ხმაურობს, როგორც თვითონ ჟორესი,
მზემ დაანათა, დასწვა, დარუჯა
უახლოესი და უშორესი.
ავტომობილის, ეტლის, ტრამვაის
აქ სვლა აღარ სცვლის ერთიმეორეს,
მშვენიერ მაისს, მომავალ მაისს
აწოდებს ხალხში მიმავალ ჟორესს.
ახალ სასახლის აღმავალ ხე-ტყეს
ზეცის დაჰხარის ლურჯი კამარა,
ვინემ თოთხმეტში - უფრო ძლიერ დღეს,
რომ გაისმოდეს თამამი „არა“!
ხმაურობს ქუჩა, გრიალებს ქუჩა
და მიდის, როგორც თვითონ ჟორესი,
ყვავილებს ისვრის გზად მუჭა-მუჭა,
დღეს უღრუბლოა ცა - უშორესი.