შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (მეცამეტე თავი)


20-07-2019, 18:37
ავტორი murachashvili
ნანახია 2 523

- მიუხედავად იმისა, რომ მიმოწერას ვაგრძელებდით, შეხვედრას აღარ ცდილობდა, თითქოს დრო მომცა სიტუაციის გასაანალიზებლად. მიმოწერაც შეამცირა, ზოგჯერ რამდენიმე დღეც იკარგებოდა, შემდეგ ისევ გამოჩნდებოდა და ისე აახლებდა დიალოგს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ამდენი რეპლიკებისა და შენიშვნების ფონზე, როგორც იქნა იმდენს მაინც მივაღწიე, რომ ყოველ მეორე წინადადების შემდეგ არ ფლირტაობდა და ფრანგული კოცნის სხვადასხვა სახეობებს არ წარმოიდგენდა. რამდენად მიამიტურადაც არ უნდა ჟღერდეს, აშკარად დავიჯერე, რომ მისთვის ნამდვილად „თბილ მეგობრად“ ვიქეცი. ალბათ, მეტყვი ამის დაჯერება გაწყობდა და შენთვის ბევრად მისაღები იყოო. ვიცი, ასეცაა, მაგრამ მისი მოწერილი:
- „ჩემი უსაყვარლესი, თბილი მეგობარი ხარ!“ - ნებისმიერი მამაკაცისგან მოწერილ ქათინაურსა და კომპლიმენტს მერჩია.
წავიკითხავდი ამ ფრაზას და ბედნიერებას ვასხივებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ფრთები მესხმოდა და დავფრინავდი. უბრალოდ მოვიკითხავდი:
- სად იყავი დაკარგული, მაჯლაჯუნა, ხომ მშვიდობა გაქვს?
- ვჯლაჯუნობდი, საქმეები და საქმეები, - მომიჭრიდა მოკლედ - მომენატრე, ჩემო...
მეტს არ ვეკიტხებოდი, მისგან ზედმეტ ახსნა განმარტებას არც ვითხოვდი და ვიცი ვერც მივიღებდი. ვიცი, არასერიოზულად ჟღერს, - ჩემი ირონიული ჩაღიმება არ გამორჩენია ელენეს - მაგრამ მაინც ფაქტია, რომ მასთან მიმოწერაში საკუთარ პრობლემებზე საფიქრად ვეღარ ვიცლიდი.
- რა პრობლემები გქონდათ ასეთი, რომ ყურადღების გადატანა გჭირდებოდათ?
- ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა შვილის მონატრება იყო. მართალია ვცდილობდი არ მეფიქრა, არ ჩავღრმავებოდი შექმნილ სიტუაციას, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ჩემი აღზრდილი ოკეანის გაღმა იბრძოდა საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად არ მასვენებდა.
- ნებისმიერი მშობელი ბედნიერი იქნებოდა ამ ფაქტით, თქვენ რატომ ღელავდით?
- იმედია წუწუნად არ ჩამითვლი, მაგრამ მაინც ვიტყვი, ზედმეტად რთულია როცა ქალის და მამაკაცის ფუნქციები ერთი ადამიანის კისერზე გადადის. იმაზე ფიქრი, რომ ჩემ შვილს შეიძლება დახმარება დასჭირვებოდა და ჩემი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინების გამო, ვერ გაემხილა, არ ეთქვა, გულს მიკლავდა.
- წინასწარ ნერვიულობდით? - სიცილი ვერ შევიკავე.
- ასე გამოდის. ამას ემატებოდა, ისიც რომ კომპანიას, სადაც იმჟამად ვმუშაობდი, ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებების გამო სახელმწიფომ ყადაღა დაადო. აეკრძალა ნებისმიერი ხარჯის გაწევა, გარდა საბიუჯეტო შენატანებისა.
- ეგ რას ნიშნავდა?
