კვლავ მასხდებიან მკერდზე მერცხლები,
კვლავ მერგო ზეცის ლურჯი ნაჭერი –
სევდის გადია, სიზმრის შემცვლელი,
ფიქრის გამჩენი და გადამრჩენი.
მაგრამ კვლავ მმართებს, რაც კი მემართა
მტრისა და მოყვრის, საქმის და სიტყვის.
რაც თვალს დააკლდა – სულს შეემატა,
სხვა არაფერი შეცვლილა თითქმის.
და კვლავ ბზინავენ წითლად ვარდები,
სიკვდილ-სიცოცხლის ღრიალებს ბუკი…
და შენც ჩემს გულში კვლავ იბადები,
ვით ხმა – დუმილში და ბნელში – შუქი.