მომეფერე, _ პატარა ბავშვივით ვთხოვე.

თვალები აუციმციმდა.

_ ეს ადვილია.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი. მაშინ შეგიძლია, საქმეს შეუდგე.

სკამი გამოვწიე და მოვემზადე, როდის ჩამომიჯდებოდა მუხლებზე. ეს მისი საყვარელი «საქმიანობა» იყო, მერე ცალ ხელს მხარზე გადამხვევდა და მეორეს თმაში შემიცურებდა, თან ბოშურ სიმღერას ღიღინებდა ხოლმე. მეც თვალდახუჭული ნამდვილ ნეტარებას განვიცდიდი ასეთ წუთებში. არაფერზე ვფიქრობდი, ყველა პრობლემა დავიწყებული მქონდა. ვგრძნობდი მხოლოდ მისი თითების მოძრაობას და მესმოდა მხოლოდ მისი ხმა _ ჩემთვის გაუგებარ ენაზე, გაუგებარი სიტყვებით, მღერა-მღერით რომ მიხსნიდა თუ მიმტკიცებდა სიყვარულს…

შიგადაშიგ ქალაქში გავდიოდი და ლიზას ვურეკავდი, ვითომ თურქეთიდან. მოვიკითხავდი, ჩემს საქმეებზეც ცოტას წავილაყბებდი და ბოლოს დიდი სითბოთი დავემშვიდობებოდი. პარალელურად ნიკუშასთან მქონდა კავშირი. ყველა წვრილმანს ვიგებდი კაზინოზე, ასევე სანდროს მოგზაურობის ამბებზე.

დრო სწრაფად გადიოდა. ორ-სამ დღეში უკვე მომიწევდა უკან წასვლა. როგორ მეზარებოდა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. ისე კარგად ავაწყვეთ მე და დინამ ურთიერთობა, მასთან განშორება სწორედ რომ არ მსურდა, თუმცა, სხვა გზა არ მქონდა. ამიტომ ვცდილობდი, დარჩენილი დრო მაქსიმალურად «გემრიელად» გამომეყენებინა. თან ყოველდღე ვეკითხებოდი, ორსულად არა ხარ-მეთქი? ჯერ რა დროს ეგ იყო, მაგრამ გული არ მითმენდა. ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა ის დღე, როცა მეტყოდა _ კრასავჩიკ, სკორა რებიონოკ ბუდიტ.

* * *

_ შენი მივლინებები არ დაილია! რაღაც ძალიან მოუხშირე «გასვლებს»! _ ღვარძლიანად შენიშნა ლიზიკომ ერთ საღამოსაც, როდესაც ახალი წლის წინა დღეებშიც გადავწყვიტე «ნაცნობი» ტრიუკის ჩატარება.

_ რა ვქნა, საქმე ითხოვს, _ «მოვისაწ....» თავი.

_ ფრთხილად, მერაბ, არაფერში გამოგიჭირო, თორემ ხომ იცი, არ გაპატიებ! _ გააგრძელა მან და მრავლისმთქმელი მზერა მესროლა.

ლიზას «თითის ქნევები» ჩემთვის სულერთი არ იყო. კარგად ვიცოდი მისი ხასიათი. რას მოიმოქმედებდა ჩემი «გამოჭერის» შემთხვევაში, წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ სერიოზული უსიამოვნება რომ არ ამცდებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. არადა, 31 დეკემბერს დინას მარტო დატოვება არ მინდოდა. ლიზიკო თავს არ დაიჩაგრავდა, ან თავისიანებთან შეხვდებოდა ახალ წელს, ან კიდევ მეგობრებთან. დინა კი მარტო უნდა მჯდარიყო ბუხართან და ჩემს მოლოდინში უნდა გაეთენებინა ღამე. ისედაც მოიწყინა ბოლო ხანებში. გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს დაემსგავსა. თითქოს თვალები ჩაუცვივდა! რაც დრო გადიოდა, მით უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა. ვერაფრით ვახერხებდი მის გამხიარულებას. არც საჩუქრები უხაროდა. რამდენჯერმე ქალაქში გასეირნება შევთავაზე, მაგრამ ამაზეც უარი მითხრა.

_ დინა, რამე ხომ არ გტკივა? _ ვკითხე ერთხელაც.

_ ნეტ, _ თავი გადააქნია.

_ აბა, რატომ ხარ ასე მოწყენილი?

_ ნე ზნაიუ.

_ მითხარი, რა გავაკეთო და ყველაფერს ვიზამ.

_ არაფერი, ლამაზო, ვსიო ხარაშო.

_ მოგწყინდა ჩემთან?

_ და ტი ჩტო!

_ აბა, რა გემართება, გინდა ისევ ბაზრობაზე წახვიდე?

_ არა.

_ რა ვქნა, რომელ წყალში გადავხტე? _ გავუღიმე.

_ დინამ არ იცის.

_ რა არ იცის? რომელ წყალში გადავხტე?

_ ნეტ. დინამ არ იცის, რა ჭირს.

_ რა-ა? რა გჭირს, მითხარი, გოგო. თუ რამე გაწუხებს, არ უნდა მითხრა?

_ ახლა სკაჟუ.

_ მითხარი, აბა, რა გტკივა?

_ მგონი, სკორა რებიონოკ ბუდეტ.

_ რა თქვი? _ ამის გაგონებაზე სკამიდან წამოვხტი.

დინამ გაიღიმა და მუცელზე ხელი დაისვა.

_ შენ ზნაკომი ვრაჩ გყავს? _ მეორე ხელი თმაზე გადამისვა.

_ როგორ არა მყავს! თუ გინდა, ახლავე წავიდეთ.

_ ნეტ. უჟე პოზდნა. ლუჩშე ხვალ.

_ კარგი, ბატონო, ხვალ იყოს. როგორც მიბრძანებ, შენთვის როგორც ჯობს.

_ ტოლკა ნე ზნაიუ, მოჟეტ ვცდები.

_ მითხარი, რას გრძნობ, _ უფრო ახლოს მივუჩოჩდი.

_ ტაშნიტ, თანაც ჭამა ვაბშე არ მინდა.

_ დიდი ხანია?

თავი დამიქნია.

_ მაინც?

_ უჟე მესიაც.

_ და აქამდე მიმალავდი?

_ შენი შეშინება ნე ხატელა.

_ რა შეშინება, გოგო! შეშინება კი არა, ლამისაა ვიცეკვო სიხარულისგან.

_ ნე ბლეფუი, _ არ დამიჯერა.

_ ასე რატომ ფიქრობ, მითხარი. ჩემს საქციელში რამე არ მოგწონს? რა შემატყვე სამაგისო?

_ რად გინდა დინას ბავშვი. ქალების მეტი რაა, დლია ჩევო ტებე ციგანკა, _ ნაღვლიანად მითხრა და თავი ჩაქინდრა.

_ ნუ სულელობ. მე შენგან მინდა ბავშვი, თორემ სხვა ქალისგან რომ მდომებოდა, აქ კი არ იქნებოდი, მაშინ იმ სხვასთან წავიდოდი.

_ ნე ზნაიუ.

_ არ მომწონს მე შენი საუბარი. რაღაც ძალიან შეიცვალე ბოლო ხანებში. იქნებ გამანდო, რაშია შენი საიდუმლო?

_ ფული კაგდა დაშ?

_ რა ფული?

_ ხელფასი.

აი, თურმე რაშია საქმე, რა აწუხებს. ამას ჰგონია, რადგან ყოველდღე არ «ვუხდი ხელფასს», მოვატყუე და მშრალზე დავტოვე. მე დეგენერატს კიდევ ერთხელ არ მომაფიქრდა შეპირებული თანხის მიცემა.

_ დინა, შენ როგორ ფიქრობ, მე ვგავარ მატყუარა ადამიანს?

_ ნეტ.

_ აბა რატომ გგონია, რომ ჩემს სიტყვას გადავედი?

მხრები უნდობლად აიჩეჩა და მზერა ამარიდა. მისი სახე ხელებში მოვიმწყვდიე და თვალებში ჩავხედე.

_ მე მინდა ის ფული მერე ერთად მოგცე, შეგროვებულად. შენთვის უკეთესი არ იქნება?

_ მერაბი არ ენდობა დინას.

_ საიდან დაასკვენი, კი მაგრამ?

_ ტი ბაიშსია.

_ რისი, გოგო?

_ დინა არ გაიქცეს.

გავოგნდი. სიმართლე რომ ვთქვა, ეს აზრადაც არ მომსვლია თავში, ერთხელაც არ მიფიქრია, მაგრამ მითხრა თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ მართალი იყო.

როგორც ჩანს, შინაგანად მართლაც მეშინოდა, რა თქმა უნდა, შეუცნობლად, რომ ფულს არ დახარბებულიყო და არ გაპარულიყო.

_ ეს ტყუილია, მე ეგ არ მიფიქრია, _ პროტესტი გამოვთქვი, თან სინდისი მქენჯნიდა, რადგან ძალაუნებურად მიწევდა მისი მოტყუება.

_ და ლადნა, ლადნა. პაშუტილა ია, _ ისევ გადამისვა თმაზე ხელი და ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.

_ კარგი, რადგან ასეა, ხვალვე მოგიტან მთლიან თანხას.

_ ა ტი პომნიშ?

_ რა?

_ რამდენი მისცე დინას.

_ შენ ხომ «პომნიშ»? _ შევუბრუნე კითხვა.

_ კანეშნა.

_ ჰოდა, რამდენსაც მეტყვი, იმდენს მოგიტან. თუ გინდა, კიდევ დავამატებ ჯარიმის სახით. დაგვიანებისთვის ხომ მეკუთვნის დაჯარიმება?

_ პრავილნა.

_ ოჰ, რა ხართ ეს ქალები, ფულის მეტი არაფერი გაინტერესებთ.

_ შენ მოიტანე, მე შევინახავ. ნე ბოისია, არ გავიპარები.

_ სულაც არ მეშინია, _ ახლა მე ავარიდე მზერა, რადგან მივხვდი, რომ ამ სიტყვებით მხოლოდ საკუთარ თავს ვამხნევებდი, თორემ ძალიანაც მეშინოდა. ოღონდ მეშინოდა არა ფულის, არამედ დინას დაკარგვის. მით უმეტეს ახლა, როცა მისი დაორსულების ამბავი შევიტყვე. დღეიდან მეტი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო მის მიმართ. არა, ხვალვე წავიყვან ექიმთან. ყველაფერს გავუკეთებ, თან გადავყვები, ოღონდ ბავშვი გააჩინოს, ოღონდ ბოლომდე მომყვეს…

777

მეორე დღესვე გავაქანე ნაცნობ გინეკოლოგთან. ორი თვის ორსულობა დაუდგინეს. გული სიხარულისაგან საგულედან ამოხტომას ლამობდა, ვერ გადმოვცემ, რა დღეში ვიყავი. ახლა კი სერიოზულად შევფიქრიანდი. ყოველდღე აგარაკზე სირბილს ნამდვილად ვერ შევძლებ, ვერც გავწვდები ამდენს _ სამსახური, სახლი, დინა… თანაც, არც ისე ახლოსაა თბილისთან. აქეთ-იქით სიარულს დრო ხომ უნდა? გადავწყვიტე, სადმე კაზინოსთან ახლოს დამექირავებინა ბინა და დინა თბილისში გადმომეყვანა. მარტოსულად მაინც არ იგრძნობდა თავს. თანაც, საშიში იყო, შემთხვევით რომელიმე მეზობელს არ შეემჩნია მისი იქ ყოფნა. მართალია, ზამთარში არც არავინ ცხოვრობდა იქ, მაგრამ ზოგიერთი ხანდახან მაინც შემოივლიდა ხოლმე სახლის დასახედად. ახლა ყველაფერში წინდახედულება უნდა გამომეჩინა, თორემ სულ მცირე შეცდომასაც კი შეეძლო ყველაფრის გაფუჭება.

როგორც ყოველთვის, ახლაც ნიკუშა «ჩავრიე საქმეში». მანაც არ «დააყოვნა» და ორ დღეში იმისთანა ერთოთახიანი ბინა «ააგდო», თქვენი მოწონებული იქვე, კაზინოდან სულ რამდენიმე ნაბიჯზე. მართალია, «ხრუშჩოვკა» იყო, მაგრამ რას დავეძებდი. ოღონდ იტალიურ ეზოში არ ყოფილიყო და სხვა არ მაინტერესებდა. დიასახლისს სამი თვის ქირა წინასწარ გადავუხადე და იმ დღესვე გადმოვიყვანე დინა.

ახალ ბინაში ცოტა გამოცოცხლდა. მაშინვე ოთახის მილაგებას შეუდგა. სათითაოდ დაკეცა თავისი ტანსაცმელი და კარადაში შეალაგა.

_ ამდენი ვეშჩი პაკა არ მქონია, _ ღიმილით მომიბრუნდა.

_ გიხარია? _ ხელი მოვხვიე.

_ ოჩენ.

_ ოჩენ კი არა, ძალიან.

_ ოჩენ ძალიან, _ «გამოასწორა» შეცდომა და თავი მკერდზე მომაყრდნო.

_ ტი ლუბიშ მენია? _ ჩურჩულით მკითხა.

_ შენ როგორ ფიქრობ? _ პასუხს თავი ავარიდე.

_ სკაჟი.

_ ქართულად მკითხე და გეტყვი, _ ვიპოვე გამოსავალი.

_ მერაბი უყვარს დინა?

_ მერაბი უყვარს დინას, _ სიტყვათა თამაში დავიწყე.

_ ეტა ია ზნაიუ.

_ მაშინ ისე მკითხე, როგორც წესი და რიგია. ტყუილად გასწავლიდი ამდენ ხანს? წყალში გინდა მთელი შრომა ჩამიყარო?

_ გიყვარს დინა?

_ ეს უკეთესია. მომწონს, მომწონს. ყოჩაღ, ჩემო ლამაზო და მშვენიერო, _ გულიანად გავიცინე.

