უკან: სულხან-საბა ორბელიანი

ბერი და ყრმა (იგავ-არაკი)

5 ნახვა  •  2 წთ კითხვა
ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს.

ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო?

თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცოხნა არ ძალმიც. ამ ყრმამან სულ შეჭამა და მე მშიერი დავრჩიო .

ყრმას ჰკითხეს: შენ რაღას სტირიო!

მან ეგრე თქვა: მე ვირემ გამოვცოხნიდე, ეს მთლივ შენთქამს, და მე მშიერი დავრჩიო.

მათი რომელი უმართლე იყო ყველაყამ იცოდენ, მაგრამ ერთმანერთს აბრალებდენ.

- აწ მის მსგავსად ჩვენც ყველანი გვხედვენ, ვინ ავი ვართ და ვინ კარგი, და მეფეცა სცნობს ღვთითა.

უბრძანა მეფემან:

- რასათვის ძნიად გიჩნს ყოფა ჩემთანა?

მოახსენა ლეონ:

- მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია. თუ ახლოს ზის, სიცხე დასწვავს და თუცა შორს წავა, ყინვა დაჰზრავს. მეფისა თანა მყოფსა კაცსა ხუთნი ძნელნი საქმენი უნდა სჭირდეს:

ერთი: რომე ორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომე ასის თვალისაგან უმეტესს ხედვიდეს და მეორის თვალით ბრმისაგან უბრმესი იყოს.

მეორე: აგრევ ცალი ყური ასმინოს და ერთი დაიყრუვოს.

მესამე: გული ფუნდუკისაგან უდიდესი ჰქონდეს, რაც ყურიდამ შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს.

მეოთხე: რომელიც არ ვარგიყოს, გაგონილი არა თქვას და რომელიც კარგი და ჭკუათ საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვას.

მეხუთე: ასეთი ენა ჰქონდეს, თაფლი და სამსალა ორივ სდიოდეს.