შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (1)


2-07-2019, 19:45
ავტორი omexi
ნანახია 648

დეტექტივობანა - (1)

პროლოგი

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ოთხმოცდაათიან წლებში დაგაბრუნებთ: - «შავ-ბნელ ოთხმოცდაათიანებში», როცა 4G ინტერნეტის, სოციალური ქსელების, სმარტფონების, ჰიბრიდული ავტომობილების, მინიატურული დრონებისა და ნანოტექნოლოგიის ერა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივა იყო, როცა ახლადმოპოვებულ დამოუკიდებლობას კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი ძირგამომპალი ხელისუფლება ლაფში სვრიდა.
ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ახალი ცხოვრების საშუალება მისცემოდათ და დამოუკიდებლობის ხიბლი შეეგრძნოთ, საბჭოთა კავშირის ნარჩენებიდან მოვლენილი აგენტები, რომლებიც ოსტატურად მოკალათებულიყვნენ ხელისუფლების ზემდგომ ეშელონებში ცდილობდნენ ჩანასახშივე ჩაეკლათ ახლადაღმოცენებული პატრიოტული სული.
დაგაბრუნებთ ოთხმოცდაათიანებში, რომელიც ყოველთვის 9 აპრილთან, შინაომთან და გაჭირვებასთან ასოცირდებოდა. სწორედ იმ დროს, განუკითხაობა პიკს რომ აღწევდა, კრიმინალი დაუმორჩილებელი და დაუსჯელი გახლდათ, სამართალდამცავი ორგანოები კი კორუმპირებული.
როცა მეცხრე ბლოკი სისტემატურად ითიშებოდა, არავინ იცოდა რა იყო ამის მიზეზი: - მუშაკების არაპროფესიონალიზმი, ჭკვიანურად მოფიქრებული ავანტიურა თუ რუსი სპეცაგენტების დაგებული ხაფანგი.
უშუქობა და უგაზობა ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გამხდარიყო, მოსახლეობა კი ნელ-ნელა ეგუებოდა დუხჭირ ყოფას.
დაბრუნდებით იმ ოთხმოცდაათიანებში, სადაც პურის რიგებში ხალხი ღამეებს ათენებდა, გაკუპონებულ ვალუტას ძალა დაეკარგა, ინფლაცია კი ძირს უთხრიდა ისედაც განადგურებულ ეკონომიკას, სამომხმარებლო პროდუქტებსა და პურზე ფასები ასტრონომიულად იზრდებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა საქართველო და ქართველი ერი მაინც განაგრძობდა არსებობას, ამ უმძიმეს ვითარებაში ხალხმა ბრძოლა დაიწყო გადარჩენისთვის - ზოგმა მცირე ბიზნესიც წამოიწყო, თანდათან ბაზარზე გაჩნდნენ ბანკები, ფარმაცევტული და სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები.
მაგრამ ისტორია, რომელსაც ახლა მოგითხრობთ ოთხმოცდაათიანი წლების პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მიმოხილვაზე როდია აგებული, ის იმ შავ-ბნელი პერიოდის განსხვავებულ მხარეს დაგანახებთ, მოგიყვებით იმდროინდელი ახალგაზრდების საინტერესო და ხიფათიან თავგადასავალს.
რაც შეეხება პროლოგს: ასეთი შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ მკითხველს მაშინდელი საქართველოს მდგომარეობა გაეთავისებინა, შეეგრძნო თუ როგორ რეალობაში უწევდათ არსებობა ნაწარმოების გმირებს და მათი თვალით დაენახა ოთხმოცდაათიანების დროინდელი საქართველო.


შესავალი

საკუთარი თავი საწერ მაგიდასთან არასდროს წარმომედგინა, ყოველთვის მეგონა, რომ მჭერმეტყველობით ვერ დავიკვეხნი და არც აზრის მხატვრულად გადმოცემის უნარი გამაჩნია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, გარემოებათა დამთხვევის გამო ახლა «ლეპტოთან» ვზივარ და იმ ისტორიას გიყვებით, რომელიც ოთხმოცდაათიანების მიწურულს გადამხდა თავს.
