I.
გურამი ყოველდღე სულ უფრო და უფრო ცოტა ძალას გრძნობდა იმისთვის, რომ მუშაობა გაეგრძელებინა. თითქმის ძალით გადაიკითხა ბოლო ნოველა ხევსურების ცხოვრებიდან: ამღელმა სამუკა წიკლაურმა შეირთო იათამზე, რომელიც ძმადნაფიცებთან ერთად მოიტაცა წინ ხადუდან და არხოტში გადაიყვანა; მთელი კვირა არ იცოდნენ ქალის კვალი მისმა ნათესავებმა; სამუკა ახიელელმა ოჩიაურმა გასცა, რომელსაც თვითონ უყვარდა იათამზე; ქალის ბიძაშვილებს ერთ დროს შუღლი ჰქონდათ წიკლაურების გვართან და ახლა გაიხსენეს, უღელტეხილზე ჩაუსაფრდნენ, წინ ხადუში ვერცხლისმჭედელ თავალექასთან მომავალი ჯურხა წიკლაური მოკლეს და შუღლი განაახლეს; ამღელებმა ქალის უკან გაგზავნა მოსთხოვეს სამუკას და მაგიერი სისხლის აღება დააკისრეს. ღამით გააპარა იათამზე სამუკამ ქისტეთში თავის ჯარეგოელ ძმადნაფიცთან, სოფლის გარეთ აიშენა ქოხი _ დაულოცველად შეუღლდნენ შეყვარებულები. ნოველა თავდებოდა ასე: ფერდობზე ჩრდილში იწვა თოფ-იარაღში ჩამჯდარი სამუკა, ჩამავალი მზე ანათებდა ქედის იქიდან ნახირთან ერთად ღიღინით მომავალ იათამზეს.
კიდევ რჩებოდა ხევსურების ცხოვრებაზე განზრახული ციკლის დამთავრებამდე ორი ნოველა დასაწერი, რომლებზედაც ასე სერიოზულად ფიქრობდა სულ ერთი კვირის წინ, ახლა კი საშინელ სიცარიელეს გრძნობდა გულზე. წასასვლელი არსად ჰქონდა, თანაც ძალიან შეეჩვია მარტო ჯდომას თავის ოთახში, სადაც გაატარა მთელი ზამთარი მუშაობაში; ესკიზებს თვითონ უკეთებდა თავის ნოველებს, ახლაც მოხაზა რაღაც და ისევ ადგა. საშინელი მოუხერხებელი მოეჩვენა თავისი მოხატული, გაბოლილი ოთახი. კუთხეში უსწორმასწოროდ მიყრილი არყის ბოთლები დაათვალიერა; ყველა ცარიელი იყო,,,წავალ ერთ ბოთლს ვიყიდი,~ გაიფიქრა, მოკლე ნახევარპალტო მოიცვა და გარეთ გამოვიდა. წვიმდა. ქვაფენილებში წყალი იდგა მრგვალ წუმპეებად, ის დიდ, მძიმე მაღალყელიანებს განგებ ტყაპუნით ადგამდა შიგ გუბეებში, წვეთები გვერდზე ხტებოდნენ, გუბე ცარიელდებოდა და ისევ ივსებოდა ნაწური წყლით. ჰაერი თავის ოთახთან შედარებით არაჩვეულებრივად სუფთა მოეჩვენა, მხრები აამოძრავა, ჩაისუნთქა, გაუკვირდა:,,როგორ გავძელი ამდენ ხანს იმ პატარა ოთახში~. ვიღაცამ სწრაფად ჩაურბინა გვერდზე და პოდიეზდში შეაფარა წვიმას თავი. `აი, სულელი, რა სჯობია ახლა გარეთ სიარულს,~ გაიფიქრა ისევ, ღიმილით გაიხედა გადახურული ალაყაფის კარებისკენ, სადაც ბიჭი და გოგო იდგნენ. იქით, აივნის ქვეშაც ხალხი იდგა, წვიმა სწორ ხაზებად ეცემოდა მათ ფეხებთან გუბეში, მან განგებ ჩაატყაპუნა შიგ ფეხი, მოისმა ბუზღუნი, ისევ გაიღიმა თავისთვის და ნაბიჯს აუჩქარა, სულ ჩქარა და ჩქარა მიდიოდა, მერე გაიქცა, მირბოდა, ხტუნაობდა თავისთვის შუა ქუჩაში, ფრუტუნებდა ცხენივით. დაიღალა. გაწუწული შევარდა დუქანში, არაყი მოითხოვა, ცოტა იქვე გადაკრა, მერე