უკან: გალაკტიონ ტაბიძე

მაგიდა ალემბიკებით

8 ნახვა  •  1 წთ კითხვა
აჩრდილმა მაღალ ლურსმნებს აჰკიდა
ჩონჩხები - ძვლები მაღალ რიგებით,
დაფარულია გრძელი მაგიდა
შავი წიგნით და ალემბიკებით.

ობობებიან კუთხეში დივანს
ვხედავ: ვით გჲოტე, ზის იქ სატანა,
გადაეზმანა კედლებს, აივანს -
და ღამემ სულში შემოატანა.

რას მოელიან ვარდები რგული?
ყვავილებს თიბავს ელვათა ცელი.
თენდება: ქარმა წაიღო გული
და ათას ცხრაას მეოცე წელი...