„ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც…
— „რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო“.
გაუგზავნა მოციქული:
— „გამოცხადდი ჩემ-წინ შენო,
თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარ-ტუტას ავადენო“.
დაგვიღონდა მეფე ქველი,
იმ ურჯულოს მიხვდა წადილს,
ისიც იცის, — იმ ღვთის-რისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.
რა ჰქმნას? თითონ მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.
დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა…
— „წავალ — მომკლავს, — და არ წავალ —
ამიოხრებს ქვეყანასა“.
ბოლოს ბრძანა: — „თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო —
წესია მეფეთ ქებულთა.
ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან, —
წასვლას, თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ, —
მეფის, თუ ქვეყნის დამხობას?''