- კომპანია ფაქტობრივად გადახდისუუნაროდ გამოცხადდა. ვიდრე სახელმწიფოს მიმართ არსებულ ვალს არ დაფარავდა, ვერანაირ ხარჯს ვერ გაიღებდა. თავისთავად ცხადია, ვერ გასცემდა ვერც ხელფასებს. გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე ხმას არ ვიღებდით, მაქსიმალურად ვცდილობდით თავდაუზოგავი შრომით კომპანიაში შექმნილი მძიმე სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ. აგერ უკვე მესამე თვე იწურებოდა ყადაღის დადებიდან, საკუთარი ხარჯებით დავდიოდით და ვაკეთებდით საქმეს, თუმცა მაიც არ ვიცოდით შევძლებდით თუ არა დავალიანების დაფარვას, ან თუ შევძლებდით როდის.
- თქვენმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ?
- რა თქმა უნდა. მეუღლემ მდუმარედ მომისმინა და დამამშვიდა კიდევაც, არ იღელვო, იმხელა კომპანიაა, ასე არ გაკოტრდება, აუცილებლად გამოძვრებითო.
სულ ეს იყო მისი თანადგომა. თავად მუშაობის დაწყება აზრადაც არ მოსვლია. რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი, ვეძებდი სამსახურს, დამატებით კლიენტებს, მაგრამ ნორმალურს, სტაბილური ანაზღაურებით ვერ ვპოულობდი. უშედეგოდ დავდიოდი გასაუბრებიდან გასაუბრებაზე, ჩემი პირადი საქმისთვის რომ ჩაგეხედა, იფიქრებდი ამას სამსახურის პოვნა როგორ გაუჭირდებაო, მაგრამ მაინც ფაქტი იყო, სწორედ ჩემი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მიქმნიდა ყველაზე დიდ დაბრკოლებას.
- ეგ როგორ?
- ვინც ჩემ პირად საქმეში ჩაიხედავდა, ასე ამბობდა თქვენ მინიმუმ განყოფილების უფროსობა გენდომებათ, დიდი ანაზღაურებითო. ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიყავი, თუმცა იმ სიტუაციაში არც რიგით იურისტობაზე ვიტყოდი უარს, ამ უკანასკნელს კი რატომღაც ვერ მაკადრებდენ. - ირონიულად გაეცინა ახვლედიანს - მოკლედ ფაქტია, პრობლემები და სანერვიულო არ მაკლდებოდა. დახმარებას მეუღლისგან ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. ან არ ესმოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა ჩემი გაგება. მინდოდა თუ არა, ეს ყველაფერი ჩემზე მოქმედებდა. მსუბუქად რომ ვთქვა, ნამდვილად მიჭირდა ოჯახში მუდამ კარგი განწყობისა და ღიმილის შენარჩუნება.
- ნიკუშამ იცოდა ამის შესახებ?
- რაღაც პერიოდი ვცდილობდი დამემალა, თუმცა ერთ-ერთი დარეკვისას ისეთი გაღიზიანებული და განერვიულებული ვიყავი, ფიზიკურად ვეღარ მოვახერხე დამალვა და სიმართლე გავუმხილე.
- როგორ მიიღო, რა გითხრათ?
- ეხლაც მახსოვს, ნაადრევად დაკაცებული შვილი სერიოზული, ჩაფიქრებული სახით მიმზერდა.
- დე, მე შენი მჯერა, - კამერიდა ჯიუტად მიმზერდა კერპად ქცეული შვილი, თითქოს ასე ცდილობდა ჩემთვის ბრძოლისთვის საჭირო ძალის გადმოცემას - დედა, გესმის? ვიცი არ დაიკარგები, ადრე თუ გვიან დალაგდება სიტუაცია.
- ეჰ, არ ვიცი, რაღა ეხლა მოუნდა ყველაფერს ნგრევა და დამხობა?!.- ვეღარ შევიკავე ცრემლები.
