უკან: გიორგი ლეონიძე

ლოჭინის მწუხრი

7 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ამოიყარა მტკვარმა ბურუსი,
გზები ნისლებით გადაირაზა,
თითქოს დაძრულა დიდი ულუსი
და მოაბნელებს ყარაიასა.
თითქოს ტომარი გადამახურეს...
სადღაც მიწყნარდა ეტლის ეჟვანი:
მახათის მთაზე, სახრჩობელაზე,
ერთად ვფართხალებთ მე და ბეჟანი.
უცბათ იყივლებს ცისკრის მამალი,
ჩნდება მთაწმინდა თეთრი ფრთებითა;
ბრწყინავს სამგორის დიდი ტრამალი
ყარაყორუმის ყვავილებითა.