შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიტყვები ოცნებობენ, რომ თითებს ჰგავდნენ.


25-04-2019, 20:13
ავტორი DEATH ANGEL
ნანახია 286

სიტყვები ოცნებობენ, რომ თითებს ჰგავდნენ.

დღეს დილით
სახლიდან რომ გამოვდიოდი,
ფეხსაცმლის ჩაცმისას,
თასმებში ჩარჩენილი ბალახი შევამჩნიე
და
ვიგრძენი,
რამდენად ცოტა ჰაერი,
სითბო
და
სინათლე იყო,
ფანჯრებ გამოღებულ,
მზიან ოთახში.

შევხედე გასწორებულ ლოგინს,
დაკეცილ ტანსაცმელს,
მოწმენდილ იატაკს
და
უცებ ძალიან მაგრად მომინდა,
ჩემს სულშიც შემოსულიყო დედა
და
მიელაგებინა.

ასეთ სურვილს შეუძლია დაგანგრიოს,
გაჩერებულ გულსაც ხეთქავს,
ოცნების გადაჭარბებული დოზა.

თვითგანადგურება,
საკუთარი თავისთვის იმის მტკიცებაა,
რომ ძლიერი ხარ.

გვერდს ვერ აუვლი,
რაც თვალწინაა
და
მაინც,
კილომეტრების გავლა გიწევს,
რომ მიწვდე.

არის რაღაც,
რაც მხოლოდ ღმერთს უნდა სთხოვო,
რასაც მთლიანი გული სჭირდება.

არ ვიცი,
არის თუ არა, ეს ის მომენტი,
როცა სასოწარკვეთას შეუძლია გადაგარჩინოს,
რადგან თუ გინდა გახდე უკეთესი,
ჯერ უნდა მოკვდე როგორიც ხარ,
მაგრამ მკვდრეთით აღდგომა უფრო დიდი ტანჯვაა,
ვიდრე სიკვდილი.

არ მაინტერესებს,
რამხელა ცეცხლის დანთება შეუძლია,
ერთ გაღვივებულ ნაპერწკალს,
მე ვფიქრობ იმაზე,
რამდენი კვამლი ეტევა,
ერთ ჩამქრალ ნაპერწკალში.

იქ კი,
სამასი ქუჩის გადაღმა,
ჩემი მეგობარია ჩაძირული,
ხელი არავინ გაუწოდა,
საკუთარ გულს მოეჭიდა
და
ჩაუწყდა.

ასეა როცა დანაღმულ ბილიკებს კვალავ
და
ამისთვის გაკრავენ ჯვარზე.

შეუძლებელია შველა,
როცა სიყვარულისგან კვდები.

პოეტებს არ ჰყავთ,
ბედის გამზიარებლები.

როგორც ყვავილი მოწყვეტისას,
მიწაში ტოვებს საკუთარ ფესვებს,
ისე ტოვებენ ტკივილები სხეულში ნერვებს,
ლექსები კი ტკივილების საყვავილეა,
არ შეიძლება მათი გადარგვა,
ისინი მხოლოდ უნდა ითმინო,
ან გააყუჩო.

და
როცა სევდაში მეტი სიმშვიდეა,
ვიდრე სიხარულში,
შეგიძლია საკუთარ თავს ჰკითხო,
ბევრი არაფერი,
მხოლოდ ტანჯვა რომ მოვაცილოთ,
რა დარჩებოდა სიყვარულისგან...




შენ ხარ - მიყვარხარ
და
მე ვარ
ვინც ამ სიტყვას ვერ გეუბნება...

ვისაც არ შეუძლია,
მოვიდეს
და
უბრალოდ, გითხრას,
ვისაც ეშინია,
რომ თავისს გაგხდის
და
ამით დაგკარგავს,
ვინც უფრთხილდება იმ სამყაროს პატარა ნამცეცს,
რომელიც შენ ხარ
და
ცდილობს,
რომ შეგინარჩუნოს,
მოუპოვებელი ბედნიერება.

შენ ხარ წყალი,
რომელსაც შეუძლია დამახრჩოს,
მაგრამ არ შეუძლია მომიკლას წყურვილი.

შენ ხარ მზე,
რომელიც მწვავს, მაგრამ ვერ მათბობს.

შენ ხარ ჰაერი,
რომელითაც ვერ ვისუნთქებ,
მხოლოდ ამოუსუნთქავად უნდა ჩავისუნთქო,
იქამდე სანამ ფილტვებს არ დამიხეთქავს.

