კედლის ჩრდილში ნაგვის ყუთთან ვიღაც იჯდა და ქექავდა. ქაღალდებს ტომარაში ტენიდა, კონსერვის ყუთებს ჩანთაში.
ბოძზე ნათურა ეკიდა და ნაგვის ნაწილს ანათებდა: სიბნელეში მჯდომი ქექვას განაგრძობდა.
შუქის ქვეშ ორმა შლიაპამ ჩაიარა: ერთი ქალის იყო, მეორე კაცის; ეზოში შეუხვიეს; სინათლეს გასცდნენ. სიბნელეშიაც ცოტა ნათელი იყო.
ის იჯდა და ქექავდა.
მათ დანახვაზე გაირინდა.
კაცი და ქალი იდგნენ სიბნელეში: კაცი კოცნიდა ქალს, მერე ქალმა კისერზე მოჰხვია ხელი და მიიზიდა:
მან ქექვა განაგრძო:
მხოლოდ რკინის საჩხრეკი ჯოხი ჩანდა სინათლეში.
კედელს აყუდებულები კოცნაობდნენ.
მერე კონსერვის ყუთი იპოვა იმან და სხვა ყუთებთან ჩააგდო ჩანთაში.
- ჩხაკ! - გაისმა.
იმან რკინის ჯოხი ჩრდილში შეწია.
ქალმა კოცნა შეწყვიტა:
- აქ ვიღაც არის, - თქვა მან.
კაცი შემობრუნდა:
- მათხოვარია, - თქვა კაცმა.
- ოჰ, - თქვა ქალმა, მერე ისევ მოჰხვია კაცს კისერზე ხელი: კაცი დაეკონა.
ის კი იჯდა.
მერე ადგა, ორივე ტომარა მოიკიდა მხარზე და წავიდა: ჯერ მისი თავი გამოჩნდა შუქზე, შემდეგ ბარგი. გავიდა ქუჩაში. გაუხვია. ფეხებს მიათრევდა. მეჩხერ ქვებს ეჩეხებოდა აფხრეწილი ლანჩებით: თავზე სხვა ნათურა ანათებდა ისევ: ნელა, ფეხათრევით შეუხვია სხვა ეზოში და სანაგვეს თავი ახადა.
წელი 1957. მარტის 31.