გარს იცქირები,
მოიგონო, გსურს, განვლილი დრო
და გადაავლო ერთხელ კიდევ თვალი შორ სივრცეს,
ააცახცახო ცის ტატნობი და გააფითრო.
შენ იქ მეფობდი.
ბედნიერი იყო ის ჟამი,
ოდეს რონინით არე-მარეს აცხოველებდი.
მაშინ ბევრ რამეს გვიამბობდა შენი სიცილი,
მაშინ ბევრ რამეს გვიმღეროდი და გვაგონებდი.
და მე მწყენია, რომა ეგრე გხედავ ძალ-მიხდილს,
მოხუცო სხივო!