- ჩემ გამო უფრო ნერვიულობ ხომ?! - მაშინვე მიმიხვდა - მთვარია შენ იყო კარგად, დანარჩეს მოევლება. ჩემზე ნუ დარდობ, ვიმუშავებ და თავსაც გავიტან.
- კი, მაგრამ, სწავლა რომ შეწყვიტო ვერ მოვინელებ. - ორმაგად ამიჩუყდა გული შვილის მოწყენილი სახის დანახვაზე.
- შენ თავს ვფიცავარ, არ შევწყვეტ. იმედს არ გაგიცრუებ, ოღონდ ისე გამიღიმე, შენ რომ იცი ხოლმე. - მართალია სულაც არ მეღიმებოდა, მაგრამ სიტყვები დასრულებული არ ქონდა, მთელი გულით გამეცინა.
- მიყვარხარ დე... აი, ეს ღიმილი მიყვარს. - მოწონების ნიშნად თითი ამიწია - ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი ხომ გჯერა?!
ყელში მომაწვა ბოღმა, ცრემლები ძლივს შევიკავე, სიტყვა ვეღარ ვუთხარი, თანხმობის ნიშნად ისე დავუქიე თავი.
მინდა გითხრა, რომ პირობა შეასრულა, დღე სწავლობდა, რამდენიმე საათს სტუნდენტურის დასაქმების პროგრამით კაფეში მიმტანადაც მუშაობდა, როგორც წარჩინებული სტუდენტი კოლეჯში სტიპენდიასაც იღებდა. ამას ისიც დაემატა, რომ ნიუორკში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დაუკავშირდა, ერთ-ერთი მათგანის პროტექციით რუსულ რესტორანში დაცვაშიც დაიწყო მუშაობა. ეს ის მცირედი ჩამონათვალი იყო რაც მე ვიცოდი, რეალურად რას აკეთებდა მხოლოდ ვარაუდი შემეძლო. თუმცა შვილის ამოღამებული თვალები, გადაღლილი სახე, დაგლეჯილი მუშტისთავები, გადაყვლეპილი თითები იმაზე მეტყველი და მრავლისთქმელი იყო ვიდრე თავად მიმხელდა. სულაც არ იყო რთულად მისახვედრი როგორი ცხოვრებით უწევდა ცხოვრება და რა უჯდებოდა თითოეული დოლარის შოვნა. თავად ზუსტად იმდენს იტოვებდა, რაც პირადი ხარჯებისთვის ჭირდებოდა დანარჩენს კი ჩემთან აგზავნიდა. უნდა ვთქვა, რომ თანხა ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მე გამოვიმუშავებდი და რეალურად გვჭირდებოდა. ისევ მეტყვი ბედნიერი უნდა ყოფილიყავიო, მაგრამ რა ვქნა თუ სულაც არ მიხაროდა?! გული მიკვდებოდა მისი ნაშრომის ხარჯვა რომ მიწევდა, ოჯახში არც მითქვამს რამდენს რიცხავდა, მხოლოდ მინიმალურს ვიღებდი რაც თავის გასატანად გვჭირდებოდა, დანარჩენს კი ისევ ანგარიშზე ვტოვებდი. ესეც დროებით, ვიდრე სამსახურში ხელფასის გაცემას დაიწყებდნენ.
- გამოდის პრობლემა როგორღაც მაინც მოგვარებულა.
- საქმე იმაშია, მე დახმარებას და თანადგომას მეუღლისგან ველოდი და არა შვილისგან. ის კი, არც განძრეულა. საბოლოოდ გამიცრუვდა იმედი, არ მინდოდა შემტყობოდა, მაგრამ ეს ჩემ თითოეულ მოქმედებაში ჩანდა.
- სად იყო ამ დროს შაკო?
- მასთანაც არ იყო ყველაფერი მშვიდად და კარგად. მართალია ისევ მწერდა, თუმცა სულ უფრო და უფრო იშვიათად იცლიდა მოსანახულებლად.
