უკან: გალაკტიონ ტაბიძე

გრძნობათა ფერფლი

152 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ველნი ჰყვავიან,
გულო, დაწყნარდი!
ადრე თუ გვიან
სიცოცხლის ვარდი
ბედნიერებად გადაიშლება...
დროც ხომ წინ მიდის,
დროც ხომ იცვლება?!
არის სადღაცა ნეტარი მხარე,
არის წმინდა ცა
შუქით მგზნებარე.
იღვიძებს ველი საგაზაფხულო,
დაწყნარდი, გულო,
დაწყნარდი გულო!

გალაკტიონ ტაბიძე