სწორედ იმ ამბავმა მაიძულა ხელში კალამი ამეღო და თქვენთვის დაწვრილებით მომეთხრო ყველაფერი, «კალამს» ამ შემთხვევაში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ამბის აღწერისას ერთი გრამი მელანიც არ დახარჯულა.
პირველ ყოვლისა მინდა წარმოგიდგეთ: ბექა მქვია, ოცდაერთი წლის გახლავართ, ქალაქ ბათუმში დავიბადე, მაგრამ სტუდენტობას ქუთასში ვატარებ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ.
ეს ამბავიც ქუთაისიდან იღებს სათავეს, თუმცა ვფიქრობ ასეთი კონკრეტიზაცია საჭირო არ არი, აჯობებს მოვლენების განვითარების ჯაჭვს თანმიმდევრობით მივყვე და პირდაპირ ამბის თხრობაზე გადავიდე.


დღე პირველი
«გოჩაჯიხაიში» - ასე ეძახიან ჩემს სოფელს, ის იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 85 მეტრზე მდებარეობს. ულამაზესი ადგილია, ერთიანად მწვანეში ჩაფული.
მოგეხსენებათ ადამიანების ცნობიერებაში სოფელი მთა-გორებთან და ანკარა მდნარესთან ასოცირდება, დასასვენებლად წასვლას ქალაქელების უმეტესობა სოფლის მაღალმთიაობისდამიხედვით განსაზღვრავს.
ამ მხრივ მკითხველი უნდა გავაწბილო, ჩემი სოფელი არც ერთითაა მდიდარი და არც მეორეთი - ის ვაკე ადგილზეა გაშენებული, უახლოესი მდინარე კი სადაც ცხელ ზაფხულში გაგრილებას შეძლებს ადამიანი შვიდი კილომეტრითაა მოშორებული.
მაგრამ სოფლის მთავარი ღირსება მისი გეოგრაფიული მდებარეობა კი არ გახლავთ, არამედ ადგილობრივი მკვიდრნი, პატიოსანი და მშრომელი ხალხი, რომლებმაც ოთხმოცდაათიანების საზიზღარ დროში პატიოსნება შეინარჩუნეს, ვინც მუყაითად შრომობდა არც სარჩო-საბადებელი აკლდათ და არც ოთხმოცდაათიანებისთვის დამახასიათებელი სიდუხჭრე აწუხებდათ.
ახლა ორიოდე სიტყვით ჩემი სოფლის სახელის წარმოშობის ისტორიასაც შევეხოთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ «გოჩაჯიხაიში» ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს.
სადღაც წავიკითხე, რომ ძველად სადაც ახლა სამი სოფელია გაშენებული სამი ციხე-სიმაგრე მდგარა, ციხე ლაზურად - «ჯიხას» ნიშნავს, სწორედ ამ ციხე-კოშკების წყალობით გაჩნდა სოფლების დასახელებებიც: «დიდი ჯიხაიში» - ე.ი, «დიდი ციხე», «პატარა ჯიხაიში» - «პატარა ციხე» და ბოლოს «გოჩაჯიხაიში» - «გოჩას ციხე». ჩემი სოფლის ტერიტორიაზე ადგილობრივი თავადის გოჩას ციხე იყო აღმართული, რომელიც წლების განმავლობაში მედგრად უმკლავდებოდა თურქ-ოსმალოთა შემოტევას.
თუმცა შევეცდები მოთხრობის მთავარი თემიდან არ გადავუხვიო, ისტორიის გაკვეთილებიც გვერდზე გადავდოთ და უბრალდ მივყვეთ თხრობის კალაპოტს.
