უკან: გალაკტიონ ტაბიძე

მაღაროში

123 ნახვა  •  1 წთ კითხვა
დაკარგული პოლიუსი
ირევა სიბნელეში,
როგორც მერყევი ბრბო.
შორიდან მოდის დღის სინათლე,
როგორც ცივი თვალი.
სინესტეში
მოსალოდნელია ბიბლიური წარღვნა.
აქ, სადღაც დამალულია
გრძნეული ოქრო.
ადამიანები ქედმოხრილნი და ოფლიანნი
ეძებენ მას.
მას,
რაზედაც ჩუმათ არიან.
ისინი კვნესიან მხოლოდ
და თხრიან მაღაროს.

გალაკტიონ ტაბიძე