ნახევარბოთლიანი ჩაიტენა ჯიბეში და სახლისკენ წავიდა. ისევა წვიმდა. ისევ სირბილით წავიდა, არყის სუნი სცემდა ხახაში ნესტის სუნთან ერთად, ნესტოები დაებერა. თავის პოდიეზდს ჩასცდა, უკან მოტრიალდა და ზევით ავიდა, უბრალოდ, არ იცოდა სად წასულიყო. სიამოვნებით მოათვალიერა ოთახი, იგრძნო, რომ ამ ცოტა ხანში უკვე მოენატრა ის, სველი ტანისამოსი სქელ ორთქლს უშვებდა, გაუხდელად დაჯდა, ორ ჭიქაში დაასხა არაყი, დაიწყო ხევსურულად დალოცვა: `ღმერთო, ხელი მოუმართე ალუდას საკლავითა, ფქვილითა, ნადირითა,~ სვამდა და ხმამაღლა იცინოდა, მერე მეორე ჭიქას სვამდა, `მაგვიხველ მშვიდობით, მინდიავ, სხვა როგორ ხართა, სახლში ხო არა გიჭირსთ რა, თვითონ როგორ ხარ,~ ახლა ინანა, რომ შემოდგომაზე დასაზამთრებლად მთაში არ დარჩა. ბოთლი თითქმის მიიცალა, დათვრა, დანაღვლიანდა, ძალიან მოუნდა სადმე წასვლა, ისევ შიშით იგრძნო, რომ ეს ოთახი, სადაც მთელი ზამთარი გაატარა, მოსწყინდა უღმერთოდ. მეორე დილას ოდნავ სტკიოდა თავი. გააბოლა და ისევ მიუჯდა მაგიდას, შუა დღემდე იმუშავა, მერე გაირინდა: არაჩვეულებრივი სიცხადით დაინახა სამუკა, იათამზე, სანდომა _ თავისი ნოველების გმირები. სამუკას ცხენზე წინ ესვა იათამზე და მიჭენავდა ბილიკზე, არასოდეს არ უგრძვნია, რომ ისინი ცოცხალი ადამიანები იყვნენ, მხოლოდ წერდა მათ შესახებ, იცნობდა მათ ცხოვრებას, ახლაღა იგრძნო და გააჟრჟოლა, იათამზეს ათქვირებული მკერდი ისე ცხადად წარმოიდგინა, ცხენის ჭენების დროს ტორტმანით მოძრავი; კალმისტარი გადააგდო, სადღაც გაქრა სამუკა. იათამზე იწვა ფერდაზე ახლად ამოსულ ბალახში, თვალები დახუჭული ჰქონდა, ეძინა; თითქმის შეიგრძნო მისი სუნთქვა, შეაჟრჟოლა, თავი გაიქნია, ჭერს ახედა, ერთი წამით გაქრა ქალის მკერდი, სახე და ისევ ახალი ძალით ეტაკა, შიგ კეფაში გაატანა მისმა სუნთქვამ. შეეცადა სამუკაზე ეფიქრა, ახალ ნოველაში მას სისხლის აღებაზე საერთოდ უარი უნდა ეთქვა,,,სამუკა, სამუკა, სამუკა,~ იმეორებდა თავში, უცებ ნერვიული მოძრაობით ადგა; ხერხემალში სითბოს გრძნობდა, ოთახში დაიწყო სიარული, მერე საიდანღაც სარკე ამოათრია, გაწმინდა, შიგ ჩაიხედა, არ ესიამოვნა წვერმოშვებული, გაფითრებული სახის დანახვა, შევარდნილი, მუქი, უფერო თვალებით, სარკე გადააგდო, `სამუკა ღაჟღაჟა იყო,~ გაიფიქრა. ოთახის თავში წავიდა, სულელურად გაეცინა, გამოქანდა და ტახტს დაახტა უხერხული მოძრაობით ზევიდან, უაზროდ გაეღიმა. იათამზე მიბრუნდა და ბილიკზე დაეშვა,,,წადი და წადი,~ თქვა ხმამაღლა გურამმა. ხმა ოთახში დაგუბდა, ყრუდ გაისმა,,,ოჰო,~ ამოიძახა, ბგერები ხრინწიანი გამოვიდა, ფერდაზე სამუკა გამოჩნდა, იათამზე გაჩერდა, ვაჟი სირბილით დაეშვა, ჩაიხუტა, არაჩვეულებრივი სიცხადით იგრძნო ღრმა, ნდომიანი კოცნა, ქალის ცხელი, უძირო ტუჩები,,,მე წავედი,~ თქვა ხმამაღლა თვითონ.
