უკან: გივი ალხაზიშვილი

მე ის გზა მიყვარს ..

1 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მე ის გზა მიყვარს,
გზა, რომელიც წამიყვანს სხვაგან -
სიმშვიდის ძებნით, სვენებ-სვენებით:
ამას რომ ამბობ
ისე მშვიდი და ჩუმი ხმა გაქვს -
თითქოს ხმის ტემბრით დამუნჯებულ ცას ეშველები.

მე ის ცა მიყვარს,
ცა, რომელიც უნახავს არვის
და სამომავლო თვალებშია გადანახული,
როგორც მომწვანო სიმაღლე ალვის,
რომელსაც მუდამ უცდის ზაფხული.

მაგრამ რაც მიყვარს -
ის თავისთავს ყოველთვის მალავს
და თუ კი ამხელს, მხოლოდ წუთით, რომ გამაკვირვოს,
სიტყვების ბროლში სხივად აქცევს მზეების ძალას,
რათა თვალებში უხმაურო ცეცხლად აკივლოს.

და მე ვინც მიყვარს არ არსებობს,
არსებობს თანაც -
რაღაც მანძილზე, მაგრამ მერე ქრება უმალვე,
როგორც კი იგი ჩვეულებრივ იქცევა ტანად, -
ანუ სხეულად – ვნებები რომ ვერ დავუმალე.

და მაინც მიყვარს – გულუბრყვილო სიტყვების ფიჭა,
რაღაც მომწარო-მოტკბილოს რომ ჩუმად აგროვებს,
დაბადებულო მარადიულ ფიქრად და ნიჭად -
ორჭოფულ მზერას კვლავ მზეები მოაოქროებს.

არის სათქმელი, როგორც ზამთრის დუმილში კვირტი,
როგორც ყვავილი ანდა ბგერა რომ არ ისმოდა,
იგია ჩემთვის ძვირფასი და საამო ტვირთი,
წონასწორობას ვკარგავ მუდამ ურომლისოდაც.

გივი ალხაზიშვილი