შენ ხარ ცა,
რომელშიც ვერასოდეს ვიფრენ.

შენ ხარ ზღვა,
რომლის ტალღებიც მუდამ სიღრმისკენ მითრევს
და
ცოცხალს არასდროს არ გამომრიყავს ნაპირისკენ.

სისხლი ხარ,
რომელიც მაშინ იწყებს მოძრაობას,
როდესაც ვენებიდან გამოუშვებენ.

შენ ხარ მიწა,
რომელშიც ჩავიმარხები,
მაგრამ არასდროს არ მიმაქცევს მიწად.

შენ ხარ ხელები,
რომლებიც ვერაფრით ვერ ჩავკიდე ერთმანეთს
და
მუხლები,
რომლებიც ვერ დავაჩოქე თნაბრად,
რომ მელოცა,
ეს ლოცვაც შენ ხარ.

შენ ხარ ღამე,
რომელსაც ვერ გავათენებ ვერასდროს
და
დღე რომელსაც ვერ დავაღამებ.

თვითონ ხარ მოლოდინიც და სიშორეც.

შენ ხარ ჩემი ნერვებით დაწნული ყულფი,
რომელშიც თავის ნაცვლად გული უნდა გავყო.

შენ ხარ გზა,
რომელსაც არც შენთან მოვყავარ, არც შენგან მივყავარ,
რომელიც შენი სულის გარშემო ტრიალებს წრეზე.
ჩემი ნაბიჯების საზიზღარი ხმა,
რომელიც ვერასოდეს დააყრუებს
იმ ცარიელ ქუჩას რომელიც შენ ხარ.

შენ ხარ სიმარტოვე,
რომელიც ჩემს სულზე მეტია ჩემივე სხეულში
და ის სიკვდილის შემდეგაც არ დამტოვებს მარტოს,
იმდენად უნაკლო ხარ,
რომ სრულყოფილება არ შეგიძლია
და
მე ვიქნები შენი ნაკლი.

შენ ხარ სიჩუმე, რომელიც მარღვევს.

შენ ხარ ფანჯარა,
რომლიდანაც ვერასდროს ვერ გავიხედავ,
ვერც გამოვაღებ
და ვერც მის ფარდებს ამოვეფარები.
შენ ხარ ფანჯარა,
რომლიდანაც უნდა გადავხტე.

შენ ჩემი ავადმყოფობა ხარ,
რომელიც მაშინ იკურნება, როდესაც კლავს.

შენ ხარ სიცოცხლე,
რომელიც შეიძლება, მხოლოდ მინდოდეს.

შენ ხარ სინათლე,
რომელიც ვერასოდეს ვერ მოაღწევს ჩემამდე
და ვერ გამინათებს ვერც ოთახს, ვერც გზას,
რომელსაც მუდამ შორიდან უნდა ვხედავდე
და მხოლოდ უნდა მეგულებოდეს,
მიუწვდომელი,
როგორც ცაში ვარსკვლავები,
როგორც სულში ღმერთი.

შენ ხარ ყველაზე ხელთუქმნელი,
თანდაყოლილი
და
თვითმყოფადი რამ ჩემში.

შენ ხარ...
და
მე შემიძლია მხოლოდ ვიოცნებო შენზე.



ზოგჯერ ხდება,
რომ
მაგრად არ გინდა,
ძალიან მაგრად
და
მაინც, გაერევი, შენთვის უცხო,
გაუგებარ, მიუწვდომელ ხალხში
და
ნელა აფრენ,
ძალიან ნელა,
იმდენად ნელა,
რომ
ნერვოზში გადაგდის,
გარედან ინგრევა შენი შინაგანი სამყარო
და
ეს ზოგჯერ კი არა,
ყოველდღე ხდება,
საკუთარ სახლში,
საკუთარ ქუჩაში,
საკუთრ ქალაქში,
საკუთრ თავში.

შუშის ნამსხვრევებივით ყრია ადამიანები
ასფალტის პლანეტაზე
და
უცხოპლანეტელები ფეხშიშველი დადიან.

წიგნებიდან დაზეპირებული ცხოვრება,
ცხოვრებიდან დაზეპირებული წიგნები.

სისულელეა.
თვითონ, ეს სიტყვაც სისულელეა.

თეორიულად ყველა მკვდრები ვართ.

