ტოტლებენის მოულოდნელმა საქციელმა სხვა შედეგიც დაბადა. ქართველი ჯარი საგონებელში ჩავარდა. ეტყობა, ოსმალოს დიდი ჯარი ჰყოლია, რომ ტოტლებენს შეეშინდა, ზურგი მტრისკენა ჰქნა და ქართლისაკენ გასწიაო. ამ შეძრწუნებით ისარგებლეს ოსმალებმა, უცებ გამოვიდნენ ციხიდან, დაესხნენ თავს ქართველებსა და თუმცა ბრძოლის შემდეგ უკუქცეული იქნენ, მაგრამ ოთხმოცამდე ქართველი ტყვედ შეიტაცეს ციხეში.
მდგომარეობა ძლიერ გაჭირვებული იყო. ხოლო სწორედ ამისთანა გაჭირვებულ შემთხვევაში გამობრწყინდებოდა ხოლმე ერეკლეს საოცარი გავლენა ჯარზე. რამდენიმე მარჯვე სიტყვით ერეკლე ყოველ თავის ჯარისკაცში სრულიად გააქრობდა ხოლმე შიშსა და ჩაჰბერავდა ვაჟკაცობის და მამაცობის სულსა, მხდლებსაც კი გმირებად გადააქცევდა ხოლმე...
მეფემ დაუარა თავის ჯარსა, მოაგონა, რომ ქართველებს თავისი საკუთარი ძალ-ღონით და ვაჟკაცობით მრავალჯერ დაუმარცხებიათ ათჯერ და ოცჯერ მათზე მეტი მტერი, და ბოლოს უთხრა: ჩვენ ან უნდა გავიმარჯოთ მტერზე, ან მთლად დავიხოცნეთ აქა. ისე დაბრუნება კი სამშობლოში ჩვენთვის თავზე ლაფის დასხმა იქნება. რა უნდა ვუთხრად ჩვენს დედებს, ჩვენს ცოლებს, ჩვენს დებსა, მთელს ქართველობას, როცა ხელცარიელნი მივალთ შინა. განა ამისთანა ლაჩრობა ქართველებს შეჰფერის? არა, ძმებო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც წინეთ მოვქცეულვართ, როგორც შეჰფერის ქართველთა მამაცობას და ვაჟკაცობას. წინ და არა უკან...