როგორც ადრე მოგახსენეთ ბათუმში დავიბადე, ჩემი მშობლებიც მუდმივად ცხოვრობენ ამ ზღვისპირა ქალაქში და სოფლად მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმე, რადგანაც სტუდენტობას ქუთაისში ვატარებ ჩემი მშობლებისგან განსხვავებით სოფელში ხშრად მიწევს ჩასვლა, რითაც უზომოდ ვახარებ ჩემს უსაყვარლეს ბებიას.
მოკლედ ორი კვირაა რაც სოფელში ვარ, წინასაგამოცდო არდადეგები მაქვს, მაგრამ როგორც ყველა სტუდენტი განა საგამოცდოდ ვემზადებოდი? სულაც არა, მთელი არდადეგები უქმად მჯდარმა გავატარე.
დეკემბრის შუა რიცხვები იყო, საოცრად ციოდა, გამუდმებით წვიმდა, სადაცაა თოვლიც წამოვიდოდა, ყოველივე ამას ელექტროენერგიის არქონაც ემატებოდა, როცა «პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის» კითხვა დავასრულე, მოწყენილობისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
საერთოდ ასეთია სოფლის ცხოვრება, მდორე მდინარესავით მიედინება, ერთხელაც არ აღელდება, არ წაგლეკავს მოულოდნელობებით. მიუხედავად იმისა რომ გარეთ ბობოქარი ოთხმოცდაათიანები იდგა, რომელიც მდიდარი იყო პოლიტიკური ბატალიებით, კრიმინალური ფონის მატებით, განუკითხაობით, რევოლუციებითა და ომებით, სოფელში სულ სხვა მიკროკლიმატი შექმნილიყო. თითქოსდა მოწყვეტილი გახლდათ გარესამყაროს.
სოფლის ერთფეროვან რუტინას მეგობრების წყალობით ვუმკლავდებოდი, ისინი სისტემატურად მსტუმრობდნენ, ჩვენც შეძლებისდაგვარად ვერთობოდით, თუმცა გართობის არეალი საკმაოდ ვიწრო გვქონდა, რადგან თანამედროვე ახალგაზრდებისგან განსხვავებით ვერც ინტერნეტსივრცეში ვბოდიალობდით, ვერც ქსელურ თამაშებს ვთამაშობდით და ვერც სოციალურ ქსელით ვეჩათავებოდით ონლაინ მეგობრებს.
უბრალოდ ბანქოს ვთამაშობდით.
მართალი გითხრათ ყურები მაშინ გამოვიფხიკე, როცა კარს სასემეტრო გამოცდებმა მომიკაკუნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო «თითზე კბენანი», ხუთი დღის შემდეგ გამოცდა მქონდა დანიშნული, ამიტომ ხელი ჩავიქნიე და კვლავ ჩემებურ გართობას მივუბრუნდი, ისე რომ კონსპენქტებში ერთხელაც არ ჩამიხედავს.
ახლაც ბანქო მეჭირა ხელში და ნავთის ლამფის მოცახცახე შუქზე ძმაკაცებთან ერთად ხმამაღლა ვატკაცუნებდი მაგიდაზე.
გარეთ ქარბუქი ქროდა, ზამთარი ძალას იკრებდა, ლამფის სუსტი შუქი, რომელიც ძლივს ანათებდა უზარმაზარ, ნახევრადჩაბნელებულ ოთახს, დროგამოშვებით აციმციმდებოდა და კირით გათეთრებულ კედელზე, ჩვენი ერთიორად გაზრდილი ჩრდილები, იაკუტელი შამანებივით ისე ატოტმანდებოდნენ, თითქოსდა რიტუალურ ცეკვას ასრულებენო.
მაშინ არც ქვეყნის კრიზისული მდგომარება მადარდებდა, არც კარზე მომდგარი ზამთარი და არც სემესტრული გამოცდები, ახალთახალ ბანქოს, რომელიც ლამფის შუქზე ბზინავდა და თითებში გველხოკერასავით მისრიალებდა, დინჯად ვჩეხდი.
«კარტი» თითებსშორის გავატკაცუნე, ოსტატურად დავარიგე, ხელში დარჩენილი ბანქოდან ერთი ამოვატრიალე, ზემოდან დავხედე და ხმამაღლა განვაცხადე.
