„რას იქმოდნენ? მისცეს ფიცი
გამწყრალთა, გაბრაზებულთა,
სირცხვილის ჭამა ირჩიეს
ქვეყნისთვის დავალებულთა.
ბევრმა იკრა გულში ხელი,
სთქვა გულმწარედ: „ვაი დედას!
დრო მოგვივა და ამ თათრებს
არ შევარჩენ ჩვენს შერცხვენას!“
ბატონმა ბრძანა: — „ვინა ხართ?
წადით, ჰკითხეთ — რა სწადიან?
თუ მე უნდივართ, აქა ვარ,
ჰქმნან ის, რასაც მიქადიან…“
მალე დაბრუნდა უკანვე
მეფის კაცი მოციქული,
მოახსენა: — „სარდალს ვუთხარ,
მეფევ, შენი ბრძანებული;
მითხრა: — „მეფე შენი გვინდა,
თუ მოგვეცა თავის ნებით,
არას ვერჩით თქვენს ქვეყანას,
აქედამვე დავბრუნდებით…”
იამა, ბრძანა: — „მადლი ღმერთს,
რომ ქვეყანა გადმირჩება
და ცოდვილი ჩემი სისხლი
ამაოდ არ დაიღვრება“.
თვით წაბრძანდა სარდლისაკენ,
მის წინ შეაყენა ცხენი,
უბრძანა თუ: — „მე ვარ მეფე,
რაც გენებოს, იგი ჰქმენი“.
მისცვიდნენ უკადრისადა,
ვით ძეს ღვთისას ურიანი,
შეჰკრეს, შეჰბაწრეს ტყვესავით
მეფე ხელმწიფე სვიანი.