ისევ ის სიტყვები მიტრიალებში თავში,
,, როგორები ვიქნები, თუ გადავრჩებით.“
თუმცა იმ ფილმში,
ყველა მანამდე იღუპება, სანამ მთავრდება.

ვერ უხსნი,
ვერ აგებინებ,
რომ
ცხოვრება შენი საქმე არ არის,
რომ
სხვებმა იცხოვრონ,
რომ
შენ მხოლოდ იბრძვი
და
უნდა იბრძოლო,
შიშველი ხელებით,
შიშველი თვალებით,
შიშველი გულით,
რომ
ცხოვრება თავისით გაგრძლედება,
შენ
უფრო მეტის სურვილი გაქვს,
სიცოცხლე გინდა.

შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
სიგარეტი ვეღარ გთხოვონ
და
მოერიდოთ,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
გზაზე გადასვლისას
შუქნიშნის ანთებულ ნიშანს დაელოდო,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
ხულიგნებმა ხულიგნურად ვერ გაგიმეტონ,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
თვითმკვლელობა გადაიფიქრო,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
მოგწყინდეს სიგიჟე,
შენ არ იქნები იმდენად ბებერი,
რომ
სიბერემ მოგლაკს.

თითქმის ყველა პროტესტი ღმერთისკენ არის მიმართული,
ტკივილი მხოლოდ მიზეზია
და
არა გამართლება.

ყველა ღმერთის გაადამიანურებას ცდილობს,
ვისაც
განღმრთობა არ შეუძლია,
სასაცილოა.

ნუ დაავიწყებ მუხლებს მიწას,
ზოგჯერ
ხომ
სალოცავად მოდრეკილი მუხლები,
ცისკენ საოცნებოდ აპყრობილ თვალებს ჰგავს,
რაღაცით
ძვლების სიღრმეში
და
არა გულის.

ვინ დაგაძალა სიყვარული,
მოთმინება,
ან
სიმარტოვე.

ახედე ცას
და
იოცნებე.

შენი ბრალია.




წარმოდგენა არ მაქვს,
რატომ ხდება ასე,
თითქოს მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვეძებთ,
თითქოს ვპოულობთ კიდეც,
მაგრამ ვეღარ ვინარჩუნებთ,
რადგან ადრე თუ გვიან ვხვდებით,
რომ სანახევროდ გვემეტება ჩვენი თავი
და რადგან გაცემულ ნახევარს უკან ვეღარ დავიბრუნებთ,
გვინდება მთლიანად თავი დაგვანებონ.

ვეძებთ იმას, ვისთანაც მივალთ და მოვუყვებით,
როგორ დაგვღალა ცხოვრებამ,
როგორ დაიწრიტა და აორთქლდა სიხარული,
რომელიც ისედაც ძალიან ცოტა იყო,
როგორ დაგვავიწყდა ბედნიერება,
დიდი ხნის უნახავი მეგობარივით,
როგორ აღარავინ გვენატრება,
როგორ აღარავის ვენატრებით,
როგორ გვინდა ვინმე ისეთ ვუყვარდეთ,
ღამეებივით რომ გვიტეხს ოცნებებს
და ყველა ნამდვილს აფერმკრთალებს ჩვენ გარშემო,
ვეძებთ იმას, ვინც ამ ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს
და ვერ მიხვდება, რომ ჩვენ უბედურებაც ვაქციეთ ნიღბად,
რომ სინამდვილეში სამუდამო ნავსაყუდელი კი არ გვჭირდება,
არამედ კედელზე მაგრად მიჭედებული ლურსმანი,
რომელზეც ჩვენს ყველა სიმძიმეს დავკიდებთ,
შევატოვებთ და უკანმოუხედავად,
თავისუფლად გავაგრძელებთ გზას.

ოდესღაც ჩვენც ცოცხლები ვიყავით,
ოდესღაც წმინდანებიც ოცნებობდნენ.

როგორ ძალიან გვინდა,
ერთმანეთთან მივიდეთ,
თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ,
რომ მეტი აღარ შეგვიძლია, რომ ჰაერიც კი აღარ გვყოფნის, რომ ვიხრჩობით,
მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ის, ვინც დაღუპვის უფლებას არ მოგვცემს,
ჩვენ ვეძებთ იმას, ვისაც ხელებს შევაწმენდთ და საკუთარ სისუსტეებს დავაბრალებთ,
ჩვენ ვეძებთ იმას, ვისთანაც თავის მართლება შეგვეძლება,
რადგან გვინდა, რომ გარშემო რამე შეიცვალოს,
მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენში,
მით უფრო უკეთესობისკენ.
სინამდვილეში არაფერს ვაკეთებთ,
ვდგავართ და ვკვდებით,
არა და ჩვენ ხომ ყველაფერი შეგვიძლია,
სიკვდილის გარდა,
მაგრამ არაფერი გამოგვდის კვდომაზე უკეთ.

