„ბრძანა და მსწრაფლ შეიყარნენ
დიდებულნი, მღვდელმთავარნი,
ვეზირნი და ნაზირები,
ბჭე-მდივნები, სპასალარნი.
წადგა მეფე კრების წინა
თამამად და დიდებულად;
ყველამ, დიდმა და პატარამ
თაყვანი სცეს ბატონს ყმურად.
ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს
ტანად, თვალად, იერითა,
მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს
იმის ჭვრეტით, ყურებითა.
უბრძანა თუ: — „დიდებულნო,
საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა…
ის დღეა დღეს, _ ან მე ვიყო,
ან ჩვენი ტურფა ქვეყანა.
შეიტყობდით, მომივიდა
ყეინისა მოციქული,
აქ მოდიო, მე მიბარებს
ჩემზედ გაბოროტებული.
თუ არ მოხვალ, მე მოვალო,
აგიოხრებ ქვეყანასა,
საცა კი ფეხს დავადგამო,
ავადენ ნაცარ-ტუტასა.
თუ წავედი, თქვენც ხომ იცით,
მე სიკვდილი არ ამცდება…
თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით,
მართლის თქმაა ერთგულება“.