მიდიოდა უაზროდ. ჯერ უკვირდა ამდენი ხალხი, ოდნავ ასტკივდა თავი, მზემ თვალი მოსჭრა, ჰაერში სასიამოვნო ნესტიანი სითბო იდგა. მიდიოდა და ცხადად გრძნობდა სიარულს, როგორც ამას გრძნობენ ციხიდან ახლად გამოსულები ან წამომდგარი მწოლიარე ავადმყოფები პირველ დღეს; ერთი ნაბიჯი, ორი, აქ წუმპეა, გადააბიჯა, ნაბიჯი უფრო დიდი გამოვიდა, ქვაფენილები ოთხკუთხად არის ჩასმული, თითოში თითო ფეხის გადადგმა მოკლეა, უხერხული სასიარულო, ერთის გამოტოვებით ძალიან უნდა გაწელო ნაბიჯი, უსიამოვნო სასიარულოა, დაიღალა, თავი მაღლა ასწია. ვიღაცა გოგონამ შიგ სახეში გაუცინა, გაჩერდა, გოგო ბიჭს ელაპარაკებოდა, არც შეუხედავთ მისთვის, ბიჭს ჯანსაღი მოღიმარი სახე ჰქონდა, ყველაფერი უცებ აღიქვა, რამდენიმე ხანი გრძნობდა მათ სახეებს, შემდეგ ახალი სახე აღიქვა, დიდი ნიკაპით, პაპიროსით ტუჩებში, რომლებიც ღიმილისგან ყურებამდე იყვნენ ახეული, რატომღაც მოაგონდა ფრაზა `ღჯვე რფრ7 პფგჯვყბნტ7 ვტლდტლმ ყტ ჰფრ~. ეს უაზრო ფრაზა მართლა არაფერთან კავშირში არ იყო, მაგრამ თავიდან ვერ მოიშორა, სანამ ახალი ფრაზა არ მოაგონდა სიმღერიდან, რომელსაც ვერასოდეს ვერ იტანდა, სწორედ ამ სიტყვების გამო, `ჯან აია, ჯან აია, ჯან!~ დაიწყო ღიღინი, ვერაფრით ვერ გადაიგდო ენიდან. უცებ შეუხვია მყუდრო შუკაში და რეზოსთან ავიდა.
ოთახში მოღიმარი სახით იჯდა რეზო, ჩაპუტკუნებული ლოყები ჩაჭრილი ჰქონდა ეშხიანად ორივე მხარეს, ხელში გიტარა ეჭირა, ამღერებდა, ხანდახან სიმღერას წყვეტდა და ამბობდა:,,სულელი ხარ, მთელი ზამთარი სახლში ჯდომა იქნება?!~
გურამი რატომღაც უხერხულად იღიმებოდა, `D Nбბკბცბ ლფ ლჯრნჯჰ