უკან: გალაკტიონ ტაბიძე

არგონავტები ახალი დროის (იქ, სადაც მთანი ..)

8 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ციკლიდან „ეპოქა“

იქ, სადაც მთანი დარაჯად დგანან,
ბიბინი გააქვს ზურმუხტის ჭალებს,
სადაც არწივი მწვერვალებიდან
დიად ბუნებას ხარბად თვალს ავლებს,
სადაც ფაზისი მოქუხს და გრგვინავს,
ხან მკაცრი, ხანაც დაღონებული -
დიდი ხანია შრომის სახლი დგას,
ძებნათა ეშხით დამონებული...
დრომ რომ წაიღო უბოროტესმა,
აქ საწმისია იმ ოქროისა,
მოვდივართ ახალ აღმოჩენისთვის
არგონავტები ახალ დროისა!