- მას რა პრობლემები ჰქონდა?
- ბავშვი რომ დაკარგეს ხომ ადრეც გითხარი, რამდენადაც ვიცოდი, მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები მანამდეც ჰქონდა,ზუსტად რა აწუხებდა არ დავინტერესებულვარ. თუმცა მკურნალობდა და ექიმების მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ბინა იპოთეკით ქონდათ დატვირთული. ბანკის ვალებს გასტუმრების ნაცვლად სხვადასხვა საჭიროების გამო უმატებდა და უმატებდა. მიუხედავად იმისა, რომ გადახდაში მეუღლეც ეხმარებოდა, პროცენტების ხდას ვეღარ აუდიოდა. სამუშაო საათების შემდეგ ისიც დამატებით მუშაობდა, ხან ტაქსაობდა, ხან მუშის ფუქციასაც კისრულობდა და მის მეგობართან ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ზელდა ბეტონს.

რაც უფრო მემატებოდა პრობლემები, მით მეტ დროს ვატარებდი შაკოსთან მიმოწერაში, თითქოს ასე გადამქონდა ყურადღება არსებული რეალობისგან. ერთმანეთთან მიმოწერაში ვივიწყებდით ყველას და ყველაფერს. თუმცა ესეც ნაწილობრივ. ადრე თუ გვიან რეალობა ისევ გვახსენებდა თავს. ამჯერად თითქოს საკუთარი სატკივარი არ მყოფნიდა, უნებურად მის პრობლემებზეც მეფიქრებოდა. რაც გინდათ ის დაარქვით, თუ გინდა ქალური ცნობისმოყვარეობა, თუ გინდათ ცანცარი და ჭკუამოკლეობა, მაგრამ ფაქტია მისი მდგომარეობა მაწუხებდა. ალბათ დამცინებ, საკუთარ თავს ვერაფრით ეხმარებოდი, მას რაღას უკირკიტებდი და ეძიებოდიო, მაგრამ მართლა მინდოდა დახმარებაც. რამდენიმეჯერ შევთავაზე, მითხარი ზუსტად რა გაწუხებს, იქნებ როგორმე დაგეხმაროთქო, მარა ჩვეულებისამებრ ისევ კომპლიმენტებად დაიღვარა და პასუხს თავი აარიდა, ვხედავდი, რომ ჩემი კითხვები აღიზიანებდა და თავი დავანებე.
არ ვიცი რამდენად მეჩვენებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვამჩნევდი, რომ გაუცხოვდა, ადრე თუ თავად იყო დიალოგის ინიციატორი, ახლა მხოლოდ მაშინ მპასუხობდა, როცა მე მოვიკითხავდი.
- იქნებ უბრალოდ აღარ მოსწონდით და თქვენთან ურთიერთობაც აღარ უნდოდა?
- არ ვიცი, იქნებ ეგეც იყო მიზეზი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავანებე თავი, ზედმეტ კირკიტს აზრი მაინც არ ქონდა, იმედი მქონდა, რომ ადრე თუ გვიან, ისევ თავადვე იტყოდა მიზეზს. არც შევმცდარვარ. ერთ-ერთი საკმაოდ ხანგრძლივი მორიგი დაკარგვის შემდეგ, მოვიკითხე თუ არა, პასუხად მხოლოდ ეს მომწერა:
- რავიცი, ვარ რა.
- მშვიდობა გაქვს?
- თუ მშვიდობა ითქმის.
- შემიძლია დახმარება?
- თუ მაჩუქებ 50000 დოლარს არ ვიცი და ისე არამგონია.
- ამას მიმალავდი, თანხა თუ გჭირდებოდა აქამდე ვერ თქვი?! - ვცადე მისი მონაწერი ხუმრობაში გამეტარებინა - საჩუქრისთვის ცოტა დიდი ოდენობა ხომ არაა?! ისე, ხუმრობის გარეშე, არ იტყვი რა ხდება?
