და ამიტომაც სათუოა შენი აქ ყოფნა,
მხარი გეცვალა, წინათაც ხომ
ბევრჯერ შეგშლია,
ვერ გაგიგია, ამ სოფელში ვინ შეგაყოვნა.
რომ არ შეგნიშნონ, წასულებთან ისე საუბრობ,
რაც ამოაღწევს მივიწყებულ ხსოვნის ჭუპრიდან _
პეპლის ჩრდილივით მსუბუქია სიტყვა და უფრო
უნებლიეა, ბაგეებს რომ ამოუფრინდა.
აღარც კი იცი, კარს რომ აღებ, ვისთან მიხვედი,
შენ განერიდე მოთამაშე დროს და ამინდებს
და შეეზარდე ბედისწერას _ შენი წილხვედრი
თაფლის სანთელი მგონი უკვე სადღაც აგინთეს.
გამოანათებს ზოგჯერ ფიქრი, როგორც ფოსფორი _
გაურკვეველი დროისა და ფიქრის ნაზავი,
შენი ტუჩები გაბუტული და წენგოსფერი
და ხმა, ოთახში შემოპარულ ჭრიჭინასავით.