უკან: ფრიდონ ხალვაში

უპატრონო ბავშვი

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
საღამოთი, როგორც ბედი,
უდედმამო ბავშვთა ბაღში,
შემეფეთა უცაბედი
მზერა უპატრონო ბავშვის.

დამადუმა ბავშვის დარდმა, _
ენთო ცივი ცრემლი თვალში.
ალერსს მთხოვდა... გული დადნა,
კაცი დავიწვი და გავშრი.
განშორება, თვით სიკვდილიც
არაფრად ჩანს ცხოვრებაში,
როცა გდევს და შენში ტირის
მზერა უპატრონო ბავშვის...