უკან: იროდიონ ევდოშვილი

(თვით ჩემი მუზაც ვეღარ იცლის, რომ ..)

3 ნახვა  •  2 წთ კითხვა
თვით ჩემი მუზაც ვეღარ იცლის, რომ სთქვას სხვა რამე, არა გშორდება,
არ გცილდება არც დღე, არც ღამე. წავა საითმე და თან მიაქვს იგივე
ფიქრი, ღელავს - შენც მასთან ასდევ ტალღებს, შენც მასთან მიჰქრი! თუ
გაიტაცა ის ერთ წუთით მთის ლეგა ნისლმა, ან მწუხრის სიმი იმის
გულში სევდათ გაისმა; ან მხიარულობს, წინწკლებს ისვრის ჭიქა ქარვისა,
მის წინ ირხევა ტკბილ დუდუკზე ტანი ალვისა; ოხ, არ გეგონოს ჩანგი ამ
წუთს უმღერდეს იმათ, არა, ისა თრთის, ის შენთვის თრთის მაინც იმ
ჟამად; მაგრამ მტარვალად გადვიქცევი, ბორკილს დავგრეხავ, არ
დავინანებ, არ დავინდობ ჩანგს გადავტეხავ; და ავუკრძალავ თავხედ
მუზას შენს გზას, შენს სახელს. თუ წამოსცდება მყის ტუჩებზე დავაფარებ
ხელს! აბა რას აქნევ ცხოვრებისგან მითელ-მოთელილს: სულს გრძნობას
ლტოლვას, აღტყინებას, ფიქრსა და წადილს?! მითხარ, ვის უნდა, ვის რათ
უნდა დაჭრილი გული,ვინ მოუკრიფოს მკერდის ბუჩქზე მას თაიგული!
მე ფერფლიღა ვარ ცეცხლზე დამწვარ სალამურისა: მე გმინვაღა ვარ -
მშველის გმინვა განგმირულისა: მე ვარ ორბის ფრთა მოტეხილი,
მოდუნებული, მე ვარ ვარდის ძირს მიგდებული მკვდარი ბულბული:
მიტომ ვუკრძალავ თავხედ მუზას შენს გახსენებას, ამიტომ ჩანგსაც, რომ
გიმღეროს - არ ვაძლევ ნებას! და მხოლოდ ერთხელ... ეს იქნება
უკანასკნელი სულს ამოჰყვება სიკვდილის წუთს შენი სახელი!