„მიჰგვარეს ყეინს ურჯულოს,
სისხლმსმელს ადამიანისას…
საღერღელი აეშალა,
ვით კრავის წინ მხეცსა ტყისას.
გაწყრა: — „როგორ გაბედეო,
არ გადუდეგ ჩემს მოსისხლეს?
სთქვი პასუხი და იცოდე,
შენი განკითხვის დღეა დღეს.
იცოდე, რომ წინვე მითქვამს:
თავი უნდა მოგეკვეთოს!
ამის შეცვლა თითონ ღმერთმაც
ჩემმაც მე ვერ შემომბედოს.
მინამ მოგკლავ, მსურს აქ ჩემ-წინ
შეინანო ბრალი შენი,
აქ ჩემ ფეხთ-წინ აღიარო
შენვე შენი სიმუხთლენი…“
მეფემ უთხრა: — „შენისთანა
ჩემი რა გამკითხველია!
ნუ მოგაქვს თავი იმით, რომ
ძალა აღმართის მხვნელია.
შენ-წინ მოთქმა რას მიქვიან?
რას მიქვიან შენანება?
ჩემი გამკითხველი არი
ნამუსი და ჩემი ნება.
ჰქმენ რაც გინდა!.. მე არ გკითხავ, —
რად გწადს მომკვეთო თავიო…
სვავს ვინ ჰკითხავს, სისხლს რადა ჰსვამ,
სვავო, რადა ხარ სვავიო?..“
გაწყრა ყეინი ამაყი,
ეს როგორ გამიბედაო!
უბრძანა: — „ჰგვემეთ და სცემეთ,
ბნელეთს ჩააგდეთ ეგაო“.
წაიყვანეს მეფე ჩვენი
და საბნელეთში ჩააგდეს;
შემოარტყეს გარს მცველები,
კარს კლიტეები დაადეს.