სასაცილოა.
ვეძებთ და ვპოულობთ ერთმანეთს
მხოლოდ იმისთვის,
რომ შემდეგ თავი დავანებოთ.

ადამიანები ცუდად არიან,
მათ აკლიათ სითბო,
სინათლე,
სიყვარული,
სიხარული,
ბედნიერება
და არ იციან, კარგად როგორ უნდა გახდნენ.

ადამიანებს ერთმანეთი აკლიათ
და მათ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ ერთმენთს,
მაგრამ ის მუდამ იმხელაა,
რამხელა მანძილიცაა დაბადებიდან სიკვდილამდე.



დგები,
ტოვებ საკუთარ თავს და მიდიხარ...

ტოვებ მძინარეს,
როცა ჭერი ენგრევა თავზე,
ოთახში სადაც მას არავინ გამოაღვიძებს.

ტოვებ ჩახარშულს
მას საკუთარ სიმარტოვეში,
შეზრდილს კედლებში,
მაგიდაში, სკამებში, ტახტში,
ან იატაკში, საფერფლეში, ბოთლში, თუთუნში,
როდესაც უკვე იმ სიჩუმის ქსელში ეხვევა,
რომელიც თვითონ ჩამოაგდო და ვეღარ არღვევს.

ტოვებ მთვრალს,
მიყუდებულს ლამპიონებზე,
ან გაუქმებულ შუქნიშნებთან,
ან დასაცლელ ნაგვის ურნებთან.

ტოვებ ავადმყოფს,
როცა ძვლები ემტვრევა ტანში,
როცა ძარღვებში უდედდება ფერმკრთალი სისხლი,
როცა თვალები უცვივდება,
როცა ნერვები დაწყდომის ნაცვლად ეწელება მიწიდან ცამდე,
როცა ძარღვები ეკვანძება,
როცა ვენები უთხელდება,
როცა ახველებს, როცა სცივა, როცა სწყურია, როცა იხრჩობა,
როცა კვდება,
როცა სიცოცხლე ძალიან უნდა
და მაინც როცა ჯანმრთელობა ჰკიდია ფეხზე.

ტოვებ გზაში მას რომელიც მიდის არსაით
და მაინც მიჰყავს ამ გზას მისი არავინად ქცეული მგზავრი.

ტოვებ თვეების გაუპარსავს და წვერმოშვებულს,
დანერვოზებულს
საკუთარი უმოქმედობით,
რომ ფანტაზია რაც გააჩნდა დახარჯა უკვე,
რომ იმის ძალაც აღარ შერჩა სიყვარული გამოიგონოს,
რომ ოცნებები დაემსგავსნენ წუხანდელ პეპლებს
ფანჯარა რომ სხვამ გამოუღო,
რადგანაც შუქი მის თვალებში ჩამქრალი იყო.

დგები,
ტოვებ საკუთარ თავს და მიდიხარ,
სხვა სამყაროში,
სხვა სივრცეში,
სხვა პლანეტაზე
და როცა ამ ცხოვრების ატმოსფეროს გაცდები
და უჰაერობას ფილტვებით კი არა კანით იგრძნობ,
მიხვდები, რომ სკაფანდრი დაგვიწყებია
და უფრო მეტსაც მიხვდები,
რომ არ არსებობს სხვა დრო და სხვა ადგილი,
სხვა სხეული და სული, რომ ხარ აქ და ახლა,
რომ წარსულიდან სიხარულზე მეტი ყოველთვის სინანული დაგრჩება,
მომავლის კი იმედზე მეტად შიში გექნება,
რომ არ არსებობს ახალგაზრდობა და სიბერე,
რომ მხოლოდ დაბადება და სიკვდილია
და რომ სიცოცხლე გაცილებით მეტია, ვიდრე სულიერად ყოფნა,
რომ თვითონ სჭირდები საკუთარ თავს სკაფანდრივით
ამ ცხოვრების ვაკუუმში.



უცნაურია,
რაც უფრო მარტო ვარ,
მით უფრო არ მყოფნის სიმარტოვე.