- კარგი არაფერი. მგონი სულ ფუჭად ჩაიარა, ამდენი ხანი ბანკის პროცენტების ხდამ.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ სულ ტყუილად მიწვალია. ამდენი ხნის შემდეგ ბინას ვეძებ, წარა-მარა ქირა რომ არ ვიხადო, იქნებ გირაოთი მაინც ავიღო.
- ვერ მიგიხვდი, საკუთარ სახლში არ ცხოვრობ?
- კი, მაგრამ რამდენიმე თვეა პროცენტს ვეღარ ვიხდი და ვიდრე აუქციონზე გაყიდიან...
- აუქციონზე, - ლამის ხმამაღლა შევიცხადე -სასამართლოც გქონდა?
- ჯერ არა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, რამდენიმე თვეში ნამდვილად არ ამცდება.
- რამდენიმე თვეში რატომ, სასამართლო პროცესის გაჯანჯლებაც ხომ შეგვიძლია.
- გაჯანჯლება?
- ჰო, იმედია მაინცდამაინც შენი საქმის დაჩქარება და სწრაფად განხილვა არ მოუნდება სასამართლოს და მინიმუმ წელიწად ნახევარი შეგვიძლია მოვიგოთ.
- წელიწად ნახევრის შემდეგაც ხომ იგივე იქნება. დავიღალე, ვმუშაობ-ვმუშაობ და ხელში არაფერი მიჭირავს, ვერ გავაძღე ბანკი.
- სახლის დაკარგვას ყველაფერი ჯობს. - არ ვჩერდებოდი მე.
- არ მიშველის. - ჯიუტად იმეორებდა იგივეს.
- გამორიცხულია გამოსავალი არ არსებობდეს. ბანკიც მოდის ზოგჯერ დათმობაზე. - მივაყარე სხაპასხუპით.
- არამგონია, - ისევ ყოყმანობდა - ერთი ამათი... ფაქტია საკუთარ სახლში ყოფნაში იმდენს ვიხდი, ქირით გასვლა ბევრად იაფი დამიჯდება. ვეღარ აუდივარ.
- მართლა გირაოთი აპირებ გასვლას?
- კი, ბინას ვეძებ, ჩემი სახლის მყიდველი უკვე ვიპოვე, ისეთ ფასად მინდა გავყიდო, ბანკიც გავისტუმრო და რაც დამრჩება რამეს ვიგირავებ, თუნდაც ერთ ოთახიანს.
- ცდად მაინც ხომ ღირს? მაჩვენე რა ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება, იქნებ შევძლო დახმარება.
- შენ?! - ახარხარებული ღიმილი გამოგზავნა - მადლობა, არ მინდა შენი დახმარება.
- კარგი, შენი გადასაწყვეტია, - გული მეტკინა უარის გამო, თუმცა არ შევიმჩნიე -შემდეგ რა იქნება?
- ვეცდები ცოტა დავაგროვო და ოდესმე იქნებ...
- შენებმა იციან?
- კი, აბა ცოლისგან ჩუმად ხომ არ გავყიდი?!
- დანარჩენები ვიგულისხმე, ოჯახის წევრები. დედ-მამა, ძმა, სიდედრი, მეგობრები. - ყველა მისთვის საყვარელი ადამიანი ჩამოვთვალე - კიდევ ვინ გყავს ისეთი შენზე გული რომ შესტკივა?!
- კაი რა, ყველას საკუთარი თავი გასჭირვებია.
- დალოცვილო, ეხლახანს არ მითხარი, ჩემი ძმა კარგადაა, ფინანსურად ძლიერად, აგარაკს იშენებსო? - გულწრფელად გავღიზიანდი.
- კი, მაგრამ, - სულ რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მომწერა - დახმარება რომ უნდოდეს თავადაც ხომ დამეხმარებოდა?!
- იქნებ არ იცის, ან ვერ ხვდება, სთხოვე, დედმამიშვილობა მხოლოდ ჭიქის ჭახუნი ხომ არაა, იქნებ გეხმარება?
