დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.
ეს მთვარე ვიღამ შეკერა,
ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?
შენ დამარწიე, იორო,
მაჩქეფე თავზე მირონი;
დალაგდნენ ლექსის ჯიქნებად
ეგ შენი სანაპირონი ―
შენი ჩანჩქრები, საწური
აბრეშუმისა ბადითა,
შენს ვენახებში სუფრები
ჩონგურითა და მწვადითა;
შენი ბდღვრიალა კალმახი,
აცვია თითქოს ჩითები;
დილა, რომელსაც ნისკარტით
ეზიდებიან ჩიტები...
და უწმინდესი ტაძარი,
არხზე წისქვილი პატარა;
შენმა ტინებმა სიმაგრე
ლექსებში გამომატანა!
შენი ფშანების ნაჟური
ლექსში სჩქეფს, როგორც მაჭარი,
თუ ამოგხაპეს, გაგყიდეს,
გავხდები შენი ვაჭარი!
მთვარე შრიალებს ფიჭვივით,
დაუსრულებელ ოხვრაში;
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში...
მთვარე გომბორზე წაიქცა, ―
რძით გავსებული ტაგანი...
იორზე ვმღერი წნორებთან,
ერთი იმ წნორებთაგანი!