რატომ ხდება,
რომ საკუთარ თავთან საუბარს
პირველი ყოველთვის მე ვიწყებ ხოლმე,
ხომ შეიძლება,
ერთხელ თვითონ მოვიდეს და გამომელაპარაკოს,
ზრდილობის გამო მაინც მოვუსმენდი.

თითქოს ჩემი სიგიჟე ასეთია,
რომ ხელებზე ეკლები მაქვს ამოსული
და გაბერილი ბუშტი ისე მიჭირავს,
არ სკდება.

ფსიქიატრიულიდან გამოსულს,
როცა ჯიბეებში ძლიერმოქმედ ფსიქოტროპულ აბებს ვიწყობდი,
არასდროს მქონია ის განცდა,
რომ ჯიბეები ვარსკვლავებით მაქვს სავსე.,
პირიქით თავს ნაღმზე შემდგარივით ვგრძნობდი
და მიუხედავად იმისა, ისინი მჭირდებოდა თუ არა,
პირველივე ნაგვის ურნაში ვყრიდი.

ჩემი ფსიქიატრი კარგი ქალია,
ის სულაც არ ჰგავს მედდა რეტჩედს,
მაგრამ ვინ იცის,
აქ ჯერ არავინ გადაფრენილა გუგულის ბუდეზე.

დღეს ისე წავყევი გზას, როგორც ძილს
და უცხო ქუჩაზე გამომეღვიძა,
თუმცა იმ ნამდვილი ძილისგან განსხვავებით,
აქ უკან დაბრუნება შემეძლო,
სიზმარივით მახსოვს მხოლოდ ის, როგორ ველოდი წვიმას,
ის კი საყვარელი ქალივით იგვიანებდა,
რაღაც მტკიოდა, მაგრამ არც მისი დამალვა შემეძლო
და არც გამოხატვა,
იმათ მსგავსად, ვისაც არ ახსოვს, რომ ცოცხალია,
მაგრამ გრძნობს, როგორ საშინლად კვდება.

მერამდენედ ვიმეორებ გულში,
საბოლოოდ, უმისამართო სიარულიც დაგღლის,
რადგან შენთვის მანძილი იზომება იმით,
რამდენსაც გაკვალავ და არა ისე გაკვალულზე რამდენს გაივლი,
შემდეგ სხვაგვარი გზა მიგიზიდავს,
ნაბიჯების და ფიქრის გარეშე,
მოგინდება დაეყუდო, ადგილიდან აღარ გაინძრე
და ტერფები ლოცვით დაგისკდეს,
ქუსლებმა ამოიღონ ხმა.

როცა ვლოცულობ,
ღმერთს ყოველთვის ვთხოვ მიტევებას, ცოდვათა ჩემთა
და მერე ათას სისულელეს, კეთილი გულის სურვილებით,
მაგრამ ღმერთს თუ რამე ვთხოვე, განა ყველაფერი ვილოცე,
თუნდაც, ღმერთისთვის ერთი ღერი სიგარეტიც კი მითხოვია.
ღმერთს ყოველთვის ესმის ჩვენი,
ეს ჩვენ ვერაფრით გავუგეთ მას.

რა იქნებოდა,
ისე გულწრფელად ვლოცულობდე,
როგორც ვოცნებობ
და ისე ჩუმად ვოცნებობდე,
როგორც ვლოცულობ.

განა ყველაფერს შევეხე, რასაც მივწვდი,
განა ყველაფერი ჩემკენ მოვზიდე, რასაც შევეხე,
განა ყველაფერი დავიტოვე, რაც დავისაკუთრე.
უბრალოდ, ხეების განუყრელ ნაწილად,
თანდაყოლილ ფოთლებზე და ტოტებზე მეტად,
ყოველთვის ჩიტები მიმაჩნდა.

ადამიანებივით მოდიან და მიდიან ლექსები,
ოცნებებივით იბადებიან და კვდებიან,
ღამესაც შეუძლია მიგატოვოს,
ყველაზე საჭირო ადგილას.

დრო უფრო სწრაფდება,
შენი პაუზის მოლოდინში.

რამდენი დღეა რაც განზე დგახარ,
რაც მიატოვე ეს მომაკვდავი ფორიაქი,
საყოველთაო სისულელე,
რამდენი დღეა რაც სიცოცხლეზე დროებითი ხარ,
შენ დაბრუნდები,
მაგრამ არა მათთვის, ვინც ახალ შედევრს ელოდება,
შენ დაბრუნდები შედევრების მისატოვებლად
და ფეხებზე გკიდია, მერამდენე აღიარებას დაგახვედრებენ.

