უკანასკნელ ხანს ერეკლე ისე უძლური შეიქმნა, რომ სამეფოს განაგებდა მეუღლე მისი დარეჯანი. ამ მოუსვენარმა დედოფალმა განიზრახა მეფედ თვითონ დარჩენილიყო, მერე იულონი გაემეფებინა და გიორგი ცარიელზე დაესვა.
მაგრამ გიორგიმ თავისი დედინაცვლის დაწყობილება სრულიად ჩაშალა. როცა ერეკლე გარდაიცვალა, მაშინ გიორგი ქიზიყში იყო. იმ წამსვე თავისი თავი მეფედ გამოაცხადა და მთელი ქიზიყი ერთგულებაზე დააფიცა. იქიდან გაქანდა ბორჩალოს მაზრაში და იქაც იგივე მოიმოქმედა. ბორჩალოდგან აიჭრა გორში და იქაც მეფედ აღიარებულ იქმნა. თვითონ კახეთშიაც ბევრი მომხრეები აღმოუჩნდა გიორგისა. მაგრამ დარეჯანის მომხრენიც ძლიერნი იყვნენ. ამის გამო გიორგიმ მორიგება არჩია თავის დედინაცვალთან. მორიგდნენ ასე, რომ ერეკლეს მემკვიდრედ შეუცილებლივ დარჩებოდა გიორგი, ხოლო გიორგის ადგილს, მისი სიკვდილის შემდეგ, დაიჭერდა არა მისი უფროსი ვაჟი დავითი, არამედ იულონი.
მაგრამ, როცა გიორგიმ ხელში იგდო მეფობა და ძალ-ღონე მოიცა, მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი უფროსი ვაჟი დავითი და იულონი ცარიელზე დასვა, რამაც უკიდურესად გაამწვავა სამეფო გვარეულობის განხეთქილება.
სხვაფრივაც სუფევდა უთანხმოება სამეფო გვარეულობაში. მეფე გიორგი მომხრე იყო რუსეთთან კავშირის გაძლიერებისა. ზოგნი ბატონიშვილები სხვა აზრისანი იყვნენ. იგინი ამბობდნენ: ამ კავშირმა უკიდურესად გააბრაზა ჩვენზე სპარსეთიც, ოსმალეთიც და დაღესტანიც და აამხედრა ჩვენს წინააღმდეგ. გავსწყვიტოთ ეს კავშირი, შევურიგდეთ გაბრაზებულ მეზობ-ლებს, მოვიპოვოთ სიმშვიდე და განვაგრძოთ ჩვენი ეროვნული არსებობაო. მეფე გიორგი ამ შერიგებიდან სიკეთეს არ მოელოდა, უბრალო კავშირიც რუსეთთან საკმარისად არ მიაჩნდა თავის მრავალტანჯული სამეფოსათვის. ბოლოს გიორგი მეფე მტკიცედ დაადგა იმ აზრსა, რომ ერთადერთი ღონის-ძიება ქვეყნის სამუდამოდ დამშვიდებისათვის არის რუსეთთან შეერთებაო. ამ გადაწყვეტილებას ძლიერ დაეხმარა ორი გარემოება. პირველად, გიორგი მეფე ეკლესიური მიმართულებით იყო გამსჭვალული და კავშირი არა ქრის-ტიანთა ხალხებთან ეჯავრებოდა; მეორედ, ბოლო წლებში თვითონ მეფე ძლიერ დასნეულდა წყალმანკით და პირი სიკვდილისაკენ ჰქმნა.
ყველა ამის გამო სნეულმა მეფემ დასწერა ქაღალდი რუსეთის იმპერა-ტორის პავლეს სახელზე, რომელშიაც სთხოვდა _ შეერთებინა მისი პატარა სამეფო თავის დიდს სახელმწიფოსთან იმ პირობით კი, რომ შინაგანი მართვა-გამგეობა საქართველოსი მის ხელში ყოფილიყო და მეფის სახელი და ღირსება შერჩენოდა მას და მის მემკვიდრეებს სამუდამოდ ჩამომავლობით. ეს ქაღალდი გაატანა სამს ელჩსა, მაგრამ, ვიდრე ეს ელჩები რუსეთიდან დაბრუნდებოდნენ, გიორგი მეფე გარდაიცვალა, იმპერატორმა პავლემ თუმცა გამოსცა მანიფესტი საქართველოს შეერთებაზე, მაგრამ სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგანაც უცებ ისიც გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხელახლად განიხილა საქმე, გამოსცა ახალი მანიფესტი საქართველოს შეერთებაზე რუსეთთან და სისრულეში მოიყვანა. იმპერატორს უნდოდა მეფობა საქართველოში არ გაეუქმებინა და მემკვიდრე დავითი ეღიარებინა მეფედ, მაგრამ მისი მინისტრები და გენერლები წინ აღუდგნენ ასეთს განზრახვას და საბუთად მოჰყავდათ, სხვათა შორის, ქართველი სამეფოს გვარეულობის უკიდურესი განხეთქილება. ესენი თავის გულის წადილს სავსებით ეწივნენ. მეფობა საქართველოსი გაუქმებულ იქმნა, ბაგრატიონთა გვარეულობა მთლად გადაასახლეს რუსეთში, სადაც ყველას მისცეს მამულები და პენსიაც დაუნიშნეს.
იმპერატორის ალექსანდრეს მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე გამოცხადდა 1801 წელსა სექტემბრის 12 დღესა. ათის წლის შემდეგ ესეთივე ბედი ეწია დასავლეთ საქართველოსაცა. ამ სახით მთელი ჩვენი ქვეყანა გახდა ნაწილი რუსეთის იმპერიისა და ჩვენში, ნაცვლად წინანდელი ეროვნული მართვა-გამგეობისა, დამკვიდრდა რუსული მართვა-გამგებლობა