- «კოზირი ბეზ».
მასიურ კვადრატულ მაგიდას ოთხნი შემოვჯდომოდით: - მე, თამაზი, შმაგი და ირაკლი, წყვილში ვთამაშობდით, მე და შმაგი მეწყვილეები ვიყავით.
ბანქო ფრთხილად გავშალე, უკმაყოფილო სახე მივიღე, შმაგის მალულად გავხედე და თვალი ჩავუკარი, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ხელში «ჯოკერი» მეჭირა.
კმაყოფილმა ბანქო მაგიდაზე დავდე, ხელში ავტოკალამი მოვიმარჯვე და მაგიდაზე დაფენილ, ნაჯღაბნებიდან აჭრელებულ ფურცელს დავაცქერდი.
- აბა სიტყვები, - ხმამაღლა ვთქვი და მოთამაშეები შევათვალიერე, - გისმენ «კირილიჩ», - მივუბრუნდი მაღალ, თმააბურძგნულ ჭაბუკს, რომელსაც ირაკლი ერქვა, თუმცა ჩვენ მეტსახელად «კირილიჩს» ვეძახდით.
- ერთი, - ირაკლიმ თავი ფიქრმორეულმა მოიფხანა.
- «ტოჟე», - შმაგიმ სიტყვა თქვა და გაიღრიჭა.
- რა მოგდით ხალხნო? აბა ვის გყავთ ეს წყეული «კარტი»? - წერას რომ მოვრჩი თვალები მოვჭუტე და თამაზის გავხედე, რომელიც ბანქოს ითვლიდა, - ჰე შობე, - დავაჩქარე მეგობარი.
თამაზიმ კიდევ ცოტახანი ითვალა და დიდი ფიქრის შემდეგ გადაჭრით თქვა.
- ხუთი.
- რა იყო «სიმონ» აყვავდი თუ აჯეჯილდი? - უშნოდ გაიღრიჭა შმაგი.
თამაზის შურით გავხედე, შემდეგ მისი სიტყვა ფურცელზე დავწერე და ნათქვამი ციფრები დავაჯამე.
- ესე იგი ორს გარდა ვარ? - უკმაყოფილოდ მოვლოღნე თავი ავტოკალამს, - ერთი, - ჯიუტად ვთქვი და თამაშიც დავიწყეთ.
თამაში ხუთი წუთი გაგრძელდა და ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა, მე და შმაგიმ ჩვენ-ჩვენი «ვზიატკები» ავიყვანეთ, თამაზიმ ორით მეტი აიყვანა, ბანქოს ენით რომ ვთქვათ «კარტი შეეტენა», «კირილიჩმაც» ვერ აიყვანა, მე მას «ტუზი» გული «გადავუჯოკრე» და მოკლედ ის «გაიხიშტა».
თამაშის შედეგით კმაყოფილი, როცა ქულებს ფურცელზე ვწერდი და მოწინააღმდეგეების ჯინზე ხმადაბლა ვღიღინებდი, ყურადღება მივაქციე როგორ მოულოდნელად წამოხტა ირაკლი ფეხზე და ხმამაღლა დაუღრიალა თამაზის.
- კრეტინი ხარ შენ ბიძიკო, კრე-ტი-ნი!
- კრეტინი და ავადმყოფი შენ ხარ, - თავის მხრივ ვალში არ დარჩა თამაზი.
- აბა ბიჭო აზროვნება არ გაქვს? - «კირილიჩმა» თითი შუბლზე მიიკაკუნა, - რავა შეიძლებოდა «ტუზი» ყვავის ტარება, ხომ ხედავდი ყვავი რომ არ მყავდა?
- მე საიდან მეცოდინებოდა ყვავი გყავდა თუ არ გყავდა შე ყვავო... დამესიზმრებოდა?