- არ მინდა!
- საკუთარ ამპარტავნებაში და კუდაბზიკობაში მართლა უბინაოდ დარჩები, ცოლ-შვილზე არ ფიქრობ?
- საკმარისია, არ გინდა ეს სენტიმენტები, რაც არაა შენი საქმე, ცხვირს ნუ ჩაყოფ. შევცვალოთ თემა, მაინც აღარაფერი ეშველება, გაიყიდება და ვიქნები ქირით, არც პირველი ვარ მსგავს სიტუაციაში და არც უკანასკნელი ვიქნები.
- კი, მაგრამ...
- რაც არ გეხება, ნუ ერევი! - ისევ გამიმეორა და გაღიზიანებული კბილებ დაკრეჭილი ღიმილიც მოაყოლა - ასე რომ გულშემატკივრობ და ღელავ ჩემ ცოლ-შვილზე, იცი რომ კინაღამ გავიფაქტეთ?
- რას ქვია „კინაღამ“? - თითქოს წინა მონაწერი არ მეყოფოდა, ერთიანად გამაცია ეს რომ წავიკითხე.
- ჩვენი მოწერილი ნახა, ამის დედაც ვატირე, მართლა რამე გვქონოდა მაინც, ერთი ამბავი დამაწია ისეთი სცენა დამიდგა.
- ინერვიულა?!
- ამას ნერვიულობა არც ქვია, ისტერიკაში ჩავარდა. მე ამის... - უწმაწურად იგინებოდა - თითქოს ისე პრობლემები გვაკლდა, ამ სისულელეზე გაჭედვაღა მაკლდა.
- ახლა რას აპირებ?
- კარგი რა, პირველი ხომ არაა?! დაველოდები, რამდენიმე დღე არ მოგწერ, შემდეგ დამშვიდდება, მოკლედ, ცოტა დავლაგდები და მოგწერ.
მისი მოწერილი „პირველი ხომ არაა!“ - ტვინში გონგივით გაისმა. იმდენად მეტკინა ხმაც ვერ ამოვიღე, ან რა მეთქმოდა?! ყელში მოწოლილი ბოღმა ხმაურით გადავყლაპე და ღმერთს მადლობა ვუთხარი ახლა ჩემ ცრემლიან თვალებს რომ ვერ ხედავდა.
მართალია ვიცოდი, რომ არ ვუყვარდი, მაგრამ ასეთმა აგდებულმა დამოკიდებულებამ მაინც გული მატკინა. ვეღარ ვხვდებოდი, ახლა ვინ უფრო მეტად მეცოდებოდა, საკუთარი თავი, იმის გამო რომ ოდნავადაც არ ფიქრობდა იმაზე რომ გულს მტკენდა, იმის გამო ასე ძალიან რომ შევეჩვიე და უმისოდ გაძლება მიჭირდა, თუ სრულიად უდანაშაულო ქალი, ჩვენი მინაწერის გამო ახლა ასე რომ ნერვიულობდა. ან იქნებ შაკოს უდარდელობა, სულ ფეხებზე რომ ეკიდა ცოლის ისტერიკაც და ჩემი აზრებიც, ოღონდ თავად ყოფილიყო კმაყოფილი და ბედნიერი. ერთი რამ ფაქტი იყო, იმედგაცრუებულიც და გულნატკენიც ისევ მე ვიყავი.
- ანდაზა ორი კურდღლის მადევარზე იცი?! - გაღიზიანება ვეღარ დავმალე.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ ჩვენი მიმოწერა დროებით კი არა, სამუდამოდ უნდა შევწყვიტოთ.
- კაი, რა, რას ქვია შევწვიტოთ?! ხომ გითხარი, პირველი კი არაა. რამდენიმე დღე და...
- ჩემი სათქმელი უკვე გითხარი, აღარ მომწერო! - მისმა უდარდელობამ იმდენად გამაღიზიანა გადაწყვეტილება მყისიერად მივიღე.