არა და საკმარისი ძალა გქონდა თავი მოგეკლა,
საკმარისი გამბედაობა თავს მოეკალი,
შენ კი ადექი და სისხლი ისევ მკვდარს გადაუსხი,
ვერ ეგუება მოკვდავის სიცოცხლე უკვდავის ქმედებებს.

შენი ცხოვრება გიჟის სიცილია,
არ შეიძლება ვინმემ გაგიგოს.

უყურებ ასფალტს, რომელსაც ღრუბელს ამსგავსებ,
და გული გწყდება, მართლა ღრუბელი რომ არ არის,
რადგან მის ქვეშიდან ვეღარასდროს გამოაღწევს ბალახები,
როგორც ღღუბლებიდან მზის სხივები.

როგორი მძიმეა ცა, როცა არ ოცნებობ.

ჰო,
ერთხელ ისიც მომივიდა აზრად
სახე მზისთვის მიმეშვირა,
ისე ძვრებიან სინათლის სხივები
ჩემი თვალების გუგებში,
როგორც ნემსის ყუნწში ძაფი,
ვუყურებ ცას და გახეულ ადგილებს ვკერავ.

შეუძლებელია გაიგო,
მავთულზე გულუბრყვილოდ მჯომ ჩიტს
როცა თოფს უმიზნებენ,
რატომ არ აფრთხობს ღმერთი,
ის ხომ თვითონ ვერაფერს ხვდება,
მაგრამ იქნებ დაფრთხობაში არ არის მისი გადარჩენა,
ვინ იცის,
უბრალოდ, მისი სიკვდილი არასოდეს არ იქნება ღმერთის ბრალი.

მე ვუშვებ ჩემს ხმას ვარსკვლავების მიმართულებით,
ახლა ამის დრო არ არის,
არასდროს არის იმის დრო,
რაც მინდა, მაგრამ ვაკეთებ.

ყოველთვის სხვებზე მეტს ვკარგავ,
რადგან არაფერი მაქვს დასაკარგი.

ხშირად მჭერია სხვისი ხელი,
მაგრამ ყველაფერს მაშინ მივხვდი,
როცა ჩემი ხელი დაიჭირა სხვამ.

ხდება,
რომ მიწას შორდები
და ცისკენ ვერ მიდიხარ,
ამ დროს საშინელებაა იოცნებო.

მე თავი დავანებე ყველაფერს
და ვცადე,
არანორმალური ძალით გამეგრძელბინა სიცოცხლე,
არ გამომივიდა.

შეუძლებელია იმან დაგღალოს რაც გიყვარს,
სიყვარულმა არ იცის დაღლა,
მაგრამ არც გასვენებს.

ადამიანში უნდა იყოს,
რაღაც ისეთი უფლის გზებივით ამოუცნობი,
სხვაგვარად ყოფნა მე უბრალოდ არ შემიძლია.

ნეტა ჰაერის მიტანა
წყალივით შეგვეძლოს ერთმანეთისთვის.



მე ფეხით მოვედი შენთან,
მაგრამ
შენ მხოლოდ ის შეამჩნიე,
რომ
ტალახიანი ვიყავი.



შენ მოხვედი ჩემთან
და ჩემი ჯერ არდაწერილი ლექსი მომიტანე.

ამ ნაწერს შენი სახელი ჰქვია.

ის შენს თვალების,
ან თმის ფერზე უფრო დანთაყოლილია შენთვის,
შენ რომ ის საკუთარ თავში აღმოგეჩინა,
მე უნდა გეპოვნე.

არაფერია ჩემში
შენს სივყარულზე მეტად
პირველყოფილი, ველური და წმინდა.

ვკოცნი შენს თითებს
და ვფიქრობ,
რას გრძნობენ ბალახის ღეროები,
ან ხის ტოტები,
როცა ერთმანეთს ეხებიან?
მზესუმზირები იზრდებიან
ჩემი კანის ქვეშ, როცა მეხები.

მინდა, გთხოვო, რომ არ გაიხედო გარეთ,
იქ არეული ამინდია,
მაგრამ ვერც ჩემი დასახიჩრებული სულისკენ გატრიალებ,
იქნებ, მხოლოდ ამინდები გაშინებდეს,
ამინდები, რომლებიც მე ასე მიყვარს,
ამინდები, რომლებიც შენ ჩემ თავს გართმევს.

