უკან: გივი ალხაზიშვილი

უცნობი დრო

1 ნახვა  •  1 წთ კითხვა
აიმაღლებს მდინარე ხმას,
გაგვაგონებს უწყვეტელ სუნთქვას...
უცნობი დრო,
ზოგჯერ, სიტყვაში გვეცხადება _
ჩვენი სიცოცხლის დასამოწმებლად,
ჩვენივე ქვიშით
ავსებს და ცლის ქვიშის საათებს,
გადაბრუნება არ ავიწყდება....
დილით სკოლაში გავაცილე შვილიშვილი,
გულის თვალი გავაყოლე
და სარკმელში თოვლის სინათლემ
სცადა ჩემი შინ ჩაბრუნება _
თავისთავში, სადაც ჟამი უასაკოა
და ჩემზე ბევრად უმცროსია და ნებიერი.
აქვე, სულ ახლოს, მგონი ჩემში,
გაზაფხულმა წაიღიღინა,
სუნთქვით ვიცანი,
თოვლის დნობის ხმა შემომესმა _
ნარცისებმა მიწის ღამიდან ამოიხედეს...
მხოლოდ დუმილი..
ქუთუთოები
ვეღარ მალავენ ნათელს გუგებში...
მე ვდარდობ შენზე..
არ ვიცი როგორ
და მე კი არა, შენ მანუგეშებ...

გივი ალხაზიშვილი