- კარგი, როგორც გინდა. ნება შენია, - უმტკივნეულოდ დამეთანხმა - თუმცა, არ გამოგივა, ასე მარტივად ვერ დაიძვრენ თავს, ისევ შენვე მოგენატრები, აქეთ მთხოვ შეხვედრას და მიმოწერის აღდგენასაც!
ბრაზთან ერთად შეურაცყოფილადაც ვიგრძენი თავი, გაღიზიანებულმა მონაწერი რამდენიმეჯერ გადავიკითხე.
- მგონი ვიღაცაში გეშლები, ყმაწვილო, დიდხანს მოგიწევს ცდა! - მთელი ჯავრი კომპიუტერის კლავიატურაზე ვიყარე. ისეთი ძალით ვაკაკუნებდი გვერდით მჯდომმა თანამშრომელმა გაოცებულმაც კი გამომხედა.
- არსად მეჩქარება, დრო ბევრი მაქვს! - ისევ აქეთ დამემუქრა.
მისმა თვითდაჯერებულმა, ირონიით გაჟღენთილმა პასუხმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში. პასუხი აღარ გამიგზავნია, მესენჯერი გამოვრთე და საქმეს მივუბრუნდი.

დღეები გადიოდა, საკუთარი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა არ შემიცვლია, ზუსტად ვიცოდი, რომ შაკოსთან მიმოწერა მინიმუმ სიამაყისა და თავმოყვარეობის გამო მაინც არ მექნებოდა. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა ვაღიარო, მინდოდა თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვწერდი, თვალი მაინც გამირბოდა მესენჯერისკენ. მართალია თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ ფაქტია მთელი არსებით ველოდი მისგან გამოგზავნილ ერთ სიტყვას, ერთ ფრაზას. თუმცა არაფერი, სრული სიჩუმე. ეგ კი არა მესენჯერს საერთოდ არ რთავდა და საიტზეც არ შედიოდა. გულის სიღრმეში შენახული იმედი, რომ მომწერდა. ნელ-ნელა საბოლოოდ გამიქრა და სასოწარკვეთილებამ შეცვალა. რამდენად მძიმე საღიარებელიც არ უნდა ყოფილიყო, მენატრებოდა, უნორმოდ, უზომოდ, ტკივილამდეც კი. შევიდოდი, გადავიკითხავდი მის მოწერილ ხუმრობებს, ჩვენი დიალოგი ლამის ეპიზოდებად მქონდა დამახსოვრებული. ვუმზერდი ადრე გამოშვებულ ფოტოებს და თითოეულ მიმიკას ვიმახსოვრებდი. თავს ვაიძულებდი მასზე არ მეფიქრა, ღრმად ჩავიბეჭდე გონებაში, რომ არ უნდა მყვარებოდა, არ უნდა მომნატრებოდა და არც მისი ნახვა მომენდომებინა. საკუთარი თავი, დავაჯერე, იმაში რომ მის მიმართ მხოლოდ მსუბუქი ლტოლვას და სიმპატიას ვგრძნობდი. არც მეტი და არც ნაკლები. ეს ორივე კი წარმავალი იყო.
- თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო?! - გამეღიმა მის ნათქვამზე.
- მინდა გითხრა, რომ მართალი ყოფილა, - ირონიულად გაეცინა ახვლედიანს - თავიდან თუ თითქმის მთელი დღე მესენჯერს ვუმზერდი, შემდეგ დღეში რამდენიმეჯერ შევხედავდი, ისიც იმ შემთხვევაში, ფეისბუქი თუ ამომიგდებდა საკუთარ გვერდზე მის პროფილს. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად მახსენდებოდა, შაკო ჩემთვის ნელ-ნელა სასიამოვნო მოგონებად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ არასერიოზულ, თავკერძა და ეგოისტ ადამიანად ვთვლიდი, მაინც ვაღიარებდი, რომ უმისოდ ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის გადატანა, მან ხომ ფიზიკურად არ მომცა მოდუნებისა და შვილის მონატრებისგან დეპრესიაში ჩავარდნის საშუალება.
- ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებდით მის მიმოწერას?
- ფაქტია, მასთან წერაში ფიქრისა და დეპრესიაში ჩავარდნის საშუალება არ მქონდა.
- გამოდის იმხელა ადგილი დაიკავა, რომ შვილიც შეცვალა?! - არ მინდოდა, თუმცა დამცინავი ტონი მაინც შემეტყო ხმაში.
- ვერ ვიგებ თქვენ ირონიას, მინდა გითხრათ რომ არასწორი ფორმულირება გამოიყენეთ, არ მითქვამს, რომ შვილი შემიცვალა, ნიკუშას ადგილს ვერავინ დაიკავებდა, თუმცა ყურადღება ნამდვილად გადამატანინა.
- ყურადღების გადატანა თუ ასე ძალიან გჭირდებოდათ, შემდეგ როგორღა შეელიეთ?
- მადლობელი დაგრჩები ჩემი კრიტიკისგან თავს თუ შეიკავებ! - გაღიზიანდა ახვლედიანი - გასაკვირი არ უნდა იყოს, მივეჩვიე, თითქმის შევეგუე იმ აზრს, რომ აღარ მომწერდა. პირველი ნაბიჯის გადადგმას მე ნამდვილად არ ვაპირებდი.
- ასე მარტივად გაუშვით? - რომ გეკითხათ გულის გადაშლა სურდა, არადა ვგრძნობდი რომ სიმართლეს ბოლომდე არ მეუბნებოდა - პრინციპში გასაკვირი არც იყო მსგავსი მოქმედება, რომელი ნორმალური ადამიანი დააყენებდა ოჯახის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ ონლაინ გაცნობილი მეგობრის გამო?!
- არავინ, ჩემისთანა სულელის გარდა! - ხომ ისევ მე მაკლდა, მენატრებოდა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მიპყრობდა შიში, რომ დამივიწყა. საბოლოოდ ამომშალა მისი ცხოვრებიდან. ვერაფერს ვაკეთებდი. ხელფეხშეკრული ველოდი მის გამოჩენას და ისიც არ ვიცოდი გამოჩნდებოდა თუ არა. ამას დაემატა ისიც, რომ მოსამართლის გამოცდებისთვის დავიწყე მზადება. ბოლომდე გადავეშვი საქმეზე, სწავლაზე და საფიქრად დროც აღარ მრჩებოდა.



№1  offline წევრი Maia G.

იცი როგორ გამეხარდა,რომ დავინახე "აბლაბუდა" ??? სულ მეფიქრება ხოლმე მათზე,კარგია რომ დადე შემდეგი თავი.ასე აღარ დაიგვიანო ხოლმე რაა ❤❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს და სულ გელოდები.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მაია❤
იცი როგორ გამეხარდა,რომ დავინახე "აბლაბუდა" ??? სულ მეფიქრება ხოლმე მათზე,კარგია რომ დადე შემდეგი თავი.ასე აღარ დაიგვიანო ხოლმე რაა ❤❤❤❤

სტუმარი nancho
მომწონს და სულ გელოდები.

ძალიან მიხარია ისევ რომ ელით და კითხულობთ kissing_heart ტყუილი დაპირებით: ახალ თავს მალე დავდებო, აღარ მოგატყუებთ და თავსაც აღარ შევირცხვენ, თუმცა იმედს მაინც ვიტოვებ, რომ მალე დავდებ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ანნა

როგორ ველოდებიი

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ანნა
როგორ ველოდებიი

ძალიან მიხარია თქვენი ინტერესი. იმედია ისიამვნებთ ახალი თავით

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Მაინც აპატია ამდენი ტკივილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent