„სასჯელი დაუგვიანა
იმ ღვთის-მგმობელმა თათარმა,
მინამ მოაკვლევინებდა,
სცემა, ჰგვემა და აწამა;
აწამა, ვით სვავმა ტრედი,
მეფე იგი საკვირველი
და ვერ გაძღა მის წვალებით
ის უღვთო და სისხლის-მსმელი.
ერთხელ მეფე, ნაწამები
ძლიერად და ულმობელად,
ბნელში ეგდო ძალმიხდილი,
უპატრონოდ, უზრუნველად.
როცა ღონეზედ მოვიდა,
ადგა, მუხლი მოიყარა,
პირქვე დაემხო ლოცვითა
და ცრემლები გადმოჰყარა.
მოსთქვამდა თუ: — „ღმერთო, ღმერთო!
გთხოვ, მიწყალო, შემიბრალო,
რაც გადამხდა, განკითხვის დღეს
მადლად მე არ ჩამითვალო.
მე არა გთხოვ, — მანდ წამება
აქ წამებით შემიმცირო,
მე გთხოვ, — სისხლი აქ დაღვრილი
ჩემი სხვისთვის შეიწირო.
ღმერთო, ღმერთო!.. თვალ-წინ მიდგა
დიდ ტანჯული მე ძე შენი…
ვით ძით ყველა, ისეც ჩემით
ერი ჩემი დაიხსენი“.