_ პასუხი სად არის?

_ რის პასუხი?

წარბები შეკრა. მერე დოინჯი შემოიყარა, თავი გვერდზე გადახარა და დამარცვლით მკითხა.

_ მერაბ, გი-ყვა-რვარ?

დამარცვლის სისწორის რა მოგახსენოთ, მაგრამ შეკითხვა გრამატიკული ნორმების სრული დაცვით რომ იყო დასმული, ამაში ვერავინ შეედავებოდა.

მკლავებში მოვიმწყვდიე. თვალებში ჩავხედე. ერთხანს ასე ვუყურებდი. დაძაბული იყო, ჩემი პასუხი აინტერესებდა.

_ მიყვარხარ, თანაც ძალიან, ძალიან, _ ხმამაღლა ვთქვი.

თვალები დახუჭა. ვიგრძენი, როგორი შვებით ამოისუნთქა.

_ სპასიბა, ნო მე ბოლშე მიყვარხარ, _ თქვა და ამოიოხრა.

_ ვინ მოგახსენა, ქალბატონო? შენ რა იცი, რამდენს იწონის ჩემი სიყვარული? _ შუბლი შუბლზე მივადე.

_ ერთ კილოგრამს, _ საჩვენებელი თითი გაფშიკა.

_ მართლა? ერთი ამას დამიხედეთ! თქვენი, ძვირფასო, თქვენი რამდენს იწონის?

_ ტონას.

_ მეტს არა? სულ ეგ არის?

_ სულ ეგ არის.

_ ესე იგი, მე შენ რომ ჩაგეხუტები, ჩვენი სიყვარულის საერთო წონა ათას ერთი კილოგრამია?

_ ნეტ. ტონა და ერთი კილოგრამი.

_ ეს ერთი და იგივეა.

_ კაკ?

_ კაკ და ერთი ტონა ათას კილოგრამს უდრის.

_ მართლა?

_ დამიჯერე, თორემ ქართულთან ერთად მათემატიკის შესწავლა მოგიწევს, იცოდე.

_ ვერიუ, ვერიუ, _ უცებ ხელიდან დამისხლტა და ვითომ შეშინებული გამერიდა.

777

ახალი წელი ახალი სიურპრიზებით დაიწყო ჩემთვის, თანაც არასასიამოვნო სიურპრიზებით. დინას წელის ტკივილი დასჩემდა. სახე და ფეხები შეუშუპდა. კი მითხრა ექიმმა, საშიში არაფერია და გაუვლისო, მაგრამ ჩემი დამშვიდება ასე ადვილი არ იყო. გარდა ამისა, სამსახურშიც წამოყო პრობლემამ თავი. ერთ საღამოს პოკერის მოთამაშე ქმარს ცოლი მოუვარდა კაზინოში _ ააწიოკა იქაურობა. იმანაც, წონასწორობიდან გამოსულმა, დააძრო უცებ დანა და პირდაპირ ყელში გამოუსვა გაწიწმატებულ ქალს. ამ ამბავმა ბევრი უსიამოვნება მომაყენა. ფულიც ბლომად დავხარჯე, რომ პრესასა და ტელევიზიაში «მსჯელობის საგნად» არ ქცეულიყო. მთელი თვე დამჭირდა, ეს ინციდენტი რომ ჩამეფარცხა. ვერაფრით დავადგინე, იმ კლიენტს დანა საიდან აღმოაჩნდა. იგი კაზინოს მუდმივი კლიენტი იყო და, როგორც ჩანს, დაცვამ სათანადოდ არ შეამოწმა. ამაზე დაცვის ბიჭებს მოვთხოვე პასუხი. ნიკუშამ სათანადოდ დასაჯა.

ეს ამბავი კი ჩამთავრდა, მაგრამ წინ უფრო მტკივნეული და საბედისწერო გამოცდა მელოდა თურმე…

ორშაბათ საღამოს შინ შედარებით ადრე დავბრუნდი. დინას მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდა და მეც გამომიკეთდა ხასიათი. ექიმის დანიშნულ დიეტას მთელი სიზუსტით იცავდა, მაგრამ, სამაგიეროდ, წამალი არ გაიკარა ახლოს, არც აბები და არც ნემსები. ჯერ «ლექციები» ჩავუტარე, მერე «ნოტაციები» წავუკითხე, მერე გავუბრაზდი, ბოლოს დავემუქრე კიდეც, წავალ და შენთან აღარასდროს მოვალ-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. წამალი რომ დავლიო ან ნემსი გავიკეთო, უფრო ადრე მოვკვდებიო, ნაღვლიანად მითხრა. რა უნდა მეპასუხა… ისევ ექიმმა დამამშვიდა, არა უშავს, დიეტას თუ დაიცავს, ეგეც უშველისო და მართლაც ასე მოხდა. შეშუპებებმა მალე გაუარა. წელის ტკივილიც აღარ აწუხებდა ძველებური სიხშირით. ორ კვირაში განმეორებითი ანალიზები აუღეს და პასუხიც დადებითი მივიღეთ. ამ ამბით კმაყოფილი საღამოს დიდხანს აღარ დავრჩი კაზინოში და შინისკენ გავეშურე. მეც მომინდა, ერთი ღამე მაინც გამომეძინა ადამიანურად. თან მტკიცედ გადავწყვიტე, ლიზიკოს წუწუნისთვის ყურადღება არ მიმექცია და უსიტყვოდ მომეგერიებინა მისი საყვედურები. თუმცა… ჩემი გეგმები ლიზიკოს «ალაპარაკებისთანავე» ჩაიფუშა. ჩაიფუშა და მერე როგორ!

_ მერაბ, რა ადრე მოხვედი, გულმა გიგრძნო, თუ? _ თვალებგაბრწყინებული შემომეგება და ჩამეხუტა.

გამიკვირდა. კარგა ხანია, ასე აღფრთოვანებით არ შემხვედრია. ბოლო დროს მისგან საყვედურების მეტი არაფერი მესმოდა.

_ რა უნდა მეგრძნო? _ გულგრილად ვკითხე და გვერდის ავლა ვცადე.

_ გინდა, კარგი რამე გითხრა? _ არ მეშვებოდა ლიზა.

_ მითხარი, მერე, _ მხრები ავიჩეჩე.

_ მაგრად გაგიხარდება.

_ …

_ გაგიჟდები!

_ ამოშაქრე დროზე, რა არის ამისთანა, _ შევწუხდი ბოლოს.

_ ოღონდ ჯერ მთლად დარწმუნებული არა ვარ…

ახლა კი ფერი მეცვალა. ველოდებოდი, როდის იტყოდა სათქმელს. ის კი ჯიუტად დუმდა. ის იყო, უნდა მეყვირა, ბოლოს და ბოლოს, დაამთავრე, რასაც ამბობდი-მეთქი, რომ საუბარი გააგრძელა.

_ მგონი, ორსულად უნდა ვიყო.

არ შევმცდარვარ. ვიცოდი, ამას რომ მეტყოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი _ მწყენოდა თუ გამხარებოდა. გონებაში ერთბაშად დატრიალდა ყველაფერი. საკუთარს თუ გააჩენს, სხვისას ხომ ვერ მივუყვან გასაზრდელად? რატომ იშვილებს დინას გაჩენილს, «მოხალისე» ხომ არ არის? მაშინ დინას რა ვუყო?

_ ჰო-ო-ო? _ ნირწამხდარმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

_ შენ, მგონი, არ გიხარია, _ გამგმირავად შემომხედა.

_ არა, რატომ, ძალიანაც გამიხარდება, თუკი მართალი იქნება, მაგრამ, რაღაც ეჭვი მეპარება…

_ კი მაგრამ, რატომ? _ წელზე დინასავით დოინჯი შემოიყარა.

_ რა ვიცი, წლების მანძილზე უშვილო ქალის იარლიყმიწებებული დადიოდი და ვდრუგ… _ აქ კი შევცბი, რუსული სიტყვა რომ წამომცდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და გავაგრძელე: _ მიცხადებ, ორსულად ვარო. არ ჯობია, ჯერ დარწმუნდე და მერე გავიხაროთ?

_ ან არ გავიხაროთ, არა? _ გესლიანად შენიშნა.

_ ალბათ, _ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, თუმცა არც ლიზას წონასწორობიდან გამოყვანა მინდოდა.

_ მაგას ხვალვე გავარკვევ! _ მომაძახა გაგულისებულმა, ოთახიდან გავარდა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.

* * *

ზედმეტი თავსატეხი გამიჩნდა. წარმოიდგინეთ, სხვა დროს, ალბათ, როგორ გამიხარდებოდა ლიზიკოს დაორსულების ამბავი. ახლა კი… ახლა კი საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ძალიან ჩაიხლართა ეს ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ დინა თავდავიწყებით მიყვარდა. არა, ნამდვილად არ იყო ასე. მასთან, უბრალოდ, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მიხაროდა მის გვერდით ყოფნა, თანც ძალიან შევეჩვიე. მიყვარდა კიდეც, განა არ მიყვარდა, მაგრამ, როგორ გითხრათ, რაღაც გარკვეული დოზით. ეს არ იყო ის გრძნობა, როცა ქალზე ფიქრით ათენ-აღამებ, როცა ხასიათი გიმძიმდება, როცა სიყვარული მტკივნეული ხდება ადამიანისთვის. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო. ასე ვთქვათ, გამილაღდა ცხოვრება. პირველად შევხვდი ჩემს «პრაქტიკაში» ქალს, რომელიც პრობლემებს არ მიქმნიდა. უფრო მეტიც, მასთან ყოფნისას სხვა გარე პრობლემებიც კი მავიწყდებოდა. როცა ერთად ვიყავით, მხოლოდ ერთმანეთით ვარსებობდით, თითქოს სამყარო მხოლოდ ჩვენგან შედგებოდა, მარტო ჩვენ ვამძიმებდით დედამიწას. ეგ იყო და ეგ. მე მესმოდა მისი, მას კი _ ჩემი, არაფერი გვქონდა გასაყოფი, საკამათო, ერთმანეთისთვის დასამტკიცებელი. ერთი სიტყვით, ვავსებდით ერთმანეთს. დიდი ხანია, ასე კარგად არავისთან მიგრძნია თავი. არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს დიდი მექალთანე და დონჟუანი ვიყო. რაც ცოლი შევირთე, ქალისკენ, რომ იტყვიან, «წესიერად» არც გამიხედავს. ლიზიკოსთვის არასდროს მიღალატია აქამდე, მცდელობებიც კი არ მქონია. ჩვენ მშვენიერი აწყობილი ურთიერთობა გვქონდა. ერთადერთ პრობლემას უშვილობა გვიქმნიდა. სწორედ ამან წარმოშვა უთანხმოება ლიზასა და დედაჩემს შორისაც. სხვა არაფერი. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბავშვი რომ არ გვყავდა, უფრო მეტი ყურადღებით ვეკიდებოდით ერთმანეთს. როცა ცოლ-ქმარი ვიღაცაზე არ ზრუნავს, მაშინ ერთმანეთზე გადააქვს აქცენტი. ასეთ დროს ერთი მეორესთვის შვილის შემცვლელია, უხეშად რომ ვთქვათ. ასე იყო ბოლო პერიოდამდე. მას შემდეგ, რაც ლიზას თავის ჰობი გაუჩნდა, შედარებით მოვადუნეთ ყურადღება ერთმანეთის მიმართ. არ ვიცი, ეს იყო თუ არა მთავარი მიზეზი, მაგრამ თითქოს თანდათან დავშორდით ერთმანეთს. ორივე საკუთარი საქმით ვიყავით დაკავებული და ნაკლებად გვაღელვებდა ჩვენ შორის გაჩენილი უხილავი ბზარი, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ღრმავდებოდა.

დინას გამოჩენამ კი თავდაყირა დააყენა ჩვენი ცხოვრება. თითქოს ახლა ამეხილა თვალები. თითქოს ახლა ვნახე პირველად, რომ სახლს ქალის ხელი აკლია, რომ ლოგინი ყოველ დილით აულაგებელი რჩება, სამზარეულოს მაგიდა _ დაულაგებელი, ოთახებში არეულ-დარეულობა… თუ ცოლს არ შევახსენე, რომ ჩემი პერანგები დასაუთოებელია, არ ახსენდება. სამაგიეროდ, არ ავიწყდება სახეზე ნიღბების გაკეთება, თმის შეღებვა, მანიკიური, პედიკიური… რამდენი ხანია, ცხელი სადილი არ მოუმზადებია.

მე, ძირითადად, კაზინოში მიწევს დანაყრება. თუმცა რა, შინ ხომ სტუმრად მივდივარ მხოლოდ. მარტო ლიზასაც ვერ დავადანაშაულებ ყველაფერში. ცხოვრების ასეთი სტილი რომ დავამკვიდრეთ, ამაში ლომის წილი მეც მიმიძღვის. და აი, შედეგიც _ ჩემი ცოლი ორსულადაა და მე არ მიხარია. რა ვქნა, უნდა გამოვუტყდე საკუთარ თავს და არ მიხარია. ვერ ავხსნი, რატომ. ვითომ ლიზა აღარ მიყვარს? ამასაც ვერ ვიტყვი. მაშ რა დამემართა? თუკი ლიზიკო ბავშვს გააჩენს, ჩემთვის უკეთესი არ იქნება? საკუთარ გაჩენილს ხომ ადვილად შეიყვარებს და უკეთ გაზრდის? ჰოდა, რატომ მაწუხებს ეს რაღაც, ლოდივით რომ მაწევს გულზე?…

ის ღამე თეთრად გავათენე. არც ლიზიკოს ეძინა მშვიდად. მეორე დილით ჩემზე ადრე ადგა და ჩაცმას შეუდგა. მივხვდი, ექიმთან რომ აპირებდა წასვლას.

_ წამოგყვე? _ საწოლზე წამოვიწიე.

