- დილა მშვიდობის, ბიჭო! - შემოსძახა დიასახლისმა.
- გაგიმარჯოთ, დეიდა დარო! ლამარა არ ჩამოსულა?
- არა, ბიჭო, არა. იმის ლოდინით აღარა ვარ. ალბათ, ხვალ ჩამოვა.
- ნუ გეშინიათ. ხვალ დილას ერთად დავხვდეთ. მერე ის კარგად მასწავლის თხილამურებზე სრიალს.
- გასწავლის, მაშ, შვილო. გურამ, შენს გაზრდას, ერთი შეშა დამიჩეხე და წყალი ამომიტანე.
- ახლავე, დეიდა დარო.
დეიდა დარომ კმაყოფილებით შეხედა გურამს. “ნამდვილი ჩვენებური ბიჭია. აფსუს, რომ ჩვენიანი, ოსი არ არის, რა ოსის გოგოს შევრთავდი!” გაუზიარა აზრები თავის მოხუც დედას, რომელიც მეორე ოთახში ღუმელის გვერდით იწვა და თავთან და გვერდებზე ქაღალდში გახვეული ცხელი აგურები ეწყო.
გურამი გარეთ გამოვიდა და ბაკურიანს გადახედა. ღრმად ამოისუნთქა. თვალი მიაშტერა კოხტას, რომელსაც მზის სხივი ეთამაშებოდა და კიბეზე დადებულ მშრალ თოვლზე ჭრაჭუნით ჩავიდა. აქ თოვლი გამოქექა, ცულის ტარს ხელი წაავლო, ცული თოვლიდან ამოათრია. მოაჯირს ბრტყლად დაარტყა და თოვლი ჩამობერტყა. მერე სახლის ქვეშ შეძვრა, მსხვილი კუნძები დაითრია და დაპობა დაუწყო. ცული მოქნევისას ზოგჯერ სახლის იატაკის ძირს ხვდებოდა, რაც ჩეხვას აძნელებდა. როცა საკმაოდ დააპო, ზევით აიტანა, დაბერტყა და ღუმელთან დააწყო. შემდეგ ვედროებს ხელი დაავლო და წყლისკენ დაეშვა. წყალთან თავი მოეყარათ ბაკურიანელ დიასახლისებს და გულისნადებს ერთმანეთს უზიარებდნენ.
- ჩემი ბიჭები ისეთი კარგები არიან, რომა, პირდაპირ არ ვიცი.
- შენა, სირან, ბედი გაქვს, შარშანაც კარგები შეგხვდნენ. ჩემები კი ყველაფერს ამტვრევენ. გუშინ, გაგიგია, ქალო, შუა ოთახში მთვრალებმა ცეცხლი დაანთეს და გარშემო ურბენდნენ.
- დაროს რომ ბედი აქვს, ისეთი ტყუილია. აი, ქალო, წყალიც კი თვითონ მიაქვს. ხედავ, რა გრუზა ბიჭია?
გურამმა ვედროდან ღამით დარჩენილი ყინული ამოამტვრია და წყალს შეუდგა. როცა ორივე ვედრო აავსო, დაავლო ხელი, ასწია ფრთხილად, რომ არ დაღვრილიყო და თოვლიან გზას აუყვა. გატკეპნილი მშრალი თოვლი ჭრაჭუნებდა. ზოგან ფეხი ცდებოდა. გურამს ცოტა ხელები დაეღალა. “აი, იმ ხემდე მივალ და დავისვენებ. ნეტა რამდენი ნაბიჯი იქნება? ალბათ, ორმოცდაათი. ხელები კი დამეღალა, მაგრამ მოვითმენ. ორმოციღა დარჩა.” უცებ გურამს თავში გაუელვა: “დღეს ლეილა ვერა ვნახო, თუ დაუსვენებლივ არ მივიდე.” 30, 20, 10 - მივიდა, დადგა და გულზე მოეშვა, დაისვენა. “ალბათ, ლეილა უკვე ადგა. უჰ, რა არის თხილამურები! ჩქარა გავიკეთებ და მორჩა, პარკისაკენ.”
- ეგეც წყალი, დეიდა დარო, ახლა ჩქარა პური მაჭამეთ, სასრიალოდ უნდა წავიდე.
- ბიჭო, დეპეშა მოიტანა პავლემა ფოსტიდან. კარგად ვერ გავარჩიე, მგონი, გიბარებენ სახლში. მაგიდაზე დევს, შენთანა.
გურამი ოთახში შევიდა. შიგ სასიამოვნო სითბო დამდგარიყო, ფანჯრებზე ყინული დნებოდა. ფიჭვის წვის სუნი იდგა და მაგიდაზე დამდგარ ადუღებულ რძის ოხშივართან ერთად სასიამოვნო სიმყუდროვესა ქმნიდა. გურამმა მაგიდიდან დეპეშა აიღო, ფანჯრიდან თვალი გადაავლო ლამაზად დათოვლილ ხეებს და ნაწერი გადაიკითხა. დეპეშას დედის სახელი ჰქონდა მოწერილი და იუწყებოდა: “გურამ, ბებო ძალიან ცუდად არის.” გურამმა ნელა დადო დეპეშა. მერე საწოლთან მივიდა, დაიჩოქა და ზურგჩანთა გამოათრია.
1956 წლის 27 მარტი.