უკან: გალაკტიონ ტაბიძე

ყვავილებს თეთრებს

7 ნახვა  •  1 წთ კითხვა
შურით იფარებს ანგორის ქურქებს,
თვალს იმედი აქვს თოვლის დადნობის, -
ყვავილებს თეთრებს, ყვავილებს ურგებს
ამაოდ ისვრის უბე ტატნობის.

მთიდან ჩამოდის ასრქა, ასთითი,
უფარებელი და უთმო ცხვარი.
ხევებზე ხევებს გადააზრდიდი -
ფანტასტიური ხუროთმოძღვარი.

იელვებს შუქი - სამართებელი,
ხევებში გდია თეთრი საყელო,
ვიღაც სიკვდილის დამმართებელი
დგას უცნაური და უსახელო.