არ მიპასუხა. როგორც ჩანს, გამებუტა.

_ გესმის, რასაც გეკითხები, თუ არ გესმის! _ ავუწიე ხმას.

_ რა გინდა? _ მკვახედ მიპასუხა.

_ წამოგყვე-მეთქი?

_ არ მჭირდება, უშენოდაც გავიგნებ გზას.

თავი კვლავ ბალიშზე დავდე. ახლა რაც მეტს ვიტყვი, მით უფრო გავამწვავებ სიტუაციას.

_ ნათელასთან უნდა მიხვიდე? _ მაინც ვერ მოვითმინე.

_ აბა ვისთან მივალ, შენი აზრით, _ ტონი არ შეუცვლია.

_ რა ვიცი, ქალებისას რას გაიგებ. გინეკოლოგების მეტი რა ყრია, _ ჩავიბურტყუნე ჩემთვის და საბანი თავზე წავიხურე.

წამთვლიმა. მთელი ღამის უძინარს რული მომეკიდა. ის იყო, ლიზიკომ კარი გაიხურა, რომ ტელეფონის ზარი გაისმა. ეს დედაჩემი რეკავდა გერმანიიდან. კარგა ხანია, არ შევხმიანებივარ. ყველანი მოვიკითხე. მერე თვითონაც დამაყარა შეკითხვები. ვუთხარი ლიზიკოს ამბავი. არ დაიჯერა რატომღაც. რამე ოინს არ გიწყობდესო, მითხრა.

_ მოკლედ, შენ იქიდანაც კი ვერ ინელებ ლიზიკოზე ჯავრს, არა? რა ოინს უნდა მიწყობდეს, შენი აზრით, რაში უნდა დასჭირდეს? _ გავბრაზდი.

_ რა ვიცი, შვილო. თქვენი ურთიერთობის თქვენ უკეთ იცით, ეტყობა, მიქარე რაღაც და შეგამჩნია. მაგას რას გამოაპარებ. არ არის მაგ ქალი შვილის გამჩენი, დაიმახსოვრე. თუ დამიჯერებ, ასეა და თუ არადა, როგორც გულმა გიკარნახოს, ისე მოიქეცი. ბოლოს გამოჩნდება ყველაფერი. გაჩენა თუ უნდოდა, აქამდე გააჩენდა. ჩემ ჯინაზე თუ აკეთებდა ასე, არ ვიცი.

_ შენ ვერაფერი შეგცვლის, დედაჩემო. ვიფიქრე, გერმანიაში წავა და ცოტა აზროვნება შეეცვლება-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდი. ისევ ისეთი გამოუსწორებელი დედამთილი დარჩი, _ ხუმრობით ჩავძახე ყურმილში.

მართალია, დედას ბოლომდე არ დავეთანხმე, მაგრამ გულში მაინც ხინჯად დამრჩა მისი სიტყვები. საინტერესოა, რატომ ფიქრობს იგი ასე? ნუთუ ამდენი წელი ვტყუვდებოდი და საკუთარი ცოლი ბოლომდე ვერ შევიცანი? ნუთუ შეუძლია ქალს, რომელიც საყვარელ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, ტყუილებით იარსებოს? ან კი რაში სჭირდება? მე ხომ არასდროს არაფერში შემიზღუდავს იგი? იქნებ დედობა ეზარება? თუ ფიგურას უფრთხილდება? თუ ზედმეტი ტვირთია მისთვის ბავშვი და არ მიიჩნევს ამას პირველხარისხოვან საქმედ?

გულმა არ მომითმინა. ყავა დავლიე და ლიზიკოს «კვალს გავყევი». ვიცოდი, «ქალბატონი ნათელა ნიკალაევნა» ვაკეში რომ მუშაობდა ქალთა კონსულტაციაში. თითქოს რაღაც ძალამ მიბიძგა, რომ უკან მივყოლოდი, თითქოს შინაგანი ხმა მკარნახობდა, როგორ მოვქცეულიყავი…

…დერეფანში ნესტისა და წამლის სუნი ერთმანეთში იყო არეული. ვიწრო კორიდორს დავუყევი. ყველა კაბინეტი ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ კარზე გაკეთებული წარწერებია განსხვავებული. ზოგი ღიაა, ზოგიც _ დაკეტილი. აი ისიც, ნიკალაევნას ოთახი. «კაბინეტი #6″, აწერია გამოღებულ კარზე, «ექიმი-გინეკოლოგი ნ. ფცქიალაძე».

_ ლიზიკო, შვილო, ასე არ შეიძლება, _ მომესმა უცებ ხანშიშესული ექიმის ნიკოტინისაგან დაბოხებული ხმა, _ სანამ აპირებ ასე გაგრძელებას? მერამდენედ გეუბნები უკვე _ გააჩინე, გა-ა-ჩი-ნე, თორემ მერე გვიან იქნება. თუ უკვე არ არის გვიან.

თოფნაკრავივით შევკრთი. ადგილს მივეყინე. კედლისკენ მივიწიე და საუბარს ყური მივუგდე.

_ ქალბატონო ნათელა, ნუთუ ასე ძნელია ერთი ცნობის გაკეთება? ვაჩვენებ და მეორე დღესვე დავხევ, თქვენ თვალწინ.

_ არ შემიძლია და მორჩა. ჩემს ცხოვრებაში ყალბი ცნობა არ გამიკეთებია.

_ მე ხომ ისე არ მინდა, ქალბ…

_ დავამთავროთ ამაზე საუბარი, ლიზიკო! _ ხმას აუწია ექიმმა, _ თუ დედობა და ნამდვილი ცნობა გინდოდა, აბორტები არ უნდა გაგეკეთებინა.

_ კი მაგრამ, მაინცდამაინც უნდა დავორსულდე, რომ ცნობა მომცეთ? დედაჩემის ხათრით მაინც გააკეთეთ, რა იქნება?

_ დედაშენის ხათრით მე შენ ორჯერ გაგიკეთე აბორტი, ხომ არ დაგავიწყდა? აწი შეიძლება არც დაფეხმძიმდე. რა გარანტია გაქვს, რო? თავის დროზე გეუბნებოდი _ არ გინდა, ლიზაჩკა, არ ქნა, თავს ნუ დაიღუპავ-მეთქი და არ დამიჯერე. დედაშენმაც, ჯერ ბავშვია, რა ეჩქარებაო. ახლა ხომ გეჩქარება?

სუნთქვა შემეკრა. ერთი სული მქონდა, ყელში ვწვდომოდი ლიზას და იქვე, ექიმის თვალწინ მიმეხრჩო, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. მოვიდეს შინ! ცემით გავხეთქავ!

_ თუ გინდა, მოგხსნი სპირალს და ვნახოთ, რა იქნება. შენ ოღონდ დაორსულდი და ცნობას ერთს კი არა, ათს დაგიწერ და გაგატან, _ თქვა ნათელამ.

_ კარგი, რადგან ასეა, წავალ, რა გაეწყობა. უკაცრავად, შეგაწუხეთ, _ ეს უკვე ლიზიკოს ხმა იყო.

_ წადი, შვილო, წადი და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. ტყუილად ეჭვიანობ. შენი ქმარი წესიერი კაცია, შენც კარგად იცი. მაგრამ, რასაც შენ ამბობ, ის თუ მართალია, არც გაემტყუნება. პირველ რიგში, შენა ხარ დამნაშავე, მერე კი დედაშენი.

სკამის ხრიგინის ხმა შემომესმა. მივხვდი, ლიზამ ვიზიტი დაამთავრა, თანაც წარუმატებლად. მე გამოსვლას და დამალვას ვერ მოვასწრებდი. სხვა გზა არ მქონდა, რაღაც ახალი როლი უნდა მეთამაშა და იმ მომენტში შევედი ექიმის კაბინეტში, ლიზიკო გამოსვლას რომ აპირებდა. ჩემს დანახვაზე ნამდვილი ელეთმელეთი დაემართა. სახე აელანძა. თვალები აქეთ-იქით გაექცა.

_ აქა ხარ? _ ისე ვკითხე, თითქოს ძლივს მივაგენი, თითქოს ორიოდე წუთის წინ ის საშინელი დიალოგი არ მომესმინოს.

_ შენ… აქ… აქ საიდან გაჩნდი? _ ძლივს ამოთქვა.

_ გამარჯობათ, ნათელა ნიკალაევნა, როგორ გიკითხოთ, _ თავი მოწიწებით დავუკარი თმაშევერცხლილ ქალს და ხელზე ვეამბორე.

_ ახ, მერაბ, მერაბ, როგორ ხარ, ჩემო ბიჭო? სკოლკა ზიმ, სკოლკა ლეტ. ხომ კარგად მიდის შენი ბიზნესი? _ ისიც დაიბნა, არ იცოდა, რა ეკითხა, საიდან დაეწყო.

_ გმადლობთ, გმადლობთ, არა უშავს, არ ვემდური. ჩვენი საქმეები როგორაა? ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ჩემი ცოლი «ორსულიანი», _ ხუმრობა ვცადე.

ნათელა შეიშმუშნა, თუმცა ჩემი დანახვისთანავე მიხვდა, რომ ამ შეკითხვას ვერ აცდებოდა.

_ მდაა… იცით, რა, ცოტა რთული სიტუაციაა. ეს ასე ადვილი არ არის. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, _ ხელები გაასავსავა ქალმა და უხერხულად გაიღიმა.

_ ეგ როგორ გავიგოთ? _ «დავინტერესდი».

_ ექოსკოპიაზე ჯერ არაფერი გამოჩნდა, იცი? ერთი-ორი კვირა კიდევ უნდა გავიდეს. თუ ორსულობაა, დავაცადოთ ნაყოფს გაზრდა. მერე ნათლად გამოჩნდება ყველაფერი.

_ გასაგებია, ჩემო ბატონო. მაშინ ორი კვირის მერე შემოვივლით. ისე, იმედები მაინც თუ არის? _ არ მოვასვენე შეწუხებული ქალი.

_ რაღაც სიმპტომები აქვს შენს ცოლს, მაგრამ ჯობია ნაადრევი დასკვნები არ გავაკეთოთ. იცი, ხანდახან ისე ხდება, რომ ქალს მთელი ცხრა თვე ორსულობის შეგრძნება აქვს თავისი ტოქსიკოზით და თავისი ყველაფრით, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ მისი ილუზიაა და სხვა არაფერი. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენს შემთხვევაში ასე იყოს. ამიტომ უკეთესია, ორი კვირა დავიცადოთ.

_ კარგი, გეყოფა, ნუ შეუწუხე ადამიანს გული, _ სახელოზე დამქაჩა ლიზიკომ, _ დროზე წამოდი.

ქუჩაში ისე გამოვედით, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მე ჩემი მანქანისაკენ დავიძარი. ლიზა მექანიკურად უკან გამომყვა.

_ შენ სად მოდიხარ? _ ცივად გამომივიდა.

_ უი, სულ დამავიწყდა. რა ჩერჩეტი ვარ, როგორ გამოვითიშე, _ წამოწითლდა სახეზე და დამნაშავესავით გაიღიმა.

_ მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება. შენ რას ფიქრობ, მერაბ? _ თითქოს შეცდომის გამოსწორება უნდაო, ისე იქცეოდა ლიზა.

_ მე იმას ვფიქრობ, რომ არ მინდა მოტყუებული დავრჩე.

_ ეგ რას ნიშნავს? _ გაფითრდა.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ მინდა ვიცოდე, მართლა გავხდები მამა თუ არა.

_ შენ დიდი ხნის მოსული ხარ აქ, არა? _ თითი გამოიშვირა ჩემკენ, _ და ახლა ახსნა-განმარტებებს მოითხოვ ჩემგან? _ უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით.

_ რა ახსნა-განმარტებებს, რა იმედებს! უბრალოდ, არ მინდა, ტყუილად რომ მანერვიულებ. თუ დარწმუნებული არ იყავი, რატომ მითხარი წინასწარ? ხომ იცი, როგორ მაწუხებს ეს საკითხი! ჯერ გაგერკვია და მერე გეთქვა! რა, არ შეგეძლო? ვერ ხვდები, როგორ მინდა შვილი? რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება? რომ ასე ცხოვრება უკვე აუტანელი გახდა? ვერ ხედავ, ლამისაა შეგვძულდეს ერთმანეთი? ნუთუ ვერ ამჩნევ, ლიზა, მითხარი! _ მგონი, უკვე ღრიალზე გადავედი, ძალიან ავუწიე ხმას.

_ ვერ გამიგია, რა გაყვირებს. შენს მეტი ქუჩაში არავინაა? _ აქეთ შემომიტია ჩემმა ცოლმა, _ მოგიტან იმ ექოსკოპიის დასკვნას და დაისვენებ ერთხელ და სამუდამოდ. არ შემჭამა! _ შუბლშეკრულმა მომახალა და თავის მანქანას მიაშურა.

არ მახსოვს, როგორ დავქოქე მანქანა და როგორ აღმოვჩნდი დინას ბინასთან. მისი ხმა რომ გავიგონე, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე.

_ კრასავჩიკ, რა გჭირს? _ შეშფოთებულმა მკითხა.

მივხვდი, ადამიანის სახე არ მქონდა. გაღიმება ვცადე, არ გამომივიდა.

_ არაფერი, გამაბრაზეს და დასამშვიდებლად შენ მოგაშურე, _ გულში ჩავიკარი.

_ მე შემიძლია ეს? _ დინა ჩამეხუტა.

_ შენ ყველაფერი შეგიძლია, სიხარულო. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც ჩემი ტკივილის გაყუჩება შეუძლია, ვინც არ მატყუებს და… და არც არასდროს მომატყუებს.

_ გშია?

_ არა, არ მშია. პატარა როგორ არის? _ მუცელზე მოვეფერე.

_ პაკა ხმას არ იღებს. ოჩენ ლენივი.