- აბა რის მოთამაშე ხარ შე უბედურო, დაჯექი ახლა და ეთამაშე ამფერ კაცს. ყვავზე სხვა «ცვეტს» რომ ვაგდებდი ვერ შეხედე? მეორეჯერ ჩემთან არ ითამაშო, თორემ მოგკლავ, - «კირილიჩმა», თამაზის თითი მუქარით დაუქნია.
- მიდი, მიდი დაჯექი და ნუ იჭიმები, - თამაზიმ «კარტი» აჩეხა, რადგან წესით მისი დარიგების ჯერი მოდიოდა.
- არ მინდა ამასთან თამაში, ჯერ «ცვეტების» გარჩევა ისწავლოს, - «კირილიჩი» ძველი სკამის საზურგეს მოწყვეტით მიაწვა, რომელიც მისი სიმძიმიდან საბრალობლად აჭრიალდა და დარიგებული ბანქო არია.
წამსვე «აირია მონასტერი» შმაგი მოსწრებული სიტყვა-პასუხით, ირაკლის თამაშის ჩაშლას აბრალებდა, ის კი თავის მხრივ ჩვენ გვთვლიდა წაგებულებად.
კინკლავი ხმამაღალ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ისე ვყვიროდით აზარტში შესულნი, რომ ვერც შევამჩნიეთ როგორ შემოვდა ოთახში ბებიაჩემი, ის მეზობლებთან გახლდათ სტუმრად რაღაც ამბის გასაგებად, ხომ იცით როგორია სოფლის ცხოვრება, ყოველი ჭორი წამიერად ვრცელდება, ხოლო ვინც ნორმალურად ვერ გაიგებს, მეორეწამს აინტერესებს მისი გაგება.
ბებია რამდენიმე წუთი დოინჯშემოყრილი გვიყურებდა მოჩხუბარ ბიჭებს, შემდეგ ხმამაღლა ამოიოხრა და თავის კანტუნით დაასკვნა.
- ნეტავ თქვენ ჭკუა მოგცათ და მაგ თამაშის გამომგონებელს თქვენი ცოდვა, რას იკლავთ შვილებო თავს? - ბებიაჩემი უზარმაზარი ტახტის კიდეზე ჩამოჯდა, - გაწყდა მაგის მომგონი, ანახეთ ერთმანეთს «კარტები» და ისე ითამაშეთ.
- «კარტის» ჩვენება არ შეიძლება შურა ბებო, - შმაგიმ ღიმილით უპასუხა ბებიას.
- აბა ის შეიძლება რომ დაჭამეთ ერთმანეთი?
- არც მაგი შეიძლება, - დაეთანხმა «კირილიჩი».
- ხოდა დაანებეთ მაგ თამაშს თავი და ილაპარაკეთ, ზღაპრები მოყევით, - შურა ბებო ტახტიდან წამოდგა, - გამიგონია ყველანაირი თამაში: «დურაჩკა», «კონჩინა», «ფურთი» მაგრამ რაა ეს «ჯოკერი», ჯერ რა სიტყვებია შიგ, როგორ ამოდის ადამიანს პირიდან ასეთი რამ: «შეგეტენაო», «წაგეღლიტაო», «ხვიშტიო», «ბიშტიო» რას არ გეიგონებ ქალი, - ბებიაჩემმა გამართული თითები სათითაოდ მოკეცა, როდესაც თამაშის ყველა «პრივილეგია» ჩამოთვალა, ცხვირზე ჩამოცოცებულ სათვალე შეისწორა და ნიშნის მოგებით მოგვავლო თვალი.
- მართალია შურა ბებო, - თამაზიმ ბებიაჩემის აზრი გაიზიარა, - დავიღალე ამ «ჯოკერით», მეტი აღარ შემიძლია, დღეს მეხუთე ხელი ვითამაშე, მოვკვდი კაცი.
