სოლომონ მეფე ებრძოდა ერთი მხრივ ოსმალებსა, რომელთაც ეჭირათ ყველა სიმაგრე მისს სამფლობელოში, და მეორე მხრივ გურიის და სამეგრელოს მთავრებსა. მაგრამ ტოტლებენის მიშველებას არ მიშველება სჯობდა. თუმცა ციხეებში ოსმალებს ოცი-ორმოცი ჯარისკაცის მეტი არა ჰყავდათ, მაგრამ ტოტლებენი ვერ ახერხებდა მათ აღებას და მთელი თვეობით იდგა მათ გარეშემო ყარყუმივით. როცა ციხე ბოლოს სიმშილის გამო დამორჩილდებოდა ხოლმე, ტოტლებენი უწყალოდ სცარცვამდა თვით ადგილობრივს მცხოვრებლებსაც. ამის გამო ყველამ შეიძულა იგი. გაძარცვის შიშით ციხეები აღარ ემორჩილებოდნენ და იბრძოდნენ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე. ტოტლებენის აღთქმას და ფიცს აღარავინ იჯერებდა. მაშინ მიმართა მან სოლომონ მეფის მეუღლეს, დედოფალს მარიამსა, და სთხოვა თავდებობა ეკისრა. ეს დედოფალი იყო ყოვლად ღირსეული გვირგვინოსანი და მას ყველა იმერი უსაზღვროდ ენდობოდა. ამიტომ საცა კი თავდებობა მან იკისრა, იქ ადვილად დამორჩილდნენ ტოტლებენს მეციხოვნენი. ეს აბეზარი გენერალი სოლომონ მეფესთანაც ვერ მოეწყო, რის გამოც რუსთა ჯარი ცალკე ეომებოდა ოსმალებსა და იმერთა ჯარი კიდევ ცალკე. ერთხელ, როდესაც ფოთის გარშემო იდგა ტოტლებენი თავისი ჯარით, ოსმალთა ჯარი შეუმჩნევლად მიუახლოვდა მას და სრულიად ამოჟლეტავდა რუსებსა, თუ სოლომონ მეფეს არ მიესწრო და უკუ არ ექცია მტერი. თვით საკუთარს ჯარს ძლიერ ცუდად ექცეოდა, მეტისმეტი ანგარების გამო საწყალ სალდათებს ჰხოცდა შიმშილით და უტანისამოსოდ. თითქმის მთელი ჯარი დაავადებული იყო და ჭერეხივით ეყარა. ბევრმა რუსის სალდათმა დალია სული აქ და მიებარა ცივს სამარეს უცხო, შორეულს ქვეყანაში.
ბოლოს სიმართლემ მიაღწია პეტერბურგამდინ, და იმპერატრიცა ეკატერინემ გამოსცვალა ტოტლებენი და მის ნაცვლად გამოგზავნა რუსეთიდან გენერალი სუხოტინი. მაგრამ ვერც ეს გამოდგა ღირსეული წინამძღოლი ჯარისა, და მალე იქმნა დაბარებული რუსეთში თავის ჯარითურთ. ეს მოხდა 1772 წელს.
დარჩა ამ სახით აღმოსავლეთისა და დასავლეთის საქართველო თავისთა ძალთა ამარა ძლიერის მტრის წინააღმდეგ. ბევრი ჩვენებური ჩავარდა საგონებელსა და შიშში. მაგრამ ეს შიში მალე გაიფანტა მთლად. ქართველმა მეფეებმა — ერეკლემ და სოლომონმა — მოახერხეს შეკავშირება, შეუერთეს იმერთა და ამერთა ჯარები ერთმანეთსა და შეესივნენ ოსმალეთსა ახალციხის მხრივ. ციხეების აღებას თავი დაანებეს, ქვეყნების დაპყრობას შეუდგნენ და ბრწყინვალე გამარჯვებით იარეს თვით აზრუმამდინ. მაგრამ სწორედ ამ დროს ზავი და მშვიდობა ჩამოვარდა რუსეთსა და ოსმალეთს შორის და ქართველი მეფენი იძულებულნი შეიქმნენ შეეიწყვიტათ ლაშქრობა და დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, რაიცა მოხდა 1774 წელს.
ერეკლესა და სოლომონს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სამშვიდობო ტრაქტატის შეკვრის დროს რუსეთსა და ოსმალეთს შორის, მათ დაუბრუნდებოდათ ის კუთხეები საქართველოსი, რომელნიც ოსმალეთს ეჭირა. საუბედუროდ, ეს იმედი მათ არ აუცხადდათ, ოსმალეთმა შეირჩინა წინათ დაპყრობილი ქართული ქვეყნები და ქართველ მეფეებს მხოლოდ მცირე რამ დაუთმო. სამაგიეროდ რუსეთმა ბევრი რამ მიიღო ოსმალეთისაგან და თავის საზღვრები გააგანიერა სამხრეთის მხრივ.