”ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს
უტყუარსა და მართალსა:
ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ
უწინ ჩვენ მამა-პაპასა.
დიმიტრი ერქვა სახელად,
მხარ-ბეჭ-პრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში თუ შვილდ-ისარში
არავინ ჰყვანდა ბადალი.
კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარეთ რისხვით მტრისა მსრველი,
შინ მოწყალე, ღვთისნიერი.
ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა.
მოივლიდა ქვრივს და ოხერს,
დავრდომილსა და ობოლსა,
თავის ხელით ურიგებდა
მოწყალებას და საზრდოსა.
ვის რაც გულში დარდი ჰქონდა —
წავა — იმას შესჩივლებდა,
გლახის, ობლის, ჩაგრულისას
სარჩლსა არ ითაკილებდა.
ყველგან იმის სამეფოში
თხა და მგელი ერთად სძოვდა,
ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი
სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.