- ხოდა «კარტს» აკლევინებთ მერე თავს? - ბებიაჩემი კარისკენ წავიდა, - ილაპარაკეთ მასე წყნარად არ ჯობია?... მე კი ავალ დია ზემოთ, დავიძინებ, - უნებურად მე მომიბრუნდა ის და პატარა ბავშვივით დამარიგა, - დასაძინებლად რომ ამოხვალ კარის დაკეტვა არ დაგავიწყდეს, - ზურგი გვაქცია და ნელი ნაბიჯით გავიდა გარეთ.
წამით გაღებული კარიდან ოთახში ცივი ქარი შემოვარდა, ყოველი კუთხე შხუილით მოირბინა, ისე რომ ანთებული ლამფა კინაღამ ჩააქრო.
- საზიზღარი ამინდია, - ლამფის ალს ხელი ავაფარე, შემდეგ ფეხზე წამოვდექი და აგიზგიზებულ ბუხარს შეშა შევუკეთე.
- საზიზღარი კი არა გადასარევი ამინდია, - «კირილიჩმა» ბეჭები ფართედ გადაშალა.
ჩვენ ეჭვით მივაცქერდით, მან კი როცა მზერა დაიჭირა წამსვე განავრცო მისი გულისნადები.
- უფრო სწორად იმის თქმა მინდოდა, რომ ხვალ იქნება კარგი სანადირო ამინდი, ქარი დამდგარ წ....ბს დააშრობს და გარეული ქათამიც ბევრი გამოვა.
ნადირობა ოთხმოცდაათიან წლებში მარტო გართობის საშუალება როდი გახლდათ, არამედ არსებობის ერთ-ერთი წყაროც, სამუშაო ძნელად იშოვებოდა, რა უნდა ექნა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა მეურნეობის მიხედვა და მოსავლის აღება ჩვეულებრივი ამბავი იყო, მასთან შედარებით ნადირობა დამატებითი შემოსავლის სახედ ითვლებოდა, ბევრი მონადირე განეკუთვნებოდა ისეთ კატეგორიას, რომელიც ტყე-ღრეში ხეტიალში ღამეებს ათენებდა და გვარიანი ნანადირევით დატვირთული ბრუნდებოდნენ სახლში, იღბლიანი ნადრობა კი გემრიელი ვახშმის გარანტიც იყო.
ირაკლიც სერიოზულად მიდგომოდა ნადირობას, არც ერთ ხელსაყრელ შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, ამიტომ სოფელში საკმაოდ იღბლიანი მონადირის სახელი ჰქონდა გავარდნილი.
- მართლა? - ჩაბნელებულ ფანჯარას გავხედე და იმედიანად ვიკითხე, - ხვალ სანადიროდ მიდიხარ?
- მივდივარ, წამოხვალ? - «კირილიჩმა» დამცინავად ჩაიქირქილა, - შენი ამბავი რომ ვიცი გაწყვიტავ სოფლის ტყეში ნადირს.
- შენსავით უგულო არა ვარ, თითო-ოროლას მაინც დავტოვებ რომ გამრავლდნენ, - ხალისიანად გავიღიმე და თამაზის მივუბრუნდი, - შენ წამოხვალ?
- კი, - თამაზი თავის ენერგიული დაქნევით დამეთანხმა.
- შენ შმაგი, - მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მჯდომს გავხედე.
- თოფი მე არა მაქვს და, ტყუილა რა მინდა «სიმონ», - მხრები აიჩეჩა შმაგიმ.
- უთოფოდ ნადირობას ნაღდად არ გირჩევ, - შმაგი ღიმილით დავარიგე და თამაზის მივუბრუნდი, - ხვალ დილით გამოგივლით და შენ იცი მზად დაგვხვდი.
თამაზიმ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, შემდეგ სერიოზული სახე მიიღო და შეწუხებული ტონით იკითხა.
- ხომ არ იცით იმედა როგორაა? - ამ შეკითხვით საუბრის თემა ას ოთხმოცი პროცენტით შეცვალა.
- იმედას რა მოუვიდა? - გავიოცე და წამსვე თვალწინ დამიდგა დაუხვეწელ ნაკვთებიანი, ჯმუხი, ცხვირგაბუშტული და პაპუასივით ტუჩებგადმობრუნებული ბიჭი.
