ტკბილად მომღიმარი მასპინძელი,
კართან მხარგაშლილი მოგვეგება:
_ მოდით, საქართველო მომაფრქვიეთ
ლექსად საქართველოს პოეტებმა.
აჰა, ისე გავხდი შუახნისა,
ლექსი მშობლიურად არ მსმენია,
დიდი წყურვილი მკლავს, თქვენი სიტყვა
ჩემთვის უტკბილესი სასმელია.
ასი შინაური მოგვეხვია,
ასიც ნათესავი მოგვემატა,
ცრემლი ვეღარავინ შეიკავა, _
თურმე ერთმანეთი მოგვენატრა.
ისე ავაჟღერეთ სტრიქონები,
გათბნენ იქაური დარბაზებიც,
თურმე სტამბოლშიაც არის სახლი,
სადაც ქართულ ლექსით დაფასდები.
უფრო დავიჯერე პოეზია,
მისი უმართლესი ამოცანა
და შინ წამოვიღე სტამბოლიდან
სიტყვა საქართველოს სალოცავად.