იყო რაჭაში დედაბერი,
მარტოკა იყო ცხრა ზამთარი
და ყველაფერი, ყველაფერი
მოთქვამდა როგორც საზანდარი.
იტირე, იტირე, საზანდარო –
იტირე, ჩემო ბებრუხანა…
აგერ ყანობირი გათქერილი,
შიშველი, როგორც დეკემბერი,
დათვი დალაყუნობს ასკერივით,
მგლები დაძვრებიან ლეკებივით.
ვიღაცამ მამალი დიდებული
გამოიმეტა დედაბრისთვის,
რაჭაში გაციმბირებული,
როგორც ბუნტარი დეკაბრისტი.
– ჰეი-ჰეი, ქომაგები სად არიან,
სახლი რომ ომამდე ურანდიათ?
– ქომაგად ეს ერთი მამალია,
ოთხიც ჯარისკაცთა სურათია…
II
დედაბერს კი სახელებად რად ჩაესმის ყიყლიყო:
– გიგილიკოოო!
– კიკილიკოოო!
– კუკურიკოოო!
– ილიკოოო!
დედაბერი ამ მამლის და სიკვდილის მოყურადე,
დღეში ცხრაჯერ გამოიტანს შვილიშვილთა სურათებს:
– თქვენ, რო რაჭას მოდიოდეთ, თუნდაც სააგარაკოდ,
ბეჩა, რაღა ექნებოდა ამ ხალხს სალაპარაკო,
მაშინ გინდაც ე ბიჭები ცოცხლები ყოფილიყოს:
გიგილიკა… კიკილიკა… კუკურიკა… ილიკო…
. . . . . . . . . .
ჰე მამალო, – კოხტა ბიჭო, ხმა ხმას მიაწყვილეო,
თქვი სიცოცხლის სადღეგრძელო, თქვი გმირული ლილეო,
მართლა რაინდობაა და გმირობა, მამალო,
ეს ქვეყანა გიყვარდეს უდედლოდ, უმამლოდ.
ვაშა, ამ მზეს, ამ სიცოცხლეს, სულ ვაშა და ყიყლიყო:
– გიგილიკოოო…
– კიკილიკოოო…
– კუკურიკოოო…
– ილიკოოო…
III
ერთ დღესაც მწარედ მიაბღავლა ტყეებს ქორბუდამ –
ტყეში წასული დედაბერი ვეღარ მობრუნდა.
– გვითხარ, კოდალავ,
– გვითხარ, ციყვო,
– გვითხარ, შოშიავ,
სამი მგლის დედა რომელ ხევში, ფუღუროშია?
მალე მგლის ლეკვნიც ამოცვივდნენ ავტომანქანით
და იყო ერთი მითქმა-მოთქმა… რძლების ქაქანი…
იმ მამალს თავი წააცალეს, გზაში ისაგზლეს…
ღვინოს წრუპავდნენ, იხსენებდნენ ბებოს სისაწყლეს…
IV
ამბობენ მთაში მონადირეს დაუფრთხა როჭო
და თოფი ხელში შეაცივდა, ისე შეშინდა:
პირჯვარს სახავდა დედაბერი მშობლიურ რაჭას
მფრინავი თეფშიდან…