_ აცალე, ქალბატონო, ეგრე სად არის, _ როგორც იქნა, გავიღიმე და სკამზე ჩამოვჯექი.

_ დინა კარგად არის, _ მითხრა და გვერდით მომიჯდა.

_ ეს კარგია. წამლებს რომ არ სვამ?

_ ი ნე ნადა. რა საჭიროა?

_ მართალი ხარ, არ არის საჭირო. იეღოველებიც არ სვამენ წამალს, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს, არა? ასე არ არის?

_ ტაკ ტოჩნა. ეგენი ვინ არიან? _ ახლაღა მიხვდა, რომ იეღოველი მისთვის უცხო სიტყვა იყო.

_ არიან, რა, შენ არ იცნობ, _ ხელი ჩავიქნიე და დინა ჩემკენ მოვქაჩე, კალთაში ჩავისვი, _ რაც დრო გადის, უფრო მიყვარხარ, იცი? _ ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.

_ ეტა ვიდნა.

_ მერე? არ გიხარია?

_ ოჩენ.

_ ოჩენ რას ნიშნავს?

_ ძალიან, ოჩენ ძალიან.

_ ასე, შე ქალო. არ გავიგონო შენი რუსულად საუბარი. მშვენივრად «გეკერკება კარტული», _ ენა «მოვიტეხე».

_ დღეს არ მუშაობ?

_ როგორ არა, ახლა უნდა გავიქცე.

_ ვინ გაგაბრაზა?

_ ერთმა ტიპმა.

_ ცუდი ტიპი ყოფილა.

_ ჰო, მართალი ხარ, ცუდი ტიპია, მაგრამ გვიან მივხვდი ამას.

* * *

ჩემსა და ლიზიკოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ ყველაფერი ვიცოდი. სადღაც, გულის სიღრმეში მეცოდებოდა კიდეც. იმდენად ეჭვიანობდა, მივხვდი, რომ ამგვარი ტყუილით სცადა ჩემი გამოცდა. ნუთუ ასე შესამჩნევად შევიცვალე? თითქოს ძველებურად ვიქცევი, თითქოს არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში, მეგონა, რომ ასე გამომდიოდა. როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ მოვახერხე ჩემი საიდუმლოს დამალვა. რაღაცამ გამცა, მაგრამ რამ? თვალებმა? გულმა? სიტყვებმა? დაგვიანებებმა? ვერ ვხვდებოდი. როცა იმავე კითხვით ნიკუშას მივმართე, სიცილით მითხრა.

_ იმან, რომ ზომაზე მეტად გახარებული ხარ. მე შენ ასეთი დიდი ხანია, არ მინახავხარ.

_ მაინც როგორი «ასეთი» ვარ? _ მისმა სიტყვებმა გამაღიზიანა.

_ როგორ გითხრა, აშკარად გეტყობა, რომ რაღაცით ბედნიერი ხარ. კი არ დადიხარ, დარბიხარ. სულ სადღაც მიიჩქარი, თანაც სიხარულით, სულ რაღაცაზე ფიქრობ, თან კმაყოფილება გაწერია სახეზე _ არ ვიცი, უფრო მიახლოებით რანაირად გამოვხატო. აი, თითქოს ზედმეტად ბედნიერი ხარ, შენი მდგომარეობის კაცთან შედარებით და ზედმეტად დაბნეული თუ გონებაგაფანტული.

_ ნუთუ? _ ირონიულად შევნიშნე, _ მაშინ ის მითხარი, ადრე როგორ გამოვიყურებოდი?

_ ადრე უფრო… რა ვიცი, თავი დამანებე, რა.

_ არა, მაინც, მაინც…

_ უინტერესოდ, უხასიათოდ იყავი, არც არსად გეჩქარებოდა და არც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავდი ასე ძალიან.

_ საკუთარ გარეგნობაზე? _ ეს კი მართლა გამიკვირდა.

_ ჰო, რა შეიცხადე, ასე არ არის? სარკეში ჩაიხედე და თვითონაც კარგად შეამჩნევ, _ თავის ქნევით დაადასტურა ნიკუშამ ნათქვამი.

_ მომაწევინე ერთი, სიგარეტი, თუ კაცი ხარ, _ ცოტა არ იყოს, გავნერვიულდი.

_ არ გინდა ახლა, ხომ დაანებე თავი.

_ ჰოდა, იმიტომაც გავსუქდი.

_ შენ სხვა რამის გამო გასუქდი, ძმაო, სიგარეტი აქ არაფერ შუაშია.

_ მიდი, მიდი, ნუ მაშაყირებ. მაიტა პაპიროსი, _ ხელი გავიწვდინე მისკენ.

_ ერთი ღერი ოცი თეთრი, _ ხუმრობით მითხრა.

_ შენც რა დინასავით დამიწყე, შენღა მაკლდი, ახლა, _ მეც ვერ შევიკავე ღიმილი, სიგარეტი გამოვართვი, მოვუკიდე და «მადიანად» გავაბოლე.

_ რაღაც ვერა ხარ ხასიათზე, _ ნიკუშამ იჭვნეულად შემომხედა.

_ ისეთი არაფერი, _ თვალი ავარიდე.

_ ჩემთან არ ითქმის, თუ?

_ არა, არ ღირს. ოჩენ პირადულია, _ მწარედ გავიღიმე.

_ მთლად გადაგრია იმ გოგომ… კი მაგრამ, რას აპირებ?

_ არ ვიცი, ნიკუშ, არაფერი არ ვიცი. სულ ამებნა თავგზა.

_ რა არ იცი, ბიჭო, ნუ გამაგიჟე. შენ რა, სერიოზულად ამბობ მაგას? შემთხვევით მეორე ცოლის მოყვანა ხომ არ გადაწყვიტე, ჯიგარო? _ ჩემკენ გადმოიხარა წარბშეკრული.

_ ცოლის მოყვანის რა მოგახსენო, მაგრამ ცოლის გაშვების «იდეის წინაშე» ნამდვილად ვდგავარ.

_ აი, ეგ იცის ბოშების დევნამ, _ მაგიდას მსუბუქად დაჰკრა ნიკამ ხელი.

_ ბოშები აქ არაფერ შუაშია. პრობლემა უფრო ღრმაა და, როგორც მეცნიერები იტყოდნენ, «ძირფესვიანად გამოსაკვლევი».

_ არ მეტყვი მაინც, რაშია პრობლემა?

_ ჩემში, ნიკუშ, ჩემში. სადღაც რაღაც გამეპარა, რაღაც არასწორად გავატარე ცხოვრებაში, იმდენად არასწორად, რომ, გვერდზე რომ ჩამიარა და გადამასწრო, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, მაგრამ ახლა უკვე გვიანაა.

_ ვერაფრით ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.

_ ძალიან კარგადაც ხვდები, _ სიგარეტი ჩავაქრე და ნამწვი ჩემდა უნებურად, სანაგვისკენ მოვისროლე. ავაცილე.

_ უკანასკნელი ადამიანი ვიყო, თუ ვხვდებოდე, _ ფიცად «დაიღვარა» ნიკუშა.

გამეცინა.

_ მიმანიშნე მაინც, რაზეა საუბარი.

_ ჩემს უშვილობაზე, სხვა რაზე უნდა იყოს, _ ისე ამოვიოხრე, თითქოს გულიც თან ამოვაყოლე.

_ აუჰ! შენ გაგიტევია, ძმაო და ეგ არის. მაგის გამო აპირებ ცოლის გაშვებას? რა გინდა, ხომ მოაგვარე ეგ პრობლემა, ხომ დააორსულე ის ქალი, რაღა გინდა. არ მითხრა ახლა, შემიყვარდა და უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო!

_ მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. სხვა დროს ყველაფერს მოგიყვები, კარგი?

_ ნება შენია, ძმაო. რა უფლება მაქვს, დაგაძალო. თუ დაგჭირდე რამეში, ხომ იცი, აქა ვარ.

_ ვიცი, ჯიგარო, ვიცი. შენი იმედი ყოველთვის მქონდა და მუდამ მექნება, _ მადლიერებით სავსე თვალებით შევხედე სიყრმის მეგობარს და ოთახიდან გავედი.

ლიზიკოზე ფიქრი ტვინს მიბურღავდა. ეს რა ქნა, ეს რა ქნა ამ სულელმა ქალმა. სანამდე მიიყვანა ყველაფერი! ორი აბორტი! წარმოუდგენელია! ისე როგორ გაიკეთა ორი აბორტი, რომ ვერ გავიგე? რომ ვერაფერი შევატყვე? ეს როგორ ვაპატიო? როგორ ჩავყლაპო. არა, ამის მოთმენა არაფრით არ შემიძლია. მაგრამ ჯერ ხმას მაინც არ ამოვიღებ. ვითომ არაფერი ვიცი. დაველოდები ერთი, რას მოიმოქმედებს. აი, ცნობას რომ მომიტანს და მეტყვის, ამდენი კვირის ფეხმძიმე ვარო, მერე მიყუროს. მე ვიცი, რასაც ვუზამ.

არა, ადამიანს ყველანაირად გავუგებ. მე მესმის მისი, რომ ამ ბოლო პერიოდში რაღაცას გრძნობდა და იფიქრა, ამ ხერხით უკან დავიბრუნებო. ქალებისთვის ეს ნაცადი ხრიკია. როცა მამაკაცს ეუბნებიან, «ორსულად ვარ», ორი ვარიანტია _ კაცს ან ძალიან უნდა ეწყინოს და მოხვდეს გულზე, ან ძალიან უნდა გაუხარდეს. ადვილი მისახვედრია, რა შემთხვევაში. ამ მხრივ ლიზიკოსთვის ეს ორი სიტყვა კოზირივით იყო. კარგი, გასაგებია. დავუშვათ, გავამართლოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ… ადრე? ორი აბორტი? ეს რას მივაწერო? რატომ არ უნდოდა ბავშვის გაჩენა? ან დედაჩემმა საიდან იცოდა ეს ამბავი? ან მე რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული ლიზას სიმართლეში? დედაჩემს რატომ ერთხელ მაინც არ დავუჯერე?..

ფიქრებში წასულმა ახლაღა შევამჩნიე, რომ ჩემთვის ვლაპარაკობდი. ეჰ, ლიზა, ლიზა… ხმამაღლა ფიქრიც კი დამაწყებინე. აბა, შენ ქალი ხარ? ნეტავ ხელებსაც ხომ არ ვიშველიებდი ჩემი უაზრო ბუტბუტის დროს? საკუთარი თავი კარგად რომ შემეთვალიერებინა, ვიტრინაში გავიხედე. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვიყავი შეცვლილი. რა ვიცი, რატომღაც, ასე მეჩვენა.

777

დროის უმეტეს ნაწილს დინასთან ვატარებდი. ახლა უფრო თამამად და მშვიდად ვგრძნობდი თავს. არ მეშინოდა იმისი, ლიზიკოს არ მოეგნო ჩვენთვის. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა. ჩემთვის სულერთი იყო, როგორ შეხვდებოდა იგი ამ ამბავს. არ მადარდებდა. პირიქით, გულზე მალამოდ მომეცხებოდა ალბათ, მის გაცეცხლებულ სახეს თუ დავინახავდი. თითქოს შურისძიების სურვილმა დამრია ხელი. დედაჩემი მეტყოდა ხოლმე, შენი ცოლის უგვანო საქციელი ერთ მშვენიერ დღეს სანანებელი გაგიხდება და გამიხსენებო. ამას მართლა არ ჰქვია სხვა სახელი. ამაზე «უგვანო» რაღა უნდა ჩაიდინოს ქმრიანმა, თანაც უშვილო ქალმა. ახია ჩემზე. ალბათ, დაშორება მოგვიწევს. აბა, სხვანაირად როგორ იქნება? ქალი, რომელსაც თვითონ არ უნდა ბავშვის გაჩენა, სხვის გაჩენილს და აყვანილს გაზრდის? არც იფიქროთ! რატომ, რისთვის? გამოდის, არ სურს შვილის ყოლა. ასე არ არის?

მაინც ვერ ვხვდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი. ყველაზე მეტად ამაზე ფიქრი მაწვალებდა. საინტერესოა, რა პასუხს გამცემს. ინტერესი მკლავს…

დინას შეგნებულად არ მოვუყევი ლიზიკოს ამბავი. ჯერ ერთი, ცოლზე აუგის თქმა არ მსიამოვნებს სხვასთან, მეორეც, არც დინა მინდა გავანერვიულო. ატეხავს ლიზას ლანძღვას და მერე მიდი და უსმინე. თანაც, შეეშინდება და შეიძლება ბავშვი არც დამითმოს. ამის გაფიქრებაზე ტანში უსიამოვნოდ მცრის. მაგრამ უარესი მემართება, როცა წარმოვიდგენ, ლიზა როგორ იტყვის უარს სხვისი შვილის გაზრდაზე. როგორ მსხვილ ყულფში გავყავი თავი. ეს რა შარში გავეხვიე. დინას მაინც რას ვერჩოდი, იყო გოგო თავისთვის. ბოლოს და ბოლოს, გაიცნობდა ვინმე თავისნაირ ბოშას და გათხოვდებოდა, გზას ნახავდა. მე კი ავურიე ყველაფერი. სხვა «სიკეთესთან» ერთად, თავიც შევაყვარე, თორემ მარტო ფულის გამო რომ წამოსულიყო ამ ნაბიჯზე, ასე არ ვინაღვლებდი. ახლა მწარედ ვნანობ ჩემს საქციელს. ტყუილად გავწირე სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ქალი, რომელიც ამ ყველაფერში არაფერ შუაში იყო.

