პირველად თავის სიცოცხლეში
მშობლებს კი უთხრა,
რომ მკერდზე ქვის დოლაბებმა გადაუარა
და დაზაფრული იქვე დაეცა... დედამისი,
როგორც იდგა ფანჯარასთან,
პურით და მჭრელი დანით ხელში
სინათლემ შეისრუტა
სულ ბოლომდე,
ხელ-ფეხის მოგრძო მტევნებამდე...
მხოლოდ გვიან, ღამის ზედაპირზე
პურის ნაჭერი წამოტივტივდა...
და თქვა მაშინ მარტოკაცმა:
_ რა იოლი სათქმელია ჭეშმარიტება!
თვალის კაკლებში ქვებს რომ გვესროდნენ,
როგორც ჭაში.
ჩვენს თავზე წყალი რომ შეინივთოს,
მკერდს მაინც იპოვის დოლაბის სიმძიმე
და სინათლე, ხარბი, უწყვეტი
ჩვენი ფერ-ხორცის შემსრუტავი
ფრჩხილების ბოლო წერტილამდე...
მერე კი დროის ზედაპირზე
შეიძლება სიტყვა წამოტივტივდეს _
ერთადერთი,
რასაც უნდა მოელოდე
დოლაბგადავლილი მკერდიდან...