უკან: ფრიდონ ხალვაში

ბაზართან ება ბოჩოლა..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ბაზართან ება ბოჩოლა,
წვიმდა, ბოჩოლას სციოდა,
გეგონებოდა ტიროდა,
წვეთები ისე დიოდა.

თვალებით დედას ეძებდა,
მგონი, რაღაცა სტკიოდა,
პატრონი ფოთოლს აწვდიდა,
არ ჭამდა, თუმცა შიოდა.

_ ხორცი ჩვილი აქვს, ცვრიანი,
ბაზართან კაცი ყვიროდა,
ბაზართან ება ბოჩოლა,
ბოჩოლა ჩუმად ჩიოდა.