თითქო არა აქ, არამედ შორს, სხვა ქაოსებში.
მახლობელ სოფლად კივის ჭოტი, ყეფენ ძაღლები.
შარაზე მიდის სხვა მეურმე დაგვიანებით.
გაიხმაურეს ერთხელ კიდევ ურმის ბორბლებმა
და ყველაფერი მიინაბა, დადგა სიჩუმე:
ო, რას ნიშნავს ეს... ეს სიჩუმე, ეს გაოცება?
ეს უხილავი, მშობლიური ჩვენი სიჩუმე?
რისთვის არიან გაყინულნი მაღალნი მთანი?
რამ დააყრუა შარა-გზები, სადაც ოდესმე
ექანებოდა მძაფრი ცხენი მაკედონელის?
ო, როგორ მესმის მე სიჩუმე ამ ნანგრევების,
როგორ მაღელვებს მე ყოველთვის იგი სიჩუმე...
მასში იდუმალ ძილით სძინავს ახალ ქაოსებს,
იგი ღელვაა დაფარული, უჩინარ ცეცხლის.