777

როგორც იქნა, ორი კვირაც გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ლიზიკო ხეირინად არ დამლაპარაკებია. სამ დღეში ერთხელ ერთ წინადადებას თუ «მიწყალობებდა». ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ისე დამემართა. გავჯეჯილდი, მაგრამ რა გავჯეჯილდი. ყოველ მეორე ღამეს დინასთან ვათევდი. ლიზას, რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარეობა კლავდა, სად «ჯანდაბაში» ვიკარგებოდი ღამღამობით, მაგრამ შეკითხვისგან თავს იკავებდა. არადა, გამომეტყველება ისეთი ჰქონდა ჩემს დანახვაზე, ადვილად ამოიკითხავდით «მფრინავ» ფრაზას: «სად ეგდე»? მეც სტვენა-სტვენით გავემართებოდი ჩემი ოთახისკენ, ვითომაც აქ არაფერი.

იმ დღეს, როცა ლიზიკო ხელმეორედ უნდა წასულიყო ექიმთან, შეგნებულად არ გავედი შინიდან ადრე. დაველოდე, როდის გაემზადებოდა და ბოლოს ვუთხარი, მე გაგიყვან-მეთქი. სასტიკი უარი მტკიცა. არ გამკვირვებია. ამას ველოდი. მხრები ავიჩეჩე და ტელევიზორს მივუჯექი.

_ იცოდე, დროზე მობრუნდი, აქ დაგელოდები! _ მკაცრად გამომივიდა ნათქვამი.

კართან შედგა. როგორც ჩანს, ამას არ ელოდა.

_ ჩემი გულისთვის ნუ შეწუხდები! _ მკვახედ მესროლა.

_ შენი გულისთვის არ ვწუხდები, მე ამბავი მაინტერესებს, _ იმავე ტონში დავუბრუნე ხურდა.

_ მე მერე პირდაპირ სამსახურში მივდივარ, _ ჯიბრზე დადგა.

_ სამსახური კი არა, დაგიმჟავებ ცხვირ-პირს, შე… მოეთრიე შინ და მომიტანე იმ ქალის პასუხი, თორემ მე ვიცი, შენი… _ გინება აღარ დავაყოლე, ისედაც არ მჩვევია ასეთი რამ.

_ ნაგიჟარი ხარ, _ კბილებში სიძულვილით გამოცრა ჩემმა მშვენიერმა მეორე ნახევარმა და კარი ისე გაიჯახუნა, ფანჯრის მინები შეზანზარდა.

_ უხ-ხ-ხ! _ სიმწრისგან მომუშტული ხელი მაგიდაზე მძლავრად დავკარი. შედეგი? კობალტის ლარნაკი გადმოვარდა და ნამსხვრევებად იქცა.

ჩემი ჭირიც წაუღია. მეტი სადარდებელი არ მომცა ღმერთმა. ძალიანაც კარგი. ეგ ვაზა ლიზიკოსი იყო, დედამისმა მზითევში გამოაყოლა. გაცოფდეს ახლა, იკივლოს და იწივლოს. ნახოს, როგორია მეუღლის გამწარება. თავი ხელებში ჩავრგე, ჩავფიქრდი. ახლა კი ნამდვილად ცუდად ვიქცევი. ერთი ამერიკული ფილმი გამახსენდა, უკვე დაშორებული ცოლ-ქმარი ერთ სახლში რომ ცხოვრობენ და ერთმანეთის ჯიბრზე ყველაფერს რომ ამტვრევ-ამსხვრევენ. ბოლოს, ჭაღზე დაკიდებულები რომ ჩამოვარდებიან ძირს და დაიღუპებიან. მგონი, ჩვენც იქითკენ მივექანებით. თუ ასე გაგრძელდა, განწირულები ვართ დასაღუპავად. აჯობებს, ცოტა შევარბილო სიტუაცია და მშვიდ ატმოსფეროში გადავწყვიტოთ მე და ლიზიკომ ყველაფერი.

ადგილს ვერ ვპოულობდი. ტელევიზორს ხან გამოვრთავდი, ხან ჩავრთავდი. კარგა ხანს ბოლთას ვცემდი ოთახში. ლარნაკის ნამსხვრევებისთვის ხელი არ მიხლია. მოვიდეს და თვითონ გადაყაროს! ლოდინი აუტანელი გახდა. ლიზა იგვიანებდა, გული გამიწვრილდა. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ისევ დინასთან დარეკვა გადავწყვიტე.

_ ციგანაჩკა მაია, როგორა ხარ? _ ვცადე, მხიარულად გამომსვლოდა.

_ კარგად, ა ტი?

_ მეც კარგად. წუხელ რომ არ მოვედი, ხომ არ გეწყინა?

_ ნეტ. სევოდნია მოხვალ?

_ უეჭველად და დავრჩები კიდეც.

_ რა კარგია-ა-ა, _ გაუხარდა.

_ მითხარი, რა მოგიტანო ჩემო ფუმფულა?

_ შენი თავი მოიტანე, ბოლშე ნიჩევო ნე ნადა.

_ კაი, ბატონო, ბრჭყვიალა ქაღალდში გავახვევინებ ჩემს თავს და ისე მოგართმევ. აბა წავედი, ახლა ცოტა სერიოზული საქმე მაქვს და მერე კიდევ დაგირეკავ, _ სასწრაფოდ დავკიდე ყურმილი, რადგან კარის გაღების ხმა შემომესმა.

არ შევმცდარვარ. ლიზიკო იყო. დავიძაბე. დავიძაბე კი არა, ავიძაგრე, კატა რომ ბალანს აიშლის, იმდაგვარი რამ დამემართა. მეგონა, ნერვიულობისაგან სხეულის ყველა კუნთი მიხტოდა.

გადამწყვეტი წუთები დადგა. ახლა უნდა მოფენოდა ნათელი ყოველივეს. ლიზამ ისე ჩამიარა გვერდით, თითქოს არც ვარსებობდი და საძინებელს მიაშურა.

_ რა ქენი? _ უკან გავეკიდე.

_ არაფერი, _ მკვახედ თქვა და ჩექმის გახდას შეუდგა.

_ ეგ როგორ გავიგო? _ ახლა მე მივბაძე ცოლსა და საყვარელს და დოინჯი შემოვირტყი.

_ არა ვარ ორსულად, _ ხაზგასმით წარმოთქვა და წარბები ამრეზით აწკიპა, _ გიხაროდეს, შეგიძლია ირბინო იმ შენს კახპასთან!

მეტიც არ მინდოდა, ისედაც ძლივს ვიკავებდი თავს. მისმა ბოლო სიტყვებმა წონასწორობიდან გამომიყვანა. ერთი ნახტომით გავჩნდი მასთან და თმაში ვწვდი.

_ ვინ კახპა გყავს მხედველობაში, გოგო, ვიზე ხარ ასე დაგეშილი, ამიხსენი ერთი, _ მთელი ხმით ვიყვირე.

_ გამიშვი ხელი, შე მხეცო, საზიზღარო, დაგაყარე მიწა მაგ ხელებზე, შენ ადამიანი არ იყო! _ იკივლა, მაგრამ რა იკივლა და წამომიხტა.

გვიან დავინახე ჩემკენ წამოსული გაშლილი ხელი… ლოყა ამეწვა. ასე მწარედ ჯერ ქალის ხელი არ მომხვედრია.

_ შენი აფერისტი დედა კი ვატირე, შენი! ვის ებლატავები, რომ ებლატავები, შენი კლიენტი ხომ არ გგონივარ, შე…

აღარ მახსოვს, რა სიტყვებით «შევამკე». გემრიელად კი გამოვთათხე.

_ რა გინდა ჩემგან, რა, შე ნაგავო, რას გიშავებ? _ ძარღვები დაებერა ყელზე სახეაპილპილებულს.

_ რა მინდა? რა მინდა? კიდევ მე მეკითხები, რა მინდა? შენ არ იცი, რა მინდა? არ იცი?

_ არ მიჩნდება ეს ოხერი შვილი და რა ვქნა, თავი მოვიკლა? _ მოიშველია ნაცნობი ფრაზა ძველი ტექსტებიდან.

_ არ გიჩნდება თუ არ აჩენ, მართალი თქვი!

_ რას ბოდავ! რას ჰქვია არ ვაჩენ!

_ რას ჰქვია და იმას, რომ ორჯერ მოიშალე მუცელი. იქნებ მითხრა, რომ ასე არ იყო?

სახის გამომეტყველება უცებ შეეცვალა. თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან. რამდენიმე წამს ასე იდგა გაშეშებული, მერე ნელ-ნელა მოეშვა, მოდუნდა, თავი ჩაქინდრა და ჩურჩულით თქვა:

_ ასეც ვიცოდი.

წაბარბაცდა. ძალაუნებურად ხელი შევაშველე, ტახტისკენ წავიყვანე და დავსვი.

_ ჩემი აბორტის ამბავი ვინ გითხრა? _ მშვიდად მკითხა. ცოტა ხნის შემდეგ.

_ რა მნიშვნელობა აქვს…

_ არა, მაინტერესებს, საიდან იცი.

_ ეს ჩემი საქმეა, საიდანაც ვიცი. შენ იმაზე მელაპარაკე, რატომ მატყუებდი.

ღრმად ამოიოხრა, თავი ისევ ჩაქინდრა და ხელის თითები ერთმანეთში გადახლართა. დუმილი გაგრძელდა.

_ ლიზა, მე ველოდები შენს პასუხს, _ «შევახსენე».

_ მქონდა სამაგისო მიზეზი, _ ამის თქმაზე თავი ასწია და თამამად შემომხედა თვალებში.

_ სახელდობრ? _ თვალები მოვჭუტე და ისე გავხედე.

_ შენთვის უმჯობესია, არ გაიგო.

_ რატომ, ასეთი სამარცხვინოა?

_ არა, უბრალოდ, სამწუხაროა. რომ გაიგებ, მერე ინანებ და გული დაგწყდება.

_ ამჯერად ისეთი რა «გულისამაჩუყებელი» ტყუილი მოიგონე, ძალიან საინტერესოა.

* * *

ლიზიკო გაჩუმდა. მოუთმენლად ველოდი, როდის დაიწყებდა საუბარს. მართალია, მისი ზღაპრების უკვე აღარ მჯეროდა, მაგრამ მაინც დავაცადე, სათქმელი ბოლომდე ეთქვა.

კისერზე ხელი მოისვა და თავი ნელა მიატრიალ-მოატრიალა. შემომხედა. გასაცოდავებული სახე ჰქონდა.

_ მერაბ, იქნებ სჯობს, აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დავშორდეთ ერთმანეთს? _ წყნარად თქვა და თვალები ცრემლით აევსო.

_ რატომ, ძალიან გიჭირს ტყუილის მოგონება? «მოსამზადებელი პერიოდი» არ გეყო? _ კვლავ საჩხუბრად მოვემზადე.

_ არა, უბრალოდ, მიზეზის ახსნა მიჭირს. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.

_ როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს, მე სიმართლე მაინტერესებს. ასე რომ, მოგიწევს თქმა, _ არ დავუთმე.

ლიზიკომ თავი ჩაღუნა. ბრაზი უფრო და უფრო მერეოდა. დარწმუნებული ვიყავი, დასაჯერებელ ფანტაზიებს ქმნიდა გონებაში.

_ ლიზა, მოთმინება გამომელია, _ კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ მეყვირა.

მძიმედ ამოიოხრა, შუბლზე ხელები შემოიწყო და ხმადაბლა ალაპარაკდა.

_ მე აყვანილი ვარ…

ამის გაგონებაზე თითქოს სმენა დამეხშო. სუნთქვა შემეკრა.

_ დედაჩემს შვილი კარგა ხანს არ უჩნდებოდა, მამაჩემი კი დაჟინებით ითხოვდა ბავშვს, _ განაგრძო ლიზამ, _ დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ, როგორც იქნა, დაორსულდა. ძლივს მიაღწია მეცხრე თვემდე. სულ წოლითი რეჟიმი ჰქონდა, ორ თვეში ერთხელ სამშობიაროში აწვენდნენ სამკურნალოდ. მერე ისე მოხდა, რომ სამი კვირით ადრე იმშობიარა. გოგონა დაიბადა. მამაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ცხრა წლის შემდეგ შვილი შეეძინა, მაგრამ… ბავშვს მეორე დღესვე მენინგიტი განუვითარდა და გარდაიცვალა. დედა თავს იკლავდა თურმე, ისეთ დღეში ყოფილა. რომელიღაც სანიტარს რჩევა მიუცია, გვერდით პალატაში ვიღაც ქალმა იმშობიარა, შვილზე უარს ამბობს და იქნებ ექიმი გენახაო. დედაჩემი დაინტერესებულა. უნახავს ექიმი, მოუყოლია თურმე თავისი გასაჭირი. გინეკოლოგს გასცინებია, ეგ ჩვილი რომ ვარგისი იყოს, თქვენ ვინ დაგითმობდათო. დედას გაკვირვებია ექიმის პასუხი… ის ქალი თურმე ფსიქიკურად შეშლილი ყოფილა. მეზობელს შეუცდენია და დაორსულებულა. სიგიჟე მემკვიდრეობით ჰქონია, მთელი მოდგმა, მთელი ახლო ნათესაობა დედის შტოდან სულ ასეთები ყოფილან. ასათიანზე ხუმრობდნენ თურმე, თაობები ცვლიან ერთმანეთსო… ამიტომ ექიმს არ ურჩევია დედაჩემისთვის იმ ბავშვის შვილად აყვანა, _ ლიზიკო გაჩუმდა, პულოვერის სახელო მუჭში მოიმწყვდია და ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.

_ მერე? _ კანკალმა ამიტანა.

_ ის ბავშვი მე ვარ, _ თქვა ლიზამ და აქვითინდა.

დავიბენი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მენუგეშებინა თუ გულგრილად შევხვედროდი მის აღსარებას. ადგილიდან არ დავძრულვარ. დაველოდე, როდის დაწყნარდებოდა. გულამომჯდარმა ცოტა ხანს იტირა და რომ ნახა, ჩემგან თანაგრძნობას ვერ მიიღებდა, სლუკუნ-სლუკუნით გააგრძელა საუბარი.