იმედა სოფლის ჩხუბისთავი გახლდათ, ღვინის სმას ეძალებოდა, მთვრალი კი შინაურსა და გარეულს ვერ არჩევდა, იგინებოდა, ჩხუბობდა, მოკლედ მაგარი პათოლოგი იყო.
- არაფერი გაგიგიათ? - თამაზიმ ხმამაღლა გაიცინა.
- გვითხარი რა მოხდა «სიმონ», - მოთმინებდაკარგულმა შმაგიმ თამაზი დააჩქარა.
- რას იზამდა, იჩხუბებდა ალბათ ისევ, - ივარაუდა «კირილიჩმა».
- მართალი ხარ, გუშინ ღამით ვიღაც გამვლელს გოულახია თურმე, - თამაზი ამბის მოყოლას შეუდგა, - ხომ იცით იმედა რა ტიპიცაა, დამთვრალა სადღაც და ქუჩაში ვიღაც გამვლელისთვის შეუგინებია, უცნობს უთქვამს ვიღაცაში გეშლებიო, იმედას კი ასე უპასუხია, «არაფერი მეშლება და ასი წელი არც შემეშლებაო» ხოდა გადარეულა ის კაცი, შემდგარა წიხლებით, - თამაზიმ თავის კანტურით დაასრულა ამბავი და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
- მერე, - დავინტერესდი.
- რა მერე, წევს ახლა სახლში დრუნჩგასიებული და კოვზით აჭმევს ბებიამისი თალიკო «ქაშს», - თამაზიმ სკამზე გვერდი შეიცვალა.
- ყველა მაგას რავა ურტყამს მაგ საცოდავს, - ხელი ჩაიქნია «კირილიჩმა».
- მაგის გამოსწორება არ იქნება, - დაასკვნა შმაგიმ, - გახსოვთ ჩვენთან უბნის სტადიონზე რომ იჩხუბა? ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან ტარიელას და მის ძმას, თორემ გაბერავდნენ ცემაში.
უნებურად იმედა შემეცოდა, მართალია კონტროლს ვერ უწევდა საკუთარ მოქმედებასა და ენას, მაგრამ ჩვენი «სასტავი» ყოველთვის კეთილად იყო მის მიმართ განწყობილი, შეძლებისდაგვარად ვიცავდით და განსაცდელს ვარიდებდით.
შუაღამის თორმეტი საათი შესრულდა, ქარიც გაძლიერდა, ოთახში შორეული სტვენა და ხეების შრიალი ისმოდა, ფანჯრის მინები კი დროგამოშვებით ზანზარებდნენ.
ისევ მაგიდას შემოვსხდომოდით, ვსაუბრობდით, ყველა თემას შევეხეთ რაც მაშინდელ ახალგაზრდებს აინტერესებდათ: ქალები, მანქანები, ემიგრაციაში წასვლის პერსპექტივები, ბოლოს კი როცა ირაკლიმ საუბარი პოლიტიკაზე ჩამოაგდო - დავიშალეთ.
«კირილიჩი» ჩემს გვერდით ცხოვრობდა, ამიტომ ბუზღუნ-ბუზღუნით გადააბიჯა ხის დაბალ ალაგეს 1, ეზოში გადავიდა, თამაზი და შმაგი ჭიშკრამდე მივაცილე, თამაზის მეორე დღისთვის დაგეგმილი ნადირობა შევახსენე და მეგობრებს დავემშვიდობე.

1 ალაგე - ღობეზე გადასასვლელი ადგილი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Zalian mixaria tqveni gamochenaa. Mec otxmocdaatianebis pirmsho da gacilebit moqmedebs chemze es naambobii. Zalian kargiaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი ჟოზე

ასე მეგონა სოფელში ვიყავი,ფეჩთან და ლამფის შუქზე მეც ვთამაშობდი კარტს :)) საინტერესო ჩანს, აუცილებლად ბოლომდე წავიკითხავ .... წარმატებები თქვენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent