ბაღი ყელამდე ზამბახებით იყო ნაბური,
ირგვლივ ეყარა დანგრეულთა ჩრდილთა ჩუქურთმა,
ბაღს იქით მძიმედ ხმაურობდა ზღვა უდაბური.
მე მივდიოდი, მაღლა იდგა გემი “დალანდი”,
შავი ზღვის ცაზე და ზვირთებზე შეყვარებული;
მე კი სამშობლოს მიტაცებდა ლურჯი მანდილი,
ქვეყნად მთვარეულ ზამბახებში შეფარებული.
გემით “დალანდი” მოვდიოდი სამშობლოსაკენ
და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა;
მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ
და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?
გახსენებების მომძახოდა მტანჯველი ლანდი:
შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი!
შავი ზღვის ზვირთებს მიაპობდა გემი “დალანდი”
და თვალზე მადგა განშორების მსუბუქი ცრემლი.