_ მთელი ბავშვობა ექიმთან დავყავდი. ასათიანის კლინიკის დანახვაზე, უკვე კარგა მოზრდილს, გული მერეოდა. «პროფილაქტიკის» მიზნით შიგადაშიგ მკურნალობის კურსსაც მიტარებდნენ. მე ვერაფერს ვხვდებოდი. სკოლა ისე დავამთავრე, არ ვიცოდი, რა მჭირდა, რისთვის მიტარებდნენ ამ ე.წ. «პროფილაქტიკურ ღონისძიებებს». ბოლოს კატეგორიულად მოვთხოვე დედას, სიმართლე ეთქვა ჩემთვის. სხვა რა გზა ჰქონდა. ყველაფერი მიამბო, მე კი მიკვირდა, რაში მატყობდნენ სიგიჟეს, აბსოლუტურად საღ-სალამათი ვიყავი, არც გონებას ვუჩიოდი და არც უცნაურობები მახასიათებდა. ერთადერთი ეგ იყო, რომ ზედმეტად ემოციურობა დამჩემდა, უფრო სწორად, ხშირად მემართებოდა ნერვული სტრესები. სიმართლე რომ შევიტყვე, კარგა ხანს თავზარდაცემული დავდიოდი.

_ კი მაგრამ, ტყუილუბრალოდ მკურნალობას ხომ შეეძლო, უკუშედეგი მოეტანა? _ ვერ მოვითმინე და ვკითხე.

_ რა თქმა უნდა. გამორიცხული არ იყო, მაგრამ დედას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. დღეს კი არის ჯანმრთელი, მაგრამ დროებითიაო, ეუბნებოდნენ. როგორც კი შვილის გაჩენას დააპირებს, ეგრევე ჭკუაზე შეცდება. ამიტომ არამც და არამც ბავშვი არ უნდა გააჩინოსო. აქედან გამომდინარე, ორმაგი მიზეზი მქონდა, რომ აბორტი გამეკეთებინა. ერთი, რომ საკუთარ ფსიქიკას ვაგდებდი საფრთხეში, მეორე კი _ ჩემი შვილიც ჩემი ნამდვილი წინაპრებივით გიჟი იქნებოდა.

_ რატომ თავიდან არ მითხარი ეს ყველაფერი? რატომ დამიმალე? _ ვთქვი და ჩემი ხმით მივხვდი, როგორი უმწეო გავხდი.

_ შემეშინდა, მერაბ. მე შენ ისე მიყვარდი, შემეშინდა, არ მიგეტოვებინე.

_ გამოდის, მამაშენმა არ იცის, რომ ნაშვილები ხარ?

_ არა, დღემდე არ იცის.

_ მარტო თქვენ ორმა იცით?

_ კი.

_ ნათელამაც არაფერი იცოდა?

_ არა, არ იცოდა და იმიტომაც მეჩიჩინებოდა დღედაღამ, არ გაიკეთო აბორტი, გააჩინე და გააჩინეო. მე კი ნამდვილ მიზეზს ვეღარ ვეუბნებოდი და სულ ვატყუებდი, მერე გავაჩენ, ჯერ ადრეა, სად მეჩქარება-მეთქი.

_ რა სასწაულია! განა შეიძლება ადამიანმა წინასწარ განსაზღვრო, რომ გიჟის შვილი აუცილებლად გიჟი იქნება? იქნებ არც არასდროს გელოდება მსგავსი რამ? _ მხრები ავიჩეჩე მოსმენილით გაოგნებულმა, _ მე ბევრი გიჟი ვიცი, ჯანმრთელი ბავშვი რომ გაუჩენია.

_ ჰო, მაგრამ, დროთა განმავლობაში სადღაც მაინც იჩენს თავს, _ ლიზიკომ სლუკუნი შეწყვიტა.

_ როდის, მეშვიდე თაობაში? _ ირონიულად შევნიშნე.

_ ჩემ გვარში ყველა თაობაში იჩინა თავი თურმე. დედაჩემიც, დეიდაჩემებიც, ბებიაც და იმის დაც სულიერად დაავადებულნი ყოფილან, აქედან ზოგს თანდაყოლილი ჰქონია, ზოგმაც მერე შეიძინა, საკმაო დროის გასვლის შემდეგ. ამიტომაც ავირიდე მშობიარობა თავიდან. ამიტომ იყო, დედამ ჩემს გათხოვებაზე კივილი რომ ატეხა. ბავშვის აყვანისაც ამიტომ მეშინია.

_ რატომ «ამიტომ»? _ ვერ მივუხვდი.

_ ვინ იცის, ჩვენც ავადმყოფი არ შემოგვაჩეჩონ. ხშირია შემთხვევები, როცა აყვანილი ბავშვების უმეტესობა დებილები გამოდიან, წამოიზრდებიან თუ არა. გარდა ამისა, მე რა ვიცი, როდის წამომივლის სიგიჟე, იქნებ ფსიქიატრიულში მოგიხდეს ჩემი დაწვენა. ბავშვს ვინ მოუვლის? ნამდვილად არ ღირს, უდედოდ გაიზარდოს.

_ შენ არ გაგიგია ანდაზა, «მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო?» სიგიჟის ჯერ არაფერი გეტყობა, როგორც ვხედავ და იმედია, არც მომავალში დაგემუქრება რამე. ყოველ შემთხვევაში, წინაპირობას ვერ ვამჩნევ. ვინ იცის, იქნებ კიდევ მატყუებ. რა გარანტია მაქვს, რომ სიმართლეს მეუბნები? _ უნდობლად გავაქნიე თავი, ძნელი დასაჯერებელი იყო ჩემთვის ლიზიკოს ნაამბობი.

_ თუ არ გჯერა, დედაჩემს დაურეკე და იმას ათქმევინე, _ თავი ასწია ჩემმა ცოლმა და ცრემლიანი თვალებით შემომხედა.

_ და შენ გგონია, თუ ეს სიმართლეა, მეტყვის? _ მწარედ გამეცინა, _ რა გინდოდა, კი მაგრამ, ჩემ ცოდვაში რატომ ჩადგი ფეხი, დაგიშავე რამე? _ მაინც ვერ შევიკავე თავი.

ლიზას პასუხი არ გაუცია. თავი დახარა და იატაკს ჩააშტერდა.

_ თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მე თუ არა, სხვას მაინც ხომ უნდა გაყოლოდი, _ დავაყოლე ნათქვამს და ხელი ჩავიქნიე.

_ მე ხვალვე წავალ სახლიდან, ნუ გეშინია, _ თქვა ბოლოს.

_ რატომ? გაგდებს ვინმე?

_ შენ ვიცი, არ გამაგდებ. სამაგისოდ ენა არ მოგიბრუნდება. ამიტომ აჯობებს, ჩემით წავიდე, ჩუმად, უპრეტენზიოდ.

_ ჰო-ო? ახლა, ამდენი წლის შემდეგ აპირებ წასვლას, არა? როცა ყველაფერი გააფუჭე, მაშინ, არა? რა თქმა უნდა, ასე უფრო ადვილია, ხომ? იცი, რას გეტყვი…

_ კმარა, მერაბ. მეტის ატანა აღარ შემიძლია. ნურაფერს ნუ მეტყვი. შენთვის ჯერ გვიან არაა. რომ მოინდომო, ცხრა ქალს მოიყვან ერთად. დღეის მერე უფრო გაგიადვილდება. მე ხვალვე გადავალ ჩემებთან.

_ ახლა მე მომისმინე. არსადაც არ წახვალ და არავისთანაც არ გადახვალ. დარჩები აქ და გააგრძელებ შენს მოვალეობას. ეგ სპირალია თუ რაღაცა, მოაშორე შენს სხეულს და თუ დაორსულდები, კეთილი ინებე და გააჩინე. გიჟი იქნება თუ გადარეული, ეგ ჩემი საქმეა, მე მივხედავ მერე. იქამდე კი… _ ვთქვი და ვეღარ გავაგრძელე.

ლიზიკო სუნთქვაშეკრული მისმენდა. შემეცოდა.

_ ვიშვილოთ, _ როგორც იქნა, ვთქვი და შვებით ამოვისუნთქე.

_ სად? _ შეშინებულმა შემომხედა.

_ მე ვიცი, სადაც. ეგ არ არის შენი საზრუნავი. შენ შენს საქმეს მიხედე.

_ გამოდის, რომ არ მიმატოვებ?

_ არა, ჯერ არ ვაპირებ, _ გამოვიტანე «განაჩენი» და წასვლა დავაპირე.

_ მერაბ! _ დამიძახა.

მოვტრიალდი.

_ დარეკე დედაჩემთან და ჰკითხე, იქნებ ახლაც გატყუებ?

_ რომელ «დედაშენთან»? _ თვალი თვალში გავუყარე და წარბი შევკარი.

_ არ გინდა, ნუ დამცინი, _ ჩურჩულით თქვა.

_ იმედია, ბავშვის გაზრდაზე არ იტყვი უარს…

_ არა, რას ამბობ… თუკი შევძლებ, _ მხრები აიწურა.

ოთახიდან გავედი. ლიზიკო ასეთი არასდროს მინახავს. გაუბედურებული, განადგურებული, უსუსური და უმწეო. ხომ გინახავთ სასოწარკვეთილი ადამიანი, შველას რომ ითხოვს. იგი შველას ითხოვდა. ჩემს ადგილას სხვა, ალბათ, სხვანაირად მოიქცეოდა. მე კი არ შემეძლო. იმ წუთებში თითქოს სულ აღარ მიყვარდა, თითქოს მძულდა კიდეც, მაგრამ… მეცოდებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა მის სიმართლეში. განა რა უნდა უჭირდეს ადამიანს, რომ ასეთ საშინელ ტყუილზე წავიდეს. არა, ამ შემთხვევაში ლიზა არ ტყუოდა… და ეს იყო ყველაზე უარესი… ვერ გავიმეტებდი. საკუთარი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას. მე რომ ასეთი წარსული მქონოდა და მას არ სცოდნოდა, უნდა მივეტოვებინე? რა დღეში ჩავვარდებოდი! ეს ყველაფერი გონებიდან არ მშორდებოდა. უცნაურობა მისთვის არასდროს შემიმჩნევია. შეუღლების დღიდან ჩვეულებრივად იქცეოდა, როგორც ყველა ქალი, როგორც ყველას ცოლი. სხვისგან გამორჩეული და განსაკუთრებული არც კარგით ყოფილა და არც ცუდით. დედამთილთან მიმართებაშიც ტიპური რძალი იყო, როგორც რძლების უმრავლესობა. «გაფრენები» და «შიზოფრენიული» მოვლენები არასდროს შემინიშნავს. არც დედაჩემს, თორემ აქამდე ასჯერ იტყოდა. იმას ოღონდ საბაბი მისცემოდა და მეტიც არ უნდოდა, მოგეცეს ლხენა! ენაზე არაფერი დაადგებოდა, ხოლო რა იქნება მომავალში, ეგ არავინ იცის. იქნებ ლიზიკოზე ადრე მე შევიშალო ჭკუიდან, იქნებ მე უფრო ადრე მოვხვდე ფსიქიატრიულში. ვინ იცის… ამისგან დაზღვეული არავინაა. წინასწარ რატომ უნდა დაიტანჯოს ადამიანმა თავი…

7 7 7

მთელი დღე უგუნებოდ ვიყავი. არა და არ გამომიკეთდა ხასიათი. ლიზიკოს გახსენებაზე თითქოს ტყვია მხვდებოდა გულზე. იქნებ მომატყუა? უკვე აღარ ვიცოდი, რა უფრო მომგვრიდა შვებას _ მისი ნათქვამი მართალი გამომდგარიყო, თუ ტყუილი? ერთი მეორეზე უარესი იყო. კიდევ კარგი, არავინ იცის… თუმცა, რომ იცოდნენ, მაგით რა შეიცვლება? მერე რა? საკუთარი თავის შემრცხვა, ეგ არ უნდა მეფიქრა. ცუდი კაცი ვარ…

კაბინეტში კარგა ხანს ბოლთას ვცემდი. თავი მტკიოდა, თითქოს ჩაქუჩს მირტყამდნენ საფეთქლებში. რა საშინელებაა! როცა ვერავის მოუყვები შენს დარდს, ვერავის გაუზიარებ შენს გულისტკვილს.

საღამოს დინასთან ღამის გათევა მქონდა დაგეგმილი. დილით ასე დავთქვით. მომიწევს ჩემი სურვილის წინააღმდეგ წასვლა. ამაღამ ლიზიკოს მარტო დატოვება არ ივარგებს. სხვანაირად იფიქრებს. არადა… რაზე უნდა ველაპარაკო შინ რომ მივალ? ან მერე, გვიან, საწოლში? უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ასე როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება? ყოველდღე ამაზე ფიქრი მომკლავს. დავწყნარდები კი ოდესმე? ისევ ლიზამ გადამარჩინა ამ მდგომარეობას. საღამოს დამირეკა და მთხოვა, თუ არ გეწყინება, რამდენიმე დღით დედაჩემთან დავრჩებიო. ცას ვეწიე სიხარულით. გულზე მომეშვა. უცებ განვიმუხტე, დაძაბულობა ერთიანად მომეხსნა. ვუთხარი, რამდენ ხანსაც გესიამოვნება, იმდენ ხანს დარჩი, იქნებ ასეც სჯობდეს შენთვის-მეთქი. არადა, ჩემთვის უკეთესი იყო ასე. მეტი დრო მეძლეოდა მოსაფიქრებლად. თანაც დინას დარდი მქონდა, არ მინდოდა პირობა გამეტეხა.

კაზინოში კარგა ხანს შემოვრჩი. ცოტათი გავერთე, გული გადავაყოლე, ოდნავ შევთვერი კიდეც. ათი რომ გახდა, ნიკუშას ვანიშნე, გავედი-მეთქი და იქაურობა ყველასგან შეუმჩნევლად დავტოვე.