ვიცი, ადვილი არ არის, ასეთი გიყვარდე,
მაგრამ კიდევ უფრო ძნელია,
ჩემში რამე დადებითს მიაგნო,
სისხლის ჯგუფიც კი უარყოფითი მაქვს.

შემოდი ჩემს ფილტვებში
და სამუდამოდ დარჩი,
იქ სადაც ჟანგბადიც კი ვერ ჩერდება დიდხანს.

შენ მზად არასდროს იქნები,
იმისთვის, რომ გული გატკინო.

სად გადის შენი ტკივილის ჰორიზონტი?
ჩემი ტკივილის ჰორიზონტი ჩემს სხეულს სცდება.

იშრიალეთ ჩემო ხელებო ჩემი ნერვების ქროლვისაგან,
ჩემი თვალები ხომ ტკივილის აბებია
და არა ტკივილგამაყუჩებლები,
ქუთუთოების ყოველი შეხებისას
რომ ვყლაპავ და ზოგჯერ ცრემლს ვაყოლებ.

ათასი საძაგლობა ხდება ამ ქალაქში,
ათიათასი უხილავი ორმოთი
და ხიფათითაა ქუჩები დანაღმული,
ბედი მავთულხართივითაა გამობმული ყოველ ნაბიჯზე,
მაგრამ როდესაც შენზე ვფიქრობ
და მივდივარ,
არცერთში ჩავვარდები ხოლმე,
არცერთს გამოვდებ ფეხს,
თითქოს სიკვდილისგან მიცავ.

მინდა, სულ მელოდებოდე,
მაშინაც კი როცა შენთან ვარ.

მირჩევნია, მყავდე
და არ შემეძლოს შენი ატანა,
ვიდრე უშენობის აუტანლობა მტანჯავდეს.

ამ ქალაქში
ცათამბჯენების სახურავებიდან კი არა,
შენი თვალებიდან იწყება ცა.

ზოგჯერ, მგონია,
რომ ცა სიცივისგან გალურჯდა, გაიყინა
და სადაცაა ჩამოიმსხვრევა.

წვიმს და ვინ იცის,
იქნებ წვიმასაც ეშლება რამე,
იქნებ დაეცა არასწორად თუნდ ერთი წვეთი სადმე, მინდორში, მხარზე, სახურავზე,
მას ვეღარავინ შეასწორებს.
წვიმს და ვინ იცის...
მე კი ვდგავარ და სახეს ვუშვერ,
ქუთუთოებს კი
ნაპირზე გამორიყული თევზის ლაყუჩებივით ვამოძრავებ.

წვიმს, მოუსმინე, წვიმა ქუჩის მუსიკოსია,
მას უკან ვეღარ გადმოახვევ.
ის ცოცხალია, თუმცა პეპლებზე სწრაფად კვდება.

ის სიზმრები მახსენდება,
მზესუმზირის ყანაში ღამით რომ ვსეირნობდით მე და შენ.

წვიმს და რადგან ეს წვიმა შენ თავს მანდომებს,
ეს წვიმა ჩემია.

წვიმს და ჩემს წვიმას,
შენი თმების
და მხრების
და თვალების ხმა აქვს.

ის შიშვევლია,
თუმცა ახლა მხოლოდ მე ვხედავ წვიმის სიშიშვლეს.

იქნებ საბოლოოდ შევიშალე,
იქნებ გიჟი ვარ
და თუ ასეთს ვეღარ ამიტან,
მინდა იცოდე,
რომ ჩემი სიგიჟე შენ გეძღვნება.

მზეს სულს ვუბერავ,
მზეს ჩემს ყვითელ ბაბუაწვერას,
რომ წამოვიდეს სითბო შენი მიმართულებით,
ახლა ღამეა და ამისთვის არავის სცხელა,
მეც მხოლოდ ვფიქრობ სითბოზე
და თუმცა ღამეა,
სინათლეზე არ მეფიქრება,
სინამდვილეში, ღმერთმა იცის, ვფიქრობ თუ ვყვირი.

მინდა, რომ ლავიწებზე ცა დაგახატო
და მზე შენი ყელიდან ამოვიდეს.

შენი თითები იმ დღეების სანიშნეებია,
რომლებშიც ცოცხალი ვარ.

დარჩი ჩემთან,
როგორც
ბავშვის ოთახში დატოვებული სინათლე.



