ქარი დასტირის ბნელასა!
აქ მოდი, ჩემო ჩონგურო, ერთო ნუგეშო გულისა, მესაიდუმლევ
უცვლელო, ჩამყუჩებელო წყლულისა!
ისევ შენ განდობ ნაღველსა, ისევ შენ განდობ ყველასა: ქარი კვნესს, ქარი
სისინებს, ქარი დასტირის ბნელასა!
ფიქრი... ფიქრი... და ფიქრები... არ შორდებიან გონებას, გული სევდებმა
წაიღეს, სული მიეცა ღონებას!
შენ, ერთადერთო ნუგეშო, მაინც შენ განდობ ყველასა; ქარი კვნესს, ქარი
ქვითინებს. ქარი დასტირის ბნელასა!
ცრემლი დავღვაროთ ორთავემ? ეს ხომ ლაჩარის წესია! თუმცა ცხოვრების
მდელოზე მეტი რა დაუთესია?!ან რა დროს ქებათ-ქებაა
გაზაფხულის და იასი, კორდებზე გალაღებული ბულბულის ტია-ტიასი!
არა, ამ მწუხარ ღამეში, გარს რო მოისხა ვარდები, მაშინ, ჩონგურო,
სიმწარით ხელიდან გამივარდები.არა, ისევ და ისევა, ისევ მას დავკრავ
სიმებსა, რაც რომ სიმწარით ნაღველსა შეაკრთობს, გააღვიძებსა.დავკრავ:
ღამეა მწუხარე, თვალი ვერ ხედავს ვერასა, ქარი კვნესს, ქარი ქვითინებს,
ქარი დასტირის ბნელასა!
დავკრავ: ამ მწუხარ ღამეში ისევ შენ განდობ ყველასა... ქარი კვნესს, ქარი
ქვითინებს, ქარი დასტირის ბნელასა!