7 7 7

გრილი საღამო იყო. ჰაერში მარტის სუსხი მაინც ტრიალებდა. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე. ციმციმებდნენ, როგორც ყოველთვის. შეზარხოშებულმა ცის «ბინადართ» თვალი ჩავუკარი და სწრაფი ნაბიჯებით გავეშურე დინას ბინისკენ, რომელიც იქვე, სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. ფანჯარაში შუქი ვერ შევნიშნე. რატომღაც გულმა რეჩხი მიყო, არ მომეწონა. მთელი ამ ხნის განმავლობაში არსად გასულა, ყოველთვის შინ მხვდებოდა. ის კი არა, ვეხვეწებოდი ხანდახან, სადმე გაგასეირნებ-მეთქი და არ მთანხმდებოდა. ახლა კი… უცნაურად მეჩვენა ეს ამბავი. იქნებ ნათურა გადაეწვა და სანთელი არ ჰქონდა? არა, როგორ არ ჰქონდა, მაგრამ იქნებ გაუთავდა? ნაბიჯს ავუჩქარე. თვალი ხომ არ მატყუებს? ზარი დავრეკე. არავინ გამომეხმაურა. გასაღები ძლივს მოვარგე კარს. ხელი მიკანკალებდა. ოთახში ჩამიჩუმი არ ისმოდა. სინათლე ავანთე.

_ დინა! _ დავიყვირე ჩვეულებრივზე ხმადაბლა.

ბინა ცარიელი იყო. მაშინვე გარდერობს ვეცი, გამოვაღე. ტანსაცმელი ადგილზე იყო. მივიხედ-მოვიხედე. ვერაფერი გავიგე. სამზარეულოში გავედი. მაგიდაზე ტაფით შემწვარი კარტოფილი იდო. ტაფას ხელი შევავლე, დიდი ხნის გაცივებული ჩანდა. კვლავ ოთახში შევბრუნდი. მოულოდნელად საწოლზე დაგდებული რვეულის დაკეცილი ფურცელი შევნიშნე. წერილს ჰგავდა. ძლივს მივაღწიე იქამდე. საკუთარ ნერვებს ვეღარ ვთოკავდი. არ მინდოდა, ცუდი მეფიქრა. წერილი იყო. «მერაბუ ატ მენია», _ აჩხა-ბაჩხა, გაკრული ბატიფეხურით წაეწერა გარედან მსხვილი ასოებით. ჩემი დამემართა, სანამ წავიკითხავდი. «იზვინი» _ წერილში მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ეწერა.

* * *

თავზარდაცემული ვიდექი. ამ ოჯახაშენებულმა მეტი სიტყვა ვერ გაიმეტა? რა უნდა გავიგო ასე? რას ნიშნავს მისი «იზვინი» _ სამუდამოდ წასვლას თუ დროებით გასვლას? მუცელი ხომ არ ასტკივდა? მაგრამ… მაშინ დარეკავდა. სხვა რა ვიფიქრო? დავიჯერო, გაიქცა? მერე სად? თანაც იმხელა მუცლით!.. უცებ მომაფიქრდა. ფული უნდა მენახა, დინას «ხელფასი». კარადას მივაშურე. «დენიკინისდროინდელი» ხის კარი ჭრაჭუნით გაიღო. მოწნული შავი ზარდახშა ადგილზე იყო. თავი ავხადე და… ცოტათი დავწყნარდი. ფული ხელუხლებლად იდო. თუ წამსვლელი იყო, სულ წაიღებდა. ახლა სხვა რამეზე ავფორიაქდი. ვინ იცის, იქნებ ცუდად გახდა, იქნებ მეზობელს სთხოვა დახმარება, იქნებ… რომელი «იქნებ» არის მართალი? ის ერთი სიტყვა რაღა იყო, მეტი ვერ დაწერა?! ვბრაზობდი თან. ვგრძნობდი, ცივი ოფლი მასხამდა. ნიკუშას უნდა დავურეკო, სხვა გზა არ არის. ის იყო, მობილური მოვიმარჯვე, რომ კარის გაღების ხმა გაისმა. სმენად ვიქეცი.

_ მერაბ, ეტა ტი? _ მოისმა დინას სევდიანი ხმა.

ახლაღა მივხვდი, როგორ ვკანკალებდი. მთელი დღის ნანერვიულებს კიდევ ეს მინდოდა? ერთი ნახტომით შემოსასვლელში გავჩნდი.

_ სად იყავი, გოგო! _ ძალიან ხმამაღლა მომივიდა დაყვირება.

დაფრთხა. გაბრწყინებულ თვალებში უცებ შიში ჩაუდგა.

_ ა ჩტო?

_ შენს ძებნაში მთელი თბილისი ავაწრიალე, შემოვატყავე ყველა უბანი, სად გადაიკარგე? _ ტყუილების გორა დავაყენე, რომ მომხვდარიყო, როგორ შემაშინა.

_ პროსტა გულიალა, _ მხრებაწურულს ტუჩები აუკანკალდა.

_ მერე, ვერ დაიბარე? _ ცოტათი მოვლბი მისი შემხედვარე. ახლა უფრო შემეცოდა.

_ წერილი დავტოვე, ვონ ტამ, _ ხელი გაიშვირა საწოლისკენ.

_ წერილი? _ ახლა კი ვიყვირე, მაგრამ რა ვიყვირე, _ აბა, წერილი! ეს არის წერილი? ამას ეძახი შენ წერილს? რა გავიგო, გოგო, აქედან! ამიხსენი ერთი, თუ ქალი ხარ. ორი თვეა, გეხვეწები, გავისეირნოთ-მეთქი და გარეთ ვერ გაგიყვანე. რაღა დღეს მოგინდა გაგულავება, თქვენი დედა ვატირე, თქვენი, _ თავად არ ვიცოდი ვის ვაგინებდი, ჩემსავე სიტყვებზე ამიჩუყდა გული, ლამის ტირილი დავიწყე. ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს ჩავაბრუნე უკან.

_ მერაბ, იზვინი, რა, _ ხმადაბლა თქვა დინამ და ზურგიდან ჩამეხუტა, _ ნე უიდუ ია, კლიანუს. მე შენ მიყვარხარ, _ მკლავები წელზე მაგრად მომხვია და ცხვირით ზურგზე გამეხახუნა.

მოვეშვი. სულ არ მინდოდა ჩხუბი. მით უმეტეს, ორსულ ქალთან. თანაც… ქალიც არის და ქალიც. მისგან ერთხელაც არაფერი მწყენია.

კარგა ხანს ვიდექით ასე, გაუნძრევლად. დინას გულის ბაგაბუგიც კი მესმოდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, მისკენ შევტრიალდი და მკერდზე მივიკარი.

_ როგორ შემაშინე, რომ იცოდე. ერთი სიკვდილი გავათავე.

_ რატომ, კრასავჩიკ, წერილი ხომ ნახე?

_ ა! კიდევ! კიდევ იმ წერილს ახსენებ, ადამიანო? მაგ ერთი სიტყვით რა გინდოდა გეთქვა, აბა ამიხსენი.

_ იზვინი, რომ სახლში არ ვარ. დაელოდე დინას.

_ ნუ გამაგიჟე, გოგო, სად წერია ეგ ყველაფერი, თუ ქალი ხარ, მაჩვენე, _ ისევ ავუწიე ხმას.

_ იზვინი. ია დუმალა, მიხვდება მერაბი, _ ისევ თავისაზე იდგა დინა.

სიცილი ვერ შევიკავე. გადავწყვიტე, თავი დამენებებინა. მაინც ვერ დავაჯერებდი, რომ ცუდად მოიქცა.

_ ის მაინც მითხარი, სად იყავი? _ ტახტზე ჩამოვჯექი და ისიც გვერდით მოვისვი.

_ საქმე იყო, _ ისეთნაირად თქვა, არ მომეწონა.

ნიკაპქვეშ თითი ამოვდე და თავი ავაწევინე. კითხვა არ გამიმეორებია. ჩემი შემხედვარე მიხვდა, ადვილად ვერ დაიძვრენდა თავს და სიმართლის თქმა ამჯობინა.

_ დედაჩემის პადრუგა ვნახე.

_ შენ რა, ბაზრობაზე იყავი?

_ და. ოჩენ ზახატელა. მან ყველაფერი იცის, ანი ტოჟე ვსიო ზნაიუტ.

_ ვინ არიან «ანი»?

_ ჩემი დედა და ჩემი მამა. ია სკორა უიდუ.

_ რა-ა? _ ტახტიდან წამოვიწიე.

_ უსპაკოისია. ჯერ არა. ვოტ რებიონოკ რადიტსია და… მერე წავალ. დინა ნე ნუჟნა ტებია. მე ცუდი ვარ. მე ციგანკა ვარ…

_ კიდევ? _ კუშტად გავხედე.

_ ანი ჟდუტ მენია.

თვალები დავხუჭე. ვერაფერიც ვერ ვუთხარი. ან რა უნდა მეთქვა, როცა მე თვითონ არ ვიცოდი, რა იქნებოდა და როგორ. არადა, მინდოდა აქ დარჩენილიყო, ჩემთან ახლოს. მერე რა, ცოლიც მეყოლებოდა და საყვარელიც. მე ხომ არ ვიქნებოდი გამონაკლისი. ასობით ცოლიანი მამაკაცი ცხოვრობს დღეს ასე. არც ერთის რჩენა გამიჭირდებოდა და არც მეორის, მაგრამ, მეორე მხრივ, შიში მქონდა. ვაითუ, მერე შვილი უკან მოეთხოვა. რომ გააჩენს, იქნებ ისე გაუმძაფრდეს დედობის სურვილი, რომ… ბავშვიანად მოუსვას აქედან. ვერც გავამტყუნებ. ჩემზე კი ახი იქნება ყველაფერი.

_ არსადაც არ გაგიშვებ, _ მთელი გული ამოვაყოლე ჩემს ნათქვამს და მკერდზე მჭიდროდ მივიკარი.

777

პირველ ხანებში ძალიან განვიცდიდი ლიზიკოს ნაამბობს. ვერა და ვერ შევეგუე მისი წარსულის საიდუმლოს. მერე ნელ-ნელა გადამიარა. ძნელად, მაგრამ მიანც გადამიარა. ლიზა ისე შეიცვალა, ვერ ვცნობდი. დატკბა, დათბა და «კეთილი ჯადოქარივით» გამუდმებით სიკეთის ჩადენისკენ მიისწრაფოდა, ოღონდ ჩემთვის ესიამოვნებინა. მე კი ყველა მის სიტყვას, მოძრაობას, ქცევას მეტი გულისყურითა და ცნობისმოყვარეობით ვაკვირდებოდით. როგორც მერე გავაცნობიერე, სიგიჟის ნიშნებს ვეძებდი მასში. თუმცა კი ვერაფერი აღმოვაჩინე. არ იყო გამორიცხული, გაზვიადებული ყოფილიყო მისი მონაყოლი. შეიძლება შედარებით მუქ ფერებში დამიხატა საკუთარი წინაპრების «გენეტიკური სურათი». ასე იყო თუ ისე, მე უკვე შევეჩვიე ამგვარ სიტუაციას. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. ცხოვრება ძველებური რიტმით გაგრძელდა. იქნებ მოჩვენებითი ან ხელოვნურად იყო შექმნილი ეს ყველაფერი, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, ამაში ღრმად ჩახედვის სურვილი არ გამჩენია. რაც იყო, იყო. არაფრის შეცვლა არ მსურდა. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი დინა იყო, რომელიც ბავშვს ელოდა.

777

ამასობაში დრო გადიოდა… დინას მუცელი ეზრდებოდა და ეზრდებოდა. რაც უფრო ახლოვდებოდა მშობიარობის დღე, მით უფრო მოუსვენარი ხდებოდა პატარა მუცელში. ისეთ «დარტმებს» ახორციელებდა, მე და დინა სიცილით ვკვდებოდით.

ლიზიკო უკვე დავმოძღვრე. შეძლებისდაგვარად ყველაფერი ავუხსენი და შევამზადე დედობისთვის. გაფითრებული მისმენდა, ხმა არ ამოუღია. როცა საუბარი დავამთავრე, მხოლოდ ისღა იკითხა.

_ ვინ არის ის ქალი, მე ვიცნობ?

_ არა, არც შენ იცნობ და არც არავინ. აქაური არ არის.

_ ქართველია?

_ … ქართველია, _ შევყოყმანდი, მაგრამ მაინც მოვატყუე. მიმაჩნდა, რომ ასე იყო საჭირო. ხომ შეიძლება, ოდესმე წამომაძახოს, «ციგნის» შვილს ზრდიო. ასე სჯობს. რაც ნაკლები ეცოდინება, მით უკეთესი. მთავარია, დინა არ ნახოს სადმე. ეს, ალბათ, ოდნავ გაართულებს სიტუაციას.

თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც მოხდა… შემთხვევით, სრულიად შემთხვევით. ფოტოატელიეში მიმყავდა დინა სურათის გადასაღებად. პირადობის მოწმობა უნდა გამეკეთებინა მისთვის, რა თქმა უნდა, ყალბი. ლიზიკოს გვარ-სახელით უნდა გამეფორმებინა, რათა ბავშვი პირდაპირ ჩვენს შვილად დაწერილიყო. ამისთვის ლიზას პირადობის მოწმობა დამჭირდა და დილით, სანამ შინიდან გავიდოდი, გამოვართვი. როგორც ჩანს, შეეჭვდა და უკან გამომყვა… შემდეგ ყველაფერი უცებ მოხდა. დინას მანქანის კარი გავუღე თუ არა, ცხვირწინ აგვესვეტა. უნებურად შევკრთი. არ ველოდი. დინა გაოცებული მოგვჩერებოდა ორივეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს მიხვდა.

_ აქ რა გინდა? _ უკმეხად მივმართე ცოლს.