როცა ადამიანს სჭირდები,
სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყო,
უკან დასაბრუნებელი გზის ჩათვლით
და მიხვიდე მასთან,
ერთი წუთითაც არ უნდა მიატოვო,
ერთი წამითაც არ უნდა გაიხედო სხვა მხარეს,
იქნებ, ის წუთია,
იქნებ, ის წამია _ საბედისწერო..
რადგან დრო არასდროს ჩერდება,
მიდის და მიგვითრევს,
რომ შანსი არსებობს მხოლოდ აქ და ახლა,
რომ მერე ყოველთვის გვიან არის,
რადგან ხრამის გვერდის ავლა მხოლოდ მანამდე შეგვიძლია სანამ წინაა,
რადგან შიგნით გადაჩეხილები,
ან უნდა ჩავიმარხოთ,
ან ამოვბობღდეთ და დამტვრეულებმა გავაგრძელოთ გზა,
რადგან მისი სიღრმე ჩვენი შეცდომებით იზომება,
რადგან მხოლოდ წარსულზე ვაგებთ პასუხს,
რადგან საკუთარ თავთან ვეღარაფრით ვიმართლებთ თავს,
მას ყოველთვის გამოვუტყდებით,
რადგან არ არსებობს, იმაზე დიდი სინანული,
ვიდრე შეგეძლო სხვისი ტკივილის შემსუბუქება და გაერიდე.



ისეც ხდება,
რომ ბედნიერ წუთებს იხსენებ,
ისინი კი,
მხოლოდ ტკივილს გაყენებენ.

მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ,
სიცარიელე დატოვონ
და გაგრძნობინონ,
როგორ იპყრობს
ჯერ კიდევ სიყვარულისგან მიუწვდომლად დარჩენილ ადგილებს გულში.

უცნაურია,
რატომ არ ჰგავს დამშვიდობება და დამშვიდება ერთმანეთს.
სიმშვიდისგან რამხელა მანძილი აშორებს ორივეს.

რამდენი საყვარელი
და ძვირფასი ადამიანია გარშემო,
რომლებმაც პირველი შეგიყვარეს
და მას შემდეგ რაც გული გაუღე,
დაგტოვეს, წავიდნენ...

მათ აღარ ახსოვხარ,
მათ ისიც კი არ ახსოვთ,
რომ ძვირფასი
და საყვარელი ადამიანები იყვნენ.

შენ ფიქრობ იმაზე,
რომ ყოველ მათგანს შეუძლია დაბრუნება,
რომ თუ დაბრუნდნენ,
არც გასაღები არ დასჭირდებათ
და აღარც კარზე დაკაკუნება,
რომ თუ გული ერთხელ გააღე,
ვეღარ დაკეტავ,
ვერც ჭრილობასავით შეახორცებ ერთმანეთთან მის გახლეჩილ მხარეებს
და ადრე თუ სუფთა ჰაერს ეწაფებოდი მის ვიწრო ბზარებში,
და იქიდან შენში შემოჭრილ სინათლის სხივებს უშვერდი სახეს,
ახლა მხოლოდ სიცივე, ქარი და წვიმა შემოდის
და თუ ახლა რამეს შეუძლია შენში ანთება,
არც სულს, არც თვალებს,
მხოლოდღა ფილტვებს.

ყველა წასულს შეუძლია დაბრუნება,
შენი გული მუდამ ღიაა,
უბრალოდ, როცა დაბრუნდებიან
და კვლავ შიგნით შევლენ,
შენ იქ აღარ დახვდები,
ისე როგორც მკვდარი ადამიანის მფარველი ანგელოზი არ რჩება მიწაზე,
მაგრამ შენს არყოფნაზე მეტად ის გაშინებს,
რომ თვითონვე ჩაიძირებიან იმ სიცარიელეში,
რომელიც დატოვეს.

გული თუ სახლია,
ვინც იქიდან მიდის,
არავინ ამოწმებს კარი ჩაკეტა თუ არა,
ან ფანჯრები ხომ არ დარჩა ღია.

ისინი მხოლოდ მოგონებებს ტოვებენ,
ჩართული უთოსავით,
გაჟონილი გაზივით,
მოშვებული ონკანივით.

იქ აღარაფერია მათთვის ძვირფასი
და დასაკარგი.

ასე დარჩენილი გული კი
უკუთვლით იწყებს ფეთქვას.



ლაშა მარგიანი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



უბრალოდ საოცრებაა!!!!!!!!!!

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.