_ არაფერი, ისე გამოვიარე, _ თქვა და დინას წამოზრდილ მუცელს მახვილი მზერა დაასო.

_ წადი შინ, _ მკაცრად ვუთხარი.

_ ნუ გეშინია, სცენებს არ გაგიმ…

_ შინ წადი-მეთქი, ვის ვუთხარი მე! _ ხმას ავუწიე.

_ აკი ქართველიაო? _ არ ისვენებდა ჩემი მეორე ნახევარი.

_ ლიზა! _ მთელი ხმით დავუყვირე.

უსიტყვოდ გატრიალდა და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. დინამ ამოიოხრა.

_ შენ რაღა გჭირს? _ ახლა მას მივუბრუნდი.

_ ბაიტსია, _ თავი ლიზიკოსკენ გადააქნია.

_ შენ რა, არ გეშინია? _ გავუღიმე.

_ სამა საბოი, ნო მე სხვა რამის მეშინია.

_ რისი?

_ სმაგუ ლი ბეზ ტებია.

გული დამეთუთქა. ასე, ალბათ, ქალს არ ვყვარებივარ. რომ ვუფიქრდებოდი, განცვიფრება მიპყრობდა. რამხელა რამეზე წამოვიდა. რისი გულისთვის, ვისი გულისთვის? ამ შეკითხვის «სავარაუდო» პასუხებზე ფიქრიც კი არ მინდოდა. ვიცოდი მხოლოდ ერთი რამ _ მათ შორის ყველაზე «საპატიო» მიზეზი მისი ჩემდამი სიყვარული იყო. სწორედ ეს იწვევდა ჩემში სინდისის ქენჯნას…

777

საღამოს, შინ დაბრუნებულს, ოჯახური სცენები არ ამცდა. ლიზიკოს თავისი ბარგი-ბარხანა გაემზადებინა და სავარძელში მოკალათებული, აფორიაქებული ელოდა ჩემს გამოჩენას. გაკვირვებით გადავხედე სამგზავრო ჩანთებს.

_ ეს რას ნიშნავს? _ შუბლშეკრულმა ახლა მას შევხედე.

_ მგონი, ჩემი წასვლის დროა, _ სცადა, მშვიდად გამოსვლოდა.

_ საით შენი მგზავრობა?

_ დედაჩემთან. შენ ისეთ ქალთან დაგიჭერია საქმე, მე რაღა საჭირო ვარ. «ნიანკად» უნდა გამომიყენოთ? _ ზიზღით მესროლა.

ამრეზით გავხედე. დუმილი ვამჯობინე. ვაცალე, რას იტყოდა.

_ კი მაგრამ, სომხის მეტი ვერავინ ნახე ბავშვის გამჩენი? _ დამგესლა.

_ ის სომეხი არ არის!

_ აბა ვინ არის, თათარია თუ იეზიდი?

_ არც ერთი და არც მეორე.

_ ყოველ შემთხვევაში, ქართველობის არაფერი ეტყობა.

_ ლიზა, ნუ გამომიყვან მდგომარეობიდან, გთხოვ. ის ქალი შენ ხელს არაფერში გიშლის, არც ოჯახს გინგრევს ლა არც სახლს გართმევს. გააჩენს ბავშვს და თავისი გზით წავა. მას მხოლოდ ფული აინტერესებს. შენი მოვალეობაა გაზარდო შვილი, სხვა შენ არ გეხება, გესმის?

_ მე არ მეხება? აბა, ვის ეხება? ჩვენი ოჯახის საქმე მე არ მეხება? მთელი ცხრა თვეა, ვიღაც ქალთან დადიხარ, შეიძლება მეტიც და მე არ მეხება? _ გაწიწმატდა ლიზიკო.

_ შენ თუ არ გაწყობს ასეთი ცხოვრება, მაშინ შეგიძლია წახვიდე. მე არ გიჭერ, _ ვიპოვე გამოსავალი.

_ ესე იგი, მაგდებ, არა?

_ მომისმინე კარგად. თუ გინდა ოჯახის შენარჩუნება, თუ გსურს ვიყოთ ერთად და მშვიდად ვიცხოვროთ, დაეტიე აქ და მოთმინებით დაელოდე რამდენიმე კვირა. გაიგე? თუ არადა, სადაც გინდა, იქ წადი. არავინ გამოგეკიდება.

მომეჩვენა, თითქოს შვებით ამოისუნთქა. ვიცოდი, არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ეშინოდა ჩემი, არ გამეყაროსო. იგი ქალი იყო და, პირველ რიგში, მეტოქეს ხედავდა დინაში, თანაც საშიშ მეტოქეს. ეს კი უფრო ამძაფრებდა მის შიშს. ეჰ, დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი დინას ცოლად, რომ არა მისი ბოშური წარმომავლობა. არადა, ნამდვილად არ ვიყავი იმ ასაკის, სხვათა აზრისთვის ანგარიში არ გამეწია. მითქმა-მოთქმისა და ზურგს უკან ჭორაობის თავი არ მქონდა. ჩვეულებრივი ცხოვრება მინდოდა _ მშვიდი, წყნარი, ყოველგვარი ინტრიგების გარეშე.

ამაში კი, პირველ რიგში, ლიზიკო უნდა დამხმარებოდა.

777

_ ბიჭია, ბიჭი! _ მახარა სანიტარმა, ასლარიანი რომ ჩავუდე ხელში.

ვიცოდი, ბიჭი რომ უნდა დაბადებულიყო, მაგრამ მახარობლის თქმას სულ სხვა ეშხი ჰქონდა. ისიც სულ სხვა იყო, ნიკუშამ ჩემი გაბადრული სახის დანახვაზე შამპანური რომ «ააფეთქა».

გაბრუებული ვიდექი, ჯერაც ვერ მოვსულიყავი გონზე. თითქოს სიზმარი იყო ეს ყოველივე, ხანგრძლივი და სასიამოვნო სიზმარი.

ერთი საათი ვიყურყუტეთ მე და ნიკუშამ სამშობიაროს ეზოში. ორი ბოთლი დავცალეთ. სხვამ არავინ არაფერი იცოდა. არადა, მინდოდა ვინმეს სცოდნოდა. მერე ექიმი ვნახე.

_ ელგუჯა, ძალიან გაუჭირდა? _ მორიდებით ვკითხე გინეკოლოგს.

_ გაუჭირდა? ნუ მაცინებ, თუ ძმა ხარ. ხუთ წუთში დაბადა. გაჭინთვაც კი არ დასჭირვებია, ისე იმშობიარა. ხმა არ გაუღია საერთოდ. ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს, _ გაოცებისაგან მხრები აიჩეჩა კაცმა. თუმცა ის, რაც ელგუჯას გაუკვირდა, ჩემთვის ადვილი გასაგები იყო.

როგორც ჩანს, დინას ბოშურმა სისხლმა უყივლა და «ბოშურადაც» იმშობიარა _ ადვილად, უმტკივნეულოდ…

იმ ღამეს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, პირველად «ჩემს პრაქიტიკაში», დავთვერი ღვინით, შამპანურით, სიხარულით, ყველაფრით ერთად, ნიკუშასთან ერთად, უგონოდ დავთვერი.

777

ჩვილს მამაჩემის სახელი, გიორგი დავარქვი. დინა მეხუთე დღესვე გაწერეს სამშობიაროდან. სანამ გაწერის «რიტუალს» ჩაატარებდნენ, მე ფულების დარიგებას «მივყავი ხელი». უკმაყოფილო არავინ დამიტოვებია.

ყველაზე მძიმე ეტაპი ახლა იწყებოდა… ჯერ ერთი, რომ ბავშვი უნდა მენახა, ჩემი საკუთარი შვილი და მეორეც _ როგორ უნდა წარმართულიყო დღეიდან ჩემი და დინას ურთიერთობა. ამაზე ფიქრი მკლავდა. სამაგიეროდ, პატარა გიორგის ნახვის სურვილი მავსებდა. შეგნებულად არ ვნახე წინა დღეებში. მინდოდა, უფრო მძაფრად განმეცადა მამობის სასიამოვნო შეგრძნება.

…ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გიორგი არც წითელი აღმოჩნდა და არც ყვითელი. თეთრი, ქათქათა ბიჭი იყო, გრძელი შავი თმითა და გაბუშტული წითელი ტუჩებით.

_ ონ ტვოი, _ მითხრა დინამ და ჩვრებში გახვეული პატარა ხელში მომაჩეჩა.

მგონი, მუხლები ამიკანკალდა. უჩვეულო სუნი მეცა, უცხო, შეუცნობელი. ალბათ, რძის, ალბათ ჩვილისთვის დამახასიათებელი. აღელვებული დავყურებდი პატარა გიორგის და ვგრძნობდი, რომ მამა ვიყავი. მართალია, გამოუცდელი, მაგრამ, სამაგიეროდ მამა, რომელმაც დარწმუნებით იცოდა, რომ იმწუთიდან სიცოცხლეს გაწირავდა შვილის გულისთვის…

777

პირველი ორი კვირა გიორგის დინა უვლიდა. შემეცოდა, სამშობიაროდანვე ხომ არ «ავწაპნიდი» ბავშვს. არადა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მიჭირდა ამ თემაზე საუბარი. გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი. დინას, როგორც ჩანდა, ეს ყველაფერი გააზრებული ჰქონდა. ერთი დღე არ უწოვებია ჩვილისთვის ძუძუ. მაშინვე ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანა. ყოველ ოთხ საათში გულმოდგინედ უმზადებდა საჭმელს უხმოდ, უსიტყვოდ. იმ დღეების განმავლობაში ერთხელ არ გაუღიმია, სევდიანი იერი არ მოშორებია სახიდან. მიმძიმდა ამის ყურება, მაგრამ არც ის ვიცოდი, რა მომემოქმედა, როგორ მოვქცეულიყავი. ყოველ ჯერზე ისე მეფერებოდა, როგორც უკანასკნელად, თითქოს მორჩა, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო.

ეს დღეც მალე დადგა. თვითონვე მითხრა, უკვე დავიღალე ბავშვის მოვლით და დროა, შენს ცოლს წაუყვანოო. დაბნეულობა რომ შემატყო, დაამატა, გეხვეწები, წაიყვანე, ოღონდ მერე მობრუნდი, ამაღამ მარტო არ დამტოვოო. ყველაფერი გაამზადა, ჩაალაგა, ბავშვი ხელში დამაკავა და კარისკენ მიბიძგა, შენი წასვლის დროაო…

ლიზიკო ყოველდღე ელოდა გიორგის გამოჩენას. ამიტომ ჩემი დანახვა არ გაკვირვებია. ფრთხილად ჩამომართვა პატარა და გულზე მიიხუტა.

_ კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ოჯახში, _ ჩაიჩურჩულა და ცრემლმორეულმა ღიმილით გამომხედა, _ რა ლამაზი ბავშვია, სულ არ ჰგავს ახალშობილს.

_ ჰო, არ ჰგავს, _ მეც დავეთანხმე და შვებით ამოვისუნთქე.

777

დინასთან გვიან მივბრუნდი. ერთით კმაყოფილებას განვიცდიდი, ლიზიკომ ასე კარგად რომ მიიღო შვილი თუ შვილობილი. აშკარად გულწრფელად იქცეოდა, ბედნიერი დედის როლის თამაში და ნიღბის მორგება არ დასჭირვებია. მისი ყოველი ქმედება ბუნებრივი იყო. ეს მიხაროდა, მაგრამ… მედალს ხომ ორი მხარე აქვს… დინა? ასე მარტო რომ მივატოვე? ვინ იცის, როგორ მოუთმენლად ელის ჩემს გამოჩენას… ვინ იცის, როგორ უჭირს ახლა იქ უჩემოდ, უჩვენოდ… მივიჩქაროდი მისკენ და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი _ მოვხვეოდი, მოვფერებოდი და გულში ჩამეკრა ისე, როგორც არასდროს. მინდოდა ათასი ბოდიში მომეხადა მისთვის მიყენებული ტკივილისათვის და დავხმარებოდი ყველაფერში, რაშიც კი დავჭირდებოდი.

…ორიოდე ნაბიჯი და ფანჯრებიც გამოჩნდა… ჩაბნელებული, უშუქო ფანჯრები. მივხვდი, დინა იქ აღარ დამხვდებოდა. ვიფიქრე, აქედანვე გავტრიალდები-მეთქი, მაგრამ გულმა არ მომითმინა. ცნობისმოყვარეობამ მძლია. ოთახში შევედი. საოცარი სიჩუმე და სიცივე სუფევდა ირგვლივ. შუქი ავანთე.

საწოლზე კვლავ შევნიშნე წერილი. ავიღე. ისევ ისე, როგორ მაშინ, ერთადერთი სიტყვა ეწერა ქაღალდზე «იზვინი». ერთი სიტყვა და მორჩა. კარადას მივაშურე. ფული მოვიძიე. თან წაეღო. წავიდა… ასე უხმაუროდ, უპრეტენზიოდ, ჩუმად წავიდა. გაუჩინარდა ჩემი ცხოვრებიდან ისევე მოულოდნელად, როგორც გამოჩნდა…

777

წლები გავიდა. გიორგი უკვე ორი წლის გახდა. მას შემდეგ დინას არ შევხვედრივარ. არც არაფერი მსმენია მასზე. არც ის ვიცი, თბილისში დარჩა თუ თავის მშობლიურ მოლდოვაში გაემგზავრა. ყოველ შემთხვევაში, თვალი არსად მომიკრავს. ვინ იცის, კიდევ შევხვდებით კი ოდესმე ერთმანეთს? ყველაფერიც შეიძლება მოხდეს. იტყვიან, მთა მთას შეხვდებაო. რატომაც არა! ჩვენ ხომ მთები არ ვართ. ჩვენ ხომ ძალიან გვენატრება ერთმანეთი…скачать dle 11.3



№1  offline წევრი Bubu_02

ვაიმე დედა დედიკო :( ვაიმე გული :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent